ამონარიდი გახლავთ მ.ს. დეშპანდის წინასიტყვაობა მაჰათმა განდის წიგნიდან – „გზა ღმერთისაკენ“.
განდი1 უაღრესად რელიგიური ადამიანი იყო. მისი მოვლენებით აღსავსე ცხოვრება ჭეშმარიტად სულიერი მოგზაურობა იყო. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ისწრაფოდა ღმერთის შეცნობისკენ, როგორც უმაღლესი იდეალისკენ. „ღმერთთან პირისპირ შეხვედრა მსურს“, – ამბობდა იგი ძალიან ხშირად. განდი მტკიცედ აცხადებს: „ოცდაათი წელია, ვცდილობ და ვესწრაფვი ჩემი შესაძლებლობების განვითარებას, ღმერთის პირისპირ დანახვას, მოქშას მიღწევას. ამ მიზნის მისაღწევად ვცხოვრობ და ვმოძრაობ. ყველაფერი, რასაც ვამბობ და ვწერ, სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული“.
მიუხედავად იმისა, რომ განდის სიცოცხლის დასაწყისში არ სწამდა ღმერთისა და ლოცვისა, და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა ასეთ პოზიციას, ხანდაზმულობაში სიცარიელე იგრძნო ცხოვრებაში, და შესაქმის ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე დაფიქრდა. ამის შემდეგ უდიდესი დარწმუნებით შეეძლო დაეწერა: „მისი არსებობა უფრო მეტად მჯერა, ვიდრე ის, რომ მე და შენ ამ ოთახში ვსხედვართ“.
მან ძალზე უბედურად იგრძნო თავი, როდესაც აღმოაჩინა, რომ იგი ჯერ კიდევ შორს იყო ღმერთისგან, თუმცა აცნობიერებდა, რომ უფალი განაგებდა მისი ცხოვრების ყოველ ამოსუნთქვას. და მაინც, მას გარკვეულწილად ანუგეშებდა იმის განცდა, რომ ღმერთს უახლოვდებოდა, რადგან ზოგჯერ მისი გამოცხადება მზის სხივებივით ათბობდა.
მისი სადჰანა
სადჰანას, რომელსაც განდი იცავდა და ქადაგებდა ამ იდეალის მისაღწევად, აქვს სამი ასპექტი: (I) ინტელექტუალური, (II) მორალური და (III) სულიერი. (I) ინტელექტუალური ასპექტი შეიცავს ნათელ მსოფლმხედველობას ღმერთის ბუნების, სულისა და სამყაროს შესახებ, მათ ურთიერთობას ერთმანეთთან და ადამიანის მთავარ მოვალეობასთან. განდიმ მალევე გააცნობიერა ღმერთის არსებობაზე მსჯელობის უსარგებლობა და შეუძლებლობა.
„ღმერთი არსებობს, რადგან ჩვენ ვარსებობთ. სინამდვილეში, ჩვენ არ ვარსებობთ; მხოლოდ ის არსებობს. თუ ვიარსებებთ, ჩვენ მარადიულად უნდა ვუგალობოთ მის დიდებას და მისი ნება-სურვილი აღვასრულოთ“. – ამბობს იგი. ეს არის განდის პირველი კრიტერიუმი ღმერთის არსებობის დასადასტურებლად. მისი მეორე კრიტერიუმია იმ წმინდანთა მოწმობანი, რომლებმაც მართლაც იხილეს ღმერთი. ყველა სხვა წმინდანის მსგავსად, განდი ამტკიცებდა, რომ ღმერთი ერთადერთია. მას აქვს უამრავი სახელი, მაგრამ განდიმ ამჯობინა, ეწოდებინა მისთვის „ჭეშმარიტება“.
განდის აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ძალიან ფართო მნიშვნელობა აქვს. ის არა მარტო გულისხმობს მარადიულ არსებობას დროსა და სივრცეში, მაგრამ ნიშნავს აგრეთვე მარადიულ ცოდნას, ძალაუფლებასა და ნეტარებას. განდის ჭეშმარიტება არის სინათლე, სიცოცხლე, სიკეთე და კანონი. ეს არის იდუმალი ძალა, რომელიც აერთიანებს, ქმნის, აუქმებს და ხელახლა ქმნის. უსასრულოა მისი სიყვარული და უსაზღვროა მისი თანალმობა. ასეთია ჭეშმარიტება, რომელსაც იგი სრულყოფილი ერთგულებით ეთაყვანებოდა.
„ჩვენი სული უკვდავია“, – ამბობს განდი. ის ღვთიური ცეცხლის მარადიული ნაპერწკალია. „შეიძლება, არ ვიყოთ ღმერთი, – გვიმტკიცებს განდი. – მაგრამ ღმერთისგან ვართ, თუნდაც ისე, როგორც ერთი წვეთი წყალი არის ოკეანე. წარმოიდგინეთ, რომ ის ოკეანეს მოწყდა და მილიონობით მილის მოშორებით გადავარდა. ის უმწეო ხდება და ვერ გრძნობს ოკეანის სიმძლავრეს და დიდებულებას. მაგრამ ვინმეს რომ ეცნობებინა, რომ ის ოკეანეა (და ესწავლებინა ამის შეცნობა), მისი რწმენა აღორძინდებოდა, სიხარულით აღსავსე გულმოდგინედ იცეკვებდა და მასში აისახებოდა ოკეანის დიდებულება“.
განდის აზრით, „ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ შეიძლება, თვალის დახამხამებაში შეწყდეს“. იგი იმასაც გვეუბნება, რომ სიკვდილი ისევე აუცილებელია ადამიანის განვითარებისთვის, როგორც თვით სიცოცხლე. სიკვდილი გარდაუვალია. ის სასურველი მეგობარია, მხსნელია. აშკარად ვიცვლებით, როდესაც ღმერთისთვის ვირჯებით. აქედან გამომდინარე, განდის თანახმად, თითოეული ადამიანის მთავარი მოვალეობაა, ყურადღებით დააკვირდეს და შეიცნოს თავისი ბუნება, ებრძოლოს შინაგან მტრებს, სრულყოფილად განივითაროს ღვთისმოსაობა და დატკბეს ღვთის ხილვითა და ნეტარებით.
(II) განდის სადჰანის მორალური მხარე ეხება შინაგან მტრებთან, ანუ მანკიერებებთან ბრძოლას, და მთავარი სათნოებების შეძენას. მართლაც, ჩვენი სათნოების განვითარების მცდელობა, ავტომატურად აღმოფხვრიდა მანკიერებას. მთავარი სათნოებები, რომელთა განმტკიცებასაც ცდილობდა განდი, არის ჭეშმარიტება, სიყვარული და თავშეკავება. ეს სათნოებები და უანგარო მსახურება, ყველაფრის დამაგვირგვინებელ ღვთისმოსაობასთან ერთად, არის ის ძირითადი სათნოებანი, რომლებიც მას სურს, რომ ყველამ შეიძინოს. განდის ჭეშმარიტება, როგორც სათნოება, სხვა არაფერია, თუ არა ფიქრის, სიტყვისა და საქმის შესაბამისობა.
ჭეშმარიტი აზრი შინაგანი ხმის ან სინდისის შეგონებაა. მისი ზუსტი გამოხატვა მეტყველებაში და მოქმედებაში სიტყვებსა და საქმეებს აღავსებს ჭეშმარიტების სიწმინდით. განდის სურს, შევიცნოთ ასეთი ჭეშმარიტება.
„ჭეშმარიტი სიყვარული, – ამბობს განდი, – ოკეანესავით უსაზღვროა და ადამიანს ავსებს, განივრცობა და მთელ მსოფლიოს მოიცავს“. ასეთია უანგარო სიყვარული, რომელსაც განდი გვიქადაგებდა. „სიყვარული სიცოცხლეა, – აცხადებს იგი, – სიძულვილი კი – სიკვდილი. სიყვარულის კანონი, – თუ გნებავთ, უწოდეთ მას მიზიდულობა, სულიერი სიახლოვე ან მიჯაჭვულობა, – მართავს მსოფლიოს“. სიყვარული მეორე მხარეა იმ მონეტისა, რომლის ავერსიც ჭეშმარიტებაა. ჭეშმარიტება მუდამ იმარჯვებს სიცრუეზე; სიყვარული იპყრობს სიძულვილს. სიძულვილი ყოველთვის ცდილობს მოკლას სიყვარული, მაგრამ ის არასდროს კვდება“.
არაძალადობა არის კიდევ ერთი სახელი, რომელიც განდიმ უწოდა ასეთ წმინდა სიყვარულს. მისი სიყვარული და არაძალადობა ერთი და იგივეა. ისინი ასახავენ ერთი და იმავე განწყობის პოზიტიურ და უარყოფით მხარეებს. წმინდა, უანგარო სიყვარული სრულიად არაძალადობრივია, და სრულყოფილი არაძალადობა კი აღსავსეა წმინდა სიყვარულით. ამრიგად ისინი მსგავსია.
თავშეკავება არის მესამე ძირითადი სათნოება, რომლის დანერგვას და დაცვას ცდილობდა განდი.
თუ ჭეშმარიტება მხარს უჭერს და სიყვარული აერთიანებს, თავშეკავება აძლევს სადჰაკას2 საჭირო ძალას და საშუალებას, რათა გაბედულად და ნდობით აღსავსე გაემართოს ღმერთისაკენ.
თავშეკავება არის ყველანაირი ძლიერების წყარო, იგი განაპირობებს ნებისმიერი უნარის გამოვლინებას. ის არის წყარო მრავალი სათნოებისა, მაგ.: იმისი, რომ არ იპაროს, უბიწოება დაიცვას, იმარხულოს და ა.შ.
ნებაყოფლობითი თავშეკავება არის ადამიანის პრივილეგია. გემოს კონტროლი სიჯანსაღისა და სიძლიერის წყაროა. ეს საშუალებას მისცემს მას, იოლად გააკონტროლოს ყველა სხვა გრძნობა. მას კი, ვისაც შეუძლია გრძნობების დამორჩილება, მთელი მსოფლიოს დამორჩილება ძალუძს.
აზროვნების, სიტყვისა და საქმის სრული კონტროლი მოუტანს უმაღლეს ძალაუფლებას და უფაქიზეს სიწმინდეს, რაც აუცილებელია უფლის მადლის მისაღებად.
უანგარო მსახურება მისი ზნეობრივი სადჰანას ბოლო ასპექტია. „ერთადერთი გზა, იპოვო ღმერთი, – ამბობს ის, – არის მისი და მისი ქმნილების დანახვა და მასთან შერწყმა [...] მე ვისწრაფვი ცათა სასუფევლისკენ, რაც სულიერი ხსნაა. ჩემთვის ხსნის გზა არის მუდმივი გარჯა ჩემი ქვეყნისა და მთელი კაცობრიობის სამსახურში“.
განდი ცდილობდა, თავი დაემდაბლებინა, თავი გაეიგივებინა ყველაფერთან, რაც ცოცხალია და ერთნაირად კარგი ურთიერთობა ჰქონოდა მეგობრებთანაც და მტრებთანაც. ამრიგად, მას იმედი ჰქონდა, რომ ხსნას უანგარო შრომით მიაღწევდა. იგი ამტკიცებდა, რომ სიყვარულით აღსავსე, თავმდაბლობის სულისკვეთებით მიძღვნილი მსახურების შედეგად ადამიანი სათანადოდ განიწმინდებოდა შინაგანად და გარკვეული დროის შემდეგ ღმერთს შეიცნობდა.
(III) სულიერი ასპექტი სადჰანასი, რომელსაც განდი მისდევდა და ქადაგებდა, გულისხმობდა ღმერთისადმი ძლიერ რწმენას, გულისმიერ ლოცვას, მედიტაციებს რამანამაზე და უფლისთვის თავის მიძღვნას.
განდი განადიდებს „ძლიერ და ურყევ რწმენას“. იგი ამბობს, რომ „ინტელექტი გარკვეულწილად გვეხმარება ცხოვრების ბრძოლაში, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში ვერ გვშველის. რწმენა აღემატება გონებას. როდესაც ჰორიზონტი ყველაზე ბნელია და ადამიანის გონი მიწაზე ეცემა, რწმენა ყველაზე მეტად ბრწყინავს და მხსნელად გვევლინება“.
„რწმენა არ არის ნატიფი ყვავილი, რომელიც ოდნავ ავდარშიც კი ჭკნება. მას ძალუძს მთების გადაადგილება და ოკეანის იქით გადახტომა. ეს რწმენა სხვა არაფერია, თუ არა შინაგანად ღმერთის გაცნობიერება. მას, ვინც მიაღწია ამ რწმენას, აღარაფერი სურს. ის დაავადებულია სხეულით, მაგრამ ჯანსაღია სულიერად; ფიზიკურად ღარიბია, თუმცა უდიდეს სულიერ სიმდიდრეს ფლობს“.
ლოცვა შემდეგი სულიერი სადჰანაა, რომელსაც განდი ასრულებს. არსებითად, თვითონაც მორწმუნე და მლოცველი ადამიანი იყო. „ლოცვა არის ნამდვილად სრული მედიტაცია და უმაღლეს თვით-ღმერთთან შერწყმა“. – გვეუბნება იგი. „იმან, ვინც ილტვის შინაგანი ღვთიურის გაღვიძებისკენ, გულმხურვალედ უნდა ილოცოს“. მისი აზრით, ნამდვილ ლოცვას უსიტყვო გული ურჩევნია უგულო სიტყვებს. მას არ სჭირდება მეტყველება. ის გულიდან უნდა მოდიოდეს. ლოცვა არის თავმდაბლობის მოწოდება – მოწოდება თვითგანწმენდისკენ, შინაგანი ძიებისა და სულიერი სიმშვიდისკენ.
„მე მწამს, – აცხადებს განდი, – რომ ლოცვა არის რელიგიის სული და არსი, ამიტომ ის უნდა იყოს ადამიანის ცხოვრების ძირითადი საფუძველი“. ლოცვასთან ერთად განდი ცდილობდა, თავის გულში დაევანებინა რამანამა და ყოველ ამოსუნთქვაზე ახსენებდა ღვთის სახელს. იმავე დროს მან განივითარა უფლის მორჩილება. „არ გამაჩნია სხვა ძალა, – ამბობს ის, – გარდა იმისა, რაც ღმერთმა მომცა. ვიცი, რომ უძლური ვარ, ღმერთს კი ყველაფრის გაკეთება ძალუძს. ჩემი უდიდესი იარაღი მდუმარე ლოცვაა“.
„ღმერთი არაფერს მოითხოვს, გარდა სრული მორჩილებისა, ერთადერთი, ნამდვილი თავისუფლების სანაცვლოდ, რომლის ფლობაც ღირს. როდესაც ადამიანი ამგვარად კარგავს თავს, მაშინვე აღმოაჩენს, რომ თავად ემსახურება ყველა ცოცხალ არსებას. ამაში ჰპოვებს სიამეს და შვებას. ამ ახალ ადამიანს არასდროს ღლის ღვთის ქმნილების მსახურება“.
მისი მიღწევები
ახლა შევეცადოთ, ჩავწვდეთ განდისეულ აღქმას ღმერთის შეცნობის შესახებ ისევე, როგორც მის ნამდვილ მიღწევას. იგი ამბობს: „მე მიმაჩნია, რომ ღმერთის სრული შეცნობა შეუძლებელია ამ განსხეულებულ ცხოვრებაში. არც არის საჭირო. ადამიანისთვის შესაძლებელი სრული სულიერი სიმაღლის მისაღწევად მხოლოდ ურყევი რწმენაა საჭირო“. მისთვის ღმერთის შეცნობა არის მუდმივად მისი გულში ყოფნის უფაქიზესი შეგრძნება. ამასთან, როგორც ჩანს, მას სხვა სულიერი გამოცდილებებიც ანიჭებდა სიამოვნებას.
შრი გურუდევა დოქტორმა რანადემ გვითხრა, რომ განდის უფრო მეტად სმენითი წარმოსახვის უნარი ჰქონდა, ვიდრე ვიზუალური შეგრძნებების ან ფორმების აღქმისა. განდი საუბრობს შინაგან ხმაზე, რომელიც შეიძლება შევადაროთ მისტიკოსების მიერ მოსმენილ ანაჰატას3 ჟღერადობას. თავიდან წყნარია, მაგრამ თანდათანობით იძენს უფრო ხმამაღალ ჟღერადობას და ძალას. „ღვთიური მუსიკა, – გვეუბნება ის, – განუწყვეტლივ ჟღერს ჩვენს თავში. მაგრამ ჩვენი ხმამაღალი გრძნობები ახრჩობს ფაქიზ მუსიკას, რომელიც განსხვავდება და უსასრულოდ აღემატება ყველაფერს, რაც გვესმის ჩვენი გრძნობებით. ამ „წყნარ ხმასთან“ ერთად განდი საუბრობს „ცეცხლის სვეტზე“ და „შინაგან შუქზე“.
„როდესაც ეს სინათლე შეესაბამება „შინაგანი ხმის“ წადილს, – ამბობს იგი, – მაშინ ეს ნაპერწკალი შთაგონებით აღინთება“. ის საუბრობს აგრეთვე ჭეშმარიტების ბრწყინვალებაზე, რომელიც „მილიონჯერ უფრო გაცისკროვნებულია, ვიდრე მზე“. როგორც ჩანს, განდიმ მიიღო უწყებები და მოისმინა შინაგანი ხმის წარმოთქმული ნამდვილი სიტყვები – ღმერთის სიტყვები. ამ უწყებების უტყუარობის შესახებ განდი აცხადებს: „შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს ერთსულოვანი განაჩენიც კი ვერ შემირყევს რწმენას, რომ მე ღვთის ჭეშმარიტი ხმა მოვისმინე… რადგან ეს ხმა ჩემს არსებობაზე რეალური იყო“.
შენიშვნები:
1. მაჰათმა განდის (1869-1948 წწ.) – მოჰანდას კარამ ჩანდ განდის – განათლებით იურისტს, ადვოკატს, პოლიტიკოსს, სამოქალაქო აქტივისტსა და მწერალს, ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ გამოჩენილ ლიდერს, ინდოელმა მწერალმა რაბინდრანათ თაგორმა (1861-1941 წწ.; ბენგალელი მწერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე; 1913 წ.მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში) უწოდა „მაჰათმა“, რაც „დიდ სულიერებას“, „დიდსულოვანს“ ნიშნავს. განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არა-ძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი კი ინდოელმა ხალხმა ერის მამად აღიარა. მისი მსოფლმხედველობა თანამედროვე მსოფლიოშიც უდიდეს გავლენას ახდენს თავისუფლების მოყვარე ადამიანებზე. – მ.ს. დეშპანდი.
2. Sādhaka ან sādhak ან sādhaj (სანსკრ.) – ინდურ რელიგიებსა და ტრადიციებში, როგორიცაა ჯაინიზმი, ბუდიზმი, ინდუიზმი და იოგა, არის ადამიანი, რომელიც მიჰყვება კონკრეტულ სადჰანას, ან ცხოვრების წესს, რომლის მიზანია თავისი საბოლოოდ იდეალის მიღწევა, იქნება ეს შერწყმა ადამიანის მარადიულ წყაროსთან, ბრაჰმანთან თუ საკუთარი ღვთიურობის გაცნობიერებასთან. სანამ ადამიანს ჯერ არ მიუღწევია მიზნისთვის, ის sādhaka ან sādhak არის, ხოლო მას, ვინც მიზანს მიაღწია, სიდჰა ეწოდება. ამჟამად სადაკა ხშირად გამოიყენება, როგორც ზოგადი ტერმინი ნებისმიერი რელიგიური პრაქტიკოსისთვის. შუა საუკუნეების ინდოეთში მას უფრო ვიწრო თვალსაზრისით იყენებდნენ, როგორც ტექნიკურ ტერმინს იმ ადამიანის გამოსახატავდ, ვინც გაიარა კონკრეტული ინიციაცია. – მთარგმნელის შენიშვნა.
3. სანსკრიტზე ანაჰატა ნიშნავს „ხმას, რომელიც წარმოიქმნება ორი ნაწილის შეხების გარეშე“ და ამავე დროს ნიშნავს „სუფთა“ ან „სუფთა, უჟანგავი“. ანაჰატას ბგერები (ან მელოდია) არის მისტიკური ბგერები, რომლებიც იოგს ესმის მედიტაციის ციკლის დასაწყისში. ეს არის ნადანების ან ასტრალური დინების განწმენდის ნიშანი, პრანაიამას გამო. – მთარგმნელის შენიშვნა.
კომენტარები