იპოლიტ ტენი – ფრანგი კრიტიკოსი და ისტორიკოსი; ნატურალიზმისა და სოციალური პოზიტივიზმის უმთავრესი წარმომადგენელი. უდიდესი გავლენა იქონია ფრანგულ ლიტერატურაზე.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი იპოლიტ ტენის წიგნიდან – „ხელოვნების ფილოსოფია“.
ხელოვნების ისტორიის უმთავრეს ეპოქებს რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, ხელოვნება ჩნდება და შემდეგ ქრება აზროვნების ზნე-ჩვეულებათა იმ განსაზღვრულ მიდრეკილებებთან ერთად, რომელთანაც თვითონ ეს ხელოვნება იყო დაკავშირებული. მაგალითად, ბერძნული ტრაგედია (ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე) ჩნდება მაშინ, როდესაც ბერძნები იმარჯვებენ სპარსელებზე, პატარ-პატარა რესპუბლიკური ქალაქების გმირულ ხანაში, იმ დიდი ბრძოლის დროს, როდესაც საბრძნეთი მთელ თავის ძალ-ღონეს იკრებს, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მთელი განათლებული ქვეყნიერება. შემდეგ, ამ დამოუკიდებლობისა და ენერგიის გაქრობასთან ერთად, როდესაც დაკნინდა ბერძენთა ხასიათი და მაკედონელების მიერ დამარცხებული საბერძნეთი უცხოელების კუთვნილებად გადაიქცა, ჩვენ ვხედავთ ტრაგედიის გაქრობასაც. ასევე, გოტიკური არქიტექტურა ვითარდება ფეოდალური წესწყობილების საბოლოოდ დამყარების დროს ნახევრად აღორძინების ეპოქაში, მეთერთმეტე საუკუნეში, როდესაც ნორმანელებისა და ყაჩაღებისგან განთავისუფლებული საზოგადოება იწყებს განვითარების გზით სვლას, და ქრება იმ დროს, როდესაც წვრილი, დამოუკიდებელი, მეომარი ბარონების ბატონობა და მისგან გამომდინარე ზნე-ჩვეულებანი იშლება, მეთხუთმეტე საუკუნის დამლევს, თანამედროვე მონარქიების გამოჩენის გამო. ასევე, ჰოლანდიური მხატვრობა უდიდეს წარმატებას აღწევს იმ სახელოვან დროს, როდესაც ჰოლანდია შეუპოვარი და მამაცური ბრძოლის გზით საბოლოოდ თავისუფლდება ესპანეთის ბატონობისგან, ებრძვის ინგლისს ტოლფასი იარაღით, და ევროპის სახელმწიფოთა შორის ყველაზე მდიდარ, ყველაზე თავისუფალ და განვითარებულ სამრეწველო ქვეყნად იქცევა.
სწორედ ასევე, ფრანგული ტრაგედია ჩნდება მაშინ, როდესაც მოწესრიგებულ, სათავადაზნაურო მონარქიასთან ერთად ლუი XIV დროს ბატონდება სამეფისკარო ცხოვრება, ბრწყინვალე რაუტები, ტურფადკაზმული არისტოკრატული შინაყმობა და ქრება მაშინ, როდესაც პრივილეგიების მქონე საზოგადოება და სასახლის დერეფნების ზნე-ჩვეულებანი ეცემა რევოლუციის დარტყმისაგან.
მინდა შედარება მოვიხმო, რომ თქვენთვის უფრო საგრძნობი გახდეს ზნე-ჩვეულებისა და გაბატონებულ შეხედულებათა გავლენა ხელოვნებაზე. თბილი ქვეყნიდან ჩრდილოეთისკენ რომ წახვიდეთ, ახალ სარტყელს მიაღწევთ, შენიშნავთ ნიადაგის სულ სხვა კულტურას და სულ სხვა მცენარეებს: ჯერ ალოე და ფორთოხალი; პატარა მანძილს რომ გაივლით, ზეთისხილი და ყურძენი გაჩნდება; მერე მუხა და შვრია; უფრო შორს – ფიჭვი, და ბოლოს ხავსი და ბოწვერა. ყველა სარტყელს აქვს ნიადაგის თავისებური კულტურა და მცენარეები; ერთიცა და მეორეც იწყება სარტყელის თავში და თავდება მის ბოლოში; ერთიცა და მეორეც თავის სარტყელს არის დაკავშირებული და ეს სარტყელი წარმოადგენს მათი არსებობის აუცილებელ პირობას; თავისი არსებობით ან არარსებობით ის განაგებს ამ მცენარეთა გაჩენას და დაღუპვას. და რა არის ეს სარტყელი, თუ არა ერთგვარი ტემპერატურა, ერთგვარი ოდენობა სითბოსი და ტენიანობისა; ერთი სიტყვით, გაბატონებულ პირობათა რიგი არსებითად ანალოგიურია იმისა, რასაც ჩვენ ეს-ეს არის ახლა ვუწოდეთ საზოგადოების მსოფლმხედველობა და მისი ზნე-ჩვეულებანი. როგორც არსებობს ერთგვარი ფიზიკური ტემპერატურა, რომელიც თავისი ცვალებადობით იწვევს ამა თუ იმ მცენარის ჯიშის გაჩენას, – სწორედ ასევე, არსებობს ერთგვარი მორალური ტემპერატურა, რომელიც თავისი ცვალებადობით იწვევს ხელოვნების ამა თუ იმ დარგის გაჩენას და როგორც ფიზიკურ ტემპერატურას ვსწავლობთ, – რათა შევიგნოთ ამა თუ იმ მცენარის გაჩენა, იქნება ეს სიმინდი თუ შვრია, ალოე თუ ნაძვი, – ასევე უნდა შევისწავლოთ მორალული ტემპერატურა, რომ შევიგნოთ ხელოვნების რომელიმე დარგის გაჩენა – კერპთაყვანისმცემლური ქანდაკებისა თუ რეალისტური ფერწერისა, მისტიკური არქიტექტურისა თუ კლასიკური ლიტერატურისა, ვნებიანი ან იდეალისტური პოეზიისა. ადამიანის სულის შემოქმედებანი, როგორც ცოცხალი ბუნების ნაწარმოებნი, შეიძლება შევიცნოთ მხოლოდ მაშინ, თუ მათ შევისწავლით საკუთარ გარემოსთან დაკავშირებით.
თანამედროვე ესთეტიკა განსხვავდება ძველისაგან თავისი ისტორიზმით და დოგმატიზმის უარყოფით, ესე იგი, იმით, რომ ჩვენი ესთეტიკა არავის უბრძანებს – ამ წესებისამებრ განიხილეთ ხელოვნების ნაწარმოებიო. არა, ჩვენი ესთეტიკა იკვლევს და ადგენს ხელოვნების კანონებს. ძველი ესთეტიკა ჯერ კიდევ მშვენიერების განსაზღვრას იძლეოდა და ამბობდა, მაგალითად, მშვენიერება ზნეობრივი იდეალის გამოსახვაა, ან – მშვენიერება უხილავის გამოსახვაა, ან კიდევ, მშვენიერება – ადამიანის ვნებათა გამოსახვააო, მერმე, ემყარებოდა რა ერთ-ერთ ამ განსაზღვრას, როგორადაც კანონმდებლობის რაიმე მუხლს, იგი ამართლებდა, სჯიდა, საყვედურს აძლევდა და წინამძღვრობდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე არა მხვდა წილად ამგვარი დიდი დავალების ასრულება. მე თქვენ წინამძღვრობას ვერ გაგიწევთ; ძალიან გამიჭირდება ამის ასრულება. სხვათა შორის, ჩვენთვის რომ ვთქვათ, აქამდის მხოლოდ ორი წესია აღმოჩენილი ხელოვნებაში; პირველი გვირჩევს – გენიოსად დაიბადეთო; მაგრამ ეს თქვენი მშობლების საქმე არის და არა ჩემი; მეორე გვირჩევს – ბევრი იშრომეთ, რომ, რაც შეიძლება სრულად დაეუფლოთ თქვენს ხელოვნებას; ესეც თქვენი საქმე არის და არა ჩემი. ჩემი მოვალეობა ის არის მხოლოდ, რომ კარგად გაგაცნოთ ფაქტები და აგიხსნათ ამ ფაქტების წარმოშობა. თანამედროვე მეთოდის არსი, რომლითაც მე ვცდილობ ვიხელმძღვანელო და რომელიც უკვე შეიჭრა ყველა საზოგადოებრივ მეცნიერებაში, ის გახლავთ, რომ იგი იკვლევს ადამიანის მიერ ქმნილს და, კერძოდ, ხელოვნების ნაწარმოებებს, როგორც ფაქტებს, რომელთა დამახასიათებელი თვისებების დადგენა არის საჭირო, როგორც განსაკუთრებული მიზეზთა შედეგისა; ამით ამოიწურება ჩვენი ამოცანა. ასე შეგნებული მეცნიერება არც ეკლესიისაგან განკვეთავს, არც ცოდვებს შეუნდობს. იგი არ გეტყვით, „აბუჩად აიგდეთ ჰოლანდიური ხელოვნება მისი მეტისმეტი სიტლანქის გამო, არამედ დატკბით იტალიური ხელოვნებითო“. არც იმას გეტყვით – „შეიზიზღეთ გოტიკური ხელოვნება, რადგან იგი ჯანსაღი არ არის, და დატკბით ბერძნული ხელოვნებითო“. არა, იგი სრულ თავისუფლებას გიტოვებთ ყველას, რომ საკუთარი გემოვნებით იხელმძღვანელოთ, უპირატესობა მისცეთ მას, რაც უფრო მეტად ეგუება თქვენ ტემპერამენტს და გულმოდგინედ შეისწავლოთ ის, რაც უკეთესად გამოხატავს თქვენს სულიერ მოთხოვნილებას.
ძალიან გრძელი იყო მიქელანჯელოს პირველი პერიოდი, არა ნაკლებ სამოცი წლისა; ამ დროის განმავლობაში შექმნილ მის ნაწარმოებებში თქვენ ხედავთ ძლიერებისა და გმირული დიდების გრძნობას; ამ გრძნობით არის გაჟღენთილი მხატვარი, სხვა არაფერი აგონდება. მრავალი გაკვეთანი, ურიცხვი ნახატი, საკუთარი გულის მუდმივი ანალიზი, ტრაგიკულ ვნებათა შესწავლა და მათი განსახიერება სხეულში, ყოველივე ამას ხმარობს როგორც საშუალებას, რომ გადმოაფრქვიოს მშფოთვარე ენერგია, რომლითაც აღსავსეა იგი. აი, რა აზრს აღგიძრავთ თქვენ კაპელის სიქსტინის ყოველი კუთხე და მთელი კამარა. შედით იქვე, პაულონის მეზობელ ეკვდერში და გასინჯეთ მიქელანჯელოს სიბერისდროინდელი ნაწარმოებები; „მოქცევა წმინდა პავლესი“, „ჯვარცმა წმინდა პეტრესი“. დააცქერდით თუნდაც „უკანასკნელ განკითხვას“, რომელიც სამოცდაშვიდი წლისამ შექმნა. საქმის მცოდნენი, და პროფანებიც, პირველი შეხედვითვე შენიშნავენ, რომ ორივე ფრესკა დახატულია მზამზარეული რეცეპტის მიხედვით, რომ მხატვრის განკარგულებაშია ფორმათა ცნობილი რაოდენობა, იგი განსაზღვრული შაბლონით ხელმძღვანელობს, ერთიმეორეზე ალაგებს არაჩვეულებრივ პოზებს, ხელოვნურად ამოკლებს განზომილებას და ჩვენ ვარჩევთ, რომ ცოცხალი შემოქმედება, ბუნებრიობა, დიადი ლტოლვა, უმაღლესი ჭეშმარიტება, რომლითაც სავსე იყო მისი პირველი პერიოდის ნაწარმოებნი, გაქრნენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, შესუსტდნენ ხელოვნების ტექნიკის ბოროტად გამოყენების და ხელობად გადაქცევის გამო, და თუ იგი მაინც სხვებზე მაღლა დგას, მეტად დაბლა დგას თავის თავთან შედარებით.
ყველა სკოლა (აქ შეუძლებელია გამონაკლისის არსებობა), განიცდის გადაგვარებას და დაცემას სწორედ იმიტომ, რომ იწყებს ზუსტ მიბაძვას და გაურბის ცოცხალ მოდელს. ასე მოუვიდათ ფერწერაში მიქელანჯელოს მიმდევრებს; ასევე მოუვიდათ აკადემიკოსებს და ბუდუარის მხატვრებს, რომლითაც დასრულდა XVIII საუკუნის ფრანგული ფერწერა. ლიტერატურაში იგივე დაემართათ რომის დაცემის დროის მოლექსეებსა და რიტორებს; მგრძნობიარე დეკლამატორ-დრამატურგებს, რომლითაც დამთავრდა ინგლისური დრამა, და დაცემის ეპოქის იტალიაში მოსწრებული სიტყვების და ღვლარჭნილი ფრაზების შემთხზველთ.
შესაძლებელია თქვან, რომ ფოტოგრაფია, ტვიფარი, სტენოგრაფია – მექანიკური ხერხებია, ამიტომ თავი დავანებოთ მანქანას და ადამიანის ნაწარმოები შევადაროთ მისივე ხელით გაკეთებულ საქმეს. მაშ, მოვძებნოთ ისეთი მხატვრული ნაწარმოები, რომელშიაც რაც შეიძლება ზუსტად დაცულია ორიგინალი. ლუვრში არსებობს დენერის ერთი სურათი. დენერი გამადიდებელი შუშით მუშაობდა და ოთხ წელიწადს უნდებოდა ერთი პორტრეტის დახატვას; მის დახატულ სახეებში არაფერია დავიწყებული: არც კანის დანაოჭება, არც ყვრიმალის თვალითუხილავი წინწკლები, არც ცხვირზე მოფანტული შავი წერტილები, არც მიკროსკოპული ძარღვების მოცისფრო განშტოებანი ზედაკანის ქვეშ, არც თვალის ელვარება, რომელშიაც იხატება ახლომდებარე საგნები. მაყურებელი განცვიფრებული რჩება: თავი ისე ცოცხლად არის დახატული, თითქოს ეს-ესაა გამოსცდებაო ჩარჩოს; არასდროს არავის არ მიუღწევია ასეთი სრულყოფილებისათვის; ეს არის მოთმინების უბადლო მაგალითი. მაგრამ საერთოდ ვან დეიკის ერთი რომელიმე გაბედული ესკიზი ასჯერ უფრო ძლიერია, და არც ფერწერაში, და არც სხვა რაიმე ხელოვნებაში ასეთ თვალთმაქცობას არავითარი ღირებულება არ აქვს.
ამასვე ვხედავთ ლიტერატურაში. დრამატული პოეზიის საუკეთესო ნაწილი – ბერძნული და ფრანგული კლასიკური პიესებია, უმეტესი ნაწილი ესპანური და ინგლისური დრამებისა, შორს უდგანან საზოგადო საუბრის ზედმიწევნით გამოყენებას; პირიქით, განგებ შემოაქვთ მასში ცვლილება. ეს დრამატურგი პოეტები ლექსად ალაპარაკებენ თავიანთ გმირებს და მათ სათქმელს ზომას და ხშირად რითმას უყენებენ. აზიანებს თუ არა ხელოვნების ნაწარმოებს სინამდვილის ასეთი დამახინჯება? სრულიადაც არა. ამას ამტკიცებს გოეთეს „იფიგენიას“ მაგალითი, რომელიც ჯერ პროზად იყო დაწერილი, შემდეგ კი ლექსად. იგი პროზადაც მშვენიერია, მაგრამ გალექსილი განუზომლად მაღლა დგას. ცხადია, სწორედ ჩვეულებრივი სასაუბრო ენის შესწავლა, რითმის და ზომის შეტანა შეუდარებელ ძალას, ნათელ განდიდებას, ფართო ურყევ ტრაგიკულ ჟღერას ანიჭებს გოეთეს თხზულებას, რომლის გაგონებისთანავე სული ამაღლდება ჩვეულებრივი ცხოვრების სისაძაგლეზე და ჩვენს თვალწინ აღსდგებიან ძველი გმირები, პირველყოფილ ადამიანთა დავიწყებული ტომები, მათ შორის, ღვთაებრივი ქალწული, ღმერთები ნების განმმარტებელი, კანონების დამცველი, მოკვდავთა მწყალობელი, რომელშიც შეერთებულა ადამიანის ბუნების ყოველი სათნოება და დიდებულება, რათა სახელი გაუთქვას ჩვენს გვარს და აღამაღლოს ჩვენი სული.
ყველაზე დიდი სკოლები ისინი არიან სწორედ, რომლებიც ცხოვრებაში არსებულ თანაფარდობას არღვევენ.
განვიხილოთ, მაგალითად, იტალიური სკოლა, მისი უდიდესი წარმომადგენლის – მიქელანჯელოს ნაწარმოებები. ნათლად რომ წარმოვიდგინოთ ჩვენი დებულება, გავიხსენოთ მისივე შედევრი – მარმარილოს ოთხი ქანდაკება მედიჩების აკლდამაზე ფლორენციაში. ვისაც ორიგინალი არ უნახავს, უკიდურეს შემთხევაში, მის ასლს ხომ იცნობს. ცხადია, ამ კაცების, მეტადრე მწოლიარე ქალების, რომელთაგანაც ზოგს სძინავს, ზოგი კი იღვიძებს, სხეულის პროპორციები ისეთივე არის, როგორც ეს სინამდვილეში აქვთ ადამიანებს. იმათ მსგავს თვით იტალიაშიც ვერ მოძებნით. იქ თქვენ ნახავთ ლამაზ, მორთულ ყმაწვილ კაცებს; თვალგაბრწყინებულ და ველური შესახედაობის გლეხკაცებს, მკვრივკუნთებიან და ამაყი მოძრაობის მქონე აკადემიურ მოდელებს; მაგრამ ვერსად – ვერც სოფელში, ვერც დღეობაში, ვერც ატელიეში, იტალიაში იქნება თუ სხვაგან – დღეს თუ XVI საუკუნეში – რაელურად არსებული არც ერთი კაცი ან ქალი არ წააგავს მრისხანე გმირებს, იმ უზარმაზარ, სასოწარკვეთილ ქალწულებს, რომლებიც დიდებულმა ხელოვანმა მოათავსა სამარხის ეკვდერში. თავის საკუთარ ნიჭში და თავის საკუთარ გულში იპოვა მიქელანჯელომ ეს ტიპები. მათ შესაქმნელად საჭირო იყო განდეგილის, მოაზროვნის, სიმართლისათვის მებრძოლის სული, სული აღგზნებული და დიდებული; დაკნინებულ და გარყვნილ ადამიანთაგან, ღალატისა და ძალმომრეობის, ტირანიისა და უსამართლობის, სამშობლოსა და თავისუფლების ნანგრევებს შორის მივიწყებული სული; თვითონ მიქელანჯელოს სიკვდილს უქადდა ბედი; იგი გრძნობდა, რომ თუ ცოცხლობდა, მხოლოდ შეწყალებით და შეიძლება ცოტა ხნის ვადით; უჭირდა ქედის მოხრა და მორჩილება; და მთლიანად თავი შეაფარა ხელოვნებას, და ამგვარად, მონობის დუმილში იღებდა ხმას მისი დიდებული – დაკნინებულ და გარყვნილ ადამიანთაგან, ღალატისა და ძალმომრეობის, ტირანი – „ტკბილი არის ძილი და უფრო ტკბილია იქცე ქვად, სანამ სამარცხვინო დამცირება გრძელდება. არაფერს ვხედავდე, არაფერს ვგრძნობდე, აი ჩემი ნეტარება. მაშ ნუ მაღვიძებ. ჰა, ჩუმად იყავ!“ აი, გრძნობა, რომელმაც შთააგონა მიქელანჯელოს ასეთი ფორმები; სწორედ ეს იყო, რის გამოსახატავადაც შესცვალა მან ჩვეულებრივი პროპორციები, დააგრძელა ტანი და მისი ნაწილები, ბარძაყებთან მოგრიხა ტორსი, ჩააღრმავა თვალის ბუდეები. დაღარა შუბლი წარბშეჭმუხნული ლომის ნაოჭით, მხარზედ დააგროვა კუნთების მთელი მთა, მყესები და ერთმანეთზე გადაბმული ხერხემლის მალები ისე დაძაბა, როგორც მაგრად მოჭიმული ჯაჭვის რგოლები, რომელნიც ეს-ეს არის ლამობენ გაგლეჯას.
ახლა განვიხილოთ ფლამანდური სკოლა, ამ სკოლის დიდი წარმომადგენელი ფლამანდიელი რუბენსი და ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სურათი რუბენსის ნაწარმოებებში „კერმესი“. აქაც თქვენ ვერ იპოვით ჩვეულებრივი პროპორციების მიბაძვას. მიბრძანდით ფლამანდიაში, დააკვირდით ტიპებს, სწორედ მხიარულებისა და ქეიფის, დღესასწაულების დროს, ანტვერპენში ან სხვაგან; თქვენ ნახავთ გულკეთილ ხალხს, რომელიც კარგად სჭამს, ბევრს სვამს და სულიერი სიმშვიდით სწევს თამბაქოს, ნახავთ ხალხს ფლეგმატურსა და გონიერს, უფერულ, დიდრონ უსწორმასწორონაკვთებიან პირისახეებს, და თქვენ მოგაგონდებათ ტენირსის ფიგურები. რაც შეეხება „კერმესის“ საუცხოო ორფეხა პირუტყვებს, იმათ მსგავსს ვერსად ნახავთ, რუბენსმა უთუოდ სადღაც სხვაგან მოძებნა ისინი. რელიგიური ომების საშინელებათა შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე განადგურებულ ფლამანდიას ეღირსა საბოლოო მშვიდობიანობა და მოქალაქეობრივი უშიშროება. აქ ისეთი კარგი მიწაა, ისე კეთილგონიერია აქაური მცხოვრები, რომ ხალხმა მაშინვე მოიპოვა კეთილდღეობა და შეძლებული ცხოვრება. ქვეყანა გრძნობდა სიუხვეს და ყველაფრის ხელახალ სიჭარბეს, წარსულსა და აწმყოს შორის არსებული კონტრასტი ნეტარებისკენ უბიძგებდა ნებაზე მიშვებულ მათს ტლანქ ინსტიქტებს ისევე, როგორც დამშეული ცხენებისა და ხარებისას, როცა მათ მწვანე ბალახზე შეუშვებენ. თვითონ რუბენსი გრძნობდა ამ ინსტიქტებს და უხამსი, უხვი ცხოვრებით დაკმაყოფილებული ურცხვი ხორცის ველური, თავზეხელაღებული ღრეობის პოეზია გამოხატა დაურიდებელ გრძნობიერებაში, ავხორც გაწითლებაში, ყველგან გადაშლილი შიშველი ტანის სითეთრეში და სიქორფეში. ამ გრძნობის გამოსახატავად მან თავის „კერმესში“ გააგანიერა ტანი, შეასქელა გავა, დაკლაკნა წელი, აანთო ღაწვი, აწეწა თმა, წაჰკიდა თვალებს თავდაუჭერელი გზნების ველური ცეცხლი, ლაგამი ახსნა ქეიფის არეულობას, სასმისების მტვრევას, მაგიდების გადაბრუნებას, ღრიალს, ხვევნა-კოცნას, ორგიასა და ადამიანის მხეცობის უაღრესად განსაცვიფრებელ გამარჯვებას, რომლის დარი თავის დღეში არსად დაუსახავს მხატვრის კალამს.
ლომის ძირითადი ხასიათი, რომლის მიხედვით მას განსაზღვრული ადგილი უჭირავს ბუნებისმეტყველების კლასიფიკაციაში, გამომდინარეობს მისი მტაცებლური ბუნებიდან. თითქმის ყველა იმისი თვისება, როგორც ფიზიკური, ისე მორალური, სწორედ ამ ხასიათიდან საზრდოობს, როგორც მთავარი წყაროდან. ჯერ ფიზიკური თვისებები: მჭრელი კბილები, ყბა – დამგლეჯი და დამმსხვრევი, და ასეც უნდა იყოს, რადგან მტაცებელი ცხოველია და საზრდოობს ხორცით, ცოცხალი ნადირით. რომ კარგად აამოძრაოს თავისი საზარელი ყბა, უნდა ჰქონდეს დიდრონი კუნთები და ამ კუნთების დასატევად ერთნაირი პროპორციის ფოსოები საფერთქლებთან. მიუმატეთ ამას კიდევ ფეხის საზარელი ბრჭყალები, რომელსაც იგრძელებს და იმოკლებს, ცქვიტი სიარული თათის წვერებზედ, ბარძაყების საზარელი დრეკადობა, რომელიც რესორივით ისვრის მას, ღამის წყვდიადში ნათლად მხედავი თვალები, რადგან ღამე არის საუკეთესო დრო ნადირობის. ერთმა ბუნებისმეტყველმა, ლომის ჩონჩხს რომ მაჩვენებდა, მითხრა: „ეს არის ყბა, რომელიც ოთხ თათზეა დამდგარი“. გარდა ამისა, ლომს შეთანხმებული აქვს ყოველი მორალური თავისებურება: პირველ ყოვლისა, სისხლის მწყურვალება, ახალი ხორცის ჭამის მოთხოვნილება, ზიზღი ყოველგვარი სხვა საჭმლისადმი: მერე კიდევ ის ძალა და ნერვული გატაცება, რომლითაც უშველებელ ძალ-ღონეს იკრებს თავდასხმისა და თავდაცვის წუთებში; და ყოველივე ამასთან ერთად, ჩვეულებრივი მძინარობა, დაღვრემილი უძრაობა, როდესაც მოცლილი არის, და გაუთავებელი მთქნარება ნადირობის შემდეგ. ყველა ეს თვისება გამომდინარეობს მტაცებელი ცხოველის ხასიათიდან, და სწორედ ამიტომ ამ ხასიათს ვუწოდებთ ძირითადს.
ახლა სხვა მაგალითი განვიხილოთ, უფრო ძნელი: ქვეყანა მისი აუარებელი თავისებურებებით – ნიადაგის განსაზღვრული აგებულებით, გარეგნული შეხედულებით, კულტურით, მცენარეებით, ცხოველებით. ძირითადი დამახასიათებელი თვისება ამ ქვეყნისა ის არის, რომ მდინარეების ნალექებისაგან შედგება მისი ნიადაგი, ესე იგი, იმ მიწისაგან, რომელიც მოაქვთ მდინარეებს და ნალექად ტოვებენ თავიანთ შესართავებში... ამ ერთი თვისებიდან გამომდინარეობს რიცხვმრავალი თავისებურება, რომელიც განსაზღვრავს ნიდერლანდების არსებობის ფორმებს, არა მარტო მის ფიზიკურ ბუნებას, არამედ აგრეთვე გონების, მცხოვრებთა ზნეობრივ და ფიზიკურ თვისებებს და მათ ნამუშევარს; პირველად აღვნიშნოთ უსულო ბუნებაში ტენიანი და ნოყიერი მინდვრები, მრავალი განიერი მდინარეებისა და შლამიანი ნიადაგის დიდძალი ნალექის შედეგი. ყოველთვის ამწვანებულია ეს მინდვრები, რადგან დიდი, მშვიდი და ზარმაცი მდინარეები და ტენიან, ბრტყელ ნიადაგში გაუჭირვებლივ გაყვანილი ურიცხვი არხები ქმნიან მუდმივ სიგრილეს. თქვენ თვითონ წარმოიდგენთ ახლა, მარტოოდენ განსჯის ძალით, ამ ქვეყნის სურათს: ტყვიისფერი წვიმიანი ცა, რომელიც ყოველთვის კოკისპირული წვიმების ბადით არის დასერილი და კარგ დარშიაც კი არ იშორებს ორთქლის მსუბუქ ნისლს, ნესტიანი მიწიდან რომ იწევს ცისკენ და ქმნის გამჭვირვალე გუმბათს; თოვლის წვრილი ფანტელების ჰაეროვან ქსოვილს, ზემოდან რომ ეფინება დიდ, მრგვალ, ამწვანებულ კალთას, რომელსაც ბოლო არ უჩანს. სულიერ ბუნებაში – მდიდარი საძოვრების სიმრავლე ასაზრდოებს მშვიდ, მსხვილფეხა საქონელს, ხარბად მძოვარს ან დაყრილს ბალახში, რითაც თვალუწვდენელი მწვანე მინდვრების ზედაპირს აჭრელებენ მოყვითალო, თეთრი და შავი ლაქებით. აქედან – ქვეყნის სიმდიდრე რძითა და ხორცით, რომელიც მარცვლეულთან და ბოსტნეულთან ერთად აძლევს ხალხს უხვ და იაფ საჭმელს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში წყალი ქმნის ბალახს, ბალახი – საქონელს, საქონელი – ყველს, ერბოს და ხორცს. ყველა ეს კი ლუდთან ერთად ქმნის ადგილობრივ მცხოვრებს. მართლაც, ეს მსუქანი ცხოვრება და ნესტიანი ჰაერით გაჟღენთილი ფიზიკური ორგანიზაცია ქმნიან ფლამანდულ, ფლეგმატურ ტემპერამენტს, რეგულარულ ჩვეულებებს, გონების და ნერვების სიმშვიდეს, ცხოვრების გონივრული სარგებლობის უნარს, მუდმივ კმაყოფილებას, კეთილად მოწყობილობის გემოვნებას, და მაშასადამე, სისუფთავის გაბატონებას და კომფორტულ მოწყობას. იმდენად შორს მიდის ამის გავლენა, რომ ქალაქის გარეგნულ შეხედულებასაც კი ეტყობა. ნალექის ქვეყანაში ძნელი საშოვარია საშენებელი ქვა; ქვის მაგივრად დამწვარი თიხა – აგური და კრამიტი; რადგან ხშირი წვიმები იცის, მეტად დაქანებულად აკეთებენ სახურავს. მუდმივად ნესტიანობის გამო კი ფასადებს მოჭიქავენ. ამიტომ ფლამანდური ქალაქი გვეჩვენება მოწითალო ან ყავისფერი, ყოველთვის სუფთა, ხშირად პრიალა, წაწვეტებულ სახურავებიანი სახლების ბადედ; აქა-იქ მოჩანს ამაღლებული ძველი ეკლესია, რიყის ქვით ან ცემენტის დაკირული კენჭებით აშენებული; დიდი მზრუნველობით მოვლილი ქუჩები სწორხაზებად გაჭიმულან შეუდარებელი სისუფთავის ორ ტროტუარს შუა. ტროტუარებს ჰოლანდიაში აგურისგან აგებენ და ხშირად ქაშანურითაც ამშვენებენ; დილით, ხუთ საათზე, ქუჩაში ნახავთ დაჩოქილ მოსამსახურე გოგოებს, რომლებიც ტილოებით წმენდენ ტროტუარებს. შეიხედეთ გამჭვირვალე მინების იქით, შედით მწვანე ხეებით მორთულ კლუბში, სადაც პარკეტს გამუდმებულად ახალ-ახალ ქვიშას აყრიან ძველის მაგივრად; შედით საამო, ნათელი ფერებით შეღებილ სამიკიტნოში, სადაც მოჩანან მწყობრად დალაგებული მომრგვალო, მუქი კასრები და მოყვითალო ქაფი გამოდის უცნაურად ჩამოსხმული მინის ჭიქებიდან. ჩვეულებრივი ცხოვრების ყველა ამ წვრილმანში დოვლათისა და მუდმივი კეთილდღეობის ყველა ამ გამოხატულებაში თქვენ დაინახავთ ძირითადი ხასიათის შედეგს, რომელიც გამოიხატება ადგილობრივ ჰავაში და მიწის ნიადაგში, მცენარეებსა და ცხოველებში, ადამიანსა და მის შემოქმედებაში, საზოგადოებასა და ცალკეულ პიროვნებაში.
ხელოვნებას მიზნად აქვს დასახული შუქი მოჰფინოს ამას და თუ ხელოვნება აყენებს ამ ამოცანას, მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებას არ ძალუძს მისი გადაწყვეტა, რადგან ბუნებაში ხასიათი არ არის მთავარი; ხელოვნება კი ხაზს უსვამს მის უპირატესობას. ხასიათი რეალური საგნების ფორმას განსაზღვრავს, მაგრამ ვერ წარმოაჩენს მას ამომწურავი სისრულით. იგი შეზღუდულია მოქდებისას, რადგან ხელს უშლის სხვა გარემოებათა ჩარევა. მან ვერ შეძლო საკმარისად ძლიერი და თვალსაჩინო ბეჭედი დაესვა საგნებზე, რომლებიც მის კვალს ატარებენ. ადამიანი გრძნობს ამ ხარვეზს და მის შესავსებად მიმართავს ხელოვნებას.
ამასვე ვხედავთ უმაღლესი ხელოვნების ყველა ნაწარმოებში. რაფაელი რომ „გალატეას“ ხატავდა, მაშინ დაწერა, – რადგან ლამაზი ქალი იშვიათობაა, ამიტომ მივსდევო „საკუთარ იდეალს“. ეს იმას ნიშნავს, რომ მხატვარი, გამოდის რა თავისი წარმოდგენიდან ადამიანის ბუნებაზე, მის აუღებელ სიმშვიდეზე, ბედნიერებაზე, მის ამაყ და თავაზიან სიტურფეზე, ვერსად ჰპოვებს ცოცხალს მოდელს, რომელსაც საკმარისად ჰქონდეს ეს თვისებები. გლეხი ქალი რომ უჯდა მოდელად, მას ხელები დამახინჯებული ჰქონდა შრომით, ხოლო ფეხები დაღრეცილი, თვალები შიშს, სირცხვილს ან ხელობით გამოწვეულ გატლანქებას გამოხატავდნენ. თვითონ მის „ფორნარინას“ მეტად ძირს დაშვებული მხრები, გამხდარი ხელები და მკაცრი პირისახე ჰქონდა: როდესაც „ფარნეზინაში“ ხატავდა მას, რაფაელმა მთლად გარდაქმნა თავისი მოდელი და ამ მიზნისათვის განავითარა ტილოზე ხასიათი, რომელიც ცოცხალ სახეს ოდნავი ნიშნებით და ნაწყვეტებით ემჩნეოდა.
ამგვარად, ხელოვნების ნაწარმოების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ პირველ პლანზე გამოიყვანოს, ან რამდენადაც კი შეიძლება თვალსაჩინო გახადოს საგნის ძირითადი ან მთავარი ხასიათი მაინც; ამის მისაღწევად მხატვარი აშორებს ისეთ ნიშნებს, რომლებიც უმთავრესად ჰფარავენ, ირჩევს იმისთანებს, რომლებშიაც იგი მჟღავნდება, ასწორებს, რომლებშიც შეცვლილად მოჩანს იგი და გადაამუშავებს იმისთანებს, რომლებშიც გაუქმებულად ეჩვენება იგი.
სხვადასხვა მხრივ რომ შევხედოთ ადამიანს, იგი წარმოადგენს ცხოველს, რომელიც ცდილობს თავი დაიცვას ბუნებისაგან და სხვა ადამიანთაგან, მან უნდა უზრუნველყოს თავისი სიცოცხლე საზრდოთი, ტანისამოსით, ბინით; თავი დაიცვას ავდრისაგან, ებრძოლოს შიმშილს და ავადმყოფობას. ყოველივე ამისათვის იგი ხნავს მიწას, ზღვებზე დაცურავს, მრეწველობისა და ვაჭრობის სხვადასხვა დარგში მუშაობს. გარდა ამისა, უნდა განაგრძოს თავისი გვარი და აიცილოს ძალმომრეობა სხვა ადამიანებისა. ამისათვის ქმნის ოჯახსა და სახელმწიფოს, ნიშნავს მოსამართლეებს, მოხელეებს, ადგენს კანონებს, კონსტიტუციებსა და არმიას. ამოდენა შრომის და გამოგონებათა შემდეგ ის მაინც არ გამოდის თავისი პირველყოფილი მდგომარეობიდან, იგი ისევ ცხოველად რჩება. ოღონდ უკეთ მომარაგებულია და უკეთ დაცული, ვიდრე სხვა ცხოველები; წინანდებურად მარტო თავისი თავისა და თავისი გვარისათვის ზრუნავს. ამ დროს ახალი უმაღლესი ცხოვრება იხსნება მის წინ – ცხოვრება ჭვრეტისა. მასში იღვიძებს ინტერესი – შეიგნოს ის მუდმივი და განმსაზღვრავი მიზეზები, რომელთაგან არის დამოკიდებული მისი და მის მსგავსთა არსება – შეიგნოს ძირითადი გაბატონებული საწყისები, რომლებიც განაგებენ ნივთების ყოველ ერთობლიობას და თავის ნიშანს ადებენ ყოველ წვრილმანს. ამის მისაღწევად ორი საშუალება მოეპოვება ადამიანს; პირველი არის მეცნიერება, რომლის საშუალებით იკვლევს არსებობის მიზეზებს და ძირითად კანონებს, ზუსტი ფორმულებითა და განყენებული ტერმინებით გამოხატულს. მეორე არის ხელოვნება, რომლითაც ადამიანი გამოხატავს ამ მიზეზებს და ძირითად კანონებს არა მშრალ, ხალხისთვის მიუწვდომელი და მხოლოდ რამდენიმე სპეციალისტისათვის გასაგები განსაზღვრებით, არამედ თვალსაჩინო ფორმებში; არა მარტო გონებისათვის, არამედ სულ უბრალო ადამიანის გრძნობის შესაგნებად. ხელოვნებას ის თავისებურება აქვს, რომ ერთსა და იმავე დროს დიადია და ხალხური. იგი გამოხატავს ყველაზე უმაღლესს ყველასათვის მისაწვდომად.
შევადაროთ ხელოვნების ნაწარმოები მცენარეს და ვნახოთ, რა პირობებში შეუძლია მცენარეს ან მცენარეთა რომელიმე გვარს, მაგალითად ფორთოხალს, განვითარდეს და გავრცელდეს მიწაზე. წარმოვიდგინოთ, რომ ქარმა მოიტანა და შემთხვევით დააბნია სხვადასხვაგვარი მარცვალი და თესლი. რა პირობებში შეუძლია ფორთოხლის თესლს აღმოცენდეს, გაიზარდოს, აყვავდეს, გამოიღოს ნაყოფი, ყლორტები, ხეები, მთელი გვარეულობით მოჰფინოს მიწა?
ამისათვის საჭიროა მრავალი ხელშემწყობი პირობა, უპირველეს ყოვლისა, ნიადაგი იყოს არც ძალიან ფხვიერი, არც ძალიან მწირი; თორემ ძირი ღრმად ვერ ჩავა და ვერ გამაგრდება, ხე წაიქცევა, როგორც კი დაბერავს ქარი. გარდა ამისა, საჭიროა, ძალიან მშრალიც არ იყოს ნიადაგი, თორემ, თუ მდინარის წყლით არ იქნება გაგრილებული, ხე ძირშივე გახმება. საჭიროა, აგრეთვე, თბილი იყოს ჰავა, თორემ ნაზი ხე გაიყინება, უკიდურეს შემთხვევაში, გახმება და ყლორტებს ვერ გამოიღებს. საჭიროა ხანგრძლივი ზაფხული, რომ ნაყოფს, რომელსაც იგი გვიან გამოიღებს, საკმარისი დრო ჰქონდეს დამწიფებისათვის. ზამთარიც რბილი უნდა იყოს, იანვრის ყინვამ რომ არ წაახდინოს ტოტებზედ შერჩენილი ფორთოხლის ნაყოფი. და ბოლოს, საჭიროა, ეს მიწა მაინცდამაინც ძალიან არ ახარებდეს მცენარეებს, თორემ თავის ბედზე მიტოვებულ ფორთოხალს ბოლოს მოუღებს უფრო ძლიერი მცენარეულობა. თუ მოიპოვება ყველა ეს პირობა, მაშინ ფორთოხლის პატარა ხე გაიზრდება, მომწიფდება, სხვებს გააჩენს, რომლებიც ასევე თავის მსგავსებს გააჩენენ. ეჭვი არ არის, შეიძლება ჭექა-ქუხილმა, კლდის ნგრევამ ან თხების შესევამ წაახდინოს იგი, მაგრამ მიუხედავად ამ შემთხვევებისა, რაც ცალკე მცენარეს ღუპავს, თვითონ გვარი გამრავლდება, მოჰფენს თავისით ნიადაგს და ამისათვის საკმარისი რამდენიმე წლის შემდეგ გაიშლება აყვავებული ფორთოხლების ჭალა. სწორედ ასეთი პირობებია სამხრეთ იტალიის კარგად შემოფარებულ ხეობებში, სორენტოს და ამალფის მიდამოებში, ყურეების ნაპირებზე, პატარ-პატარა თბილ ველებში, რომლებსაც აგრილებს მთებიდან მომდინარე ნაკადები და უალერსებს ზღვის მაცოცხლებელი ნიავი. საჭირო იყო ყველა ამ პირობათა შეერთება, რომ თავი მოეყარა ამ მრგვალ მწვერვალებს, ხშირ მბრწყინავ მწვანე გუმბათებს, ურიცხვ ოქროს ვაშლებს, სურნელოვან, ძვირფას მცენარეულობას, რომელიც შუა ზამთარში მდიდარ, აყვავებულ ბაღად აქცევს ამ ნაპირებს.
ახლა ვნახოთ, როგორ დაემთხვნენ ამ მაგალითში პირობები. თქვენ უკვე ნახეთ, რა გავლენა აქვს გარემოებას და ფიზიკურ ტემპერატურას. დანამდვილებით რომ ვთქვათ, ამათ კი არ გაუჩენიათ ფორთოხლის ხე: თესლი იყო მოცემული და მხოლოდ ამ თესლში მოიპოვება სასიცოცხლოს ძლიერება. მაგრამ აღნიშნული პირობები რომ არ ყოფილიყო, არც თვითონ მცენარე იქნებოდა.
აქედან ცხადია, ჰავა რომ შეიცვალოს, მცენარის გვარიც შეიცვლება. და მართლაც, წარმოიდგინეთ სულ სხვა პირობები, იმის წინააღმდეგნი, რაც აქ აღვწერეთ – დაუდგრომელი ქარებით ნაცემი ზაფხული; მთელი ზამთრის განმავლობაში თოვლი. ამისთანა მხარეში არა მარტო ფორთოხალი, არამედ სხვაგვარი ხეების უმრავლესობაც კი ვერ იხეირებს. შემთხვევით მოფენილი მრავალგვარი თესლიდან მხოლოდ ერთი ივარგებდა: ზრდას და გამრავლებას ამ მკაცრ გარემოებებთან შეგუებული მხოლოდ ერთი გვარი შესძლებდა – ფიჭვი ან ნაძვი, მთის ტიტველ მწვერვალებს რომ მოედებოდა; გრძელ კლდიან ქედებს და ციცაბო ფერდობებს თავისი სწორი სვეტებითა და მოღუშული, მწვანე მოსასხამებით დაფარავდა; თუ თქვენ იმოგზაურებთ, მაგალითად ვოგეზებში, შოტლანდიაში და ნორვეგიაში, – დიდ მანძილს გაივლით მიყრუებული მწვანე კამარის ქვეშ, გამხმარი წიწვით მოფენილ მიწაზე, პიტალო კლდეზე მიკრულ ფესვებს შუა ენერგიითა და მოთმინებით სავსე მცენარის სამფლობელოში, რომელიც უვნებლად გადარჩენილა, გრძელი ზამთრების მძვინვარე ქარებისა და მოყინვის მიუხედავად.
მაშასადამე, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჰავა და ფიზიკური გარემოებანი თითქოს არჩევანს აწარმოებენ სხვადასხვაგვარ ხეებში, განსაზღვრულ გვარს აძლევენ არსებობისა და გამრავლების საშუალებას; ყველა ან თითქმის ყველა დანარჩენებს კი ანადგურებენ. ფიზიკური ტემპერატურა მოქმედებს გამოკლების, განადგურების, ბუნებრივი შერჩევის გზით. ასეთია დიადი კანონი, რომელითაც განმარტავენ დღეს სხვადასხვაგვარ ცოცხალ არსებათა წარმოშობას და აგებულებას, და ეს კანონი ისევე კარგად შეეფარდება მორალურს, როგორადაც ფიზიკურს, ისტორიას, როგორადაც ბოტანიკას და ზოოლოგიას, ნიჭსა და ხასიათს, როგორადაც მცენარეებსა და ცხოველებს.
კომენტარები