ჩვენი ატლანტიდელი წინაპრები

ჩვენი ატლანტიდელი წინაპრები

რუდოლფ შტაინერი – ავსტრიელი ფილოსოფოსი, პედაგოგი, სოციალური რეფორმატორი, არქიტექტორი, ეზოტერიკოსი.

 

სტატია გახლავთ ერთ-ერთი თავი რუდოლფ შტაინერის წიგნიდან – „აკაშა-ქრონიკიდან“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

ჩვენი ატლანტიდელი წინაპრები უფრო მეტად განსხვავდებოდნენ თანამედროვე ადამიანებისგან, ვიდრე საკუთარი შემეცნებით მხოლოდ გრძნობადი სამყაროთი შემოფარგლულმა შეიძლება წარმოიდგინოს. ეს განსხვავება არა მარტო გარეგნულ იერ-სახეს, არამედ სულიერ უნარებსაც ეხება. მათი შემეცნებები და ტექნიკური შესაძლებლობები, მთლიანად მათი კულტურა არ ჰგავდა იმას, რასაც ჩვენს დროში შეიძლება დავაკვირდეთ. თუ მივუბრუნდებით ატლანტიდის კაცობრიობის პირველ პერიოდებს, ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავებულ სულიერ უნარებს აღმოვაჩენთ. ლოგიკური განსჯა და გამოთვლა-გაანგარიშება, რომლებსაც ემყარება ყოველივე, რასაც ამჟამად ვქმნით, პირველ ატლანტიდელებში საერთოდ არ არსებობდა. სამაგიეროდ ისინი ძალზე განვითარებულ მეხსიერებას ფლობდნენ. ეს მათთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ სულიერ ნიშანს წარმოადგენდა. მაგალითად, ისინი არ ითვლიდნენ, როგორც ჩვენ, როცა ვითვისებთ განსაზღვრულ კანონებს, რომლებსაც შემდეგ ვიყენებთ. ატლანტიდის ეპოქის პირველი პერიოდისთვის გამრავლების ტაბულა რაღაც სრულიად უცნობს წარმოადგენდა. საკუთარი გონებით არავინ ითვისებდა, რომ სამჯერ ოთხი თორმეტია. ხოლო ის გარემოება, რომ საჭიროების შემთხვევაში ატლანტიდელს შეეძლო თავი გაერთმია ამგვარი გამოთვლისთვის, აიხსნება იმით, რომ ამ დროს იგი იხსენებდა ასეთივე ან მსგავს შემთხვევას; მას ახსენდებოდა, თუ რა ხდებოდა ამგვარ სიტუაციაში ადრე. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის, როცა რომელიმე არსებაში ახალი უნარი ვითარდება, ძველი ძალასა და სიმძაფრეს ნელ-ნელა კარგავს. ატლანტიდელთან შედარებით თანამედროვე ადამიანს ის უპირატესობა გააჩნია, რომ ფლობს ლოგიკური განსჯისა და წარმოსახვის უნარს. სამაგიეროდ, მისი მეხსიერება ჩამორჩა. ამჟამად ადამიანები ცნებებით აზროვნებენ, ატლანტიდელი კი სურათ-ხატებით აზროვნებდა. როდესაც ატლანტიდელის სამშვინველში რაიმე სურათ-ხატი წარმოიქმნებოდა, იგი ადრე თავის მიერვე განცდილ მსგავს ხატ-სახეებს იხსენებდა; საკუთარ მსჯელობაშიც ამითვე ხელმძღვანელობდა. ამიტომ სწავლებაც (გვიანდელ პერიოდთან შედარებით) სრულიად განსხვავებული იყო. ატლანტიდელი არ ისწრაფოდა ბავშვის რაიმე წესებით აღჭურვისთვის, ან განსჯაში გავარჯიშებისკენ. ბავშვს მკაფიო სურათ-ხატებით ისე აცნობდნენ ცხოვრებას, რომ შემდეგში, როცა მას ამა თუ იმ სიტუაციაში უნდა ემოქმედა, უკვე შეეძლო მოგონებათა დიდი მარაგით ესარგებლა. როდესაც ბავშვი მოწიფულობის ასაკში შეაბიჯებდა, შეეძლო რაიმე ქმედების განხორციელებამდე გაეხსენებინა, რომ სწავლების წლებში რაღაც მსგავსი უკვე გააცნეს; ხოლო სიტუაციაში უკეთ ერკვეოდა, თუ ახალი შემთხვევა უკვე ნანახს ჰგავდა. სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში ატლანტიდელი იძულებული იყო, ალალბედზე ემოქმედა, მაშინ, როცა თანამედროვე ადამიანი ამ თვალსაზრისით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, – იგი აღჭურვილია წესებით, რომლებიც ადვილად შეუძლია გამოიყენოს ისეთ სიტუაციებშიც, როგორიც ადრე არ ჰქონია. აღზრდის ამგვარი სისტემა მთელ ცხოვრებას ერთგვაროვნების დაღს ასვამდა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყველაფერი ასეთივე ერთგვაროვანი თანმიმდევრობით ხორციელდებოდა. მართებული მეხსიერება ისეთს არაფერს დაუშვებდა, რაც ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ტემპებს თუნდაც ოდნავ მაინც დაემსგავსებოდა. ატლანტიდელები აკეთებდნენ მხოლოდ იმას, რაც ადრე უკვე „ნანახი“ ჰქონდათ. ისინი არაფერს იგონებდნენ, მხოლოდ იხსენებდნენ. ავტორიტეტად ითვლებოდა არა ის, ვინც ბევრი ისწავლა, არამედ, ვინც მეტი განიცადა და ამიტომაც შეეძლო ბევრი ხსომებოდა. ატლანტიდის ეპოქაში შეუძლებელი იყო, რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა მიენდოთ ადამიანისთვის, ვინც გარკვეულ ასაკს ჯერ კიდევ არ იყო მიტანებული. მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილების მქონეს ენდობოდნენ.

 

ზემოთქმული არ ეხება ხელდასხმულებსა და მათ სკოლებს. ამიტომ ისინი საკუთარი ეპოქის განვითარების დონეს ყოველთვის წინ უსწრებდნენ. ასეთ სკოლებში მიღება ასაკზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ იმაზე, მასში შესვლის მსურველმა საკუთარ ადრინდელ განსხეულებებში, თუ როგორ გამოიმუშავა უნარები უმაღლესი სიბრძნის მისაღებად. ატლანტიდის ეპოქაში ხელდასხმულებისა და მათი წარმომადგენლებისთვის გამოცხადებული ნდობა მდიდარ პირად გამოცდილებას კი არ ემყარებოდა, არამედ მათი სიბრძნის წლოვანებას. ხელდასხმულში ინდივიდუალობა კარგავს მნიშვნელობას, იგი მთლიანად ეძლევა მარადიული სიბრძნის მსახურებას. ამიტომ შეუძლებელია, იგი რომელიმე კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს დავუქვემდებაროთ.

 

ამგვარად, როცა ატლანტიდელებს ლოგიკური აზროვნების ძალა არ გააჩნდათ (განსაკუთრებით უფრო ადრეულ პერიოდში), მათ ქმედებებს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებდა უაღრესად განვითარებული მეხსიერება; მაგრამ ცალკეული ადამიანური ძალის არსს ყოველთვის უკავშირდება სხვა ძალებიც. ადამიანის ღრმა ბუნებრივ საწყისთან გონების ძალაზე უფრო ახლოს დგას მეხსიერება და მასთან კავშირში განვითარდა ზოგიერთი სხვა ძალაც, რომელიც უფრო მეტად ჰგავს დაბლა მდგომ ბუნებრივ არსებათა ძალებს, ვიდრე დღეს მოქმედი ადამიანური ქმედითი ძალები. ამდენად, ატლანტიდელების ძალაუფლება ვრცელდებოდა იმაზე, რასაც სასიცოცხლო ძალა ეწოდება. როგორც იღებენ დღეს ქვანახშირისგან სითბოს ძალას, გარდაქმნილს ჩვენი მიმოსვლის საშუალებათა მამოძრავებელ ძალად, ასევე შეეძლოთ, ატლანტიდელებს თავიანთი ტექნიკური მიზნებისთვის ესარგებლათ ცოცხალ ორგანიზმთა სათესლე ძალით. ჩვენ შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ, თუ როგორ ხორციელდებოდა ეს. წარმოვიდგინოთ ხორბლის მარცვალი. მასში თვლემს სწორედ ის ძალა, რომლის მეოხებითაც თესლიდან ღერო ამოიზრდება. ბუნებას შეუძლია თესლში დავანებული ძალის გამოღვიძება. თანამედროვე ადამიანს საკუთარი ნებელობით ეს არ ძალუძს. მან უნდა დათესოს მარცვალი და მის გამოღვიძება ბუნების ძალებს მიანდოს; მაგრამ ატლანტიდელს სხვა რამეც ხელეწიფებოდა. მან იცოდა, თუ როგორ გარდაექმნა მარცვლების გროვაში დავანებული ძალები ტექნიკურ ძალად, მსგავსად იმისა, როგორც თანამედროვე ადამიანი გარდაქმნის ქვანახშირის გროვაში არსებულ სითბოს ძალას მამოძრავებელ ძალად. ატლანტიდის ეპოქაში მცენარეები მოჰყავდათ არა მარტო საკვებად, არამედ იმისათვისაც, რომ მათში მთვლემარე ძალები გამოეყენებინათ სამრეწველო მიზნითა და კავშირის საშუალებებად. როგორც ჩვენგაგვაჩნია მოწყობილობები ქვანახშირში მთვლემარე ძალთა გარდასაქმნელად ამჟამინდელი ორთქლმავლების მამოძრავებელ ძალად, ასევე ჰქონდათ ატლანტიდელებსაც მოწყობილობები, რომლებსაც, ასე ვთქვათ, მცენარეთა თესლით ათბობდნენ და რომლებშიც სასიცოცხლო ძალა გარდაიქმნებოდა საჭირო ტექნიკურ ძალად. ასე მოჰყავდა ატლანტიდელს მოძრაობაში საკუთარი ოთხთვალა, რომელსაც მიწიდან უმნიშვნელო სიმაღლეზე ატარებდა. სიმაღლე, რომელზეც ეს ოთხთვალები მოძრაობდნენ, ატლანტიდის ეპოქაში არსებულ მთებზე უფრო დაბალი იყო, ამიტომ მათ ჰქონდათ საჭიანი მოწყობილობები, რომელთა დახმარებით შეეძლოთ ეს მთები გადაელახათ.

 

აქ საჭიროა წარმოვიდგინოთ, რომ დროთა განმავლობაში დედამიწაზე ყველანაირი პირობები რადიკალურად შეიცვალა. ატლანტიდელების ზემოაღნიშნული მოწყობილობები ჩვენს დროში სრულიად გამოუსადეგარი იქნებოდა. მათი მოხმარება ეფუძნებოდა იმას, რომ ჰაერის მასა, რომელიც იმ დროს გარს ერტყმოდა დედამიწას, გაცილებით მკვრივი იყო დღევანდელზე. აქ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ გარკვევა, შესაძლებელია თუ არა, წარმოვიდგინოთ, თანამედროვე მეცნიერული ცნებების თანახმად, ასეთ დონეზე გამკვრივებული ჰაერი. მეცნიერება და ლოგიკური აზროვნება, უკვე თვით საკუთარი არსიდან გამომდინარე, ვერასდროს გადაწყვეტს, თუ რა არის შესაძლებელი ან შეუძლებელი. მათ ძალუძთ, ახსნან მხოლოდ ის, რაც ცდითა და დაკვირვებითაა დადგენილი; ოკულტური გამოცდილებისთვის კი ჰაერის ზემოაღნიშნული სიმკვრივე ისევე ზუსტადაა ცნობილი, როგორც შეიძლება დადგინდეს ნებისმიერი ფაქტი ჩვენი გრძნობადი დაკვირვებით. უეჭველია ის ფაქტიც, თუმცა თანამედროვე ფიზიკისა და ქიმიისთვის ეს შეიძლება უფრო მეტად გაუგებარი იყოს, რომ იმ ეპოქაში მთელ დედამიწაზე წყალი გაცილებით უფრო ნატიფი იყო, ვიდრე ამჟამად. წყლის ამ თვისებას ატლანტიდელები იყენებდნენ საკუთარი ტექნიკური მიზნებისთვის, მათ მიერვე ათვისებული თესლის ძალის დახმარებით, რაც ჩვენს დროში მიუღწეველია. წყლის გამყარების გამო ამჟამად შეუძლებელია, იგი ისევე ოსტატურად ვმართოთ და ვამოძრაოთ, როგორც – ადრინდელ ეპოქებში. აქედან ნათელია, რომ ატლანტიდის ეპოქის ცივილიზაცია ჩვენი ცივილიზაციისგან ძირეულად განსხვავდებოდა; გასაგები ხდება ისიც, რომ ატლანტიდელის ფიზიკური ბუნებაც თანამედროვე ადამიანის ფიზიკური ბუნებისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა. ატლანტიდელი იყენებდა წყალს, რომელიც მისი ბუნებისთვის ნიშანდობლივი სასიცოცხლო ძალით შეიძლებოდა გადამუშავებულიყო სულ სხვაგვარად, ვიდრე – თანამედროვე ადამიანის სხეულშია შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ატლანტიდელს შეეძლო საკუთარი ნებით, თანამედროვე ადამიანისგან სრულიად განსხვავებულად, თავისივე ფიზიკური ძალებითაც ესარგებლა. როდესაც ატლანტიდელს ესაჭიროებოდა საკუთარი ფიზიკური ძალები, იგი თავის თავში, ასე ვთქვათ, მათი გაძლიერების საშუალებებს ფლობდა. ატლანტიდელებზე ჩვენ მხოლოდ მაშინ შევიქმნით მართებულ წარმოდგენას, თუკი გავიაზრებთ, რომ მათ დაღლასა და ძალების დახარჯვაზეც თანამედროვე ადამიანთან შედარებით სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ატლანტიდური დასახლება ატარებდა ისეთ თვისებებს, რაც არაფრით მოგვაგონებს თანამედროვე ქალაქს. ასეთ დასახლებაში ყველაფერი ჯერ კიდევ ბუნებას უკავშირდებოდა. აქ მივიღებთ მხოლოდ ოდნავ მიმსგავსებულ სურათს, თუ ვიტყვით, რომ ატლანტიდის ეპოქის პირველ პერიოდებში, – დაახლოებით მესამე ქვერასის შუა პერიოდამდე, – დასახლება ჰგავდა ბაღს, რომელშიც სახლები აგებულია ერთმანეთთან ოსტატურად გადანასკვული ტოტებიანი ხეებისგან. რასაც მაშინ ადამიანის ხელი ქმნიდა, თითქოს ბუნებიდან ამოიზრდებოდა და თვით ადამიანიც თავს მთლიანად მის მონათესავედ აღიქვამდა. ამიტომ საზოგადოებრიობის განცდაც ამჟამინდელისგან სრულიად განსხვავებული იყო. ბუნება ხომ ყველა ადამიანს ეკუთვნის, ხოლო ყოველივე, რასაც ატლანტიდელი ქმნიდა, ემყარებოდა სწორედ ბუნებას და მას მიაჩნდა, რომ იგი იყო საერთო მონაპოვარი, ისევე, როგორც თანამედროვე ადამიანი სრულიად ბუნებრივად მიიჩნევს თავის კერძო საკუთრებად ყოველივეს, რაც საკუთარი გონებისა და მოხერხებულობის წყალობით გამოიმუშავა ან შექმნა.

 

ვინც გაითავისა აზრი, რომ ატლანტიდელები ფლობდნენ ზემოაღწერილის მსგავს ფიზიკურ და სულიერ ძალებს, მიხვდება, რომ კიდევ უფრო ადრეულ ეპოქაში კაცობრიობა ისეთ ხატს წარმოადგენდა, რაც ამჟამად ჩვენთვის ცნობილ ხატ-სახეს იოტისოდენადაც არ გვაგონებს. დროთა განმავლობაში არა მარტო ადამიანები, არამედ მათი გარემომცველი ბუნებაც ძალზე შეიცვალა. სახე იცვალეს მცენარეულმა და ცხოველურმა ფორმებმა. მიწიერმა ბუნებამაც მთელი რიგი ცვლილება განიცადა. დედამიწის ოდესღაც დასახლებული ტერიტორიები დაინგრა. წარმოიქმნა – ახალი. ატლანტიდელთა წინამორბედნი ცხოვრობდნენ ამჟამად გამქრალ მატერიკზე, რომლის ძირითადი ნაწილიც ახლანდელი აზიის სამხრეთით იყო გაწოლილი. თეოსოფიურ თხზულებებში მათ ლემურიელებს უწოდებენ. მათი უდიდესი ნაწილი (განვითარების სხვადასხვა საფეხურის გავლის შემდეგ) თითქმის დაეცა. ისინი გადაგვარდნენ და მათი შთამომავლები ახლაც აგრძელებენ ცხოვრებას დედამიწის ზოგიერთ რეგიონში, ე. წ. ველური ტომების სახით. ლემურიული კაცობრიობის მხოლოდ მცირე ნაწილს აღმოაჩნდა უნარი შემდგომი განვითარებისთვის. მათგან წარმოიშვნენ ატლანტიდელები. შემდეგში მსგავსი რამ კვლავ განმეორდა. ატლანტიდის მოსახლეობის უმრავლესობა განადგურდა, ხოლო გადარჩენილი უმნიშვნელო ნაწილისგან წარმოიშვნენ ე. წ. არიელები, რომელთაც მიეკუთვნება ჩვენი თანამედროვე კულტურული კაცობრიობა. იდუმალთმეტყველებაში ლემურიელები, ატლანტიდელები და არიელები წარმოადგენენ კაცობრიობის ე. წ. ძირეულ რასებს. თუ წარმოვიდგენთ ლემურიელების წინამორბედ ორ რასას და შემდგომ ორს, რომლებიც მოჰყვება არიულს, მაშინ ჯამში მივიღებთ შვიდ რასას. ერთი რასა მუდმივად წარმოიქმნება მეორისგან, ზუსტად ისეთი სახით, როგორც ეს ზემოთ – ლემურიელებთან, ატლანტიდელებსა და არიელებთან დაკავშირებით აღვნიშნეთ. ყველა ძირეულ რასას წინამორბედისგან სრულიად განსხვავებული ფიზიკური და სულიერი თვისებები გააჩნია. ამასობაში თუ ატლანტიდელებმა უპირატესად განავითარეს მეხსიერება და ყოველივე მასთან დაკავშირებული, არიელებს მართებთ ახლანდელ დროში განავითარონ აზროვნების ძალა და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.

 

თითოეულმა ძირეულმა რასამ, საკუთარი განვითარების ფარგლებში ასევე უნდა განვლოს სხვადასხვა საფეხური, რომელიც სულ შვიდია. ასეთი ძირეული რასის მიერ მოცული დროის საწყის ეტაპზე, ამ რასის ძირითადი თვისებები თითქოს სიყმაწვილის ხანაშია. ისინი თანდათან აღწევენ მოწიფულობას და ბოლოს ნადგურდებიან. ამდენად, ძირეული რასის მოსახლეობა კიდევ შვიდ ქვერასად იყოფა, მაგრამ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ახალი ქვერასის წარმოქმნას მყისვე ძველის გაქრობა მოსდევდეს. თითოეული ქვერასა კიდევ დიდხანს აგრძელებს არსებობას იმის შემდეგაც, როცა მის გვერდით სხვებიც ვითარდებიან. ამგვარად, დედამიწა მუდმივად დასახლებულია ისეთი ბინადრებით, რომლებიც განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან.

 

ატლანტიდელების პირველი ქვერასა წარმოიქმნა ლემურიელების იმ ნაწილისაგან, რომლებმაც განვითარებით ძალზე გაუსწრეს თანამედროვეებს და აღმოაჩნდათ უნარი შემდგომი განვითარებისთვის. ამ უკანასკნელთ მეხსიერების უნარი ჩანასახის სახითღა გააჩნდათ და მხოლოდ განვითარების ბოლო პერიოდში გამოვლინდა. უნდა ვიცოდეთ, რომ ლემურიელს კი შეეძლო გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდა საკუთარ განცდებზე, მაგრამ არ იცოდა, როგორ შეენარჩუნებინა იგი, – რასაც წარმოიდგენდა, მყისვე ავიწყდებოდა.

 

ხოლო ის გარემოება, რომ იგი მაინც ცხოვრობდა ზოგიერთ კულტურათა შორის და ჰქონდა, მაგალითად, ხელსაწყო-იარაღები, აშენებდა ნაგებობებს და ა. შ. მომდინარეობდა არა საკუთარი წარმოსახვის უნარისგან, არამედ მასში დავანებული, ასე ვთქვათ, გარკვეული ინსტინქტური სულიერი ძალისაგან. ოღონდ ამ სიტყვაში ამჟამინდელ ცხოველთა ინსტინქტი კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ – სულ სხვა სახის ინსტინქტი.

 

თეოსოფიურ თხზულებებში ატლანტიდელების პირველ ქვერასას რმოაჰალებს (Rmoahals) უწოდებენ. ამ რასის მეხსიერება ძირითადად მიმართული იყო გრძნობათა ორგანოების მკაფიო შთაბეჭდილებებისკენ. თვალის მიერ აღქმული ფერები, ყურის მიერ მოსმენილი ხმები დიდხანს აგრძელებდნენ სამშვინველში ცხოვრებას. ეს განაპირობა რმოაჰალების მიერ იმ გრძნობათა განვითარებამ, რომელთაც მათი ლემურიელი წინაპრები არ იცნობდნენ. ასეთ გრძნობებს განეკუთვნება, მაგალითად, წარსულის განცდებისადმი ერთგულება.

 

მეხსიერების განვითარებასთან დაკავშირებული იყო მეტყველების განვითარებაც. სანამ ადამიანი მეხსიერებაში წარსულს არ ინახავდა, მას არ შეეძლო განცდილი გადმოეცა მეტყველების დახმარებით. იმდენად, რამდენადაც, ლემურიული პერიოდის ბოლოს გაჩნდა მეხსიერების პირველი ჩანასახები, შესაძლებელი გახდა, განვითარებულიყო ნანახისა და მოსმენილისთვის სახელის დარქმევის უნარი. საგანთა სახელი კი მხოლოდ მას სჭირდება, ვისაც მეხსიერების უნარი გააჩნია. ამიტომაც განეკუთვნება ატლანტიდის პერიოდს მეტყველების განვითარება. ხოლო მეტყველებასთან ერთად დამყარდა კავშირი ადამიანურ სამშვინველსა და გარე სამყაროს საგნებს შორის. ადამიანმა საკუთარ არსებაში ბგერითი სიტყვა შვა და ეს სიტყვა გარე სამყაროს საგნებს განეკუთვნებოდა. მეტყველების მეშვეობით ურთიერთობა კი ადამიანებს შორის ახალ კავშირსაც ქმნის. მართალია, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფორმით, მაგრამ რმოაჰალებს ყოველივე ეს ჰქონდათ და ამით თავიანთი ლემურიელი წინაპრებისაგან უკვე ძირეულად განსხვავდებოდნენ.

 

ამ პირველი ატლანტიდელების სამშვინველებში მცხოვრებ ძალებს თანდაყოლილ სიძლიერესთან რაღაც საერთო ჯერ კიდევ ჰქონდათ. გარკვეული თვალსაზრისით, ეს ადამიანები ჯერ კიდევ იმაზე მეტად ენათესავებოდნენ გარემომცველ ბუნებრივ არსებებს, ვიდრე მათი შთამომავლები. მათი მშვინვიერი ძალები თანდაყოლილ სიძლიერეს გაცილებით მაღალი ხარისხით წარმოადგენდნენ, ვიდრე თანამედროვე ადამიანთა მშვინვიერი ძალები. ამიტომ, მათ მიერ წარმოთქმულ ბგერით სიტყვასაც ბუნებრივი სიძლიერე გააჩნდა. ისინი საგნებს არქმევდნენ არა მარტო სახელს, არამედ მათი სიტყვების ძალაუფლება ვრცელდებოდა საგნებსა და თანამოძმე ადამიანებზეც. რმოაჰალების სიტყვას ჰქონდა არა მარტო მნიშვნელობა, არამედ ძალაც. როდესაც საუბრობენ სიტყვის მაგიურ ძალაზე, ამით აღნიშნავენ ამ ადამიანებისთვის რაღაც ბევრად უფრო რეალურს, ვიდრე ჩვენი თანამედროვეობისთვის. როდესაც რმოაჰალი რაიმე სიტყვას წარმოთქვამდა, იგი ისეთსავე ძალას ავითარებდა, როგორსაც თვით ის საგანი, რასაც ამ სიტყვით აღნიშნავდა. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ იმ ეპოქაში სიტყვებს განმკურნავი ძალა ჰქონდათ, შეეძლოთ მცენარეთა ზრდისთვის ხელშეწყობა, მხეცთა მძვინვარების დაოკება და ნებისმიერი სხვა, მსგავსი ქმედების განხორციელება. ყველა ეს უნარი ატლანტიდის გვიანდელ ქვერასებში სულ უფრო და უფრო ქრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ბუნების სიდიადის ძლიერი შეგრძნება თანდათან იკარგებოდა. რმოაჰალები მას მთლიანად ძლევამოსილი ბუნების ძღვნად შეიგრძნობდნენ. ბუნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება მათში რელიგიურ ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებით მეტყველება იყო მათთვის რაღაც წმიდათაწმიდა. თითქმის შეუძლებელი იყო მნიშვნელოვანი ძალის მქონე ზოგიერთი ბგერის წარმოთქმა ბოროტად გამოყენების მიზნით. ნებისმიერი ადამიანი გრძნობდა, რომ მსგავსი სიტყვების ასე გამოყენებას შეეძლო მისთვის უდიდესი ზიანი მიეყენებინა. ამგვარ სიტყვათა მაგიური ძალა უკუქმედებას გამოიწვევდა. მართებულად გამოყენებისას ამ სიტყვებს შეეძლო სიკეთის მოტანაც, მაგრამ უკანონოდ გამოყენების შემთხვევაში მის წარმომთქმელს დამღუპველად უბრუნდებოდა. გრძნობათა გარკვეულ უბიწოებაში თავიანთ ძალაუფლებას რმოაჰალები მიაწერდნენ არა იმდენად საკუთარ თავს, არამედ მათში მოქმედ ღვთაებრივ ბუნებას.

 

ეს ყოველივე შეიცვალა მეორე ქვერასასთან (ე. წ. ტლავატლები, Tlavatli-Völkern). ამ რასის ადამიანებმა იწყეს საკუთარი პირადი მნიშვნელობის შეგრძნება. მათში ჩნდება პატივმოყვარეობა, თვისება, რომელიც რმოაჰალებისთვის ჯერ კიდევ სრულიად უცნობია. ერთობლივი ცხოვრების აღქმაზე გარკვეული თვალსაზრისით ზემოქმედებას იწყებს მოგონება. ვისაც შეეძლო საკუთარ გმირობაზე რაიმე მოგონების აღძვრა, ამისთვის თანამოძმეთაგან ითხოვდა აღიარებას, რათა მისი ქმედებები მეხსიერებაში შეენარჩუნებინათ. გრძნობათა ამგვარ ხსოვნაში იდო საფუძველი იმისა, რითაც ადამიანთა რომელიმე დარაზმული ჯგუფი ბელადს ირჩევდა. განვითარდა რაღაც მეფური წოდების მსგავსი. ამ აღიარებას ბელადის სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებდნენ. წარმოიშვა მოგონებები წინაპრებზე და დაიწყო მათი ხსოვნის პატივისცემა, ისევე, როგორც ყველასი, ვინც საკუთარი ცხოვრება რაიმე დამსახურებით აღნიშნა. ამის შედეგად ზოგიერთ ცალკეულ ტომში განვითარდა გარდაცვლილებისადმი რელიგიური თაყვანისცემის განსაკუთრებული სახე – წინაპართა კულტი. იგი გრძელდებოდა გაცილებით უფრო გვიანდელ პერიოდშიც და მრავალგვარ ფორმას იღებდა. შეიძლება ითქვას, რომ რმოაჰალებში ადამიანს სხვების თვალში ჯერ კიდევ მხოლოდ ის წონა ჰქონდა, რისი გამართლებაც მოცემულ მომენტში თავისი სიძლიერის სრულად გამოვლენით შეეძლო. თუ ვინმე ადრე ჩადენილის საფუძველზე აღიარებას მოითხოვდა, მას ახალი გმირობით უნდა დაემტკიცებინა, რომ ის ძველი ძალა ახლაც მოსდევს. გარკვეული თვალსაზრისით, მას ახალი ქმედებებით მეხსიერებაში ადრინდელი უნდა აღედგინა. ნამოქმედარს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მხოლოდ მეორე ქვერასაში დაიწყეს ცალკეული ადამიანის პიროვნული თვისებებისთვის ანგარიშის გაწევა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანის შეფასებისას ყურადღებას მის წარსულ ცხოვრებაზეც ამახვილებდნენ.

 

მეხსიერების განვითარებამ ერთობლივ ცხოვრებაზე სხვა მხრივაც მოახდინა ზეგავლენა: ჩამოყალიბდა ადამიანთა ისეთი ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ ერთობლივ ქმედებებზე მოგონებით. ადრე მსგავსი ჯგუფების ჩამოყალიბება მთლიანად დამოკიდებული იყო ბუნებრივ ძალებზე, საერთო წარმოშობაზე. ადამიანი საკუთარი სულით ჯერჯერობით ვერაფერს მატებდა ბუნების მიერ მისგანვე შექმნილს. ახლა კი რომელიმე ძლიერი ინდივიდი საერთო ქმედებისათვის გარშემო იკრებდა ადამიანთა ჯგუფს და მსგავს საერთო საქმეზე მოგონება საზოგადოებრივ ჯგუფს ჰკრავდა.

 

საზოგადოებრივი ცხოვრების ეს ფორმა სრულად მხოლოდ მესამე ქვერასაში (ტოლტეკებში, Tolteken) გამოვლინდა. ამიტომ, პირველად სწორედ ამ ქვერასის ადამიანებმა დაუდეს დასაბამი იმას, რასაც შეიძლება უკვე საზოგადოება და გარკვეული თვალსაზრისით, სახელმწიფოს წარმოქმნა ვუწოდოთ. ასეთი თემების მართვა და ხელმძღვანელობა შთამომავლობაზე მემკვიდრეობით გადადიოდა. რაც ადრე მხოლოდ ადამიანთა მეხსიერებაში ცოცხლობდა, ახლა მამისგან შვილს გადაეცემოდა. წინაპართა ქმედებანი მთელ გვარს არ უნდა დაევიწყებინა. შთამომავლობა ჯერაც აგრძელებდა წინაპართა ღვაწლის დაფასებას. მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ იმ დროს ადამიანები შთამომავლობაზე საკუთარ ღირსებათა გადაცემის ძალას რეალურად ფლობდნენ. აღზრდა მთლიანად მიმართული იყო იქითკენ, რომ ცხოვრება თვალსაჩინო სურათ-ხატებით ეჩვენებინათ; მსგავსი აღზრდის ზემოქმედება აღმზრდელისგან მომდინარე პიროვნულ ძალაუფლებას ეფუძნებოდა. იგი ყურადღებას გონების ძალაზე კი არ ამახვილებდა, არამედ სხვა, შედარებით უფრო ინსტინქტური ხასიათის ღირსებებზე. უმეტეს შემთხვევაში, აღზრდის ასეთი სისტემით მამის უნარები შვილში გადადიოდა.

 

ასეთ პირობებში, მესამე ქვერასაში, პიროვნული გამოცდილება სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა. როდესაც ადამიანთა ერთი ჯგუფი მეორეს გამოეყოფოდა, მაშინ, ახალი თემის ჩამოყალიბების შემდეგ, იგი ადრინდელ პირობებში განცდილზე ცოცხალ მოგონებებს ინარჩუნებდა. ამასთან, მსგავს მოგონებაში იყო რაღაც ისეთი, რაც ამ თემს აღარ აკმაყოფილებდა და მასში უკმარისობის განცდას ბადებდა. ამიტომ, იგი ცდილობდა ამ მიმართებით რაღაც ახლის შექმნას. ამდენად, ყოველი მომდევნო დაფუძნების შემდეგ პირობები უმჯობესდებოდა. სრულიად ბუნებრივია, რომ უკეთესი პირობები მიბაძვის სურვილს იწვევდა. აი ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უდევს მესამე ქვერასის ეპოქაში თემთა ცხოვრების იმ აყვავებას, რაც თეოსოფიურ ლიტერატურაშია აღწერილი. პიროვნულად განხორციელებული მცდელობები ყოველთვის პოულობდნენ მხარდაჭერას მათგან, ვინც სულიერი განვითარების მარადიულ კანონებში ხელდასხმულები იყვნენ. ძლიერი მბრძანებლები თავად იღებდნენ ხელდასხმას, რათა საკუთარი პიროვნული სიქველისთვის მყარი საყრდენი ჰქონოდათ. სიქველით ადამიანი ხელდასხმის მიღწევის უნარს თანდათანობით მოიპოვებს. ოღონდ, თავდაპირველად მან უნდა შეძლოს საკუთარი ძალის განვითარება, ამაღლება, რათა მიაღწიოს, ნათელხილვა მოდიოდეს ზეციდან. ასე გაჩნდნენ ატლანტიდელთა ხელდასხმული მეფეები და სახალხო ბელადები. მათ ხელში იყო უზარმაზარი ძალაუფლება. ასევე უსაზღვრო იყო მათ მიმართ გამოვლენილი თაყვანისცემაც.

 

ნგრევისა და დაცემის მიზეზიც სწორედ ამ ფაქტში იყო ფესვგადგმული. მეხსიერების ძალის განვითარებამ განაპირობა პიროვნების უდიდესი ძლევამოსილება. ძლევამოსილების წყალობით ადამიანს მოუნდა რაღაც მნიშვნელოვანი გავლენაც ჰქონოდა. რაც უფრო იზრდებოდა ძალაუფლება, მით უფრო ესწრაფოდა იგი საკუთარი პირადი მიზნებისთვის მის გამოყენებას. განვითარებული პატივმოყვარეობა გადაიზარდა მკვეთრად გამოხატულ თვითსიამოვნებაში, რამაც გასაქანი მისცა ძალთა ბოროტად გამოყენებას. თუ გავიხსენებთ, რისი მიღწევაც შეეძლოთ ატლანტიდელებს სასიცოცხლო ძალებზე ბატონობის წყალობით, ადვილად მივხვდებით, რა უმძიმესი შედეგები მოჰყვებოდა ძალთა ამგვარ გამოყენებას – ბუნებაზე მოპოვებული განუზომელი ძალაუფლება შეიძლებოდა გამოეყენებინათ პირადი ეგოისტური მიზნებისთვის.

 

მთელი სისრულით ეს მეოთხე ქვერასის ადამიანთა (პირველყოფილი ტურანელები, Ur-Turanier) მიერ განხორციელდა. ამ ქვერასის ადამიანები გაიწაფნენ აღნიშნულ ძალებზე ბატონობაში, ამიტომ მათ საკუთარი ანგარებიანი სურვილებისა და მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად მაქსიმალურად იყენებდნენ. ამგვარად გამოყენებული ძალები საკუთარი ქმედებებით ერთმანეთს ანგრევდნენ. ეს იგივეა, როცა ადამიანის ფეხები მტკიცედ მიიწევენ წინ, მაშინ, როცა სხეულის ზედა ნაწილი უკან, საპირისპირო მიმართულებით ისწრაფვის.

 

ასეთი დამანგრეველი ძალის შეკავება შესაძლებელი გახდა მხოლოდ ადამიანში უმაღლესი ძალის განვითარებით. ეს იყო აზროვნების ძალა. ლოგიკური აზროვნება ანგარებიან სურვილებზე შემაფერხებელ გავლენას ახდენს. ასეთი ლოგიკური აზროვნების წყარო მეხუთე ქვერასაში (პირველყოფილი-სემიტები, Ur-semiten)) უნდა ვეძიოთ. ადამიანები გასცდნენ უბრალო გახსენების ეტაპს და სხვადასხვა განცდის შედარებას შეუდგნენ. განვითარდა მსჯელობის უნარი, რომლის მეშვეობითაც არეგულირებდნენ სურვილებსა თუ მისწრაფებებს. ადამიანმა დაიწყო თვლა, კომბინირება, ისწავლა აზრებით მუშაობა. თუ ადრე იგი თავის ნებისმიერ სურვილს ეძლეოდა, ამჟამად უკვე საკუთარ თავს ეკითხებოდა: აზრსაც შეუძლია თუ არა, ეს სურვილი მოიწონოს. თუ მეოთხე ქვერასის ადამიანები დაუცხრომლად ისწრაფოდნენ თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებისკენ, მეხუთე ქვერასის ადამიანები უკვე საკუთარ შინაგან ხმას აყურადებდნენ. ეს შინაგანი ხმა სურვილებს გარკვეულ ჩარჩოებში კი ამწყვდევს, მაგრამ არ შეუძლია ანგარებიანი პიროვნების მოთხოვნილებათა ჩახშობა.

 

ამდენად, მეხუთე ქვერასამ ქმედებისკენ წაქეზება ადამიანის შინაგან სიღრმეებში გადაიტანა. ადამიანს სურს, საკუთარ სიღრმეში თავად გადაწყვიტოს: რა აკეთოს და რა არა. ამასთან, საკუთარ სიღრმეში აზროვნების ძალაზე გამარჯვებით, იგი იმავე დოზით კარგავს ძალაუფლებას ბუნების გარეგნულ ძალებზე. შეიძლება ასეთი გამჭრიახი აზროვნებით დაიქვემდებარო მინერალური სამყაროს ძალები, მაგრამ – არა სასიცოცხლო ძალა. ამდენად, მეხუთე ქვერასამ აზროვნება მოიპოვა სასიცოცხლო ძალებზე ბატონობის დაკარგვის ფასად და სწორედ ამით შვა კაცობრიობის შემდგომი განვითარების ჩანასახიც. ახლა კი, რაოდენ ძლიერად უნდა ყოფილიყო განვითარებული პიროვნების განცდა, თავმოყვარეობა და თვით ეგოიზმიც, აზროვნებას (რომელიც მოქმედებს ადამიანის შიგნით და არ ძალუძს საკუთარი ბრძანებები უშუალოდ გადასცეს ბუნებას) უკვე აღარ შეეძლო ისე დამანგრევლად ემოქმედა, როგორც ადრე ბოროტებას დაქვემდებარებული ძალები მოქმედებდნენ. მეხუთე ქვერასიდან შეირჩა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულთა ჯგუფი, რომლის მხრებზეც გადაიარა მეოთხე ძირეული რასის დაღუპვამ. მან წარმოშვა მეხუთე, არიული რასის ჩანასახი, რომლის ამოცანა იყო აზროვნების ძალისა და ყოველივე მასთან დაკავშირებულის სრულად გამოვლენა.

 

მეხუთესთან შედარებით მეექვსე ქვერასის (აკკადიელები, Akkadier) ადამიანებმა, აზროვნების ძალა კიდევ უფროგანავითარეს. ისინი იმით განსხვავებოდნენ ე. წ. პირველყოფილი-სემიტებისგან, რომ ეს უნარი უფრო ფართო გაგებით გამოიყენეს. ზემოთ ითქვა, რომ აზროვნების ძალის განვითარება, მართალია, აფერხებდა პიროვნების ანგარებიან მისწრაფებათა (რომელიც ადრინდელ რასებში დასაშვები იყო) დამანგრეველ ქმედებას, მაგრამ მათ მთლიანად ვერ სპობდა. პირველყოფილი-სემიტები საკუთარ პიროვნულ მოვალეობებს აზროვნების კარნახით ახორციელებდნენ. ცარიელი სურვილები და ჟინი გონებით შეიცვალა. შეიქმნა ცხოვრების ახალი პირობები. თუ წინარე ქვერასები მიდრეკილი იყვნენ ბელადად აერჩიათ ის, ვისი გმირობებიც მათ მეხსიერებაში ღრმად იყო ჩაბეჭდილი ან ვისაც შეეძლო ცხოვრების გადმოსახედიდან მდიდარი მოგონებები ჰქონოდა, ახლა ამ როლმა გონიერებაზე გადაინაცვლა. თუ ადრე ხელმძღვანელობდნენ კეთილი მოგონებებით, ახლა ყველაზე მეტად უკვე აზრისთვის უფრო დამაჯერებელს აფასებდნენ. მეხსიერების გავლენით ადრე მისდევდნენ განსაზღვრულ წესებს, სანამ იგი არასაკმარისი აღმოჩნდებოდა და თავისთავად ცხადია, რომ ამ შემთხვევაში სიახლეს ის გაატარებდა, ვისაც გაჭირვებაში შველა შეეძლო; მაგრამ აზროვნების უნარის გავლენით განვითარდა სიახლისა და ცვლილებათა გატარების წყურვილიც. ყველას გონების ნაკარნახევის განხორციელება სურდა. ამიტომ მეხუთე ქვერასის ეპოქაში იწყება მღელვარება და შიში, რომელთაც მეექვსე ქვერასაში ცალკეულ ადამიანთა თვითნებური აზროვნება საერთო კანონისთვის დაქვემდებარების აუცილებლობის შეგრძნებამდე მიჰყავთ. მესამე ქვერასის სახელმწიფოთა აყვავება ეფუძნებოდა იმ მოგონებათა ერთიანობას, რომელსაც წესრიგი და ჰარმონია შემოჰქონდა. მეექვსე ქვერასის ეპოქაში კი ეს წყობა გამოგონილ კანონთა დახმარებით უნდა განხორციელებულიყო. ამდენად, სამართლებრივი და კანონიერი წყობის წყარო სწორედ მეექვსე ქვერასაში უნდა ვეძიოთ. მესამე ქვერასის ეპოქაში ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გამოყოფა მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა ეს ჯგუფი თითქოს გამოდევნილი იყო საკუთარი ტომიდან იმის გამო, რომ მას მოგონებები არასასურველ პირობებს უქმნიდა. მეექვსე ქვერასაში ეს ყოველივე არსებითად შეიცვალა. გამჭრიახი აზროვნება ეძებდა ახალს და აგულიანებდა წამოწყებისა და ახალი დასახლებებისაკენ. ამიტომ, აკკადიელები ძალიან ფხიანები და კოლონიზაციისკენ მიდრეკილი იყვნენ. აზროვნებისა და განსჯის აღმოცენებადი უნარისთვის საზრდო განსაკუთრებით ვაჭრობას უნდა მიეცა.

 

აზროვნების უნარი მეშვიდე ქვერასაშიც (მონღოლებში, Mongolen) მუშავდებოდა, მაგრამ ადრინდელ ქვერასათა ზოგიერთი უნარი, განსაკუთრებით მეოთხე ქვერასისა, მათში გაცილებით მეტად შემოინახეს, ვიდრე – მეხუთესა და მეექვსეში. ისინი მოგონებებისადმი მიდრეკილებათა ერთგული დარჩნენ და ამიტომაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე უძველესი ამავე დროს ყველაზე ჭკვიანურიცაა, ანუ ყველაზე უკეთ მას შეუძლია აზროვნების ძალასთან გამკლავება. მართალია, სასიცოცხლო ძალებზე ძალაუფლება მონღოლებმაც დაკარგეს, მაგრამ მათში განვითარებული აზრის ძალა გარკვეული თვალსაზრისით, თავად ფლობდა ამ სასიცოცხლო ძალის ბუნებრივ სიძლიერეს. მათ დაკარგეს ცხოვრებაზე ძალაუფლება, მაგრამ მის მიმართ საკუთარი უშუალო მიამიტური რწმენა არასდროს დაუკარგავთ; ეს ძალა მათთვის გადაიქცა ღმერთად, რომლის უფლებამოსილებითაც მოქმედებდნენ, როდესაც ქმნიდნენ ყოველივეს, რასაც მართებულად მიიჩნევდნენ. ამიტომ, მეზობელ ხალხებს ეჩვენებოდათ, თითქოს ისინიც ამ იდუმალი ძალით იყვნენ შეპყრობილი და თავადაც ბრმად ენდობოდნენ მას. მათი შთამომავლები აზიისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ავლენდნენ და რამდენადმე დღესაც ავლენენ ამ თავისებურებებს.

 

ადამიანში ჩადებული აზროვნების უნარმა საკუთარი განვითარების სრულ აყვავებას მიაღწია მხოლოდ მეხუთე ძირეულ რასაში ახალი სტიმულის მიღებით. მეოთხე რასაში ამ ძალას შეეძლო, სამსახური გაეწია მხოლოდ იმისთვის, რაც მასში მეხსიერების უნარად აღიზარდა. მხოლოდ მეხუთე რასამ მიაღწია ისეთ ფორმებს, რომლებისთვისაც აზროვნების უნარი აუცილებელი იარაღია.


კომენტარები