ესსე პირველად გამოქვეყნდა 2017 წლის ოქტომბერში, ფილოსოფოს გოჩა გვასალიას ბლოგში.
ამ ესსეს მიზანია აღძრას მკითხველი იმის საფიქრად, რაც მას არ უფიქრია და რაზეც ის მხოლოდ უხამსი საუბრითა და ღრეჭით პასუხობდა. პორნოგრაფიაზე დავწერე არა იმიტომ, რომ სენსაციასა და მორალისტურ ჯამბაზობას დახარბებული სნობი და იმიტატორი პუბლიკის ყურადღება მცირე ხნით მივიტაცო. პორნოგრაფია და adult-ინდუსტრია გახდა გლობალური კულტურული ტრენდი, რომელიც შეიჭრა მედიაში, მასობრივ კულტურასა და სოციუმის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჰხამს მისი რელევანტური გააზრება და საორიენტაციო დისკურსის შექმნა.
რამდენიმე ქართველი ავტორი, რომელთაც არ ჩამოვთვლი, შეეხო ამ საკითხს. მათი ნააზრევი უსუსური და მეტად ზერელეა. ეროტიკული კულტურა საქართველოში არ ყოფილა და არც არასოდეს იქნება. ეკლესიის მიერ თვით შოთა რუსთველის შედევრი იდევნებოდა XVIII საუკუნეში. „ვეფხისტყაოსანი“ სიძვის წიგნად იყო გამოცხადებული და მას ცეცხლს აძლევდნენ. ესეც აღარ ყოფილიყო ქართულ მწერლობაში და მაშ რაღა? ამის გარდა სხვა რა მოიძევებოდა, სადაც ქართული ენა ასე ამაღლდა? თავისი დროისათვის დიდად განათლებული კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I ძვირს ამბობდა რუსთველზე. ჩვენს დროში ქართული ეროტიკული და პორნოგრაფიული რომანის შექმნის მცდელობანი უხამსობითა და ხუნტრუცით დამთავრდა. ჟურნალ Playboy-ს ქართული ბიუროს შექმნა არ გამოვიდა, რადგან ქართველ ქალს არაფერი უხდება. ის თარსიანი, სიყალბის სიმბოლო და უცუდესი კარმის მქონეა. ძველი დროიდანვე ქართველი ქალის ხვედრი ის იყო, რომ მას უცხოელი ბურჯგნიდა. ქართველს ახასიათებს ქსენოფილია, რომელიც პერვერსიაში გადადის. საქართველოში არასოდეს არსებულა ქალის კულტი, როგორც ამას გამეტებით ამტკიცებდა ქართული ლიტმცოდნეობა ორი საუკუნის განმავლობაში. ქალის კულტი იყო ძველ საბერძნეთში, სადაც ჰეტერებს კანონი იცავდა. ქალის კულტი იყო მესოპოტამიაში. ესაა ქალღმერთ იშთართან (ასტარტა) დაკავშირებული რიტუალები. მეფე ჰამურაბის (ძვ. წ. XVIII ს.) დროს მეძავებს კანონი იცავდა. იშთართან დაკავშირებული ქალის კულტი იყო თვით ძველ ისრაელში. იშთარს დევნიდნენ იუდასა და ისრაელის მეფეები. მომდევნო მეფეები კვლავ აღმართავდნენ იშთარის მაღლობებს და იცავდნენ იშთარის საკულტო ტყეებს.
საბჭოთა დროში აკრძალული იყო ეროტიკა და პორნოგრაფია, რაზეც საკმაოზე მეტად იქილიკეს პოსტსაბჭოთა ლიბერალებმა. მუნჯები ჰყიდიდნენ ქუჩებში დასავლური პორნოჟურნალებიდან გადმოღებულ, ჯიბის კალენდრის ზომის, აკინძულ შავ-თეთრ ფოტოასლებს. თუ ვინმე უცხოეთმოვლილი საბჭოთა საბაჟოზე პორნოჟურნალს გამოაპარებდა, მთელი სანაცნობო ზედ ესეოდა. პროფანული იყო ანტისაბჭოელი დისიდენტების განსჯა, რომ რახან ფროიდის ფსიქოანალიზი იკრძალებოდა საბჭოთა კავშირში, რახან ტაბუირებული იყო სექსოლოგია, ამიტომ ადამიანთა ურთიერთობები არაგულწრფელი იყო. ეს იყო ტიპური მორალისტური ჯამბაზობა. ფროიდის ნაშრომები მრავალგზის გამოიცა და ჟურნალისტებმა სექსოლოგიაც თავზე გადაადინეს ქვეყანას. თუ გახდა ამის შემდეგ ურთიერთობები უფრო ბუნებითი და შინაარსობრივი, ვიდრე აქამდე იყო? პროსტიტუციაზე უარესია თანამედროვე ჟურნალისტიკა და მასმედია. მასმედია ცნობიერებას წამლავს, ყველაფრის პროფანაციას ახდენს და სიტყვის თავისუფლების სახელით ვერბიციდს (სიტყვის კვლა) ეწევა. ენით მეძაობა სხეულით მეძაობაზე ბევრად დიდი ბოროტებაა. ტერორისტი იდეის გულისათვის აფეთქებს და კლავს. ჟურნალისტი სიტყვით ბილწავს ყველაფერს.
კი წაიკითხა პოსტსაბჭოთა ადამიანმა ჰენრი მილერის, ანაის ნინის, მიშელ უელბეკის და სხვათა რომანები სექსზე, პორნოფილმებიც ნახა და სტრიპტიზ-ბარებშიც იარა, მაგრამ რა შეეძინა მას ამით? გახდა ის უფრო მეტად თავისუფალი, უფრო ჰუმანური? აუმაღლდა მას IQ იმით, რომ მუდმივად მოიხმარს სექს-ინდუსტრიის პროდუქციას? ის ისევ ისეთი ცრუპენტელა და მხდალი დარჩა. მაშ რაღას საკლისობდა ის სექსს? რას ითხოვდა და რას მოელოდა ის სექსუალური ლიბერალიზაციისგან? ახლა პოსტსაბჭოთა ადამიანი ბიბლიაზე მითითებით გმობს პორნოგრაფიას და სექსუალური ლიბერალიზაციის გამოვლინებებს? აი აქედან ჩანს მისი სიყალბე. ეროტიკის კულტურა მაინც არ არსებობს ქართველთა შორის. თუკი რამ ნორმა და სტანდარტი არსებობს, ის დასავლეთის გავლენით შემოვიდა. დასავლეთის ჩაძახილით მკვიდრდება საქართველოში ტოლერანტული დამოკიდებულება ქალის სექსუალობისა და სექსუალური ლიბერალიზაციის ფორმების მიმართ.
ფროიდის გავლენით ფრანკფურტის სკოლის ფილოსოფოსებმა (თ. ადორნო, ჰ. მარკუზე, ვ. ბენიამინი, ი. ჰაბერმასი და სხვ.) დენაციფიკაციის შემდეგ ლიბიდოს საკითხი დიდი ფილოსოფიური განსჯის საგნად აქციეს. ფრანკფურტელების დისკურსს ეყრდნობა ახლანდელი LGBT მოძრაობა. სექსუალური რევოლუციის იდეური მამა არის ფროიდის ნამოწაფარი, ჰიპერსექსუალიზმის წარმომადგენელი, ვილჰელმ რაიხი (1897–1957). მის მოძღვრებაშია ორგაზმოცენტრიზმი. რაიხის თანამედროვემ, ალფრედ კინზიმ (Kinsey, 1884–1956) უორდელ პომეროისთან (Pomeroy) და კლაიდ მარტინთან ერთად შექმნა ცნობილი გამოკვლევები ქალისა და კაცის სექსუალობაზე. მიშელ ფუკომ თავის სამტომეულში „სექსუალობის ისტორია“ (1976–84) გამოიკვლია სექსუალური ნორმები სხვადასხვა ეპოქებში. პორნოგრაფიაზე წერდა ჟან ბოდრიარი. თანამედროვე დაოისტური ეროტოლოგიის მოძღვარია მანტეკ ჩია, რომელიც ძველი ჩინური იოგინური მეთოდიკისა და სექსუალური მედიტაციის პოპულარიზებას ეწევა დასავლეთში. დასავლეთსა და რუსეთში არიან ასევე ტანტრისტული იოგის გურუები, რომელნიც ძველინდურ სექსუალურ პრაქტიკას ისწავლებიან. გასული საუკუნის 70-იან წლებში ცნობილი სექს-გურუ იყო ოშო. მისი ნაწერები სექსზე პროფანთა თავშესაქცევია, რომელთაც შემეცნებითი ტანჯვის მაგიერ სიძვა სურთ. დასავლური ფილოსოფიური და სოციოლოგიური ჟურნალები მეცნიერულად განიხილავენ პორნოგრაფიის საკითხს.
თანამედროვე adult-ინდუსტრია შეამზადეს XIX საუკუნის ეროტიკული და პორნოგრაფიული ჟანრის გამომცემლებმა, ბრიტანელმა უილიამ ლეზენბიმ (Lazenby), ედვარდ ეივერიმ (Avery, 1851–1913), ჩარლზ ქერინგტონმა (1857–1921) და სხვებმა. მოგვიანოდ იყო ბრიტანელი პოეტი და ესეისტი დევიდ ჰერბერტ ლოურენსი (1851–1913) და მისი რომანი „ლედი ჩეთერლის საყვარელი“ (Lady Chatterley’s Lover, 1928), რომელიც გამოსვლისთანავე აიკრძალა და სამი ათეული წელი იყო აკრძალული. 60-იან წლებში ეს რომანი ხელახლა გამოვიდა. აღინიშნება, რომ ლოურენსმა შესძინა სიტყვა sex-ს, რაც ნიშნავს სქესს და არა სექსს, კოიტუსის, connubium-ის მნიშვნელობა. პორნოგრაფიის განვითარებაზე გავლენა მოახდინეს ევროპელმა ოკულტისტებმა და ეზოთერისტებმა. ბრიტანელი ოკულტისტის, ალისტერ კროულის (1875–1947) სექს- მეჯიქ ინიციაცია მასტურბაციით იწყება და ანალური სექსით მთავრდება. კროული არის სექსუალური რევოლუციის და პორნოინდუსტრიის ადრეული იდეური მამა. OTO-ს (Ordo Templi Orientis – აღმოსავლეთის ტამპლიერთა ორდენი) ოკულტისტებმაც ბევრი გააკეთეს პორნოინდუსტრიის შემზადებისათვის. კროულის ავტოეროტიზმს, სექსის მაგიასა და ფალოლატრიას ავითარებდნენ სხვა ოკულტისტებიც. ტანტრიზმის ინტერპრეტაციის გზით მათ განავითარეს პორნოლატრიული ოკულტიზმი.
სადღეისოდ ლიბიდოს საკითხზე, ქალის ორგაზმის თავისებურებებზე, პორნოინდუსტრიის ახალ ამბებზე რეგულარულად წერენ დასავლეთის იმპაქტ-ფაქტორიანი გამოცემები (The Guardian, The Economist და სხვ). 2017 წლის 15 სექტემბერს თვით ისეთ ანალიტიკურ პორტალზე, როგორიცაა Project Syndicate, გამოქვეყნდა სტატია: Can We Have Too Much Sex?
პორნოსაიტმა Pornhab-მა 2017 წლის სექტემბერში გამოუშვა სამოსელი თავისი ლოგოტიპით. თანამედროვე პორნოფოტოგრაფი და პორნორეჟისორი ქალი არის სიუზ რენდოლი (Suze Randall) ბრიტანეთიდან. ის იყო Playboy-სა და Hustler-ის ფოტოგრაფი. ის საკუთარ პორნოსაიტს ხელმძღვანელობს. დასავლეთში ქალები წერენ წიგნებსა და მანუალებს – how to reach orgasm. ეს ავტორებია ჟასმინ უაილდი, ემბერ ქოული და სხვ. ცნობილმა ავტორმა ლინდა უილიამსმა 2004 წელს გამოსცა წიგნი: Porn Studies. ჯესიკა სპექტორი თავის კრებულში სექს-ინდუსტრიაზე ფილოსოფიურ პოლემიკას იწყებს. მის გამოცემულ კრებულს ეწოდება: Prostitution and Pornography: Philosophical Debate About the Sex Industry (2006). სექსუალური პოლიტიკის აღიარებულმა ექსპერტმა, შაირა ტერენტმა (Shira Tarrant) გამოსცა წიგნი: The Pornography Industry: What Everyone Needs to Know (2016).
ამერიკას განსაკუთრებით დიდი სამეცნიერო ბაზისი აქვს სექსოლოგიასა და ადამიანის სექსუალობის კვლევაში. სექსუალობის შემსწავლელი კინზის ინსტიტუტი (The Kinsey Institute for Research in Sex, Gender, and Reproduction) (დაფუძნდა 1947 წ.) მსოფლიოში ცნობილია (www.kinseyinstitute.org). ამერიკული რეცენზირებული სექსოლოგიური ჟურნალი (გამოდის ორ თვეში ერთხელ) არის Archives of Sexual Bevavior. მას გამოსცემს 1973 დაფუძნებული სექსის კვლევის საერთაშორისო აკადემია (International Academy of Sex Research, IASR). Adult-კონტენტის მქონე კინემატოგრაფშიც ამერიკა პირველობს. ისაა big porn-predator (დიდი პორნომტაცებელი) მსოფლიო პორნოინდუსტრიაში, რომელიც პიონერული მეთოდებით ამკვიდრებს პორნოპატერნებსა და პორნოპერფორმანსს მასკულტურაში. აღარაა საკმარისი კლასიკური ბალეტი, რომელიც ხელოვნებად ქცეული პერვერსიაა. სულ უფრო მეტი ეროტიზმი და სექსუალობა არის თანამედროვე ბალეტში.
მსახიობმა და მომღერალმა Fergie-მ გამოსცა კლიპი M.I.L.F. $. კლიპი იუთუბში აიტვირთა 2016 წლის 1 ივლისს და ამ დროისათვის აქვს 200 მლნ-ზე მეტი ნახვა. კლიპში ქალები რძეს სვამენ და ზედ ისხამენ, რაც ჰბადებს ბუკაკეს (იაპონური სიტყვა bukkake) (სპერმის სახესა და ტანზე დასხმა) და გოკუნის (იაპ. – gokkun) (სპერმის სმა) ასოციაციას. პორნოსაიტებზე MILF ნახვების სიხშირით გამორჩეული კატეგორიაა. მუსიკაში პორნოპატერნები სულ უფრო ფართოდ მკვიდრდება. ფრანგული ჰაუს დუეტის Justice-ს კლიპი Pleasure არის მხატვრულად გადაღებული კოიტუსი. Depeche Mode-ს კლიპი In Your Room (Zephyr Remix, 2016) ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის კოიტუსის ფოტოებია. ქალის სექსუალობას ეძღვნება კაილი მინოუგის კლიპი Sexercize, ბონი მაკის (Bonnie McKee) კლიპები. დორიან ელექტრას კლიპს ეწოდება „ოდა კლიტორს“ (Ode to the Clitoris). ქალის სექსუალობას ეძღვნება დიჯეი ერიკ პრაიდზის ცნობილი კლიპი Call on Me. ნიკი ჰითონის (Niykee Heaton) საკონცერტო გამოსვლები სექსუალობის პერფორმანსია. პორნოგრაფიულია მაილი საირუსის საკონცერტო გამოსვლები. იუთუბში აქამდე არ ყოფილა პორნოგრაფია. 2017 წლის ზაფხულში დაიდო უამრავი იაპონური და კორეული მოკლე პორნოჩანაწერი (New lunar 2017 always with me heart you 2018 # 13 და სხვ.). ვიდეოჰოსტინგური კომპანიის ადმინისტრაციამ ეს პორნოჩანაწერები მალევე აიღო. იუთუბში არის სექსუალური ხასიათის ბევრი რჩევა-დარიგება, სექს-დივაისების აღწერა და ა.შ. საკაბელო ტელეარხებზე ხშირად გადის რეკლამა ვიბრატორებზე, ფალოიმიტატორებზე, ახალი თაობის დილდოებზე, ანალურ მძივებზე (დაბლ ტვისტერ, ჯოი ბოლზ, რიელ ფენტეზი და ა.შ.).
ხელოვნებაში სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს ეროტიკული და პორნოგრაფიული შინაარსის ინსტალაციები და სკულპტურები. ეროტიკული ფოტოგრაფის ჟან-ფრანსუა ჟონვილის (Jonvelle) ნამუშევრები ცნობილია. სკულპტორმა ჯეიმი მაკარტნიმ (Jamie McCartney) მოაწყო ვაგინის ტვიფრების გამოფენა. ერიკ რაველოს (Erik Ravelo) ეროტიკული ძაფის სკულპტურები უზადოდ შესრულებულია. კომპიუტერული ანიმაციის დიდმა შესაძლებლობებმა გაზარდა ანიმაციური პორნოფილმების რაოდენობა. იაპონური ანიმეს ჟანრია ჰენტაი, რაც პერვერსიას აღნიშნავს. იაპონიაში უამრავი პორნოგრაფიული ანიმე გამოდის.
შიშველი სხეულის ბერძნული კულტი ამერიკელებმა არნახულ სიმაღლეზე აიყვანეს. ამერიკაში განვითარდა ბოდიბილდინგი ისე, როგორც არსად სხვაგან. ადრე ამას კულტურიზმი ეწოდებოდა და საბჭოთა იდეოლოგია მას კრძალავდა და დევნიდა. ბოდიბილდერთა კონკურსების ფოტოების შავ-თეთრ ასლებს პორნოგრაფიული ფოტოების ასლებთან ერთად მუნჯები ჰყიდიდნენ 70-იან წლებში. ლამაზი სხეულისა და სიშიშვლის კულტს ასევე ავითარებს პორნოინდუსტრია. ქალის სექსუალობა იქცა გლობალურ ბიზნესად, რომლის კაპიტალი ათეულობით მილიარდი დოლარია. Adult-ინდუსტრია ესაა ეკონომიკის დარგი, სადაც კონვეიერული წესით იწარმოება სხვადასხვა ჟანრის ათასობით პორნოფილმი. მეუღლეთა წყვილები, რომლებიც არ არიან პორნომსახიობები, იღებენ HD პორნოფილმებს თავისივე მონაწილეობით და ამ ფილმებს ყიდულობს რომელიმე ცნობილი პორნოსაიტი. Anaideia (ურცხვობა) გახდა ერთობ მოთხოვნადი საბაზრო პროდუქტი.
ძალზე დიდი კონკურენციაა პორნომსახიობებს შორის. ყველა პორნომსახიობი ფიტნეს-დარბაზების მუდმივი წევრია. ხშირად მსახიობი კარიერას იწყებს პორნოფილმებში და შემდეგ გადადის ჰოლივუდში. დიდი კონკურენციის გამო შეიცვალა მოდელთა ფოტოგრაფირების სტანდარტიც. Playboy-მ მიბაძა Hustler-ს და ფოტოსესიის დროს adult model-ების ვაგინათა სხვადასხვა რაკურსით ფოტოგრაფირება ხდება. ეს ახალი სტანდარტია „ფლეიბოი“-ში. ეს ჟურნალი ადრე ასეთ ფოტოებს არ აქვეყნებდა. „ფლეიბოის“ მოდელმა, იზაბელა სენტ-ჯეიმსმა დაწერა წიგნი, სადაც ამხილა ამ ჟურნალის დამფუძნებელი და შეფ-რედაქტორი ჰიუ ჰეფნერი (1926–2017). წიგნს ეწოდება: „კურდღლის მონათხრობი. ფლეიბოის სასახლის დახურულ კარს მიღმა“ (Bunny Tales: Behind Closed Doors at the Playboy Mansion, 2006). ავტორი წერს, რომ „ფლეიბოის“ მოდელები მეძაობდნენ ჰეფნერის სასახლეში. აქ ხშირი სტუმრები ყოფილან კოლინ ფარელი, ჩარლი შინი, ლეონარდო დი კაპრიო და სხვები. სხვა რაიმე რო ყოფილიყო ჰეფის სასახლეში, ეს იქნებოდა გასაკვირი, თორემ რაც იზაბელა სენტ-ჯეიმსმა დაწერა, ეს რა გასაკვირია? სიძვის გარდა სხვა რა უნდა ყოფილიყო ჰეფნერთან? ახლახანს, მისი სიკვდილის შემდეგ დაიწერა მამხილებელი მასალები მასზე და მის მოდელებზე. ეს არ მოახდენს არანაირ ნეგატიურ გავლენას „ფლეიბოის“ გლობალურ ბიზნესზე.
ტრანსპარენტული და ტრივიალური გახდა ის, რაც ადრე იფარებოდა და იკრძალებოდა (vetitum) და რაც (protervitas – ურცხვობა) უფრო ადრე, შუა საუკუნეებში შეჩვენებული იყო ეკლესიის მამათა მიერ. პორნოინდუსტრიამ ქალის სექსუალობა კულტურის ავანსცენაზე გამოიყვანა და საზოგადოება აიძულა პატივისცემით მოეპყროს იმას, რაც აქამდე დასაძრახი და აკრძალული იყო. კოიტუსი იქცა დიდ ესთეტიკურ მოვლენად და პროფიტაბილურ საბაზრო პროდუქტად. პორნოგრაფიის მასოვიზაციის მაჩვენებელია ტერმინი next door girl (კარის მეზობელი გოგო), რაც იმას ნიშნავს რომ პორნოფილმში მონაწილეობა შეუძლია არა მხოლოდ adult star-ს, არამედ ყველას. ასიათასობით ქალია ჩართული პორნობიზნესში. პორნოვარსკვლავებს ნათამაშები აქვთ როლები ორას და მეტ ფილმში. პაციენტის ვიზიტი გინეკოლოგთან რომ ჩაიწეროს და დაიდოს ქსელში, უკვე პორნოგრაფიაა. პორნოსაიტებს აქვთ კიდეც რუბრიკა „გინეკოლოგი“.
პორნომსახიობი ქალების ინტერვიუები მკითხველის ყურადღებას იპყრობს. ისინი არიან ბლოგერები, მწერლები, ჟურნალისტები, რეჟისორები, მუსიკოსები, საზოგადოებრივი მოღვაწენი. ბევრ მათგანს საკუთარი საიტი აქვს. ბრიტანელი პორნომსახიობი სამანტა ბენტლი ჟურნალისტიცაა. მან შეასრულა მეძავის როლი ცნობილი ტელესერიალის Game of Thrones ეპიზოდებში. ძალზე ცნობილია სექს-ინდუსტრიის ვეტერანი საშა გრეი, ყოფილი პორნომსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. იტალიელი პორნომსახიობი მილი დ’აბრაჩო (Milly D’Abbraccio) ტელეჟურნალისტი და პოლიტიკოსია. ვიეტნამურ-ფრანგული წარმოშობის პორნომსახიობი, პროდიუსერი და მოცეკვავე კაცუნი (Katsuni) სამ ათეულამდე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია პორნობიზნესში. მას აქვს თავისი საიტი და არხი იუთუბში. იაპონელი მეგაპორნოვარსკვლავია ჰიტომი კობაიასი (Hitomi Kobayashi). როკო სიფრედი იტალიელი პორნომსახიობი, გონზოს ჟანრის რეჟისორი და მწერალია. ტანია ტეიტი (Tanya Tate) ბრიტანელი პორნომსახიობი, მწერალი და მოდელია. შელი ლაბენმა (Shelley Lubben), ყოფილმა პორნოპერფორმერმა და მომღერალმა დაწერა წიგნი: Truth Behind the Fantasy of Porn: The Greatest Illusion on Earth (2010).
როგორც ჰოლივუდის მსახიობებს აჯილდოებენ „ოსკარით“, ასევე აჯილდოებენ პორნომსახიობებს. ამერიკული ჟურნალის AVN-ს (www.avn.com) ჯილდო პორნოფილმებისათვის არის AVN Awards ათობით ნომინაციაში. XBIZ Award ასევე ამერიკული ჯილდოა პორნოფილმებისათვის. უამრავ კატეგორიაში ეძლევათ ეს ჯილდო (გონზო, ანალი, ორალი, გეი, მილფი, სვინგერინგი, გენგბენგი და სხვ.). სხვა ამერიკული ჯილდო პორნოფილმებისათვის არის XR CO Award ათობით ნომინაციაში. კანის კინოფესტივალის პარალელურად ადრე გაიცემოდა ჯილდო პორნოფილმებისათვის Hot d’Or. წარმოვიდგინოთ რამდენი პორნოფილმის ნახვა უწევს ამ დაჯილდოებათა ჟიურის, რათა შეარჩიოს ნომინანტები და ჯილდო მიუსაჯოს ყველაზე საუკეთესო მსახიობებს.
როდესაც კულტურა განვითარების ზენიტს აღწევს, ქალთა სექსუალური ემანსიპაცია გარდაუვალი მოვლენაა. ასე იყო შუამდინარეთის ცივილიზაციის დროიდან. იაპონიაში, ტაილანდში, ფილიპინებზე, ინდოეთში სექსი არ იყო ტაბუირებული, აკრძალვებით შეზღუდული. სექსი არ იყო სირცხვილი და მორალურად დასაგმობი. ინდური გადმოცემის მიხედვით, ბოლო ჟამის ნიშანი ისაა, როდესაც ბრაჰმანთა კასტის ქალები დაბალ კასტებს და თვით ჩანდალებს (მოკვეთილები) შეერევიან. ძველ ინდოეთში არსებობდა სექს-მანუალები: ბრაჰმან კალიანა მალას დაწერილი „ანანგა რანგა“ (XVI ს.), უფრო ადრინდელი ეროტოლოგიური ტექსტია „კოკოშასტრა“ (მიახლ. XII ს.). კიდევ უფრო ადრინდელია ვატსიაიანა მალანაგას „კამა სუტრა“ (III ს.). ძველ ინდოეთშივე შექმნა კაჯურაჰოს სატაძრო კომპლექსი (IX – XII სს.). ქვაში ნაკვეთი სიძვის სკულპტურები ინდუიზმის სადიდებლად შეიქმნა. დასავლეთში ცნობილი სექს-მანუალი გამოსცა ბრიტანელმა ალექს კომფორტმა (1920–2000). ესაა The Joy of Sex (1972).
არაბული ცივილიზაცია შუა საუკუნეებში ავანგარდული და ინოვაციური იყო ყველა მიმართებით. მას რომ მიეღწია ისეთი განვითარებისათვის, როგორც ახლა არის განვითარებული დასავლური ცივილიზაცია, იქნებოდა მასში ისეთივე პორნოინდუსტრია, როგორიც დასავლეთშია? შეძლებდა ისლამური მორალი შეეკავებინა ქალღმერთ იშთარის ხიბლის მოძალება?
დასავლურმა პორნოინდუსტრიამ სექსი აქცია გლობალურ ეთიკურ და ესთეტიკურ ღირებულებად. სექსი აღარაა დაკავშირებული სინანულთან, ადამის და ევას პირველცოდვასთან. აბრაამიტულ რელიგიებში სექსი ყოველთვის უკავშირდება სირცხვილს და აკრძალვას. ძველი აღმოსავლეთის დიდი ქალღმერთი იშთარი, ასტარტა, მილიტა, ქამოში (ებრ. – აშთორეთ) ძველ აღთქმაში მრავალგზის დაწყევლილია, მაგრამ ესთერის წიგნიდან ვიცით, რომ ებრაელმა ქალმა, ბენიამინელმა ესთერმა (იშთარი) ჟლეტას გადაარჩინა თავისი ხალხი. იშთარის სიმბოლო ხუთქიმიანი ვარსკვლავია, რომელიც ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. იშთარი სიძვისა და ომის ქალღმერთია ერთდროულად. დევნიდნენ იშთარს და ის კვლავ ბრუნდებოდა. ასეა დღესაც. ძველ აღთქმაში ხსენდებიან ტაძრის მეძავი ქალები და კაცები. ქალაქ ენაიმის კარიბჭესთან მჯდარი თამარი თავს მეძავად (ებრ. – კდეშა) აჩვენებდა, სახეს იფარავდა, ვითარც იშთარის მსახური ქალი (დაბ. 38: 14). იუდას მეფემ იეჰოშაფატმა განდევნა იუდადან ტაძრის მეძავი კაცები (1 მეფ., 22: 46). იუდას მეფემ იოშიამ სახლები დაუნგრია ტაძრის მეძავ კაცებს (2 მეფ., 23: 7). იოშიამ ასევე წარხოცა სოლომონ მეფის მიერ აღმართული ქალღმერთ აშთორეთის, ქამოშის და მილქომის მაღლობები (23: 13).
წინასწარმეტყველთა წიგნებში უფალი ადანაშაულებს ისრაელს და ადარებს მას მეძავს. პავლე მოციქული და მის კვალად ეკლესიის დიდი მამანი ბევრს იტყვიან სიძვის საგმობად. პავლე ტარსოსელი ამბობს: „სიძვისათვის კაცად-კაცადსა თავისი ცოლი ესვინ და თითოეულსა თავისი ქმარი ესვინ“ (I კორ. 7, 2). ბერძნულ ბიბლიაში პავლეს ამ ნათქვამის გადმოსაცემად გამოიყენება სიტყვა „პორნეია“. ნეტარი ავგუსტინე ამაზე ბევრს წერდა. სიძვანი და მრუშებანი მამათათვის სულის დამღუპველი დიდი ცოდვაა. მერჯულე კაცებმა თქვეს, რომ ვკურნავდით ბაბილონსა და არა განიკურნა. ბაბილონი ბიბლიაში სიძვის ქალაქად იწოდება. იოანე პეტრიწს უწერია, რომ საძულველიაო სიძვა („სიძვაო, შენ ხარ უსაძაგლესი სენი, უსხეულოთა ბუნებათა მოძულე…“). ყოველივე ამის მიუხედავად, რენესანსმა მამათაგან შეჩვენებული შიშველი სხეულის ანტიკური კულტი გააცოცხლა. რენესანსამდე, X ს-ის პირველ ნახევარში იყო პორნოკრატიად წოდებული მეძავთა ძალაუფლება რომში (governo delle prostitute), რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს გასტანა და მოიცვა 12 პაპის მმართველობა. მაშინდელი პორნოკრატია ხუმრობაა ახლანდელ პორნოკრატიასთან შედარებით. თანამედროვე პორნოკრატია ესაა ბიჰევიორისტული პარადიგმის სრული გამარჯვება. მხოლოდ დასავლეთში მოხდა ასე, რომ ადამიანის სექსუალობა დაუკავშირდა პოლიტიკურ ჯანყს. სექსის დისკურსი ესაა სახელმწიფო ძალაუფლების უარყოფა. დასავლური სექსუალური ლიბერალიზაცია ესაა ევროპული ჰუმანიზმის დასრულება. დასავლეთში ადამიანი ვერ ამაღლდა არნახული მატერიალური სიუხვის მიუხედავად. რენესანსიდან და საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან (1789 წ.) მომდინარე ჰუმანიზმი იქცა აკადემიურად არგუმენტირებულ პორნოკრატიად. ლიბერალიზმის სისტემამ მოახერხა სექსის დისკურსის თავის სამსახურში ჩაყენება. ამას მოწმობს პორნოინდუსტრია. ლიბერალურმა სისტემამ 70-იან წლებში ასევე გაანეიტრალა ბიტნიკების, ჰიპების და სხვათა სექსუალური პროტესტი და ის სისტემის ნაწილად აქცია. ამ სისტემაში ქალი განთავისუფლდა და ამავე დროს პროფანირება განიცადა. ტურფა დიდი ხანია გაიაფდა.
ძველი არაბული მწერლობის შედევრში „ათასი და ერთი ღამე“ ბევრი ეროტიკული ელემენტია და დასაწყისშივე მონათხრობია საწყალ კაცზე, რომელსაც შიშველი ბანოვანნი თავის ვაგინებს უჩვენებენ და სთხოვენ მას სახელი უწოდოს მათ. აქვე სხვაგან მოთხრობილია ამბავი ქალისა, რომელმაც ალაჰის მიერ აღთქმული სამი სურვილის შესრულებისას სამჯერვე დიდი ფალოსი ინატრა. არის ლიტერატურული ეროტიკა და არის ხალხური უხამსობა, რომელსაც შეცდომით ეწოდება ეროტიკული ფოლკლორი.
Homo de plebe (მდაბიორი) პოლიტიკურ პროტესტს ყოველთვის უხამსობით გამოხატავდა. ასე განაქიქებდა ის მეფის ტახტსა და ეკლესიას. ქართული ბერიკაობა აკრძალა მეფის რუსეთმა, რადგან ბერიკების ხის ფალოსებში მან ცარიზმის დაცინვა დაინახა. თავად რუსეთში ხალხური სამსიძაო ზეპირსიტყვიერება არსებობდა. ასეთი ჩასტუშკები შეკრიბა ფოლკლორისტმა ანატოლი დმიტრიევიჩ ვოლკოვმა. ეს კრებულები გამოიცა პოსტსაბჭოთა რუსეთში. საქართველოში ფოლკლორისტმა ვახუშტი კოტეტიშვილმა სიძვის ხალხურ ლექსთა მცირე კრებული „დაუკრეფავნი“ გამოსცა. ეროტიკის მომენტები არის დავით გურამიშვილთანაც ქაცვია მწყემსის ამბავში.
თუ მონარქიების დროს თავისუფალი სექსი არისტოკრატიის პრივილეგია იყო, რევოლუციების შემდეგ ის თანდათან მასობრივ მოვლენად იქცა. რევოლუციის შემზადება კი დაიწყო იმით, რომ ფრანგმა მწერლებმა დაწერეს ბევრი მოთხრობა იმაზე, თუ როგორ შეაცდინა მემრუშე არისტოკრატმა გლეხის გოგო და შემდეგ მიატოვა. XVIII ს-ის ბოლოს ეს თემა რუსულ ლიტერატურაშიც გადმოვიდა. ევროპულმა ემანსიპაციის იდეამ ადამიანებს მისცა ის სექსუალური თავისუფლება, რამაც სულაც არ განავითარა ჰუმანიზმი, როგორც ამას გამეტებით ირწმუნებოდნენ. სიძვის ღვინო ბაბილონის დროიდან ბევრმა შესვა, მაგრამ ვერ შეირგო. იშთარის საფერი სასიბრძნო სიტყვა მათ ბაგეთაგან არ გამოტევებულა. სიძვის ალზე დაიწვა ბევრეული, ვითარც შუქს მისეული ქინქლი. ადვაიტა-ვედანტის შემქმნელი შანკარაჩარიას ბრძნობა ქალღმერთმა დაიწუნა იმის გამო, რომ იგი უსიძველი ჭაბუკი იყო. მცირეთ ძალუძთ გაიგონ ამისი აზრი.
იესუ ფარისევლებთან დავისას ამბობს: „მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში“ (მათე, 21: 31). მცირენი გაიგებენ ამ ნათქვამის მნიშვნელობას მაშინაც კი, როდესაც მას განმარტავენ ცნობილი ეგზეგეტიკოსები. მეძავი ერთ-ერთი პირველია, ვინც მაცხოვრის სიტყვა იწამა. იესუმ მიუტევა მემრუშე დიაცს, რომლის ჩაქოლვას აპირებდნენ. მისმა სიტყვამ ელდა დასცა მათ, ვინც დიაცის ჩაქოლვას აპირებდა. ავაზაკთა და მეძავთა შორის ინახობდა ძე უფლისა.
სადღეისოდ გახუნდა ყოველი ის ლიტერატურული ტექსტები, რომელნიც მკითხველის ლიბიდოს ახელებდნენ. წლების მანძილზე როგორ არ ცდილობდა მედია, რომ ადამიანთა ყურადღება მიეპყრო ეროტიკული და პორნოგრაფიული რომანებისაკენ. შემდეგ ეს ლიტერატურა მრავალგზის გადაფარა პორნოსაიტებმა და კინემატოგრაფიულმა გენიტალიზმმა. ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს ჰიპერსექსუალიზაცია და დესექსუალიზაცია. სისტემის ultima verba (საბოლოო სიტყვა) დიდი დეჰუმანიზაციისა ვითარებაში, როდესაც ყველგან მიმდინარეობს ანთროპოპტოზისი (ადამიანის კვდომა), არის დაუსრულებელი აპელაცია ქალის ფიზიოლოგიისადმი, ქალის შორისისადმი (hypotaurium feminae). ხდება მეტისმეტი აქცენტირება ფემინიზმის და ჯენდერის პრობლემებზე, რომელთაგან ბევრი გამოგონილი პრობლემაა. თავად ფემინიზმი და ჯენდერის ფილოსოფია იწვევს ქალის პროფანაციასა და ფალსიფიკაციას. ქალს მიეწერება ის უნარი და ის ზნეობრივი პოტენცია, რაც მას არა აქვს და არც ექნება თვით სრული მატრიარქატის დროსაც კი. ფემინიზმი, ჯენდერის ფილოსოფია და ქალის სექსუალობის ძალზე გაბუქებული საკითხი ფარავს თანამედროვე ადამიანის სავალალო სინამდვილეს. პორნოინდუსტრიისა და ფემინიზმის მიერ იქმნება მითოსი თანამედროვე ქალზე და მყისვე იფუშება. ლიბერალიზმმა ვერ შექმნა ახალი ადამიანი, როგორც ის ირწმუნებოდა და ეს მარცხი იფარება ადამიანის თესლნთხევის მაქსიმალური ვიზუალიზებით.
დღეისობას, როდესაც ვმსჯელობთ ადამიანზე, იძულებულნი ვართ ვიცრუოთ. კანტისეული კითხვა – Was ist der Mensch? (რა არის ადამიანი?) უცნაურად ისმის იმ ჟამს, როდესაც სინქრონულად მიმდინარეობს რობოტული გონების (AI) განვითარებისა და ჰიპერსექსუალიზაციის პროცესი. უკვე მაშინ, როდესაც რობოტს ექნება ექვსი წლის ბავშვის გონება, ის დასცინებს ადამიანის ლიბიდოს და ყოველივე მასთან დაკავშირებულს. პორნოგრაფიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ადამიანის ევოლუციური შეზღუდულობა, დაგვანახა ის, რომ ადამიანი ჩიხური არსებაა და მისი ევოლუციონირება არ ხდება. დაგვანახა ის, რომ ადამიანის არსება უსაზღვროდ ცრუ და უპიროა, რომ ის ფსიქიკურად მეტად მყიფეა. ყველამ არ უნდა ნახოს არა მხოლოდ ჰარდკორი და BDSM, არამედ ჩვეულებრივი კოიტუსიც კი. სუსტი ადამიანის ფსიქიკას ანგრევს ეს HD-Porno. აქამდე დაგმობილი პედოფილია უკვე დაშვებულია და პორნოსაიტებზე დევს პედოფილური ვიდეოები. დარჩა მხოლოდ ზოოფილია და ნეკროფილია, რომელიც დროთა განმავლობაში დასაშვები გახდება და შეპარვით ლეგალიზდება. პორნოინდუსტრია არის სპეციფიკური WMD (weapon of mass destruction – მასობრივი განადგურების იარაღი). ადამიანს რომ გააჩნდეს სხვა ფიზიოლოგიური კონსტანტა, ისიც კომერციული ექსპლუატაციის საგნად იქცეოდა.
უახლოეს დროში პორნოგრაფიას გადაფარავს სექს-ბოტების ინდუსტრია, რომელიც სულ უფრო ძალას იკრებს და ტექნიკურად სრულიყოფა. ამ სახის რობოტები მალე გაიაფდება და მასობრივად ხელმისაწვდომი გახდება. სექს-რობოტების წარმოებას ვერვინ აკრძალავს. ადამიანთა შორის კიდევ უფრო გაიზრდება გაუცხოება. სექს-ბოტების ინდუსტრია მოიტანს უამრავ ფსიქიკურ სნეულებას. პოსტკოიტალური დეპრესია გახდება პანდემია, რომლის კურნებას სნეული ადამიანი ტრანკვილიზატორებითა და ნარკოტიკებით შეეცდება. ადამიანის დასასრული დადგება და ფილოსოფიის დიდი წიგნი სამუდამოდ დაიხურება.
კომენტარები