განვითარების მამოძრავებელი ძალა, მექანიზმი და მიმართულება

განვითარების მამოძრავებელი ძალა, მექანიზმი და მიმართულება

ავთანდილ ძამაშვილი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, (ტექნიკური უნივერსიტეტი).

 

ამონარიდი აღებულია ავთანდილ ძამაშვილის წიგნიდან – „ფილოსოფია“.

იყო დრო, როცა განვითარების იდეა კაცობრიობისათვის ჯერ არ იყო ცნობილი. ანტიკურ პერიოდში მსჯელობები იყო საგნებისა და მოვლენების ერთიმეორიდან წარმოშობაზე. განსაკუთრებით ეს ეხებოდა კოსმიურ მოვლენებს, მაგრამ ასეთი მსჯელობები არ ეხებოდა თვისობრივად ახლის გაჩენას და მის ახსნას. მითოლოგიაში, ზღაპრებსა და რელიგიაში იყო ახალი მოვლენების შესახებ თქმულებები, მაგრამ ისინი, ძირითადად, სასწაულებთან იყო დაკავშირებული, რომელიც უფრო ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე რეალური სინამდვილის შეცნობის შედეგი. ბაყ-ბაყდევის სახის წარმოსახვაში აგებისათვის, ფანტაზია ყველა საშენ მასალას რეალური სინამდვილიდან იღებს. მას არ შეუძლია „შეამკოს“ იგი ისეთი ნიშან-თვისებებით, რომლებიც რეალობიდან არ იქნება აღებული. მაშინ რაღაა უშუალოდ ფანტაზიის ნაყოფი? ესაა სინამდვილიდან აღებული საშენი ელემენტების კავშირები. ფანტაზია წარმოსახვის უნარით თავისებურად აკავშირებს იმ უკვე არსებულ ელემენტებს, რაც რეალურ სინამდვილეში გაფანტულია სხვადასხვა საგნებში. ე.ი. ფანტაზიას (წარმოსახვას) შეუძლია ერთიმეორესთან ვირტუალურად დააკავშიროს ისეთი მოვლენები, რომელნიც რეალურად სულაც არ იმყოფებიან ასეთ კავშირში.

 

განვითარების პრობლემა ორ საკითხს აყენებს. პირველი – არსებობს კი იგი საერთოდ სინამდვილეში? მეორე – როგორაა ეს შესაძლებელი? პირველი საკითხის გადაწყვეტაში პირისპირ დგებიან სპეკულატურ-თეორიული მოსაზრებები და ფაქტები. პირველის ძირეული პრინციპია – მსგავსი მსგავსს წარმოშობს. ეს პრინციპი ფილოსოფიაში ანტიკური პერიოდიდან მოდის. იგი გამორიცხავს თვისებრივად ახლის გაჩენას. ამ მოსაზრებას აძლიერებდა ის ვითარებაც, რომ ადამიანების უმეტესობა, რომელთა ცნობიერებაშიც ხდებოდა განვითარების შესახებ აზრების ჩამოყალიბება, თავიანთი სოციალური მდგომარეობით არ იყვნენ დაინტერესებულნი განვითარების საერთოდ არსებობით. ძველი ყველასთვის ცუდი არაა.

 

ვისთვისაც ძველი ძალიანაც კარგია, იგი მთელი არსებით ცდილობს მის შენარჩუნებას. განვითარების იდეა კი აღიქმება ძველის დამანგრეველ ძალად, რაც მისთვის მიუღებელია. ასეთ პოზიციას დაუპირისპირდა ფაქტები. ესაა სინამდვილეში თვისებრივად ახლის გაჩენის ფაქტი. მაგალითად, ფაქტია ცოცხალი სახეობების მთელი რიგი, რომლებიც დღეს არსებობენ. მეცნიერული კვლევები ისტორიულად შორეულ წარსულში მათ არსებობას არ ადასტურებენ. სამაგიეროდ, ჩ. დარვინის გამოკვლევები თვისებრივად ახალი სახეობების წარმოშობას ეძღვნება და მათ ადასტურებს. მეტიც, მეცნიერების მონაცემებით, ზოგი, თვისებრივად ახალი სახეობის წარმოშობა, უახლოესი პერიოდის საქმეა. ამ ორი პოზიციის დაპირისპირებაში, გამოჩნდა მესამე თვალსაზრისი, რომელიც როგორღაც, მათი მორიგების ცდას გავს. ესაა ე.წ. წრებრუნვის იდეა. ეს იდეა გამოკვეთილი სახით უკვე არის ჰერაკლიტეს ნააზრევში. წრებრუნვის იდეა აღიარებს განვითარებას. განვითარებითი მოძრაობა გაივლის გარკვეულ ეტაპებს, შემდეგ იგი წრეს შეკრავს, დასასრული დაემთხვევა დასაწყისს და მერე, ციკლურად, ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება. ასე მეორდება უსასრულოდ. ეს თავისებური „სიზიფის შრომაა“. ესაა ერთისა და იმავეს ერთი და იგივე თვისებრიობით გამეორება. აქ თითქოს არის მოძრაობა, არის განვითარება თვითონ წრის შიგნით, მაგრამ წრიდან გასვლა ვერ ხერხდება. თვითონ წრე აღმოჩნდა განვითარების მიღმა. ამიტომ ესაა განვითარების განუვითარებლობა.

 

განვითარების იდეის მეცნიერულ დონეზე გაჩენას დიდი დრო დასჭირდა. ჩამოყალიბებული ფორმით იგი ჰეგელის ფილოსოფიამ მოგვცა. ჰეგელი, როგორც ფილოსოფოსი, რაციონალისტი და იდეალისტი იყო. მისი ფილოსოფია სულის (გონის) ფილოსოფიაა. ამიტომ მისი განვითარების თეორია სულის განვითარებას ეხება. ამის გამო, მის განვითარების თეორიასაც იდეალისტურს უწოდებენ.

 

ესაა ჰეგელის დიალექტიკური თეორია. ამასთანავე, ჰეგელის განვითარების თეორია ტელეოლოგიურია, რამაც თავისებურად განსაზღვრა მისი ხასიათი. ჰეგელისაგან განვითარების, ანუ დიალექტიკის თეორია მიიღეს და თავის მსოფლმეხდველობრივ ინტერესებს მოარგეს კ. მარქსმა და ფ. ენგელსმა. ისინი მატერიალისტები არიან. ძირითადად, მათი ფილოსოფია მატერიის ფილოსოფიაა. ამიტომ, ჰეგელის სულის განვითარების თეორიის მატერიის განვითარების თეორიად გარდაქმნამ მარქსთან და ენგელსთან, გამოიწვია მათი კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობებში ჩავარდნა. ერთ-ერთი მთავარი ნაშრომი – „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ – მათი მსოფლმხედველობრივი პროგრამაა, რომლის მთავარი მიზანია ძველი წყობილების რევოლუციური გზით დამხობა და ახალი კომუნისტური წყობილების დამყარება. ე.ი. ეს პროგრამა პრაქტიკულად მოითხოვს სოციალურ სფეროში თვისებრივი სიახლის განხორციელებას. ამისთვის მათ სჭირდებათ განვითარების იდეის მიღება და თავისი ინტერესებისადმი დაქვემდებარება. რევოლუციური იდეის გავრცელება-დამკვიდრება სასიცოცხლოდ მოითხოვს მისი განვითარების თეორიაზე (დიალექტიკაზე) დაყრდნობას. მარქსისა და ენგელსის დიალექტიკამ უნდა დაასაბუთოს ძველის მსხვრევის და ახლის დამკვიდრების აუცილებლობა. ამასთანავე, მან უნდა თეორიულად დაასაბუთოს ახლის პროგრესულობა და ძველის დრომოჭმულობა. ასეთმა კატეგორიულმა მოთხოვნებმა დიდი ზიანი მიაყენა ჰეგელის დიალექტიკის თეორიას.

 

დიალექტიკის, ანუ განვითარების თეორიაში პრინციპული მნიშვნელობისაა სამი საკითხი: პირველი – ესაა სინამდვილის განვითარების მამოძრავებელი ძალის საკითხი. რა დაუშრეტელი ძალა იწვევს სინამდვილის მუდმივ მოძრაობა-განვითარებას? ამ კითხვაზე ჩამოყალიბდა გარკვეული სახის პასუხი, მიეცა მას კანონის ფორმა და დიალექტიკის თეორიაში დაერქვა დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის კანონი; მეორე საკითხი განვითარების მექანიზმს ეხება: – როგორ ხდება განვითარება, ანუ როგორ ხდება თვისებრივად ახლის წარმოშობა, როგორია ძველიდან ახალზე გადასვლის მექანიზმი? – პასუხის სახით ამ კითხვაზე ჩამოყალიბებულმა მოსაზრებათა ერთობლიობამაც დიალექტიკის თეორიაში მიიღო კანონის ფორმა და მას დაერქვა – რაოდენობრივი ცვლილებების თვისებრივ ცვლილებებში გადასვლის კანონი; მესამე კითხვა თვითონ განვითარებისათვის კიდევ უფრო პრინციპულია. განვითარება ძველიდან თვისებრივად ახალზე გადასვლაა. ამიტომ კითხვა ეხება ძველსა და ახალს შორის ურთიერთობას. ახალი ძველის გაუმჯობესებაა თუ არა? აქედან გამომდინარე, – აქვს თუ არა საერთოდ განვითარებად მოძრაობას რაღაც გამოკვეთილი მიმართულება? ამ კითხვაზე ჩამოყალიბებულ პასუხს, რომელსაც მიეცა კანონის სახე, დაერქვა უარყოფის უარყოფის კანონი.

 

როგორც მთლიან დიალექტიკის თეორიას, ისე აღნიშნულ კანონებს ჰეგელთან ჰქონდა იდეალისტური გააზრება, ხოლო მარქსსა და ენგელსთან მატერიალისტური გადაწყვეტა. ჰეგელისათვის აზრი და არსი ერთიდაიგივეა. ამიტომ აზრის განვითარება იგივე არსის განვითარებაა. არსებობს აბსოლუტური სული (ჰეგელისათვის ეს იგივეა, რაც ფილოსოფიური ღმერთი). იგი განიცდის განვითარებას. მისი განვითარება ვლინდება გარკვეულ საფეხურებში. ეს საფეხურები სხვა არაფერია, თუ არა სულის ბუნების სახით გამოვლენა. სულია არსება, ბუნება მისი გამოვლენაა. სულისა და ბუნების ჰეგელისეულ ურთიერთობას ადარებენ დათოვლილ ველზე ადამიანის ფეხით გავლას. გავლის დროს ადამიანი თოვლზე ტოვებს ნაფეხურების კვალს. ადამიანი მოძრაობს თოვლზე. დანატოვარი კვალი კი უძრავი რჩება. იგივეა სულისა და ბუნების ურთიერთობა.

 

სული მოძრავია, იგი განვითარებად მოძრაობაშია, ბუნება კი როგორც სულის ნაკვალევის ანაბეჭდები, უძრავია. ეს იმას ნიშნავს, რომ დიალექტიკას ძალა აქვს სულის მიმართ და არა ბუნების მიმართ. მარქსისა და ენგელსის, როგორც მატერიალისტების მიზანია, პირველ რიგში დიალექტიკური განვითარებით, სულისაგან დამოუკიდებლად არსებული ბუნება აამოძრაონ. ხოლო სული, პირიქით, ბუნების განვითარების იდეალურ ანაბეჭდად წარმოაჩინონ.

 

აღნიშნული სამი კანონის მიმართ ზოგადი შეფასება შეიძლება ასეთი იყოს: პირველ კანონს გარკვეული თვალსაზრისით ანგარიში უნდა გაეწიოს; მეორე კანონი, მის წინაშე დასმულ კითხვაზე საკმაოდ არადამაჯერებელ პასუხს იძლევა; ხოლო მესამე კანონის ძირითადი აზრი უნდა შეიზღუდოს და მიეცეს მოქმედების მხოლოდ ვიწრო სფერო და არა მთელი სამყაროს მიმართ უნივერსალურობის სტატუსი.

 

ყოველ საგანს აქვს თავისი გარკვეული რაოდენობრივი და თვისებრივი მხარეები. ესაა მისი სტრუქტურული მდგომარეობა, მისი გარკვეული ვითარება. რა ძალამ უნდა აიძულოს იგი გამოიყვანოს ამ ვითარებიდან, ანუ რამ უნდა განავითაროს? დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის კანონი გვეუბნება – საგანში არის დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის არსებობს შეურიგებელი წინააღმდეგობა. ეს წინააღმდეგობა არის ის ძალა, რომელიც მთლიან საგანს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ იგი მუდამ დარჩეს იმად, რაც არის, შეინარჩუნოს თავისი გარკვეულობა და თავისი არსებობა. აღნიშნული შინაგანი წინააღმდეგობა, ბოლოს მაინც აიძულებს საგანს ამოძრავდეს თვისებრივად, ანუ შეიცვალოს თვისობრივად.

 

ამით მან უნდა დაამთავროს ერთი გარკვეულობით, ანუ ერთი ვითარებით არსებობა და გადავიდეს სხვა ვითარებაში, უნდა განვითარდეს. საგანში რომ არ ყოფილიყო საპირისპირო მხარეები, არ ყოფილიყო მათ შორის შეურიგებელი წინააღმდეგობა, საგანი იქნებოდა „მოსვენებულ“ მდგომარეობაში. მუდამ იქნებოდა ის, რაც არის. ადგილი ექნებოდა არავითარ განვითარებას. თუ ამ ერთი საგნის მაგალითს გადავიტანთ მთელ სინამდვილეზე მივიღებთ იმავე სურათს. ამიტომ ეს კანონი ასკვნის – სამყარო მუდმივ მოძრაობაგანვითარების პროცესშია მასში საპირისპირო მხარეთა შორის მუდმივი და შეურიგებელი წინააღმდეგობის არსებობის გამო.

 

მეორე კანონი, მის წინაშე დასმულ პრობლემას ასე წყვეტს: ყოველ საგანს აქვს თავისი რაოდენობრივი და თვისებრივი განსაზღვრულობები. მათ აქვთ თავისი საზღვრები. ე.ი. ნებისმიერ საგანს არსებობა შეუძლია მხოლოდ გარკვეულ რაოდენობრივ და თვისებრივ საზღვრებს შიგნით. ამ საზღვრების ნგრევა მისთვის ნიშნავს შეუძლებლობას – დარჩეს იმად, რაც იყო. საგნის შიგნით დაპირისპირებულ მხარეებს შორის წინააღმდეგობა იცვლება, ძლიერდება. ამით საგანში სულ უფრო მატულობს შინაგანი დაძაბულობა.

 

სანამ ეს დაძაბულობა არ გასცდენია საგნის რაოდენობრივ საზღვრებს, მანამ საგანი ინარჩუნებს თავის თავთან იგივეობას, ინარჩუნებს არსებობას. მაგრამ მოძრაობის მუდმივობა იმას ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა განუწყვეტლივ იზრდება, რომელიც შედეგად იწვევს საგნის რაოდენობრივი საზღვრების შეცვლას. თავის მხრივ, საგნის რაოდენობრივი მაჩვენებლების ზღვრული ნორმების გადალახვა, საგანს საშუალებას არ უტოვებს შეინარჩუნოს თავის თავთან იგივეობა, შეინარჩუნოს საკუთარი თვისებრიობა, რადგან მის თვისებრიობას არსებობა მხოლოდ მისთვის დაწესებულ რაოდენობის ზღვრულ ნორმებში შეუძლია. ამიტომ საგნის რაოდენობრივმა შეცვლამ გამოიწვია მისი თვისებრივი ვითარების შეცვლა, მისი განვითარება, ანუ სხვა თვისებრიობაში გადასვლა.

 

მესამე კანონის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ უჩვენოს: – საგნის ერთი თვისებრიობიდან მეორეში გადასვლას აქვს პროგრესული მიმართულება; რომ ახალი ძველის გაუმჯობესებაა. განვითარება ძველისა და ახლის ურთიერთობაში ხორციელდება. მათ შორის ურთიერთობა შეიძლება იყოს სამნაირი. ახალმა ძველი ან მთლიანად უარყოს, ან მთლიანად შეინარჩუნოს, ან ნაწილობრივ უარყოს და ნაწილობრივ შეინარჩუნოს. პირველ შემთხვევაში განვითარება შეუძლებელი ხდება ძველსა და ახალს შორის კავშირის სრული გაწყვეტის გამო. მეორე შემთხვევაშიც განვითარება შეუძლებელია ძველისა და ახლის სრული იგივეობის გამო. მოცემული კანონი ძველსა და ახალს შორის ურთიერთობას მოხსნა-შენახვის მთლიანობის სახით განიხილავს. ახალი ძველის ახალია. ძველი იქცა ახლად. ძველი გადადის ახალში, ახალი უბრუნდება ძველს. ამ პროცესში ორმაგი უარყოფაა. პირველია ძველის უარყოფა ანუ მოხსნა. მეორე ძველთან დაბრუნება ანუ მისი შემონახვა. ამ ორმაგი უარყოფით ძველი თავის თავს უბრუნდება ახალში. მათემატიკაში A-ს ორჯერ უარყოფა ისევ გვაბრუნებს A-სთან. აქ ორჯერ უარყოფის შემდეგ A სრულიად უბრუნდება და ემთხვევა თავის თავს.

 

უარყოფის უარყოფის კანონშიც ორმაგი უარყოფა გვაბრუნებს საწყის საგანთან, მაგრამ საწყისისა და ბოლოსი ანუ ძველისა და ახლის სრული იგივეობა შეუძლებლადაა მიჩნეული, ვინაიდან ძველი ახალში გამდიდრებულ ახალ სიმაღლეზე ავიდა, რაც განვითარების პროგრესული მიმართულების მაჩვენებელია. როგორც ზემოთ ითქვა, დიალექტიკის პირველ კანონს მართლაც ანგარიში უნდა გაეწიოს იმის გამო, რომ მართლაც შეინიშნება მთელს სინამდვილეში და ასევე ცალკეულ საგნებში საპირისპირო მხარეთა არსებობა და მათ შორის წინააღმდეგობრივი ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ტენდენციებსა და პროცესებში.

 

მეორე კანონის არადამაჯერებლობა გამოიხატება იმით, რომ საგნის თვისებრივი შეცვლის მთავარი ფაქტორი თვისებრიობის გარეთ, საგნის რაოდენობით მხარეშია. ეს კი ეწინააღმდეგება თვით დიალექტიკის პრინციპს, რომელიც მოითხოვს, რომ ის, რაც საგნის თავზე ხდება, ამის მთავარი მიზეზი თვით საგნის შინაგან ბუნებაში იმყოფებოდეს. მეორეც – ის, რომ ამ კანონის მიხედვით, ერთი თვისებრიობიდან მეორეში გადასვლა ნახტომის მეშვეობით ხდება. ნახტომის რაობა კი იმდენად ბუნდოვანი და გაურკვეველია, რომ იგი იმ შავ ყუთს გავს, რომლის გახსნა და გაშიფრვა ყოვლად შეუძლებელია.

 

მესამე კანონი მიუთითებს განვითარებაში პროგრესის არსებობაზე, თანაც ეს კანონი ისევე, როგორც წინა ორი, მთელი სინამდვილის უნივერსალურ კანონად არის გამოცხადებული. ე.ი. მიჩნეულია რომ პროგრესი მთელი სინამდვილის მიმართ საერთო მოვლენაა. ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ ტელეოლოგიურ სფეროში, – იქ სადაც მოქმედებენ მიზნები. პროგრესი მიზნებთან მიმართებაში არსებობს და მიზნებთან მიმართებით დგინდება. დასახულ მიზანთან მიახლოვება პროგრესის მაჩვენებელია; მისგან დაცილება – რეგრესია. მიზნები გააჩნია ადამიანს. ამიტომ პროგრესს ადგილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში – კულტურაში. რაც შეეხება ბუნებას მას არავითარი მიზნები არ გააჩნია. დედამიწა მოძრაობს მზის მიმართ, მზე მთელი თავისი სისტემით მოძრაობს გალაქტიკის მიმართ. არის თუ არა ამ მოძრაობაში რაიმე მიზანი. ცხადია არა. იმიტომ რომ მიზანი იქაა სადაც ცნობიერებაა. პროგრესი გულისხმობს შეფასებას, გულისხმობს ცუდისა და კარგის გამოკვეთას. ბუნებამ საერთოდ არ იცის ცუდი და კარგი.

 

აი რას წერს ილია ჭავჭავაძე ამის თაობაზე – განა ყოველი საგანი თავის კვალობაზე არ არის მაღალი? მაღალ ღვთაებრიობის სიბრძნის გამომთქმელი? პოლიპი, რომელიც ძლივს აჩენს თავის სულიერებას, ისე ცხადად მოგვითხრობს ღვთის ძლიერებაზე, როგორც მზე. ეს ქვეყნის მაცხოვრებელი მნათობი. ინფუზორია, რომელიც მილიონობით არიან ერთ მუჭა წყალში, ისევე საკვირველნი არიან, როგორც მოძრაობა მედიდურ ცაში მილიონთა პლანეტათა. ერთი მუჭა ლაფის დაკავშირება ისეთი საკვირველია, როგორც ვარდის მშვენიერების გამოცხადება. არა, ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და მდაბალი საგანი, ყველა საგანი მაღალია თავის კვალობაზე და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზე, რომელიც აცხოვრებს მთელ ქვეყანას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰეგელის ფილოსოფიაში უარყოფის-უარყოფის კანონს გამართლება აქვს იმის გამო რომ იგი სულის ფილოსოფიაა და ამიტომ ტელეოლოგიური ხასიათისაა.

 

მარქსის ფილოსოფია მატერიის ფილოსოფიაა, რომლისთვისაც უცხოა ტელეოლოგიურობა. ტელეოლოგიურობა დასაშვებია მხოლოდ ადამიანის ცხოვრებაში ანუ კულტურაშიც. ამიტომ უარყოფის-უარყოფის კანონს მხოლოდ ამ სფეროში შეიძლება მიენიჭოს ძალა და მნიშვნელობა და არა მთლიანი სამყაროს მიმართ.


კომენტარები