თომა აქვინელის მოსაზრება ღმერთის არსებობის შესახებ

თომა აქვინელის მოსაზრება ღმერთის არსებობის შესახებ

ბაქარ ქავთარაძე – სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიაში.

 

საიტზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის წიგნი „თომა აქვინელის 5 არგუმენტი თეისტური ფილოსოფიის სასარგებლოდ“.

 

იხ. წიგნი

წინამდებარე სტატიის მიზანია, სისტემურად და მეტ-ნაკლებად სრულად განიხილოს ის საკითხი, თუ როგორი მოსაზრებები ქონდა ღმერთის არსებობის შესახებ, გამოჩენილ ფილოსოფოს და თეოლოგს თომა აქვინელს (1225-1274). თუმცა, სანამ სტატიის მთავარი საკითხის განხილვაზე გადავალთ, მანამდე დავაზუსტებთ რამდენიმე გარემოებას.

 

ღმერთის არსებობაზე საუბრის დროს,  არ ახსენო  ფილოსოფოსი და თეოლოგი თომა აქვინელი (1225-1274), ეს იგივეა ისაუბრო ანტიკურ ფილოსოფიაზე და არ ახსენო ფილოსოფოსი არისტოტელე (384-322). იმ გარემოებას, რომ ამ საკითხის (არსებობს თუ არა ღმერთი?) ღრმა განხილვა, აქვინელის ხსენების გარეშე შეუძლებელია, აქვს რამდენიმე ბაზისური მიზეზი:

 

1. თომა აქვინელი, არის ის მოაზროვნე, რომელმაც, უამრავი გვერდი (ჩვენ თუ აქვინელის ნაშრომების ყველა პასაჟს ამოვკრიფავთ, სადაც ის ღმერთის არსებობის არგუმენტების შესახებ საუბრობს, სულ მცირე, 100 გვერდზე მეტს მივიღებთ, რაც ძალიან ბევრია, თუ გავითვალისწინებთ საკითხის სირთულეს და იმ ეპოქას, როდესაც აქვინელი მოღვაწეობდა) დაწერა ამ საკითხის შესახებ. კერძოდ, აქვინელმა, ამ საკითხს, თავის მრავალ („თეოლოგიის შეჯამება“ 1.2.3, „შეჯამება წარმართთა წინააღმდეგ“ წიგნი. 1 თავი. 13. 15. 16. 46. წიგნი 2. თავი. 15. წიგნი 3. თავი. 44, „სადავო საკითხი ჭეშმარიტების შესახებ“ კითხვა 5. არტიკლი 2. „სადავო საკითხი ღმერთის ძალის შესახებ“ კითხვა 3. არტიკლი 5. „თეოლოგიის კომპენდიუმი“ თავი 3. „არსისა და არსების შესახებ“ თავი 4. არისტოტელეს „მეტაფიზიკის“ და „ფიზიკის“ კომენტარები) ნაშრომში შეეხო.

 

2. თომა აქვინელი, არის ის მოაზროვნე, რომელმაც, არა ახალი არგუმენტები შექმნა ღმერთის არსებობის სასარგებლოდ (როგორც ამას მალე ვნახავთ), არამედ უკვე არსებული არგუმენტები, უფრო დახვეწა,  ფილოსოფიურად გააძლიერა და მათ, სისტემური სახე (ანუ უფრო ვრცლად განიხილა ისინი) მისცა.

 

3. თომა აქვინელი, თანამედროვე კათოლიკური თეოლოგიისთვის, არის ნომერ პირველი თეოლოგი, რის გამოც, მისი არგუმენტების შესწავლა, საოცარი ინტენსივობით მიმდინარეობს დღესაც.1

 

4. თომა აქვინელი, არის ის მოაზროვნე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ციტირებადი და განხილვადი ფიგურა დღესაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღმერთის არსებობაზეა საუბარი. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ნათლად წარმოჩინდა იმ დებულების სისწორე, რაც სტატიის დასაწყისში იყო გადმოცემული. ასევე, აღსანიშნავია ერთი გარემოება. მიუხედავად იმ 4 მიზეზისა, რაც ზემოთ გადმოვეცით, ერთი რამ ფაქტია: ქართულ ენაზე, ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორი მოსაზრებები ქონდა თომა აქვინელს, ღმერთის არსებობის შესახებ.2  ამ ყოველივეს გამო, ამ სტატიაში, მეტ-ნაკლებად სრულად და სისტემურად იქნება განხილული ის საკითხი, თუ როგორი მოსაზრებები ქონდა თომა აქვინელს, ღმერთის არსებობის შესახებ.

 

თომა აქვინელი, პლატონის –348 („კანონები“ წიგნი 10. 12. „ტიმაიოსი“), არისტოტელეს –322 („მეტაფიზიკა“ წიგნი 12. ფიზიკა“ წიგნი 8.), პავლე მოციქულის +64 („რომაელთა მიმართ წერილი“ 1:20), ფილონ ალექსანდრიელის +50 („ალეგორიული განმარტებანი“), პლოტინის +270 (“ენეადები“ 5:4),  პროკლეს +480 („თეოლოგიის საფუძვლები“ ნაწილი2. თავი. 11), ავგუსტინეს +430 („თავისუფალი ნების შესახებ“ წიგნი 2.), იოანე დამასკელის +753  („ცოდნის წყარო“ წიგნი 3. თავი. 3.), ალ ფარაბის +950 („შეკითხვების წყაროები“), ავიცენა +1037 („განკურნების მეტაფიზიკა“ წიგნი 8. თავი 1-3.)  ანსელმ კენტერბერიელის +1019, („პროსლოგიონი“ თავი 3-4. „მონოლოგიუმი“ თავი. 1-7.), ალ გაზალის +1111 („ფილოსოფოსთა არაგონივრულობა“ ნაწილი 1. დისკუსია. 1-10.), მოსე მაიმონიდის +1204 („გზააბნეულთა მეგზური“ წიგნი 2. თავი.1.) და სხვა მრავალი ფილოსოფოსის და თეოლოგის3 მსგავსად თვლის, რომ ღმერთის არსებობის საკითხი არ განეკუთვნება მხოლოდ გამოცხადებისადმი  (აქვინელის შემთხვევაში ეს არის ბიბლია) რწმენას, არამედ შესაძლებელია ამ საკითხის არგუმენტირებულად თეიზმის სასარგებლოდ გადაჭრა. უფრო კონკრეტულად, აქვინელი ამბობს შემდეგს: შესაძლებელია ღმერთის არსებობის რაციონალური დემონსტრაცია ისე, რომ ბიბლია, ან რაიმე ავტორიტეტი გარდა გონებისა არ დავიხმაროთ. მისი ეს მოსაზრება, რომ გასაგები იყოს, ჩვენ უნდა დავაზუსტოთ ერთი გარემოება. თომა აქვინელი, ბიბლიაში არსებულ დებულებებს ყოფს ორ კატეგორიად: 1. ბიბლიაში არსებული ის დებულებები, რომელთა ჭეშმარიტებაც მხოლოდ ფილოსოფიური არგუმენტებით საბუთდება. 2. დებულებები, რომლებიც ბიბლიაში წერია და ისინი ჭეშმარიტნი არიან. მაგრამ, ის ცოდნა, რომ ისინი ჭეშმარიტნი არიან, ჩვენ ვიცით მხოლოდ ბიბლიის დახმარებით, ანუ მისადმი აპრიორული რწმენით და მისადმი ნდობით.4 აქვინელის მიერ თეოლოგიურ-ფილოსოფიური დებულებების გონებით საწვდომ, და გონთაზედა ჭეშმარიტებად დაყოფა,5 რომ გასაგები იყოს, საჭიროა მაგალითების მოყვანა.  მაგალითად: ის, რომ ღმერთის არსებობს, ის არის უსხეულო, არამატერიალური, წმინდა აქტუალობა, უცვლელი, მარადიული, ყოვლისმცოდნე, ერთი, ის, რომ ადამიანს აქვს უკვდავი, არამატერიალური და ინტელექტუალური სული, ის რომ ანგელოზები არსებობს, ის, რომ ესენციალური მიზეზობრივი რიგი პირველმიზეზით სრულდება და მსგავსი ფილოსოფიური დებულებები, მხოლოდ გონებით საბუთდება და იმ ცოდნამდე მისასვლელად, რომ ეს დებულებების სწორია, არ არის საჭირო ბიბლია და მისადმი რწმენა.6 მეორეს მხრივ, ის, რომ ღმერთი არის სამპიროვანი, მისი მეორე პირი განკაცდა, ადამიანების სხეულები ესქატოლოგიურ მომავალში აღდგება, ღმერთი განჯის ყველას საყოველთაო აღდგომაზე, სამყაროს დროში აქვს დასაწყისი და მსგავსი თეოლოგიური დებულებები, ვერ საბუთდება გონების არგუმენტებით, არამედ ის ცოდნა, რომ ეს დებულებები სწორია, ჩვენ მხოლოდ ბიბლიის, ანუ ღმერთის მიერ ჩვენდამი გაცხადებული სწავლების დახმარებით ვიცით.7

 

როგორც ზემოთ ვნახეთ, აქვინელი გამოყოფს ორი სახის ჭეშმარიტებას. პირველი სახის ჭეშმარიტება არის გონებით საწვდომი ჭეშმარიტება, რადგან ამ ჭეშმარიტებების შემეცნება, მხოლოდ ადამიანის გონების ბუნებრივი სინათლით შეიძლება,8 ისე რომ  არ არის საჭირო ავტორიტეტის (ბიბლია, ეკლესიის მამები, საეკლესიო კრებები) მოხმობა და მისადმი რწმენა. მეორე სახის ჭეშმარიტება კი არის გონთაზედა ჭეშმარიტება, რომლეთაც ჭეშმარიტებასაც ადამიანი მხოლოდ ბიბლიის დახმარებით იმეცნებს, რადგან ისინი გონთაზედა ჭეშმარიტებებია, რის გამოც, ისინი მხოლოდ ადამიანის გონებაზე აღმატებული (უმაღლესი ინტელექტი, ანუ ღმერთი) რეალობის გაცხადებით (რომელიც ბიბლიაში დაფიქსირდა) არის საწვდომი.  ასევე, აქვინელი აღნიშნავს, რომ პირველი სახის ჭეშმარიტების შემეცნების 2 გზა არსებობს, ხოლო მეორე სახის ჭეშმარიტების შემეცნების მხოლოდ ერთი. კერძოდ, პირველი სახის ჭეშმარიტებები, შეგიძლია შეიმეცნო როგორც მხოლოდ გონებით, ასევე ბიბლიისადმი რწმენით. მეორე მხრივ, მეორე სახის ჭეშმარიტებებს, მხოლოდ ბიბლიისადმი რწმენით თუ შეიმეცნებ, რადგან ამ ჭეშმარიტებების გონებით დამტკიცება შეუძლებელია. როგორც ვხედავთ, აქვინელს, საკმაოდ კომპლექსური სწავლება აქვს რწმენისა და ცოდნის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, მთავარი არის, მისი სწავლების შემდეგი ასპექტი:ღმერთის ყოფნა-არყოფნის საკითხი, აქვინელმა, არ განუკუთვნა გონთაზედა ჭეშმარიტებას (სხვა სიტყვებით: აქვინელმა არ თქვა, რომ ღმერთის არსებობის შემეცნება, მხოლოდ გამოცხადებითაა შესაძლებელი, არამედ თქვა, რომ ეს ჭეშმარიტება, შეიძლება შემეცნებულ იქნას როგორც გამოცხადებისადმი რწმენით, ასევე მხოლოდ გონებით, ანუ ლოგიკური და ფილოსოფიური მსჯელობით, განსხვავებით სპეციფიკური თეოლოგიური დებულებებისგან, რომელთა ჭეშმარიტებაც, მხოლოდ გამოცხადებისადმი რწმენით შეიმეცნება), რადგან მიიჩნია, რომ ამ ჭეშმარიტების შემეცნება, შეიძლება როგორც გონებით, ასევე რწმენით. კერძოდ, აქვინელი აბსოლუტურად მკაფიოდ და არაორაზროვნად ამბობს, რომ შესაძლებელია ღმერთის არსებობის ფილოსოფიური არგუმენტებით დასაბუთება ისე, რომ არ დავიხმაროთ ბიბლია. სწორედ ამიტომ, აქვინელი არის რაციონალისტი თეოლოგი და არა ფიდეისტი,9 რადგან ეს უკანასკნელი, ღმერთის არსებობის საკითხს, მხოლოდ რწმენას განუკუთვნებს, რადგან ამბობს, რომ ღმერთის არსებობა უნდა ირწმუნო მხოლოდ იმიტომ, რომ მისი არსებობის შესახებ, ავტორიტეტი (ქრისტიანის შემთხვევაში ბიბლია, მუსლიმის შემთხვევაში ყურანი და ა.შ.) გვაუწყებს.10  ის, რომ აქვინელმა, არა ფიდეიზმის, არამედ რაციონალიზმის გზა აირჩია, ამის ბაზისური მიზეზი, არის შემდეგი გარემოება: ბიბლიისადმი რწმენით, ადამიანი, სწორად და უცდომლად იმეცნებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ღმერთი არსებობს, რადგან მთელი ბიბლია დაიწერა ღვთის შთაგონებით, რის გამოც ის არის უცდომელი („თეოლოგიის შეჯამება“ 1 1.1). ამის გამო, ამ გზით ღმერთის არსებობის შემეცნება, არის სრულიად გამართლებული და შეცდომებისგან დაზღვეული. მიუხედავად ამისა, ამ გზით ღმერთის არსებობის შემეცნება, არ არის უნივერსალური, რადგან ბიბლია, არ არის ყველასთვის ავტორიტეტი. ამის გამო, ღმერთის არსებობა, უნდა დასაბუთდეს, ისეთი პრინციპების (კაუზალობის პრინციპი, ინდუქციის მეთოდი და სხვა)11 და მეთოდების  (რაციონალური მსჯელობა, გარკვეული ფაქტის თეორიის ახსნის მცდელობა, ფილოსოფიური მსჯელობა და სხვა)  გათვალისწინებით, რაც ყველა ადამიანისთვის საერთოა. ეს საერთო პრინციპი კი არის ლოგიკა, დაკვირვებადი საგნების ანალიზი, ფილოსოფიური მსჯელობა, ინდუქციის მეთოდი, აბსტრაქცია და სხვა. ამის გამო, თომა აქვინელი, როგორც რაციონალისტი მოაზროვნე, ღმერთის არსებობის დასაბუთებისას, სწორედ ამ უნივერსალურ და რელიგიისგან ინდიფერენტულ პრინციპებს ირჩევს, რომ მათზე დაყრდნობით, ღმერთის არსებობის ფილოსოფიური დემონსტრაცია მოახდინოს.

 

სანამ თომა აქვინელის 5 არგუმენტის შესახებ ბაზისურ ინფორმაციებს გადმოვცემთ, მანამდე მოკლედ დავაზუსტებთ ერთ გარემოებას. თომა აქვინელი, სანამ მის სახელგანთქმულ 5 არგუმენტს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ღმერთის არსებობის რაციონალური დემონსტრირებაა, მანამდე ღმერთის ყოფნა-არყოფნის საკითხს, შემდეგნაირი იერაქრიით მიმოიხილავს. აქვინელმა, როგორც ერთ-ერთმა უგანათლებულესმა თეოლოგმა იცის, რომ არსებობს ღმერთის არარსებობის სასარგებლოდ შემუშავებული არგუმენტებიც. ამიტომ, სანამ, ღმერთის არსებობის სასარგებლოს შემუშავებულ 5 არგუმენტს წარმოადგენს, მანამდე ის იმ არგუმენტებს აბათილებს, რომელთა მიზანიც ღმერთის არარსებობის დასაბუთებაა. ის გამოყოფს 2 ბაზისურ არგუმენტს, რომელთა მიზანიც ღმერთის არარსებობის დასაბუთებაა. ეს 2 არგუმენტი არის: 1. ბოროტებაზე დაფუძნებული არგუმენტი.12 2. ყველა ფენომენის მეცნიერულად ახსნის შესაძლებლობაზე დაფუძნებული არგუმენტი.13 პირველ არგუმენტს აქვინელი შემდეგნაირად წარმოადგენს: სიტყვა ღმერთი აღნიშნავს რეალობას, რომელიც არის უსასრულოდ კეთილი. შესაბამისად, ასეთი რეალობა რომ არსებობდეს, მაშინ კოსმოსში ვერ აღმოვაჩენდით ბოროტებას. მაგრამ, კოსმოსში არსებობს ბოროტება. ამიტომ, ღმერთი არ არსებობს. სწორედ ასე წარმოადგენს ამ არგუმენტს აქვინელი და მას შემდეგნაირად პასუხობს. ღმერთი არამარტო უსასრულოდ კეთილია, არამედ ყოვლისშემძლე. ამიტომ, სწორედ იმიტომ, რომ  ღმერთი ყოვლადკეთილი და ყოვლისშემძელეა, ის უშვებს ბოროტების არსებობა, რომ ბოროტებიდანაც კი სიკეთე წარმოშვას.14 მეორე არგუმენტს კი აქვინელი შემდეგნაირად წარმოადგენს. კოსმოსში არსებული ყველა დაკვირვებადი ფენომენი,  საგანი შეიძლება აიხსნას ადამიანის ინტელექტის და ნების დახმარებით ისე, რომ ღმერთის ჰიპოტეზა არ დავიხმაროთ. ამის გამო, ღმერთი არის არააუცილებელი ჰიპოტეზა. ამ არგუმენტს აქვინელი შემდეგნაირად პასუხობს. კოსმოსში არსებული ფენომენები და საგნების მოქმედება (მაგალითად: მზედან გამუდმებით სითბო გამოდის და არა ზოგჯერ სითბო და ზოგჯერ სიცივე. არაფრობისგან არასდროს არაფერი წარმოიშვება და არა ზოგჯერ კი და ზოგჯერ არა. საათს ყოველთვის ადამიანი აწყობს და არა ზოგჯერ ადამიანი და ზოგჯერ ქარის დაბერვა. ყველა მოვლენას ყოველთვის მიზეზი აქვს და არა ზოგჯერ კი და ზოგჯერ არა და ა.შ.)15 არის სტაბილური  და უცვლელი (აქვინელის დებულება, რომ საგნების მოქმედება არის უცვლელი, არ ეწინააღმდეგება მის იმ დებულებას, რომ საგნები იცვლებიან, რადგან ის  ამბობს, რომ თავად საგნის ცვლილების ფორმა არის უცვლელი და არა იმას, რომ საგნები უცვლელიც არიან და ცვალებადნიც). მაგრამ, ამის მიზეზი ვერ იქნება ადამიანის ინტელექტი და თავისუფალი ნება, რადგან ორივე მათგანი ცვალებადია. ამიტომ, ფენომენების და საგნების მოქმედების სტაბილურობის ახსნა, მხოლოდ უმაღლესი და უცვლელი (უძრავიმამოძრავებელი) პირველმიზეზი შეიძლება იყოს, რომელიც არის ღმერთი.16 სწორედ ასე პასუხობს აქვინელი, ღმერთის არსებობის წინააღმდეგ წამოყენებულ 2 არგუმენტს. ამ 2 ბაზისური არგუმენტის გაბათილების შემდეგ, ის აკრიტიკებს ფიდეისტებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ღმერთის ყოფნა-არყოფნის საკითხი განეკუთვნება არა გონებას და არგუმენტირებულ მსჯელობას, არამედ მხოლოდ გამოცხადებას (ბიბლია) და მისადმი რწმენას. აქვინელის აზრით, ფიდეიზმს უარყოფს თვით ბიბლიაც, რადგან პავლე მოციქული ამბობს: „მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება“ (რომ. 1:20).17 პავლეს ამ სიტყვებზე დაყრდნობით, აქვინელი ასაბუთებს, რომ თვით ბიბლიაც კი გვასწავლის, რომ გარდა ღმერთის თვითგამოცხადებისა, არსებობს კიდევ ერთი გზა იმისა, თუ როგორც შეიტყო რაიმე ღმერთის შესახებ. ეს გზა სამყაროზე გადის,18 რადგან სამყაროში  არსებულ ფენომენებზე დაკვირვებით, ადამიანი ისევე მიდის იმ ცოდნამდე, რომ კოსმოს და მასში არსებულ ფენომენებს პირველმიზეზი (ღმერთი) უნდა გააჩნდეთ, როგორც კარგად აშენებული სახლზე დაკვირვებით, ადამიანის ხვდება, რომ არსებობს მისი არქიტექტორი.19 ფიდეიზმის უარყოფის შემდეგ, ის უარყოფს იოანე დამასკელის +753 ფსიქოლოგიურ და ანსელმ კენტერბერიელის +1109  ონტოლოგიურ არგუმენტს. ამ ორი არგუმენტის უარყოფა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით. აქვინელის აზრით, ღმერთის არსებობის დასასაბუთებელ არგუმენტში, ამოსავალ წერტილად, აღებული უნდა იყოს ისეთი რამე, რაც ყველაზე მეტად ცნობილია ადამიანის ინტელექტისთვის.20 ეს კი ნიშნავს შემდეგს. ერთის მხრივ ადამიანის ინტელექტმა (იოანე დამასკელის საწინააღმდეგოდ.) ბუნებრივად არ იცის, რომ ღმერთი არსებობს.  ამიტომ, დებულება ღმერთი არსებობს, არ არის მისთვის თავისთავად ცხადი. მეორეს მხრივ, ადამიანის ინტელექტისთვის, ყველაზე მეტად ცნობილი არის არა (ანსელმ კენტერბერიელის საწინააღმდეგოდ.) ღმერთის იდეა (ღმერთი არის ერთი სიტყვა, მაგრამ მასში ადამიანები განსხვავებულ შინაარს დებენ. როგორც თომა ამბობს, ზოგი მიიჩნევს, რომ ღმერთი სხეულია და არა არსება, „რომელზე აღმატებულიც წარმოუდგენელია“,21 როგორც ეს ანსელმმა განსაზღვრა.), ან მისი აპრიორული ანალიზი, არამედ დაკვირვებადი ფენომენები (მოძრაობა, მიზეზობრიობა, შემთხვევითი არსებობა, იერარქიულობა, მიზანმიმართულობა) და საგნები (ქვა, შეშა, მზე და ა.შ.). ამ საგნების და ფენომენების კაუზალურ კოტექსტში ანალიზი კი  აჩვენებს, რომ ისინი მათი არსებობის პირველმიზზე მიანიშნებენ, რომელიც არის ღმერთი.22 შესაბამისად, აქვინელი ჯერ აკრიტიკებს ღმერთის არარსებობის სასარგებლოდ შემუშავებულ 2 ბაზისურ არგუმენტს, ფიდეიზმს, 2 აპრიორულ არგუმენტს და სწორედ ამ ყოველივეს შემდეგ წარმოგვიდგენს მის სახელგანთქმულ 5 არგუმენტს ღმერთის არსებობის სასარგებლოდ.

 

თომა აქვინელი მიიჩნევს, რომ ღმერთის არსებობა შეიძლება დასაბუთებულ იქნას 5 არგუმენტით. პირველი არგუმენტი, კოსმოსში არსებული მოძრაობის ფენომენიდან ასკვნის უძრავიმამოძრავებლის არსებობას, რომელიც არის ღმერთი. მეორე არგუმენტი, კოსმოსში არსებული მიზეზ-შედეგობრიობის არსებობიდან ასკვნის პირველმიზეზის არსებობას, რომელიც არის ღმერთი. მესამე არგუმენტი, კოსმოსში შემთხვევითად არსებული საგნების (ეს არგუმენტი, ყურადღებას ამახვილებს ისეთ აუცილებლად არსებულ საგნებზეც, რომელთაც აუცილებელი არსებობა სხვისგან აქვთ) არსებობიდან, ასკვნის აუცილებლად არსებული რეალობის ეგზისტენციას, რომელსაც აუცილებელი არსებობა საკუთარი თავიდან აქვს და რომელიც არის ღმერთი. მეოთხე არგუმენტი, თვისებათა (სიკეთე, ჭეშმარიტება ღირსება) გრადაციული სახით საგნებში არსებობიდან ასკვნის, ამ თვისებების მაქსიმუმის არსებობას, რომელიც არის ღმერთი. მეხუთე არგუმენტი, კოსმოსში არსებული უინტელექტო ბუნებრივი სხეულების მათი სფეციფიკური მიზნისკენ სწრაფვის ფენომენიდან, ასკვნის არამატერიალური და უსხეულო ინტელექტის არსებობას, რომელიც არის ღმერთი.23

 

ის რომ თომა აქვინელი გვთავაზობს არა ერთ, არამედ 5 არგუმენტს ღმერთის არსებობის სასარგებლოდ, ამის მიზეზი შემდეგი გარემოებაა: ჩვენ ირგვლივ არსებული სამყარო  რთულია და შესაბამისად სამყაროს ეს სირთულე,  სხვადასხვა გზით შეიძლება მიანიშნებდეს მისი არსებობის პირველმიზეზზე, ანუ ღმერთზე.24 

 

ერთი საკითხია, როცა კოსმოსში არსებული მოძრაობა და მოძრავისა და ამოძრავების რიგის ღრმა ანალიზი, სამყაროს ტრანსცედენტურ უძრავი პირველმამოძრაველის არსებობაზე მიანიშნებს და მეორე საკითხია, როცა კოსმოსის შიგნით არსებული უინტელექტო ბუნებრივი სხეულების მიერ მიზნისკენ სწრაფვა, სამყაროს ტრანსცედენტურ გონებაზე მიანიშნებს. როგორც თეოლოგი ალისტერ მაკგრატი (1953) მართებულად აღნიშნავს, აქვინელის თითოეული არგუმენტი, კოსმოსის ამათუ იმ ასპექტზე ამახვლებს ყურადღებას, რომ შემდეგ ამ ასპექტიდან, კაუზალურად მივიდეს ღმერთამდე.25 სწორედ აქედან  გამომდინარე, აქვინელი ცდილობს დაასაბუთოს, რომ სამყარო 5 განსხვავებული გზით მიანიშნებს ღმერთის არსებობაზე.

 

თომა აქვინელის პირველი სამი არგუმენტი არის კოსმოლოგიური (ბერძნ: კოსმოს-ნიშნავს წესრგის, ხოლო ლოგოს-მოძღვრება) არგუმენტის განსხვავებული ვარიაციები26 და ისინი ძირითადად ეყრდნობა უსასრულო რეგრესის შეუძლებლობას.27 მეოთხე არგუმენტი არის ჰენოლოგიური (ბერძნ: ჰენ-ნიშნავს ერთს, ხოლოდ ლოგოს-მოძღვრება) არგუმენტი. ხოლო, მეხუთე არგუმენტი არის ტელეოლოგიური  (ბერძნ: ტელოს-ნიშნავს მიზანს, ან დასასრულს, ხოლოდ ლოგოს მოძღვრება) არგუმენტის ერთ-ერთი ვარიაცია.28

 

თომა აქვინელის პირველი არგუმენტის დაყვანა შეიძლება 2 ძირითად დებულებაზე,29 რომელზე დაყრდნობითაც აქვინელს გამოაქვს დასკვნა, რომელიც წინა ორი დებლებიდან ლოგიკური აუცილებლობით გამომდინარეობს. 1. ყოველი მოძრავი, რაღაცის მიერაა ამოძრავებული. 2. მოძრავისა და ამოძრავებულის რიგი ვერ იქნება უსასრულო. 3. ამიტომ, უნდა არსებობდეს პირველი უძრავი მამოძრავებელი, რომელიც არის ღმერთი.30

 

პირველმიზეზის არგუმენტის დაყვანა რამდენიმე ძირითად თეზისამდე შეიძლება. 1. კოსმოსში არსებობს მიზეზ-შედეგორბიობა. 2. კოსმოსში არსებული არცერთი საგანი არ არის თავისი თავის მიზეზი (შემნარჩუნებელი მიზეზი). 3. შესაბამისად, კოსმოსში არსებულ ყოველ საგანს, აქვს გარეგანი (შემნარჩუნებელი მიზეზი, რომელიც თავის შედეგს არსებობას უნარჩუნებს აქ და ახლა, როგორც დედამიწაზე არსებული სათანადო ტემპერატურა, როგორც მიზეზი, ადამიანს, როგორც შედეგს არსებობას უნარჩუნებს აქ და ახლა) მიზეზი. 4. ამ გარეგან მიზეზსაც, აქვს გარეგანი მიზეზი. 5. მიზეზ-შედეგობრიობაში უსასრულო რეგრესი შეუძლებელია. 5. მაშასადამე, უნდა არსებობდეს ყოველივეს პირველმიზეზი, რომელიც არის ღმერთი.31

 

თომა აქვინელის მესამე არგუმენტს, თუ რამდენიმე ძირითად დებულებამდე დავიყვანთ, მაშინ ის შემდეგნაირ სახეს მიიღებს. 1. კოსმოსში არსებობენ, საგნები, რომლებიც წარმოიშობიან და ნადგურდებიან. 2. ეს კი აჩენებს, რომ ისინი არსებობენ შემთხვევითად და არა აუცილებლად. 3. შემთხვევითად არსებული საგნის არსებობის მიზეზი, არის მის მიღმა. 4. თუ მის მიღმა არსებული მიზეზიც შემთხვევითად არსებულია, მაშინ მასაც აქვს გარეგანი მიზეზი. 5. მაგრამ, შეუძლებელია ყოველივე არსებული იყოს შემთხვევთად არსებული, რადგან შემთხვევითად არსებული საგანი, წარსული დროის გარკვეულ მომენტში არ არსებობდა და მან არსებობა მიიღო რაღაც უკვე არსებული სინმადვილისგან. 6. მაგრამ, თუ ყოველივე არსებული შემთხვევითად არსებლია, მაშინ იქნებოდა წარსული დროის ისეთი წერტილი, როცა არაფერი იარსებებდა და შესაბამისად ვერაფერი შემოვიდოდა არსებობაში, რადგან არსებობის მინიჭება სხვისთვის, მხოლოდ უკვე არსებულ სინამდვილეს შეუძლია და არა არარსებულს.32 6. ამიტომ, უნდა არსებობდეს ისეთი სინამდვილე, რაც არსებობს აუცლებლად. 7. მაგრამ, ყოველ აუცილებლად არსებულ სინამდვილეს, აუცილებლობა, ან საკუთარი თავიდან აქვს, ან სხვიდან. 8. მაგრამ, რადგან უსასრულო რეგრესი შეუძლებელია, მაშასადამე შეუძლებელია, რომ ყოველ აუცილებლად არსებულ სინმადვილეს, მისი აუცილებლობა, სხვიდან ქონდეს. 9. მაშასადამე, უნდა არსებობდეს ისეთი სინამდვილე, რომელიც აუცილებლად არსებობს და მისი აუცილებლობა მას საკუთარი თავიდან აქვს.33

 

ჰენოლოგიური არგუმენტის რამდენიმე დებულებაზე დაყვანას თუ განვახორცილებეთ, მაშინ ის შემდეგნაირ სახეს მიიღებს. 1. კოსმოსში არსებული საგნები, განსხვავებული გრადაციის გამოხატავენ ამა თუ იმ თისებას. 2. მაგალითად ერთი ხე უფრო ლამაზია ვიდრე მეორე, ან ერთისაგანი უფრო დიდებულია, ვიდრე მეორე და ა.შ. 3. ეს კი აჩვენებს, რომ ამ თვისებების განსხვავებულ გრადაციით მფლობელი საგნები, სწორებას აკეთებენ ისეთ სინამდვილეზე, რომელიც არის ამ თვისებების მაქსიმუმი. 4. მაშასადამე, არსებობს ისეთი სინამდვილე, რომელიც არის ყველაზე ჭეშმარიტი, ლამაზი, დიდებული და საერთოდ საბოლოო მიზეზი, ამ თისებების გრადაცული არსებობისა და მას ჩვენ ღმერთს უწოდებთ.34

 

თომა აქვინელის მეხუთე არგუმენტს, თუ რამდენიმე ძირითად დებულებამდე დავიყვანთ, ის შემდეგნაირ სახეს მიღებს. 1. კომოსში არსებული უინტელექტო ბუნებრივი სხეულები მიიწევენ რაღაც მიზნისკენ. 2. ეს აშკარაა იქიდან, რომ ისინი ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის მოქმედებენ ისე, რომ მიაღწიონ საუკეთესო შედეგს. 3. მაგრამ, უინტელექტო ბუნებრივი სხეული, ვერ დაიწყებს მიზნისკენ სწვალს, თუ ის ამ მიზნისკენ ვინმე ინტელექტუალმა არ მიმართა, როგორც ისარი ვერ დაიწყებს ნიშნულისკენ სვლას, თუ ის მშვილდოსანმა არ მიმართა. 4. მაშასადამე, უნდა არსებობდეს ინტელექტუალური არსება, რომელმაც ყველა უინტელექტო ბუნებრივი სხეული, მათი სფეციფიკური მიზნსიკენ მიმართა და სწორედ ეს ინტელექტუალური არსება არის ღმერთი.35

 

აქვე მოკლედ ვიტყვი იმ წყაროების შესახებ, რომლებსაც აქვინელი, 5 არგუმენტის ფორმულირებისას ეყრდნობა. თომა აქვინელი, პირველი, მეორე და მეოთხე არგუმენტის (პირველი არგუმენტის გადმოცემისას, აქვინელი ეყრდნობა არისტოტელეს „მეტაფიზიკის“ XII წიგნის და „ფიზიკის“ VIII წიგნს. მეორე არგუმენტის გადმოცემისას ეყრდნობა „მეტაფიზიკის“ II წიგნის II თავს. ხოლო, მეოთხე არგუმენტის გადმოცემისას ეყრდნობა არისტოტელეს „მეტაფიზიკის“ II და IV წიგნებს.)  ფორმულირებისას, ეყრდნობა არისტოტელეს ნაშრომებს,  როგორც ამაზე თავადვე მიუთითებს.36 მეხუთე არგუმენტს, აქვინელი 3 ფორმით წარმოადგენს: 1. უინტელექტო ბუნებრივი სხეულები მიწევენ მათთვის უცნობი მიზნისკენ. მაშასადამე არსებობს უმაღლესი ინტელექტი, ვინც ეს სხეულები მათი მიზნისკენ მიმართა და ეს ინტელექტი არის ღმერთი.37 2. საწინააღმდეგო საგნები შეუძლებელია იყვნენ რაღაც ერთი წესრიგის (მაგალითად: მზე და ადამიანი არიან საწინააღმდეგო საგნები. კერძოდ, თუ მაგალითად მზე დაუხლოვდება დედამიწას, მაშინ ადამიანი ვერ გააგრძელებს დედამიწაზე არსებობას. ამიტომ, უნდა არსებობდეს კოსმოსის ტრანსცედენტური გონება, ანუ ღმერთი, რომელმაც მზე და ადამიანი, გონივრულად და ტელეოლოგიურად შეუსაბამა ერთმანეთს კოსმოსში ისე, რომ ისინი ერთი კოსმოსის წესრიგის ნაწილნი ყოფილიყვნენ.)38 ნაწილი, თუ ვინმე გონიერი არ დაუწესებს თითეულ მათგანს მიზანს. ამიტომ უნდა არსებობდეს სამყაროს ტრანსცედენტური უსხეულო გონება, რომელიც არის ღმერთი.39 3. კოსმოსში, მოვლენები ხდება ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის შესაძლოთაგან საუკეთესოდ. ამის მიზეზი კი შესაძლებელია იყოს ან აუცილებლობა, ან შემთხვევითობა, ან უმაღლესი ინტელექტი. ამ ფენომენის მიზეზი, შეუძლებელია იყოს აუცილებლობა, ან შემთხვევითობა. მაშასადამე, ამ ფენომენის მიზეზი არის უმაღლესი ინტელექტი და ეს არის ღმერთი.40 ტელეოლოგიური არგუმენტის  პირველი ვარიაციის ფორმულირებისას, აქვინელი ეფუძნება საბოლოო მიზნის შესახებ არისტოტელურ სწავლებას.41 იგივე არგუმენტის მეორე ვარიაციის ფორმულირებისას კი, ის ეყრდნობა იოანე დამასკელს (675-753)  და ავეორესს (1126-1198), როგორც ამას თავადვე ამბობს.42 იგივე არგუმენტის მესამე ვარიციის ფორმულირებისას კი ეყრდნობა ციცერონს (ძვ წ.106-ახ.წ.43)43 და არისტოტელეს (384-322), როგორც ამაზე თავადვე მიუთითებს.44 მესამე არგუმენტის (არგუმენტი შემთხვევითობიდან) წყაროს დადგენა კი რთულია, რადგან ამ არგუმენტის გადმოცემისას, ის არ ასახელებს არცერთ ფილოსოფოსს. თუმცა, ამის გამო იმის თქმა, რომ კოსმოლოგიური არგუმენტის ეს ვარიაცია მან შექმნა არასწორია, რადგან აქვინელამდე მოღვაწე უამრავი ფილოსოფოსის ნაშრომში იკვეთება იგივე არგუმენტი. კერძოდ, კოსმოსში არსებული საგნების შემთხვევითი არსებობიდან, აუცილებლად არსებული რეალობის არსებობას, ანუ ღმერთის არსებობას, აქვინელამდე ასაბუთებდნენ ისეთი ფილოსოფოსები როგორებიც არიან: იოანე დამასკელი (675-753),45 ალ ფარაბი (870-950),46 ავიცენა (980-1037),47 და სხვები. ამიტომ, რადგან აქვინელი არ ასახელებს არცერთ ჩამოთვლილ ფილოსოფოს მესამე არგუმენტის ფორმულირებას, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფილოსოფოსებიდან რომელიმე მათგანისგან, ან ყველა მათგანისგან აიღო კოსმოლოგიური არგუმენტის ეს ვარიაცია აქვინელმა. სწორედ ეს არის ის ძირითადი წყაროები, რომლებსაც აქვინელი 5 არგუმენტის ფორმულირებისას იყენებდა.48

 

როგორც ზემოთ ვნახეთ, აქვინელის მოსაზრებები ღმერთის არსებობის შესახებ, არის უაღრესად საინტერესო, ისევე როგორც უმნიშვნელოვანესი,  ფილოსოფოსებისთვის, თეოლოგებისთვის, მეცნიერებისთვის და ზოგადად ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც, ღმერთის ყოფნა-არყოფნის საკითხის სიღრმისეულ და ობიექტურ კვლევას ახდენს, ან ცდილობს ამ საკითხის გადაჭრას. ამის გათვალისწინებით, იმედს გამოვთქვათ, რომ ეს სტატია, ცოტაოდენ დახმარებას მაინც გაუწევს ქართველს მკითხველს იმ საქმეში, რასაც თომა აქვინელის რაციონალური თეოლოგიის შემეცნება ქვია.

 

 

 

 

 

შენიშვნები და განმარტებები:

 

[1] იხ: Lagrange RG, God, His Existence and His Nature; A Thomistic Solution,  (Volume 1), USA, 1934, Christabel N. Pankhurst, Existence of God: Aquinas, Five Proofs, Skibbereen, 2009,  Jayson M. Brunelle, The Five Ways of Aquinas: God's Existence Through Reason - A brief essay , USA, 2012, by Matt Fradd (Author), Robert Delfino (Author), Does God Exist?: A Socratic Dialogue on the Five Ways of Thomas Aquinas, USA, 2018, Anthony Kenny, Five Ways: St Thomas Aquinas, USA, 2008.

[2] იხ: ნათაძე ნ, თომა აქვინელის ფილოსოფია, გამომცემლობა  თბილისი, 1973, ქავთარაძე ბ, თომა აქვინელის 5 არგუმენტი თეისტური ფილოსოფიის სასარგებლოდ, თბილისი, 2019, თევზაძე გ, შუა საუკუნეები სფილოსოფიის ისტორია. თბილისი, 1996.

[3] ფილოსოფოსების და თეოლოგების მიერ ღმერთის არსებობის სასარგებლოდ შემუშავებული არგუმენტების ანალიზი იხილეთ შემდეგ წიგნებში: Levering M, Proofs of God: Classical Arguments from Tertullian to Barth, USA, 2016, Craig WL, The Cosmological Argument from Plato to Leibniz, Oregon, 2001, Feser E, Five Proof For The Existence of God, USA, 2017, Craig WL, Reasonable Faith: Christian Truth and Apologetics, USA, 2008.  Lagrange RG, God, His Existence and His Nature; A Thomistic Solution,  (Volume 1), USA, 1934.

[4] იხ: Aquinas T, Summa Theologiae (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1.1. 1-10. https://aquinas101.thomisticinstitute.org/st-ia#TOC03, CONTRA GENTILES by Thomas Aquinas On the Truth of the Catholic Faith, Book 1.2.3.4. https://isidore.co/aquinas/english/ContraGentiles.htm,

[5] როგავა გ, ფილოსოფიის ისტორია, თბილისი, 2011, 73.

[6] იხ: Aquinas T, Summa Theologiae (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1.  https://aquinas101.thomisticinstitute.org/st-ia#TOC03,

[7] იხ:  CONTRA GENTILES by Thomas Aquinas On the Truth of the Catholic Faith, Book 1.2.3.4. https://isidore.co/aquinas/english/ContraGentiles.htm,

[8] Aquinas T, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., USA, 1975,  3.2.

[9] რადიკალური ფიდეიზმის მთავარ არსს, გამოჩენილი ფილოსოფოსი და თეოლოგი ეტიენ ჟილსონი (1884-1978), შემდეგნაირად გამოთქვამს:“მას შემდეგ რაც ღმერთი გამოგვეცხადა, ფიქრი აღარ გვჭირდება. ერთადერთი, რაც ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ცხონების მიღწევაა, ხოლო ყველაფერი, რისი ცოდნაც ამის მისაღწევად გვჭირდება, წმინდა წერილშია ჩაწერილი“. იხ:ეტიენ ჟილსონი, გონება და გამოცხადება შუა საუკუნეებში, მთ:სვიმონ ბუკია, თბილისი, 2019, 11.

[10] Richard Amesbury, Fideism, https://plato.stanford.edu/entries/fideism/,

[11] ამ პრინციპების შესახებ ინფორმაცია ქართულად, იხილეთ შემდეგ წიგნში. იხ: ქავთარაძე ბ, კაუზალობის პრინციპი, თბილისი, 2021.

[12] ბოროტებაზე დაფუძნებული არგუმენტის ანალიზი, რომელიც თეისტური ღმერთის არსებობას, ეჭვქვეშ აყენებს,  იხილეთ შემდეგ სტატიაში.იხ: თინიკაშვილი დ, თეოდიცეა: ტანჯვის პრობლემა ქრისტიანულ თეოლოგიაში, http://www.orthodoxtheology.ge/teodicia/,

[13] Aquinas T, Summa Theologiae (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1.2. 3. https://aquinas101.thomisticinstitute.org/st-ia#TOC03

[14] Aquinas T, Summa Theologiae (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1.2. 3. https://aquinas101.thomisticinstitute.org/st-ia#TOC03,

[15] Turek F,  Stealing from god,  USA, 2014, 1-29.

[16] Aquinas T, Summa Theologiae (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1.2. 3. https://aquinas101.thomisticinstitute.org/st-ia#TOC03,

[17] ახალი აღთქმა, პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ,   http://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/akhali/romaelta/romaelta-1.htm

[18] ჰესენი ი, პლატონიზმი და პროფეტიზმი, მთ: ვიქტორ რცხილაძე, თბილისი, 2011, 238-239.

[19] Aquinas T, Summa Theologiae (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1.103. 1. https://aquinas101.thomisticinstitute.org/st-ia#TOC03

[20] Aquinas T, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., USA, 1975,  თავი. 12-13.

[21] ღმერთის ასეთი დეფინიცია, მოცემულია ანსელმის ნაშრომში „პროსლოგიონი“ თავი. 2-3.

[22] Aquinas T, Summa Theologiae (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1.2. 3. https://aquinas101.thomisticinstitute.org/st-ia#TOC03

[23] Aquinas S, The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1. 2. 3. https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[24] Thomas Joseph White, The Light of Christ: An Introduction to Catholicism, The Catholic University of America Press, Washington, 2017, 59.

[25] Alister E. McGrath, Theology: The Basics, Wiley-Blackwell; 4 edition, UK, 2018, გვ. 4.

[26] William Lane Craig, The Cosmological Argument from Plato to Leibniz: (Library of Philosophy and Religion), „Wipf & Stock Pub“, Oregon, 2001, 160.

[27] J. L. Mackie, The Miracle of Theism: Arguments For and Against the Existence of God, Oxford University Press; 1 edition, UK, 1983. 87.

[28] Edward, Feser Aquinas beginner guides, Oxford: Oneworld Publications, London, 2009,  გვ. 110.

[29] FR. R. Garrigou-Lagrange, God, His Existence and His Nature; A Thomistic Solution,  (Volume 1), You-Bollow Press , USA, 1934, 262.

[30] Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., “University of notre Dame Press edition”, USA, 1975, 13, 4.

[31] Taylor Marshall, Thomas Aquinas in 50 Pages: A Layman's Quick Guide to Thomism, "Saint John Press", USA, 2014, 16.

[32] Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., “University of notre Dame Press edition”, USA, 1975, 15, 4.

[33] იქვე, 15, 4.

[34] St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, ნაწილი I,2,3, https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[35] St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 2, არტიკლი 3,https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[36] Aquinas S, The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1. 2. 3. https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1, Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., “University of notre Dame Press edition”, USA, 1975, თავი. 13

[37] Aquinas S, The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1. 2. 3. https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1,

[38] Feser E, Five Proof For The Existence of God, USA, 2017, 71.

[39] Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., “University of notre Dame Press edition”, USA, 1975, 13 34.

[40] Aquinas S, The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1. 103. 1. https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1,

[41] იხ: Feser E, Aquinas beginner guides, London, 2009. 110-120, Feser E, The Last Superstition: A Refutation of the New Atheism, USA, 2008,   110-120.

[42] Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., “University of notre Dame Press edition”, USA, 1975, თავი. 13.35.

[43]  ამ არგუმენტის ფორმულირებისას, აქვინელი ეყრდნობა ციცერონის  ნაშრომს „ღმერთების ბუნების შესახებ“. იხ: Aquinas S, The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1.103.1. https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1,

[44] Aquinas S, The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, 1. 103. 1. https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1,

[45] John of Damascus (Author), Frederic H. Chase Jr. (Translator), Writings (Fathers of the Church Patristic Series), „The Catholic University of America Press“, USA, 1999, 168-170.

[46] АНТОЛОГИЯ мировой философии. В 4-х томах. М., «Мысль»,1969 - 1973. (АН СССР. Ин-т философии. Философ, наследие). Ред. коллегия: В. В. Соколов и др. с илл., Первый том,  часть 2, 717-730.

[47] John F. Wippel, The Ultimate Why Question: Why Is There Anything at All Rather than Nothing Whatsoever? (Studies in Philosophy and the History of Philosophy, "The Catholic University of America Press", Washington, 2011,  65-84.

[48] აქვინელს, ეს არგუმენტები არ გაუმეორებია უცვლელად, არამედ მან თითოეული არგუმენტი, ერთის მხრივ განსხვავებული, უფრო დახვეწილი ფორმულირებით წარმოადგინა, მეორეს მხრივ კი მასში არსებული ბაზისური დებულებები განმარტა და ის კრიტიკოსებისგან დაიცვა. სწორედ ამაშია აქვინელის ღვაწლი და არა იმაში, რომ მან ეს არგუმენტები შექმნა.

 

 

 


კომენტარები