კანტის ანთროპოლოგიური კონცეფცია

კანტის ანთროპოლოგიური კონცეფცია

ერთ-ერთი თავი ნინო მშვენიერაძის წიგნიდან „იმანუელ კანტის ანთროპოლოგია

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

ადამიანი ყურადღების ობიექტია მას შემდეგ, რაც ძველ საბერძნეთში აქტუალური გახდა ფილოსოფიური რეფლექსია. ამიტომაცაა ის ერთ-ერთი „მარადიული პრობლემა“, რომელიც აშკარად თუ ფარულად არსებობს ნებისმიერ ცნობილ და მეტ-ნაკლებად გამართულ სისტემაში. ანთროპოლოგიის დამოუკიდებელ მიმართულებად ჩამოყალიბებამდე ადამიანის შესახებ უამრავი გამოკვლევა და შესაბამისად ცოდნის უმდიდრესი მარაგი დაგროვდა, ამიტომაც, მართებულია შეფასება, რომ თანამედროვე ანთროპოლოგიური კონცეფციები ამ ცოდნის მემკვიდრეა, მაგრამ ამ მიმართულებას ჰყავს უშუალო წინამორბედნი, რომელთა ნააზრევში დაიძებნება, როგორც პრობლემების, ასევე კვლევის მიმართულების საწყისები. და მათ შორის ერთ-ერთი უპირველესია იმანუელ კანტი. კვალიფიციური მკითხველისთვის საგანგებო მტკიცებას არ საჭიროებს მისი აზროვნების მასშტაბურობა და გავლენა, როგორც მომდევნო ფილოსოფიურ სისტემებზე, ასევე ზოგადად ინტელექტუალურ კულტურაზე. ფილოსოფიური თეორიები, როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, „იმსგავსებენ“ თავიანთი ავტორების ბიოგრაფიას, შეგვიძლია პირიქითაც ვთქვათ: როგორიცაა ავტორის ცხოვრების წესი, მისი მენტალობა, ისეთივეა მისი „პრაქტიკული ფილოსოფია“-ც. ამ მოსაზრების მკაფიო დასტურია კანტის შემოქმედება და პირადი ცხოვრება – „პერსონალური ბედი“. ანთროპოლოგიური თემატიკის გამოკვეთასა და შესწავლაში ლამის შეუფასებელია მისი წვლილი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფილოსოფიის სხვა დარგებში და ყოველივე ეს განსაკუთრებით საგრძნობია დღეს, როდესაც მეოცე საუკუნეც ჩავლილია, შექმნილია არა ერთი ანთროპოლოგიური კონცეფცია დაწყებული ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციურით და დამთავრებული სტრუქტურალისტურ-მოდერნულით, არაფერი რომ არ ვთქვათ, თავად ფილოსოფიური ანთროპოლოგიის შესახებ. ისევე, როგორც კანტია აღიარებული „ახალი ონტოლოგიის“ ადეპტად, ასევე მეოცე საუკუნის ანთროპოლოგიურმა მიმართულებებმა მასთან აღმოაჩინეს „ყველაფერი ის, რაც საფუძვლად დაედო პრინციპულად ახალ „არატრადიციულ“ ანთროპოლოგიურ კონცეფციებს“ (28.49) იქნება ეს ღირებულების ფენომენოლოგიური გერმანული სკოლა, ბრიტანული ეთიკური ინტუიტივიზმი, ფსიქოანალიზი, სიცოცხლის ფილოსოფია თუ პოსტმოდერნი. შემთხვევით ხომ არ უწოდებდნენ მას „ჩვენი ბედისწერის ფილოსოფოსს“ (ბ. შვარცი), ან „თავისუფლების, ადამიანურობის და სინდისის ფილოსოფოს“ (კ. პოპერი), ასე რომ, კანტის წვლილი საკმაოდ წონადია თანამედროვე ანთროპოლოგიის განვითარებაში. ადამიანის პრობლემის კვლევაში მან სრულიად ახალი ჰორიზონტი გახსნა. მნიშვნელოვანია არა ახალი შემეცნებადი ფაქტების აღმოჩენა, არამედ ის, რომ მან მიაგნო აზროვნების ახალ ინსტრუმენტებს და ამით ინტელექტუალური მიმართულება მასშტაბურად შეცვალა.

 

ახალი მსოფლხედვის ღერძი გახდა კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა. ამიერიდან ადამიანის პრობლემის კვლევა წარიმართა განსხვავებული ანთროპოლოგიური პარადიგმით, რომლის მოუცილებელი პირობაა: თეორია უნდა აიგოს ემპირიული (მეცნიერული) დაკვირვებების განზოგადებით, გარკვეული ფილოსოფიური პრინციპების შესატყვისად. ამიტომ გამართლებულია კანტის კონცეფციის ანალიზი არა მხოლოდ ისტორიულ-ფილოსოფიური მეთოდით, შეფასებითი-ღირებულებითი დატვირთვით, არამედ თანამედროვეობის რეტროსპექტივითაც (დროის კონტექსტით).

 

ცხადია, კანტის ფილოსოფიური სისტემის ადგილი და მნიშვნელობა კარგახანია დადგენილია, მაგრამ ეს იმას როდი გულისხმობს, რომ კანტის მემკვიდრეობაში ყველაფერი გარკვეული და ნათელია, და რომ ის მკვლევარისათვის პრობლემას აღარ წარმოადგენს, ან მისი ახლებური ინტერპრეტაცია შეუძლებელია. კანტის ფილოსოფია იმდენად ღრმა, რთული და საინტერესოა, რომ მუდამ შეინარჩუნებს აქტუალობას, და უფრო მეტიც, ეს მემკვიდრეობა ისეთი მრავალფეროვანი, მრავალ ასპექტიანია, რომ მკვლევართ დიდხანს ექნებათ „ფუფუნება“ მისი არაერთგვაროვანი, ზოგჯერ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულად ინტერპრეტირებისა (ამგვარი მცდელობის ერთ-ერთ ნიმუშად შეიძლება ეს გამოკვლევაც მივიჩნიოთ). ამ მოსაზრების ცხადყოფა არც ისე რთულად მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ ისტორიას; კერძოდ, იმ გამოცდილებას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს კანტის ფილოსოფია ანთროპოლოგიური რაკურსით წავიკითხოთ, მაშინ სავსებით გამართლებული იქნება იმგვარად პოზიციონირება, რომ კანტის სამი ძირითადი კითხვა: რა შეიძლება ვიცოდე? რა უნდა გავაკეთო? და რისი იმედი შეიძლება მქონდეს? შევაჯამოთ მეოთხე კითხვით: რა არის ადამიანი? (როგორც თავადაც სურდა) და მთელი მისი შემოქმედება გავიაზროთ, როგორც მეოთხე კითხვაზე პასუხი. ამ განწყობით, და მოცემულ ფსიქოლოგიურ ფონზე მინდა გავიხსენო კანტის ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო მკვლევარი გურამ თევზაძე, რომელიც მეტად ღირებულ და მნიშვნელოვან მოსაზრებას გამოთქვამს: „კანტისათვის ადამიანის შესახებ მოძღვრება (და არა ის, რასაც თავად უწოდებს ანთროპოლოგიას) ყოველი შესაძლებელი მეცნიერების დაფუძნებაა, კანტის „კრიტიკები“ სწორედ ამას ადგენს, თუ რა სფეროში, რა შეუძლია ადამიანს მეცნიერულად შეიმეცნოს. მისი „ანთროპოლოგია“, როგორც მოძღვრება კონკრეტულ ცდაში არსებულ და მოქმედ ადამიანზე „კრიტიკებს“ ემყარება. მას სურს იგი იყოს მაინტეგრირებელი მოძღვრება, როგორც აპრიორული სფეროებისა და კრიტიკული მეთოდების, ისევე საერთოდ აპრიორული და ემპირიული სფეროების, რამდენადაც ადამიანი ფაქტობრივად აერთიანებს მათ თავის თავში“ (5, 142). თუმცა ამ მიმართულებით და ამ პათოსით კვლევა გ. თევზაძეს აღარ გაუგრძელებია, რადგან, სრულიად კონკრეტული ამოცანა ჰქონდა, „წმინდა გონების კრიტიკის“, შესაბამისად, გნოსეოლოგიური პრობლებების ადგილისა და მნიშვნელობის განსაზღვრა კანტის ფილოსოფიაში.

 

ჩემი მიზნისათვის კი აუცილებელია, თითქმის მთელი ფილოსოფიური კორპუსის გათვალისწინება და მისი შეფასება შერჩეული რაკურსით, ასევე „ისტორიის დაკითხვა“. რა თქმაუნდა ტექსტი, რომელსაც ვეყრდნობი სპეციალისტებისთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ არა ამ მასალის, სპეციფიკური ანთროპოლოგიური თვალთახედვით დალაგება და გააზრება. ამგვარად ჩატარებული სამუშაო კი შესაძლებლობას მოგვცემს მთლიანობაში დავინახოთ ინტერპრეტაციის შედეგები და დავადგინოთ მისი მნიშვნელობა. წინასწარ შეიძლება გავიხსენოთ, ის ვითარებაც, რომ ყველა ძველი პრობლება კანტის მიერ ახლებურად გაშუქდა, დაჯგუფდა რა, ისინი ახალი გონითი ცენტრის ირგვლივ. უდავოა, მოსაზრებაც რომ ის, რასაც კანტის მემკვიდრეობა ჰქვია დღეისათვის ერთნაირად საინტერესო და ღირებული არ არის, რადგან ამ შრომებში მოტანილი მრავალი ფაქტობრივი მასალა, თუ ციტირებული მოსაზრება, თანამედროვე საბუნებისმეტყველო, თუ სოციალური მეცნიერებების გადასახედიდან საკმაოდ ყავლგასულად და გულუბრყვილოდაც კი მოჩანს, მაგრამ ეს ტექსტები, ასევე სავსეა არაერთი ისეთი ლატენტური პლასტით, რომ მათ მიმართ ინტერესი, დღესაც და მომავალშიც „გარანტირებულია“ მისი მნიშვნელობისა და ღირებულების გამო, და რომ მათი მივიწყება, ან უგულებელყოფა უგუნურებაა და სხვა არაფერი.

 

მით უმეტეს, კანტის მემკვიდრეობიდან ბევრი რამ ისე „დალაგდა და გადალაგდა“ რომ მრავალი მნიშვნელოვანი მოსაზრება თუ კონცეპტური ხედვა გაფერმკრთალდა მისი ფილოსოფიის ცალმხრივი, ძირითადად რაციონალისტურ-გნოსეოლოგიური ინტერპრეტაციის შედეგად, რომელიც ფაქტობრივად „წმინდა გონების კრიტიკის“ ვიწრო გაგებიდან მომდინარეობს. ამის გამო, კი მხედველობიდან დაიკარგა, როგორც ანთროპოლოგიური ხასიათის შრომების მნიშვნელობა, ასევე შეუფასებელი დარჩა, ის ისტორიული წვლილი, რაც კანტს მიუძღვის ამ მიმართულების განვითარებაში. არა და, როგორც ვთქვით, ეს იყო ახალი ტიპის ანთროპოლოგიური პარადიგმა, რომლის თანახმადაც, ამიერიდან ადამიანი განისაზღვრა, როგორც საკუთარი თავის მაძიებელი არსება, რომელმაც არსებობის ყოველ წერტილში უნდა დაადგინოს და კრიტიკულად გადასინჯოს ამგვარად ყოფნის შესაძლებლობის პირობები. იგი პასუხისმგებელი არსებაა აქტივობის ყველა მომენტში, იმდენად, რამდენადაც მას აქვს უნარი უპასუხოს სხვასაც და საკუთარ თავსაც. ჩვენ გონების წყალობით, არა მხოლოდ კითხვის დასმა შეგვიძლია, თუ რა უნდა ვქმნა, არამედ დავსახო მიზანიც და ვიმოქმედო მის მისაღწევად. კონკრეტული სურვილების გათვალისწინებით, ქმედებათა გარკვეული განრიგით გავაკეთო რაციონალური არჩევანი. ადამიანი, როგორც სომატური არსება მოქმედებს ბუნების წესების და პროცესების შესატყვისად, მისი გონება – აზროვნების, განსჯის უნარით, ხოლო უკვდავი სული (გონი) კი მორალური გრძნობებით – ეს არის ის, რაც ჩვენში „ღვთის მსგავსი და ხატია“ და ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ ამ მოცემულობის გათვალისწინებითაა ადამიანი ადამიანი.

 

ცხადია, ურიგო არ იქნება, თუ გავიხსენებთ კანტის აკადემიური ბიოგრაფიის ზოგიერთ დეტალს, კონიგსბერგის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მან პირველმა შეიტანა „ანთროპოლოგია“, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა და ამით საფუძველი შეუქმნა ახალი სალექციო კურსს, არა მხოლოდ მშობლიურ კონიგსბერგის, არამედ საერთოდ გერმანიის უნივერსიტეტებში. და როგორც მისი ბიოგრაფები გადმოგვცემენ ამ ფაქტს მეტად მნიშვნელოვნად და საამაყოთაც კი მიიჩნევდა. მართალია, ეს სასწავლო კურსი არ ყოფილა თანამედროვე ანთროპოლოგიის შესატყვისი, რადგან უფრო ემპირიული (ბიოლოგიური) ანთროპოლოგიის მონაცემთა ანალიზი ჭარბობდა, მაგრამ ეს ამბავი არც თუ ისე გასაოცრად მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ „ბუნებათმეცნიერული ანთროპოლოგია“ მაშინ ისახებოდა და კანტი სრულიად შეგნებულად მიმართავდა უახლეს კვლევებს და მას „ადამიანის შესახებ ემპირიულ მეცნიერებად“ მოიხსენიებდა. ის იყო პირველი, ვინც განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ადამიანის აქტივობის ორ მომენტს: როგორ ცხოვრობს ის რეალობაში და როგორ შეიძლება, რომ იცხოვროს _ „რა არის ადამიანი და რა უნდა იყოს“.

 

მანამდეც, სანამ ანთროპოლოგიის სპეციალურ კურსს მოამზადებდა, კანტი არც ერთ ხელსაყრელ შემთხვევას ხელიდან არ უშვებდა, ისე რომ ადამიანი რეფლექსიის ობიექტად არ გაეხადა. ზოგჯერ ეს ისეთ ვითარებაში ხდებოდა, რომ ზერელე მსმენელს შთაბეჭდილება ექმნებოდა, რომ თითქოსდა ეს არ იყო სწორად შერჩეული მომენტი, რომ თითქოს ამგვარი განსჯის არც ადგილი იყო და არც საჭიროება. როგორც კანტის ბიოგრაფიიდანაა ცნობილი, მან ლექციების კითხვა უნივერსიტეტში 1755-1756 სასწავლო წელს დაიწყო. პირველი აკადემიური კურსები მეტაფიზიკის, ფიზიკის, მათემატიკის დაფუძნების ფილოსოფიურ პრობლემებს ეხებოდა. 1757 წელს კანტი იწყებს „ფიზიკური გეოგრაფიის“ კურსს და სწორედ ამ დროიდან განსაკუთრებით ინტენსიურდება მისი ყურადღება ანთროპოლოგიური თემატიკის მიმართ. ასე მაგალითად, გეოგრაფიული მონაცემები კოორდინირებულია ადამიანის შესახებ ინფორმაციით, რომელიც ნათელყოფს „ადამიანთა მიდრეკილებებს, განპირობებულს იმ კლიმატური სარტყელით, რომელშიც ცხოვრობენ... არსებობის პირობების მრავალფეროვნება და აზროვნების წესის სპეციფიკურობა, დაგვეხმარება უფრო კარგად გავეცნოთ მათ საქმიანობას და შეგვექმნას სწორი წარმოდგენა მათ ხელოვნებაზე, ვაჭრობასა თუ მეცნიერებაზე“ (10,6,374).

 

ადამიანისადმი განსაკუთრებული ყურადღების ხანად შეიძლება ის პერიოდი მივიჩნიოთ, როდესაც კანტი რუსოს შრომებს გაეცნო, როგორც პაულსენი წერს: „60-იანი წლებიდან კანტის ფილოსოფიაში შეიმჩნევა გარკვეული გარდატეხა, რომელსაც შეიძლება სოკრატული ვუწოდოთ. აქტუალური ხდება ანთროპოლოგიურ – ზნეობრივი პრობლემები, წინა პლანზე იწევს ადამიანის შინაგანი სამყაროს კვლევა, ინტერესის ობიექტი მათემატიკურ, საბუნებისმეტყველო ცოდნასთან ერთად, სქოლასტიკურ-მეტაფიზიკურის ნაცვლად, ანთროპოლოგიური თემატიკა ხდება. ამის გამო, განაგრძობს პაულსენი, ვინაიდან ანთროპოლოგიურ – ეთიკური პრობლემატიკა ცენტრში ინაცვლებს, კანტის აზროვნებაში თანდათან მწიფდება კრიტიკული ფილოსოფიის ჩამოყალიბების იდეა, რომელიც „წმინდა გონების კრიტიკის“ შექმნით დასრულდა, რუსომ, მიკროკოსმოსის ფილოსოფოსმა, შეავიწროვა ნიუტონი, მაკროკოსმოსის ფილოსოფოსი“ (13,40). მაგრამ ჩვენი კვლევისათვის მაინც და მაინც დიდი ღირებულების მქონე არ იქნება თუ მხოლოდ ზემოთ ნათქვამს დავჯერდებით, და არ გავაცნობიერებთ, არ გავიაზრებთ მთავარს, კერძოდ, იმ მოცემულობას, რომ კანტი იყო პირველი, ვინც ფილოსოფიის ძირითადი პრობლემის გარკვევის საფუძვლად ადამიანის მთლიანობის პრობლემა მიიჩნია.

 

1800 წელს ბოტლობ ბენიამინ იეშეს მიერ გამოცემულ „ლოგიკის“ შესავალში კანტი განმარტავს რა ფილოსოფიის ცნებას, ერთმანეთისაგან განასხვავებს ე.წ. საუნივერსიტეტო (აკადემიურ) ფილოსოფიას და ფილოსოფიას, როგორც მრწამს; „სამყაროს გაგებას, ხედვას“. ეს უკანასკნელი კანტს დახასიათებული აქვს, როგორც თვალსაზრისი ადამიანის გონების უმაღლესი მიზნების შესახებ, ე.ი. ცოდნა ჩვენი გონების მოქმედებისა უმაღლესი მაქსიმების შესატყვისად. ფილოსოფიის კვლევის სფერო კანტს დანაწილებული აქვს შემდეგ საკითხებად: 1.რა შემიძლია ვიცოდე? 2. რა უნდა ვქმნა? 3. რას უნდა ვიმედოვნებდე? და 4.რა არის ადამიანი. პირველს პასუხობს მეტაფიზიკა, მეორეს მორალი, მესამეს რელიგია და მეოთხეს ანთროპოლოგია და იქვე დასძენს, არსებითად სამივე ეს კითხვა შეიძლება მივათვალოთ მეოთხეს – ანთროპოლოგიას, ვინაიდან პირველი სამი მიეკუთვნება უკანასკნელს (10,1,11). ამგვარი დალაგებით კი კანტის ფილოსოფია მთლიანობაში შეიძლება გავიგოთ, როგორც ანთროპოლოგიური სისტემა. მაგრამ ეს სრულიად არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ფილოსოფიური ანთროპოლოგია, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა დასაბამს კანტის მოძღვრებიდან იღებს და რომ ყველა ანთროპოლოგიური პრობლემის გასაღებს კანტთან ვიპოვით, თან იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ტერმინი „ფილოსოფიური ანთროპოლოგია“ მას არ დაუნერგავს, ბაუმგარტენის „მეტაფიზიკაში“, რომელსაც იგი თავის სალექციო კურსში იყენებდა აღნიშნულია, რომ „Antropologia philosopica et matematika siva antpopometria“, ხოლო ანთროპოლოგია, როგორც მოძღვრება ადამიანის არსების შესახებ, პირველად 1596 წელს ო. კასმანმა გამოიყენა ნაშრომში: „Antropologia psychologica“.

 

ჩვენთვის უმთავრესი იმ ვითარების გაცნობიერებაა, რომ კანტმა შემოიტანა ახალი სქემა, სრულიად განსხვავებული კონცეპტუალური დატვირთვით, და რომ ამ პარადიგმით ადამიანს არ აქვს მარტივი, ჰომოგენური ყოფიერება. კანტთან მნიშვნელოვანია არა ახალი შემეცნებითი ფაქტების მოძიება, არამედ ინტელექტუალური მიმართულების შეცვლა, მან აზროვნების ახალ სივრცეს მიაგნო. ამიერიდან ადამიანის ძიება ზოგად ანთროპოლოგიური მიმართულებით წარიმართება. თეორია კი ემპირიული დაკვირვებებისა და ზოგად ფილოსოფიური (ლოგიკური) პრინციპების საფუძველზე აიგება (თუ რა გზით შეძლო მან ჩანაფიქრის განხორციელება, სწორედ ამის ნათელყოფას შევეცდებით მოცემულ ნაშრომში). კანტის შესახებ სხვადასხვა გამოკვლევების გაცნობისას, რომლითაც ასე მდიდარია ფილოსოფიური ლიტერატურა შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ „ანთროპოლოგიას“, როგორც ემპირიულ დისციპლინას, მის სისტემაში დაქვემდებარებული და უმნიშვნელო ადგილი უკავია. ეს აზრი ძირითადად იმ ვითარებითაა პროვოცირებული, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ნაშრომს „ანთროპოლოგია პრაგმატული თვალსაზრისით“, რომელიც მართლაც პირველადი, ცდისეული დისციპლინაა და ამ ფონზე მხედველობიდან იკარგება ანთროპოლოგიის მეორე ფუნდამენტური განსაზღვრება, რომელიც კანტის მიერ ასე თვალსაჩინოდაა განმარტებული მის ცნობილ კითხვებში, და მისთვის ეს არ არის ჩვეულებრივი კითხვები, არამედ ზოგადი, მეთოდოლოგიური, თუ გნებავთ, ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმაა, რომელიც მოიცავს ფილოსოფიის სხვადასხვა ასპექტს და ამასთანავე ადამიანის გაგების ზოგადი ანთროპოლოგიური თვალსაზრისია.

 

კანტი ამ ნაშრომში, გარდა იმისა, რომ ადამიანის აქტივობის რეალურ, ემპირიულ მხარეს იკვლევს, რომელსაც შეგვიძლია „დავაკვირდეთ და აღვწეროთ, ე.ი. მეცნიერულად მივუდგეთ“, ასევე, ყურადღების მიღმა არ ტოვებს ადამიანის ბუნების მეორე ასპექტს, რითაც იგი განსხვავდება ყველა სხვა „დედამიწის ბინადართაგან“, ის, რომ მას შეუძლია მოქმედება არა მხოლოდ „სიცოცხლისათვის აუცილებელ მოცემულობაში“ (ე.წ. სასიცოცხლო ველში), არამედ ნორმატულ სამყაროში. ამგვარად, კანტის მიერ უკვე გააზრებულია ფილოსოფიური ანთროპოლოგიის მთელი ფორმატი. ანთროპოლოგია, როგორც ემპირიული მეცნიერება, და ასევე ფილოსოფიური დისციპლინა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მათ „ლეგიტიმაცია“ სწორედ, რომ კანტის შრომებით მიიღეს. და ეს ვითარებაა განსაკუთრებული ყურადღების ღირსი თანამედროვე ანთროპოლოგებისათვის. მართებულია შეფასება, რომ ამ პრობლემის შესახებ ერთიანი თვალსაზრისი მათ შორისაც არ არსებობს, ვინც მიიჩნევს რომ ფილოსოფიური ანთროპოლოგია თავის საწყის კანტის სისტემაში ჰპოვებს. ზოგი „ოთხი კითხვის კანონიერ არსებობას“ აღიარებს და მას ახალი დისციპლინის საფუძვლად, თანაც კანტის მსოფლმხედველობის წარმმართველად გაიაზრებს, მაგრამ ამ პრობლემისადმი მიძღვნილ კერძო შრომებს, ან ყურადღების მიღმა ტოვებს, ან უმნიშვნელოდ მიიჩნევს.

 

ჩემი აზრით, ამ „გაუგებრობის“ ძირითადი მიზეზი შემდეგი ვითარებაა: ჯერ ერთი, უსამართლობაა როდესაც „ანთროპოლოგიას პრაგმატული თვალსაზრისით“ კანტისათვის „შეუფერებელ შრომად“ მიჩნევენ, ამით კი იმ ფაქტს „ივიწყებენ“, რომ სწორედ „ანთროპოლოგიაში“ განიმარტება, ადამიანი როგორც ყოველდღიურ ყოფაში მოქმედი ემპირიული არსება (დღევანდელი ტერმინით ადამიანი, როგორც ბიო-სოციალური არსება), მეორეც, ეს მკვლევარები, კანტისაგან განსხვავებით, ცნებას „ანთროპოლოგია“ ავიწროებენ და მასში მხოლოდ ემპირიულ დისციპლინას მოიაზრებენ. კანტის კრიტიციზმი წმინდა გონების ფილოსოფიაა. ემპირიული ადამიანი შემეცნებითი თვალსაზრისით, როგორც ცდის ყველა საგანი არის წმინდა გონების ნაწარმოები, ხოლო წმინდა გონება კანონების შემქმნელი, აქტიური სისტემაა და ის ემყარება „საგანს თავისთავად“, რომელიც თანაბარი უფლებით გაიაზრება, როგორც ნივთიერი, ასევე სულიერი სუბსტანცის სახით, ადამიანის არსის წვდომა შეუძლია მხოლოდ ანთროპოლოგიას, როცა ის წმინდა ნების ფორმატში მოქმედებს (ეთიკა).

 

მართალია, ადამიანის შესახებ არსებობს ფსიქოლოგიაც, ბიოლოგიაც, მაგრამ მათ თავიანთი, კონკრეტული ადგილი აქვთ ემპირიული მეცნიერებათა შორის. და შესაბამისად, ისინი გამოუსადეგარნი არიან ადამიანის მთლიანობის გასაგებად, ამიტომ ვერც დააფუძნებენ ანთროპოლოგიას. ვინაიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს საქმე აქვთ რეალურ ყოფიერებასთან, რაც უკვე მოცემულია, ხოლო ფილოსოფიურ ანთროპოლოგიას იმასთანაც, რაც უნდა იყოს ე.ი. ჯერარსთან. ეს გათიშვა იმაზე მიუთითებს რომ ანთროპოლოგიას, როგორც დისციპლინას, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა, შესაბამისად სრულფასოვნება, ისევე როგორც ადამიანის გონებით შექმნილ ნებისმიერ ცოდნას. აი რას ამბობს კოტე ბაქრაძე – კანტის შესახებ ჩინებული მონოგრაფიის ავტორი: „ადამიანის ცნობიერება არ ემთხვევა თეორიულ გონებას, მეტიც, თეორიული გონება არც არის ძირითადი ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი ცხოვრობს მოქმედებს, სურს ერთი და არ სურს მეორე, მის მოქმედებას ახასიათებს ის, რაც ბუნებას არ აქვს – ზნეობა“ (1,269).

 

სისტემის ანთროპოლოგიური ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებაც. ადამიანის შესახებ არსებული მონაცემები – ფაქტები, თუ ისტორიული ცოდნა, რომელიც კანტის თანადროულ მეცნიერებასა და ფილოსოფიაში არსებობდა მან ზედმიწევნით შეისწავლა და თავისებურად დაალაგა. ამასთანავე, უჩვენა, რომ მხოლოდ ამ მონაცემების ბაზაზე, მნიშვნელოვანი ფილოსოფიური დისციპლინის აგება შეუძლებელია. ამისათვის აუცილებელი იყო სხვა ტიპის, კერძოდ, ახალი თეორიული, წმინდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის შექმნა, რომელიც სრულ ფორმატში გახსნიდა ადამიანის პრობლემას, გაარკვევდა მის ადგილს და არსებობის წესს სამყაროში. ამგვარად, შეიძლება ვთქვათ, რომ კანტის შემოქმედების ძირითადი ლაიტმოტივი და შესაბამისად, ამ მთავარ კითხვაზე პასუხია სამივე „კრიტიკა“. და თუ ეს მართლაც ასეა, და მისი ძირითადი ამოცანა, უპირველესი მიზანი, ადამიანური სამყაროს გაგება იყო, მაშინ აუცილებელია ანთროპოლოგიური პრობლემების გამოკვლევა მთლიან ფილოსოფიურ კონტექსტში, ამისათვის, კი უპირველესად უნდა დავასაბუთოდ: 1. „ათროპოლოგია პრაგმატური თვალსაზრისით“ არა მხოლოდ ადამიანის ემპირიული მონაცემების ანალიზია, არამედ მთლიანი სისტემის ორგანული ნაწილია და ამასთანავე, უნდა ვაჩვენოთ, რომ მოცემულ ტექსტში არაერთი ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური პრობლემაა გაცნობიერებული და ახლებურად განმარტებული. ასევე უნდა დავადგინოთ მიმართება: 2. კანტის ანთროპოლოგიურ ინტერესა და „წმინდა გონების კრიტიკას“ შორის. 3.„პრაქტიკული გონების კრიტიკა“ და ანთროპოლოგია. 4. „მსჯელობის უნარის კრიტიკა“ და ანთროპოლოგია (მორალის ფილოსოფია და ადამიანი). 5. ანთროპოლოგია და ტელეოლოგიური სისტემა. 6. ანთროპოლოგია და რაციონალური რელიგია. 7. სამართლის თეორია და ანთროპოლოგია. ამ სამუშაოს დასრულების შედეგად გამოიკვეთება თვისობრივად განსხვავებული თვალსაზრისი ადამიანის შესახებ. ამგვარი ინტერპრეტაცია გარანტიაა იმისა, რომ კანტის ფილოსოფიური სისტემა გავიგოთ, როგორც ანთროპოლოგიური (მოცემული გამოკვლევის მიზანიც ხომ ესაა).


კომენტარები