ადამიანთა საწყისი რელიგია პოლითეიზმი იყო

ადამიანთა საწყისი რელიგია პოლითეიზმი იყო

დევიდ ჰიუმი შოტლანდიელი ფილოსოფოსი. ემპრიზმისა და აგნოსტიციზმის წარმომადგენელი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შოტლანდიელი განმანათლებელი.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი დევიდ ჰიუმის წიგნიდან – „რელიგიის ბუნებრივი ისტორია“.

 

წიგნის დათვალიერება.

ჩემი აზრით, თუ ადამიანთა საზოგადოების განვითარებას გავითვალისწინებთ უხეში საწყისიდან მეტი სრულყოფილების მდგომარეობამდე, პოლითეიზმი, ანუ კერპთაყვანისცმემლობა, იყო და აუცილებლობის ძალით უნდა ყოფილიყო კაცობრიობის პირველი და უძველესი რელიგია. შევეცდები, რომ ეს შეხედულება შემდეგი არგუმენტებით დავასაბუთო.


უდავო ფაქტია, რომ დაახლოებით 1700 წლის წინ კაცობრიობა პოლითეიზმის აღმსარებელი იყო. ზოგი ფილოსოფოსის საეჭვო და სკეპტიკური პრინციპი, ან თითო-ოროლა ერის თეიზმი, ისიც არცთუ მთლად წმინდა სახით, განხილვის ღირს საპირისპირო არგუმენტს არ წარმოადგენს. ამისათვის ისტორიის ცხად მოწმობას მივმართოთ. რაც უფრო ღრმად ჩავეშვებით ანტიკურობაში, მით უფრო მეტად ვხედავთ კაცობრიობას ჩაძირულს პოლითეიზმში. არანაირი კვალი და ნიშანი მეტად სრულყოფილი რელიგიისა. კაცობრიობის უძველესი ჩანაწერები დღემდე მოწმობენ ამ სისტემას, როგორც საყოველთაოდ ჩამოყალიბებულ აღმსარებლობას. ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთხმად ადასტურებენ ამ ფაქტს. რა შეიძლება დავუპირისპიროთ ასეთ სრულ სიცხადეს?


წერილობითი და ისტორიული წყაროების შესაბამისად, კაცობრიობა ანტიკურობაში პოლითეიზმის მიმდევარი იყო. უნდა ვამტკიცოთ თუ არა, რომ მეტად ადრეულ ეპოქაში, როდესაც ადამიანისათვის უცნობი იყო დამწერლობა, ან ხელოვნებისა თუ მეცნიერების აღმოჩენამდე, ადამიანები წმინდა თეიზმის პრინციპებს აღიარებდნენ? სხვა სიტყვებით, სანამ ისინი უმეცრები და ბარბაროსები იყვნენ, ჭეშმარიტება აღმოაჩინეს, მაგრამ შემდეგ, როგორც კი ცოდნა და მანერები შეიძინეს, შეცდომაში შთავარდნენ?


მაგრამ, ასეთი მტკიცებით თქვენ არა მხოლოდ ალბათობას ეწინააღმდეგებით, არამედ ჩვენს აწინდელ გამოცდილებასაც, რაც ბარბაროსი ხალხის პრინციპებსა და შეხედულებებს ეხება. ამერიკის, აფრიკისა და აზიის ველური ტომები კერპთაყვანისმცემლები არიან. ამ წესიდან გამონაკლისი არ არსებობს, იმდენად, რომ თუ მოგზაური უცნობ მხარეში გაემგზავრებოდა და იქ იხილავდა ბინადრებს, რომლებისთვისაც ნაცნობია ხელოვნება და მეცნიერება, თუნდაც ასეთი ვარაუდის გამოთქმისას არის შანსი იმისა, რომ ისინი თეისტები არ არიან, შემდგომ კვლევამდე ამ საკითხთან დაკავშირებით ის კონკრეტულს ვერაფერს იტყოდა. მაგრამ, თუ ის აღმოაჩენდა, რომ ეს ადამიანები უმეცრები და ბარბაროსები არიან, შესაძლოა წინდაწინ მიეჩნია ისინი კერპთაყვანისმცემლებად. რთულად, რომ მას შეცდომა მოსვლოდა.


როგორც ჩანს, უდავოა, რომ ადამიანის აზრის ბუნებრივ პროგრესთან ერთად უმეცარმა ბრბომ პირველ რიგში უზენაეს ძალთა შესახებ რაიმე პრიმიტიული და ჩვეული შეხედულება უნდა მიიღოს, სანამ თავის წარმოდგენას იმ სრულყოფილი არსებისკენ მიმართავდეს, რომელმაც ბუნების მთელ სტრუქტურაში წესრიგი დაამკვიდრა. ჩვენ ისეთივე საფუძველი გვაქვს წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანები ქოხებამდე სასახლეებში ბინადრობდნენ, ან რომ გეომეტრიას სწავლობდნენ სოფლის მეურნეობამდე, როგორც იმისა, რომ ღვთაება მათ წინაშე წარმოდგა წმინდად სულის სახით, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყველგან მსუფევი, სანამ მას ძლიერ, თუმცა შეზღუდულ არსებად ჩათვლიდნენ ადამიანური ვნებებითა და გემოვნებით, და მისივე კიდურებითა და ორგანოებით. გონება თანდათანობით ვითარდება, უმდაბლესიდან უმაღლესისკენ. არასრულყოფილიდან აბსტრაჰირების გზით ის სრულყოფილების შესახებ შეხედულებას აყალიბებს; თანდათანობით მიჯნავს რა თავის კეთილშობილ მხარეებს მეტად უხეშებისგან, ის სწავლობს მხოლოდ პირველების, მეტად დახვეწილისა და ამაღლებულის, გადატანას ღვთაებაზე. ვერაფერი დააბრკოლებს აზრის ასეთ ბუნებრივ განვითარებას, გარდა ცხადი და გადაულახავი საბუთისა, რომელმაც შესაძლოა გონება მყისვე თეიზმის წმინდა პრინციპებთან მიიყვანოს და აიძულოს იგი გადალახოს ის უზარმაზარი მანძილი, რომელიც ადამიანურ და ღვთიურ ბუნებას შორის არსებობს. თუმცა კი მე ვუშვებ, რომ სამყაროს წესი და აგებულება გულდასმითი შესწავლის შემდეგ გვთავაზობს ასეთ არგუმენტს, მე მაინც ვერასოდეს ვიფიქრებ, რომ ამ შეხედულებას შესაძლოა გავლენა ჰქონოდა კაცობრიობაზე, როდესაც მან რელიგიის შესახებ პირველი უხეში წარმოდგენა შექმნა.


ისეთ ობიექტთა მიზეზები, რომლებიც ერთობ ჩვეულია ჩვენთვის, ჩვენს ყურადღებას ან ცნობისმოყვარეობას არასოდეს აღვიძებს, და რაოდენ უჩვეულო და გასაოცარიც არ უნდა იყოს ასეთი ობიექტები თავისთავად, ისინი განსაკუთრებული შესწავლისა თუ კვლევის გარეშეა უგულვებელყოფილი უხეში და უმეცარი ბრბოს მიერ. ადამი, რომელიც მყისიერად აღზევდა სამოთხეში და რომელსაც სრუყოფილებამდე ჰქონდა განვითარებული თავისი უნარები, ბუნებრივია, გაოცდებოდა, როგორც ამას მილტონი გვიჩვენებს, ბუნების, ზეცის, ჰაერის, მიწის, თავისი ორგანოებისა და კიდურების საუცხოო გამოვლინებათა გამო და დასვამდა კითხვას იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა ეს არაჩვეულებრივი სცენა. მაგრამ ბარბაროს, საჭიროების განმცდელ ცხოველს (როგორიც ადამიანი იყო საზოგადოების ჩასახვისას), მრავალრიცხოვანი სურვილისა და ვნების წნეხის ქვეშ, არ აქვს მოცალეობა ბუნების წესიერი ფორმების მზერით ტკბობისა, ან კითხვის დასმისა იმ საგანთა მიზეზების შესახებ, რომლებსაც ის ჩვილი ასაკიდან თანდათანობით ეცნობოდა. ამის საპირისპიროდ, რაც უფრო წესიერი და ერთგვაროვანი, ანუ, რაც უფრო სრულყოფილი სახით არის წარმოდგენილი ბუნება, მით მეტად იცნობს ადამიანი მას და ნაკლებად აქვს მისი საგულდაგულო შესწავლისა და კვლევის მიდრეკილება. რომელიმე გონჯი არსების დაბადება მის ცნობისმოყვარეობას იპყრობს და ის მას საოცრებად რაცხავს. ის მას თავისი სიახლით აშფოთებს და მყისვე მის ძრწოლას იწვევს, აიძულებს მას ილოცოს და მსხვერპლი შესწიროს. მაგრამ, ცხოველი, რომლის ყველა კიდური და ორგანო სრულყოფილია, მისთვის ორდინარული სანახაობაა და არანაირ რელიგიურ აზრს ან გრძნობას არ იწვევს. ჰკითხეთ მას, საიდან წარმოიშვა ეს ცხოველი. ის გიპასუხებთ, რომ მისი მშობლების შეჯვარებით. ისინი საიდან? მათი მშობლების შეჯვარებით. რამდენიმე ასეთი პასუხი აკმაყოფილებს მის ცნობისმოყვარეობას და საგნებს ისეთ მანძილზე ათავსებს, რომ ისინი სრულებით ჰქრებიან მისი თვალსაწიერიდან. არც იფიქროთ, რომ ის დასვამს კითხვას პირველი ცხოველის წარმოშობის შესახებ, მით უმეტეს კი იმისა, თუ საიდან წარმოიშვა სამყაროს მთელი სისტემა ან წყობა. ხოლო, თუ თქვენ დაუსვამთ მას ამ კითხვას, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ის საკუთარ გონებას შეაწუხებს ესოდენ დაშორებული და უინტერესო საგნით, და რომელიც, გარდა ამისა, ესოდენ აღემატება მის უნარს.


მაგრამ, თუკი ადამიანები თავდაპირველად, ბუნების აგებულებიდან გამომდინარე, ერთი უზენაესი არსების აღიარებამდე მივიდნენ, სავარაუდოდ ისინი არასოდეს იტყოდნენ უარს ამ რწმენაზე, რათა პოლითეიზმი მიეღოთ, რადგან გონების იგივე პრინციპებს, რომლებმაც თავდაპირველად წარმოშვეს და გაავრცელეს ადამიანთა შორის ესოდენ დიდებული შეხედულება, მეტი სიმსუბუქით შეეძლოთ მისი შენარჩუნება. ნებისმიერი დოქტრინის აღმოჩენა და დასაბუთება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მისი მხარდაჭერა და დაცვა.


ისტორიულ ფაქტებსა და გონებაჭვრეტით შეხედულებებს შორის უზარმაზარი სხვაობაა, ხოლო ერთის ცოდნა ისევე არ ვრცელდება, როგორც მეორისა. ისტორიული ფაქტი, რომელიც თვითმხილველებისა და თანამედროვეების მიერ ზეპირსიტყვიერად გადაეცემა, ყოველი შემდგომი გადაცემისას მახინჯდება და საბოლოოდ შესაძლოა ოდენ მცირე ნაწილს შეიცავდეს საწყისი ჭეშმარიტებისა (ან საერთოდ არ შეიცავდეს), რომელზეც იყო ის დაფუძნებული. ადამიანთა არასანდო მეხსიერება, გადაჭარბებისკენ მიდრეკილება, მათი უმოქმედო უზრუნველობა, – ეს ფაქტორები – თუკი ისინი წიგნებითა და დოკუმენტებით არ არის შესწორებული, ისტორიულ მოვლენათა შესახებ ცნობებს მალე ამახინჯებენ. იქ, სადაც არგუმენტებისა და მსჯელობისთვის ადგილი არ მოიძებნება, არც ჭეშმარიტება ბინადრობს, რომელიც ერთხელ გაუჩინარდა მონათხრობიდან. ამგვარად, მიაჩნიათ, რომ ჰერაკლეს, თეზევსისა და ბაკქუსის მითები თავდაპირველად ჭეშმარიტ ამბებს ეფუძნებოდა, რომლებიც შემდეგ იქნა შერყვნილი თაობიდან თაობისთვის გადაცემისას. მაგრამ, რაც გონებაჭვრეტით შეხედულებებს შეეხება, აქ საქმის ვითარება სრულიად განსხვავებულია. ეს შეხედულებები რომ ისეთ არგუმენტებს ეფუძნებოდეს, ცხადსა და თვალსაჩინოს, რომლებსაც ადამიანთა უმრავლესობის დარწმუნება შეეძლება, იგივე არგუმენტები, რომლებიც თავდაპირველად ავრცელებდნენ შეხედულებებს, პირვანდელი სიწმინდით მათ შენარჩუნებასაც შეძლებდნენ. ხოლო, თუ ეს არგუმენტები რთული და მიუწვდომელია საყოველთაო გაგებისთვის, შეხედულებები ყოველთვის რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლება, და როგორც კი ადამიანები მიატოვებენ არგუმენტების განსჯას, შეხედულებები მყისვე დაიკარგება და დავიწყებას მიეცემა. ამ დილემის რომელი მხარეც არ უნდა განვიხილოთ, შეუძლებელია, რომ მსჯელობის გზით დავასკვნათ, რომ კაცობრიობის საწყისი რელიგია თეიზმი იყო, და მხოლოდ შემდეგ, მისი შერყვნის გზით მიეცა დასაბამი პოლითეიზმსა და წარმართული სამყაროს ყველა სხვა ცრურწმენას. როდესაც განსჯა თვალსაჩინოა, ის გვიცავს ასეთი შერყვნისგან, ხოლო როდესაც გაუგებარია, ის სრულად ფარავს პრინციპებს ბრბოს გაგებისგან, როდესაც სწორედ ეს უკანასკნელია პასუხისმგებელი ნებისმიერი პრინციპის ან შეხედულების შერყვნისთვის.


კომენტარები