დიადი ადამიანების როლი ცივილიზაციათა განვითარებაში

დიადი ადამიანების როლი ცივილიზაციათა განვითარებაში

გუსტავ ლე ბონი – ფრანგი ენციკლოპედისტი, რომლის ინტერესთა სფეროები მოიცავდა ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას. 

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი გუსტავ ლე ბონის წიგნიდან – „ერების ფსიქოლოგია“. 

 

წიგნის დეტალური დათვალიერება.

ყოველი ცივილიზაციის მსხვილი წარმატება ყოველთვის დიად გონებათა მცირე ჯგუფის მიერ მიიღწეოდა. – მათი როლის არსი. – ისინი მოცემული ერის ყველა ძალისხმევის სინთეზს ახორციელებენ. – მაგალითები, რომლებსაც დიდი აღმოჩენები გვთავაზობენ. – დიადი ადამიანების პოლიტიკური როლი. – ისინი განასახიერებენ თავისი ერის გაბატონებულ იდეალს. – გავლენა დიადი ადამიანებისა, რომლებიც ჰალუცინაციებით იყვნენ შეპყრობილნი. – გენიალური გამომგონებლები გარდაქმნიან ცივილიზაციას. – ფანატიკოსები და ჰალუცინაციებით შეპყრობილები ქმნიან ისტორიას.

 

ვსწავლობდით რა ერების იერარქიასა და დიფერენციაციას, ჩვენ ვიხილეთ, რომ ევროპული ერების ჭეშმარიტი განსხვავება აღმოსავლურისგან იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ პირველები ფლობენ უმაღლეს ადამიანთა მცირე არჩევანს. შევეცდებით, რამდენიმე სტრიქონით მოვხაზოთ მათი გავლენის საზღვრები.

 

ამ გამორჩეულ ადამიანთა მცირე კრებული, რომელსაც ცივილიზებული ერი ფლობს და რომელთა თითოეულ თაობაში განადგურებაა საკმარისი, რათა ეს ერი ცივლიზებულთა რიგიდან ამოგვეშალა, ერის ძალის ჭეშმარიტ განსახიერებას წარმოადგენს. მათ და მხოლოდ მათ უნდა ვუმადლოდეთ პროგრესს, მიღწეულს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, წარმოებაში, ერთი სიტყვით, ცივილიზაციის ყველა სფეროში.

 

ცივილიზაციათა შესწავლა გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში რჩეულთა მხოლოდ მცირე ჯგუფს უნდა ვუმადლოდეთ ყველა მოპოვებულ წარმატებას.

 

თუმცა ბრბო სარგებლობს ამ წარმატებით, მას არ უყვარს მეტისმეტად ცხადი უპირატესობა საკუთარ თავზე, რის გამოც ყველაზე დიდი მოაზროვნეები და გამომგონებლები ხშირად მის მარტვილებად იქცეოდნენ. და მაინც, ყველა თაობა, მოცემული ერის მთელი წარსული ამ შესანიშნავ გენიოსებში იფურჩქნება, რომლებიც ძველი ადამიანური ხის გასაოცარ ყვავილებს შეადგენენ. ისინია ერის ჭეშმარიტი დიდება, ხოლო საზოგადოების ყველა წევრს, ყველაზე მაღალიდან ყველაზე დაბლამდე, შეუძლია მათით იამაყოს. ისინი არც შემთხვევით ჩნდებიან და არც ჯადოქრობის გამოისობით, არამედ წარმოადგენენ ხანგრძლივი წარსულის გვირგვინს, თითქოს საკუთარ თავში ახდენდნენ თავისი დროისა და თავისი ერის დიდების კონცენტრირებას. მათი გამოჩენისა და განვითარებისთვის ხელის შეწყობა ნიშნავს პროგრესის გაფურჩქვნის ხელის შეწყობას, რომლითაც მთელი კაცობრიობა ისარგებლებს. ჩვენ რომ მეტისმეტად გვაბრმავებდეს ჩვენი ოცნება საყოველთაო თანასწორობის შესახებ, მაშინ მის პირველ მსხვერპლად ვიქცეოდით. თანასწორობა მხოლოდ უდაბლეს საფეხურზეა შესაძლებელი. იმისათვის, რომ სამყაროში თანასწორობა გამეფდეს, თანდათანობით ყველაფერი, რაც მოცემული ერის ფასეულობას შეადგენს, უნდა დაგვემდაბლებინა იმის დონემდე, რაც ყველაზე მდაბალია მასში. უკანასკნელი გლეხის ინტელექტუალური დონის გაზრდა რომელიმე ლავუაზიეს გენიამდე შეუძლებელია. ასეთი გენიოსების განადგურება ადვილია, მაგრამ შეუძლებელია მათი ჩანაცვლება.

 

მაგრამ, თუ დიად ადამიანთა როლი ცივილიზაციათა განვითარებაში მნიშვნელოვანია, ის მაინც არ არის ისეთი, როგორადაც საერთოდ მიიჩნევენ ხოლმე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათი მოქმედება მდგომარეობს რომელიმე ერის ყველა ძალისხმევის სინთეზში; მათი აღმოჩენები ყოველთვის წარმოადგენენ წინამორბედ აღმოჩენათა გრძელი რიგის შედეგს; ისინი შენობას აგებენ ქვებიდან, რომლებსაც დინჯად თლიდნენ მათი წინაპრები. ისტორიკოსები, ჩვეულებრივ, უკიდურესად ცალმხრივები, ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ ყოველი გამოგონების ქვეშ ერთი ადამიანის სახელის მიწერაა შესაძლებელი; და მაინც, დიად გამოგონებათა შორის, რომლებმაც სამყარო შეცვალეს, როგორიცაა წიგნების ბეჭდვა, დენთი, ორთქლი, ელექტრული ტელეგრაფი, ერთიც არ მოიძებნება, რომლის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ის ერთი თავის მიერ არის შექმნილი. როდესაც მსგავს აღმოჩენათა წარმომავლობას სწავლობ, ხედავ, რომ ისინი მოსამზადებელ ძალისხმევათა მთელი რიგიდან წარმოიშვნენ: საბოლოო გამოგონება მხოლოდ გვირგვინია. გალილეის დაკვირვება ჩამოკიდებული ლამფის რხევის ერთდროულობაზე მოსამზადებელი ეტაპი იყო ზუსტი ქრონომეტრების გამოგონების საქმეში, საიდანაც მეზღვაურისთვის ოკეანეში გზის სწორად გაგნება გამომდინარეობდა. ქვემეხის დენთი მიღებულ იქნა თანდათან სახეცვლილი ბერძნული ცეცხლიდან.

 

ორთქლის მანქანა წარმოადგენს ჯამს მთელი რიგი გამოგონებებისა, რომელთაგან ყოველი უდიდეს შრომას მოითხოვდა. ბერძენი, თუნდაც ასჯერ გენიალური ყოფილიყო არქიმედეზე, ლოკომოტივს ვერ გამოიგონებდა, რადგან ასეთი ამოცანის შესასრულებლად მას მოცდა მოუწევდა, რომ მექანიკას მიეღწია წარმატებისთვის, რასაც ორიათასწლიანი ძალისხმევა დასჭირდა.

 

თუმცა, ერთი შეხედვით, დიდ სახელმწიფო მოღვაწეთა პოლიტიკური როლი მეტად დამოუკიდებელია წარსულისგან, სინამდვილეში ის მეტად დამოუკიდებელი არ არის, ვიდრე დიდ გამომგონებელთა როლი. კაცობრიობის ამ მძლავრი მამოძრავებლების ხმაურიანი ბრწყინვალებით დაბრმავებულები, რომლებმაც ერების პოლიტიკური არსებობა გარდაქმნეს, ისეთმა მწერლებმა, როგორებიც არიან ჰეგელი, კუზენი, კარლაილი და სხვა, ისურვეს მათგან ნახევრადღმერთების შექმნა, რომელთა წინაშე ყველამ მუხლი უნდა მოიყაროს, და რომელთა მხოლოდ გენიას ძალუძს ერების ბედის შეცვლა. უდავოა, რომ მათ შეუძლიათ რომელიმე საზოგადოების ევოლუციის რღვევა, მაგრამ მისი დინების შეცვლა მათ ძალაუფლებაში არ არის. რომელიმე კრომველის ან ნაპოლეონის გენიას არ შესწევს მსგავსი საქმის განხორციელების ძალა. დიად დამპყრობლებს შეუძლიათ ცეცხლითა და მახვილით ქალაქებისა და იმპერიების განადგურება, ზუსტად ისევე, როგორც ბავშვს შეუძლია მუზეუმის გადაწვა, რომელშიც ხელოვნების ნიმუშებია დაცული; მაგრამ, ამ გამანადგურებელმა ძალამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს თავისი როლის ხასიათთან მიმართებით. დიდი პოლიტიკური მოღვაწეების გავლენა მხო-ლოდ იმ დრომდე ვრცელდება, სანამ, კეისრის ან რიშელიეს მსგავსად, ისინი თავის ძალისხმევას ეპოქის მოთხოვნების სულისკვეთებით მიმართავენ; მათი წარმატების ნამდვილი მიზეზი თვით მათ უსწრებდა. ორი ან სამი საუკუნით ადრე კეისარი ვერ შეძლებდა რომის რესპუბლიკის დაქვემდებარებას მონარქის ძალაუფლებისადმი, ხოლო რიშელიე უძლური იქნებოდა, საფრანგეთის გაერთიანება განეხორციელებინა. ჭეშმარიტად დიდი ადამიანები პოლიტიკაში ისინია, რომლებიც წინასწარ ჭვრეტენ ჩანასახოვან მოთხოვნებს, მოვლენებს, მომზადებულს წარსულით და უჩვენებენ გზას, რომელზე შედგომა ხამს. შესაძლოა არავის უნახავს ეს გზა, მაგრამ ევოლუციის საბედისწერო პირობები მალე უბიძგებენ იქით ერებს, რომელთა ბედს დროებით განაგებენ ეს ძლევამოსილი გენიოსები. ისინი, დიად გამომგონებელთა მსგავსად, ხანგრძლივი წინმსწრები შრომის შედეგების სინთეზირებას ახდენენ.

 

თუმცა, მეტისმეტად შორს ასეთი ანალოგიები არ უნდა გავავლოთ. გამომგონებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცივილიზაციათა განვითარებაში, მაგრამ არანაირ უშუალო როლს – ერების პოლიტიკურ ისტორიაში. დიდი ადამიანები, რომლებსაც უნდა ვუმადლოდეთ ყველა მნიშვნელოვან აღმოჩენას, გუთნიდან ტელეგრაფამდე, რაც კაცობრიობის საერთო მონაპოვარს წარმოადგენს, არასოდეს ფლობდნენ ხასიათის თვისებებს, რომლებიც რელიგიის დასაფუძნებლად ან იმპერიის დასაპყრობად იყო აუცილებელი, ანუ ისტორიის გარეგნული იერის მნიშვნელოვნად შესაცვლელად. მოაზროვნე უკიდურესად ცხადად ხედავს პრობლემების სირთულეს, რათა მას მეტისმეტად ღრმა რწმენა გააჩნდეს, და ერთობ მცირე რაოდენობის პოლიტიკური მიზნები ეჩვენება მას საკუთარი ძალისხმევის ღირსად, რათა ერთ-ერთ მათგანს მაინც მისდიოს. გამომგონებლებს ძალუძთ ცივილიზაციის გარეგნული იერის შეცვლა; შეზღუდული გონების მქონე ფანატიკოსები, რომლებსაც ენერგიული ხასიათი და ძლიერი ვნებები აქვთ, ერთადერთნი არიან, ვისაც რელიგიებისა და იმპერიების დაფუძნება და მასების ამბოხება ძალუძთ.

 

ვიღაც პეტრე მეუდაბნოეს მოწოდებით მილიონობით ადამიანი გაემართა აღმოსავლეთით; დიდებამ ადამიანისა, რომელიც, მუჰამედის მსგავსად, ჰალუცინაციებით იყო შეპყრობილი, შექმნა ძალა, აუცილებელი იმისთვის, რომ ძველ ბერძნულ-რომაულ სამყაროზე ეზეიმა; უცნობმა ბერმა ლუთერმა ევროპა ცეცხლსა და სისხლში მოაქცია. რომელიმე გალილეის ან ნიუტონის ხმა მასებს შორის მხოლოდ სუსტ გამოძახილს პოულობს. გენიალური გამომგონებლები აჩქარებენ ისტორიის მსვლელობას. ფანატიკოსები და ჰალუცინაციებით შეპყრობილები ქმნიან ისტორიას.

 

რისგან შედგება სინამდვილეში ისტორია, ის მაინც, რომელსაც წიგნების მეშვეობით ვეცნობით, თუ გრძელი მონათხრობიდან არა იმ ბრძოლის შესახებ, რომლის გადატანა უწევდა ადამიანს იმისათვის, რათა იდეალი შეექმნა, თაყვანი ეცა მისთვის, შემდეგ კი გაენადგურებინა? მაგრამ, ნუთუ წმინდა მეცნიერების წინაშე მსგავს იდეალებს მეტი ღირებულება გააჩნიათ, ვიდრე ცარიელ მირაჟებს, რომლებსაც შუქი ქმნის უდაბნოს მოძრავ ქვიშაზე?

 

თუმცა, ჰალუცინაციებით შეპყრობილმა ზოგმა ცნობილმა შემოქმედმა მსგავსი მირაჟებისა უკიდურესად ღრმად გარდაქმნა სამყარო. თავისი განსასვენებლების სიღრმიდან ისინი ჯერ კიდევ ამძიმებენ თავისი აზრებით მასების სულს. მათი როლის მნიშვნელობა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, მაგრამ, იმავდროულად, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წამოწყებული სამუშაო მათ მხოლოდ იმ მიზეზით მოასწრეს, რომ არაცნობიერად განასახიერეს საკუთარ თავში და გამოხატეს თავისი ერისა და თავისი დროის იდეალი. შეუძლებელია იყო ერის ბელადი, თუ მის ოცნებებს არ განასახიერებ. მოსე ებრაელთა თვალში განასახიერებდა თავისუფლების წყურვილს, რომელიც წლების განმავლობაში იმალებოდა მათ მონურ სულებში, რომლებიც ეგვიპტური მათრახებით იყო გვემული. ბუდამ შეძლო თავისი დროის უსასრულო ავბედობის წვდომა და რელიგიაში სიყვარულისა და სიბრალულის მოთხოვნილების გამოხატვა, რომელიც საყოველთაო უბედურების ეპოქაში იწყებდა სამყაროში გამოვლენას. მუჰამედმა რელიგიის გაერთიანებით განახორციელა პოლიტიკური გაერთიანება ერისა, რომელიც ათასობით მტრულად განწყობილ ტომად იყო დაქუცმაცებული. არტილერისტმა ნაპოლეონმა სამხედრო დიდების, ბრწყინვალებისა და რევოლუციური პროპაგანდის იდეალს შეასხა ხორცი, რაც მაშინ იმ ერის ძირითად თვისებებს წარმოადგენდა, რომელსაც ის თხუთმეტი წლის განმავლობაში ატარებდა მთელ ევროპაში, იყო რა სრულიად შლეგურ თავგადასავლებში ჩართული.

 

საბოლოოდ, იდეები, შესაბამისად კი, ის ადამიანები, რომლებიც მათ განასახიერებენ და ავრცელებენ, მართავენ სამყაროს. მათი წარმატება იმ მომენტიდან არის უზრუნველყოფილი, რაც თავის დამცველთა რიცხვში ჰალუცინაციებით შეპყრობილები და ურყევები ჰყავთ. მათი მოქმედების ძალისთვის მცირედი მნიშვნელობა აქვს იმას, ჭეშმარიტია ისინი თუ მცდარი. ისტორია იმასაც კი გვიჩვენებს, რომ ყველაზე უგუნური იდეები ყოველთვის უფრო ძლიერად აფანატებდნენ ადამიანებს და ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ყველაზე მაცდუნებელ ქიმერათა სახელით სამყარო დღემდე უდიდეს ძვრებს განიცდიდა: ცივილიზაციები, რომლებიც თითქოს მარადიულნი იყვნენ, ინგრეოდნენ, მათ ადგილას კი ახლები იქმნებოდა. დედამიწა სულით ღატაკებს ეკუთვნის, მაგრამ იმ პირობით, რომ მათ ბრმა რწმენა გააჩნდეთ, რომელსაც მთების გადაადგილება შეუძლია. ფილოსოფოსებმა, რომლებიც ხშირად საუკუნეებს უძღვნიან იმის განადგურებას, რასაც ღრმა რწმენის ადამიანები ზოგჯერ ერთ დღეში ქმნიან, ქედი უნდა მოიხარონ მათ წინაშე. ურყევები თითქოს მონაწილეობას იღებენ იმ ფარულ ძალებში, რომლებიც სამყაროს მართავენ. მათ გამოიწვიეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც ისტორიაშია ჩაწერილი.

 

უდავოა, რომ ფანატიკოსები მხოლოდ ილუზიებს ავრცელებდნენ, მაგრამ ამ ილუზიებით, რომლებიც ერთდროულად საზარი, მომხიბვლელი და ცარიელია, დღემდე ცხოვრობდა კაცობრიობა და, სავარაუდოდ, კვლავაც იცხოვრებს. ისინი მხოლოდ ჩრდილებია, მაგრამ პატივისცემას იმსახურებენ.

 

მათი წყალობით ჩვენმა მამებმა იმედი გაიცნეს, ხოლო ამ ჩრდილების გმირულ და შლეგურ დევნაში პირველყოფილი ბარბაროსული მდგომარეობიდან გამოგვიყვანეს და იმ პუნქტისკენ გაგვიძღვნენ, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ცივილიზაციის განვითარების ყველა ფაქტორიდან ილუზიები, ალბათ, ყველაზე მძლავრს წარმოადგენენ. ილუზიამ უხმო ამქვეყნად პირამიდებს და ეგვიპტეს ხუთიათასი წლის განმავლობაში ქვის კოლოსებით ჰფენდა. ილუზიამ ააგო შუა საუკუნეებში ჩვენი გიგანტური ტაძრები და დასავლეთი აიძულა, აღმოსავლეთისკენ დაძრულიყო ფიქციათა დასაპყრობად. ილუზიათა დევნაში ფუძნდებოდა რელიგიები, რომლებსაც თავისი კანონებისადმი კაცობრიობის ნახევრის დამორჩილება ძალუძდათ და მათ მიერვე იქმნებოდა და ნადგურდებოდა ყველაზე ძლევამოსილი იმპერიები. არა ჭეშმარიტების, არამედ უმალ სიცრუის დევნაში გახარჯა კაცობრიობამ თავისი ძალისხმევის უდიდესი ნაწილი. დასახული ქიმერული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა მას არ გააჩნდა, მაგრამ ამ მიზნისკენ სვლისას განახორციელა მან მთელი პროგრესი, რომელსაც სრულებით არ ეძიებდა.


კომენტარები