ფრიც რიმანი – გერმანელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი. მიუნჰენის ფსიქოლოგიური კვლევისა და ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი (დღეს-ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის აკადემია).
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი ტავი ფრიც რიმანის წიგნიდან „სიყვარულის უნარი“.
სიყვარულის უნარი იმ ნიჭის გამოვლინებაა, რომელიც ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება და მის ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე დიდ საოცრებას წარმოადგენს. მართლაც, განა საოცრება არ არის, რომ ადამიანისთანა პატივმოყვარე, აფექტებითა და ვნებებით შეპყრობილ, სახიფათო ინსტინქტების მქონე, აგრესიულ არსებას, საერთოდ, გააჩნია სიყვარულის უნარი? ისიც ხომ გასაკვირია, რომ მას შეუძლია, საკუთარი თავის გარდა, კიდევ უყვარდეს ვიღაც, თანაც, როგორც ამას ქრისტიანობა მოითხოვს, მან ეს „ვიღაც“ საკუთარი თავივით უნდა შეიყვაროს? რომ არა სიყვარულის უნარი, რომელიც ამ არსებას ადამიანად აქცევს, კაცობრიობა, ალბათ, დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა.
სიყვარული ადამიანში უამრავი სახით გამოვლინდება, მაგრამ მის საბოლოო არსს მაინც ის უბრალო სურვილი შეადგენს, რომ მეორე ადამიანს სიხარული და ბედნიერება მიანიჭოს, რის გამოც სიყვარული სწორედ ქმედებაა და არა გარკვეული მდგომარეობა. ცხოველებთან მიმართებაში სიტყვა „სიყვარულს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც მათი შეჯვარებისა და შთამომავლობის გაგრძელების ინსტინქტებზე ვსაუბრობთ. ამით ხაზს ვუსვამთ, რომ სიყვარულის განცდა მხოლოდ ადამიანს შეუძლია და, ამასთან, მისთვის იგი არ არის მხოლოდ მისი სახეობის შესანარჩუნებლად აუცილებელი, ინსტინქტური ან სექსუალური ლტოლვა. სიყვარულს ყოველთვის „რაღაც“ ისეთი ახლავს, რაც მხოლოდ ადამიანობის სფეროს განეკუთვნება. ამიტომაც ძალზე ძნელია ამ ცნების რაციონალურობის ახსნა და ამაოა ყოველგვარი მცდელობა, გავიგოთ და განვმარტოთ „სიყვარული“, ან (როგორც დღესდღეობით ათასნაირი გზით ვცდილობთ) ჩავწვდეთ მის არსს.
აქედან გამომდინარე, უფრო უპრიანი იქნება, თუ სიყვარულზე ლაპარაკსა და წერას თავად იმ შეყვარებულებსა და პოეტებს მივანდობთ, რომლებიც მთლიანად შეუპყრია ამ გრძნობას; თუ მეცნიერება სიყვარულის შესწავლას დაიწყებს, მას მხოლოდ სიყვარულის წარმმართველი ინსტინქტების და რეფლექსების ბიოლოგიური ქცევების, ფსიქოლოგიური რეაქციებისა და ფიზიოლოგიური, სტატისტიკური მონაცემების კვლევა მოუხდება. მართალია, ეს ყველაფერი „სიყვარულთანაა“ დაკავშირებული, მაგრამ ამგვარი კვლევებით მას ვერ ჩავწვდებით და მხოლოდ დავაკნინებთ სიყვარულის ფენომენს, რადგან იგი მთლიანად მოიცავს ჩვენს პიროვნებას, და ამიტომ მისი ახსნა ცალკეული მეცნიერული თეორიებითა და ტექნიკური საშუალებებით შეუძლებელია. როგორც ვერანაირი მაღალგანვითარებული ტექნიკა ვერ გახდება დიდი ხელოვნების დაბადების საფუძველი, ასევე სექსის ილეთების დაუფლება არ ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია მისი საშუალებით სიყვარული განიცადოს. პარტნიორთან ურთიერთობის წესებით სიყვარულის შესწავლა შეუძლებელია, რადგან ეს განცდა ჩვენი შინაგანი არსებიდან მოდის. სიყვარულის შესწავლა და მისი არსის მოხელთება ასე ადვილი რომ იყოს, ადამიანი დიდი ხანია, მოახერხებდა მისი საიდუმლოს ამოცნობას. არ გამოვრიცხავთ, რომ სიყვარულის სფეროში არსებობს გარკვეული რეცეპტები, რომელთა გამოყენებაც ხელს უწყობს და ნიადაგს უმზადებს სიყვარულის ჩასახვას, მაგრამ მცდარია აზრი, როდესაც ფიქრობენ, თითქოს, მათი დახმარებით ადამიანს შეუძლია სიყვარულის სწავლა. განა ადამიანის რწმენა იმაზეა დამოკიდებული, რამდენჯერ ლოცულობს დღეში, როგორ ასრულებს რიტუალებს ან რა სიხშირით დადის ეკლესიაში? უბრალოდ, მას მთელი არსებით სჯერა და სწამს. სიყვარულის განცდაც მთლიანად პიროვნების გრძნობების სიღრმესა და სიმწიფეზეა დამოკიდებული და არ უკავშირდება სექსუალური აქტების ან სასიყვარულო თავგადასავლების სიხშირეს. მიუხედავად ამისა, სიყვარულზე ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ერთნი ამ გრძნობაში აღტკინებული ჟინის დაოკებას გულისხმობენ, მეორენი ფიქრობენ, რომ სიყვარულს ისინი სიამოვნების უმაღლეს მწვერვალზე აჰყავს, მესამენი კი მასში ხედავენ საკუთარი ცხოვრების არსს. ზოგი ადამიანისათვის სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც ორი ადამიანის სრულყოფილ ურთიერთობას რაღაც ზედროულში აღავლენს, ზოგიერთისთვის კი იგი რაღაც ილუზიური გრძნობა ან სულაც ავადმყოფობაა.
სიყვარული ჩვენში, უპირველეს ყოვლისა, განცდის იმ უნარს გულისხმობს, რომლის საშუალებითაც გარკვეული გრძნობის გამოხატვა შეგვიძლია. სიყვარული, შესაძლოა, სხვადასხვა ობიექტისადმი იყოს მიმართული და არ უკავშირდებოდეს ადამიანის ასაკს ან სქესს. ვიცით, რომ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ასაკში განიცადოს ეს გრძნობა. ამასთან, სიყვარული სხვადასხვა სახით ვლინდება, რადგან დედის სიყვარული შვილის მიმართ არაფრით ჰგავს ქალსა და მამაკაცს შორის განცდილ სიყვარულს. არსებობს ასევე ხორციელი, პლატონური, მოწიწებული, გულმოწყალე და ზოგადადამიანური სიყვარული. ჩვენი სიყვარულის უნარი მხოლოდ ადამიანების მიმართ განცდილი გრძნობით არ შემოიფარგლება – ასევე შეიძლება გიყვარდეს ბუნება, ცხოველები, ხელოვნება, საკუთარი პროფესია ან რომელიმე აბსტრაქტული იდეა. გავიხსენოთ თუნდაც სამშობლოს, ჭეშმარიტების, სამართლიანობისა და ღმერთის, განგების სიყვარული. როდესაც სიყვარულის სახეობებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს სიყვარულის გარკვეული ადრესატი. ადამიანს ამ დროს აუცილებლად უნდა გააჩნდეს იმ სიყვარულისადმი მზაობა, რომელსაც იგი საკუთარ თავში დაიმკვიდრებს. მან ისეთი პირი ან საგანი უნდა მოძებნოს, რომლის მიმართაც მას სიყვარულის გამოხატვა ძალუძს. ამ დროს ადამიანში ეს უნარი სხვადასხვა სახით ვლინდება და, თითქოს, ცდილობს სიყვარულის ისეთ ობიექტს გვაზიაროს, ჩვენ მიღმა სამყაროში რომ არსებობს. ამრიგად, სიყვარულის ნებისმიერი სახეობის დროს თვითგამოხატვა, ალბათ, იმ ზღვარდაუდებელი ლტოლვის ტრანსცენდენტში გადასვლას ნიშნავს, რომელიც ცდილობს, გადალახოს ან ნელ-ნელა გააუქმოს „მე“-სა და „შენ“-ს, ან „ჩვენსა“ და იმ „რაღაცას“ შორის არსებული საზღვარი, რომელიც „სხვანაირია“ ან რაღაცით აღგვემატება. ამით, ალბათ, ჩავწვდებით ნებისმიერი სასიყვარულო ლტოლვის ღრმა ფესვებს. ეს არის გრძნობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გადავაბიჯოთ „მე“-ს „მიმართებას საკუთარ თავთან“ და ჩვენი არსებობის მიღმა მოწყვლადი გავხდეთ იმ „ვიღაცის“ ან „რაღაცის“ მიმართ, რომლისთვისაც ამ გრძნობას სიყვარულით წყალობასავით გავიღებთ. ეს წყალობა კი, უპირველეს ყოვლისა, იმ კეთილგანწყობის გამოხატულებაა, რომელიც ნებისმიერი სიყვარულის საყოველთაოდ აღიარებულ, ქმედით სახეობას წარმოადგენს.
მთელი ჩვენი ცხოვრება მუდამ და ყველგან ანტინომიებისგან შედგება და მუდმივად პოლარულ, თუმცა ურთიერთშემავსებელ იმპულსებს შორის მიედინება. ამრიგად, სიყვარულისათვის მზაობას, რომელიც ჩვენ მიღმა არსებულისკენ ლტოლვას გულისხმობს, უპირისპირდება თვითგადარჩენის ინსტინქტი. იგი შეგვახსენებს, რომ ადამიანისათვის მოყვასი შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავი იყოს. საბოლოოდ ჩვენი ცხოვრება ამ ორ თაურძალას შორის მიედინება.
სიყვარულის ჩვენეული მზაობა ნიშნავს „მე“-სა და „არამე“-ს შორის კომუნიკაციას, ერთმანეთისადმი ერთგულებას და ტრანსცენდენტურისკენ იმ ზღვარდაუდებელ სწრაფვას, რომელიც გვავიწყებს საკუთარ თავს. თვითგადარჩენის ინსტინქტი ამ დროს საკუთარი თავისთვის საზღვრებს ადგენს და ჩვენი პიროვნების დამოუკიდებლობასა და ავტონომიას, ბოლოს და ბოლოს კი მის თვითრეალიზაციას მოითხოვს.
თვითგადარჩენისა და საკუთარი თავის ერთგულება ჩვენი ცხოვრების ის ორი, ყველაზე ღრმა, თანდაყოლილი და დამოუკიდებელი იმპულსია, რომლებთანაც ჩვენს ქმედებებს კავშირი არა აქვთ, რადგან ისინი თავად ავსებენ და განაპირობებენ ერთმანეთს, და ამით ჩვენს ცხოვრებას ქმედითს ხდიან. ამის დანახვა ყველაზე უკეთ სუნთქვის მაგალითზე შეიძლება: ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის რიტმული მონაცვლეობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იარსებებს. მთელი ჩვენი ცხოვრება ამგვარ რიტმულ მონაცვლეობაში რომ მიედინება, ამას გულის სისტოლის (შეკუმშვის) და დიასტოლის (გაფართოების) თუ ნივთიერებათა ცვლის ნებისმიერი პროცესი ადასტურებს.
ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ეს პროცესი იმავდროულად თვითგადარჩენისა და საკუთარი ერთგულებისადმი თაურფორმებს მოიცავს, მაგრამ მასში უჩვეულო თვისებაც შეიძლება დავინახოთ, რომელსაც საერთოდ არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. ამასთან დაკავშირებით ოსკარ ადლერმა ასეთი შედარება მოიყვანა: ჩასუნთქვის დროს ჩვენში თითქოს კოსმოსის ამოსუნთქვა ხდება, ხოლო როდესაც ამოვისუნთქავთ, კოსმოსი თითქოს ჩაისუნთქება ჩვენშიო. ამ ორმხრივ პროცესს კარგად თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნებისმიერ პროცესში მუდმივად სუბიექტსაც წარმოვადგენთ და ობიექტსაც.
ამ შედარების თანახმად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი მრავალ შრეს შეიცავს; იგი ქმედებასა და განცდას, გაცემასა და მიღებას შორის მუდმივ მონაცვლეობაზე მიუთითებს, რასაც ისევ და ისევ სიყვარულში ვხვდებით, რადგან აქაც, ერთსა და იმავე დროს, სუბიექტიც ვართ და ობიექტიც. „სიყვარულის ობიექტზე“ ცალმხრივი მსჯელობა, საერთოდ, სჩვევია ფსიქოანალიზს, იგი ყურადღებას არ აქცევს ამ მრავალშრიან სტრუქტურას, რაც ქმნის ილუზიას, თითქოს მხოლოდ ქმედითი არსებები ვიყოთ. ამგვარმა თავის მოტყუებამ კი სხვა შემთხვევებშიც საბედისწერო შეცდომები გამოიწვია, რომელთა მძიმე შედეგებს დღესდღეობით კვლავ ვიმკით. რაკი სამყაროს ობიექტის როლი ცალმხრივად მივაკუთვნეთ და წარმოვიდგინეთ, რომ მისი ექსპლუატაცია უპირობოდ შეგვიძლია, ამის წყალობით ჩვენც იმ ქმედებებისა და ქცევების ობიექტად გადავიქცევით, რომლებიც ბუმერანგივით შემოგვიბრუნდება.
„სექსის ობიექტი“, როგორც ფსიქოანალიზი სიყვარულის პარტნიორს უწოდებს, ეტყობა, მამაკაცური ფსიქიკის გამოგონებაა და ამ მოვლენის უხეშად გამარტივებას ნიშნავს. თუკი პარტნიორში სიყვარულის ან სექსის ობიექტს ვხედავთ, მაშინ მას იმ არსებად აღვიქვამთ, რომელზეც რაღაც ზემოქმედების მოხდენა შეგვიძლია, ის კი, თავის მხრივ, პასიურია და არ გვეწინააღმდეგება; მაგრამ ცხოვრების ან ადამიანთაშორისი კომუნიკაციის სფეროში არსებულა ან არსებობს ასეთი რამ, სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ? ადამიანის ნებისმიერი ქმედება აუცილებლად სათანადო რეაქციას იწვევს. იმ დროს, როდესაც ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მოქმედ სუბიექტს წარმოვადგენთ, „ობიექტის“ რეაქციის მეშვეობით უმალ მისი ობიექტიც ვხდებით. სიყვარულის არსიც ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი კეთილგანწყობილი და მოსიყვარულე ქმედებები პარტნიორის მიმართ ასეთივე კეთილგანწყობილი რეაქციის სახით შემოგვიბრუნდება; მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს სხვა ადამიანს ობიექტად გადავაქცევთ. მას ამ შემთხვევაში იმ თავისებურ სუბიექტად აღვიქვამთ, რომელიც გვიყვარს, ამასთან, მისი გვესმის და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ. დედას, რომელიც შვილს საკუთარი სიყვარულის „ობიექტად“ დასახავს და მისი „სუბიექტად“ ქცევის ფაქტს არ აღიარებს, შეიძლება ითქვას, რომ შვილი ჭეშმარიტი სიყვარულით არ უყვარს; იმ შემთხვევაში, თუ დედას „სუბიექტად“ ყოფნა სურს, ცდილობს, ბავშვის ობიექტად დარჩენაც მოახერხოს. სხვაგვარად შვილი მას ოდესმე ზურგს შეაქცევს და დედაში იმ ობიექტს დაინახავს, რომელმაც მის მიმართ უმადურობა გამოიჩინა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც შვილი დედაზე დამოკიდებული ხდება, რადგან მას დედა თავისუფლად განვითარების საშუალებას არ აძლევს. ამ დროს დედა იმ „ობიექტად“ გადაიქცევა, რომელსაც საკუთარი ძალმოსილების წარმოჩენის სურვილი ან შვილის დაკარგვის შიში ამოძრავებს.
ადამიანში თვითგადარჩენის განცდა ნამდვილად ღრმა, თანდაყოლილი ინსტინქტია და შესწავლას არ საჭიროებს. სიყვარულის უნარი კი, ზოგიერთი სხვა უნარის მსგავსად, გაცდენილია ინსტინქტური ქცევის ფარგლებს და ჩვენში შესაძლებლობების სახით არსებობს. ამ უნარს ადამიანში გამოხმობა და გაღვიძება სჭირდება, ამასთან, განვითარებისთვის საგანგებო პირობებს მოითხოვს. ამიტომ სიყვარულის უნარს ჩასახვისა და განვითარების საკუთარი ისტორია აქვს, რომელიც ადამიანის ამქვეყნად მოვლინებასთან ერთად იწყება. ახლა სწორედ სიყვარულის უნარის განვითარებაზე მინდა გესაუბროთ. როგორც ნებისმიერი სიახლე, სიყვარულის უნარიც საწყის ეტაპზე მეტისმეტად მოწყვლადი და მგრძნობიარეა. ამიტომ მისი განვითარების პროცესი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს, რადგან მოწყვლადობა დამახასიათებელია სიყვარულის ნებისმიერი სახეობის საწყისისათვის. მოგვიანებით სიყვარულის უნარი ადამიანს არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ამ უნარის განვითარების საწყის ეტაპზე, თითქოს ბედისწერის ძალით, გარშემომყოფ ადამიანებზე ვართ მინდობილი, რომლებსაც ჩვენ არ ვირჩევთ. სოციალური გარემოსადმი დამოკიდებულებას ამ დროს ჩვენი მშობლები და და-ძმები განსაზღვრავენ, განსაკუთრებულ როლს კი, რა თქმა უნდა, დედა ასრულებს იმ ადრეულ ბავშვობაში, რომლის წარმოდგენაც შემდგომში საკმაოდ გვიჭირს. მე-20 საუკუნის დამდეგამდე გავრცელებული იყო აზრი, რომ სიყვარული „კუჭზე გადის“, რაც მხოლოდ ადამიანის მატერიალურ მხარეს გულისხმობდა. დღესდღეობით ვიცით, რომ, მართალია, მატერიალურ მხარეს ბავშვის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ადამიანში სიყვარულის უნარის გაღვიძება მარტო ამ უნარით ვერ მოხდება. ვიცით ისიც, რომ იმედიანი და მოსიყვარულე გარემოს არსებობა პატარის ცხოვრების ადრეულ წლებში აუცილებელია, რათა იგი სულიერად და ფიზიკურად განვითარდეს. მატერიალური კეთილდღეობა, რომელსაც არ ახლავს ადამიანური სითბო და კეთილმოსურნე ურთიერთობა, ბავშვზე დამთრგუნველად მოქმედებს, შესაძლოა, განვითარება შეუფერხოს და გამოუსწორებელი ზიანიც მიაყენოს. ამრიგად, სიყვარულის უნარის განვითარების საწყის ეტაპზე გარემოს მხრივ გამოვლენილ სიყვარულს ბავშვისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ზრუნვას მის კვებასა ან სხეულის ჰიგიენაზე; ამ ყველაფერთან ერთად, მას სჭირდება კიდევ „რაღაც“, რაც სიყვარულის უნარს ჩაუსახავს და სამომავლოდ ნებისმიერი სიყვარულის საფუძველი გახდება. განა თავად არ ვიცით, რომ მატერიალური პირობების გარეშე არსებობას ვერ შევძლებთ, რადგან ჩვენს სხეულს უამრავი მოთხოვნილება გააჩნია?! მაგრამ აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ სიყვარულის მიღებისა და გაცემის შემთხვევაში გვეძლევა შანსი, რათა ჩვენი ადამიანური ბუნება განვავითაროთ. ჰოდა, განა ეს სიყვარულის განუმეორებელ მნიშვნელობაზე არ მეტყველებს?!
ახლა შევეცდებით, უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ სიყვარულის მნიშვნელობა. სხვა სულიერ არსებებთან შედარებით, ადამიანი ბევრად უფრო ხანგრძლივი დროით არის დამოკიდებული ბავშვობისდროინდელი წლების გარემოზე.
თუ ამ გარემოსთან მისი მრავალი წლის ურთიერთობას მხოლოდ ბიოლოგიურ ფაქტად არ მივიჩნევთ და მასში ჩვენი ცხოვრების არსის ამოცნობასაც შევეცდებით, დავინახავთ, რომ მხოლოდ იმ გარემოზე ხანგრძლივი, სრული დამოკიდებულებისა და მოსიყვარულე ადამიანებისადმი ნდობის წყალობით გვეძლევა შანსი, რათა საკუთარ თავში ჭეშმარიტად ადამიანური თვისებები განვავითაროთ. სიყვარულისადმი მზაობა, ნდობა, იმედი, მადლიერების გრძნობა – ეს ის თვისებებია, რომლებიც იმავდროულად ჩვენი ამქვეყნად არსებობისა და სიცოცხლის სიხარულს შეგვაგრძნობინებს. ადრეული წლების გარემოებებზე ხანგრძლივი დამოკიდებულება იმაზეც მიგვითითებს, რომ სიყვარულის უნარი თანდაყოლილ, ინსტინქტურ ქცევაზე მეტს ნიშნავს და, ნებისმიერი სხვა უნარის მსგავსად, განვითარებისთვისაც მეტ დროს მოითხოვს. მოგვიანებით დავინახავთ, რომ ამას, დროის გარდა, კიდევ სხვა პირობებიც სჭირდება, რაც ასევე სიყვარულის ნებისმიერ სახეობას ეხება. ამრიგად, სიყვარულის უნარის განვითარება დროს მოითხოვს, რომლის გარეშეც ვერასოდეს გავცდებით წინა საფეხურებს.
ბუნების ბრძნული კარნახით, პატარა ბავშვის სიყვარული ყოველთვის გვიადვილდება. მისი უმწეობა ჩვენში ზრუნვის ნაზ ინსტინქტებსა და დიდსულოვნების გრძნობას აღვიძებს, რადგან ეს უმწეო, საოცარი, მთლიანად ჩვენზე მონდობილი სიცოცხლე ჩვენს მოლოდინს, იმედს და სურვილს ეხმიანება. ამ დროს ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ეს ახალი სიცოცხლე გვაკისრებს, და ამ გრძნობის გამო სიამაყეს და ბედნიერებას განვიცდით.
ამრიგად, დედაზე შვილის ხანგრძლივი დამოკიდებულების წყალობით, შესაძლებელი ხდება ჩვენი ადამიანური თვისებების განვითარება. ბევრ სხვა პირობასთან ერთად ისიც იგულისხმება, რომ დედა ის მგრძნობიარე ადამიანია, რომელიც შვილის გულისთვის დროს და ენერგიას არ ზოგავს. მშობიარობის შემდეგ დედის დეკრეტული შვებულება რვა კვირას შეადგენს და ეს, რა თქმა უნდა, მინიმალური დროა. მაგრამ წარსულში არსებულ პირობებთან შედარებით, ამჟამად იმის გაცნობიერება მაინც ხდება, რომ ჩვილის განვითარებისთვის მისი სიცოცხლის პირველ კვირებსა და თვეებში აუცილებელია დედის გვერდით ყოფნა; ამასთან, დედასაც სჭირდება დრო, რათა შეიგრძნოს შვილის სიყვარული, გაეცნოს მის თვისებებს და ადრეულ პერიოდშივე დაამყაროს მასთან კეთილმოსურნე ურთიერთობა. დედის ამგვარი დამოკიდებულება საუკეთესო წინაპირობაა ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, დედას ვერავინ დაუწესებს, როგორი სიყვარულით უნდა უყვარდეს შვილი, მაგრამ, სოციალური თვალსაზრისით, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება საიმისოდ, რომ ხელი შევუწყოთ მასში ამ გრძნობის განვითარებას. თუ გავითვალისწინებთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისათვის მისი ცხოვრების ადრეულ პერიოდს, და დედას შვილის განვითარებისთვის სათანადო პირობებს შევუქმნით, ამით მას ბევრ სოციალურ პრობლემას მთლიანად თუ ვერ მოვუხსნით, შევუმსუბუქებთ მაინც.
დედის სათნო და თბილი დამოკიდებულება ადრეულ ბავშვობაში, ალბათ, ყველას უგრძვნია – როდესაც ბავშვი მის მოსიყვარულე თვალებში საკუთარ თავს ხედავს და უჩნდება იმის შეგრძნება, რომ იგი უყვართ. ეს კი ის აუცილებელი გრძნობაა, რომელსაც შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე, შევნატრით, დავეძებთ, და მისი კვლავ პოვნის იმედი გვაქვს. მერე იმის იმედსაც არ ვკარგავთ, რომ მეუღლეშიც დავინახავთ ამ ადრინდელი, კეთილმოსურნე გრძნობის ანარეკლს, ხოლო ჩვენი სიყვარული მას ისევე გააბედნიერებს, როგორც იგი ერთ დროს დედას აბედნიერებდა. სიყვარულის სწორედ ამგვარი „მიღება-გაცემის“ დროს ეყრება საფუძველი ადამიანთა შორის კომუნიკაციას და კეთილსაიმედო ურთიერთობას. ეს ის აუცილებელი გრძნობაა, რომლის მეშვეობითაც პიროვნება ამქვეყნად არსებობის სიხარულს ეზიარება.
ბავშვობა ის ხანაა, როდესაც ჩვენს ნებისმიერ სურვილს აუცილებელი ასრულება უწერია, ამასთან, პრეტენზიებს და მოთხოვნებსაც არავინ გვიყენებს; მერე კი ბავშვობისდროინდელი სამოთხის მონატრებას იქამდე მივყავართ, რომ იქ დაბრუნების იმედს სიკვდილისშემდგომ ცხოვრებაში ვხედავთ და გულის სიღრმეში დარწმუნებულნი ვართ, რომ დროის მიღმა არსებული ბედნიერების იმედი არ გაგვიმტყუნდება.
რაკი ტრანსცენდენტურ მდგომარეობაში გადასვლის ნებისმიერი ფორმა ადამიანის მიღმურ სამყაროსთან ზიარებას გულისხმობს, ამის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ სიყვარული მუდმივად გარკვეულ თავგანწირვას მოითხოვს. სხვა ადამიანისკენ შემობრუნების მზაობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას ჩვენთვის განკუთვნილ სივრცეში შემოსვლის უფლებას ვაძლევთ. ადამიანი იმავდროულად უგულებელყოფს საკუთარ თავს და სხვისთვის მსხვერპლად გაიღებს იმ უნარს, ერთგულება რომ ჰქვია. როდესაც ადამიანი საკუთარი პიროვნების „შევსებისა“ და „გამთლიანების“ იმედს „შენ“-ში ხედავს, იგი სიმარტოვისა და უმწეობის შიშისაგან გათავისუფლებას გარესამყაროში, ადამიანებთან ურთიერთობით ცდილობს; ამასთან, სურს, რომ ერთი პარტნიორის ან ერთი საზოგადოების კუთვნილება იყოს. ამ დროს ადამიანი „ვინმეს“ ან „რამეს“ საკუთარი თავის მიღმა დაეძებს. სავარაუდოა, რომ ამ მწველი სურვილის უკან სწორედ საკუთარი თავის პოვნის მცდელობა იმალება, ეს კი, ფართო მნიშვნელობით, პარტნიორთან ურთიერთობას გულისხმობს, რომლის გარეშეც ინდივიდუაციის პროცესი წარმოუდგენელია. ამიტომ საკუთარი თავის პოვნას მით უფრო წარმატებით შევძლებთ, რაც უფრო ადრე დავძლევთ საკუთარი „მე“-ს შებოჭილობას“. მაგრამ მშვენიერებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვას უეჭველად ახლავს მისი გახანგრძლივების სურვილი. იმავდროულად ვცდილობთ, ეს გრძნობა იმ პირველქმნილი უშფოთველობითა და ინტენსიობით განვიცადოთ, როგორც ეს თავდაპირველად ხდებოდა. ჰერმან ჰესე თავის ერთ-ერთ ლექსში სწორედ იმ „თაურსაწყისის ხიბლზე“ წერს, რომლის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებასაც აგრერიგად ვცდილობთ. ეს ის ხანგრძლიობაა, რომლის აღსრულებაც არც სიყვარულს და, საერთოდ, არაფერს ძალუძს. რაც უფრო მეტად ვცდილობთ, „ბედნიერება“ დროის დინებას გამოვტაცოთ და ცვლილებებისგან დავიცვათ, მით უფრო სწრაფად გვეცლება ხელიდან. განვითარების პროცესი ხომ სწორედ ის პარადოქსია, რომელიც დასაბამს დროის ხანგრძლიობაში იღებს.
ბედნიერების ხიბლი, სულიერი რყევები და მღელვარება, რაც ადამიანს სიყვარულის დაბადებას აუწყებს და სიცოცხლის სიხარულს აგრძნობინებს, არ შეიძლება გამუდმებით გაგრძელდეს, რადგან მაშინ დრო უნდა გაჩერდეს, ხოლო ადამიანები არც შინაგანად და არც გარეგნულად არ უნდა შეიცვალონ. ამიტომ სახეცვლილებას სიყვარულიც უნდა განიცდიდეს და ამით მორჩილებდეს ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის კანონადქცეულ დროის დინებას, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება სიყვარულის გახანგრძლივება.
მარადიული ბედნიერების ასეთ სურვილზე შთამბეჭდავად გვიყვება ლეგენდა ენდიმიონზე: ყმაწვილს დაესიზმრება, რომ ქალღმერთი სელენე მას შუბლზე ეამბორება; ენდიმიონი ამ ამბორის გამო იმდენად ბედნიერად იგრძნობს თავს, რომ ღმერთმთავარს შესთხოვს, უკვდავება და მარადიული ახალგაზრდობა აჩუქოს და, ამასთან, მუდმივი ძილი მოუვლინოს. ზევსი შეუსრულებს თხოვნას ენდიმიონს, რომელიც ჩვენ რაღაცით ჩამოგვგავს. მაგრამ ლეგენდა იმაზეც დაგვაფიქრებს, რა ფასად დაგვიჯდებო და ხანგრძლივ ბედნიერებასა და მარადიულ ახალგაზრდობაზე ოცნება, თუ იგი რეალობად იქცეოდა. მაშინ ჩვენ, ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარი თავით შემოვიფარგლებოდით და ვერ შევძლებდით გონებრივ გამოღვიძებას.
ამრიგად, დრო და გონება თითქოს სიყვარულის მტრად გვევლინებიან. დრო არასოდეს ჩერდება და მისი ამგვარი გახანგრძლივებული დინების პროცესში განვიცდით ცვლილებებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ვბერდებით და მომხიბვლელობას ვკარგავთ. მაგრამ, გონების წყალობით, კვლავ ვიღვიძებთ, თავს ვაღწევთ ოცნებაზე ფიქრს და ვაცნობიერებთ, რომ „მე“ და „შენ“ განცალკევებით არსებობს და ყველაფერი წარმავალია. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი ცდილობს ხანგრძლივად შეინარჩუნოს ის „თაურსაწყისის ხიბლი“, მაგრამ იგი ამ გრძნობას მხოლოდ სიყვარულის „თაურსაწყისთან“ მიჰყავს, რადგან მას, „ხიბლის“ გარდა, განვითარების, გაღრმავების, მომწიფების უნარი გააჩნია. სიყვარულის სახეცვლილების წყალობით, იქმნება ხანგრძლიობის ახალი ფორმა, რომელსაც დრო მეტოქეობას კი არ უწევს, პირიქით, მის განვითარებას უწყობს ხელს. ის, ვინც მხოლოდ მუდმივი ბედნიერების ძიებაშია, ვერასოდეს იგრძნობს სიმწიფეში შესული სიყვარულის ხიბლს.
დროის ხანგრძლიობა ყოველთვის გულისხმობს ღრმა სიყვარულის შესაძლებლობას, ამიტომ, წარმავლობის საშიშროების მიუხედავად, ადამიანს შეუძლია ხანგრძლიობის ხიბლიც შეიგრძნოს. ჩვენი გონებაც სწორედ ამ წესის მიხედვით იქცევა. თუ ხანგრძლიობისაკენ სწრაფვას თავდავიწყებით მივეცემით, მაშინ განვითარების ყოველგვარი შანსი ხელიდან გამოგვეცლება და საქმე ურთიერთობის სტაგნაციამდე მივა. ამ დროს საკუთარ ცნობიერებაზე უარისთქმა მხოლოდ ერთი წამით ხდება; მერე კი, როდესაც ჩვენს თავს ვუბრუნდებით, „მე“-სა და „შენ“-ს შორის პოზიტიური დაძაბულობა იქმნება, რაც ორი ადამიანის ურთიერთობას, შესაძლოა, სასიკეთოდ წაადგეს. უცვლელი ხანგრძლიობისკენ სწრაფვა სიყვარულისათვის საფრთხის ერთ მხარეს წარმოადგენს. მაგრამ, ამ სწრაფვასთან ერთად, ადამიანს ცვლილებების, სიახლის, გარდაქმნის სურვილიც ამოძრავებს. ამ სურვილის გამოხატვა მით უფრო ძლიერად ხდება, რაც უფრო ნაკლებად გვინდა იმის აღიარება, რომ სასიყვარულო ურთიერთობას განვითარების შანსი აღარ გააჩნია. ამ დროს ნაკლებად ვზრუნავთ პარტნიორის განვითარების საჭიროებაზე და ვგრძნობთ, რომ მის სიყვარულზე უარისთქმა მოგვიწევს, რადგან მასში ვეღარ ვხედავთ იმ არსებას, რომლისთვისაც თავდაპირველად ყველაფერს გავიღებდით.
რაც უფრო ერთფეროვანია სიყვარულის პროცესი, მით უფრო დიდია იმის საფრთხე, რომ ჩვეულება, გრძნობების დაჩლუნგება ამ სიყვარულს ბოლოს მოუღებს. ამ დროს ადამიანები უბრალოდ განაგრძობენ ერთმანეთის გვერდით არსებობას, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთს ბედნიერება მიანიჭონ. რაკი ერთმანეთისათვის „აღარაფერი აქვთ სათქმელი“, მალე პარტნიორებში თავს იჩენს სიძულვილი, უნდობლობა, გულგრილობა, უსულგულო დამოკიდებულება და მარტოობის გრძნობა. ადამიანი იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ახალი სიყვარულის წყალობით შეძლებს ხელახლა შეიგრძნოს სანატრელი ხიბლი და გაიმდიდროს სულიერი სამყარო. მერე ახალი სიყვარული იმდენ ხანს გრძელდება, ვიდრე ეს გრძნობა ჩვეულებად არ გადაიქცევა, რადგან პარტნიორის ხშირი ცვლით ადამიანი ვერასდროს მიაღწევს სასურველ მიზანს. ვერავინ დაგვიდგება თავდებად, რომ მუდმივად შევინარჩუნებთ წრფელ გრძნობას საყვარელი არსების მიმართ, რადგან დროთა განმავლობაში ორივე მხარე იცვლება. სიყვარულის შენარჩუნება მით უფრო გვიჭირს, რაც უფრო უკეთ ვიცნობთ პარტნიორის თვისებებს, სურვილებსა და შეხედულებებს. ნებისმიერი განვითარების პროცესი ტვირთად აწვება ჩვენი სიყვარულის უნარს, რადგან იგი ახლებური, სხვაგვარი სიყვარულის მოთხოვნილებებს წამოგვიყენებს, ანდა უკან დაგვაბრუნებს გარდასულ დროში. წარმოდგენას რომანტიკულ, მარადიულ სიყვარულზე, რომელიც წინ აღუდგება ნებისმიერ საფრთხეს, არათუ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, არამედ იმ მოლოდინად გადაიქცევა, რომელშიც უკვე ღვივის იმედგაცრუების მორჩი. სიყვარული, თავისთავად, იმდენად ღრმა ფენომენს წარმოადგენს, რომ აღარ საჭიროებს რომანტიკულ გაიდეალებას.
ამრიგად, ნებისმიერი სიყვარული ცვლილებებს განიცდის. ზრდასრული შვილი აღარ შეიძლება პატარა ბავშვივით უპირობო და უკიდეგანო სიყვარულით გვიყვარდეს, რადგან ჩვენი სიყვარულის უნარიც მასთან ერთად იზრდება და ვითარდება. ბავშვის სიყვარული, რომელიც ექოსავით ხმიანებს ჩვენს გულში, და, თავისთავად, ცხად მოვლენას წარმოადგენს, ბავშვთან ერთად უნდა განვითარდეს, გაიზარდოს და მომწიფდეს. ნებისმიერი სიყვარულის მსგავსად, მანაც ცვლილებები უნდა განიცადოს, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს.
ამგვარად, თითქმის მართლდება ვარაუდი, რომელიც ნებისმიერი სიყვარულის მიმართ არსებობს და ასევე აძნელებს მის შეცნობას. სიმართლე ასეთია: ის, რაც სხვა ადამიანში გვიყვარს, უცვლელი არ არის, უფრო მეტიც: თავად ჩვენ აღარა ვართ ისეთები, ადრე რომ ვიყავით. აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო ადვილია გვიყვარდეს ისეთი რამ, რაც ცვლილებას არ განიცდის. ასეთია, მაგალითად, წარსული, მოგონებები, მიცვალებული ან რაიმე იდეა. ამასთან, შეიძლება პარტნიორზე მეტად თავად „სიყვარული“ გვიყვარდეს, რადგან იგი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. თვით უიღბლო სიყვარულსაც კი ნაკლებად ემუქრება საფრთხე პარტნიორისა თუ დროის მდინარების მხრივ, რადგან იგი ჩვენზეა დამოკიდებული და ამიტომ შეიძლება მხოლოდ ჩვენთან ერთად დასრულდეს.
უფრო ადვილი ისეთ სიყვარულზე ითქმის, როდესაც „ვიღაცის“ ან „რაღაცის“ სიყვარულის ობიექტად ჩანაცვლება მსგავს, თუმცა ნაკლებად ღრმა და ინდივიდუალურ გრძნობას მოითხოვს. ამგვარი ჩანაცვლება ადვილად ხდება, თუ პარტნიორისადმი სიყვარული ღრმა არ იყო.
ამრიგად, სიყვარული იმ ცოცხალ მთლიანობასთან კავშირს მოითხოვს, რომელიც ვითარდება და იცვლება. სწორედ ამაშია სიყვარულის სიდიადე და იმავდროულად მისგან მომდინარე საფრთხეც. ჩვენ კვლავ ორ სურვილს შორის ვმერყეობთ: ერთი მხრივ, ეს არის სურვილი იმისა, რომ, რაც გვიყვარს, უფრო ღრმად და ყოვლისმომცველად გვიყვარდეს, ხოლო მეორე მხრივ, ვცდილობთ, სიყვარული ახალ ადამიანზე გადავიტანოთ, რათა ეს გრძნობა ახლებურად განვიცადოთ. ერთ შემთხვევაში სიყვარული ჩვეულებად იქცევა, ჩლუნგდება და ყოველდღიურობას მსხვერპლად ეწირება, მეორე შემთხვევაში კი კნინდება და დაუდგრომელ ვნებათა ღელვად გადაიქცევა.
კომენტარები