წინა ცივილიზაციების შედეგები და თანამედროვე ცივილიზაციის ყვავილები

წინა ცივილიზაციების შედეგები და თანამედროვე ცივილიზაციის ყვავილები

ამონარიდიდ გახლავთ ერთ-ერთი თავი გიორგი გურჯიევის წიგნიდან – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“.

– თანახმად იმ სამტვინიან არსებებზე ჩემი თხრობების ასოციაციური მიმდინარეობისა, რომლებიც პლანეტა დედამიწაზე მრავლდებოდნენ, ახლა, ჩემო ბიჭუნა, აუცილებლად უნდა მოგიყვე ოდნავ უფრო მეტი იმ ორ ძლევამოსილ საზოგადოებაზე იქ, რომლებსაც ერქვათ «ბერძნები» და «რომაელები», რომლებმაც იმ ბედკრული პლანეტის ზედაპირიდან «სუფთად აღგავეს» მოგონებებიც კი იმ შედეგებზე, რომლებიც არსობრივად-მოსიყვარულე აშიატა შიემაშის წმინდა შრომებისგან იყო მიღებული.


უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრა, რომ იმ პერიოდში, როცა შენი პლანეტის ზედაპირზე, აზიის კონტინენტზე, სამტვინიანი არსების თანდასწრებაში ღვთისაგან იყო რეალიზებული ჩვენი, ამჟამად ზოგადკოსმოსური უწმინდესის, აშიატა შიემაშის წინასწარ განზრახული წმინდა ჩასახვა, ხოლო შემდგომში ასევე მისი წმინდა მოღვაწეობის დროს და შენი საყვარელი არსებების მიერ ამ მოღვაწეობისგან მიღებული შედეგების შემდგომი თანდათანობითი განადგურების დროს, მეზობელ კონტინენტზე, რომელსაც უკვე მაშინ ერქვა ევროპა, დიდი რაოდენობით არსებობდნენ ის უცნაური სამტვინიანი არსებები, რომლებიც უკვე დიდი ხნის წინ იყვნენ სხვადასხვა დამოუკიდებელ საზოგადოებებად დაჯგუფებულები. 


იმ დამოუკიდებელ საზოგადოებათა რიცხვში იმ დროს, უკვე იყო ჩემ მიერ ნახსენები კოსმოსური კანონით, ორი დიდი და, როგორც იქ ამბობენ, «ერთობ ძლევამოსილი» საზოგადოება, ანუ კარგად ორგანიზებული და დიდი სახსრების მქონე ურთიერთგანადგურების პროცესისთვის, ბერძნები და რომაელები. 


და ამ «ძალიან ძველი» საზოგადოებების შესახებ აუცილებლად უნდა მოგითხრო, რაც შეიძლება დაწვრილებით, მოგითხრო იმიტომ, რომ მათ არა მარტო აღგავეს იმ უბედური პლანეტის პირისაგან უკანასკნელი შედეგები, რომლებიც კეთილისმყოფელი იყო ყველა შემდგომი ეპოქის ყველა სამტვინიანი არსებისთვის, და ასევე ორგანულად-მოსიყვარულე აშიატა შიემაშის წმინდა შრომების შესახებ ყველა მოგონებაც კი, არამედ იმისი მიზეზიც იყვნენ, რომ შენი საყვარელი არსებების გონებაში ხდება ნამდვილი «სისულელე» და მათში მთლიანად ატროფირებული გახდა ის «ძირითადი ყოფიერებითი იმპულსი», რომელსაც ჰქვია «ორგანული სირცხვილი», რაც ობიექტური მორალის მთავარ ბერკეტს წარმოადგენს. 


ამ დიდ დაჯგუფებებთან და სხვადასხვაგვარ, შემდგომი ეპოქების არსებებისთვის გამზადებულ, «სიკეთეებთან» უფრო ახლოს გაცნობა იმის შესაძლებლობას მოგცემს, რომ კარგად წარმოიდგინო და გაიგო, სახელდობრ როგორ ყალიბდება იქ ცალკეული დამოუკიდებელი საზოგადოებები, და ეს საზოგადოება (გახდა რა ძლევამოსილი თვითონ არსებებისგან სრულიად დამოუკიდებლად) როგორ სარგებლობს ამით და იმ ყველაფრის განადგურებას იწყებს, რაც დანარჩენი «უფრო ნაკლებად ძლევამოსილი» საზოგადოებების მიერ იყო უკვე მიღწეული, და თავის «ახალ გამოგონებებს» ახვევს თავს, და უმრავლეს შემთხვევებში გულწრფელად წარმოიდგენს, რომ ეს ნამდვილად სწორედ ის არის, რაც მათ სჭირდებათ. 


უნდა გაგაფრთხილო, ჩემო ბიჭუნა, რომ ჩემი თხრობა მათი წარმოშობის ისტორიაზე და ყოველივე შემდგომზე, რაც დაკავშირებულია ამ უძველეს საზოგადოებებთან, ბერძნებად და რომაელებად წოდებულებთან, დაფუძნებულია არა ჩემი საკუთარი კვლევების შედეგებზე; არა, მათ შესახებ გადმოგცემ მხოლოდ იმ ცნობებს, როლებიც მივიღე ჩვენი იმ თანამეტომეებიდან ერთ-ერთისგან, რომლებმაც იმ შენს პლანეტაზე სამუდამოდ დარჩენა მოინდომეს. 


საქმე შემდეგნაირად იყო: როდესაც პლანეტა დედამიწაზე მეექვსედ და უკანასკნელად ვეშვებოდი, ვაპირებდი ნებისმიერ ფასად მიმეღწია იმის ყველა ჭეშმარიტი მიზეზების საბოლოო გამორკვევისთვის, სამტვინიან არსებებს იმ პლანეტაზე ფსიქეა (რომელიც ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც ჩვენი დიადი სამყაროს დანარჩენ სამტვინიან არსებებს აქვთ) რატომ გაუხდათ ასეთი უჩვეულოდ უცნაური.


და მას შემდეგ, როგორც კი ჩემი გამოკვლევების დროს არაერთხელ გავაკეთე კონსტატაცია, რომ თანამედროვე არსებების საერთო ფსიქეის სხვადასხვაგვარი არანორმალურობის ძირითადი მიზეზი იყო ე.წ. «ცივილიზაცია», რომელიც არსებათა იმ ორი დიდი დაჯგუფების მიერ იყო დათესილი, რომლებსაც ერქვათ ბერძნები და რომაელები, იძულებული ვიყავი მათ შესახებ ზოგი წვრილმანი გამერკვია. 


მაგრამ რამდენადაც იმ დროს მთლიანად გამოკვლევებით ვიყავი დაკავებული, რომლებიც ეხებოდა უწმინდესი აშიატა შიემაშის მოღვაწეობას, ამიტომ შენი საყვარელი არსებების ამ ორი დამოუკიდებელი დაჯგუფების წარმოქმნის ისტორიის (მათ ე.წ. «სუბიექტურ ყოფიერებით ყოფიერებაზე») გამორკვევა სწორედ იმ ჩვენს თანამეტომეს დავავალე, რომელიც ევროპის კონტინენტის ერთ დიდ ქალაქში დღემდე «დაკრძალვის საქმით» არის დაკავებული.  


ამ ჩვენი თანამემამულის გამოკვლევებიდან ჩანს, რომ იმ პერიოდამდე ბევრად უფრო ადრე, რომელსაც დიდებულ ქალაქ ბაბილონზე ჩემი თხრობა ეხებოდა, ანუ იმ დროს, როცა იმ უცნაურ არსებათა არსებობის პროცესი ხდებოდა, ძირითადად, მხოლოდ აზიის კონტინენტზე და მათი კულტურის მთავარი ცენტრი იყო ტიკლიამიში, ევროპის კონტინენტზე (რომელიც ამჟამად შენი საყვარელი არსებების არსებობის მთავარ ადგილს წარმოადგენს) ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული ორგანიზებული საზოგადოებები. 


მაშინ იმ კონტინენტზე არსებობდნენ, უმთავრესად, ორტვინიანი და ერთტვინიანი არსებები, რომლებსაც ჰქვიათ «ველური ოთხფეხები» და «ქვეწარმავლები», ხოლო შენი საყვარელი ორფეხა არსებებიდან, თითქმის ისეთივე ველურებიდან, როგორებიც «ოთხფეხა» არსებებია, იმ კონტინენტზე მაშინ მხოლოდ რამდენიმე მცირე ჯგუფი იყო შექმნილი. ორფეხა არსებათა ამ მცირე ჯგუფების საქმიანობა იყო მხოლოდ «ოთხფეხა» და «ქვეწარმავალი» არსებების განადგურება, დროდადრო კი ერთმანეთისაც. იმ ევროპის კონტინენტზე შენი საყვარელი არსებების რაოდენობა მაშინ გაიზარდა, როცა იქ მივიდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე მომთაბარე ახალმოსახლეები მარალპლეისიდან და დასახლდნენ. 


იმ პერიოდის დასასრულს ტეკლიამიშიდან ევროპის იმ კონტინენტზე პირველი აზიური ჯგუფის არსებათა რაღაც რაოდენობა გადასახლდა, რომლებიც ორი სრულიად განსხვავებული სახის მოღვაწეობით იყვნენ დაკავებულნი: კერძოდ კი, ერთი ნაწილი დაკავებული იყო სხვადასხვა საზღვაო პროფესიით, სხვანი კი – ე.წ. «მესაქონლეობით» და «მეცხვარეობით». 


მესაქონლეთა ოჯახები დასახლდნენ, უმეტესწილად, კონტინენტის სამხრეთ სანაპიროებზე, რადგან ის ადგილები მაშინ ძალიან მოხერხებული იყო ასეთი ოთხფეხა არსებების ყოლისთვის და ძოვისთვის. 


და დედამიწისეულ არსებათა ამ ჯგუფს მაშინ ეწოდებოდა «ლატინაკი», რომელიც ნიშნავს «მწყემსებს». თავიდან ეს მწყემსები ოჯახებთან და ნახირთან ერთად განცალკევებით არსებობდნენ სხვადასხვა ადგილას, მაგრამ შემდეგ მათი რაოდენობა თანდათან გაიზარდა, ნაწილობრივ, აზიის კონტინენტიდან იმ არსებების გადმოსახლებით, რომლებიც იგივე საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ისინი სულ უფრო და უფრო ნაყოფიერები ხდებოდნენ, იმის გამო, რომ პლანეტა დედამიწის ბუნება შეგუებას იწყებდა მისთვის საჭირო იმ ვიბრაციების გაუარესებულ ხარისხთან, რომლებიც უნდა შექმნილიყო მათი გამოსხივებიდან, იმ ვიბრაციების გამოყენებით, რომლებიც ახლა მიიღება მხოლოდ მათი წმინდა რასკუარნოს პროცესიდან, ანუ, როგორც ისინი ამბობენ, «მათი სიკვდილიდან»


და, ამრიგად, ყოველივე ამის წყალობით, მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და გარეშე პირობებმა მოითხოვეს ხშირი სქესობრივი კავშირები ცალკეულ ოჯახებს შორის. მათ თავიანთი პირველი საერთო დასახლებული პუნქტი ჩამოაყალიბეს, და ამ საერთო პუნქტს უწოდეს «რიმკი».

 
აზიელი მწყემსების სწორედ ამ ჯგუფიდან წარმოიშვნენ, შემდგომში სახელგანთქმული, რომაელები; მათი დასახელება აღებულ იქნა პირველი საერთო პუნქტის რიმკის დასახელებიდან. ის აზიური არსებები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ «საზღვაო პროფესიებით», ანუ თევზჭერით და ღრუბლის, მარჯნის და ზღვის წყალმცენარეების შეგროვებით, ოჯახებით მიდიოდნენ იქიდან და პროფესიის მიხედვით სახლდებოდნენ თავიანთი კონტინენტის აშკარკის დასავლეთ სანაპიროებზე, ან ევროპის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებზე, ანდა იმ სრუტეების კუნძულებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ყოფს აზიის და ევროპის კონტინენტებს ერთმანეთისგან. 


სამტვინიანი დედამიწისეული არსებების კვლავ წარმოქმნილ ჯგუფებს მაშინ ეწოდებოდათ «ელენაკი», რაც ნიშნავს «მეთევზეებს». ამ ჯგუფის არსებათა რიცხვიც თანდათან იზრდებოდა იმავე მიზეზებით, რომლებიც მწყემსებს შეეხებოდა. არსებების ამ მეორე ჯგუფის სახელწოდება ბევრჯერ იცვლებოდა, და, ბოლოს და ბოლოს, მათ ეწოდათ «ბერძნები». 


და აი, ჩემო ბიჭუნა, ამ ორი ჯგუფის არსებები იმის მთავარი მიზეზი იყვნენ, რომ შენი საყვარელი არსებების გონება მექანიკური გახდა, ხოლო მონაცემები ყოფიერებითი სირცხვილის წარმოშობისთვის მათში სრულიად ატროფირებული გახდა. 


ბერძნები იმის მიზეზები იყვნენ, რომ სამტვინიან არსებათა გონებამ იქ თანდათან გადაგვარება იწყო და, ბოლოს და ბოლოს, ისეთი დეგრადაცია განიცადა, რომ თანამედროვე არსებებს ის უკვე, როგორც ჩვენი ძვირფასი მოლა ნასრედინი ამბობს, «სისულელეთა ნამდვილ წისქვილად» ექცათ. 


რომაელები კი იმის მიზეზები იყვნენ, რომ, თანამედროვე არსებათა თანდასწრებებში იქ თანამიმდევრული ცვლილებების შედეგად კრისტალიზაცია არ განიცადა იმ ფაქტორებმა, რომლებიც სხვა სამტვინიან არსებებში ბადებს იმპულსს, სახელად «ინსტიქტური სირცხვილი», ანუ ყოფიერებით იმპულსს, რომელიც ე.წ. «ზნეობას» და «ობიექტურ მორალს» ინარჩუნებს. 


ამრიგად, იქ ეს ორი საზოგადოება შეიქმნა, რომელიც შემდგომში, როგორც იქ ხშირად ხდება, რაღაც პერიოდით, ძალიან შეკრული და ძლევამოსილი გახდა. და მათი შემდგომი მავნე «მემკვიდრეობის» ისტორია, რომელიც შემდგომ თაობათა არსებებისთვის მომზადდა, ასეთია. 


ჩვენი ხსენებული თანამემამულის გამოკვლევების თანახმად, იმ საზოგადოების არსებათა უძველესი წინაპრები, რომელსაც შემდგომში «საბერძნეთი» ეწოდა, ხშირად იყვნენ იძულებულნი, ზღვაში ხშირი შტორმების გამო, რომლებიც ზღვაში მათ საქმიანობას აბრკოლებდა, თავშესაფარი ეძებნათ წვიმის და ქარის დროს დაფარულ ადგილებში, სადაც ისინი მოწყენილობის გამო სხვადასხვა «თამაშებით» ერთობოდნენ, რომლებსაც გასართობად იგონებდნენ. 


როგორც შემდგომში გაირკვა, ეს ძველი მეთევზეები ჯერ იმ თამაშებით ერთობოდნენ, რომლებითაც იქ ახლა ბავშვები თამაშობენ, რომლებსაც, უნდა აღინიშნოს, ჯერ კიდევ არ დაუწყიათ თანამედროვე სკოლაში სიარული, იმიტომ რომ იმ სკოლის მოსწავლეებს ისეთი დიდი საშინაო დავალებები აქვთ (რომლებიც უმეტესწილად შედგება იმ «ლექსების ზეპირად» შესწავლისაგან, რომლებიც შეთხზულია სხვადასხვა ჰასნამუსის კანდიდატების მიერ), რომ საწყალ ბავშვებს სათამაშოდ დრო არ ყოფნით. მოკლედ, ეს საწყალი მოწყენილი მეთევზეები თავიდან უკვე დიდი ხნის წინ იქ არსებული საბავშვო თამაშობებით ერთობოდნენ, მაგრამ მერე, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ახალი თამაში მოიგინა, სახელად «წყლის ნაყვა», იგი მათ ისე მოეწონათ, რომ ამის შემდეგ ისინი მხოლოდ ამით ერთობოდნენ. 


ეს თამაში იმისგან შედგებოდა, რომ ჩამოეყალიბებინათ კითხვა რაიმე «აბდაუბდაზე», ანუ რაიმე უაზრობაზე, და იმას, ვისაც კითხვას უსვამდნენ, შეძლებისდაგვარად დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცა. სწორედ ეს თამაში გახდა ყოველივე შემდეგ მომხდარის მიზეზი. 


იმ ძველ მოწყენილ მეთევზეთა შორის აღმოჩნდა რამდენიმე ისეთი «საზრიანი» და «გამჭრიახი», რომ ისინი გაიწაფნენ და იმ თავისებური «თამაშის» თანახმად, ძალიან გრძელ ახსნებს იგონებდნენ. 


ხოლო როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა მოიგონა, როგორ დაემზადებინა თევზის (რომელსაც ერქვა «ზვიგენი») ტყავისგან ის, რასაც შემდგომში «პერგამენტი» უწოდეს, ზოგიერთმა ასეთმა მოხერხებულმა მეგობართან «ტრაბახის» მიზნით თავისი გრძელი ახსნების დაწერაც კი დაიწყო ამ თევზის ტყავებზე; ისინი იყენებდნენ პირობით ნიშნებს, რომლებიც უფრო ადრე სხვა თამაშისთვის იყო გამოგონილი, სახელად «სათაგური». 


კიდევ რაღაც დროის შემდეგ, როცა ამ მოწყენილმა მეთევზეებმა შთამომავლებს დაუთმეს ადგილი, ამ უკანასკნელებთან მემკვიდრეობით გადავიდა ეს წარწერებიანი თევზის ტყავები და ხსენებული თავისებური «თამაშით» გატაცება; და ამ სხვადასხვა ახალ თამაშებს, როგორც თავიანთ საკუთარს, ასევე წინაპრებისას, მათ პირველად შეარქვეს ხმამაღალი სახელი «მეცნიერება». 


და იმ დროიდან, რამდენადაც ამ მეცნიერებების «გამოცხობით» გატაცება თაობიდან თაობაზე გადადიოდა, იმ დაჯგუფების არსებები, რომელთა წინაპრებიც უბრალო აზიელი მეთევზეები იყვნენ, ყოველგვარი ასეთი «მეცნიერების» გამოგონების «სპეციალისტები» გახდნენ. 


ეს მეცნიერებები, უფრო მეტიც, ასევე თაობიდან თაობაზე გადადიოდა, და მათმა მთელმა რიგმა იმ პლანეტის თანამედროვე არსებებამდე თითქმის უცვლელად მიაღწია. 


და ამიტომ ე.წ. «ეგოპლასტიკუარიების» თითქმის ნახევარი, რომლებიც იმ ბედკრული პლანეტის თანამედროვე არსებათა გონებაში წარმოიშვება, რომლებისგანაც არსებებს ჩვეულებრივად ე.წ. «ყოფიერებითი მსოფლმხედველობა» უყალიბდებათ, სწორედ იმ «ჭეშმარიტებებიდან» კრისტალიზდება, რომლებიც იმ მოწყენილმა მეთევზეებმა და მომდევნო თაობებმა მოიგონეს ჩვენთვის. 


რაც შეეხება ძველ მეთევზეებს, რომლებმაც შემდგომში ჩამოაყალიბეს დიდი მძლავრი საზოგადოება, სახელად «რომი», მათი წინაპრებიც ასევე ხშირად იყვნენ იძულებულნი, ცუდი ამინდის გამო, თავიანთი ნახირი შეფარებულ ადგილას შეერეკათ და როგორღაც ერთობლივად დრო ეტარებინათ. 


ერთად შეკრების დროს «მრავალგვარ საუბრებს» ატარებდნენ. მაგრამ როცა ყველაფერი ითქვა და მოწყენილობამ დაისადგურა, ერთ-ერთმა მათგანმა შესთავაზა მრავალფეროვნებისთვის დაკავებულიყვნენ გართობით, რომელსაც მათ პირველად უწოდეს «cinque contra uno» (ხუთი ერთის წინააღმდეგ), რომელიც იმავე დასახელებით დღემდე შენარჩუნდა მათ შთამომავლებს შორის, რომლებიც წარმოშობას და არსებობას განაგრძობენ იქ. 


სანამ ამ გართობით მხოლოდ მამრობითი სქესის არსებები იყვნენ დაკავებულნი, ყველაფერი «წყნარად და მშვიდად» მიდიოდა, მაგრამ როცა მოგვიანებით მათ თავიანთი «პასიური ნახევრები» მიუერთდნენ, ანუ ქალები, მათ უმალვე შეაფასეს იგი, და მალე ისე შეუყვარდათ, რომ თანდათან ამ «საქმიანობებში» ისეთ «დახვეწილობებს» მიაღწიეს, რომ ჩვენს სამყაროებრივ არქიგაქნილ ლუციფერს რომ ტვინი ეჭყლიტა, იგი ვერ მოიგონებდა იმ «ნომრების» მეათედსაც კი, რომლებიც ამ ყოფილმა მწყემსებმა მოიგონეს მაშინ და იმ უბადრუკი პლანეტის მომდევნო თაობათა არსებებს მოუმზადეს. 


და აი, ჩემო ბიჭუნა, როდესაც დედამიწისეული სამტვინიანი არსებების ორივე ეს დამოუკიდებელი დაჯგუფება გამრავლდა და ამ არსებებმა ყოველგვარი ეფექტური «საშუალებების» შეძენა დაიწყეს, კერძოდ ურთიერთგანადგურების საშუალებებისა (რომელთა შეძენა ყველა საზოგადოების ჩვეულებრივი მიზანია იქ მათი არსებობის ყველა პერიოდში), მათ მაშინ ამ «პროცესების» გატარება სხვა დამოუკიდებელ საზოგადოებებთან დაიწყეს იქ – უმეტეწილად, რა თქმა უნდა, ნაკლებად ძლევამოსილ საზოგადოებებთან, დროდადრო კი, ურთიერთშორისაც.  


აქ უაღრესად საინტერესოა იმის შენიშვნა, რომ, როდესაც მშვიდობიანი პერიოდები დგებოდა ამ ორ საზოგადოებას შორის (თითქმის თანაბარი ძალისა ურთიერთგანადგურების პროცესებისთვის ეფექტური საშუალებების დაუფლების მნიშვნელობით), ორივე დაჯგუფების არსებები, რომელთა ადგილსამყოფლებიც ერთმანეთს ემიჯნებოდა, ერთმანეთთან ხშირად ურთიერთობდნენ და მეგობრულ კავშირებს ამყარებდნენ, რის შედეგადაც ისინი ნელ-ნელა ერთმანეთისგან იღებდნენ იმ საქმიანობების სახეებს, რომლებიც მათი წინაპრების მიერ იყო პირველად გამოგონილი და მათთვის დამახასიათებელი გახდა. სხვა სიტყვებით, იმ ორი საზოგადოების არსებებს შორის ხშირი ურთიერთობის შედეგად ბერძნულმა არსებებმა, გადმოიღეს რა რომაული არსებებისგან სექსუალური «ნომრების» ყველა დახვეწილობა, ე.წ. «ათენის ღამეების» მოწყობა დაიწყეს, იმ დროს როცა რომაულმა არსებებმა, ისწავლეს რა ბერძნული არსებებისგან «მეცნიერებების» ფაბრიკაცია, შექმნეს თავიანთი, შემდგომში ძალიან სახელგანთქმული, ე.წ. «რომის სამართალი». 


მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო. ყოფიერებითი გამოვლინების იმ ორივე სახის გამომგონებლები კარგა ხნის წინ იქნენ განადგურებულნი, და მათი შთამომავლები, რომლებიც ხანდახან «ძლევამოსილები» ხდებოდნენ, ასევე განადგურებულ იქნენ. ახლა კი... იმ პლანეტის თანამედროვე სამტვინიანი არსებები ხარჯავენ, ამასთან გატაცებით, თავიანთი არსებობის ნახევარზე მეტს და ასე თუ ისე შეძენილ ყოფიერებით ენერგიას იმ ორი იდეალის დაუფლებაზე და განხორციელებაზე (შეუგნებლად, ზოგჯერ შეგნებულადაც კი), რომელთა წარმოქმნის ინიციატორებიც იყვნენ ხსენებული მოწყენილი აზიელი მეთევზეები და მწყემსები. 


და აი, ჩემო ბიჭუნა, შემდეგ, როგორც ჩანს, როდესაც შენი საყვარელი არსებების ორივე დაჯგუფებამ მრავალი ხსენებული ეფექტური საშუალება შეიძინა თავის მაგვარი არსებების წარმატებულად განადგურებისთვის და როცა ეს არსებები საკმარისად დაეუფლნენ იმ ხელოვნებას, რომ სხვა ქვეყნების არსებები დაერწმუნებინათ, ან თავიანთი საშუალებების ძალით იძულებული გაეხადათ თავიანთი შინაგანი დარწმუნებულობა იმ იდეალებით შეეცვალათ, რომლებიც მათმა წინაპრებმა მოიგონეს, მაშინ, როგორც გითხარი, მათ ჯერ დაიპყრეს მეზობელი საზოგადოებები, ევროპის კონტინენტზე განლაგებული, შემდეგ კი, ამავე მიზნით, იმ პერიოდში შეკრებილი ურდოების დახმარებით, აზიის კონტინენტისკენ გაემართნენ. 


და იქ, უკვე აზიის კონტინენტზე, ამ თავიანთი მავნე გავლენის გავრცელება დაიწყეს, თავიდან, იმ კონტინენტის დასავლეთ სანაპიროებზე დასახლებულ იმ არსებებს შორის, რომლებშიაც საუკუნეების განმავლობაში ინერგებოდა ყოფიერებითი იმპულსები მეტ-ნაკლებად ნორმალური ყოფიერებითი არსებობისთვის, შემდეგ კი მათ თანდათან კონტინენტის შიგნითკენ დაიწყეს გადაადგილება. ეს გადაადგილება ძალიან წარმატებულად ხდებოდა, და მათი რიგები თანდათან იზრდებოდა, უმთავრესად იმიტომ, რომ ბაბილონში მყოფი სწავლული არსებები მაშინ არსებების გონების თავიანთი ჰასნამუსური პოლიტიკური იდეალებით დასენიანებას აგრძელებდნენ აზიის მთელ კონტინენტზე.  


და მათ ასევე ძალიან ეხმარებოდათ ის, რომ აზიური არსებების ინსტიქტებში ჯერ კიდევ შენარჩუნდა განდობილებისა და ქურუმების გავლენების შედეგები, უწმინდესი აშიატა შიემაშის მოსწავლეების გავლენებისა, რომელმაც (აშიატამ) თავისი სწავლებებით (სხვა რამეებს შორის) შთააგონა აშიატა შიემაშის ერთ-ერთი მთავარი მცნება, რომელიც ასე ჟღერდა: 


«ნუ მოკლავ სხვას მაშინაც კი, როცა შენი საკუთარი სიცოცხლეა საფრთხეში». 


სარგებლობდნენ რა ამ ყველაფრით, ამ ყოფილ მეთევზეებს და მწყემსებს წინსვლის შესაძლებლობა ჰქონდათ, და ისინი გზად ანადგურებდნენ ყველას, ვინც უარს ამბობდა თაყვანი ეცათ იმ «ღმერთებისთვის», რომლებიც მათ თვითონ, საბოლოო ჯამში, თავიანთთვის შექმნეს, ანუ მათი ფანტასტიკური «მეცნიერებისთვის» და მათი ფენომენალური გარყვნილებისთვის. 


თავიდან ეს «ბოროტების მთესველნი» ყველა მომდევნო თაობის სამტვინიანი არსებებისთვის (რომლებიც ევროპის კონტინენტზე ჩნდებოდნენ), და განსაკუთრებით ბერძნები, როდესაც აზიის კონტინენტის შიგნით მიიწევდნენ, მოქმედებდნენ ნელა, მაგრამ ეფექტურად. 


მაგრამ როდესაც რაღაც დროის შემდეგ გამოჩნდა და ე.წ. «არმიას» სათავეში ჩაუდგა ის სავსებით შემდგარი არქიპატივმოყვარე ბერძენი, მომავალი ჰასნამუსი, ალექსანდრე მაკედონელი, იმ დროიდან დაიწყო ჩვენი, ამჟამად ზოგადკოსმოსური, უწმინდესი, აშიატა შიემაშის წმინდა შეგნებული შრომების უკანასკნელ ნარჩენთა სრული განადგურება, და ისევ დაიწყო, როგორც იტყვიან, «ჩვეულებრივი ამბავი».


მართალია, ყოველ ჯერზე, როცა იმ უცნაური სამტვინიანი არსებების კულტურის ცენტრის ადგილი იცვლებოდა, და ე.წ. ახალი «ცივილიზაცია» იქმნებოდა, და ყოველ ახალ ცივილიზაციას მომდევნო ეპოქების არსებებისთვის რაიმე ახალიც და მავნეც მოჰქონდა, მაგრამ არც ერთ ასეთ მრავალრიცხოვან ცივილიზაციას არ მოუტანია იმდენი ბოროტება მომდევნო თაობათა არსებებისთვის (თანამედროვე ეპოქის ჩათვლით), რამდენიც იმ სახელგანთქმულმა «ბერძნულ-რომაულმა ცივილიზაციამ» მოუტანა. 


რომ არაფერი ვთქვათ დიდი რაოდენობის სხვა მეორეხარისხოვან ფსიქიკურ თვისებებზე, რომლებიც სამტვინიანი არსებებისთვის შეუფერებელია და ამჟამად შენი საყვარელი არსებების თანდასწრებებშია, იმ ცივილიზაციას, უმეტესწილად, ბრალი მიუძღვის მომდევნო თაობათა სამტვინიანი არსებების (და განსაკუთრებით თანამედროვე არსებების) თანდასწრებებიდან იმ შესაძლებლობის სრულ გაქრობაში, რომ კრისტალიზება მოხდეს მონაცემებისა «საღი-ლოგიკური აზროვნებისთვის» და «ყოფიერებითი თვითსირცხვილის» იმპულსის გაჩენისთვის. 


კერძოდ კი, «ძველბერძნულმა ფანტასტიკურმა მეცნიერებებმა» გამოიწვია პირველის, ხოლო «ძველმა რომაულმა გარყვნილებამ» – უკანასკნელის ატროფია. 


ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის ადრეულ პერიოდში ხსენებული მავნე იმპულსები, რომლებიც ახლა ყოფიერებითი იმპულსები გახდა, კერძოდ «ფანტასტიკური მეცნიერებების გამოგონებით გატაცება» და «გარყვნილებით გატაცება», მხოლოდ ბერძნული და რომაული არსებებისთვის იყო დამახასიათებელი; ხოლო მოგვიანებით, როდესაც, როგორც უკვე გითხარი, ორივე ამ საზოგადოების არსებებმა ხსენებული ძალა შეიძინეს და სხვა საზოგადოებათა არსებებთან ურთიერთობა და მათზე ზეგავლენა დაიწყეს, მრავალი სხვა საზოგადოების არსებებმა თანდათან ამ უცნაური და არაბუნებრივი ყოფიერებითი იმპულსებით დასენიანება დაიწყეს. 


ეს ხდებოდა, ერთი მხრივ, ორივე ამ საზოგადოების მუდმივი გავლენის შედეგად და, მეორე მხრივ, მათი ფსიქეის (საერთოსი იმ პლანეტის სამტვინიანი არსებებისთვის და მანამდე მასში კარგად ფესვგადგმულისა) იმ თავისებურების შედეგად, რომელსაც იქ ეწოდება «მიბაძვა». 


და, ამრიგად, იმ უძველესი ორი საზოგადოების ამ «გამოგონებებმა» ნელ-ნელა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ამჟამად შენი საყვარელი არსებების ფსიქეა (ამის გარეშეც უკვე საკმაოდ არამდგრადი) ახლა უკვე მათ ყველას, გამოუკლებლივ, იმდენად მოშლილი გაუხდათ, რომ მათი «მსოფლმხედველობა», და ყოველდღიური არსებობის მთელი განაწესი დამყარებულია და ხდება მხოლოდ და მხოლოდ ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის არსებათა იმ ორი გამოგონების საფუძველზე, ანუ ფანტაზირებისა და «სქესობრივი სიამოვნებისადმი ლტოლვის» საფუძველზე. 


აქ ძალიან საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ მიუხედავად იმისა, ძველი რომაული მემკვიდრეობის შედეგად, «ორგანული თვითსირცხვილი» (სამტვინიანი არსებებისთვის დამახასიათებელი) შენი საყვარელი არსებების თანდასწრებებიდან თანდათან მთლიანად გაქრა, მაგრამ მის ნაცვლად მათში მაინც რაღაც მისი მსგავსი გაჩნდა. შენი თანამედროვე საყვარელი არსებების თანდასწრებებში არის უამრავი ეს არასწორი ყოფიერებითი იმპულსი, რომელსაც ისინი «სირცხვილს» უწოდებენ, მაგრამ მონაცემები მისი წარმოშობისთვის, ისევე როგორც ყველა სხვისთვის, ერთობ თავისებურია. 


ეს ყოფიერებითი იმპულსი მათ თანდასწრებებში მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ისინი ისეთ რამეს აკეთებენ, რაც მიღებული არ არის, რომ ჩვეულებრივი ყოფიერებითი არსებობის მათ დამყარებულ არანორმალურ პირობებში სხვების თვალწინ აკეთონ.  


მაგრამ თუ არავინ ხედავს იმას, რასაც ისინი აკეთებენ, მაშინ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ – თუ მათი საკუთარი შეგნებით და საკუთარი შეგრძნებებითაც კი ეს არასასურველია, – ეს მათში არავითარ იმპულსს არ ბადებს. 


იმ ძველ რომაელთა მიერ გამზადებული «ნეტარებით» ბოლო დროს უკვე იმდენად გაიჟღინთა შენი საყვარელი არსებების (რომლებიც იმ ბედკრული პლანეტის ყველა კონტინენტზე მრავლდებიან) ბუნება, რომ ძნელი სათქმელია, რომელი თანამედროვე საზოგადოების რომელმა არსებებმა უფრო მეტი მიიღეს მემკვიდრეობით ამ «დაუზარებელი» რომაელებისგან. 


მაგრამ რაც შეეხება ძველი ბერძნებისგან გადმოსულ მემკვიდრეობას, კერძოდ სხვადასხვა ფანტასტიკური მეცნიერების გამოგონებით გატაცებას, ეს თანამედროვეობის ყველა სამტვინიანი არსებისთვის ერთნაირად დამახასიათებელი კი არ გახდა, არამედ იგი მხოლოდ გარკვეულ არსებებამდე გადმოვიდა, რომლებიც ყველა თანამედროვე დიდ და პატარა საზოგადოებებს შორის გაჩნდნენ და იმ უჩვეულო პლანეტის ხმელეთის ყველა ნაწილში მრავლდებიან.


შესაბამისად, ეს მისწრაფება, კერძოდ «ფანტასტიკური მეცნიერებების მოგონება», ძველი ბერძნებიდან გადმოვიდა, უმეტესწილად, თანამედროვე საზოგადოების არსებებთან, საზოგადოებისა სახელად «გერმანია». 


იმ თანამედროვე გერმანიის არსებებს თამამად შეიძლება ეწოდოთ «ძველბერძნული ცივილიზაციის პირდაპირი მემკვიდრეები», და იმიტომ შეიძლება მათ ასე ეწოდოთ, რომ ამჟამად უმეტესწილად სწორედ მათ შეაქვთ თანამედროვე ცივილიზაციაში ყოველგვარი ახალი მეცნიერებები და გამოგონებები. 


საუბედუროდ, იმ თანამედროვე საზოგადოების, გერმანიის, არსებებმა ბევრ რამეში, როგორც იტყვიან, აჯობეს ძველი ბერძნების არსებებს. 


ძველი ბერძნების მიერ მოგონილი მეცნიერებების გამო გაფუჭდა და გაფუჭებას განაგრძობს სხვა არსებათა მხოლოდ ყოფიერებითი აზროვნება. 


მაგრამ, ამას გარდა, იმ საზოგადოების, გერმანიის, თანამედროვე არსებებმა ასევე დიდ ოსტატობას მიაღწიეს იმ მეცნიერებების მოგონებაში, რის შედეგადაც ხსენებული სპეციფიკური ტვინის ჭყლეტის ავადმყოფობა შენს საყვარელ სხვა არსებებს შორისაც გავრცელდა; და ამ ავადმყოფობის პროცესში მრავალი მათგანი ხანდახან ამჩნევს, ნახევრად შეგნებულად ან სრულიად ავტომატურადაც კი, ზოგადკოსმოსური პროცესის (რომელიც მთელი არსებულის რეალიზაციას ახდენს) რაიმე წვრილმან დეტალს, და მერე, შეატყობინებს რა ამის შესახებ სხვებს, ისინი ერთად იყენებენ მას რაიმე ე.წ. ახალი გამოგონებებისთვის, და ამასთან ზრდიან იმ «ახალი საშუალებების» რიცხვს, რომლებიც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დაგროვდა იქ იმდენი, რომ მათი საერთო ზემოქმედება ახლა უკვე ე.წ. «შედეგობრივ გამხრწნელ ძალად» იქცა ე.წ. «ბუნების შედეგობრივი შემოქმედებითი ძალისგან» განსხვავებით. 


და მართლაც, ჩემო ბიჭუნა, თანამედროვე გერმანიის არსებების მიერ გამოგონებული მეცნიერებების წყალობით, სხვა სამტვინიანმა არსებებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან იმავე საზოგადოებას და სხვა საზოგადოებებს, ახლა გამოგონების შესაძლებლობა შეიძინეს, და ამჟამად ისინი ყოველდღე ხან აქ, ხან იქ იგონებენ რაღაც ახალ რამეს ან ახალ საშუალებას და, სარგებლობენ რა მით თავიანთი არსებობის პროცესში, უკვე იქამდე მიიყვანეს საწყალი ბუნება, რომ ახლა იგი, ისედაც დასუსტებული, ე.წ. «ევოლუციური» და «ინვოლუციური» პროცესების რეალიზაციას დიდი გაჭირვებით ართმევს თავს.  


უკეთესად რომ წარმოიდგინო და უკეთესად გაიგო, ამ თანამედროვე პირდაპირმა მემკვიდრეებმა როგორ აჯობეს თავიანთ წინაპრებს, უნდა მოგითხრო ასევე ზოგიერთ ფართოდ გამოყენებულ საშუალებებზე, იქ ამჟამად არსებულზე, რომლებიც თავიანთ არსებობას მხოლოდ და მხოლოდ ძველი საბერძნეთის «ბუნების დამხმარე» პირდაპირ მემკვიდრეებს უნდა უმადლოდნენ.

 
ახლა მოგიყვები ზოგ ახლა იქ არსებულ და ყველგან გამოყენებულ საშუალებებზე, რომლებიც გერმანიის იმ თანამედროვე საზოგადოების არსებებმა გამოიგონეს.


სხვათა შორის, ერთი ძალიან უცნაური მოვლენის აღნიშვნა მინდოდა, სახელდობრ: ძველი ბერძნების ეს «მოადგილეები» თავიანთ ზემოაღნიშნულ მავნე გამოგონებებს უწოდებენ სიტყვებით, რომლებიც რატომღაც ყოველთვის მთავრდება «ინ»-ით. 


იმ გერმანელი არსებების მრავალრიცხოვანი განსაკუთრებით მავნე გამოგონების მაგალითის სახით ავიღოთ ახლა იქ არსებული ხუთი ე.წ. «ქიმიური ნივთიერება», სახელად: 1) სატკაინი, 2) ანილინი 3) კოკაინი 4) ატროპინი და 5) ალიზარინი, რომლებიც იქ ამჟამად ყველა კონტინენტისა და კუნძულის არსებათა მიერ მოიხმარება, როგორც ჩვენი ძვირფასი მოლა ნასრედინი ამბობს, «ყოველგვარი ეკონომიის გარეშეც კი». 


გერმანული არსებების მიერ სპეციალურად გამოგონებული ჩამოთვლილი საშუალებებიდან პირველი, კერძოდ «სატკაინი», სხვა არაფერია, თუ არა «სამუკურუაზარი», ანუ იმ შვიდი ე.წ. «გამანეიტრალიზებელი გაზიდან» ერთ-ერთი, რომლებიც ჩნდება და ყოველთვის არის ყოველი პლანეტის საერთო თანდასწრებაში და რომლებიც მონაწილეობას იღებს ყოველი გარკვეული პლანეტისზედა და პლანეტათაშორის წარმონაქმნის «დასრულებულ კრისტალიზაციაში» და რომლებიც იზოლირებულ მდგომარეობებში ყოველთვის და ყველგან ე.წ. «უკვე წარმოქმნილის განურჩევლად ყველაფრის გამანადგურებლებს» წარმოადგენს. 


ამ გერმანულ გამოგონებაზე მე ერთხელ იქ შევიტყვე, სხვა რამეებს შორის, რომ, როდესაც იმ საზოგადოების ერთ-ერთმა არსებამ, ახლახან ჩემ მიერ აღწერილი მიზეზით, ეს გაზი მიიღო ზოგიერთი «პლანეტისზედა» და «პლანეტათაშორისი» გარკვეული წარმონაქმნიდან და მისი თავისებურება შენიშნა და ამის შესახებ სხვა რამდენიმე არსებას უამბო, მაშინ, იმის გამო, რომ მათი საზოგადოების არსებათა თანდასწრებებში, შესაბამისად, თვითონ მათშიც, მაშინ იმ პლანეტის სამტვინიან არსებათა ფსიქეის მთავარი თავისებურების ე.წ. «უძლიერესი განცდა» ხდებოდა, კერძოდ: «თავისი მსგავსი არსებების განადგურების დაჟინებული მოთხოვნილება»  (და, მართლაც, იმ საზოგადოების არსებები მაშინ მეზობელი საზოგადოებების არსებებთან ურთიერთგანადგურების პროცესით იყვნენ შთანთქმულნი), ამ სხვებმა ამის შემდეგ «ენთუზიაზმით» გადაწყვიტეს მთლიანად მიეძღვნათ თავი იმისთვის, რომ სხვა საზოგადოებათა არსებების სწრაფი განადგურებისთვის ამ გაზის განსაკუთრებული თვისების გამოყენების ხერხი ეპოვათ.  


როდესაც ამ მიზნით პრაქტიკული კვლევები დაიწყეს, ერთ-ერთმა მათგანმა მალე შეამჩნია, რომ, თუ ამ გაზს იმგვარად გაუკეთებს კონცენტრირებას, რომ ადვილი იყოს მისი გამოშვება ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დასახულ დროს, მაშინ ადვილად შეიძლება ხსენებული მიზნით მისი გამოყენება. 


ეს საკმარისი იყო, და იმ დროიდან მთელი არსებულის რეალიზაციის საერთო ჰარმონიიდან ხელოვნურად გამოყოფილი ამ გაზის გარკვეული სახით გამოშვება დაიწყო სივრცეში იმ საზოგადოების ყველა სხვა ჩვეულებრივი არსებების მიერ ურთიერთგანადგურების პროცესის დროს, სწორედ მაშინ და სწორედ იქ, სადაც სხვა ე.წ. «მტრული» საზოგადოებების უმეტესი რაოდენობის არსებები ჯგუფდებოდნენ. 


როდესაც ეს იზოლირებული უაღრესად შხამიანი კოსმოსური ნივთიერება განზრახ გაიშვება ატმოსფეროში ხსენებულ პირობებში და როცა, ცდილობს რა სხვა შესაბამის კოსმოსურ ნივთიერებებს კვლავ შეერწყას, ახლოს მდებარე სამტვინიანი არსებების პლანეტარულ სხეულებში ხვდება, იგი მყისიერად და მთლიანად ანადგურებს მათ არსებობას ანდა, უკეთეს შემთხვევაში, სამუდამოდ შლის მათი საერთო თანდასწრების ამა თუ იმ ნაწილის ფუნქციონირებას. 


ჩემ მიერ ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებებიდან მეორე, სახელდობრ «ანილინი», ეს არის ის საღებავი ქიმიური ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შეიღებოს უმეტესი ის პლანეტისზედა წარმონაქმნი, რომლებისგანაც სამტვინიანი არსებები იქ აკეთებენ ყოველგვარ საგნებს, რომლებიც მათი ჩვეულებრივი ყოფიერებითი არსებობის პროცესშია საჭირო. 


მართალია, ამ გამოგონების წყალობით, შენს საყვარელ არსებებს ნებისმიერი საგანი და ნებისმიერი ფერით შეღებვა შეუძლიათ, თუმცა, რა ხანგრძლივობის ხდება ამ საგნების არსებობა – აი, სწორედ აქ წევს მათი სახელგანთქმული ბისმარკის «საყვარელი კატა». 


ამ მავნე ანილინის არსებობამდე შენი საყვარელი არსებების მიერ ჩვეულებრივი არსებობისთვის წარმოებული საგნები, მაგალითად, ე.წ. «ხალიჩები», «სურათები» და სხვადასხვა ნაკეთობა მატყლისგან, ხისგან, ტყავისგან, იღებებოდა უბრალო მცენარეული საღებავებით, რომელთა მიღებას ისინი საუკუნეების განმავლობაში სწავლობდნენ, და ეს ჩამოთვლილი საგნები მანამდე ხუთიდან ათ და თხუთმეტ მათ საუკუნესაც კი უძლებდა. 


მაგრამ ახლა, მხოლოდ ანილინის ან სხვა დასახელების საღებავების გამო, რომელთა შემადგენლობასაც სწორედ ეს ანილინი უდევს საფუძვლად, ახალი საღებავებით შეღებილი საგნებისგან სულ რაღაც ოცდაათი წლის შემდეგ მხოლოდ მოგონებაღა რჩება. ასევე უნდა გითხრა, რომ თანამედროვე ორგანიზაციის, გერმანიის, არსებები არა მარტო იმის მიზეზები იყვნენ, რომ ამ მავნე ანილინის გამო იმ პლანეტის თანამედროვე არსებათა ნაკეთობები სწრაფად იშლება, არამედ იმისიც, რომ უძველესი დროის ნაკეთობებმა იმ ბედკრულ პლანეტაზე თითქმის შეწყვიტა არსებობა.  


ეს უკანასკნელი იმიტომ მოხდა, რომ სხვადასხვა ჰასნამუსური მიზნებისთვის და თავიანთი ე.წ. «სამეცნიერო მიზნებისთვის» მათ ყველა ქვეყნიდან შეაგროვეს შენარჩუნებული უძველესი ნაკეთობები და, არ იცოდნენ რა, როგორ უნდა შეენახათ უძველესი საგნები, მათი დაშლა მხოლოდ დააჩქარეს.  


მაგრამ მათ მოიხმარეს (და ჯერ კიდევ მოიხმარენ) მათ მიერ შეგროვილი ეს «სიძველეები» როგორც «ნიმუშები» ფართო მოხმარების საქონლის ნაკეთობებისთვის, რომლებიც იმ ბედკრულ პლანეტაზე «ერზაცის» სახელით არის ყველგან ცნობილი. 


რაც შეეხება ჩამოთვლილიდან მესამე ქიმიურ ელემენტს სახელად «კოკაინი», ეს ქიმიური ნივთიერება არა მარტო ასევე ძალიან ეხმარება ბუნებას იმაში, რომ გახრწნას უფრო სწრაფად პლანეტარული წარმონაქმნები – მოცემულ შემთხვევაში, მათი საკუთარი პლანეტარული სხეულები, – არამედ ეს ქიმიური საშუალება პლანეტა დედამიწის თანამედროვე არსებების ფსიქეაზე ახდენს ზემოქმედებას, რომელიც საოცრად წააგავს იმას, რასაც მათი წინაპრების ფსიქეაზე ორგანო კუნდაბუფერი ახდენდა. 


როდესაც დიადი მთავარანგელოზ ლუისოსის ეს გამოგონება მათ წინაპრებში იმყოფებოდა, მაშინ ამ ორგანოს გამო ისინი ყოველთვის ზუსტად იმ მდგომარეობაში იყვნენ, როგორშიც თანამედროვე არსებებია, როდესაც მათ თავიანთ თავში შეჰყავთ გერმანელთა ეს გამოგონება, სახელად კოკაინი. 
უნდა გაგაფრთხილო, ჩემო ბიჭუნა, რომ ამ გერმანული გამოგონების მოქმედება მსგავსიც თუა ცნობილი ორგანო კუნდაბუფერის მოქმედებისა, ეს მოხდა ორგანიზაცია გერმანიის თანამედროვე არსებების შეგნებული განზრახვის გარეშე; ისინი მხოლოდ შემთხვევით გახდნენ დიადი მთავარანგელოზ ლუისოსის კოლეგები. 


ამჟამად თითქმის ყველა არსებას, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის ჭეშმარიტი წარმომადგენელი ხდება, ძალიან გულმოდგინედ და უდიდესი სიამოვნებით შეჰყავს თავის თავში თანამედროვე ცივილიზაციის ეს «სიკეთე», რა თქმა უნდა, ყოველთვის «თხისფეხას» სადიდებლად, როგორც ჩვენი ძვირფასი მოლა ნასრედინი ამბობს. 


ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებებიდან მეოთხეს, სახელად «ატროპინი», ამჟამად იქ ასევე ყველგან დიდი მოთხოვნილება აქვს სხვადასხვა მიზნებისთვის; მაგრამ უფრო ხშირად ის ერთი უაღრესად უცნაური მიზნით მოიხმარება.


აღმოჩნდა, რომ, იქ დამყარებული არაჩვეულებრივი ყოფიერებითი არსებობის იმავე არანორმალური პირობების გამო, მათმა მხედველობის ორგანომ შეიძინა თვისება სხვების სახეები მიმზიდველად და სასიამოვნოდ ჩათვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მუქი თვალები აქვთ. 


ხოლო როდესაც ეს ქიმიური ნივთიერება ატროპინი არსებათა თვალებში გარკვეული სახით შეიყვანება, თვალის გუგა ფართოვდება და მუქდება; ამის გამო მათ უმრავლესობას ეს ატროპინი შეჰყავს თვალებში იმიტომ, რომ მათი სახეები სხვებისთვის მიმზიდველი და სასიამოვნო იყოს. 


და მართლაც, ჩემო ძვირფასო ბიჭუნა, იმ დედამიწისეულ არსებებს, რომლებსაც ეს «გერმანული სიკეთე» შეჰყავთ თვალებში, ნამდვილად აქვთ ძალიან «მუქი» თვალები ორმოცდახუთ წლამდე. 


მე ვთქვი «ორმოცდახუთ წლამდე» იმიტომ, რომ დღემდე არ ყოფილა შემთხვევა იქ, როცა არსებას, რომელიც ამ საშუალებას მოიხმარს, შეეძლო დანახვა და მისი მოხმარების გაგრძელება ორმოცდა ხუთი წლის შემდეგ. 


ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან მეხუთე და უკანასკნელი, «ალიზარინი», ასევე ფართოდ არის გავრცელებული ყველგან. და თანამედროვე ცივილიზაციის ეს «სიკეთე» იქ უმთავრესად იხმარება ე.წ. «კონდიტერების» და სხვა სპეციალისტების მიერ, რომლებიც იმ პლანეტის სხვა არსებებისთვის ამზადებენ ერთობ «გემრიელ» ნაწარმს მათი პირველი საკვებისთვის. 


კონდიტერები და სხვა პროფესიონალები იქ, რომლებიც ამზადებენ ხსენებულ გემრიელ ნაწარმს დანარჩენი არსებების პირველი საკვებისთვის, ამ გერმანულ «აუცდენელ» შემადგენლობას, ალიზარინს, იყენებენ, რა თქმა უნდა, შეუგნებლად, იმ მიზნით, რომელიც იქ მთელი თანამედროვე ცივილიზაციისთვის უკვე, ბოლოს და ბოლოს, იდეალი გახდა, და ეს მიზანი მოლა ნასრედინის ენაზე შემდეგი სიტყვებით გამოიხატება: «ოღონდ ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდეს, და სულ ერთია, რაც იქნება». 


როგორც არ უნდა იყოს, ძველი საბერძნეთის არსებების ის თანამედროვე მოადგილეები უკვე ახლა უწევენ დახმარებას საწყალ ბუნებას (თუმცა, მხოლოდ გახრწნის პროცესს) ყველა თავიანთი პრაქტიკული მიღწევით, იმ მეცნიერებებზე დამყარებულით, რომლებიც თვითონ მოიგონეს. ტყუილად არა აქვს ჩვენს ძვირფას მოლა ნასრედინს შემდეგი ბრძნული გამოხატვა: «ჯობია საკუთარ დედას თავიდან დღეში ათი ბეწვი ამოგლიჯო, ვიდრე ბუნებას არ დაეხმარო». 


ზუსტად რომ ვთქვათ, «ფანტასტიკური მეცნიერებების» შეთითხნის და ჩვეულებრივი ყოფიერებითი არსებობის ახალი ხერხების მოგონების უნარი ძველი ბერძნებიდან არა მარტო იმ თანამედროვე გერმანიის არსებებთან გადავიდა იქ; იგივე უნარი, შესაძლოა, არანაკლებ იქნა მემკვიდრეობით მიღებული სხვა თანამედროვე საზოგადოების (ასევე დამოუკიდებლის და ასევე სუვერენიტეტის მფლობელის) არსებების მიერ. 


შენი საყვარელი არსებების იმ სხვა თანამედროვე საზოგადოებას ჰქვია «ინგლისი». 


ძველი საბერძნეთიდან იმ მეორე თანამედროვე საზოგადოების, ინგლისის, არსებებთან, და უშუალოდ მარტო მათთან, გადავიდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მავნე გამოგონება, რომელიც იმ თანამედროვე საზოგადოების არსებებმა მთლიანად მიიღეს და ისინი ახლა მას პრაქტიკაში ნერგავენ. 


ამ თავიანთ უაღრესად მავნე გამოგონებას ძველი ბერძნები «დიაფარონს» უწოდებდნენ, თანამედროვე არსებებმა კი მას «სპორტი» შეარქვეს. 


ამ თანამედროვე სპორტზე იქ რაც შეიძლება დაწვრილებით მოგიყვები ჩემი თხრობის ბოლოში; მანამდე კი უნდა იცოდე, რომ, მართალია, იმ საზოგადოების, ინგლისის, არსებები ასევე იგონებენ ახლა დიდი რაოდენობის სხვადასხვა ახალ საგნებს, რომლებიც შენს საყვარელ არსებებს სჭირდებათ მათი ჩვეულებრივი ყოფიერებითი არსებობის პროცესში, მაგრამ ისინი არ იგონებენ ქიმიურ საშუალებებს, როგორც ამას თანამედროვე საზოგადოება გერმანიის არსებები აკეთებენ, არა – ისინი, უმეტესწილად, ე.წ. «ლითონის ნაკეთობებს» იგონებენ.   


განსაკუთრებით ბოლო დროს ისინი ოსტატები გახდნენ ყოველგვარი ლითონის ნაკეთობების (რომელთა სახელებია: საკეტები, საპარსები, სათაგურები, რევოლვერები, ცელები, ტყვიამფრქვევები, ქვაბები, ანჯამები, ქვემეხები, ჯიბის დანები, ვაზნები, კალმები, ნაღმები, ნემსები, და მრავალი სხვა) გამოგონებაში და დიდი რაოდენობით გავრცელებაში შენი პლანეტის მთელ ზედაპირზე მცხოვრებ არსებებს შორის. 


იმ დროიდან, როგორც კი ამ თანამედროვე საზოგადოების არსებებმა ამ სასარგებლო საგნების გამოგონება დაიწყეს, შენი პლანეტის სამტვინიან არსებათა ჩვეულებრივი არსებობა, როგორც ჩვენი ძვირფასი მოლა ნასრედინი ამბობს, «ნამდვილი განცხრომა» გახდა. 


იმ თანამედროვე საზოგადოების არსებები შენი პლანეტის სხვა თანამედროვე არსებების კეთილისმყოფლები გახდნენ; ისინი, როგორც იქ ამბობენ, «უანგარო დახმარებას» სთავაზობდნენ, განსაკუთრებით მათ პირველ ყოფიერებით ვალდებულებასთან მიმართებით, კერძოდ დროდადრო «ურთიერთგანადგურების» პროცესის გატარების ვალდებულებებთან. 


მათი წყალობით, ამ ყოფიერებითი ვალდებულების შესრულება იქ თანადათან «უბრალო წვრილმანი» გახდა. 


იმ გამოგონებების გარეშე ამ შენი საყვარელი არსებებისთვის უაღრესად ძნელი იყო იმ ყოფიერებითი ვალდებულების შესრულება, ვინაიდან მანამდე ამაზე ოფლს ღვრიდნენ.


მაგრამ იმ თანამედროვე არსებების მიერ გამოგონებული ყოველგვარი მოწყობილობების წყალობით ეს ახლა, როგორც ისევ ჩვენი პატივცემული მოლა ნასრედინი ამბობს, «დიდი სიამოვნებაა». 


თანამედროვე არსებებისთვის ახლა თითქმის არავითარი ძალისხმევა აღარ არის საჭირო იმისათვის, რომ თავისმაგვარი არსებები სრულად გაანადგურონ.  


ზოგჯერ, როდესაც ე.წ. «თამბაქოს მოსაწევ ოთახში» წყნარად სხედან, მათ შეუძლიათ, ასე ვთქვათ გართობისთვის, ათობით და ასობით თავისმაგვარი არსება მოსპონ. ვფიქრობ ღირს, რომ ახლა მოგიყვე ბერძნული და რომაული ცივილიზაციის არსებების ჯერ კიდევ არსებულ პირდაპირ შთამომავლებზეც. 


ოდესღაც «დიადი» და «ძლევამოსილი» საზოგადოების, საბერძნეთის, არსებათა შთამომავლები ჯერ კიდევ აგრძელებენ არსებობას და მათაც ასევე თავიანთი საკუთარი დამოუკიდებელი საზოგადოება აქვთ, მაგრამ სხვა დამოუკიდებელი საზოგადოებებისთვის იქ მათ ამჟამად თითქმის არავითარი მნიშვნელობა არა აქვთ. 


ისინი აღარ არიან დაკავებულნი იმით, რითიც მათი წინაპრები იყვნენ დაკავებულნი, რომლებიც ყოველგვარი «ფანტასტიკური მეცნიერებების» შეთითხნის დარგში დიდ სპეციალისტებს წარმოადგენდნენ; რადგან, დღეს რომ თანამედროვე ბერძენს ახალი მეცნიერება შეეთითხნა, ამჟამინდელი სხვა საზოგადოებების არსებები ამას არავითარ ყურადღებას არ მიაქცევდნენ. 


ყურადღებას არ მიაქცევდნენ, უმეტესწილად, იმიტომ, რომ იმ საზოგადოებას ამჟამად არ გააჩნია საკმაო რაოდენობის ე.წ. «ქვემეხი» და «ხომალდი», რომ სხვა თანამედროვე არსებებისთვის ე.წ. «ავტორიტეტები» იყვნენ. 


მართალია, ოდესღაც დიად ბერძენთა შთამომავლებმა, ანუ თანამედროვე ბერძნებმა, დაივიწყეს ე.წ. «მოჩვენებით ავტორიტეტად» ყოფნა სხვა სამტვინიანი არსებებისთვის, მაგრამ ახლა მათ წარმატებით აქვთ გახსნილი თითქმის ყველა კონტინენტზე და კუნძულზე ე.წ. «მაღაზიები», სადაც ისინი აუჩქარებლად და წყნარად ვაჭრობენ ე.წ. «ღრუბლებით», «ჰალვით», «რაჰათლუკუმით» და ა.შ., ზოგჯერ კი «სპარსული ჩირით», ასევე მზეზე გამოყვანილი თევზით სახელად «კეფალი». 


ხოლო რაც შეეხება რომაელთა შთამომავლებს, ისინი ასევე აგრძელებენ წარმოშობას და არსებობას, მაგრამ აღარც კი იწოდებიან წინაპრების სახელით, თუმცა თავიანთი საზოგადოების მთავარ ადგილს ჯერ კიდევ «რომს» უწოდებენ. 


იმ ყოფილი მწყემსების შთამომავლების მიერ შექმნილი საზოგადოების თანამედროვე არსებებს, დიდი რომაელების შემდგომ, იქ სხვა არსებებს უწოდებენ – «იტალიელებს». 


გარდა იმ სპეციფიკური ყოფიერებითი იმპულსისა, რომლის კრისტალიზებაც თავიანთ თანდასწრებებში პირველად ძველმა რომაულმა არსებებმა მოახდინეს და რომელიც შემდგომში იმ პლანეტის ყველა სხვა სამტვინიან არსებაზე გავრცელდა, ამ არსებებთან, სახელად იტალიელები, მათი წინაპრებიდან მემკვიდრეობით თითქმის აღარაფერი გადმოსულა. 


იმ თანამედროვე საზოგადოების, იტალიის, არსებები ახლა წყნარად და მშვიდად ცხოვრობენ, და იმით შემოიფარგლებიან, რომ ნელ-ნელა იგონებენ სრულიად უვნებელი ე.წ. «მაკარონის» სულ ახალ და ახალ სახეებს. 


და მაინც, იმ თანამედროვე იტალიის ზოგ არსებებთან  წინაპრებისგან მემკვიდრეობით გადმოვიდა ერთი განსაკუთრებული და თავისებური «თვისება», რომელსაც ჰქვია «სხვებისთვის სასიამოვნოს კეთება». 


მხოლოდ ისინი ავლენენ ამ მემკვიდრეობით მიღებულ მოთხოვნილებას, ანუ ამ «სასიამოვნოს კეთებას», არა თავისმაგვარების მიმართ, არამედ სხვა ფორმის არსებების მიმართ. 


სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხსენებული განსაკუთრებული თვისება თანამედროვე იტალიის სხვადასხვა ნაწილის არსებებთან არა მარტო დიდი რომაელებისგან გადმოვიდა; ეს მემკვიდრეობით მიღებული თვისება მათი ბევრად უფრო გვიანი ეპოქების წინაპრების მიერ იყო უფრო მეტად «ათვისებული», ანუ იმ დროს, როცა მათ ერთი ჭეშმარიტი «ღვთის წმინდა დესპანის» სწავლებების (რომლებიც თავიანთი ეგოისტური მიზნებისთვის უკვე შეცვალეს) გავრცელება დაიწყეს თავის და მეზობელ უფრო სუსტ საზოგადოებათა არსებებს შორის. 


ამჟამად თანამედროვე იტალიის სხვადასხვა ნაწილის არსებები ამ თვისებას – «სხვებისთვის სასიამოვნოს კეთებას» – შემდეგი სახით უკეთებენ რეალიზაციას. ისინი მაშინვე არ სპობენ ოთხფეხა არსებების არსებობას («ცხვრების» და «თხების»), რომელთა პლანეტარულ სხეულებსაც ასევე თავიანთი პირველი საკვების სახით მოიხმარენ; მაგრამ იმისათვის რომ ეს «სასიამოვნო» გააკეთონ, ამას აკეთებენ «თანდათან» და «რბილად» მრავალი დღის განმავლობაში, ანუ ერთ დღეს მოაცილებენ ერთ ფეხს, რამდენიმე დღის შემდეგ – მეორე ფეხს და ა.შ., სანამ ცხვარი ან თხა ჯერ კიდევ სუნთქავს. ცხვრებს და თხებს კი თავიანთი საერთო თანდასწრების ხსენებული ნაწილების გარეშე ძალიან დიდხანს შეუძლიათ სუნთქვა, რადგან არსებობის შესაძლებლობისთვის კოსმოსური ნივთიერებების შეთვისების მთავარ ფუნქციებში ეს ნაწილები მონაწილეობას არ იღებენ, თუმცა ისინი იმ ფუნქციებში მონაწილეობენ, რომლებიც რეალიზებას უკეთებენ იმ იმპულსებს, და თვითშეგრძნებებს აძლევენ. 


ამ ნათქვამის შემდეგ, ალბათ, არ არის საჭირო კიდევ რაიმეს თქმა იმ რომაელთა შთამომავლებზე, რომლებიც იქ ოდესღაც ასეთი «მრისხანენი» და ასეთი «დიადნი» იყვნენ სხვა საზოგადოებებისთვის. 


ახლა კი ვისაუბროთ ძველი ბერძნების იმ განსაკუთრებით მავნე გამოგონების შესახებ, რომლის პრაქტიკაში რეალიზებაც ხდება იქ ამჟამად იმ თანამედროვე საზოგადოების არსებების მიერ, რომელსაც ჰქვია ინგლისი, და რომელსაც (ამ გამოგონებას) ისინი «სპორტს» უწოდებენ. 


თანამედროვე ორგანიზაცია ინგლისის არსებებმა, ანუ იმ არსებებმა, რომლებიც, უმეტესწილად, თავიანთი ჩვეულებრივი არსებობის პროცესში ძველი ბერძნების ამ განსაკუთრებით მავნე (დამღუპველი შედეგების მიხედვით) გამოგონების რეალიზებას ახდენენ, არა მარტო დაამატეს თავიანთი არსებობის ხანგრძლივობის (ისედაც საკმაოდ მიზერულის) შემოკლების კიდევ ერთი საიმედო ფაქტორი, არამედ, თავის მხრივ, განიცდიან რა ამჟამად თავიანთი საზოგადოების სიდიადის პერიოდს და წარმოადგენენ რა ამის შედეგად ავტორიტეტს სხვა სამტვინიანი არსებებისთვის და, უფრო მეტიც, აქციეს რა ამ გამოგონების პრაქტიკაში რეალიზაცია თავიანთ ამოცანად, ხოლო მისი გავრცელება – მიზნად, ისინი ამჟამად ყველა შესაძლო საშუალებით ამ გამოგონებით ძალიან ასნეულებენ იმ ბედკრული პლანეტის ყველა სხვა დიდი და პატარა საზოგადოების არსებებს. 


ამ ძალიან სერიოზული გაუგებრობის საფუძველი იყო შენი საყვარელი არსებების საერთო თანდასწრებებიდან იმ ფაქტორების შესაძლო კრისტალიზაციის გაქრობა, რომლებიც სამტვინიან არსებებში «ლოგიკური აზროვნების» განხორციელებას ახდენს. 


და მათში ამ «ლოგიკური აზროვნების» არარსებობის შედეგად, ყველა ისინი, თითქმის გამოუკლებლივ, უბრალოდ იმიტომ, რომ ჰასნამუსის ზოგი კანდიდატები ამტკიცებდნენ, რომ ამ სპორტის დახმარებით მათ რაღაც «სასარგებლოს» მიღება შეუძლიათ – რაშიაც ისინი მთელი თავიანთი თანდასწრებით არიან დარწმუნებულნი, – ახლა, ამ რაღაცის მიღწევის იმედით, მთლიანად მისცეს თავი ამ სპორტს. 


ამ უბედურთა შორის არავინ იცის და, ალბათ, არ ფიქრდება, რომ მათი ამ მავნე სპორტისგან არა მარტო არავითარ სარგებლობას არ იღებენ, არამედ, როგორც უკვე მითქვამს შენთვის, მარტო ამ სპორტით თავიანთი არსებობის ისედაც მიზერულ ხანგრძლივობას უფრო მეტად ამოკლებენ.

 
იმისათვის, რომ უკეთესად წარმოიდგინო და გაიგო, ამ სპორტის გამო რატომ მოკლდება მათი არსებობის ხანგრძლივობა, ახლა დროა უფრო დაწვრილებით მოგიყვე იმის შესახებ, რის მოყოლასაც გპირდებოდი, სახელდობრ, განსხვავების შესახებ ყოფიერებითი არსებობის ხანგრძლივობებს შორის ფულასნიტამური პრინციპის შესაბამისად და იტოკლანოსის პრინციპის შესაბამისად. 


ალბათ გახსოვს, რომ, როდესაც გიხსნიდი, შენი ეს საყვარელი არსებები როგორ განსაზღვრავენ «დროის მსვლელობას», მე ვთქვი, რომ როდესაც ორგანო კუნდაბუფერი ყველა მისი თვისებით მოშორებულ იქნა მათი თანდასწრებებიდან და მათი არსებობის ხანგრძლივობა ისეთივე გახდა, როგორიც ყველა ნორმალური სამტვინიანი არსებებისა, ანუ ე.წ. ფულასნიტამური პრინციპის შესაბამისად, მაშინ მათ უნდა ეარსებათ აუცილებლად იქამდე, სანამ მათი «მეორე ყოფიერებითი სხეული კესჯანი» მთლიანად არ იქნებოდა დაფარული და, საბოლოო ჯამში, გონებით მისი სრულყოფა წმინდა «იშმეშამდე» არ დაიყვანებოდა. 


მაგრამ შემდეგ, როდესაც სამტვინიანი არსებებისთვის სულ უფრო და უფრო შეუფერებელი სახის არსებობა დაიწყეს და თავიანთ თანდასწრებებში მთლიანად შეწყვიტეს თავიანთი (დიადი ბუნების მიერ გათვალისწინებული) იმ ყოფიერებითი პარკტდოლგ-ვალდებულების რეალიზაცია, რომლის საშუალებითაც არის მხოლოდ შესაძლებელი სამტვინიანი არსებებისთვის თავიანთ თანდასწრებებში შეძენა მონაცემებისა თავიანთი ზემოხსენებული ნაწილების დაფარვისთვის, და როცა, ამ ყველაფრის შედეგად, მათი გამოსხივების ხარისხმა შეწყვიტა უმაღლესი ზოგადკოსმოსური ტრეგოავტოეგოკრატიული პროცესის მოთხოვნილებებზე პასუხის გაცემა, – მაშინ დიადი ბუნება იძულებული იყო, «ვიბრაციების გაწონასწორების» მიზნით, მათი არსებობის ხანგრძლივობის თანდათანობითი რეალიზაცია მოეხდინა იმ პრინციპის შესაბამისად, რომელსაც ეწოდება იტოკლანოსი, ანუ პრინციპის, რომლის მიხედვითაც ხდება იმ ერთტვინიანი და ორტვინიანი არსებების არსებობის ხანგრძლივობის რეალიზაცია, რომლებსაც არა აქვთ ისეთი შესაძლებლობები, როგორიც სამტვინიანებს აქვთ, და რომლებსაც, შესაბამისად, არ შეუძლიათ თავიანთ თანდასწრებებში რეალიზაცია მოახდინონ ხსენებული (ბუნების მიერ გათვალისწინებული) პარტკდოლგ-ვალდებულებისა. 


ამ პრინციპის თანახმად, ყოფიერებითი არსებობის ხანგრძლივობა, აგრეთვე მათი საერთო თანდასწრებების მთელი შემცველობა იმ შედეგებიდან მიიღება, რომლებიც მათი გარემომცველი შემდეგი შვიდი რეალიზაციიდან წარმოიქმნება, კერძოდ კი:


1) მემკვიდრეობითობიდან საერთოდ;
2) პირობებიდან და გარემოდან ჩასახვის მომენტში; 
3) მათი მზის სისტემის ყველა პლანეტის გამოსხივებათა შეთავსებიდან მათი ჩამოყალიბების დროს მწარმოებლის (ქალის) მუცელში; 
4) მათი მწარმოებლების ყოფიერებითი გამოვლენის ხარისხიდან მათ მიერ საპასუხისმგებლო ყოფიერების ასაკის მიღწევის პერიოდში; 
5) მათი გარემომცველი მსგავსი არსებების ყოფიერებითი არსებობის ხარისხიდან; 
6) ე.წ. «ტელეოკრიმალნიკური» აზრიტალღების ხარისხიდან, რომლებიც მათ გარემომცველ ატმოსფეროში იქმნება ასევე მათ მიერ სრულწლოვანების მიღწევის პერიოდში, ანუ ე.წ. «ერთი სისხლის არსებების» მხრიდან გულწრფელი კარგი სურვილებისა და მოქმედებების გამოვლენებიდან; 
7) თვით მოცემული არსების ე.წ. ყოფიერებითი ეგოპლასტიკუარის ხარისხიდან, ანუ მისი ყოფიერებითი ძალისხმევებიდან, რომლებიც მიმართულია თავის თავში ყველა მონაცემის გარდასახვისკენ ობიექტური გონების შეძენისათვის. 


არსებობის მთავარი თავისებურება ამ იტოკლანოსის პრინციპის შესაბამისად ისაა, რომ ჩამოთვლილ შვიდ გარეშე რეალიზაციაზე დამოკიდებულ არსებებში, რომლებიც ამ პრინციპის შესაბამისად ცხოვრობენ, მათ «ყოფიერებით ლოკალიზაციებში» (ანუ, როგორც შენი საყვარელი არსებები ამბობენ, მათ ტვინებში), რომლებიც არსებებისთვის მათი საერთო თანდასწრების ყველა დამოუკიდებელი ნაწილის რეალიზაციის წყაროთა ცენტრალურ ადგილებს წარმოადგენს, ე.წ. «კანდელობის კოჭების» კრისტალიზაცია ხდება, ანუ იმ რაღაცისა, რომელიც მოცემულ ლოკალიზაციებში, ანუ ტვინებში, შესაძლო ასოცაციების ან განცდების გარკვეულ რაოდენობას იძლევა.  


ამრიგად, ჩემო ბიჭუნა, რამდენადაც ეს შენი თანამედროვე საყვარელი არსებები, პლანეტა დედამიწის ეს სამტვინიანი არსებები, უკვე მხოლოდ იტოკლანოსის პრინციპის შესაბამისად წარმოიშობიან, ამიტომ ჩასახვის მომენტიდან საპასუხისმგებლო ყოფიერების ასაკამდე მათ ტვინებში ამ კანდელობის-კოჭების კრისტალიზაცია ასოციაციების პროცესების რეალიზაციის ძალიან განსაზღვრული შესაძლებლობებით ხდება.  


იმისათვის, რომ ეს საკითხი ძირფესვიანად აგიხსნა და უკეთესად რომ გაიგო ის, აგრეთვე თვითონ არსის შესახებ (ასევე ისეთი გარკვეული კოსმოსური რეალიზაციათა ფუნქციონირების სახეების შესახებ, როგორიც ეს კანდელობის-კოჭებია, რომლებიც კანონზომიერად რეალიზდებიან მხოლოდ იტოკლანოსის საფუძველზე მცხოვრებთა ლოკალიზაციებში, ანუ ტვინებში) განმარტებაზე დრო რომ არ დავკარგოთ, განზრახული მაქვს განმარტების მაგალითისთვის ავიღო სწორედ ის «ჯამტესტერნოხები», რომლებიც შენს საყვარელ არსებებს აქვთ და რომლებსაც ისინი «მექანიკურ საათს» უწოდებენ. 


როგორც შენ უკვე კარგად იცი, მართალია, არსებობს ისეთი ჯამტესტერნოხების, ანუ მექანიკური საათის, სხვადასხვა ე.წ. «სისტემები», მაგრამ ისინი კონსტრუირებულია ერთი და იმავე «ზამბარის დაჭიმვის ან წნევის» პრინციპით. ჯამტესტერნოხების, ანუ მექანიკური საათის, ერთი სისტემა შეიცავს ზუსტად გამოთვლილ და იმგვარად მოწყობილ ზამბარას, რომ მისი დაჭიმვის ხანგრძლივობა ოცდაოთხ საათს ეყოს; მეორე სისტემის ზამბარის დაჭიმვის ხანგრძლივობა ერთ კვირაზეა გათვლილი, მესამისა – ერთ თვეზე და ა.შ. 


იტოკლანოსის პრინციპის შესაბამისად მცხოვრები არსებების ტვინებში კანდელობის-კოჭა სხვადასხვა სისტემის მექანიკური საათების ზამბარას ჰგავს. ზუსტად ისევე, როგორც მექანიკური საათის მუშაობის ხანგრძლივობა მასში არსებულ ზამბარაზეა დამოკიდებული, ასევე არსებათა არსებობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კანდელობის-კოჭებზე, რომლებიც მათი წარმოშობის დროს და მათი შემდგომი ფორმირების პროცესში გაუჩნდათ ტვინებში. 


ზუსტად ისევე, როგორც საათის ზამბარას გარკვეული ხანგრძლივობის მომართვა აქვს, ასევე ამ არსებებს შეუძლიათ ასოცირება და განცდები მხოლოდ იმ შესაძლებლობათა განცდების მოცულობით, რომლებიც მათში ბუნების მიერ იყო ჩადებული მათ ტვინებში ამ კანდელობის-კოჭების კრისტალიზაციის დროს. მათ შეუძლიათ ასოცირება და, მაშასადამე, არსებობა სწორედ ამდენი, არც მეტი, არც ნალკები. 


როგორც მექანიკურ საათს შეუძლია მოქმედება მანამდე, სანამ ზამბარას აქვს ე.წ. «მომართვის დაჭიმვა», ასევე იმ არსებებსაც, რომელთა ტვინებში კანდელობის-კოჭებია კრისტალიზებული, შეუძლიათ განიცდიდნენ და, შესაბამისად არსებობდნენ იქამდე, სანამ ეს კანდელობის-კოჭები (რომლებიც მათ ტვინებში ხსენებული შვიდი პირობის შედეგად გაჩნდა) არ დაიხარჯება. 


ამრიგად, ჩემო ბიჭუნა, რამდენადაც პარტკდოლგ-ვალდებულების შედეგები შენი საყვარელი არსებების თანდასწრებებში ამის შემდეგ აღარ მიღებულა და მათი არსებობის ხანგრძლივობა დამოკიდებული გახდა მხოლოდ და მხოლოდ იმ ჩამოთვლილ შემთხვევით დამყარებულ შვიდ გარეშე პირობაზე, ამიტომ, ამ ყველაფრის შედეგად, მათი არსებობის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით თანამედროვე არსებებისა, ძალიან მრავალფეროვანი გახდა. 


ამჟამად მათი არსებობის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს ერთი მათი წუთიდან სამოცდაათ ან ოთხმოცდაათ მათ წლამდე. 


მაშ ასე, ყოველივე ჩემ მიერ თქმულიდან გამომდინარე, როგორც არ უნდა არსებობდნენ შენი საყვარელი არსებები, რა ზომებსაც არ უნდა იღებდნენ და, როგორც ისინი ამბობენ, «შუშის ხუფის ქვეშაც რომ შემძვრალიყვნენ», როგორც კი მათ ტვინებში კრისტალიზებული კანდელობის-კოჭები დაიხარჯება, მათი ესა თუ ის ტვინი დაუყოვნებლივ წყვეტს ფუნქციონირებას. 


განსხვავება მექანიკურ საათსა და შენს თანამედროვე საყვარელ არსებებს შორის მხოლოდ იმაშია, რომ მექანიკურ საათში მხოლოდ ერთი ზამბარაა, მაშინ როცა შენს საყვარელ არსებებს სამი ეს დამოუკიდებელი კანდელობის-კოჭა აქვთ. 


და ამ დამოუკიდებელ კანდელობის-კოჭებს ყველა სამ დამოუკიდებელ «ლოკალიზაციაში» სამტვინიან არსებებში შემდეგი დასახელებები აქვთ: 


პირველში – «აზროვნების ცენტრის» კანდელობის-კოჭა;
მეორეში – «მგრძნობიერი ცენტრის» კანდელობის-კოჭა;
მესამეში – «მამოძრავებელი ცენტრის» კანდელობის-კოჭა. 


ისიც კი, რასაც ბოლო დროს ხშირად ვიმეორებდი, სახელდობრ, რომ ამ შენს საყვარელ არსებებში წმინდა რასკუარნოს პროცესი რეალიზდება მესამედებით – ანუ, როგორც თვითონ იტყოდნენ, ისინი «მოკვდომას ნაწილ-ნაწილ» იწყებენ, – ასევე იქიდან გამომდინარეობს, რომ, წარმოიშობიან და ყალიბდებიან რა იტოკლანოსის პრინციპის შესაბამისად და არსებობენ არაჰარმონიულად, ისინი არაპროპორციულად ხარჯავენ შემცველობას, ანუ თავიანთ კანდელობის-კოჭებს, ამ სამი ცალკეული დამოუკიდებელი ტვინისა, და ამიტომ მათ ხშირად ისეთი საშინელი «სიკვდილი» აქვთ ხოლმე, რომელიც სამტვინიანი არსებებისთვის შეუფერებელია. 


ჩემი იქ ყოფნის დროს მათ შორის მე პირადად ძალიან ხშირად ვადასტურებდი მათ «სიკვდილს მესამედებით». ეს იმიტომ იყო შესაძლებელი, რომ, თუმცა, შენი საყვარელი არსებების თანდასწრებებში, განსაკუთრებით თანამედროვეებისა, მათი ერთ-ერთი ტვინის კანდელობის-კოჭა შეიძლება მთლიანად დახარჯული აღმოჩნდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითონ არსებები საკმაოდ ხანგრძლივ არსებობას განაგრძობენ. 


მაგალითად, იქ ხშირად ხდება ხოლმე, რომ მათი სპეციფიკურად არანორმალური არსებობის გამო, ერთ-ერთ მათგანში ერთ-ერთი კანდელობის-კოჭას შემცველობა შეიძლება დახარჯულ იქნას, და, თუ ეს კანდელობის-კოჭა მამოძრავებელი ცენტრისაა, ანუ, როგორც თვითონ უწოდებენ, «ზურგის ტვინისაა», მაშინ, თუმცა ასეთი თანამედროვე სამტვინიანი არსება იქ აგრძელებს «აზროვნებას» და «გრძნობას», მაგრამ იგი უკვე კარგავს თავისი პლანეტარული სხეულის განზრახული მართვის შესაძლებლობას. 


აქ საინტერესოა შევნიშნოთ, რომ, როცა შენი ერთ-ერთი საყვარელი არსება ასეთი სახით უკვე ნაწილობრივ კვდება სამუდამოდ, მაშინ მათი თანამედროვე ცირლიკნერები, ანუ ე.წ. «ექიმები», ასეთ სიკვდილს, უდავოდ, ავადმყოფობად თვლიან და, მათთვის დამახასიათებელი ყოველგვარი ტვინის ჭყლეტით, ამ ავადმყოფობის მკურნალობას იწყებენ; და ისინი ამ სავარაუდო ავადმყოფობებს ყოველგვარ დასახელებებს აძლევენ, რომლებიც უძველეს ენასთან არის თანახმიერი, მათთვის სრულიად უცნობთან, სახელად «ლათინური ენა». 


ძალიან ფართოდ არის იქ გავრცელებული ავადმყოფობები ისეთი დასახელებებით, როგორიცაა ჰემიპლეგია, პარაპლეგია, პროგრესული პარალიზი, ესენციალუსი, ზურგის ტვინის ტაბესი, აჟიტირებული პარალიზი, გაფანტული სკლეროზი და ა.შ.  


მესამედებით ასეთი სიკვდილები იქ, პლანეტა დედამიწაზე, განსაკუთრებით ხშირად ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ხდებოდა, და ისინი იმ შენს საყვარელ არსებებში ხდება, რომლებმაც – ან მათი პროფესიის, ან მათი ერთ-ერთი ე.წ. «გატაცების» გამო (რომლებიც არსებებს გაუჩნდათ და მათ მიერ იქნა შეძენილი ყველა დიდ და პატარა საზოგადოებაში მათი ჩვეულებრივი ყოფიერებითი არსებობისთვის დამყარებული არანორმალური პირობების გამო), – ყოფიერებითი არსებობის განმავლობაში თავიანთი ამა თუ იმ ყოფიერებითი ტვინის კანდელობის-კოჭას შემცველობა მეტ-ნაკლებად განიცადეს.  


მაგალითად, მამოძრავებელი ცენტრის კანდელობის-კოჭას, ანუ «ზურგის ტვინის» გამო ერთი მესამედით სიკვდილი, იქ ხშირად ხდება იმ დედამიწისეულ არსებებში, რომლებიც იმ საქმიანობით არიან გატაცებულნი, რომელსაც თანამედროვე საზოგადოება ინგლისის არსებები იყენებენ პრაქტიკაში, ძველი ბერძნების მავნე გამოგონების შედეგად, და ამ მავნე საქმიანობას ისინი სპორტს უწოდებენ. 


ამ მავნე საქმიანობის დამღუპველი შედეგები კარგად გასაგები იქნება მაშინ, როცა გეტყვი, რომ ჩემი იქ ყოფნის დროს იმ შენს საყვარელ არსებებს შორის ერთხელ ჩემი სტატისტიკური მონაცემების განსაკუთრებული განყოფილება მოვამზადე, რომ გამეგო, რამდენი ხანი შეუძლიათ არსებობა იქ იმ სამტვინიან არსებებს, რომლებიც ე.წ. პროფესიული «მებრძოლები» ხდებიან, და ამ ჩემს სტატისტიკურ მონაცემებში არც ერთხელ არ შემინიშნავს, რომ რომელიმე მათგანს ორმოცდა ცხრა წელიწადზე მეტ ხანს ეარსება. 


ხოლო სიკვდილი ერთი მესამედით მგრძნობელი ცენტრის კანდელობის-კოჭას ნაადრევი დახარჯვის გამო უმეტესწილად ხდება იმ დედამიწისეულ არსებათა შორის, რომლებიც პროფესიით ე.წ. «ხელოვნების წარმომადგენლები» ხდებიან. 


ამ დედამიწისეულ პროფესიონალთა უმრავლესობა, განსაკუთრებით თანამედროვე, ჯერ ავადდებიან ე.წ. «ფსიქოპათიის» ამა თუ იმ ფორმით, და ამის შედეგად ისინი შემდეგ თავიანთ ფსიქოპათიაში განზრახ სწავლობენ, როგორც ისინი ამბობენ, რომ «გრძნობდნენ», და იმ დროიდან, არაერთხელ გრძნობენ რა ამ არანორმალურ ყოფიერებით იმპულსებს, თანდათან ფიტავენ თავიანთი მგრძნობელი ცენტრის კანდელობის-კოჭას შემცველობას, ასეთი სახით თავიანთ საერთო თანდასწრებათა რიტმის დისჰარმონიზაციას ახდენენ, და თავიანთი თავი ისეთ ორიგინალურ დასასრულამდე მიჰყავთ, რომელიც ხშირად არ ხდება მათთანაც კი. 


სხვათა შორის, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მგრძნობელი ცენტრის გამო ერთი მესამედით სიკვდილი შენს საყვარელ არსებებში ასევე ხდება «ფსიქოპათიის» ერთი ძალიან საინტერესო ფორმის შედეგად, რომელსაც იქ «ალტრუიზმი» ჰქვია. 


რაც შეეხება ნაადრევ ნაწილობრივ სიკვდილს სააზროვნო ცენტრის კანდელობის-კოჭას გამო, ასეთი სახის სიკვდილი ბოლო დროს შენს საყვარელ არსებებს შორის სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. 


ასეთი სიკვდილი სააზროვნო ცენტრის გამო იქ ხდება, უმთავრესად, იმ შენს საყვარელ არსებებს შორის, რომლებიც ცდილობენ გახდნენ ან უკვე გახდნენ ახალი ფორმაციის სწავლულები, აგრეთვე იმათ შორის, რომლებიც თავიანთი არსებობის დროს ავადდებიან ე.წ. «წიგნებისა» და «გაზეთების» კითხვით გატაცების გამო. 


გადაჭარბებული კითხვის და მხოლოდ აზრების დახმარებით ასოცირების შედეგად ამ სამტვინიან არსებებში მათი სააზროვნო ცენტრის კანდელობის-კოჭას შემცველობა უფრო ადრე იფიტება, ვიდრე მათი სხვა ყოფიერებითი ცენტრების კანდელობის-კოჭების შემცველობა. 


ამრიგად, ჩემო ბიჭუნა, ეს უბედურებები, ანუ მათი არსებობის ხანგრძლივობის შემცირება, აგრეთვე მრავალი სხვა მათთვისვე მავნე შედეგები შენს საყვარელ არსებებში ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დღემდეც კი არ გაუგიათ კოსმოსური კანონის არსებობის შესახებ, რომელსაც ჰქვია «მრავალი წყაროდან წარმოქმნილი ვიბრაციების გაწონასწორება». 


ასეთი აზრი რომ მოსვლოდათ მათ თავში და ტვინის ჭყლეტა რომ ესრულებინათ მხოლოდ ამ აზრის შესაბამისად, მაშინ შესაძლოა გაეგოთ ერთი ძალიან უბრალო, როგორც ისინი ამბობენ, «საიდუმლო». 


დასაშვებია, რომ ვინმე აუცილებლად გაიგებდა ამ «საიდუმლოს», ვინაიდან, ჯერ ერთი, ის ძალიან მარტივი და ცხადია, მეორეც, მათ ის დიდი ხნის წინ გახსნეს და ხშირადაც კი გამოუყენებიათ ე.წ. «პრაქტიკაში». ისინი ჩემ მიერ ხსენებულ ამ მარტივ საიდუმლოს იმ მექანიკურ საათში იყენებენ, რომელიც ჩვენ ავიღეთ შედარებისთვის როგორც ამხსნელი მაგალითი, რომელიც მათი არსებობის ხანგრძლივობას ეხება.  


სხვადასხვა სისტემის მექანიკურ საათებში ისინი ზემოხსენებულ მარტივ საიდუმლოს იყენებენ, რომ ზამბარის ე.წ. «დაჭიმვა» და საათის მექანიზმის შესაბამისი ნაწილები დაარეგულირონ; და მას ჰქვია, მგონია, «რეგულატორი». 


ამ რეგულატორის დახმარებით შეიძლება საათის მექანიზმი (მაგალითად ერთი დღე-ღამით მომართული) აიძულონ, რომ მთელ თვეს იმუშაოს, და, პირიქით, ამ რეგულატორის წყალობით დღე-ღამისთვის მომართული მექანიზმი აიძულონ, რომ ხუთი წუთი იმუშაოს. 


იტოკლანოსის საფუძველზე მცხოვრები ყოველი არსების საერთო თანდასწრებაში არის «რაღაც», მექანიკურ საათში არსებული რეგულატორის მაგვარი, რომელსაც ჰქვია «ირანსამკიპი»; ეს «რაღაც» ნიშნავს: «არ იყო გატაცებული საკუთარი ასოციაციებით, რომლებიც მხოლოდ რომელიმე ერთი ტვინის ფუნქციონირებიდან მიიღება». 


მაგრამ ასეთი მარტივი საიდუმლო რომ გაეგოთ კიდეც, მაინც ყველაფერი ასევე იქნებოდა; ისინი მაინც არ გამოიჩენდნენ აუცილებელ ყოფიერებით ძალისხმევას, რომელიც თანამედროვე არსებებისთვისაც კი სავსებით ხელმისაწვდომია და რომლის წყალობითაც, ბუნების გათვალისწინებით, არსებები საერთოდ იძენენ ე.წ. «ჰარმონიული ასოცირების» შესაძლებლობას, ერთადერთი რომლის საშუალებითაც ყოველი სამტვინიანი არსების თანდასწრებაში, და, შესაბამისად, მათშივე, იქმნება ენერგია აქტიური ყოფიერებითი არსებობისთვის. მაგრამ ამჟამად ეს ენერგია შეიძლება შენი საყვარელი არსებების თანდასწრებებში გამომუშავდეს მხოლოდ მათი სრულიად შეუცნობელი მდგომარეობის დროს, ანუ «ძილის» დროს. 


მაგრამ შენს საყვარელ, განსაკუთრებით თანამედროვე, არსებებში, რომლებიც მუდამ პასიურად არსებობენ, და რომლებიც მართულნი არიან მხოლოდ მათი საერთო თანდასწრების ერთ-ერთი ცალკეული ზეშთაგონებული ნაწილის მიერ, და ამიტომ თავს მუდამ ავლენენ მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი თვისებების (ასევე მათში კანონზომიერად წარმოქმნილის, და, შესაბამისად, უარყოფითი გამოვლენების მქონის) თავიანთი ფაქტორებით, ხდება მათი კანდელობის-კოჭების შემცველობის სწორედ ის არაპროპორციული ხარჯვა, ანუ ბუნების მიერ მათში კანონზომიერად ჩადებული მოქმედების შესაძლებლობებს ყოველთვის განიცდის მათი მხოლოდ ერთი ან ორი ტვინი, რის შედეგადაც ნაადრევად იფიტება მათი ორიდან ერთ-ერთი კანდელობის-კოჭას შემცველობა; რის შემდეგაც, იმ მექანიკური საათის მსგავსად, რომელსაც მომართვა დაუმთავრდა ან მისი რეგულატორის ძალა შესუსტდა, ისინი მოქმედებას წყვეტენ.


როდისმე მოგვიანებით დაწვრილებით აგიხსნი, არა მარტო იმას, იმ არსებებს, რომლებიც ცხოვრობენ მხოლოდ იტოკლანოსის პრინციპის შესაბამისად და მართულნი არიან ერთი ან ორი ზეშთაგონებული წყაროს მიერ (და არა ჰარმონიულად, ანუ ყველა სამთან შეუთანხმებლად), რატომ ეფიტებათ დროზე ადრე და, შედეგად, უკვდებათ მათი არსებობის დროს სწორედ ის ტვინი, რომელშიაც გადაჭარბებული ასოციაციები იყო, მაგრამ ასევე რატომ იფიტება, ამის შედეგად, სხვა კანდელობის-კოჭებიც, მათი საკუთარი უმოქმედობის დროსაც კი. 


მაგრამ ასევე უნდა იცოდე, რომ შენს პლანეტაზეც კი ზოგჯერ ჯერ კიდევ შეიძლება შემთხვევით რომელიმე იმ ცალკეული არსების პოვნა, რომლის პლანეტარული არსებობის ხანგრძლივობაც ხუთ მათ საუკუნეს აღწევს. 


მაშინ ძალიან კარგად გაიგებ, რომ ზოგ შენს საყვარელ არსებებს (რომლებიც ასე თუ ისე არკვევენ თავიანთი გონებით ასოციაციის კანონის იმ ზოგ წვრილმანებს და გარდაქმნიან, რომლებიც ხდება არსებების ცალკეულ ტვინებში, ასევე ამ დამოუკიდებელ ასოციაციათა ურთიერთქმედებას, და რომლებიც არსებობენ მეტ-ნაკლებად ზემოთქმულის შესაბამისად) კანდელობის-კოჭები, რომლებიც მათ ცალკეულ ტვინებში ჩამოყალიბდა, არ ეფიტებათ, როგორც სხვა არსებებს იქ, ხოლო მათი საერთო თანდასწრებები იმის შესაძლებლობას იძენენ, რომ გაცილებით მეტი იარსებონ, ვიდრე სხვა სამტვინიან არსებებს აქვთ ამის შესაძლებლობა იქ. 


კომენტარები