დევიდ ლოურენსი – ინგლისელი მწერალი.
ამონარიდი გახლავთ პირველი თავი დევიდ ლოურენსის წიგნიდან – „ფსიქოანალიზი და არაცნობიერი“.
ფსიქოანალიზმა უკვე სიურპრიზების მთელი რიგი შემოგვთავაზა. ჩვენი გაოცებული მზერის წინაშე გადაიშალა შეხედულებების მძვინვარე ევოლუცია, რაც სულაც არ ხდება მისი გავლენის გარეშე. და ჩვენ, არცთუ მალე, აღარ გაკვიკვირდება, რომ ის, ვინც გუშინ ერთს ამბობდა, დღეს სრულიად მის საპირისპიროს ამტკიცებს.
ვერც კი მოვასწარით ფსიქიატრიის შამანების მანიპულაციებს შევჩვეოდით, იმას, თუ როგორ მძვინვარედ და დაუცხრომლად ეძებენ ისინი ყველგან სექსის გველს, ნებისმიერი ჩვენი ქმედების და საქციელის ფესვებს რომ შემოხვევია გარს: ვერ მოვასწარით გვეგრძნო უხერხულობა ჩვენში ჩამალული ფარული კომპლექსების გამო, რომ მაშინვე სცენაზე გამოვიდნენ ბატონი ფსიქიატრები „წმინდა ფსიქოლოგიის“ თეორიით. შვებით ამოისუნთქა მედიკოსთა საძმომ, ყველა იმ მკურნალმა, რომლებიც ამასწინანდელი თერაპევტული ინოვაციებისაგან ფართხალებდნენ და ტრიალებდნენ, როგორც გველთევზები ტაფაზე. ახლა ისინი, გაბოროტებულები, ემზადებიან იმის დასაკვირვებლად, თუ როგორ მოიქცევიან პროფესიონალი ფსიქოლოგები, როცა მიწა დაიწვება მათ ფერხთ ქვეშ.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. უკვე ეთნოლოგის ყურებში ჟღერს, ფილოსოფოსს პულსი უჩქარდება, გაღიზიანებულმა მორალისტმა კი იგრძნო, რომ ვალდებულია ჩხუბში ჩაებას, რადგან იმ დროისათვის, როცა მან ეს იგრძნო, ფსიქოანალიზი მართლაც რომ საფრთხედ იქცა საზოგადოებრივი მორალისათვის. მასები აფორიაქდნენ. ოიდიპოსის კომპლექსი დიასახლისების ყოველდღიური სალაპარაკო თემა გახდა, ინცესტი სუფრასთან სამეტყველო პრაქტიკაში დამკვიდრდა, სამოყვარულო ფსიქოანალიზი კი, მოდის უკანასკნელ სიტყვად იქცა.
–– დაიცადე, ფსიქოანალიზის მეთოდით ყველაფერს გავარკვევ შენ შესახებ, – ეუბნება ერთი კაცი მეორეს სხვადასხვა ინტონაციით. ავისმომასწავებელი მზერით გიყურებენ თვალები „განდობილისა“ – ცნობილის თუ უცნობის – ფროიდისტული მზერა. და ის გპოულობთ ყველგან, სადაც არ უნდა ეცადოთ დამალვას.
თვითონ ფსიქოანალიტიკოსებმა მშვენივრად იციან საითკენ ისწრაფვიან, საითკენ მიჰყავთ საქმე. თავდაპირველად ისინი ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრნენ, როგორც ექიმები და მკურნალები. შემდეგ გათამამდნენ, ავტორიტეტი დაიმკვიდრეს მეცნიერებაში. კიდევ ორიოდე წუთი და ისინი მოციქულებად იქცნენ. განა გამუდმებით არ გვესმის და არ ვხედავთ ყველგანმყოფ იუნგს, „მარადიულ ჭეშმარიტებებს“ რომ გვიქადაგებს? და განა აუცილებელია წინასწარმეტყველი იყო რათა დაინახო ფროიდი უკვე ზღურბლთან რომ დგას იმისა, რასაც ეწოდება Weltanschauung1 ან, სულ ცოტა Menschanschauung2 მაინც, რომელიც სინამდვილეში კიდევ უფრო სახიფათოა?
რა უშლის მას ხელს ამ ზღურბლს გადააბიჯოს? ორი რამ. პირველი მორალური მხარეა. მეორე, გაცილებით მნიშვნელოვანი კი ის არის, მას ვერ მიუგნია იმ ქვაკუთხედისთვის, რომელზეც უნდა ააშენოს თავისი ეკლესია.
თავად განსაჯეთ. გაჩნდა ახალი დოქტრინა – სწორედ რომ დოქტრინა, ოდნავაც არანაკლები. ის მალულად შემოიპარა ჩვენს ცხოვრებაში და მას მცირე დოზებით შეგვაჩვიეს, როგორც ნარკოტიკს. საკუთარ თავს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენს დეკადენტურ საზოგადოებაში მღვდლები ექიმებმა შეცვალეს. და კიდევ უფრო უარესიც – მათი ახალი დოქტრინა ჩვენთვის პანაცეად იქცა. ჰოდა ფსიქოანალიზმა მთლიანად გამოიყენა ის შესაძლებლობა, რომელიც ასეთმა მდგომარეობამ მისცა.
და აქ პირველი და მთავარი საკითხია მორალის საკითხი. ჩვენ არ ვგულისხმობთ მორალის რეფორმას ან რაღაც ახალ მორალურ ფასეულობებს. ლაპარაკია მორალის, როგორც ასეთის, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე. წამყვან ფსიქოანალიტიკოსებს მშვენივრად ესმით რაზე აღმართეს ხელი, მაშინ, როცა მათი მიმდევრების უმრავლესობა, ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ სრულ უმეცრებაში იმყოფება და ამდენად ფსევდო-უმწიკვლოები არიან. მაგრამ ერთნიც და მეორენიც საბოლოოდ პრაქტიკულად ერთსადაიმავე შედეგამდე მიდიან, რასაც შემდეგ თერაპიის სახელით გვახვევენ თავს. ისინი კაცობრიობას მოუწოდებენ მთლიანად უარი თქვას მორალზე და საკმარისია ჩვენ ეს სატყუარა გადავყლაპოთ, რომ მაშინვე ამორალობის ანკესზე აღმოვჩნდებით.
წამყვანი ფსიქოანალიტიკოსები მშვენივრად აცნობიერებენ თავიანთ საბოლოო მიზანს და გულმოდგინედ ცდილობენ მის შესახებ კრინტი არ დასძრან. ფეხის წვერებზე დადიან. მაგრამ რაც არ უნდა ფრთხილად იარონ მორალის კენჭები სხლტება მათ ფეხქვეშ და ყველაზე უმწიკვლო და გულუბრყვილო ანალიტიკოსის ნაბიჯებიც კი, ქვების ცვენას იწვევს. ძველი სამყარო კვნესის და იკრუნჩხება. ბრძოლის გარეშე, თუნდაც ერთი დარტყმის გარეშე, ის პირდაპირ ჩვენს თვალწინ იმსხვრევა და აი, ჩვენ უკვე გვესმის ყრუ გუგუნი ჩამოქცეული ზვავისა. ცოტა ხანიც და ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა.
აი, რისკენ მიდის საქმე და ურიგო არ იქნებოდა ეს, ბოლოს და ბოლოს, გავაცნობიეროთ. გინდათ გველი გაზარდოთ? ჰოდა გაზარდეთ, მაგრამ რატომ უნდა მიიკრათ ის მკერდზე, ან რატომ უნდა უწოდოთ მას მოფერებით ესკულაპის3 განმკურნებელი გველი? უკვე დროა ფსიქოანალიტიკოსს ექიმის თეთრი ხალათი გავხადოთ. უკვე დროა ყური მივუგდოთ უცნაურ გუგუნს და ნიადაგის რყევას – ჩვენი მორალური საფუძვლების რყევას – ჩვენს ფეხქვეშ და, სულ ცოტა, დავაკვირდეთ მაინც სახლს, რომელსაც ასე ქარაფშუტულად და უზრუნველად ვიმხობთ თავზე.
მახსოვს დრო, როცა შიშნარევი მოლოდინით ვაკვირდებოდით ფროიდს, რომელიც მაშინ ის-ის იყო იწყებდა სარისკო მოგზაურობას ადამიანის ცნობიერების სიღრმეებში. ის ეძებდა ცნობიერების საიდუმლო ნაკადის გამოუკვლელ წყაროებს. უკვდავი ჯეიმზის4 უკვდავი ფრაზა: „ო, ეს ჯოჯოხეთური ნაკადი ჩემი სიჭაბუკის ნაპირები რომ წალეკა! მე ვგრძნობდი, როგორ მიჩანჩქარებდა ის ჩემს ტვინში, როგორ გაედინებოდა ერთი ყურიდან მეორეში. ვგრძნობდი როგორ ავსებდა ის ჩემს თავის ქალას და ჰომეროსის ოკეანის მსგავსად გარს უვლიდა საკუთარი თავის შემმეცნებელ ჩემს ცნობიერებას. ხანდახან კი მეჩვენებოდა, რომ ეს ნაკადი ჩემი ნათხემიდან ამოიფრქვეოდა შემდეგ კი ჩემი ტვინის ყველა კლაკნილს მსჭვალავდა. ოჰ, ეს საშინელი ნაკადი! საიდან მოდის და სად მიდის? ოჰ, ეს ყბადაღებული ცნობიერების ნაკადი!“.
და განა ვინმე შეიძლებოდა გულგრილი დარჩენილიყო მაშინ, როცა ფროიდმა, როგორც მაშინ გვეჩვენებოდა, უცებ მთლად სათავეებს მიაღწია? ყოვლისმცოდნე დამკვირვებელმა, მან ერთბაშად გადააბიჯა ცნობიერის სამყაროდან არაცნობიერის სამყაროში და იქიდან კი პირდაპირ – არსად. მან შეძლო სიზმრის კედელში გაევლო და ჩვენ უკვე გვესმის როგორ ხმაურობს ის სიზმრების გამოქვაბულში. შეუღწევადი შეღწევადი ხდება, არაცნობიერი უკვე არაფერი კი აღარ არის, არამედ არის სიზმარი, წყვდიადის კედელი, რომელსაც ეყრდნობა ჩვენს მიერ გავლილი დღე. წადით პირდაპირ კედლისაკენ და თქვენ დაინახავთ, რომ იქ სინამდვილეში არავითარი კედელი არ არის. ის უბრალოდ შედედებული სიბნელეა გამოქვაბულის შესასვლელთან, პირველქმნილი წყვდიადის გამოქვაბულთან, სადაც ცნობიერების ნაკადია.
ჩვენ სულგანაბულები ვადევნებდით თვალს როგორ ქრებოდა ფროიდი წყვდიადის იმ გამოქვაბულში, რომელსაც სიზმარს თუ ქვეცნობიერს ვუწოდებთ, წყვდიადის იმ ოკეანეში, სადაც ჩვენი თვით „დღის“ ცნობიერება მხოლოდ ქაფია მისი ტალღებისა. ფროიდი თავდაჯერებულად მიიწევდა სათავეებისკენ. ჩვენ ვხედავდით როგორ პატარავდებოდა თანდათან სანთელი წყვდიადში რომ მიირწეოდა, შემდეგ კი მოუთმენლად ველოდით მის დაბრუნებას და როგორც ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევებში ხდება, სასწაულს ველოდით. და ის უკან დაბრუნდა და სიზმრები მოიტანა გასაყიდად.
მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა სავაჭრო საქონელი იყო ეს? რა ასორტიმენტი! რა სიზმრები! რა აღმოჩნდა იმ გამოქვაბულში? უკეთესი იყო არ გვენახა. ჩვენ სხვა ვერაფერი ვნახეთ გარდა უზარმაზარი ლორწოვანი გველისა, სახელად სექსი, ექსკრემენტების გროვისა და უამრავი შემაძრწუნებელი პატარა შიშისა სექსსა და ექსკრემენტებს შორის რომ ფუთფუთებდნენ.
ნუთუ ეს არის ყველაფერი? ნუთუ დიადი და იდუმალი, რასაც ჩვენ სიზმარს ვუწოდებთ ამის გარდა სხვას არაფერს შეიცავს? ნუთუ იქ, ჩვენი ყოფის პირველსაწყის სფეროებში თუნდაც მეტ-ნაკლებად მიმზიდველი სულები არ არიან? არა, სამწუხაროდ არცერთი! წარმოიდგინეთ ენითუთქმელი საშინელება „ჩახშობისა“, რომელიც ფროიდმა მოგვიტანა. ალიკაპი პირში, ხელფეხშებორკილი, მანიაკალური ჩახშობა, სექსუალური კომპლექსები, ფეკალიებისგან გათავისუფლების შეკავება – სიზმრისეული ურჩხულები. ჩვენ ვცდილობთ მათგან გავთავისუფლდეთ, მაგრამ ვერაფერს გააწყობ, ისინი უკვე ყველგან არიან – ხილული, კონკრეტული და ხელშესახები. ესენი არიან საშინელებები, რომლებიც ჭამენ ჩვენს სულს და განუკურნებელი ნევროზების მიზეზები ხდებიან.
ჩვენ ადრეც ვეჭვობდით, რომ შინაგანად არცთუ საუკეთესოდ ვართ მოწყობილი მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდით რომ საქმე ასე ცუდად იქნებოდა. თუმცა განკურნების სახელით და როგორც ყველა სენის პანაცეა, მზად ვიყავით მთლიანად მიგვეღო ეს ყველაფერი. და თუ ეს ავადმყოფობის შედეგია მხოლოდ, ჩვენ სრულად ვიყავით მზად მის მიზეზებში გავრკვეულიყავით. ფსიქოაანალიტიკოსი დაგვპირდა ჩვენს თვალწინ გაეშალა მთელი გორგალი ჩვენი კომპლექსებისა რათა ჩვენი აკვიატებული იდეები აორთქლებულიყო, დღის სინათლეზე გამოტანილი კოშმარები კი ნაცარტუტად ქცეულიყო. გვარწმუნებდნენ, რომ საკმარისია ჩვენი ღამის შიშები ცნობიერების სინათლეზე გამოვიდნენ, ისინი დაუყოვნებლივ სუბლიმირებას დაიწყებენ, ანუ გადაიქცევიან... როგორ უნდა ვთქვათ ეს... რაღაც ისეთად, რასაც დღეს ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ზუსტი სახელი ვუწოდოთ. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ როგორღაც სუბლიმაცია მომხდარიყო. ახალი სიტყვის ხიბლი იმდენად დიდია, რომ ჩვენ თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევთ. დიახ, დიახ, ჩვენ გვესმის, რომ ეს სუბლიმაციის პროცესია. და სხვა არაფერზე აღარ ვეკითხებით. თუ ჩვენი კომპლექსები ცნობიერების ნათელ ველზე ტრანსპლანტაციის შედეგად მართლაც განიცდიან სუბლიმაციას, მაშინ ეს სხვა საქმეა. მაშინ ჩვენთვის ყველაზე უკეთესი იქნება დავეთანხმოთ მსგავს ოპერაციას.
და ფსიქოანალიტიკოსი, რომელსაც უკვე ჩვენი თანხმობა აქვს, მხნედ იწყებს თერაპიის კურსს. მაგრამ იპოლიტის5 მსგავსად ის მეტისმეტად ახლოს მიდის ზღვასთან. ბოლოს და ბოლოს, თუ ჩვენი კომპლექსები არსებობს როგორც ანომალიები, რომლებიც ადვილად შეგვიძლია თავიდან მოვიშოროთ, რისთვის სჭირდება ფსიქოანალიტიკოსს ამდენი ძალისხმევის გაღება რათა მათგან გაგვათავისუფლოს? როგორც არ უნდა ერეკებოდე შენს ცხენებს, ისინი მაინც შენთან რჩებიან. როცა ამას გააცნობიერებ, იწყებ გაგებას, რომ კომპლექსები, რომლებიც შენში ბუდობენ, მთლად ანომალიები არ არის. ისინი არიან ნორმალური ქვეცნობიერის შემადგენელი ნაწილი. უფრო მეტიც, ნორმიდან გადახვევა სწორედ მაშინ იწყება, როცა ეს კომპლექსები ჩვენს ცნობიერებაში შემოდის.
ეს ახალ პრობლემას ქმნის. ზუსტად იმ მომენტში, როცა ფსიქოანალიზი არაცნობიერის ბუნების დემონსტრირებას იწყებს, ის ფაქტობრივად ფსიქოლოგიის მთავარი ამოცანის გადაწყვეტას ჰკიდებს ხელს. შედეგად, ჩნდება ახალი ფსიქოლოგიური მეცნიერება, რომელსაც მოაქვს ცოდნა იმის შესახებ, რომ ჩვენი კომპლექსები სხვა არაფერია, თუ არა ჩავარდნები ფსიქიკის მექანიზმის მუშაობაში, როგორც ვარაუდობდა ერთ-ერთი პირველი ყველაზე კაშკაშა ფსიქოანალიტიკოსი, ახლა სრულიად მივიწყებული. მას სრულიად გაცნობიერებული ჰქონდა, რომ თვითონ ფსიქიკაც კი დამოკიდებულია გარკვეულ, ორგანულ მექანიკურ პროცესებზე. რამდენადაც თვით ადამიანის ცხოვრება მისი სხეულის მექანიკურ წყობაზეა დამოკიდებული, და აი, ამ ფსიქიკურ მექანიზმში შეიძლება მოხდეს ჩავარდნები. მისმა ზოგიერთმა ნაწილმა შეიძლება შეწყვიტოს მუშაობა ზუსტად ისევე, როგორც შეიძლება სხეულის რაღაც ნაწილებმა შეწყვიტონ ფუნქციონირება. ფუნქციონირების ეს შეჩერება ან შეფერხება ფსიქიკის რაღაც ნაწილში ხდება მიზეზი კომპლექსების გაჩენისა, ზუსტად ისევე, როგორც მანქანის ერთი პატარა კბილა თვალი ამ მანქანის მთელი კვანძის მუშაობას აჩერებს.
ასე წარმოიშვა კომპლექსების წმინდა მექანიკური თეორია. და აი, ახლა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ კომპლექსი არა აუცილებლად ქრება თუ მას ცნობიერებაში შევიყვანთ. ისმის კითხვა: რატომ? ალბათ იმიტომ, ასკვნიან ფსიქოლოგები, რომ კომპლექსი ჩნდება სრულიადაც არა რაღაც „ბორბლის“ გაჩერების შედეგად. რამეთუ რამდენი ანალოგიური „ბორბალიც“ არ უნდა გავუშვათ ხელოვნურად კომპლექსი მაინც არსად არ მიდის. გარდა ყველაფრისა ეს იმასაც ნიშნავს, რომ კომპლექსი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ხელოვნური შეკავების შედეგი.
აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა. თუ კომპლექსი არ არის გამოწვეული ეგრეთ წოდებული „ნორმალური“ სექსუალური იმპულსის შეკავებით, მაშინ რა ჯანდაბა იწვევს მას? ის აშკარად უარს ამბობს სუბლიმირებაზე, ან, უბრალოდ რომ ვთქვათ იმაზე, რომ მოგვშორდეს, მაშინაც კი, როცა გარეთ გამოვათრევთ და ლამის წიხლებით ვერეკებით „საჭირო“ მიმართულებით. ნორმალური სექსუალური იმპულსის ყველა გამოვლინებას ის უარით პასუხობს. მაშინაც კი, თუ თქვენ მოახერხებთ ნორმალური სექსუალური სურვილის უკლებლივ ყველა შეკავება მოიშოროთ, კომპლექსის მოშორებას მაინც ვერ შეძლებთ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ეს არის ის, რომ ცნობიერად აქციოთ სურვილი, რომელიც ადრე არაცნობიერი იყო.
ეს არის ფსიქოანალიზის მორალური დილემა. ფსიქოანალიტიკოსი ნევროტიკული კაცობრიობის განკურნებას ნევროზის მიზეზების მოშორებით იწყებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს მიზეზი უნდა ეძიოს ამა თუ იმ დაუკმაყოფილებელ სექსუალურ სურვილში. და აი, იმ ყველაფრის შემდეგ რისი თქმაც, მან მოასწრო ჩვენთვის ნორმალური სექსუალური იმპულსის შეკავების შესახებ, უცებ აღმოაჩენს, რომ თითქმის ყველა ნევროზის საფუძველი ამა თუ იმ ინცესტუალურ ლტოლვაშია და რომ თვით ეს ინცესტუალური ლტოლვა არ წარმოადგენს ნორმალური სექსუალური იმპულსის შეკავების შედეგს. სწორედ აქ ვაწყდებით დილემას და არა მხოლოდ უბრალო დილემას, არამედ შიშისმომგვრელსაც კი. თუ ინცესტუალური ლტოლვა სრულებითაც არ არის შედეგი ნორმალური სექსუალური ლტოლვისა და არსებობს სინამდვილეში, უარს ამბობს რა აღიაროს თავი არარსებულად როგორც არ უნდა შეუტიო მას, ჩვენ სხვა რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ვაღიაროთ ის ნორმალური სექსუალური გამოვლინების განუყრელ ნაწილად.
აი, ის პრობლემა, რომელსაც არ შეიძლებოდა არ გადაწყდომოდა ფსიქოანალიზი. თვითონ ფსიქოანალიტიკოსები ერთსულოვნად არიან მზად მიიღონ ინცესტუალური ლტოლვა როგორც ნორმალური ადამიანური სექსუალობის ნაწილი – ნორმალური, მაგრამ დათრგუნული – მორალური და შესაძლოა ბიოლოგიური შიშის გამო. მაგრამ საკმარისია ინცესტუალური ლტოლვა ნორმალური ადამიანური სექსუალობის ნაწილად ვაღიაროთ, რომ მაშინვე იძულებულნი გავხდებით უარი ვთქვათ თვით ინცესტის ყველანაირ დათრგუნვაზე. უფრო მეტიც, უნდა ვაღიაროთ ინცესტი ისეთივე ნორმად და მოვალეობადაც კი, როგორც ახლა ვაღიარებთ სქესობრივ ცხოვრებას ქორწინებაში. ყოველ შემთხვევაში ასეთი დასკვნა გამოდის იმ დებულებიდან, რომ ნევროზი არის არა ეგრეთ წოდებული „ნორმალური სექსუალური იმპულსის“ შეკავების შედეგი, არამედ ინცესტუალური ლტოლვის შეკავება. და თუ ყველა შეკავება ბოროტებაა, რამდენადაც მათ გარდაუვალად მივყავართ ნევროტიკულ გადახრებამდე, ამდენად ინცესტუალური ლტოლვის შეკავებაც ბოროტებაა და ეს ბოროტება მიჩნეულია პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ნევროზის და დაავადების მიზეზად.
ამ დასკვნას ფსიქოანალიზი ღიად არასოდეს აღიარებს, მაგრამ ეს სწორედ ის დასკვნაა, რომელთანაც ყოველ ფსიქოანალიტიკოსს, მიუხედავად იმისა სურს თუ არა ეს მას, ბოლოს და ბოლოს თავისი პაციენტი მიჰყავს.
ტრიგანტ ბეროუ6 ამტკიცებს, რომ ფროიდის არაცნობიერი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი გაცნობიერებული წარმოდგენა სქესობრივ ცხოვრებაზე მისი იმ სახით დათრგუნვის სტადიაში. აქედან გამოდის, რომ ფროიდის არაცნობიერი პრაქტიკაში ჩვენს შინაგან სამყაროს არ გამოხატავს იმ დონეზე უფრო ღრმად, რომელზეც არსებობენ ჩვენს მიერ დათრგუნული ინცესტუალური იმპულსები. ბეროუს ასევე მიაჩნია, რომ ცოდვა უფრო იმის ცოდნაშია თუ რა არის სექსი, ვიდრე თვითონ სექსში. ცოდვა ჩნდება იმ მომენტში, როცა ჩვენი გონება მიმართავს ხატოვან წარმოდგენას, ცოდნას, მთელი იმ უზარმაზარი, მრავალფეროვანი შესაძლებლობების, ვნებების და ემოციების შესახებ, რომელიც არის სექსი. ადამმა და ევამ იმიტომ კი არ შესცოდეს, რომ სქესობრივად განსვავებული იყვნენ – და ისიც კი არ იყო ცოდვა, რომ სქესობრივი კავშირი დაამყარეს ერთმანეთთან, არამედ იმიტომ, რომ შეიცნეს ეს განსხვავება და სექსუალური აქტის შესაძლებლობა. როცა სექსი მათთვის მენტალურ ობიექტად იქცა – ანუ როცა ისინი მიხვდნენ, რომ შეუძლიათ საკუთარი სურვილით ჰქონდეთ სექსი, მიიღონ სიამოვნება და ერთმანეთის პროვოცირებაც კი მოახდინონ ერთმანეთზე, აი მაშინ იქნენ დაწყევლილნი და განდევნილნი ედემიდან. ადამიანი თვითონ გახდა საკუთარ თავზე პასუხისმგებელი და თავის გზას დაადგა.
მისტერ ბეროუს ორივე ეს მტკიცება ჩვენ სრულ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია. მაგრამ უნდა გავაკეთოთ თუ არა მათგან იგივე დასკვნა, რასაც ფსიქოანალიზი აკეთებს? ვთქვათ ჩვენს არაცნობიერში აღმოვაჩინეთ მთლიანად დათრგუნული ინცესტუალური ლტოლვა. ვთქვათ ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ მხოლოდ აღიარება სურვილისა აქცევს მას მენტალურ ობიექტად და მივყავართ ცოდვის მოტივის გაჩენასთან, მაგრამ, თვითონ სურვილი, კრიტიკის და მორალური განსჯის მიღმაა. უნდა ჩავთვალოთ თუ არა ამ საფუძველზე ინცესტუალური ლტოლვა ჩვენი ბუნებრივი სურვილების ნაწილად და აღვიქვათ ეს ლტოლვა, სულ ცოტა ნაკლებ ბოროტებად ნევროზებთან და დაავადებებთან შედარებით? აი, ასე დგას საკითხი.
თუმცა არის ერთი დეტალი, რომელსაც ფსიქოანალიზი გამუდმებით გვერდს უვლის. ეს არის ადამიანის ქვეცნობიერის პირველქმნილი ბუნება. და აქ ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა დამახასიათებელია თუ არა ადამიანის ფსიქიკისათვის ინცესტუალური ლტოლვა, როგორც რაღაც დასაბამიერი. როცა ადამმა და ევამ შეიტყვეს, რომ თითოეულ მათგანს აქვს სქესი და რომ სქესობრივად განსხვავებული არიან, მათ გაიგეს რაღაც ისეთი, რაც მათ თანდაყოლილი ჰქონდათ და რაც მათ ყველა ცოდნას უსწრებდა წინ. მაგრამ როცა ფსიქოანალიტიკოსი ქვეცნობიერში ინცესტის მოტივს აღმოაჩენს, ის, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის იგონებს მხოლოდ სიტყვას დათრგუნული იდეის აღსანიშნავად. ეს შეკავებაც კი არ არის, არამედ სწორედ დათრგუნვაა. ამდენად მასში არ არის არაფერი პირველქმნილი და ისეთი, რაც აზროვნებას წინ უსწრებს. ის თავისთავად არის გონების მომდევნო მოტივი. ანუ თვით გონებას გადააქვს ინცესტუალური ლტოლვა არაცნობიერის სფეროში ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველქმნილ ქვეცნობიერში, თუმცა ამას ის თავის მხრივ, გაუცნობიერებლად აკეთებს. გონება მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს როგორც ბოროტი სული და თავისივე კოშმარების შემოქმედი. მოქმედებს ნებაყოფლობით, გაუცნობიერებლად. და ინცესტის მოტივი თავისი წარმოშობით წარმოადგენს არა პირველსაწყის იმპულსს, არამედ სიყვარულის და სექსის უკვე არსებული იდეის გაგრძელებას. ამდენად გონებას ინცესტის იდეა გადაჰყავს ფსიქიკის იმ სფეროში, სადაც იმალება აფექტები და ვნებები და ისე ჰყავს იქ ტყვესავით, როგორც დათრგუნული მოტივი.
მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია და არ შეიძლება რაიმე სხვად იქცეს მანამ, სანამ არ განვსაზღვრავთ ბუნებას ჭეშმარიტი, პირველსაწყისი არაცნობიერისა, სადაც მთელი ჩვენი ნამდვილი იმპულსები ჩნდება. მაგრამ ეს პირველსაწყისი არაცნობიერი – რაღაც სრულიად განსხვავებულია კოშმარების იმ გროვისაგან, რომლებიც, როგორც ფსიქოანალიტიკოსები ცდილობენ დაგვარწმუნონ, საფუძვლად უდევს ყველა ჩვენს მოტივაციას. ფროიდის არაცნობიერი – ეს არის გალია, რომელშიც გონებამ მოიმწყვდია თავისი საკუთარი წარმონაქმნი. ჭეშმარიტი არაცნობიერი კი წარმოადგენს იმ წყაროს, რომლიდანაც ჭეშმარიტი მოტივაცია იფრქვევა. სექსუალობა, ადამის და ევას მიერ გაცნობიერებული, შექმნილია თვით ღმერთის მიერ, რომელმაც უბრძანა მათ ეს არ გაეცნობიერებინათ. ის არ არის ადამიანის ცნობიერების მეორადი პროდუქტი.
შენიშვნები:
1. Weltanschauung (გერმ) – მსოფლმხედველობა.
2. Menschanschauung (გერმ) – შეხედულება ადამიანზე.
3. ესკულაპი (Mythol. L. Aesculapius) – რომაულ მითოლოგიაში: მკურნალობის ღმერთი; გამოხატავდნენ დაყრდნობილს კვერთხზე, რომელსაც გველი ეხვევა (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ასკლეპიოსი).
4. უილიამ ჯეიმზი – (1842-1910) ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი.
5. იპოლიტი – ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი. უმანკო ყმაწვილი, რომლის ცდუნებას შეეცადა მისი დედინაცვალი. როცა ქალს ეს არ გამოუვიდა თავი მოიკლა და დატოვა ჩანაწერი, რომლითაც გერს მასზე ძალადობაში ადანაშაულებდა. იპოლიტი მაშინ დაიღუპა, როცა ზღვის პირას ეტლით მიჰქროდა. განრისხებულმა მამამ, რომელმაც ფედრას ცილისწამება დაიჯერა, დასწყევლა ვაჟიშვილი და მისი დასჯა სთხოვა ზღვის ღმერთს, პოსეიდონს, რომელმაც თხოვნა შეასრულა. იპოლიტის ცხენები გაცოფდნენ და ის გადაქელეს.
6. ტრიგანტ ბეროუ – (1875-1850) – ინგლისელი ფსიქოანალიტიკოსი. წიგნების და სტატიების ავტორი ფსიქოანალიზზე.
კომენტარები