თავისუფლება

თავისუფლება

ჯიდუ კრიშნამურტი – ინდოელი ფილოსოფოსი. იგი წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ჯიდუ კრიშნამურტის წიგნიდან „თავისუფლება ცნობილისგან“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება.

არც დათრგუნვის ტანჯვას, არც იდეალთან შეგუებისთვის მკაცრ დისციპლინას არასდროს არავინ მიუყვანია ჭეშმარიტებამდე. გონება სრულიად თავისუფალი, დაუმახინჯებელი უნდა იყოს.


თავიდან, მოდით საკუთარ თავს ვკითხოთ – მართლა გვინდა თუ არა, რომ ვიყოთ თავისუფლები? როცა თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, მართლა სრულ თავისუფლებას ვგულისხმობთ, თუ რაღაც უხერხულისგან, უსიამოვნოსა და არასასურველისგან გათავისუფლებას? ჩვენ ვისურვებდით გავთავისუფლებულიყავით მტკივნეული და მახინჯი მოგონებებისაგან, მტანჯველი განცდებისაგან, მაგრამ შეგვენარჩუნებინა მთელი ის იდეოლოგია, ფორმულირებები და დამოკიდებულებები, სიამოვნებასა და კმაყოფილებას რომ გვანიჭებს. მაგრამ ერთის შენარჩუნება მეორის გარეშე შეუძლებელია, რადგან, როგორც უკვე ვნახეთ, სიამოვნება ტანჯვისგან განუყოფელია, ამიტომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა გადაწყვიტოს გვინდა თუ არა ჩვენ სრულიად თავისუფლები ვიყოთ. თუ ვიტყვით, რომ ეს გვინდა, მაშინ თავისუფლების ბუნებასა და სტრუქტურას უნდა ჩავწვდეთ.


არის თუ არა თავისუფლება ის, რომ თქვენ თავისუფალი ხართ რაღაცისგან – თავისუფალი ხართ ტანჯვისაგან, რაღაც ტიპის შფოთვებისაგან? თუ თავისუფლება თავისი არსით სულ სხვა რამ არის? თქვენ შეიძლება თავისუფალი იყოთ, ვთქვათ, ეჭვიანობისგან, მაგრამ ეს თავისუფლება ხომ რეაქციაა და ამდენად, სულაც არ არის თავისუფლება. თქვენ შეიძლება თავისუფალი იყოთ დოგმისაგან და ამის გაკეთება საკმაოდ ადვილია, თუ მას გააანალიზებთ და შორს მოისვრით, მაგრამ დოგმისგან გათავისუფლების მოტივი სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს დასაბუთებული, რადგან ის შეიძლება ნაკარნახევი იყოს სურვილით გათავისუფლდე მხოლოდ იმ დოგმისგან, რომელიც მოდაში აღარ არის ან კომფორტული აღარაა. ან თქვენ შეიძლება გინდოდეთ გათავისუფლდეთ ნაციონალიზმისგან, იმიტომ, რომ გჯერათ ინტერნაციონალიზმის, ან უბრალოდ გრძნობთ, რომ აუცილებელი აღარ არის ჩაებღაუჭო ამ სულელურ ნაციონალისტურ დოგმას თავისი დროშითა და მთელი ხარახურით. ასეთი დოგმა ადვილად შეგიძლიათ მოიშოროთ, ან შეიძლება გამოხვიდეთ რომელიმე რელიგიური ან პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლებას გპირდებათ დისციპლინის ან აჯანყების შედეგად, მაგრამ აქვს კი ასეთ რაციონალიზმს, ასეთ ლოგიკურ დასკვნას რაიმე საერთო თავისუფლებასთან?


თუ თქვენ ამბობთ, რომ თავისუფალი ხართ რაღაცისგან, ეს უბრალოდ რეაქციაა, რომელიც მხოლოდ სხვა რეაქციას გამოიწვევს ახალი შეგუებითა და დომინანტობის ახალი ფორმით. ასეთი გზით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რეაქციების მთელი ჯაჭვი, რომლის თითოეულ რგოლს თავისუფლებად ჩათვლით, მაგრამ ეს თავისუფლება არ არის, ეს მხოლოდ სახეშეცვლილი წარსულის გაგრძელებაა, რომელსაც გონება ებღაუჭება.


თანამედროვე ახალგაზრდობა, ისევე, როგორც ყველა დროის ახალგაზრდობა, საზოგადოებას უმხედრდება და ეს თავისთავად კარგია. მაგრამ, რაღაცის წინააღმდეგ ამხედრება, თავისუფლება არ არის – ეს რეაქციაა და ეს რეაქცია ქმნის საკუთარ შაბლონს, რომლის ტყვეობაშიც აღმოჩნდებით. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რაღაც ახალია, მაგრამ ასე არ არის. ეს ძველია, მაგრამ ახლებური მანერით. ყველა სოციალური თუ პოლიტიკური ამბოხება, აუცილებლად ძველ, კეთილ, ბურჟუაზიულ განწყობილებებს უბრუნდება.


თავისუფლება მხოლოდ მაშინ მოდის, როცა თქვენ ხედავთ და მოქმედებთ. ის არასდროს არ არის ამბოხის შედეგი. ხედვა – არის მოქმედება და ასეთი მოქმედება მყისიერად ხდება. როცა თქვენ საფრთხეს ხედავთ, მაშინ გონების მუშაობა წყდება – არავითარი დისკუსია, არავითარი ყოყმანი. თვით საფრთხე გვაიძულებს ვიმოქმედოთ და ამდენად, დაინახო, ნიშნავს იმოქმედო და თავისუფალი იყო.

 

თავისუფლება – ეს გონების მდგომარეობაა. არა თავისუფლება რაღაცისგან, არამედ თავისუფლების შეგრძნება. თავისუფლება იმისა, რომ დაეჭვდე და შეკითხვები დასვა ყველაფრის შესახებ და ამიტომ, მასში იმდენი ძალა, მოქმედება და ენერგიაა, რომ ის თავიდან იცილებს დამოკიდებულების ყველა ფორმას – მონობას, შემგუებლობას, დამორჩილებას. ასეთი თავისუფლება სრულ მარტოობაში ყოფნას ნიშნავს, მაგრამ შეუძლია თუ არა გონებას აღზრდილს გარკვეულ კულტურაში, ძლიერ დამოკიდებულს თავის გარემოზე და მიდრეკილებებზე, ოდესმე მიაღწიოს თავისუფლებას, რომელიც სრული მარტოობაა და რომელშიც არ არიან ლიდერები, ტრადიციები და ავტორიტეტები?


ეს მარტოობა არის გონების შინაგანი მდგომარეობა, რომელიც დამოკიდებული არ არის რაიმე სტიმულზე ან ცოდნაზე და არ არის შედეგი გამოცდილებისა და დასკვნებისა. ადამიანების უმრავლესობა არასდროს არ არის მარტო საკუთარ თავთან. ჩვენ ყველამ ვიცით რას ნიშნავს იყო იზოლირებული – როცა საკუთარი თავის გარშემო კედელს აგებ რათა დარტყმებს გადაურჩე, არ იყო მოწყვლადი და განცალკევებულობის კულტივირებას ახდენ, რაც ტანჯვის სხვა ფორმაა ან, როცა იდეოლოგიის რაღაც საოცნებო სპილოს ძვლის კოშკში ცხოვრობ. მარტოობა სრულიად განსხვავებული რამ არის. თქვენ არასდროს ხართ მარტო იმიტომ, რომ სავსე ხართ მოგონებებით, განპირობებულობით, გუშინდელი დღის ლაყბობით. თქვენი გონება არასდროს არ არის ნათელი მთელი იმ ნაგავის გამო, რომელიც მასშია დალექილი. საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩეთ, თქვენ წარსულისათვის უნდა მოკვდეთ. როცა მარტო ხართ, სრულიად მარტო, როცა არ ეკუთვნით ოჯახს, ერს, კულტურას, რომელიმე კონტინენტს თქვენ გიჩნდებათ ყველაფრის მიღმა ყოფნის შეგრძნება. ადამიანი, რომელიც მთლიანად მარტოა საკუთარ თავთან, უმანკოა და ეს უმანკოება ათავისუფლებს მის გონებას წუხილისაგან.


ჩვენ საკუთარ თავში ვატარებთ ტვირთს იმისა, რაც ათასობით ადამიანს უთქვამს და ყველა ჩვენი უბედურების მოგონებებს. ამ ყველაფრის მოშორება მარტოობას ნიშნავს, ის გონება კი, რომელიც მარტოა, არა მხოლოდ სუფთაა, არამედ ახალგაზრდაც. არა დროისა და ასაკის თვალსაზრისით, არამედ ახალგაზრდაა, უმანკოა, ცოცხალია ნებისმიერ ასაკში და მხოლოდ ასეთ გონებას შეუძლია დაინახოს ის, თუ რა არის ჭეშმარიტება და რა არ შეიძლება გამოხატული იქნას სიტყვებით.


მარტოობაში თქვენ იწყებთ იმის გაგებას, რომ აუცილებელია მარტო იცხოვროთ საკუთარ თავთან, ისეთთან, როგორიც ხართ და არა ისეთთან, როგორიც თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა იყოთ ან ხართ. დაუკვირდით, თუ თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს უყუროთ თრთოლვის, ყალბი თავმდაბლობის, ყოველგვარი შიშის, თავის მართლების ან განსჯის გარეშე, სწორედ ეს ნიშნავს მარტო ცხოვრებას საკუთარ თავთან, ისეთთან, როგორიც ხართ სინამდვილეში. თქვენ იწყებთ რაღაცის ჩაწვდომას, როცა მასთან მჭიდრო კავშირში ცხოვრობთ. მაგრამ, იმ მომენტში, როცა ჩნდება ჩვევა მის მიმართ, ჩვევა თქვენი შფოთვისადმი, ეჭვიანობისადმი, შურიანობისადმი, მაშინ ამით უკვე აღარ ცხოვრობთ. თუ მდინარის პირას ცხოვრობთ, რამდენიმე დღის შემდეგ წყლის რაკრაკი უკვე აღარ გესმით. თუ თქვენს ოთახში სურათი ჰკიდია, რომელსაც ყოველდღე უყურებთ, რამდენიმე დღის შემდეგ მას უკვე ვეღარ არჩევთ. იგივე ეხება მთებს, ველებს, ხეებს – და თქვენს ოჯახს, თქვენს ცოლს, თქვენს ქმარს, მაგრამ თქვენ არასოდეს უნდა შეეჩვიოთ და შეეგუოთ ისეთ რამესთან ცხოვრებას, როგორიცაა ეჭვი, შური და შფოთვა. ყურადღება უნდა გამოიჩინოთ მათ მიმართ ისე, როგორც იზრუნებდით ახალდარგულ ხეზე, შეეცდებოდით დაგეცვათ ის მზისა და ქარიშხლისგან. თქვენ უნდა იზრუნოთ მასზე და არა განსაჯოთ ან გაამართლოთ ის – მხოლოდ ასე დაიწყებთ მათ შეყვარებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ შური და შფოთვა უნდა გიყვარდეთ მრავალი ადამიანის მსგავსად, არამედ იმას, რომ გიყვარდეთ მათზე დაკვირვება.


ამრიგად, შეგიძლიათ თქვენ – შეგვიძლია მე და თქვენ, ვიცხოვროთ იმასთან, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ სინამდვილეში, ვიცხოვროთ იმის ცოდნით, რომ ვართ ჩლუნგები, შურიანები, შიშით სავსენი. მიგვაჩნია, რომ შეგვიძლია უზარმაზარი სიყვარული – რაც სინამდვილეში ასე არ არის, ადვილად გვწყინს, ადვილად დავყვებით ხოლმე პირფერობასა და მოწყენილობას, – შეგვიძლია ვიცხოვროთ ამ ყველაფერთან ისე, რომ არ მივიღოთ ის და არც უარვყოთ – უბრალოდ დავაკვირდეთ ისე, რომ მელანქოლიაში, დეპრესიაში ან ეიფორიაში არ ჩავვარდეთ?


ახლა საკუთარ თავს ასეთი შეკითხვა დავუსვათ: შეიძლება თუ არა ეს თავისუფლება, ეს მარტოობა, ეს კონტაქტში შესვლა ჩვენი საზოგადოების მთლიან სტრუქტურასთან – შეიძლება ეს ყველაფერი დრომ მოიტანოს? ანუ, შეიძლება თუ არა ეს თავისუფლება მიღწეულ იქნას თანდათანობითი პროცესის შედეგად? სრულიად ნათელია, რომ არა, იმიტომ, რომ, როგორც კი დრო შემოგაქვთ, თავს სულ უფრო და უფრო მონად აქცევთ. თქვენ არ შეგიძლიათ თავისუფალი თანდათან გახდეთ. ეს დროის საკითხი არ არის.


მომდევნო შეკითხვა ასეთია: შეგიძლიათ თუ არა გააცნობიეროთ ეს თავისუფლება? თუ თქვენ ამბობთ: „მე თავისუფალი ვარ“, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი არ ხართ. ეს იმას ჰგავს ადამიანმა თქვას „მე ბედნიერი ვარ“. იმ მომენტში, როგორც კი იტყვის „მე ბედნიერი ვარ“, ის უკვე მოგონებებშია წარსულის. თავისუფლება შეიძლება მოვიდეს მხოლოდ ბუნებრივად და ადვილად და არა მგზნებარე სურვილის, ლტოლვის, ნდომის შედეგად. ასევე, ის არ მიიღწევა იმ იმიჯის შექმნით თუ როგორი უნდა იყოს ის თქვენი აზრით. მასთან რომ მივიდეს გონებამ უნდა ისწავლოს აღიქვას ცხოვრება, რომელიც უზარმაზარი მოძრაობაა, დროის საზღვრების გარეშე, იმიტომ, რომ თავისუფლება ცნობიერის ველის მიღმაა.


კომენტარები