ავთანდილ ძამაშვილი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, (ტექნიკური უნივერსიტეტი).
ამონარიდი აღებულია ავთანდილ ძამაშვილის წიგნიდან – „ფილოსოფია“.
ფილოსოფია, ფილოსოფიური პრობლემები, ფილოსოფიურად აზროვნება და მსჯელობა მუდამ იზიდავდა და დღესაც იზიდავს ადამიანს. მაშინაც კი, თუ მას ტერმინი „ფილოსოფია“ საერთოდ არ გაუგია. ადამიანი კომუნიკაცია-დიალოგის მაძიებელი არსებაა. იგი ეძებს კომუნიკაცია-დიალოგის შესაძლებლობას ღმერთთან, ბუნებასთან, საზოგადოებასთან, სხვა ადამიანებთან; მას სჭირდება კომუნიკაცია-დიალოგი წარსულთან, მომავალთან; მას სჭირდება დიალოგი საკუთარ თავთან. დილით ამდგარ ადამიანს სჭირდება სარკე, რათა მასში ჩახედვით, საკუთარი თავი დაინახოს, მოიწესრიგოს და ასე მოწესრიგებული გავიდეს გარეთ, საზოგადოებაში, სამსახურში, ქუჩაში, ხალხში. ესაა ისევ კომუნიკაცია-დიალოგისათვის მომზადება. სარკე ადამიანს ეხმარება მისი გარეგნულობის მოწესრიგებაში. მაგრამ ადამიანისათვის უფრო მთავარია მისი შინაგანი, სულიერი მხარე. საჭიროა ზრუნვა მისი მოწესრიგებისათვისაც. მისთვისაც საჭიროა თავისებური სარკე, რომლითაც ადამიანი შესძლებს საკუთარი სულის „დანახვას“ და მასში წესრიგის შეტანას. გარკვეული აზრით, ფილოსოფია სულისათვის ასეთი სარკის ფუნქციას ტვირთულობს. ციცერონის დებულება – „ფილოსოფია არის ადამიანის სულის კულტურა“ ამაზე მიუთითებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კულტურის არსებითი განსაზღვრულობა ადამიანური წესრიგის განხორციელებაა. კომუნიკაცია-დიალოგის პროცესში ადამიანი უმეტესწილად მისი შინაგანი, სულიერი მხარით წარმოჩინდება. წესრიგი, მოწესრიგება უფრო მეტად სულიერ მხარეს სჭირდება. ამიტომ ადამიანის სულისათვის საჭიროა თავისებური სარკე, რომელშიც იგი უკეთ შესძლებს თავისი სულიერი შინაგანი სამყაროს დანახვას, დანახულის შეფასებას და შეფასების შედეგად მასში გარკვეული კორექტივების შეტანას. კომუნიკაციადიალოგის პროცესში, ადამიანისათვის დიალოგის მეორე მხარეს მყოფი ინსტანციები წარმოადგენენ მისთვის თავისებურ სარკეებს, რაშიც აირეკლება ადამიანის შინაგანი სული, მისი ფიქრები, ინტერესები, საქმეები, პოზიცია და ამით იგი, სურვილისა და საკუთარი თავისადმი კრიტიკული მოთხოვნილებების პირობებში, უკეთ ახერხებს საკუთარი თავის დანახვა-შეცნობას. უკეთ ახერხებს თვითშემეცნებას.
ამასთანავე იგი ცდილობს დიალოგის მეორე მხარეში (მოსაუბრეში) გამოიწვიოს და ამოიკითხოს თანადგომის, თანამოაზრის პოზიცია და ამით საკუთარი არსებობა განიმტკიცოს. ცნობილია, რომ ადამიანი მით უფრო მყარად გრძნობს საკუთარ არსებობას, რაც უფრო მეტი თანამოაზრე ჰყავს. ხოლო თუ მის პოზიციას ცოტანი ან არავინ იზიარებს, პატივს არ მიაგებენ, ამით იგი უმწეოდ და გარიყულად გრძნობს თავს, რაც მასში დიდ ტანჯვას იწვევს.
ნამდვილ ადამიანად ყოფნას დიდი ძალები სჭირდება. ასეთ ძალებს შორის ერთ-ერთი მთავარია ცოდნა. რაც მეტი იცის ადამიანმა, მით ძლიერია. თუ უნდა, რომ უფრო ძლიერი იყოს, უფრო მეტი ცოდნა უნდა შეიძინოს. ადამიანისათვის საჭიროა უამრავი რამის ცოდნა, მაგრამ მისთვის ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი – საკუთარი თავის ცოდნაა. დღეს, კითხვაზე – აქვს თუ არა ცხოველს ცნობიერება, მეცნიერებს, მთელ რიგ ფაქტებზე დაყრდნობით, პასუხი დადებითი აქვთ. მაგრამ რაზეც მეცნიერები არ დაობენ, ეს ისაა, რომ მხოლოდ ადამიანს აქვს „მე“-ს განცდა-გაცნობიერება. ეს კი ადამიანში თვითცნობიერების არსებობას ნიშნავს, რომლითაც ადამიანი რეფლექსიას ახდენს თავის თავზე და შესწავლის საგნად საკუთარ თავს, ამით, თავის ცხოვრებას იხდის. ადამიანისათვის თვითშემეცნება უპირველესი მოთხოვნაა. დელფიური ლოზუნგიც „შეიცან თავი შენი!“ – ამისკენ მოუწოდებს ადამიანს. ხოლო თვითშემეცნების იმაზე უკეთესი საშუალება ადამიანს ჯერ-ჯერობით არ გამოუგონია, ვიდრე ფილოსოფიაა.
ფილოსოფიაში ყველაფერი პრობლემაა. მათ შორის თვით საკვლევი საგნის საკითხიც. მეცნიერულ ძიებაში პრობლემურობა გარკვეული სიძნელეების არსებობაზე მიუთითებს. ამის ერთ-ერთი ფაქტორია ფილოსოფიაში საკითხების ცალსახად, ერთი მნიშვნელობით გადაწყვეტის სიძნელე. კერძო მეცნიერებებში საკვლევი საგნის საკითხი დიდ წინააღმდეგობებს არ აწყდება. უმეტეს შემთხვევაში მათში მიღწეულია საგნის გააზრების სტაბილური გაგება. ფაქტია, რომ კერძო მეცნიერებმა, რომლებიც გაცილებით გვიან ჩამოყალიბდნენ და არც თუ ხანგრძლივი ისტორია აქვთ, ნათლად გამოკვეთეს თავიანთი საკვლევი საგანი და ამ თემაზე არ კამათობენ. ამ მეცნიერებებში ხომ „იზმები“ ძირითადად არ არსებობს. სხვა ვითარებაა ფილოსოფიაში. თუმცა, ეს არც კერძო მეცნიერების დამსახურებაა და არც ფილოსოფიის სისუსტე. ამის მიზეზი თვით ამა თუ იმ მეცნიერების დანიშნულებასა და მისი საკვლევი საგნის სპეციფიკურობაშია. ფილოსოფიაში მისი საკვლევი საგნის პრობლემა მუდამ აქტუალური და მწვავე საკითხია. საუკუნეების განმავლობაში მას პერიოდულად უბრუნდებიან, ახლებურად სვამენ და მისი გადაწყვეტის ახლებურ გზებს ეძებენ. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. მათგან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:
1. ფილოსოფიაში მისი ნებისმიერი კერძო პრობლემის გააზრება-გადაწყვეტა არსებითად არის დაკავშირებული მისი საგნის საკითხთან. ფილოსოფიაში უამრავი საკითხია და კვლავ ახალი და ახალი ჩნდება. ყოველი მათი გადაწყვეტის ძიების დროს საჭიროა ფილოსოფიის საგნის რაობის გაგებიდან ამოსვლა და მათი ამის მიხედვით გადაწყვეტა. მაგ. შეუძლებელია იგივე სიყვარულის, სიბრძნის, ან ცხოვრების რაობის ფილოსოფიური გააზრება-გაგება, თუ არ ვართ შეთანხმებულნი ფილოსოფიის რაობაში (ანუ მისი კვლევის საგანში).
2. ფილოსოფიის საგნის ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ფილოსოფია თავისუფალი აზროვნების სფეროა, რაც მის ალტერნატიულობას იწვევს. თავისუფლებისა და ალტერნატიულობის გამო ფილოსოფია ხასიათდება უამრავი „იზმებით“ – უამრავი ცალკეული ფილოსოფიური მიმართულებებით, რომლებიც ერთიმეორისაგან არათუ განსხვავდებიან, არამედ რადიკალურად დაპირისპირებულნიც არიან. ფილოსოფიაში „იზმების“ არსებობა ფილოსოფიის საგნის და დანიშნულების განსხვავებულ გადაწყვეტებთან არის დაკავშირებული. ეს ვითარება კარგია თუ ცუდი? იმის გამო, რომ ფილოსოფია აზროვნების თავისუფლებაა, ეს ძალიან კარგია! სწორედ ასეთ ფილოსოფიაში ავლენს ადამიანი თავის თავს. ტოტალიტარულ რეჟიმებში ფილოსოფია აღარაა აზროვნების თავისუფლება. იქ ერთი „იზმია“ დაშვებული, ყველა სხვა – მკაცრად აკრძალული. ეს პიროვნების თავისუფლების მარწუხებში მოქცევას იწვევს. თავისუფალ გარემოში „იზმების“ არსებობა არაა აკრძალული, მაგრამ არც მათი თანაარსებობაა იდილიური. განსხვავებული „იზმების“ არსებობა იწვევს მათ შორის დაპირისპირება-ბრძოლას, რომლითაც იქმნება თავისებური ფილოსოფიური „ბრძოლის ველი“, თავისებური კონკურენცია. ეს ბრძოლა მართალია მოქცეულია ზნეობისა და სამართლიანობის გარკვეულ ჩარჩოებში, მაგრამ თავისი დაუნდობლობით, საკმაოდ მკაცრია. ამ ველზე წარმოებს ფილოსოფიური სკოლებისა და მიმართულებების (იზმების) მიერ გამომუშავებული სხვადასხვა, ხშირად რადიკალურად საპირისპირო თვალსაზრისების შეხლა-შემოხლა, ჭიდილი, კამათი, ძიება. ესაა ინტელექტუალურ-მსოფლმხედველობრივი ჭიდილი, რომელიც წარიმართება არა ნაჯახით ან თოფით, არამედ ეჭვებით, კრიტიკით, არგუმენტებით, კონტრარგუმენტებით, მსჯელობებით, მტკიცებაუარყოფით, დასაბუთებით. ეს არაა ფილოსოფოსთა არეულობა. პირიქით, ფილოსოფოსისათვის ეს მისი სტიქიაა. ფილოსოფიის არსებობა და განხორციელება მხოლოდ ასეთ გარემოშია შესაძლებელი. ტრადიციულად, როგორც რკინის წრთობისათვის ცეცხლი და ცივი წყალია საჭირო, ისე ფილოსოფიური აზრის წრთობისათვის, „იზმებს“ შორის ასეთი ჭიდილია საჭირო. ამ ჭიდილში უნდა გაიაროს ყველა ფილოსოფიურმა თვალსაზრისმა. თუ ამ ჭიდილს გაუძლებს, იგი მოიპოვებს ცხოვრებაში დამკვიდრების უფლებას. ასეთი გამოცდა ელის ფილოსოფიის საგნის პრობლემის გადაწყვეტასაც.
3. ფილოსოფიაში საკითხების გადაწყვეტის პრობლემურობის ერთ-ერთი არსებითი მიზეზი ფილოსოფიური აზრების იმგვარი შემოწმების (ვერიფიცირების) შეუძლებლობაა, როგორსაც ადგილი აქვს კერძო მეცნიერებებში. ფილოსოფიაში მრავალი „იზმების“ არსებობაც ამითაა გამოწვეული. თუ ამ შემთხვევაშიც დავსვამთ კითხვას – ეს კარგია თუ ცუდი? – საბოლოო ჯამში, პასუხი აქაც დაახლოებით იგივე უნდა იყოს. გარკვეული აზრით, ეს კარგია! ერთის მხრივ, ფილოსოფიაში ისეთი კითხვების მიმართ წარმოებს მსჯელობა, რომლებზეც მიღებული პასუხების სანდოობის შემოწმება მართლაც ძნელია, ან სულაც შეუძლებელი. მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში ამ კითხვებს იმდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება, რომ ჯობია მათ შესახებ ვიქონიოთ პასუხები, რომლებიც ნაკლებად შემოწმებულნი არიან, მაგრამ მაინც რაღაც პასუხებს წარმოადგენენ, ვიდრე ის, რომ ასეთ კითხვებს საერთოდ ავერიდოთ. ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი კითხვაა – რას უდრის ორს მიმატებული ორი. მასზე მიღებული პასუხის შემოწმებაც იოლად ხერხდება.
ფილოსოფიას კი არ შეუძლია ყველასათვის ერთნაირად მისაღები და ბოლომდე შემოწმებული პასუხის გაცემა კითხვაზე: რა არის ცხოვრების არსი და რაში უნდა ვეძიოთ მისი საზრისი. მაგრამ, აშკარაა, რომ აღნიშნული ფილოსოფიური კითხვა ადამიანისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია (ცხადია თუ ადამიანს ადამიანად ყოფნა სურს). იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამ კითხვის დასმას და მასზე პასუხის ძიებას მუდამ გააგრძელებს. კერძო მეცნიერებებში სასრული მოვლენების შემეცნებას აქვს ადგილი. ფილოსოფიაში კი ამოუწურავის ამოწურვის მცდელობაა. ეს იწვევს მის მიერ დასმული საკითხების პრობლემატურობას. მაგრამ რა იქნებოდა ადამიანის მხრიდან ასეთ მცდელობაზე ხელის აღება. ამაზე პასუხისათვის უნდა დავფიქრდეთ. რა იქნებოდა ადამიანის ცხოვრება, მას რომ ყველაფერზე შემოწმებული და სრულიად დაზუსტებული პასუხები ჰქონოდა ისე, რომ მის წინაშე საერთოდ არ არსებულიყო არავითარი საიდუმლოება, არავითარი იდუმალი სფერო და მასში შეღწევის დაუოკებელი ლტოლვა, აღარც კამათის, განსჯის საჭიროება და შესაძლებლობა არსებულიყო?!
ფილოსოფიის საგნის სხვადასხვანაირი გაგება და მასზე აგებული ფილოსოფიური მოძღვრება განსაზღვრავს ამა თუ იმ ფილოსოფიური მიმართულების („იზმის“) არსებობას.
სიცოცხლის ფილოსოფიაში, როგორც ერთ გარკვეულ ფილოსოფიურ მიმართულებაში მიჩნეულია, რომ ძალა, რომელიც მართავს მთლიან სამყაროს და მათ შორის ადამიანსაც – სიცოცხლეა. ამიტომ ფილოსოფიის კვლევის საგნად სწორედ სიცოცხლეა გამოცხადებული.
ფენომენოლოგიური ფილოსოფია საგნებიდან ორ მხარეს გამოყოფს: არსებას და არსებობას. ფილოსოფიის კვლევის საგანია არსებები, როგორც ფენომენები, არსებობის გარეშე, მისგან „თავშეკავებით“, რათა არსებას მივწვდეთ მის სიწმინდეში, უძრაობაში, მარადიულობაში, რაც ყოველი არსებულის საფუძველია.
ექსისტენციალიზმში ფილოსოფიის საგნად მოიაზრება კონკრეტული ადამიანის ყოფიერების საკითხი. ადამიანში იგი ხედავს არსებობის ორ დონეს. ერთია მისი ფაქტიური არსებობა, თავისი ღირსებებით და ნაკლოვანებით, მეორეა „ექსისტენცია“, ანუ ის, რაც უნდა იყოს. ესაა მისი ჯერარსული არსებობა. ექსისტენცი ყველა ადამიანში მოცემულია შესაძლებლობის სახით. მისი შესაძლებლობის სინამდვილედ ქცევა თვითონ მას ეკისრება. თავის თავი ადამიანად თვითონ უნდა შექმნას და თვითონვე იყოს თავის თავზე პასუხისმგებელი.
დიალექტიკური მატერიალიზმი ფილოსოფიის საგნად აცხადებს მთელი სინამდვილის, ადამიანის ჩათვლით, არსებობის, მოძრაობის და განვითარების უზოგადესი პრინციპებისა და კანონების კვლევას.
აქსიოლოგიური მიმართულების ფილოსოფიამ კვლევის ობიექტად გამოაცხადა სინამდვილის არა რეალური მოვლენები, არამედ ე.წ. ირეალური სფერო, რომლის საერთო სახელწოდებაა ღირებულებები. ღირებულებები იქცევა კულტურის ფილოსოფიისათვისაც კვლევის მთავარ თემად.
პოზიტივიზმი, რომელმაც ისტორიულად რამდენიმე საფეხური განვლო, ფილოსოფიის საგნად კერძო მეცნიერებების „მეორედ წაკითხვას“ აცხადებს. ანუ ფილოსოფიას ავალებს კერძო მეცნიერებებში მიღებული პოზიტიური შედეგების ფილოსოფიურ ანალიზს, მისი მსოფლმხედველობრივ მთლიანობაში ჩასმის მიზნით.
პრაგმატიზმი. ეს მიმართულებაც არსებითად ენათესავება პოზიტივიზმს, ოღონდ მისი თავისებურება ისაა, რომ ფილოსოფიამ კერძო მეცნიერებების შედეგების განხილვა მოახდინოს ადამიანისათვის სარგებლიანობის თვალსაზრისით.
ჰეგელის მოძღვრებაში ფილოსოფიის საგნად მოიაზრება აზროვნება. ოღონდ არა ადამიანის აზროვნება, ან აზროვნება რომელიმე კონკრეტულ საგანზე, არამედ წმინდა ლოგიკური, განყენებული და აბსოლუტური აზროვნება, აბსოლუტური სულის, აბსოლუტური გონის სახით, რომლის გამოვლენასაც წარმოადგენს რეალური სინამდვილე.
კანტის ნააზრევში ფილოსოფიური ძიების საგანია აპრიორული და ტრანსცენდენტალური ფაქტორების დადგენა და ადამიანური ყოფიერების ძირითადი სფეროების მასზე დაფუძნებით გააზრება.
ფილოსოფიაში ადგილი აქვს გნოსეოლოგიურ მიმართულებებს, რომლებიც ფილოსოფიის საგნად ცოდნის რაობისა და შესაძლებლობის პრობლემას მიიჩნევენ.
ონტოლოგიური მიმართულების მქონე ფილოსოფიური ნაკადები ფილოსოფიის საგნად სამყაროს არსების, მისი სასრულობისა და უსასრულობის, მისი მთლიანობის, მისი დროსა და სივრცეში არსებობის და სუბსტანციის პრობლემის გადაწყვეტას მიიჩნევენ.
ძალიან მოკლედ წარმოდგენილი ფილოსოფიური მიმართულებების მიერ ფილოსოფიის საგნის მოცემული თვალსაზრისები არ შეიძლება მთლიანად მცდარად ან ნაკლოვანების არმქონედ გამოვაცხადოთ. მივუთითებთ მხოლოდ ერთ ძირითად ნაკლზე და ღირსებაზე. ყველა ის პრობლემა, რაც წარმოდგენილი ფილოსოფიური მიმართულებებისათვის კვლევის საგნადაა ქცეული, ფილოსოფიისათვის სავალდებულოა. ყველა ისინი სამყაროს მთლიანი ფილოსოფიური სურათის შექმნისათვის აუცილებელი მომენტებია. მაგრამ ყველა ამ მიმართულებაში ადგილი აქვს თავისებურ ცალმხრივობას იმ აზრით, რომ ნაწილი მთელის ადგილს იკავებს, ანუ მთლიანი სინამდვილის, ფილოსოფიური კვლევის მიზნით, წინა პლანზეა წამოწეული რომელიმე ერთი პრობლემა, თუნდაც მნიშვნელოვანი, ისე, რომ ფილოსოფიის მთლიან საქმიანობას ამ ერთი პრობლემით ცვლის. ამ სიტუაციის დაძლევა უნდა მოხდეს იმით, რომ ფილოსოფიის საგნად გამოიკვეთოს ისეთი პრობლემა, რომელიც მთლიან ფილოსოფიურ დანიშნულებას გადასწვდება და სინამდვილეს მთლიანობაში მოიცავს, ანუ ყველა აღნიშნული პრობლემის მთლიანობის გარანტი იქნება.
წარმოდგენილ წიგნში ფილოსოფიის კვლევის საგნად გააზრებულია ადამიანის ცხოვრება. არა სიცოცხლე, როგორც ეს სიცოცხლის ფილოსოფიაშია, არამედ ცხოვრება. ცხოვრება ადამიანის არსებობის წესია. ადამიანის ცხოვრება გარეგადამწვდომია მთელი სინამდვილის მიმართ, როგორც არსებულის, ისე არარსებულის. ადამიანი ცხოვრობს მთლიან სამყაროში, ადამიანის ცხოვრება ადამიანისა და სამყაროს – მესა და არამეს მთლიანობაა. ყველა ჩამოთვლილი პრობლემა ასე თუ ისე უკავშირდება ადამიანის ცხოვრებას.
რა არის ადამიანი? რა არის მისი ცხოვრება? რა არის ცხოვრების საზრისი? რისთვის ცხოვრება? როგორ ცხოვრება? და სხვა. ძირითადად ეს კითხვები იქნება მოცემულ წიგნში განსახილველი თითქმის ყველა თემის ამოსავალი პუნქტი.
კომენტარები