სექსი, სიყვარულის გენეზისი

სექსი, სიყვარულის გენეზისი

  • ავტორი:
  • March 29, 2021

ოშო – ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ოშოს წიგნიდან – „სექსიდან სუპერცნობიერებამდე“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება.

შეკითხვა: – რა არის სიყვარული?

 

 

 

ცხოვრობდე მისით, იცოდე ის, ძალიან ადვილია, მაგრამ სიყვარულის განსაზღვრა მართლაც ძალიან ძნელია. თუ თევზს კითხავთ ზღვა როგორია, ის გიპასუხებთ: „ეს არის ზღვა. გარშემო ყველგან ზღვაა. ეს არის სულ“. თუ თქვენ დაჟინებით გაუმეორებთ კითხვას: „გთხოვ განსაზღვრო რა არის ზღვა?“, მაშინ მდგომარეობა მართლაც გართულდება.

 

საუკეთესო და ყველაზე ლამაზი რამეებით შეიძლება იცხოვრო, შეიძლება ჩაწვდე მათ, მაგრამ მათი განსაზღვრა ძნელია. ძნელია მათი აღწერა.

 

აი, რა არის ადამიანის უბედურება: უკანასკნელი 4, 5 ათასწლეულის განმავლობაში ის მხოლოდ ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა იმ რაღაცის შესახებ, რითაც უნდა ეცხოვრა, იმის შესახებ, რაც თავის შიგნით უნდა გაეცნობიერებინა სიყვარულის შესახებ. იყო ბევრი საუბარი სიყვარულზე, მღეროდნენ უამრავ სასიყვარულო სიმღერას. მიძღვნის ჰიმნებს გამუდმებით გალობენ ტაძრებსა და ეკლესიებში. რა აღარ კეთდებოდა სიყვარულის სახელით, და მაინც ადამიანის ცხოვრებაში სიყვარულის ადგილი არ არის. კაცობრიობის ენებში რამდენიც უნდა ვეძებოთ ჩვენ ვერ ვნახავთ ისეთ ცრუ სიტყვას, როგორიც არის სიტყვა „სიყვარული“. 

 

ყველა რელიგია ლაპარაკობს სიყვარულის შესახებ, მაგრამ იმ სახის სიყვარულმა, რომელსაც ყველგან ვხვდებით და რომელიც მემკვიდრეობითი ავადმყოფობასავით გადადის თაობიდან თაობაზე, მხოლოდ ის შეძლო, რომ სიყვარულის ყველა კარი დახურა ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ მასები თაყვანს სცემენ რელიგიურ ლიდერებს, როგორც სიყვარულის შემქმნელებს. მათ გააყალბეს სიყვარული, მათ სიყვარულის ყველა შენაკადი გადაკეტეს. ამ თვალსაზრისით დიდი განსხვავება არ არის დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ინდოეთსა და ამერიკას შორის.

 

სიყვარული ისე უნდა იქნას შესწავლილი, როგორც ხელოვნება, უდიდესი ხელოვნება, ცხოვრების ხელოვნება. ამიტომ არის, რომ ისევ და ისევ ვლაპარაკობთ სიყვარულზე. მაგრამ სიყვარული ძალიან იშვიათი რამ არის დედამიწაზე. ის მხოლოდ ერთხელ ხდება. მილიონობით ადამიანია შეყვარებული და მილიონში მხოლოდ ერთს აქვს უნარი შეუყვარდეს. ამას თავისი მიზეზი აქვს. როცა ბავშვი იბადება მას მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, და ეს ბუნებრივიც არის. ის სხვას არავის იცნობს. მხოლოდ საკუთარ თავს იცნობს. ბავშვი ყველაზე ეგოისტი არსებაა, ყველაზე ეგოისტი, ეგოცენტრული არსება. ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობს და ისე წარმოუდგენია თითქოს მთელი მსოფლიო იმისთვის არსებობს, რომ მას ემსახუროს. რადგან უმწეოა, ყველა მას უნდა ემსახუროს. ასე რომ, მას გამართლება აქვს. როგორც კი ატირდება, დედა მისკენ გარბის, რომ მიუტანოს რძე, საკვები, დაეხმაროს, გაათბოს, მიესიყვარულოს, და ის დიქტატორის თვისებებს იძენს.

 

ყველა ბავშვი ხდება დიქტატორი და მან იცის, რომ სურვილებს დაუკმაყოფილებენ. რასაც კი მოისურვებს, მაშინვე უნდა გაუკეთონ, სხვაგვარად გაგიჟდება. ის იმდენად უმწეოა, რომ ვერაფერს გავაწყობთ – უნდა ვემსახუროთ. მისი ეგო ძლიერდება. დედა, მამა, ოჯახი, ყველა, ვინც მის გარშემოა, მას ეხმარება და ის გრძნობს, რომ სამყაროს ცენტრია და თითქმის ყოველთვის ისე ხდება, რომ თქვენ ვერ იზრდებით და ბავშვობის სისულელეებში რჩებით. თქვენ რჩებით ცენტრად და გგონიათ, რომ ყველა თქვენ უნდა გემსახუროთ.

 

როგორ შეიძლება თქვენ გიყვარდეთ? სიყვარული ხომ იმას ნიშნავს, რომ ცენტრად სხვა იქცა. სიყვარული ძალიან დიდი ნახტომია. თქვენ არ ხართ ცენტრი, ცენტრი ახლა სხვა გახდა, თქვენ კი ჩრდილად იქეცით. ახლა აზრი სხვამ შეიძინა და ბედნიერება მისთვის სამსახურის გაწევაა. მაგრამ ასე არასდროს ხდება. ქმარი ნორჩია, ცოლი ნორჩია და ისინი რჩებიან თავიანთ ბავშვობის ცნობიერებაში, რომ ცენტრს წარმოადგენენ და ყველა მათ უნდა ემსახუროს. ეს ქმნის ქაოსს, ქმნის ტანჯვას და ჯოჯოხეთს. სიყვარული უნდა ისწავლო, საჭიროა გაიზარდო. როცა საკუთარ ეგოს მოიშორებთ, მაშინ შეძლებთ გიყვარდეთ.

 

სიყვარული პირველი უნდა იყოს, ჩვენ კი პირიქით ვაკეთებთ. არ არსებობს კოლეჯი, სკოლა თუ უნივერსიტეტი, რომელშიც სიყვარული ისწავლება. ისინი მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რათა გაგწვრთნან იმაში, თუ როგორ იფიქრო. არავინ გწვრთნის იმაში, თუ როგორ იგრძნო, როგორ უნდა იყო უფრო მოყვარული და ყველაფერი მარტივადაა: თუკი არავინ გასწავლით მათემატიკას, მაშინ მას არ სწავლობთ, თუ არავინ გასწავლით ენას, არც მას სწავლობთ. ასევეა სიყვარულიც. ის არავინ გასწავლათ და ამიტომ არ იცით. მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ შეყვარებული უნდა გყავდეთ და ეძებთ შესაფერის პიროვნებას, რომელიც შეგიყვარებთ.

 

მსმენია, რომ ერთი კაცი სრულყოფილ ცოლს ეძებდა, იდეალურ ქალს. ცხადია, მისი პოვნა ვერ შეძლო, მაგრამ ეძებდა და ეძებდა და ამ ძებნაში დაბერდა. შემდეგ ვიღაცამ ჰკითხა: „რას ელოდები? ახლა მაინც დაქორწინდი! უკვე სიკვდილის პირას ხარ“.

 

კაცმა უპასუხა: „მაგრამ მე არ შემიძლია. მხოლოდ იდეალურ, სრულყოფილ ქალზე თუ დავქორწინდები“.

 

მაშინ მეგობარმა ჰკითხა: „მაგრამ შენ ხომ ამდენი ეძიე. ნუთუ ერთი ქალი ვერ იპოვე ამხელა დედამიწაზე?“.

 

მოხუცმა უპასუხა: „ჰო, ერთხელ ვიპოვე კიდეც, მაგრამ ის იდეალურ ქმარს ეძებდა“.

 

თქვენ ფიქრობთ, რომ სრულყოფილი ხართ და მეორე სრულყოფილ პიროვნებას ეძებთ და თუ მას მიაგნებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ასე არაფერი გამოვა. ეს შეუძლებელია. თქვენ ისწავლეთ ფიქრი და ეს იქცა საფუძვლად. აი, ამიტომ არის თქვენი პიროვნება თავდაყირა.

 

სიყვარულის ნაკადი ჯერჯერობით კაცში არ ამოტივტივებულა, და ჩვენ ამას თვითონ კაცს მივაწერთ. ჩვენ ვამბობთ, სიყვარული იმიტომ არ არის, რომ კაცი წამხდარია, რომ ჩვენს ცხოვრებაში სიყვარულის ნაკადი აღარ არის. ჩვენ ამაში გონებას ვადანაშაულებთ, ვამბობთ, რომ ის მომწამლავია. გონება არ არის საწამლავი. ის, ვინც გონებას ამდაბლებს, სიყვარულს წამლავს. ისინი სიყვარულს ზრდის საშუალებას არ აძლევენ. ამ სამყაროში არაფერია საწამლავი. ღმერთის მთელ ქმნილებაში ცუდი არაფერია. ყველაფერი ნექტარია. თვითონ ადამიანმა აქცია ნექტარით სავსე თასი შხამად, და ამაში მთავარი დამნაშავეები არიან ეგრეთ წოდებული მასწავლებლები, ეგრეთ წოდებული წმინდანები და პოლიტიკოსები.

 

დეტალურად იმსჯელეთ ამ საკითხზე. თუ ეს ავადმყოფობა დაუყოვნებლივ არ იქნა გაგებული და თუ მას დროზე არ ვუშველეთ, მაშინ არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს – ახლა, ან მომავალში – სიყვარულისა ადამიანის ცხოვრებაში.

 

ირონია აქ ის არის, რომ ჩვენ ბრმად მივიღეთ ამის მიზეზები სწორედ იმ წყაროებიდან, რომლებიც დამნაშავე არიან იმაში, რომ სიყვარულს ადამიანის ჰორიზონტზე უპირველესი ადგილი არ უჭირავს. თუკი შეცდომაში შემყვანი პრინციპები მეორდება და მეორდება საუკუნეების განმავლობაში, ჩვენ უკვე ვეღარ ვამჩნევთ ფუნდამენტურ შეცდომებს საწყისი პრინციპების უკან, და შემდეგ ქაოსი იქმნება, რადგან ადამიანს არსებითად არ შეუძლია გახდეს ის, რასაც მისგან ეს არაბუნებრივი წესები მოითხოვენ რომ გახდეს. ჩვენ კი უბრალოდ ვამბობთ, რომ ადამიანი არასწორად იქცევა.

 

მსმენია, რომ უძველეს დროში ხელის მარაოებით ერთი ქუჩის მოვაჭრე ყოველ დღე მეფის სასახლესთან ჩაივლიდა ხოლმე. ის ტრაბახობდა, რომ უნიკალურ და ულამაზეს მარაოებს ჰყიდდა და ამტკიცებდა, რომ ასეთი მარაოები ადრე არავის ენახა.

 

მეფეს ყველანაირი მარაოს კოლექცია ჰქონდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი და ის ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. ერთ დღეს ის აივანზე გადაიხარა რომ ის „უნიკალური და ულამაზესი“ მარაოები დაენახა. მარაოები თითქოს ჩვეულებრივი ჩანდა და მათი ფასი პენი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან გამყიდველი ზემოთ, თავისთან მიიხმო. მეფემ ჰკითხა: „რით არის ასე უნიკალური ეს მარაოები? და რა ღირს ისინი?“.

 

ქუჩის მოვაჭრემ უპასუხა: „თქვენო უდიდებულესობავ. ძვირი ნამდვილად არ არის. თუ ამ მარაოების ხარისხს გავითვალისწინებთ, ფასი ძალიან დაბალია. ერთი მარაო ას რუპიად“.

 

მეფე გაოცდა. „ასი რუპია! ერთპაისიანი მარაოებით და ერთპენიანი მარაოებით სავსეა ბაზარი. შენ კი ას რუპიად ყიდი. რა არის ასეთი განსაკუთრებული მაგ შენს მარაოებში?“.

 

კაცმა უპასუხა: „ხარისხი! თითოეული მარაო გარანტირებულად ძლებს 100 წელიწადს. ის მთელი 100 წელი არ გაფუჭდება“.

 

„იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურება შეუძლებელი ჩანს, რომ მაგ მარაომ თუნდაც ერთი კვირა გაძლოს. შენ რა, მატყუებ? ეს ხომ თაღლითობაა! და თანაც ვისთან, მეფესთან“!

 

გამყიდველმა უპასუხა: „ჩემო მეფეო! ამას როგორ გავბედავ! თქვენ ძალიან კარგად იცით, სერ, რომ მე ყოველდღე თქვენი აივნის ქვეშ ჩავივლი ხოლმე. მივდივარ, რომ მარაოები გავყიდო. ერთი მარაო ასი რუპია ღირს და მე პასუხისმგებელი ვარ, რომ ის 100 წელს გაძლებს. ქუჩაში ყოველდღე შეიძლება ჩემი ნახვა და რაც მთავარია, თქვენ ხომ მეფე ხართ. როგორ შემიძლია თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო თუ თქვენ მოგატყუებთ?“.

 

გამყიდველს მარაოში გადაუხადეს ფასი, რომელსაც ითხოვდა. მეფეს ცნობისმოყვარეობა კლავდა გაეგო რა საფუძველი ჰქონდა კაცს ასეთი განცხადების გაკეთებისათვის. გამყიდველს უბრძანეს მეშვიდე დღეს მეფის წინაშე წარმდგარიყო.

 

უკვე მესამე დღეს ცენტრალური ჯოხი ამოვარდა და სანამ კვირა გავიდოდა მარაო დაიშალა.

 

მეფე დარწმუნებული იყო, რომ მარაოების გამყიდველი აღარასოდეს გამოჩნდებოდა და ძალიან გაოცდა, როცა კაცი მის წინაშე წარდგა და თანაც ზუსტად იმ დროისთვის, როცა ნაბრძანები ჰქონდა მისვლა – მეშვიდე დღეს.

 

„თქვენს განკარგულებაში ვარ, თქვენო უდიდებულესობავ“.

 

მეფე გაცეცხლდა: „ოჰ, შე არამზადავ! შე სულელო! შეხედე, აგერ დევს შენი მარაო, მთლად დამტვრეული და ნამსხვრევებად ქცეული. ასეთ მდგომარეობაშია ის ერთი კვირის შემდეგ, შენ კი გარანტიას მაძლევდი, რომ ის 100 წელს გაძლებდა. ან გიჟი ხარ ან სუპერ მატყუარა“.

 

კაცმა თავმდაბლად უპასუხა: „დიდი პატივისცემით, უნდა გითხრათ, რომ ჩემმა მეფემ არ იცის მარაო როგორ გამოიყენოს. მარაომ 100 წელს უნდა გაძლოს. ეს გარანტირებულია. როგორ მოიხმართ მარაოს?“.

 

მეფემ თქვა: „ღმერთო ჩემო! ახლა ის უნდა ვისწავლო მარაო როგორ მოვიხმარო სწორად“.

 

„ძალიან გთხოვთ ნუ გაბრაზდებით. როგორ მივიდა მარაო შვიდ დღეში ასეთ მდგომარეობამდე? როგორ მოიხმარდით მას?“.

 

მეფემ მარაო ასწია და უჩვენა როგორ იყენებდა მას.

 

გამყიდველმა თქვა: „ახლა მე ვხვდები. არასწორად აკეთებთ“.

 

„სხვა რა გზა არსებობს კიდევ?“. – ჰკითხა მეფემ.

 

გამყიდველმა აუხსნა: „მაგრად დაიჭირეთ მარაო, ასე გეჭიროთ თქვენს წინ და თავი ამოძრავეთ წინ და უკან. ასე მარაო 100 წელიწადს გაძლებს. თქვენ მოკვდებით, მარაო კი ხელუხლებელი იქნება. მარაო კი არ არის ცუდი, თქვენ ვერ იყენებთ მას სწორად. მარაო მაგრად დაიჭირეთ და თავი ამოძრავეთ. რა არის აქ ჩემი მარაოს ბრალი? თქვენი ბრალია და არა მისი“.

 

კაცობრიობასაც მსგავს რამეში დებენ ბრალს. დაკვირვებით შეხედეთ – ადამიანი ავად არის 5, 6, 10 000 წლის განმავლობაში ნაგროვები სენის გამო. გამუდმებით იმეორებენ, რომ ეს ადამიანის ბრალია და არა კულტურის. ადამიანი ლპება, მაგრამ კულტურას აქებენ. ჩვენი დიდი კულტურა! ჩვენი დიდი რელიგია! ყველაფერი დიდია! და აი, იხილეთ ამ ყველაფრის ნაყოფი!

 

ამბობენ: „ადამიანი არ იქცევა სწორად. ადამიანი უნდა შეიცვალოს“. მაგრამ არავინ ადგება და იტყვის, რომ ყველაფერი იმიტომ არის ისე, როგორც არის, რომ ჩვენს კულტურას და რელიგიას არ შეუძლიათ ადამიანი სიყვარულით აავსონ მას შემდეგ, რაც 10 000 წლის განმავლობაში ყალბ ფასეულობებზე არიან დაფუძნებული, და რადგან სიყვარული ბოლო 10 000 წლის განმავლობაში არ გაჩნდა, დამიჯერეთ, რომ არც მომავალში არსებობს იმის შესაძლებლობა ამ კულტურის და რელიგიის პირობებში ოდესმე ვიხილოთ მოსიყვარულე ადამიანი. ის, რისი მიღწევაც შეუძლებელი აღმოჩნდა ბოლო 10 000 წლის განმავლობაში, ასევე შეუძლებელი იქნება მომდევნო 10 000 წელიწადში. თუმცა ეტიკეტის, ცივილიზაციის და ტექნოლოგიის გარეგნული საფარველი დროდადრო იცვლება, ადამიანი იგივე რჩება და ასე გაგრძელდება მუდამ.

 

ჩვენ მზად არ ვართ, რომ მიმოვიხილოთ ჩვენი კულტურა და რელიგია, სამაგიეროდ ხოტბას ვასხამთ მას ხმამაღლა, ფილტვების დასკდომამდე და ფეხებს ვუკოცნით წმინდანებს და მეურვეებს. ჩვენ იმაზეც კი არ ვთანხმდებით უკან მოვიხედოთ და ვიფიქროთ რას ვაკეთებთ და საით არის მიმართული ჩვენი აზროვნება, შევამოწმოთ მცდარ გზაზე ხომ არ ვდგავართ, ყველაფერში ხომ არ ვცდებით.

 

მე იმის თქმა მინდა, რომ საფუძველი უვარგისია და ღირებულებები ყალბია. ამის მტკიცებულება დღევანდელი ადამიანია. მეტი მტკიცებულება რაღა შეიძლება იყოს?

 

თუ ჩვენ თესლს მიწაში ვრგავთ და ნაყოფი შხამიანი და მწარეა, რას ამტკიცებს ეს? ეს იმას ამტკიცებს, რომ თესლიც შხამიანი და მწარე იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ძნელია წინასწარ თქმა ესა თუ ის თესლი მწარე ნაყოფს გამოიღებს თუ არა. შეიძლება მას ყურადღებით დააკვირდეთ, ხელით მოსინჯოთ, გატეხოთ, მაგრამ მაინც ვერ იტყვით ნაყოფი ტკბილი იქნება თუ არა. თქვენ დროითი გამოცდის დაცდა მოგიწევთ.

 

დათესეთ თესლი. მცენარე აღმოცენდება. წლები გაივლის და ხე გამოჩნდება. ტოტებს ცამდე მიაწვდენს და ნაყოფს გამოიღებს, და მხოლოდ მაშინ გაიგებთ თქვენს მიერ დათესილი თესლი მწარე იყო თუ არა. თანამედროვე ადამიანი არის ნაყოფი კულტურის და რელიგიის იმ თესლისა, რომელიც 10 000 წლის წინ დათესეს და მას შემდეგ უვლიან, და ნაყოფი მწარეა. ის სავსეა კონფლიქტებით და ტანჯვით.

 

აგრამ, ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, რომელიც ხოტბას ასხამს ამ თესლს და ელოდება, რომ მისგან სიყვარული აყვავილდება, მაგრამ მე ვიმეორებ, ეს არ მოხდება, რადგან სიყვარულის დაბადების ყოველგვარი შესაძლებლობა რელიგიამ მოკლა. თვით ამის შესაძლებლობაა მოწამლული. უფრო მეტად, ვიდრე ადამიანში, სიყვარული შეიძლება დავინახოთ ჩიტებში, ცხოველებსა და მცენარეებში – მათში, ვისაც არ აქვს რელიგია და კულტურა. სიყვარული უფრო ცხადად იჩენს თავს არაცივილიზებულ ადამიანებში, ჩამორჩენილ ტყის კაცებში, ვიდრე დღევანდელ ეგრეთ წოდებულ პროგრესულ, კულტურულ და ცივილიზებულ ხალხში, და გახსოვდეთ, რომ აბორიგენებს არასდროს შეუქმნიათ ცივილიზაცია, რელიგია და კულტურა.

 

რატომ ხდება ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტად დაცლილი სიყვარულისგან, მაშინ როცა თავს ისე აჩვენებს, თითქოს სულ უფრო და უფრო მეტად ცივილიზებული, კულტურული და რელიგიურია, ტაძარში რეგულარულად დადის და ლოცულობს? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მინდა მათ შესახებ ვიმსჯელო. თუ ამის გაგებას შეძლებთ სიყვარულის მარადიული ნაკადი შეიძლება დაიძრას წინ, მაგრამ ის ქვებშია გაჩხერილი და ზედაპირზე ვერ ამოდის. ყველა მხრიდან კედლებითაა გარშემორტყმული და განგს1 არ შეუძლია წინ მიაწყდეს, თავისუფლად იდინოს.

 

სიყვარული ადამიანის შიგნითაა. ის არ არის გარედან იმპორტირებული. ის არ არის ნივთი, რომელიც შეიძლება მარკეტში შეიძინო. ის აქ არის, როგორც ცხოვრების არომატი. ის ყველას შიგნითაა. სიყვარულის ძებნა, სიყვარულთან ლოლიაობა, არ არის პოზიტიური ქმედება.

 

ერთი სკულპტორი ქვაზე მუშაობდა. მასთან კაცი მივიდა რათა ენახა როგორ კეთდებოდა ქანდაკება, მაგრამ ქანდაკების ნასახიც ვერ იხილა. საჭრეთლით და ჩაქუჩით დაჭრილი ქვები ეყარა მხოლოდ აქეთ-იქით.

 

„რას აკეთებთ, – იკითხა კაცმა. – ქანდაკებაზე არ მუშაობთ? მე მინდოდა ქანდაკების კეთების პროცესი მენახა, მაგრამ მხოლოდ დაჭრილ ქვებს ვხედავ“.

 

ხელოვანმა უპასუხა: „ქანდაკება უკვე არის მათ შიგნით ჩადებული. მისი გაკეთების არავითარი საჭიროება არ არის. როგორღაც, ქვების უსარგებლო მასა, რომელიც მიმდნარია მასზე, უნდა გამოცალკევდეს, რის შემდეგაც ქანდაკება გამოჩნდება. ქანდაკება არ კეთდება. მისი აღმოჩენა ხდება. მას საფარველს შემოაცლიან და მზის შუქს იხილავს“.

 

სიყვარული ადამიანშია ჩამწყვდეული. მას მხოლოდ გამოთავისუფლება სჭირდება. საქმე ის კი არ არის, როგორ შევქმნათ ის, არამედ საფარველი როგორ შემოვაცალოთ. რითი გვაქვს საკუთარი თავი დაფარული? რა არის ის, რაც სიყვარულს ზედაპირზე ამოსვლის საშუალებას არ აძლევს?“.

 

ჰკითხეთ მედიცინის მუშაკს რა არის ჯანმრთელობა. ძალიან უცნაურია, მაგრამ ვერც ერთი ექიმი ამქვეყნად ვერ გეტყვით ჯანმრთელობა რა არის. მაშინ, როცა მთელი სამედიცინო მეცნიერება ჯანმრთელობის საკითხზე მუშაობს, ნუთუ არავის არ უნდა შეეძლოს გიპასუხოთ რა არის ჯანმრთელობა? თუ ექიმს შეეკითხებით, ის გეტყვით, რომ მხოლოდ იმის თქმა შეუძლია ავადმყოფობა რა არის, ან სიმპტომები რა არის. მან შეიძლება სხვადასხვა ტექნიკური ტერმინები იცოდეს თითოეული და ყველა ავადმყოფობისათვის და წამლის გამოწერა შეეძლოს. მაგრამ ჯანმრთელობა? ჯანმრთელობის შესახებ მან არაფერი იცის. მას შეუძლია მხოლოდ ის ამტკიცოს, რომ ჯანმრთელობაა ის, რაც მას შემდეგ რჩება, როცა ავადმყოფობა აღარ არის. ეს იმიტომ, რომ ჯანმრთელობა ადამიანის შიგნითაა დამალული. ეს სიტყვა განსაზღვრებას არ ექვემდებარება.

 

ავადმყოფობა გარედან მოდის და ამიტომ მისი განსაზღვრება შეიძლება, ჯანმრთელობა კი შიგნიდან მოდის და ამიტომ მისი განსაზღვრება არ შეგვიძლია. მხოლოდ იმას თუ ვიტყვით, რომ ჯანმრთელობა ავადმყოფობის არარსებობაა.

 

სიმართლე ის არის, რომ ჯანმრთელობას შექმნა არ სჭირდება. ის ან ავადმყოფობითაა დამალული, ან საკუთარ თავს ავლენს, როცა ავადმყოფობა მიდის. ჯანმრთელობა ჩვენს შიგნით არის. ჯანმრთელობა ჩვენი ბუნებაა.

 

სიყვარულიც ჩვენს შიგნითაა. სიყვარული ჩვენი ბუნებისთვის ნიშანდობლივია. არსებითად არასწორია ადამიანს თხოვო შექმნას სიყვარული. პრობლემა ის კი არ არის სიყვარული როგორ შექმნა, არამედ ის, თუ როგორ გამოიკვლიო და მიხვდე რატომ არ შეუძლია მას თავის გამოვლენა. რა არის დაბრკოლება? რა არის სიძნელე? სად არის კაშხალი დაბლოკილი?

 

თუ ბარიერები არ იქნება, სიყვარული თავს გამოავლენს. აუცილებელი არ არის აიძულო მას ან მიმართულება მისცე. ყველა ადამიანი სავსე იქნებოდა სიყვარულით, რომ არა ყალბი კულტურისა და ხელისშემშლელი და მავნე ტრადიციების ბარიერები. არაფერს შეუძლია სიყვარულის ჩახშობა. სიყვარული გარდაუვალია. სიყვარული ჩვენი ბუნებაა.

 

განგი ჰიმალაის მთებიდან მოედინება. ის წყალია. ის უბრალოდ მიედინება, მღვდელს არ ეკითხება გზას ოკეანისკენ. ოდესმე გინახავთ მდინარე გზაჯვარედინზე იდგეს და პოლიციელს ეკითხებოდეს ოკეანე სად არისო? რაც უნდა შორს იყოს ოკეანე, რაც უნდა დაფარული იყოს ის, მდინარე უეჭველად იპოვის გასასვლელს. ეს გარდაუვალია: მას შინაგანი მოთხოვნილება აქვს. მას გზის მაჩვენებელი არ აქვს, მაგრამ აუცილებლად მიაღწევს დანიშნულების ადგილს. ის გაძვრება მთებში, გადაკვეთს ველებს, მთელ ქვეყანაში იხეტიალებს რომ მდინარეს მიაღწიოს. მის გულის გულში დაუოკებელი სურვილი, ძალა და ენერგიაა.

 

მაგრამ ვთქვათ ადამიანმა მას გზაზე დაბრკოლებები შეუქმნა. ვთქვათ კაშხალი ააგო. მდინარეს შეუძლია დაძლიოს და გადალახოს ბუნებრივი ბარიერები, ისინი ხომ ბარიერები სულაც არ არის. მაგრამ თუ ბარიერს ადამიანი ქმნის, თუ კაშხალს ააგებენ რომ მის დინებას ხელი შეუშალოს, მაშინ, შესაძლებელია მან ოკეანეს ვერ მიაღწიოს. ადამიანს, ყველაზე გონიერს ცოცხალ არსებათა შორის, შეუძლია მდინარე შეაჩეროს თუკი ის ამის გაკეთებას გადაწყვეტს.

 

ბუნებაში არსებობს ფუნდამენტური ერთიანობა, ჰარმონია. ბუნებრივი დაბრკოლებები, აშკარა წინააღმდეგობები, რომლებიც ბუნებაში გვხვდება, მხოლოდ გამოწვევებია, რომ ენერგია გაიზარდოს. ისინი არიან ერთგვარი ხმამაღალი შეძახილი იმის გამოსაღვიძებლად, რაც შიგნით ლატენტურად დევს. ბუნებაში დისჰარმონია არ არსებობს.

 

როცა თესლს ვთესავთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მიწის ფენა თესლის ზემოთ მას ქვემოთ აწვება და მის ზრდას ხელს უშლის. შეიძლება ასე ჩანდეს მაგრამ სინამდვილეში მიწის ფენა დაბრკოლება არ არის. ამ ფენის გარეშე თესლი გაღვივებას ვერ შეძლებდა. მიწა თესლს აწვება იმისთვის, რომ ის დარბილდეს, დაიშალოს და ნერგად გადაიქცეს. გარედან შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ნიადაგი თესლს ხუთავს, მაგრამ სინამდვილეში ნიადაგი მეგობრის მოვალეობას ასრულებს მხოლოდ. ეს კლინიკური ოპერაციაა. თუ თესლი მცენარედ არ გადაიქცევა, ჩვენ დავასკვნით, რომ ნიადაგი შესაფერისი არ იყო. მაგრამ თესლს შეიძლება საკმაო წყალი არ ჰქონდეს, ან შეიძლება მზის სხივები აკლდეს – ჩვენ თესლს არ ვადანაშაულებთ. მაგრამ თუ მცენარე არ ყვავილობს, ჩვენ ვამბობთ, რომ ამაში ადამიანია დამნაშავე. არავინ ფიქრობს ისეთ მდაბალ რამეზე, როგორიცაა სასუქი, ან წყლის და მზის სხივების ნაკლებობა და არაფერს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. თვითონ კაცს ედება ბრალად, რომ ცუდია. ასე რომ, ამ კაცის ნარგავმა არ გაიხარა, გახმა არამეგობრულ გარემოში და ვერ შეძლო ყვავილობის სტადიისთვის მიეღწია.

 

ბუნება რიტმული ჰარმონიაა, მაგრამ ხელოვნურობა, რომელიც ადამიანმა შეიტანა ბუნებაში, საინჟინრო და მექანიკურმა მოწყობილობებმა, რომლებიც ცხოვრების მრავალ სფეროში გაჩნდა, დინება შეაჩერა, და ამაში მდინარეს ადანაშაულებენ. „ადამიანი ცუდია. თესლი მომწამვლელია“ – ამბობენ ისინი.

 

მინდა თქვენი ყურადღება იმ ფაქტს მივაპყრო, რომ ძირითადი დაბრკოლებები თვითონ ადამიანის მიერ არის შექმნილი. ასე რომ არ იყოს სიყვარულის მდინარე თავისუფლად იდენდა და ღმერთის ოკეანეს მიაღწევდა. სიყვარული დამახასიათებელია ადამიანისათვის. თუ დაბრკოლებებს გაცნობიერებულად მოვაშორებთ, სიყვარულს შეუძლია იდინოს. შემდეგ სიყვარული შეიძლება ისე ამაღლდეს, რომ ღმერთს შეეხოს. რომ უზენაესს შეეხოს.

 

რა არის ადამიანის მიერ შექმნილი დაბრკოლებები? ყველაზე აშკარა დაბრკოლება სექსთან და ვნებასთან დაპირისპირებაა. ამ ბარიერმა ადამიანში სიყვარულის დაბადების შესაძლებლობა გაანადგურა.

 

მარტივი ჭეშმარიტება ისაა, რომ სექსი სიყვარულის საწყისი წერტილია. სექსი არის სიყვარულის მოგზაურობის დასაწყისი. წარმოშობა, განგოტრი2 სიყვარულის განგისა, არის სიყვარული, არის სექსი, ვნება. და ყველა თავისი მტრის მსგავსად იქცევა. ყველა კულტურა, ყველა რელიგია, ყველა გურუ, ყველა წინასწარმეტყველი, თავს ესხმის ამ განგოტრის, ამ წყაროს და მდინარე ჩაკეტილი რჩება. უკმაყოფილების ნიაღვარი ყოველთვის იყო: „სექსი ცოდვაა. სექსი არარელიგიურია. სექსი საწამლავია“. მაგრამ ჩანს ჩვენ ვერასოდეს მოვახერხეთ იმის გაცნობიერება, რომ საბოლოოდ თვით სექსუალური ენერგიაა ის, რაც მოგზაურობს და სიყვარულის შიდა ოკეანეს აღწევს. სიყვარული სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციაა. სიყვარულის ყვავილობა სექსის თესლიდან ხდება.

 

ნახშირის დანახვისას, აზრად არასდროს მოგივა, რომ როცა ტრანსფორმირდება, ის ალმასი ხდება. ნახშირის ბელტებში ელემენტები იგივეა რაც ალმასში. არსებითად მათ შორის რამე ფუნდამენტური განსხვავება არ არსებობს. გაივლის რა პროცესს, რომელსაც ათასობით წელი სჭირდება, ნახშირი ალმასი ხდება.

 

მაგრამ ნახშირი მნიშვნელოვან რამედ არ ითვლება. სახლში მას ისეთ ადგილზე ინახავენ, რომ სტუმრებისთვის თვალში მოსახვედრი არ იყოს, მაშინ, როცა ალმასს კისერზე ვიკიდებთ, რომ ყველას შეეძლოს მისი დანახვა. ალმასი და ნახშირი ერთი და იგივეა. ისინი წარმოადგენენ ერთი და იგივე ელემენტის მოგზაურობის ორი პუნქტია. თუ თქვენ ნახშირის წინააღმდეგი ხართ იმის გამო, რომ ის პირველი შეხედვისას სხვას ვერაფერს გთავაზობთ გარდა შავი მჭვარტლისა, ალმასად მისი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა სწორედ იქ მთავრდება. თვით ნახშირი შეიძლებოდა ალმასად ტრანსფორმირებულიყო, მაგრამ ჩვენ გვძულს ნახშირი და ამდენად რამე პროგრესის შესაძლებლობა მთავრდება.

 

მხოლოდ სექსის ენერგიას შეუძლია აყვავილდეს და სიყვარულად გარდაიქმნას. მაგრამ ყველა, კაცობრიობის დიდი მოაზროვნეების ჩათვლით, ამის წინააღმდეგია. ასეთი წინააღმდეგობა საშუალებას არ აძლევს თესლს აღმოცენდეს და სიყვარულის სასახლე ფუნდამენტშივე ინგრევა. სექსის მიმართ მტრობამ სიყვარულის შესაძლებლობა გაანადგურა. და ნახშირს აღარ აქვს უნარი ალმასად იქცეს.

 

იმის გამო, რომ ეს დაბნეულობა ღრმად არის ფესვგამდგარი, არავინ არ გრძნობს აუცილებლობას გაიაროს სექსის აღიარების და განვითარების საფეხურები და მისი ტრანსფორმირების პროცესი. როგორ შეგვიძლია მისი გარდაქმნა, ვისი მტერიც ვართ, ვისაც ვუპირისპირდებით, ვისთანაც მუდმივი ომი გვაქვს. ადამიანს ნაძალადევად მოახვიეს თავს დაპირისპირება საკუთარ თავსა და მის სექსუალურ ენერგიას შორის. ადამიანს ასწავლეს, რომ ებრძოლა თავისი სექსუალური ენერგიის წინააღმდეგ, დაეძლია სექსუალური მოთხოვნილებები.

 

„გონება საწამლავია. ამიტომ იბრძოლეთ მის წინააღმდეგ“, – უთხრეს ადამიანს. გონება არის ადამიანში და სექსიც არის მასში, მაგრამ მისგან მოელიან, რომ შიდა კონფლიქტისგან თავისუფალი იყოს. მისგან მოელიან ჰარმონიულ არსებობას. მან უნდა იბრძოლოს და თან თავი დაიოკოს. ასე ასწავლიან მისი ლიდერები. ის სიგიჟის მდგომარეობამდე მიჰყავთ და საგიჟეთებს ხსნიან, მათ სამკურნალოდ. ისინი ავადმყოფობის ბაცილებს ავრცელებენ და შემდეგ საავადმყოფოებს აშენებენ, რომ ადამიანებს უმკურნალონ.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ ადამიანი არ შეიძლება სექსისგან განაცალკევო. სექსი უმთავრესია მის ცხოვრებაში და ის სექსით იბადება. ღმერთმა სექსუალური ენერგია შექმნის საწყის წერტილად აქცია, დიდი ადამიანები კი ცოდვად თვლიან იმას, რაც თვით ღმერთს არ მიაჩნია ცოდვად. ღმერთს რომ სექსი ცოდვად მიაჩნდეს, მაშინ ამქვეყნად მასზე დიდი ცოდვილი არავინ იქნებოდა. მთელ სამყაროში არავინ იქნებოდა მასზე დიდი ცოდვილი.

 

ოდესმე გაგიაზრებიათ, რომ ყვავილის გაფურჩქვნა ვნების გამოხატულებაა? რომ ის სექსუალური აქტია? ფარშავანგი ცეკვავს მთელი თავისი დიდებულებით. პოეტი მას უმღერებდა. წმინდანიც სიხარულით აივსებოდა. მაგრამ რატომ ვერ ხვდებიან ისინი, რომ ეს ცეკვა არის ასევე ვნების ფარული გამოხატვა, რომ ის არსებითად სექსუალური აქტია? ვისი სიამოვნებისთვის ცეკვავს ფარშავანგი? ფარშავანგი თავის საყვარელს უხმობს, თავის მეწყვილეს. პაპიჰა3 მღერის, გუგული გალობს: ბიჭმა სიმწიფის ასაკს მიაღწია, გოგონა ქალად იქცა. რა არის ეს ყველაფერი? რა თამაშია, რა ლილაა (ღვთაებრივი თამაში) ეს? ესენი სიყვარულის, სექსუალური ენერგიის მაჩვენებლებია. სიყვარულის ეს გამოვლინებები არის ტრანსფორმირებული გამოხატულება სექსისა, ენერგიისგან რომ თუხთუხებს. მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში სიყვარულის ყველა აქტი, სიყვარულისკენ ლტოლვა არის პირველადი სექსუალური ენერგიის ყვავილობა.

 

რელიგია და კულტურა შხამს აწვეთებენ ადამიანის გონებაში სექსის წინააღმდეგ. ისინი ქმნიან კონფლიქტს, ომს. ისინი ადამიანს მისივე პირველსაწყის ენერგიასთან ბრძოლაში აბამენ და ამიტომ ადამიანი სუსტდება, უხეშდება, ვულგარული ხდება, სიყვარულს მოკლებული და სიცარიელით სავსე. სექსმა მტრობა კი არა, მეგობრობა უნდა შვას. სექსი ყველაზე წმინდა მწვერვალებამდე უნდა იქნას აყვანილი.

 

როცა ახალდოქორწინებულ წყვილს ლოცავდა, ბრძენმა პატარძალს უთხრა: „ათი ბავშვის დედობას გისურვებ და ბოლოს დაე შენი ქმარი გამხდარიყოს შენი მეთერთმეტე ბავშვი“.

 

თუკი ვნების ტრანსფორმირება ხდება, ცოლი შეიძლება დედად იქცეს. თუ ლტოლვის ტრანსცენდენცია ხდება, სექსი შეიძლება სიყვარულად იქცეს. მხოლოდ სექსუალურ ენერგიას შეუძლია გაიფურჩქნოს სიყვარულის ძალად. მაგრამ ჩვენ ადამიანი მტრულად განვაწყვეთ სექსის მიმართ და შედეგი ის არის, რომ სიყვარული არ გაიფურჩქნა. რაც მოგვიანებით მოდის, მხოლოდ სექსის მიღებითაა შესაძლებელი. სიყვარულის ნაკადი ვერ გამოაღწევს ძლიერი წინააღმდეგობის გამო. სექსი, მეორე მხრივ, განაგრძობს შიგნით დღვებას და ადამიანის ცნობიერება სექსით იმღვრევა.

 

ადამიანის ცნობიერება სულ უფრო და უფრო სექსუალური ხდება. ჩვენი სიმღერები, ლექსები, ნახატები და ფაქტობრივად ყველა ფიგურა ტაძრებში, სექსის გარშემოა ფოკუსირებული – ეს იმიტომ, რომ ჩვენი გონებაც ასევე სექსის ღერძის გარშემო ბრუნავს. არც ერთი ცხოველი არ არის ისე სექსუალური ბუნებაში, როგორც ადამიანი. ადამიანი სექსუალურია ყოველთვის, ძინავს თუ ღვიძავს, თავისი მანერებით, ისევე, როგორც თავისი ეტიკეტით. ადამიანს განუწყვეტლივ სექსზე ფიქრი სდევს თან.

 

სექსის მიმართ მტრობის გამო, მისდამი დაპირისპირებისა და მისი ჩახშობის გამო, ადამიანი შიგნიდან ლპება. ის ვერასდროს გაითავისუფლებს თავს იმისგან, რაც სიცოცხლის თვით საფუძველს შეადგენს და ამ მუდმივი შიდა კონფლიქტის გამო, მთელი მისი არსება ნევროზული გახდა. ის ავად არის. გაუკუღმართებული სექსუალობა, რომელიც ასე აშკარაა კაცობრიობაში, მისი ეგრეთ წოდებული ლიდერების და წმინდანების ბრალია. ამაში ბრალი მათ უნდა დაედოთ. სანამ ადამიანი თავს არ გაითავისუფლებს ასეთი მასწავლებლებისაგან, მორალისტებისგან და რელიგიური ლიდერებისგან და მათი ყალბი ქადაგებებისგან, მასში სიყვარულის ამოტივტივების ალბათობა ნულის ტოლია.

 

 

 

 

 

შენიშვნები და განმარტებები:

 

1.განგი – ინდოეთის მთავარი მდინარე, ინდუიზმის სულიერი წყარო, საწყისს იღებს ჰიმალაებში, სადაც ორი მდინარის შეერთება ხდება: ბაგირათხი-განგი და ალანკანდა-განგი.

2.განგოტრი – ერთ-ერთი მთავარი ინდუისტური წმინდა სალოცავი ჰიმალაებში. აქ იღებს სათავეს ინდუისტებისთვის თაყვანსაცემი მდინარე განგა. დადახელებაც აქედანაა – განგოტრი.

3. პაპიჰა – მომღერალი.


კომენტარები