სივრცე, დრო, მოძრაობა

სივრცე, დრო, მოძრაობა

ავთანდილ ძამაშვილი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, (ტექნიკური უნივერსიტეტი).

 

ამონარიდი აღებულია ავთანდილ ძამაშვილის წიგნიდან – „ფილოსოფია“.

ყოველდღიური ცხოვრების გადასახედიდან გვეჩვენება, რომ სივრცის, დროის და მოძრაობის ცნების რაობა თითქმის ცხადი და გასაგებია. მაგრამ აღმოვჩნდებით თუ არა კონკრეტული კითხვის წინაშე, რანი არიან ისინი, რა არის თითოეული მათგანის არსება, მაშინვე ვგრძნობთ დიდ სიძნელეებს. ამის თაობაზე ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს – მე კარგად ვიცი, თუ რა არის დრო, მაგრამ როცა მეკითხებიან რა არის იგი, ვერაფერს ვპასუხობო. სივრცის, მოძრაობისა დადროის შესახებ გამოკვეთილად ვიცით ის, რომ სინამდვილის ყოველი მოვლენა და საგანი მათშია „შეფუთული“. ისინი მატერიის არსებობის ფორმებია. ეს ფენომენები აძლევენ ყველა საგანს ცალკეულად არსებობის სახეს და ამით მთელი სინამდვილის სტრუქტურულობის სურათის შექმნას იწვევენ. ასეთ „შეფუთვაში“ ადამიანი აღიქვამს შეფუთულ საგანს, მაგრამ თვით შეფუთვაში საშუალებების აღქმაში მიღების უნარი არა აქვს. აქედან გამომდინარე, იმის გამო რომ სივრცე, დრო და მოძრაობა მატერიის არსებობის ფორმებია, რეალურად მატერიალურ სინამდვილეში ადამიანი აღიქვამს მატერიალურ საგნებს, მაგრამ უშუალოდ თვით მატერიის აღქმა მის მგრძნობელობას არ შეუძლია მისი აბსტრაქტულობის გამო. ამან განაპირობა აღნიშნული ფენომენების შესახებ ძირითადად ორგვარი შეხედულების ჩამოყალიბება. პირველი ყოველდღიურ-გულუბრყვილო, ხოლო მეორე – მეცნიერულ-კრიტიკული. თვითონ მეცნიერების ენაზე, პირველს უწოდებენ სუბსტანციურ წარმოდგენას, მეორეს – რელატივისტურ თვალსაზრისს. ორივე შეიძლება იყოს როგორც მატერიალისტური, ისე იდეალისტური ხასიათის შეხედულება. ორივეს აქვს ხანგრძლივი ისტორია, თუმცა რელატივისტურმა კონცეფციამ, თავისი მეცნიერულად დასაბუთებული სახე მიიღო მეოცე საუკუნის დასაწყისში ა. აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში.

 

სივრცის, დროისა და მოძრაობის სუბსტანციური წარმოდგენა მათ მიიჩნევს ყველაფრისაგან დამოუკიდებლად და თავისთავად არსებულ ფენომენებად. ყველაფერი მათშია, ყველაფერი მათში ხდება, მაგრამ თვითონ ისინი ყველაფრის მიმართ ინდიფერენტულნი არიან. მათში ყველაფერს ბევრი „უფლებები“ აქვს, მაგრამ მათ მიმართ თვითონ ამ ფენომენებს არაფრის „უფლება“ არა აქვთ.

 

უფრო სწორად, მათ საგნების მიმართ არავითარი „ინტერესები“ არ გააჩნიათ. უკვე ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიაში ჩნდება სივრცის, დროის და მოძრაობის შესახებ რელატიური შეხედულების წარმოშობა. ძენონის აპორიებში ამ ფენომენების მოჩვენებითობის დასაბუთება, ამის მანიშნებელი იყო. ახალ დროში, ი. ნიუტონის მოძღვრებაში სივრცის, დროისა და მოძრაობის სუბსტანციურმა შეხედულებამ მეცნიერული სამოსი შეიძინა, მაგრამ შინაარსობრივად არსებითად იგივე დარჩა. ნიუტონის ფიზიკა ასაბუთებს სივრცის, დროისა და მოძრაობის ადამიანის ცნობიერების გარეთ და მისგან დამოუკიდებლად არსებობას. იგი ასაბუთებს მათ დამოუკიდებლობას ყველაფრისაგან, მათ შორის ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებული საგნებისგანაც. ანუ, ისინი ყველაფრისაგან დამოუკიდებელი ფენომენები არიან. ამას დაერთვის ისიც, რომ სივრცე, დრო და მოძრაობა ითვლება აბსოლუტურ და უცვლელ სიდიდეებად. აბსოლუტურნი იმ აზრით, რომ ისინი მთლიან სამყაროს მოიცავენ და უცვლელნი იმ გაგებით, რომ მისი ყველაფრისადმი ინდიფერენტულობის გამო, ყველგან და ყოველთვის უცვლელნი არიან. მაგალითად, სივრცესთან მიმართებაში არსებითია ევკლიდური გეომეტრიის პრინციპები, სადაც (ევკლიდურ სიბრტყეზე) სამკუთხედის კუთხეების ჯამი ყოველთვის 180 გრადუსია. სხვანაირი სივრცის არსებობა ჯერ უცნობია. იმავე ახალ დროში, ამ თვალსაზრისის გარკვეული კორექტირება მოხდა ი. კანტის ფილოსოფიაში. ნიუტონისაგან განსხვავებით, კანტი თვლის, რომ სივრცე, დრო და მოძრაობა ცნობიერების გარეთ და მისგან დამოუკიდებლად არსებული ფენომენები კი არაა, არამედ ესაა ადამიანის ცნობიერების აპრიორული მოცემულობანი. თუმცა, ასეთ პირობებში, ნიუტონის მიხედვით, ისინი მაინც რჩებიან საგნებისაგან დამოუკიდებელ უცვლელ სიდიდეებად. მათი უცვლელობაც კანტის პრინციპული მოთხოვნაა. ამით კანტი გვეუბნება – სივრცით და დროით საგნების „შემფუთავი“ თვითონ ჩვენი ცნობიერებაა. ჩვენი ცნობიერების უნარია სამყარო სივრცეში და დროში მოაწესრიგოს და ასე წარმოადგინოს იგი. ცნობიერების გარეთ არავითარი სივრცე, დრო და მოძრაობა არ არსებობს, ამიტომ ცოდნის ნიადაგზე იქ არც მსგავსი მოწესრიგების დაშვება შეიძლება. ახალ დროში ლაიბნიცის ფილოსოფიაში გაჩნდა რელატიური თვალსაზრისი, რომელიც უპირისპირდება ნიუტონის პოზიციას და ასაბუთებს სივრცის, დროისა და მოძრაობის დამოკიდებულებას რეალურ საგნებზე.

 

დღევანდელი მეცნიერული ხედვა საკითხისადმი რელატივისტურ მიდგომას ანიჭებს გადამწყვეტ მნიშვნელობას. ფარდობითობის თეორიის მიერ დადგენილ იქნა, რომ რეალურ სამყაროში ათვლის ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლის, ანუ მოძრაობის ერთი სიჩქარიდან მეორეზე გადასვლის დროს იცვლებიან სივრცითი და დროის ინტერვალები. ძველი ფიზიკა თვლიდა, რომ თუ მოძრაობის ათვლის სისტემები ერთიმეორის მიმართ თანაბრად და სწორხაზოვნად მოძრაობენ, მაშინ სივრცითი და დროის ინტერვალები არ იცვლებიან. ფარდობითობის თეორიამ ამ წარმოდგენის კორექტირება მოახდინა. მან აჩვენა მისი გამოყენების შეზღუდულობა. აღმოჩნდა, რომ ამას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მოძრაობის სიჩქარე მცირეა სინათლის სიჩქარესთან შედარებით. ამ პირობებში, სხეულის სივრცობრივი ზომები და დროის მსვლელობა არსებითად ერთი და იგივე რჩება. მაგრამ როცა მსჯელობა ეხება მოძრაობის ისეთ სიჩქარეს, რომელიც ახლოა სინათლის სიჩქარესთან, მაშინ სივრცითი და დროითი ინტერვალები შესამჩნევად იცვლება. აღმოჩნდა, რომ მოძრაობის ათვლის სისტემის სიჩქარის ასეთი გაზრდის შემთხვევაში, სივრცობრივი ინტერვალები მცირდება, ხოლო დრო „იწელება“ ანუ ნელდება, რაც მის გაზრდას ნიშნავს. კოსმოსური რაკეტა, რომელსაც მინიჭებული აქვს სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული მოძრაობა, ასეთი სიჩქარის დროს რაკეტა მოკლდება, ხოლო რაკეტაში მყოფი კოსმონავტისათვის, დედამიწაზე დარჩენილ ადამიანთან შედარებით, იზრდება. თანაც, სივრცისა და დროის ასეთი ცვალებადობა პროპორციულია – რამდენადაც მცირდება სივრცე, იმდენადვე იზრდება დრო. კოსმონავტისათვის დროის გაზრდა გამოიხატება ყველაფრით. გაზრდილ დროს აჩვენებს მისი საათი, მისი ბიოლოგიური ორგანოების მუშაობის რიტმი. აჩვენებს მათი შენელებით, რაც დროის გაზრდას ნიშნავს. ყოველდღიური ცხოვრების გადასახედიდან ეს დაუჯერებლად გამოიყურება, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ჩვენ ადამიანები დავიბადეთ, აღვიზარდეთ და მთელ ცხოვრებას ვატარებთ იმ სიჩქარეებში, რასაც ადგილი აქვს ჩვენს გარშემო. აქ კი ყოველთვის სინათლის სიჩქარეებზე გაცილებით დაბალი სიჩქარეებია. ამიტომ ჩვენთვის იოლი წარმოსადგენია მხოლოდ ის, რაც „ჩვენებურ“ სიჩქარეებში ხდება. ფარდობითობის თეორიამ დაადგინა აგრეთვე ის, რომ დრო და სივრცე ერთიმეორისაგან დამოუკიდებელი სიდიდეები კი არ არიან, როგორც ეს სუბსტანციურ წარმოდგენაში მოიაზრებოდა, არამედ ერთ მთლიანობაში იმყოფებიან ისე, რომ ერთიმეორის გარეშე არ არსებობენ. ამის გამო, მეცნიერებაში დროსა და სივრცეს ცალ-ცალკე კი აღარ მოიხსენებენ, არამედ ერთად – დრო-სივრცის სახით. მათი გაყოფა მხოლოდ ჩვენი აზროვნებითი აბსტრაქციის შედეგია. მოგვიანებით, ფარდობითობის ზოგად თეორიაში მთელ ამ მოსაზრებას დაემატაახალი ელემენტი, რომლის მიხედვითაც სივრცისა და დროის გეომეტრია განისაზღვრება მიზიდულობის ძალის ველით. დიდი მასების მქონე სხეულების სიახლოვეს, რომელთაც აქვთ შესატყვისი დიდი მიზიდულობის მქონე ველები, ზეგავლენას ახდენენ სივრცეზე და დროზე და ამით ჩნდება ის მოვლენა, რასაც ფიზიკაში სივრცის გაღუნვას უწოდებენ. ე. ი. დრო და სივრცე დამოკიდებული ყოფილა მასების სიდიდეზე. ოღონდ აქაც მხედველობაშია უდიდესი კოსმოსური მასები. სივრცის, დროისა და მოძრაობის რელატიური გააზრება საშუალებას იძლევა განსაზღვროს, – თუ რა არის მათი არსება.

 

სივრცის არსებობას საგნების ურთიერთგანლაგებით, ანუ მათი თანაარსებობით აღვიქვამთ. ვამბობთ – საგნები იმყოფებიან სივრცეში. ეს სწორი გამოთქმაა. მაგრამ ამას ისიც უნდა დაერთოს, რომ ამ სივრცეს დამოუკიდებელი არსებობა კი არა აქვს, არამედ მას ქმნიან თვითონ საგნები. საგნების მიერ სივრცის შექმნა მათი მხრიდან თავიანთი თავის შექმნის, ანუ გაფორმების აქტია. ეს იმიტომ, რომ საგნები არ არსებობენ გარკვეული ფორმის გარეშე. სივრცეში არსებობა მათი არსებობის ფორმაა, მათი სტრუქტურული გარკვეულობაა. ეს ფორმა სწორედ მათი ვერ იქნება, თუ მას თვითონვე არ ქმნიან. ამას მარტივი დაკვირვებაც ცხადყოფს. თქვენს ოთახში გარკვეული ადგილი უკავია ავეჯს, ნივთებს. ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად მიჩვეული ხართ მათ განლაგებას, მაგრამ გარკვეულ მომენტში ხდება მათი გადაადგილებები, რომელი ნივთის ოთახიდან სრულიად გატანა, ან მასში სრულიად ახალი ნივთის შემოტანა და თქვენ გრძნობთ რომ თქვენს ოთახში სივრცე საგრძნობლად შეიცვალა. ადგილის ცნება, სივრცის კონკრეტული ნაწილის გამომხატველია. ხელოვნების ისეთი სახე, როგორიც არქიტექტურაა, შეუძლებელი იქნებოდა – სივრცე რომ საგანთა ურთიერთგანლაგებით არ იგებოდეს. არქიტექტურა ხელოვნების სახეა. იგი თავისებური მხატვრობაა. ეს არის სივრცის მხატვრობა. არქიტექტორის ძირითადი მიზანია შენობებისა და სხვა მონუმენტური ქმნილებების ურთიერთგანლაგებით შექმნას ისეთი სივრცე, რომელიც ადამიანის თვალისათვის მისაღები იქნება. საგნების ურთიერთგანლაგება სამ მიმართულებას გულისხმობს: გვერდით, მაღლა და დაბლა. ამიტომ ამ მიმართულებებით სივრცეს აქვს სამი განზომილება. ფარდობითობის თეორიაში სივრცის და დროის მჭიდროდ გაერთიანებამ მოითხოვა სივრცისათვის მეოთხე განზომილებად დროის დამატება.

 

სივრცეში უკან დაბრუნება შესაძლებელია საგანთა ყოფილი ურთიერთგანლაგების აღდგენით. მაგრამ თუ საგნები, რომელთა ურთიერთგანლაგება ადრე ქმნიდა გარკვეულ სივრცეს, მაგრამ ეს საგნები დღეისათვის ფიზიკურად ან მთლიანად, ან ნაწილობრივ განადგურებულია და აღდგენა – შეუძლებელი, ე. ი. შეუძლებელია იმ სივრცეში დაბრუნება. ის სივრცე შეიძლება მხოლოდ მეხსიერებაში იყოს დარჩენილი. მაგალითად, თქვენ გახვედით ბინიდან. ბინა თქვენი სამყოფი ადგილია. ადგილს სივრცის კონკრეტულ ნაწილს უწოდებენ; და აი კითხვა – შეგიძლიათ თუ არა ბინაში დაბრუნება? ანუ შეგიძლიათ თუ არა იმავე ადგილას დაბრუნება? თუ ამ კითხვაზე ვუპასუხებთ სივრცის ნიუტონისეული გაგებით, მაშინ პასუხი უარყოფითი უნდა იყოს, იმის გამო, რომ მზის ორბიტაზე მოძრავი დედამიწა, რომლის მგზავრი თქვენ ხართ, უმოკლეს დროში მილიონობით კილომეტრით გაგიყვანთ იმ ადგილიდან და იქ დაბრუნების შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია. მაგრამ თუ თქვენ ამ კითხვას მიუდგებით რელატიური პრინციპის მიხედვით, მაშინ შესაძლებელია ამ კითხვაზე დადებითი პასუხი. ბინა საგანთა სისტემაა. ბინაში საგნები სივრცობრივ მიმართებაში არიან. თვითონ თქვენი ბინა არის სივრცობრივ მიმართებაში სხვა მოვლენებთან და საგნებთან. რელატიური პრინციპის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ იმავე სივრცობრივ მიმართებაში დადგეთ აღნიშნულ საგნებთან და ეს იქნება თქვენი იმავე ადგილას დაბრუნება, ანუ ბინაში დაბრუნება.

 

დროის არსებობა ფიქსირდება რეალური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების ხდომილებებში. მოხდა ერთი მოვლენა, მას მოყვა მეორე. მათ შორის გაჩენილი ინტერვალი ქმნის დროს. ვიტყვით – დიდი დრო გავიდა. თუ აღნიშნულ ორ ხდომილებას შორის ბევრი სხვა მოვლენის ხდომილებები ჩაეტია – მაშინ ვამბობთ – დიდი დრო გავიდა. ერთ-ერთი იდიომა ასე გამოითქმება, – მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ანუ, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა და ამიტომ დიდი დრო გავიდა. თუ ამ ორ ხდომილებას შორის ბევრი ამბები არ მომხდარა, ვიტყვით – მცირე დრო გავიდა. ხოლო თუ მათ შორის არავითარი ახალი ამბავი, ახალი ხდომილება არ ჯდება, ეს ორი ხდომილება მყისიერად აღიქმება, ამიტომ დროში ერთიმეორეს ემთხვევიან. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დრო არის მატერიალური საგნებისა და მოვლენების ხდომილებებისა და მათი თანმიმდევრობების ფორმა. დროს ერთი მიმართულება აქვს. წარსულიდან აწმყოზე გავლით – მომავლისაკენ. შეუძლებელია დროის შებრუნება იმის გამო, რომ შეუძლებელია მოვლენათა ხდომილებების შებრუნება. ეს ნიშნავს, შეუძლებელია ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან მივიდა მოხუცებულობამდე, უკუსვლა იწყოს და მოხუცებულობიდან, ყველა განზომილებით, ისევ ბავშვობას დაუბრუნდეს. ამასთანავე, შეუძლებელია დროის საერთოდ გაჩერება. ეს იქნებოდა მოძრაობის, ანუ ხდომილებათა საერთოდ გაჩერება, რაც გამორიცხულია. ადამიანისათვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის დრო.

 

დრო ქმნის ადამიანს, პიროვნებას და პიროვნება თავისი ცხოვრების შექმნით ქმნის დროს. ცხოვრობს ის, ვინც თავის დროს ქმნის. მისი ცხოვრება მის მიერ განხორციელებული და განცდილი მოვლენებია, რომელთა ხდომილებათა თანმიმდევრობა ქმნის იმ დროს, რასაც მისი ცხოვრების დრო ეწოდება.

 

როცა მოძრაობის შესახებ მსჯელობენ, მიუთითებენ მოძრაობის მრავალნაირი სახეობის არსებობაზე: მექანიკური მოძრაობა – სხეულის სივრცეში გადაადგილება; ფიზიკური მოძრაობა – გათბობის შედეგად სხეულის გაფართოება; ქიმიური მოძრაობა – ჟანგვითი პროცესი; ბიოლოგიური მოძრაობა – დაბადება, ზრდა, სიკვდილი; სოციალური მოძრაობა – განათლების სისტემის მოქმედება; სულიერი მოძრაობა – აზროვნებითი პროცესები. მოძრაობის განსაზღვრება ისეთი უნდა იყოს, რომელიც ყველა ჩამოთვლილ სახეობას შეეხება და მათთვის საყოველთაო იქნება. ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, მოძრაობას განსაზღვრავენ როგორც ცვალებადობას. ე. ი. საგანი მოძრავია, თუ იგი რაღაცნაირად განიცდის ცვალებადობას. აქ იმდენად რაოდენობრივი ცვალებადობა არ იგულისხმება, როგორც საგნის თვისებრივი ცვალებადობა. მოძრაობის რაობის დადგენაში არსებითი მნიშვნელობა აქვს მის მიმართებას უძრაობასთან. მოძრაობა თუ საგნის ცვალებადობაა, უძრაობას საგნის უცვლელობაა. აქედან გამომდინარე, საგნის მოძრაობა გამორიცხავს თუ არა საგნის უძრაობას?

 

ფილოსოფიის ისტორიაში ამის თაობაზე იყო ძიებები, კამათი. ანტიკურ ბერძნულ პერიოდში იყო თვალსაზრისი, რომელსაც მოძრაობა წმინდა მოძრაობაზე დაყავდა და გამორიცხავდა უძრაობას. ამან გამოიწვია კრატილოსის ცნობილი დასკვნა, რომ ერთსა და იმავე მდინარეში არათუ მეორედ, ერთხელაც ვერ შეხვალო; ამის საპირისპიროდ, მეორე სკოლის მიმდევრები ასაბუთებდნენ, რომ არსებობს მხოლოდ უძრაობა, რომ მოძრაობა მხოლოდ ილუზორული მოვლენააო. ასეთმა აზრმა ძენონის მხრიდან გასროლილი ისრის მოძრაობა გამორიცხა. ბოლოს აზროვნება მიდის დასკვნამდე, რომ მოძრაობა არის მოძრაობისა და უძრაობის მთლიანობა. მოძრაობისა და უძრაობის ერთიანობა ნათელი ხდება თუ მას განვიხილავთ მსგავსებაგანსხვავების ზოგად-ფილოსოფიური თვალსაწიერიდან. საკითხი დგას საგნის მსგავსება-განსხვავებისა საკუთარ თავთან, საკუთარი თავისგან. თუ ჩავთვლით, რომ საგანი თავის თავთან აბსოლუტურ იგივეობაშია (მსგავსებაშია), მაშინ იგი სრულყოფილი ყოფილა, რომელსაც მოძრაობა-ცვალებადობა არ სჭირდება. სწორედ ასეთად მოიაზრება ღმერთი. ამიტომ მის მოძრაობაზე არ მსჯელობენ. თუ საგანი თავის თავისაგან აბსოლუტურად განსხვავდება, მაშინ იგი სრულიად სხვა საგანი ყოფილა და არა ის, რის მოძრაობაზეც გვიწევს მსჯელობა. ეს იმას ნიშნავს რომ მოძრაობა მაშინაა შესაძლებელი თუ იგი მომენტის სახით უძრაობასაც შეიცავს. ასევე, უძრაობა – მომენტის სახით მოძრაობას უნდა შეიცავდეს. მოზარდის სრულყოფილებისაკენ მოძრაობა, მისი წინსვლითი ცვალებადობაა, მაგრამ იგი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ იგი თავის თავთან გარკვეულ იგივეობას (უძრაობას) ინარჩუნებს.

 

საგნის მოძრაობა მისი არსებობაა. სამყარო ისეა აგებული, რომ მასში ნებისმიერი საგანი მაშინ არსებობს, თუ იგი მოძრაობაშია. არაცოცხალი არსებისათვის არსებობა მაშინაა შესაძლებელი, თუ იგი წარმოიშობა, განიცდის ცვალებადობას, შემდეგ იშლება და დაასრულებს არსებობას. ცოცხალი არსებაც მაშინ არსებობს, თუ იგი იბადება, იზრდება და კვდება. ყველა ეს მომენტი არსებობის მომენტებია. ამიტომ მიუთითებენ, რომ მოძრაობა საგნების არსებობის წესია. ეს ნიშნავს, რომ მოძრაობა მატერიის, ანუ მთელი სამყაროს არსებობის წესია. მატერია მატერიალური საგნების სახით არსებობს. ხოლო მატერიალური საგნები მოძრაობის წესით. მოძრაობა არის სამყაროს არსებობის წესი. ცალკეული საგნების მოძრაობის წყარო შეიძლება სხვა საგანში იყოს, მაგრამ მთლიანი სამყაროს მოძრაობის წყარო სხვაში ვერ იქნება იმის გამო, რომ სამყაროს იქით სხვა არაფერია. ყოველი საგნის მოძრაობა, ცხადია, სასრულია. მაგრამ სამყაროს მარადიულობა და უსასრულობა მოძრაობის მარადიულობასა და უსასრულობაზე მიუთითებს.


კომენტარები