ალეკსეი ლოსევი (1893-1988 წწ) – რუსი ფილოსოფოსი, ფილოსოფიის ისტორიკოსი, ფილოლოგი.
ამონარიდი აღებულია ვიქტორ რცხილაძის წიგნიდან – „ფილოსოფიურ-პოლიტიკური კრებული – წიგნი I“.
როგორც არ აფთრდება ნიჰილისტური და გადაგვარებული განმანათლებლობა, ეშმაკი მაინც – სრულიად რეალური ძალაა; და ვერ ამჩნევენ ეშმაკს მისი უსასრულო ბოროტების ძალით მხოლოდ ისინი, ვინც თავად იმყოფებიან მის მსახურებაში და დაბრმავებულნი არიან მისი ჰიპნოზით. არ უნდა ვიფიქროთ, რომ არსებობენ მხოლოდ ის ბოროტი ძალები, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობია კლასიკური რელიგიებიდან. ამჟამინდელმა ეშმაკმა მიიღო ფორმები ფილოსოფიური, მხატვრული, მეცნიერული და ა. შ. თუმცა, უფრო ხშირად ეს ეშმაკი დაწვრილმანდა, როგორც ყველაფერი ამქვეყნად. თუკი ავიღებთ ინდოეთის ეშმაკეულობას, სავსებით შეიძლება ითქვას, რომ ბჰაგავატ-გიტას ღრმა მელანქოლიასთან შედარებით ბოდლერის უარყოფა და პესიმიზმი გვეჩვენება პანსიონის გოგონას კაპრიზებად ზრდასრული მამაკაცის ცრემლებთან შედარებით.
უხორცო ძალთა დიალექტიკა. დიალექტიკური აზრის იმავე მკაფიობას, რომელიც გვაიძულებს უხორცო ძალთა არსებობის მტკიცებას, იმასვე მივყავართ მათი შინაგანი დიფერენციაციის აუცილებლობასთან.
პირველ ყოვლისა, უხორცო ძალნი – „ბევრი ბევრთანია“,72 ე. ი. მათი ურიცხვი რაოდენობაა. ეს – უსასრულოდ ფართო ყოფიერებაა, აღსავსე მარტოოდენ ღვთის დიდებით. მართალია, ეს სამყარო ასევე სასრულია, ე. ი. განმსაზღვრელია, როგორც განსაზღვრულია თავად პირველარსებულიც. ეს არ გახლავთ ყოველმხრივ გადღაბნილი უსასრულობა, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ფიგურა და მოხაზულობა. ეს გონიერ ძალთა სავსებით დასრულებული სასუფეველია, განსაზღვრულად გაფორმებული და მარადიულად – მდგრადი. ერთის, მრავალის და უსასრულოს ამ დიალექტიკის გამეორება შემეძლოკიდევ ერთხელ მთელ მის დიალექტიკურ მკაფიობაში და განსაზღვრულობაში, მაგრამ ამის გაკეთება ამ წამს არ ღირს.73
შემდეგ, უხორცო ძალთა სამყაროს შინაგანი სტრუქტურის შესახებ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ რაკი ის არის მიბაძვა პირველ-არსებულის (და სხვაგვარად არც არაფერი იქნებოდა მისაბაძი), მაშინ მისი სტრუქტურაც სხვა არაფერია, თუ არა გამეორება პირველ-არსებულის იმავე ძირითადი სტრუქტურის. გადაგვარებულ აზრს (იმავე „აღორძინების“), არ შესწევს უნარი გარკვეულ ფორმაში გაიაზროს უხორცო ძალნი, მით უმეტეს არ შესწევს უნარი მათი შინაგანი სტრუქტურის გააზრებისა. ამ მაგალითზე შეგვიძლია თვალსაჩინოდ დავრწმუნდეთ, თუ რამდენად დაწვრილმანდა და უხამსი გახდა ევროპული აზროვნება შედარებით შუა საუკუნეებისეულ-ანტიკურთან. ამ აზრს უკვე აღარ ძალუძს შინაგანგამომხატველობითი და სულიერ-რელიეფური სახეების ფიქსირება. მას სურს სულიერ-გამომხატველობითი სახის მადლმოსილი ხილვა გაზომოს არშინებითა და ფუთობით, ავლენს რა ამით კოლოსალურ უნიჭობას და გონებრივ უბადრუკობას, გადაგვარებას და გაბოროტებულ ხელოსნობას. ამიტომ იმას, რაზედაც ახლა ვიტყვი, – უხორცო ძალთა შინაგან სტრუქტურაზე და ფიზიოგნომიკაზე, რასაკვირველია, არავისთვის არ იქნება გასაგები. მაგრამ ეს ნაკლებ მაღელვებს. მე სავსებით ვითვალისწინებ ჩემს „გარემოცვას“. და ჩემთვის დიდი ხანია არახალია, რომ ადამიანებმა დაკარგეს უნარი განუწყვეტელი მითოლოგიური აზროვნებისადმი.
ამაზე დავამთავრებ უხორცო ძალთა დახასიათებას, რომელიც, მიუხედავად თავისი სიმოკლისა, იძლევა, ჩემი შეხედულებით, მთელი ანგელოლოგიის აგებულების სრულიად განსაზღვრულ მეთოდს და შეაქვს შინაგანი წესრიგი და ლოგიკა სფეროში, რომელიც არა მხოლოდ უმეცრების მიერ ითვლება ბნელად და არეულად. ანგელოზური სამყაროს გამოსახავად აქ უმთავრესად აკლია მოძღვრება დაცემულ ანგელოზებზე. ე. ი. სატანაზე. მაგრამ ამ საკითხის განხილვასაც უფრო მოსახერხებლად მივიჩნევ შემდგომში, როდესაც ჩვენს წინაშე გაირკვევა საერთოდ მთელი დიალექტიკური სურათი პირველცოდვისა. მართალია, უკვე ახლაც ნათელია, რომ ანგელოზს შეუძლია განდგომა მხოლოდ ერთხელ სამუდამოდ, მთელ მარადისობაზე. და ეს იმიტომ, რომ ის – გონითი ძალაა. მაგალითად, ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ გონითია,არამედ ფიზიკურიც, შეუძლია ძალზე მრავალჯერ დაცემა და ადგომა, რადგან ფიზიკური სხეული თავისი ბუნებით არის რაღაც მდინარე და არამდგრადი. მაგრამ წმინდა აზრს და გონს არ შეუძლია მდინარება და ქმნადობაში ყოფნა. ის – მდინარების გარეშეა. ამიტომ ერთ დროისმიღმურ წამში ანგელოზი ხდება ან სინათლის ანგელოზად უცებ მთელი მარადისობით, ან წყვდიადის ანგელოზად – ასევე მთელი მარადისობით. ეს უბრალო და ნათელი გადაწყვეტაა საკითხის ანგელოზურ პირველცოდვაზე, მაგრამ, არასაკმარისია მთლიანად სატანოლოგიის მთელი პრობლემის განსახილველად. საქმე ისაა, რომ სატანა იაზრება კიდევ როგორც აქტიური მონაწილე ადამიანის მიწიერ ბედ-იღბალში. თავისთავად აღიძვრის კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ შევუთავსოთ ჯოჯოხეთის უძრავი მარადიულობა მის განუწყვეტელ მონაწილეობას დროულ ქმნადობაში. თუმცა, ეს არ არის საკითხი მხოლოდ მარტო სატანოლოგიაზე. არსებითად იგივე კითხვა შეიძლება დავსვათ სინათლის ანგელოზთა შესახებაც: როგორ შეუძლიათ მათ იყვნენ ღვთის ნების მაუწყებელნი და საერთოდ შეასრულონ ესა თუ ის სივრცისეულ-დროისეული ფუნქციები, თუკი ისინი თავის თავად წარმოადგენენ თვითკმარ და ქმნადობის წყვდიადში არ წასულ მარადისობის ნეტარებას? ბოლოს და ბოლოს ეს არის, შესაძლოა, საკითხი უბრალოდ ღვთისა და სამყაროს ურთიერთობაზე, რადგან ღმერთი იაზრება ასევე როგორც თვითკმარი მარადისობა: როგორ შეიძლება მთელი მითოლოგია შედგებოდეს ღვთის საქმეებზე, ღვთის აზრებზე, თვით გრძნობებზე, მრისხანებაზე, წყალობაზე და ა. შ. მოყოლისაგან? მთელი ეს საკითხები ყველაზე მოსახერხებელია დავსვათ მთლიანად განდგომილი სამყაროს სისტემის შესწავლის შემდეგ. ეს კიდევ ცოტაა. თვით სამოთხის და პირველი ადამიანების, წინაპრების, ადამისა და ევას პრობლემა, მთლიანად შეიძლება გადაწყდეს მოხერხებული ფორმით პირველცოდვის მითოლოგიასთან კავშირში.
ამიტომ, თუმცა ლოგიკურად ანგელოზებიდან საჭირო უნდა ყოფილიყო სამოთხისებურ კოსმოსზე გადასვლა, ხოლო შემდეგ ადამზე და ევაზე, ჩვენ დავარღვევთ ამით ლოგიკურ წესრიგს. განსხვავებათა და მიზანდასახულობათა უმრავლესობა ამჟამად ჩვენთვის გასაგებია მხოლოდ მათ ცოდვილ მდგომარეობაში, ე. ი. მათ იმ სახეში, რომელიც მეცნიერებაში ითვლება სრულიად ნორმალურად და ბუნებრივად და რომელიც ამიტომ ყველაზე საუკეთესოდ არის ცნობილი. ჩვენ კი, შევისწავლეთ რა ეს „ნორმალური“ სამყარო და ეს „ნორმალური“ ადამიანი მათ ბუნებრივ მითოლოგიურობაში, შევძლებთ სამყაროს და ადამიანის იმ „ნორმალური“ და „ბუნებრივი“ მდგომარეობის უფრო ადვილად შესწავლას, რომელსაც უკვე არა თანამედროვე მეცნიერება, ე. ი. შეფარდებითი მითოლოგიის ერთ-ერთი სახეობა, ასეთად მიიჩნევს, არამედ რომელიც გვევლინება ნორმალურად და ბუნებრივად უკვე აბსოლუტური მითოლოგიის თვალსაზრისით.74
შუა საუკუნეებიდან ახალ დროზე გადასვლა – მსოფლიო კატასტროფის უდიდესი ეპოქა. კაცობრიობას არასდროს განუცდია ასეთი უზარმაზარი გადაგვარება, და არასოდეს ადამიანი ასე არ დასცინოდა და მასხრად არ იგდებდა იმ ძველ სალოცავს, რომელსაც თვითვე განადიდებდა პათოსით და ძალმოსილებით, რომელიც კი მისთვის იყო დამახასიათებელი. სასაცილოა დიდი და მცირე ისტორიკოსების უდიდესი მასის მცდელობა აღორძინება ახსნან ხან კონსტანტინეპოლის აღებით და ბერძნების იტალიაში გამოჩენით, ხან ანტიკური მეცნიერებებისა და ხელოვნებების აღორძინებით, ხან, დაბოლოს, პიროვნების ძალისხმევით გახდეს თავისუფალი ინდივიდუუმი. ბერძნები ყოველთვის იყვნენ იტალიაში, და, გარდა ამისა, საკმარისი არ არის ანტიკური მასალები თავად იტალიაში? ანტიკური მეცნიერება და ფილოსოფია ასევე საკმაოდ ყვაოდა შუა საუკუნეებში. რომელი არისტოტელე (ან პლატონი) უნდა აეღორძინებინათ, თუკი თავად შუა საუკუნეები წარმოუდგენელია ამ ფილოსოფოსების გარეშე? როგორ შეიძლება აღორძინება ჩაითვალოს ინდივიდუალიზმის ეპოქად, თუკი მთელი შუა საუკუნეების მსოფლმხედველობა ეფუძნება, როგორც ვამბობდი, პიროვნების კულტსა და სტიქიას, ყველაზე უფრო გამჭრიახ და ყურადღებიან დამოკიდებულებას მისი ბედისადმი? აშკარაა, რომ მსგავსი თეორიების ავტორები სრულიად არ წარმოიდგენენ საგანს, რომელზედაც ლაპარაკობენ, ან წარმოიდგენენ მას ძალზე განყენებულად და ამიტომ ცარიელად. მსჯელობა ინდივიდუალიზმზე, „პიროვნების განთავისუფლებაზე“, რასაკვირველია, ყველაზე მეტად შეესაბამება საგანს, მაგრამ საჭიროა კიდევ დიდი შრომა, რათა დააზუსტონ, სპეციფირება გაუკეთონ და განმარტონ პიროვნების ეს ახალი ინტუიცია, რომელზედაც დაფუძნებულია აღორძინება (მაშასადამე, ყველა შემდეგი დროც).
ერთხელ შეიგრძნო რა ის პიროვნება, რომელზედაც უნივერსალური და აბსოლუტური არაფერი შეიძლება იყოს არც წარსულში, არც აწმყოში, არც მომავალში, კაცობრიობას უკვე არ ძალუძდა მისი დავიწყება. მაგრამ დამახსოვრება – არ ნიშნავს მხოლოდ სიყვარულს. დამახსოვრება შეიძლება სიძულვილშიც, გაბრაზებაშიც, ბრძოლაშიც. აღორძინება თავისი თავით ისტორიის იმ პერიოდს იწყებს, როდესაც ადამიანი იწყებს ღვთის სიძულვილს, მისდამი ღვარძლის ნთხევას, მასთან ბრძოლას. მაგრამ რომელი შეიძლება იყოს მეტი სიძულვილი, ვიდრე ის, როდესაც სიძულვილის საგანი იაზრება დამარცხებულად და განადგურებულად? ღვთის გააზრება არარსებულად – აი, ყველაზე მეტი ღვთის სიძულვილი, აი, ყველაზე მეტი ღვარძლი მის წინააღმდეგ. მაგრამ დიალექტიკა ითხოვს ორგანიზაციულ დასკვნებს (оргвыводов)75. არსად არავის არ უარუყვია ღმერთი უბრალო უარყოფის გამო. ამას ყოველთვის აკეთებდნენ ლიბერალები, მაგრამ მოგვიანებით დავამტკიცებ, რომ ამ წმინდა უარყოფაში – ლიბერალიზმის სიცოცხლისეული არსია, ასე რომ, აქაც არ იყო ეს უბრალო თეორია. ღვთის უარყოფას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ადამიანს თავად სურს ღვთის ადგილის დაკავება, როდესაც თავად სურს ღმერთი გახდეს. სხვაგვარად რისთვისღა არის საჭირო ღვთისმბრძოლობა (богоборчество)? ღვთის მოკვლა და მისი ადგილის დაკავება – ადამიანის სანუკვარი ოცნებაა, მხოლოდ რამდენადმე უფრო გვიანდელი, ვიდრე ოცნება საყოველთაო მორჩილებაზე. აქედან, თუკი შუა საუკუნეების მსოფლმხედველობას ყველა უწოდებს თეოლოგიას, მაშინ, ახალი მსოფლმხედველობისთვის ზუსტად ასევე ყველას უნდა ეწოდებინა სატანოლოგია, რომ არა საუკუნოვანი დაბრმავება ლიბერალური ჩხარუნებით. ახალევროპული ისტორია არის ბრძოლა „შუა საუკუნეების ცრურწმენების“ წინააღმდეგ, შუა საუკუნეების „წყვდიადისა“ და „უმეცრების„ წინააღმდეგ. მაგრამ რა საჭიროა სიტყვების ეს ცარიელი ხმაური? „წყვდიადი“ – ეს არაფერზე მეტყველებს. თქვენთვის შუა საუკუნეები – წყვდიადია, მაგრამ შუა საუკუნეებისთვის თქვენ ყველა წყვდიადში იმყოფებით და არ უწყით ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ყოველ ადამიანს განანათლებს, მყოფადის ქვეყანაში. აქ უნდა გულახდილად ილაპარაკო, და კიდევ ყოველთვის ლაპარაკობენ, თუმცა ბევრი გრძნობს რაღაც უხერხულობას. გაბედულად, გაბედულად, ამხანაგებო! გაბედულად, ყველა რეაქციონერო და ლიბერალო, ყველა რევოლუციონერო და კონტრრევოლუციონერო, ევროპული მეცნიერების და ხელოვნების ყველა მოღვაწევ! იქონიეთ მამაცობა აღიაროთ, რომ თქვენი ცხოვრება და თქვენი იდეები სრულიად შეუთავსებადია რელიგიასთან, და ისიც ქრისტიანულთან. ვაღიაროთ და დავამტკიცოთ ერთხელ და სამუდამოდ: ახალი დრო არის არა ბრძოლა წყვდიადისა და უმეცრების წინააღმდეგ, არამედ ღვთის წინააღმდეგ (სწორედ ეს გახლავთ ჩვეულებისამებრ აქ საინტერესო), და თუკი შუა საუკუნეების არსი არის ქრისტიანობა, მაშინ ახალი დროს არსი არის სატანიზმი. ან უარი თქვით იმაზე, რომ ახალ დროს და შუა საუკუნეებს ერთმანეთს უპირისპირებდეთ და იაზრებდეთ მათ გამუდმებულ ბრძოლაში, ან ჩათვალეთ, რომ ახალი დრო არის სატანიზმის პრინციპის ზეიმი. თუმცა სატანიზმსაც, როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად, გააჩნია თავისი დიალექტიკა, და, მაშასადამე, დიალექტიკური ისტორია. არავინ გაჰყვებოდა იმ დროს ამღორძინებლებს, მათ რომ უცებ ეჩვენებინათ თავიანთი სატანური ბუნება. სატანა – უცბიერესი პოლიტიკოსია და უგენიალურესი დიპლომატი. ღმერთზე თავდასხმის გეგმა მას დამუშავებული აქვს უწვრილმანესი დეტალებით. არ არის არც ერთი პუნქტი, რომელიც არ იქნებოდა გათვალისწინებული. დაწვრილებით შედგენილია საომარი თეატრის გეოგრაფიული რუკები; აწონილია, დათვლილია და გათვალისწინებულია გადამწყვეტად ყველა საომარი მარაგი, ყველა ადამიანური და ნივთიერი ძალა; შესწავლილია უკანასკნელ დეტალებამდე საომარი საქმის ყველა შესაძლებლობა, შემთხვევითობა და აუცილებელი მომენტი. თავდასხმა განხორციელდება გარკვეული წესის მიხედვით, რადგან საჭიროა ღვთის განადგურება გადამწყვეტად ყველა ფრონტზე. უმცირეს გაუთვალისწინებლობას მთელი საქმის გაფუჭება შეუძლია. ტერორი ღვთის წინააღმდეგ შეუძლებელია განხორციელდეს გეგმაზომიერი, მკაცრად მოფიქრებული და სრულიად რეალური, მოსამზადებელი ქმედებების, რომლებსაც არ ახლავს არასაქმიანი ფანტასტიკა, გარეშე.
ამგვარად, საბოლოო მიზანი – ღვთის მოკვლაა და მისი ყოვლადძლიერი და ყოვლისმცოდნე, მარადიული ადგილის დაკავება. როგორ გავაკეთოთ ეს? შევკრიბოთ მორწმუნე ხალხი და პირდაპირ სახეში მივახალოთ: „ღმერთი არ არსებობს“, ეს – დიდი სისულელეა. ჯერ ერთი, არავინ დაიჯერებს, და მეორეც, შენვე მიგბრეგვავენ. ვუთხრათ პირდაპირ, რომ ღმერთი არ არის და ერთადერთი – ვარ მე, ადამიანური პიროვნება, – ეს ნიშნავს, რომ გავხსნათ ჩვენი კარტები და ამით, კაცმა რომ თქვას, შევწყვიტოთ ყოველგვარი ბრძოლა. არა, აღორძინება სხვაგვარად მოიქცა; და აქ ჩვენ ვუახლოვდებით ფანტასტიკურ ამოცანას – ორი სიტყვით გადმოვცეთ აღორძინების ფენომენოლოგია როგორც რაღაც საერთო კულტურულ-სოციალური ტიპი, რომელიც მიზნად ისახავს აღორძინების სტილში მითოლოგიის შეპირისპირებას (მაშასადამე, ფილოსოფიისაც) აღორძინების სტილში წარმოებასთან.
როგორ შეიძლება ყველაზე ადვილად პიროვნების დარწმუნება იმაში, რომ ღმერთი არ არსებობს? ითქვას ყველაფერი პირდაპირ უცებ – ეს ნიშნავს მთელი ათეიზმის დისკრედიტირებას. რასაკვირველია, ადრე ან გვიან, ადამიანი მიეჩვევა უღმერთობას; ადრე ან გვიან ის იმკრეხელებს. მაგრამ არა უცებ, ამხანაგებო, არა უცებ. სულ დასაწყისში ღმერთს თვით თითსაც არ დავაკარებთ. ღმერთი ხომ, რასაკვირველია, არის. მომიტევეთ! როგორ შეიძლება აბსოლუტური არსების გარეშე! თვით ეკლესიაში, კი ბატონო, იარეთ. მაგრამ ვითხოვთ მხოლოდ ერთ უმნიშვნელო რამეს: აღიარეთ, რომ თქვენ გაგაჩნიათ უფლება არსებობაზე. თქვენ იკითხავთ: როგორ, და ეს არის ყველაფერი? ეს არის აღორძინება? განა შუა საუკუნეების ქრისტიანობა არ აღიარებს ადამიანის უფლებას არსებობაზე? განა ქრისტიანობა არ აღიარებს ადამიანურ თავისუფლებას, განა ქრისტემ არ გაათავისუფლა სამყარო? – აბა, კარგი და მშვენიერი. თქვენ თვით იმასაც ამბობთ, რომ ადამიანის არსებობის უფლების აღიარებასა და ქრისტიანობას შორის არავითარი განსხვავება არსებობს. მაშასადამე, თქვენ დაწყნარებით შეგიძლიათ ითხოვოთ უფლება თქვენი არსებობისათვის და თავი მოიაზროთ ქრისტიანად. სწორედ ეს არის ნამდვილი აღორძინება. – რაღაშია საქმე? – ისევ იკითხავთ. მაშასადამე, თქვენებურად ქრისტიანს არა აქვს სიცოცხლისა და არსებობის უფლება? – აი, როგორც იქნა, – გპასუხობთ, – თქვენ გაიგეთ, რაშიც არის საქმე. ქრისტიანი (განსაკუთრებით შუა საუკუნეების, განსაკუთრებით ბიზანტიურიც) თავს იაზრებს ისე, რომ მას არავითარი უფლება გააჩნია არსებობაზე. ქრისტიანი თავს იაზრებს მტვრად, მიწად, აბსოლუტურ არარაობად ღვთაებრივი სრულყოფილებების წინაშე. მხოლოდ ენით უთქმელმა ღვთის სიყვარულმა მოუწოდა ამ არარაობას ყოფიერებისკენ, უბოძა მას ყოფიერება, შთაბერა ცოცხალი სული. რა უფლებები, რის უფლებები! ყველაფერი ქრება ღვთაებრივი ნათელის უფსკრულის წინაშე, და არის მხოლოდ ერთი შესაძლებელი, აუცილებელი და საკმარისი ყოფიერება – თავად ღმერთი. ღვთის გარდა და გარეშე ღვთისა არაფერია და არც შეიძლება იყოს რაიმე. ყველაფერი, რაც რეალურად არის მის გარდა, არის მხოლოდ მისი ქმნილება, მხოლოდ მისი პიროვნული და თავისუფალი ნების, მისი სიყვარულის ნაწარმოები. სამყაროს და ადამიანს სრულიად არ გააჩნიათ არავითარი აუცილებლობა. სამყარო და ადამიანი, მთელი მათი ძალითა და მშვენიერებით, მთელი მათი ბოღმითა და არარაობით, სრულიად ვერაფერს მატებენ ღმერთს, და ვერც აკლებენ. სამყაროს და ადამიანს შეეძლოთ სრულიად არ არსებულიყვნენ, და ეს სრულიად არაფერს შეცვლიდა ჭეშმარიტ ყოფიერებაში. ხოლო აი, აღორძინება ფიქრობს, რომ ადამიანს გააჩნია უფლება არსებობაზე და სწორედ ამაშია მთელი საიდუმლოება. ღმერთიც რჩება ხელუხლებელი, რელიგიაც რჩება მთლიანობაში, და სამყაროც არსებობს, როგორც არსებობდა აქამდე, მაგრამ... მეც გამაჩნია უფლება არსებობაზე. ეს უწყინარი ც არის სატანის ვეებერთელა გამარჯვება ღმერთზე. აღორძინება ამის იქით არ წასულა, მაგრამ ახლა დავინახავთ, როგორ სრულიად ულმობელი, მხეცურ-შეუბრალებელი დიალექტიკით, ერთი შეხედვით, ამ მოკრძალებული და უწყინარი მტკიცებულებიდან გამომდინარეობს აღორძინების მთელი თავისებური სტრუქტურა, როგორც კულტურულ-სოციალური ტიპისა.
მაქვს უფლება არსებობაზე. ვამტკიცებ თავს, როგორც რაღაც დამოუკიდებელ სუბსტანციას. ეს ნიშნავს: არაფერი მჭირდება ჩემი არსებობისთვის, ჩემი ყოფიერებისთვის. რასაკვირველია, აქ ჯერ კიდევ შორს არის პიროვნების აბსოლუტურ თვითდამტკიცებამდე. აქ პიროვნება თავს ამტკიცებს ჯერ კიდევ მხოლოდ როგორც ფაქტს, როგორც სუბსტანციას, მაგრამ ამაზე მეტს არა. მაგრამ პიროვნება არ არის მხოლოდ ფაქტი. იგი კიდევ არის სუბიექტი, ცნობიერება, თვითცნობიერება, თვითშეგრძნება, სულიერი შემოქმედება და სულიერი ცხოვრება. აღორძინება ასე შორს არ მიდის. იგი იმით იფარგლება, რომ აიძულებს პიროვნებას თავი დაამტკიცოს მხოლოდ როგორც დამოუკიდებელმა სუბსტანციურმა ყოფიერებამ. მაგრამ ჯერ სანამ გავაღრმავებთ ასეთი თვითდამტკიცებადი პიროვნებისა და სუბიექტის დახასიათებას, შევხედოთ, როგორი ობიექტია შესაძლებელი ასეთი სუბიექტისთვის. ამასთან შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება განსაკუთრებით დიალექტიკურ სუბიექტსა და ობიექტს. შუა საუკუნეების მსოფლმხედველობაში სუბიექტი და ობიექტი შერწყმულნია ერთ და განუყოფელ ყოფიერებაში, იმყოფებიან ღვთაებრივი ენერგიებით საერთო გადაფარვის სფეროში. ახლა სუბიექტმა მოისურვა ჰქონდეს დამოუკიდებელი უფლებები: როგორი უნდა იყოს ობიექტი ასეთი სუბიექტისთვის, როგორი ობიექტური საგნობრიობაა დიალექტიკურად დაკავშირებული ასეთ სუბიექტურ განწყობასთან?
აღორძინების სუბიექტს სრულიადაც არ სურს ობიექტის განადგურება. იგი ჯერ კიდევ შორსაა კანტიანობისა და სოლიპსიზმისგან. პირიქით, იგი აღიარებს მის სრულ რეალობას და დამოუკიდებლობას თავისი თავიდან, სუბიექტისგან. მაგრამ ამ ობიექტს უკვე აღარ ძალუძს იმად ყოფნა, რასაც ის წარმოადგენდა ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში. ანტიკურ და შუა საუკუნეების მსოფლშეგრძნებაშიც სუბიექტი და ობიექტი არსებითად თანაბარუფლებიანებია. არც ერთი მათგანი მეორეს არ გადასწონის. ანტიკურობაში ეს არსებითი წონასწორობა ჩაძირულია სხეულებრიობის წიაღებში. შუა საუკუნეებს იგი გადააქვთ სულის სფეროში. მაგრამ იქაც და აქაც ეს წონასწორობა – სრულია და საბოლოო. ყოფიერების საერთო სისტემაში ეს – თანაბარუფლებიანი და ბუნებრივიგზით ურთიერთდამატებითი კატეგორიებია. სხვა საქმეა – აღორძინების ეპოქაში. აქ წამოწეულია პიროვნება, სუბიექტი მათი უფლებებით დამოუკიდებლობაზე. ეს არ არის ობიექტის უარყოფა, მაგრამ ობიექტი, რომელიც სჭირდება დამოუკიდებლობაზე პრეტენზიების მქონე ასეთ სუბიექტს, იქნება, რასაკვირველია, თავისი არსით სრულიად სხვა. სახელდობრ, ეს – ისეთი ობიექტია, რომლის სუბსტანციურობა და ნივთობრიობა არავის, ე. ი. არავითარ სუბიექტს, არ აინტერესებს. სუბიექტი დამოუკიდებელია თავის თვავად. მას არ სჭირდება არავითარი ობიექტი. დავამატებთ: არ სჭირდება თავისი ყოფიერებისათვის, თავისი არსებობისთვის. მაგრამ სუბიექტი ხომ არ არის მხოლოდ ყოფიერება და მხოლოდ არსებობა. იგი არის კიდევ ცოდნაც, ცნობიერებაც, შემეცნებაც და მთელი მშვინვიერი და სულიერი ცხოვრება. აქედან: აღორძინების სუბიექტს არ სჭირდება ბუნება როგორც ნივთობრივი ფაქტი და სუბსტანცია (იგი თავის თავად არის სუბსტანცია, ბუნების დაუხმარებლად), მაგრამ სჭირდება ბუნება, როგორც ცოდნის, გრძნობის, ნების, საერთოდ თავისი ინტელიგენციის საგანი. აი, რატომაა აღორძინება – ფერწერული, და აღორძინების ძირითადი ხელოვნება – ფერწერა. ფერწერა სამყაროს იძლევა არა როგორც დამოუკიდებელ ნივთს (ეს – არქიტექტურისა და სკულპტურის სფეროა), არამედ როგორც ხილულ და აღქმად საგანს. ფერწერა კვებავს შემეცნებით უნარს, მაგრამ იგი ფრიად არასხეულებრივია, რათა გამოხატოს სამყარო მთელ მის ნივთობრივ სუბსტანციურობაში. აი, რატომაა აღორძინება – მათემატიკური ბუნებისმეტყველების დასაწყისი, და „ბუნების კანონების“ დადგენა – აღორძინების საყვარელი ოცნება.
ბუნების კანონებს ადგენდა ანტიკურ-შუა საუკუნეების ეპოქაც. მაგრამ აქ ეს კანონები არ არის მოწყვეტილი ყოფიერების მთელ სიღრმეს; პლატონის „ტიმეოსში“ ესთეტიკა არის ასტრონომიის ნაწილი; ბუნების კანონები არ არის იქ ფორმულირებული თავის განყენებულ სიზუსტეში. იქ არ არის ინტერესი ბუნების განყენებული სისტემისადმი, ხოლო მთელი განყენებულობა არის თავად ყოფიერების დიალექტიკური წარმონაშობი. აღორძინებას კი, რადაც არ უნდა დაჯდეს, სურს დაადგინოს უზუსტესი და უგანყენებისეული „ბუნების კანონები“, და ეს მეტაფიზიკური ლტოლვა ბუნების მათემატიკური სქემებისადმი გამსჭვალავს ევროპული ადამიანის ყველა ძარღვსა და ნერვს. დაე, დაიღუპოს ყოველივე: სამყაროც, მისი სუბსტანციაც, და მთელი ნივთიერება, – ოღონდ დადგინდეს „კანონები“. კანონები, კანონები, კანონები... შეიძლება ითქვას, ევროპელი ადამიანი ტკბება კანონებით, იხრჩობა კანონებში, ცოცხლობს „ბუნების კანონებში“, როგორც თევზი წყალში. ეს მეტაფიზიკური გატაცება „ბუნების კანონების“ დადგენაში არის ტიპური აღორძინებისეული გატაცება. საიდუმლოება კანონმდებლობისა და კანონების აღმოჩენის ამ აღორძინებისეული პათოსისა არის საიდუმლოება თვითდამტკიცებადი პიროვნებისა მისი სუბსტანციური არსებობის ასპექტში. არსებობისთვის უფლების თავისთვის მოთხოვნა, თავის აღიარება, რომელსაც გააჩნია არსებობაზე უფლება – ნიშნავს ზუსტი მათემატიკური „ბუნების კანონების“ აღმოჩენასა და დამტკიცებას. დიალექტიკურად (ე. ი. პირველ ყოვლისა ლოგიკურად) აუცილებელია, რომ უფლებების მქონე იყოს ბუნებისმეცნიერული მოაზროვნე <...>
<...> წმინდა პირობითობა და მხოლოდ იდეა, მაგრამ პირობითობა და იდეა აუცილებლები, გარდაუვალები, გარდუვალები. და თუკი შუა საუკუნეებისათვის ღმერთი არის ზე-ყოფიერება და ზე-ფაქტი, აღორძინებისათვის ის არის მხოლოდ ფაქტი, განმანათლებლობისთვის – მხოლოდ პირობითი იდეა, მაშინ როდესაც კანტისთვის ის _ აუცილებელი სუბიექტური იდეაა. და თუკი განმანათლებლობისთვის პირობითობის გაურკვეველი ხასიათის გამო ჯერ კიდევ რჩებოდა გასასვლელი ღვთაებისაკენ, როგორც ფაქტისკენ (საქმეში ეს გასასვლელი იქ გამუდმებით გამოიყენებოდა), მაშინ კანტის ფსიქოზისათვის უკვე ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთილი იყო ყოველი გასასვლელი ღვთაებისაკენ, როგორც ფაქტისკენ; და აქ დამწყვდეული უკვე ერთხელ და სამუდამოდ იზღუდებოდა თავისი საკუთარი სუბიექტური ცნობიერების ჩარჩოებით, და აუცილებლობაზე, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, შეიძლებოდა ლაპარაკი მხოლოდ ამ სუბიექტური ცნობიერების ფარგლებში. ამგვარად, აღორძინებიდან კანტამდე შესრულებული იყო პირველი და აუცილებელი ნაწილი ღმერთზე თავდასხმის სატანური პროექტისა. ორი საუკუნის დაძაბულმა ბრძოლამ საქმე საბოლოოდ მიიყვანა იქამდე, რომ ღმერთმა შეწყვიტა ყოფიერებად ყოფნა და გადაიქცა მხოლოდ იდეად. ეს ვეებერთელა შედეგი არის, კაცმა რომ თქვას, ერთადერთი საინტერესო დასკვნა ამ ორი საუკუნის ფერმკრთალი, აბსტრაქტულ-მეტაფიზიკური აზრის. კანტზე მოჩანს, თუ მიზნად რას ისახავდა ევროპული აზროვნება და როგორი უხილავი მიზანი წარმართავდა აღორძინებასაც, განმანათლებლურ რაციონალიზმსაც, ემპირიზმსაც.
აღორძინებას არ შეეძლო ღმერთის მოკვლა იმიტომ, რომ თვით იგი იყო ძალზე არადიფერენცირებული, ძალზე არასულიერი, ძალზე უტილიტარული და ანგარებიანი პიროვნების განთავისუფლების აზრით, ძალზე ვიწრო და ეგოისტური მიწიერი ადამიანის უფლებების დამტკიცების აზრით. ღმერთის ადგილი რომ დაეკავებინა, საჭირო იყო განვითარება გაცილებით მეტი სულიერებისა, მეტი სიღრმისა, პიროვნების ეგოიზმი უნდა გამხდარიყო უფრო საინტერესო, ნაკლებად ცხოველური, ნაკლებად ვულგარული. რაციონალიზმი და ემპირიზმი თავის თავზე ღებულობენ ამ ფუნქციას პიროვნების თვითდიფერენცირებისას და თვითჩაღრმავებისას. ამ ეპოქებში ევროპელი ადამიანი აჩვევს უღმერთობას არა მხოლოდ საკუთარ თავს საერთოდ, არამედ თავის აზრსაც. ხოლო ეს უცებ აღრმავებს მთელ საკითხს, ღვთისგან განდგომას ხდის ძალზე საინტერესოს და უფრო განსაცვიფრებლად მიიზიდავს ადამიანურ სულს ოცდაათ ვერცხლად ღალატისაკენ. ცხადია, ადამიანის შიშველი აზრი ასევე უძალოა, როგორც მისი არსებობის შიშველი ფაქტი. ნამდვილი უღმერთობა აქ ასევე არ შეიძლება იყოს, რამდენადაც შიშველ აზრს ყველაზე მეტად, რისი გაკეთებაც კი შეუძლია – ეს რელიგიური იდეის უბრალო პირობითობად გამოცხადებაა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორსაა სრული უღმერთობიდან. პირობითობა შეიძლება იყოს სასურველი და თვით აუცილებელი. პირველი მეტად ან ნაკლებად ნათელი ნიმუში ფილსოფიური უღმერთობისა – ეს, რასაკვირველია, არა ფრანგი მატერიალისტებია. ეს სალონური უღმერთოები, გაბღენძილი მოლაყბეები და კავალერები – სრულიად უწყინარი ქმნილებაა, არავისთვის სახიფათონი და არავისთვის საშიშნი. პირველი შოლტის შემორტყმისთანავე მსგავსი წვრილმანი შარლატანობა თავიდან ფეხებამდე გამოჯანმრთელდება. გაცილებით მეტად უღმერთოა მორწმუნე დეკარტი და ტრანსცენდენტალისტი კანტი. ასეთ უღმერთოებასთან ვერაფერს გააწყობს შოლტი, და თუ გააწყობს, მაშინ განსაკუთრებით გარეგნულად და არარსებითად. დეკარტი და კანტი არის აზრის უღმერთობა. მაშასადამე, მისი უარყოფა გვიხდება, პირველ ყოვლისა, აზრშივე, თუმცა არავითარი უღმერთობა არასოდეს შეიძლება იყოს მხოლოდ აზრობრივი შეცდომა, და ამიტომ მასთან ბრძოლა, ბოლოს და ბოლოს, არის ყოველთვის სიცოცხლისეული, და არა აზრობრივი ბრძოლა. ამგვარად, მხოლოდ ჩაღრმავებისას, შეეძლო პიროვნებას ღმერთზე თავდასხმა. კანტი, რომელიც აერთიანებს პიროვნებისა და სუბიექტის დიფერენცირებულ ძალებს, ამიტომაც გვევლინება ერთ-ერთ ყველაზე აშკარა გამომხატველად ევროპული სატანიზმისა XVII-XVIII საუკუნეებში, რომელმაც დაამტკიცა და ყველას გასაგონად გამოაცხადა, რომ ღმერთი არის მხოლოდ იდეა, თუმცა – აუცილებელი იდეა. კიდევ ერთი ნაბიჯი, და – თავად ადამიანი გამოცხადდება ღმერთად, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგა არა კანტმა, არამედ ფიხტემ, რომანტიკოსებმა და ფოიერბახმა.
რით განსხვავდება სატანა ღვთისგან? იმით, რომ იგი არის ჭეშმარიტების პაროდია, სიმართლის მაიმუნი. სატანას ნაბიჯის გადადგმაც არ შეუძლია თავისი შემქმნელის გარეშე, და მთელი მისი ყოფიერება სხვა არა არის რა, თუ არა ღვთის სიყვარული, გადმოფრქვეული სხვადყოფიერებაზე, რომ ისიც გახდეს ღვთაებრივი. მაგრამ სხვადყოფიერებას სხვადასხვა ხარისხით შეუძლია თავის თავზე ასახოს ღვთაებრივი სტიქია. არის ისეთი სხვადყოფიერება, რომელიც მას ასახავს მაქსიმალური სიმახინჯით, უდიდესი გრიმასებით, კარიკატურებით და პაროდიებით. სწორედ ეს არის ეშმაკი. ავიღებთ რა ახალი დროის ფილოსოფიურ მიმდინარეობებს, რაციონალიზმს, ემპირიზმს და კანტიანობას, ავიღებთ რა ახალი დროის ეკონომიკურ ცხოვრებას, ე. ი. კაპიტალიზმს მისი განვითარების სხვადასხვა სტადიაში, ინგლისურ მანუფაქტურას, გერმანულ-ფრანგულ მერკანტილიზმს, სავაჭრო და წარმოებითი კაპიტალის მთელ ევოლუციას, – ყოველივე ეს სხვა არა არის რა, თუ არა საცოდავი პაროდია შუა საუკუნეებისა და ანტიკურ მისტიკაზე, ფეოდალურ, ე.ი. წმინდად ადამიანურ და ბუნებრივ დამოკიდებულებებზე. აღორძინებამ გაიმეორა პლატონი, ნეო-პლატონიზმი, კაბალა და ქრისტიანობა – იმ მაიმუნური სახით, მხოლოდ რომლის უნარი შესწევდა აღორძინებულ მეშჩანობას. რაციონალიზმი, ემპირიზმი და კანტიანობა ასევე იმეორებს ამ ძველისძველ ფილოსოფიურ სისტემებს, ქურდავს მათ, აცარიელებს, გადაჰყავს თავის კომერციულ და ბუხჰალტრულ, თავის პოლიციურ და საქმოსნურ ენაზე. რამდენიმე შტრიხი ამ მიმართულებით არ იქნება ზედმეტი.
რომანტიზმი, მანქანიზმი, პარლამენტარიზმი და მეშჩანობა. არა მაქვს შესაძლებლობა წინამდებარე გადმოცემაში დაწვრილებით განვიხილოთ ევროპული მითოლოგიის ბედი. ის დავახასიათე მთლიანობაში და მივუთითე მის იმ ეტაპებზე, რომლებმაც შექმნეს სუბიექტისა და „მეს“ კულტი ამ სუბიექტისა და „მეს“ ტრანსცენდენტალური საფუძვლების აზრით. XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის რომანტიზმი და იდეალიზმი წარმოადგენენ ევროპული მითოლოგიის კულმინაციას ამ გაგებით. აქ სუბიექტი <...> გაღმერთებული იყო გადამწყვეტად ყველა მთავარი მხრიდან. ფიხტემ გააღმერთა სუბიექტის ფიზიკური სტიქია, ჰეგელმა – ლოგიკური, შოპენჰაუერმა – ალოგიკური, შლაიერმახერმა, შელინგმა – რელიგიური და ა. შ. და ა. შ. ერთნი აზვიადებდნენ გრძნობას, სხვები – აზრს, მესამენი – ნებისეულ დაძაბვას, მეოთხენი – მისტიკურ და სოციალურ მოთხოვნილებებს. მაგრამ ყველაფერი ეს დადიოდა ერთზე – ადამიანური „მეს“ აბსოლუტიზაციაზე და გაღმერთებაზე; ყველაფერს ამას გადაჰყავდა ყოფიერება და ღმერთი ადამიანურ ენაზე, ახდენდა ყოფიერებას <...> ადამიანთან, ხდიდა ადამიანს – ყოველივეს კრიტერიუმად. პიროვნების ეს აბსოლუტიზირება, გონების მთლიანი სისტემის თვალსაზრისიდან გამომდინარე, სატანიზმს რომ წარმოადგენს, – ამაში ძნელი არ არის ყოველი დარწმუნდეს. სატანისა და დემონის სახეები – ამ დროის საყვარელი სახეებია. რომანტიკული დემონი რომ არცთუ ძალზე საშიშია, უფრო მეტად მხოლოდ ლამაზია და არსებითად უვნებელია, წარმოადგენს საუკეთესო მტკიცებულებას სუბიექტივისტური მეშჩანობისას, რომელიც საფუძვლად უდევს რომანტიზმს. ისე, როგორც პუშკინმა დასცინა თავის ონეგინს, სრულად გამოსაყენებელია ამ პერიოდის ნებისმიერი „დემონური“ სახისადმი. აქ თითქმის ყველგან პირველ პლანზეა საკუთარი მეს სიყვარული და დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, უქნარობა და შრომის უგულებელყოფა, თავქარიანი და თვითკმაყოფილი შეთამაშება დიდ საკითხებთან, თითქმის ყველგან არაგულწრფელობა, სისასტიკე, ქედმაღალი ზვიადობა და სულიერი გულქვაობა. არა მხოლოდ <...>, არამედ პეჩორინიც საინტერესოა და საშიში უმთავრესად პროვინციელი ქალიშვილებისათვის. ბაირონისეულ გმირს კი <...> ეგოიზმში და მეშჩანობაში იგივე პუშკინი.
აი, რატომ მიდის რომანტიზმი მექანისტური მატერიალიზმის მხარდამხარ. თუკი მითის მთელი შინაარსი შეწოვილია სუბიექტში, მაშინ ობიექტზე არაფერი დარჩება, გარდა ჰიპოსტაზირებული ცარიელი და მკვდარი სქემებისა. აი, რატომ მიდის რომანტიზმი კაპიტალიზმის მხარდამხარ, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა რომანტიკული ეკონომიკა, რადგან ანტითეზა აქტიური მეწარმისა და პასიური მუშის არის რომანტიზმის გადატანა ეკონომიკურ სფეროში. აი, რატომ მიდის რომანტიზმი მანქანური წარმოებისა და საერთოდ სიცოცხლის მექანიზაციის მხარდამხარ, რადგან ობიექტური სოციალური სიცოცხლე, შინაარსს მოკლებული (მოკლე შინაარსი გადატანილია სუბიექტში), შეიძლება იყოს მხოლოდ მკვდართა და ცარიელი სქემების სამეფო, რომელიც მოძრაობაში მოჰყავს ყოვლად ძლიერ სუბიექტს.
ერთი და იგივე მითოლოგია უდევს საფუძვლად რომანტიზმს, მექანიციზმს, მანქანურ წარმოებასა და კაპიტალისტურ ექსპოლატაციას. მანქანის მითოლოგია არის სუბიექტის მითოლოგია, რომელიც გააფთრებით თავს ესხმის ობიექტს, ბოლომდე ძარცვავს მას და მის ადგილზე ტოვებს – დამახინჯებულ გვამსა და ჩონჩხს. მანქანაში არის რაღაც დაღუპული, საცოდავი და ტანჯული. როდესაც მანქანა მოქმედებს, გეჩვენება, რომ ვიღაც იტანჯება. მანქანა არ არის უმანკო, სასტიკია, შინაგანად გამოცარიელებულია. მასში – რაღაც პრინციპული უნიჭობაა, სულიერი მეშჩანობაა, მოწყენილობა და სიბნელე. არის რაღაც მომაბეზრებელი და მოსაწყენი მანქანის ჭინთვაში შეცვალოს სიცოცხლე. ის წარმოადგენს სულის უღრმეს ცინიზმს, <...> შემოფარგვლა საშუალო, დაშტამპული და მექანიკური ნივთებით. გული მეუბნება, რომ, როდესაც მუშაობს მანქანა, რომელიღაც მშობლიურ-ახლობელს სახეში ურტყამენ. მანქანა – ყოველგვარი შემოქმედების ანტიპოდია, ცოცხალი გონების ჩახშობაა, გრძნობების გაუხეშება და დაბნელებაა, ვიღაც აქ ცრემლებს ღვრიდა და თავს იკლავდა, როგორც ტირიან და იტანჯებიან ძვირფასი გარდაცვლილის საფლავზე. საფლავი და მეშჩანობა, ყველა გენიალურზე, ადამიანურზე შური – მოქრის მანქანიდან. მანქანა უმადური და უხეშია. მასში მოსჩანს უნიჭო მეშჩანის გაბოროტებული სახე, რომელმაც მოინდომა მუშტებისა და კეტის დახმარებით გენიალური გამხდარიყო. მანქანა – სულის უფერულობის გააფთრებაა, სასტიკი და მატყუარა, როგორც სატანა. მისგან სული იხუთება და მკერდი მძიმდება. გსურს გაიქცე ამ ურჩხულისა და ერთდროულად არარაობისაგან, გაიქცე თვალდახუჭული და ყურებდაგმანული, გაიქცე უცნობი მიმართულებით, – ოღონდ დაიმალო ამ ადამიანური თვითგამოტირებიდან, ამ სულიერი სიმყრალიდან და სამარცხვინო საქციელიდან, ამ <...> და სიკვდილიდან. გსურს ჰაერი, წყალი, ლურჯი ცა, ლურჯი ცის თუნდაც ერთი ნაგლეჯი. გსურს უდაბნოში, განდეგილობაში, ქვეყნის დასასრულში ყოფნა, ოღონდ არ იხილო ეს ბორბლები, ეს მილები, ეს ხრახნები, არ გესმოდეს ავტომობილის ძაღლისებური ყეფა, ტრამვაის ველური მხეცური კივილი, არ ისუნთქო ამ სატანური გუნდრუკით ფაბრიკულ-ქარხნული ჰაერისა. მსოფლიო მეშჩანობა მანქანაში ზეიმობს თავის საბოლოო და, ამასთანავე, გაუგონარ გამარჯვებას.
მანქანა უნიჭოა, როგორც უნიჭოა მისი წარმომშვები ლიბერალური ატმოსფერო. განა უნიჭო არ არის ეს პარლამენტარიზმი, პარტიათა ბრძოლა, ეს არჩევნები, ეს ყბადაღებული ხმათა უმრავლესობა? მანქანა – ისევე ასახავს სინამდვილეს, როგორც თანამედროვე წარმომადგენლობა ევროპასა და ამერიკაში გამოხატავს ხალხის ნამდვილ აზრს. ე. წ. „ხალხი“ სწრაფად აიტაცებს ხოლმე საერთო იდეებსა და დაშტამპულ სიტყვებს, უმსუბუქესი გზით განაზოგადებს ფაქტებს, რომელიც მან არ იცის, და შეიქმნის წარმოდგენებს, რომელთა მიმართ ის უუნაროა. განზოგადოებათა სისწრაფე და სიმსუბუქე, ჩასწორებული და ანთებული პოლიტიკური ფაქტორების მასით, რომლებიც პირველ რიგში, მიზნად ისახავენ თვითგანდიდებასა და ადვილ წარმატებას, წარმოადგენენ ევროპაში მთელი პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ ფაქტს.
შენიშვნები და განმარტებები:
72. გამოცხადება V, 11.
73. ანგელოზურ ძალთა ეს დიალექტიკა ერთხელ უკვე გავატარე ტექსტებზე პროკლედან, რომელთანაც, როგორც წარმართთან, ანგელოზური ძალები, რასაკვირველია, იგივეობრივნია უბრალოდ „ღმერთებთან“ (Диалектика числа у Полотина. М., 1928).
74. აქ ხელნაწერში ტექსტი მთავრდება. შემდეგ მოჰყვება ოთხი ცარიელი ფურცელი. ხელით ნაბეჭდ ტექსტშიც ზუსტად ამ ადგილზე წყდება.
75. ვფიქრობ, ეს სიტყვა ავტორის ირონიაა ახალშემოღებული საბჭოთა ტერმინების მიმართ. მთარგმნელის შენიშვნა.
კომენტარები