რა არის სიყვარული?

რა არის სიყვარული?

ჯიდუ კრიშნამურტი – ინდოელი ფილოსოფოსი. იგი წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ჯიდუ კრიშნამურტის წიგნიდან „თავისუფლება ცნობილისგან“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება.

ურთიერთობებში სრული უსაფრთხოების მოთხოვნილება აუცილებლად წარმოშობს შიშსა და მწუხარებას. უსაფრთხოების ამ წყურვილს საფრთხის შეგრძნება მოაქვს. ყოფილხართ თუ არა სრულიად უსაფრთხო თქვენი რომელიმე ურთიერთობისას? ადამიანთა უმრავლესობას უსაფრთხოება სურს სიყვარულში, ილტვის იმისკენ, რომ უყვარდეს და შეყვარებული იყოს, მაგრამ არსებობს კი სიყვარული იქ, სადაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ უსაფრთხოებას, საკუთარ განსაკუთრებულ გზას ეძებს? ჩვენ არ ვუყვარვართ იმიტომ, რომ არ ვიცით როგორ გვიყვარდეს.


რა არის სიყვარული? ეს სიტყვა ისე გაცვეთილი და დამახინჯებულია, რომ მისი გამოყენება არ მინდა. ყველა სიყვარულზე ლაპარაკობს – ყველა ჟურნალი, ყველა გაზეთი, ყველა მისიონერი გამუდმებით სიყვარულზე ლაპარაკობს. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი მეფე, მიყვარს ჩემი წიგნი, მიყვარს ის მთა, მიყვარს სიამოვნება, მიყვარს ჩემი ცოლი, მიყვარს ღმერთი. არის სიყვარული იდეა? თუ ეს ასეა, მაშინ უნდა მოხდეს მისი კულტივაცია, უნდა ველოლიავოთ, რეკლამა გავუკეთოთ, დავამახინჯოთ ყველანაირად, როგორც კი შევძლებთ. როცა თქვენ ამბობთ, რომ ღმერთი გიყვართ, რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თქვენივე წარმოსახვის პროექცია გიყვართ ან თვითონ თქვენი პროექცია რესპექტაბელობის გარკვეული ფორმითაა შემოსილი, იმის შესაბამისად თუ ვინ მიგაჩნიათ კეთილშობილად და წმინდანად. ამდენად, იმის თქმა, რომ „მე ღმერთი მიყვარს“ აბსოლუტური სისულელეა. როცა ღმერთს სცემთ თაყვანს, თქვენ საკუთარ თავს სცემთ თაყვანს და ეს სიყვარული არ არის. რადგან ვერ გაგვირკვევია რას წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ეს მოვლენა, რომელსაც სიყვარულს ვეძახით, ჩვენ აბსტრაქციებში გადავდივართ. სიყვარული შეიძლება იყოს საბოლოო გადაწყვეტა ადამიანის ყველა სიძნელის, პრობლემისა და საზრუნავის. მაგრამ, როგორ გავიგოთ რა არის სიყვარული? უბრალოდ მისი დეფინიციით? ეკლესია და საზოგადოება მის განსაზღვრებას სხვადასხვანაირად ახდენს და არსებობს უამრავი სახის გადახრები და დამახინჯებები: ვიღაცის გაღმერთება, ფიზიკური ურთიერთობა ვიღაცასთან, ემოციონალური ურთიერთობები, კომპანიონობა – ამას ვგულისხმობთ სიყვარულში? ეს ნორმად იქცა, შაბლონად; გახდა ისე საშინლად პირადული, გრძნობიერი, შეზღუდული, რომ რელიგიებმა განაცხადეს სიყვარული ბევრად მეტიაო. იმაში, რასაც ჩვენ ადამიანურ სიყვარულს ვეძახით, ისინი ხედავენ ტკბობას, მეტოქეობას, ეჭვიანობას, დაუფლებისა და შენარჩუნების სურვილს, კონტროლს, სხვის აზროვნებაში ჩარევას და აცნობიერებენ რა ამ ყველაფრის სირთულეს, ისინი ამბობენ, რომ უნდა არსებობდეს სხვანაირი სიყვარული: ღვთაებრივი, ამაღლებული, უხრწნელი.


ყველგან, მთელს მსოფლიოში, ეგრეთ წოდებული წმინდანები ამტკიცებენ, რომ ქალის შეხედვა რაღაც სრულიად გაუმართლებელი რამ არის. ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება ღმერთს მიუახლოვდე, თუ თქვენს ცხოვრებაში სექსი არის. ამიტომ, ისინი სექსს უარყოფენ, თუმცა თვითონ ძლიერ ცდუნებას განიცდიან. სექსის უარყოფით ისინი თვალებსა და ენას ართმევენ საკუთარ თავს, რადგან ამით დედამიწის მთელს სილამაზეს უარყოფენ. ისინი ამშევენ საკუთარ გულსა და გონებას, აჭკნობენ თავიანთ სხეულს, აძევებენ სილამაზეს, რადგან სილამაზე დაკავშირებულია ქალთან.


შეიძლება თუ არა სიყვარული დაყოფილ იქნას წმინდად და ცოდვილად, ადამიანურად და ღვთაებრივად, თუ მხოლოდ ერთი სიყვარული არსებობს? არის თუ არა განსხვავება ერთის სიყვარულსა და ბევრის სიყვარულს შორის? თუ მე ვამბობ: „მე შენ მიყვარხარ“, გამორიცხავს თუ არა ეს სხვების სიყვარულს?


ეს სიყვარული პირადულია თუ უპიროვნო? მორალურია თუ ამორალური? ოჯახის მიმართ არის თუ არა? თუ თქვენ მთელი კაცობრიობა გიყვართ, შეგიძლიათ თუ არა შეიყვაროთ ცალკეული ადამიანი? არის თუ არა სიყვარული გრძნობა? არის თუ არა სიყვარული ემოცია? არის თუ არა სიყვარული ტკბობა და სურვილი? ყველა ეს შეკითხვა აჩვენებს, რომ ჩვენ რაღაც იდეები გვაქვს სიყვარულის შესახებ – იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ის და როგორი არ უნდა იყოს, გარკვეული შაბლონი თუ კოდი, გამომუშავებული იმ კულტურის მიერ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.


ამდენად, იმისათვის, რომ ჩავუღრმავდეთ საკითხს იმის შესახებ, თუ რა არის სიყვარული, ის ჯერ საუკუნოვანი დანაშრევებისგან უნდა გავათავისუფლოთ, გვერდზე გადავდოთ ყველა იდეალი და იდეოლოგია იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს ან როგორი არ უნდა იყოს ის. ნებისმიერი რამის დაყოფა იმის მიხედვით რაც უნდა იყოს და რაც არის, ეს ყველაზე მეტად შეცდომაში შემყვანი გზაა, როცა საქმე სიცოცხლეს ეხება.


როგორ უნდა გავიგო რას წარმოადგენს ეს ალი, რომელსაც ჩვენ სიყვარულს ვუწოდებთ? არა ის, თუ როგორ გამოვხატო ის სხვანაირად, არამედ გავარკვიო რას ნიშნავს ეს ალი თავისთავად? თავდაპირველად, თავიდან უნდა მოვიშორო ყველაფერი, რაც უთქვამს ამის შესახებ ეკლესიას, საზოგადოებას, ჩემს მშობლებს, მეგობრებსა და საერთოდ ნებისმიერ ადამიანსა და წიგნებს, იმიტომ, რომ მე თვითონ მინდა გავარკვიო ის რას ნიშნავს. ეს უზარმაზარი პრობლემაა, რომელიც მთელ კაცობრიობას მოიცავს. არსებობს მისი განსაზღვრების ათასობით გზა. მე თვითონ ვარ ამა თუ იმ შაბლონის ტყვეობაში იმისგან დამოკიდებულებით, თუ რა მომწონს და მახარებს მოცემულ მომენტში. ამდენად, იმისათვის, რომ მას ჩავწვდე, ჯერ თავი უნდა გავითავისუფლო ჩემი პირადი მიდრეკილებებისა და ცრურწმენებისგან. მე აფორიაქებული ვარ. ჩემი სურვილები სხვადასხვა მიმართულებით მეწევიან, ამიტომ საკუთარ თავს ვეუბნები: „ჯერ იმაში გაერკვიე რა გაშფოთებს“. შეიძლება იმას, თუ რა არის სიყვარული მაშინ ჩაწვდე, როცა მიხვდები რა არ არის ის. მთავრობა გეუბნება: „წადი და მოკალი შენი სამშობლოს სიყვარულის გამო“ – განა ეს სიყვარულია? რელიგია ამბობს: „უარი თქვი სექსზე ღმერთის სიყვარულის გამო“ – მაგრამ განა ეს სიყვარულია? სიყვარული სურვილია? ნუ იტყვით „არა“. ადამიანთა უმრავლესობისათვის სიყვარული სურვილია, გრძნობიერი ტკბობა, რომლის საფუძველში სექსუალური მიზიდულობა და დაკმაყოფილებაა. მე სექსის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ვნახოთ რას მოიცავს ის. რასაც სექსი მყისიერად გაძლევთ, ეს არის საკუთარი თავის სრული დავიწყება. შემდეგ თქვენ კვლავ გიბრუნდებათ შფოთვა და ამიტომ, აუცილებლობას გრძნობთ კვლავ დაუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, რომელშიც არ არის წუხილი, არ არის პრობლემები, არ ხართ თვით თქვენ. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ცოლი და ეს სიყვარული მოიცავს სექსუალურ ტკბობასაც. თქვენთვის ასევე სასიამოვნოა, რომ ოჯახში არის ვიღაც, ვინც თქვენს ბავშვებზე ზრუნავს, საჭმელს გიმზადებთ. თქვენ მასზე ხართ დამოკიდებული. მან თავისი სითბო გიწილადათ, თავისი გრძნობები, ის გამხნევებთ და გარკვეული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შეგრძნებას გიჩენთ. მაგრამ, აი, ის ზურგს გაქცევთ, მას მობეზრდით, ის სხვასთან მიდის და მთელი თქვენი ემოციური წონასწორობა ირღვევა და ამ შფოთვას, რომელიც თქვენთვის ძალიან უსიამოვნოა, ეჭვიანობა ჰქვია. მასში არის ტკივილი, მღელვარება, სიძულვილი და მძვინვარება. თქვენ ამბობთ: „სანამ მე მეკუთვნი, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ როგორც კი ზურგს მაქცევ, სიძულვილის გრძნობა მიჩნდება შენს მიმართ. სანამ შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებ – სექსუალურსა და სხვას – მე შენ მიყვარხარ, მაგრამ, როგორც კი ჩემი სურვილების შესრულებას შეწყვეტ, მე უკვე აღარ მიყვარხარ“. და ასე, თქვენს შორის ჩნდება მტრობა, ერთმანეთს შორდებით და როცა ერთად არ ხართ, სიყვარული არ არის. მაგრამ, თუ შეგიძლიათ იცხოვროთ თქვენ ცოლთან ისე, რომ ფიქრმა არ შექმნას ასეთი წინააღმდეგობრივი მდგომარეობა, ეს დაუსრულებელი დავები, მაშინ თქვენ შესაძლოა – შესაძლოა მიხვდეთ რა არის სიყვარული. მაშინ თქვენ სრულიად თავისუფალი იქნებით და ასევე იქნება თქვენი მეუღლეც. ამავე დროს, თუ მთელი თქვენი სიამოვნებები მასზეა დამოკიდებული, მაშინ მისი მონა ხართ. ამიტომ, როცა გიყვარს, თავისუფალი უნდა იყო არა მხოლოდ სხვისგან, არამედ საკუთარი თავისგანაც.


როცა სხვას ეკუთვნი, როცა ფსიქოლოგიურად სხვისგან იკვებები, როცა სხვაზე ხარ დამოკიდებული, ამას აუცილებლად შფოთვა, შიში, ეჭვიანობა, დანაშაულის შეგრძნება მოაქვს და სადაც შიშია, იქ სიყვარული არ არის. წუხილით დათრგუნული გონება ვერასდროს ვერ გაიგებს რა არის სიყვარული. სენტიმენტალურობასა და ემოციონალურობას არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან. ასე რომ, სიყვარულს არაფერი აქვს საერთო სიამოვნებასა და სურვილთან.


სიყვარული არ არის აზრის პროდუქტი, რომელიც არის წარსული. აზრს არ შეუძლია სიყვარულის კულტივირება. სიყვარულს ვერ შებოჭავ და ეჭვიანობით ვერ შეაკავებ, რადგან ეჭვიანობა, ეს წარსულია. სიყვარული ყოველთვის აქტიური აწმყოა. ეს არ არის „მე შევიყვარებ“, ან „მე მიყვარდა“. თუ თქვენ სიყვარული შეიცანით, არავის აღარ გაჰყვებით უკან. სიყვარული არ ემორჩილება. როცა გიყვართ, არ არსებობს ისეთი კატეგორიები, როგორიცაა პატივისცემა და უპატივცემულობა.


იცით თქვენ რას ნიშნავს გიყვარდეს ვინმე სიძულვილის, ეჭვიანობის, სიბრაზის, განსჯისა და შედარების გარეშე, ისე, რომ არ გქონდეთ სურვილი ჩაერიოთ იმაში, თუ რას აკეთებს და რას ფიქრობს ის? იცით თქვენ ეს რას ნიშნავს? როცა არის სიყვარული, შეგვიძლია თუ არა ჩვენ შევადაროთ? თუ თქვენ ვინმე მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სხეულით გიყვართ, დაიწყებთ მაშინ შედარების გაკეთებას? როცა მთლიანად ეძლევით სიყვარულს, არაფერი სხვა არ არსებობს.


გულისხმობს თუ არა სიყვარული პასუხისმგებლობასა და მოვალეობას? სჭირდება თუ არა მას ეს სიტყვები? როცა ადამიანი მოვალეობას არ ასრულებს, არსებობს მაშინ სიყვარული? მოვალეობაში სიყვარული არ არის. მოვალეობის სტრუქტურა, რომლის ტყვეობაში ადამიანი იმყოფება, ღუპავს მას. სანამ თქვენ იძულებული ხართ გააკეთოთ რაღაც, იმიტომ რომ ის თქვენს მოვალეობად მიგაჩნიათ, თქვენ არ გიყვართ ის, რასაც აკეთებთ. როცა არის სიყვარული, არ არის არც მოვალეობა და არც პასუხისმგებლობა.


სამწუხაროდ, მშობლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა აკისრიათ თავიანთ შვილებზე და პასუხისმგებლობის გრძნობა აიძულებს მათ უთხრან ბავშვებს რა უნდა გააკეთონ და რა – არა, ვინ უნდა გახდნენ ისინი და ვინ – არა. მშობლებს სურთ, რომ მათ შვილებს მყარი მდგომარეობა ეჭიროთ საზოგადოებაში. ის, რასაც ისინი პასუხისმგებლობას ეძახიან, ნაწილია რესპექტაბელობისა, რომელსაც ისინი ეთაყვანებიან. მე კი მგონია, რომ იქ, სადაც არის რესპექტაბელობა, არ არის წესრიგი. ისინი მხოლოდ იმისკენ ისწრაფვიან, რომ ნამდვილი ბურჟუები გახდნენ. თავიანთ ბავშვებს ამზადებენ იმისთვის, რომ საზოგადოებას მოარგონ, შეაგუონ ისინი და ამით ხელს უწყობენ იმას, რომ არ შეწყდეს ომები, კონფლიქტები და სისასტიკე. ამას ეძახით თქვენ ზრუნვასა და სიყვარულს? ნამდვილი ზრუნვა ის იქნებოდა, როგორც თქვენ იზრუნებდით მაგალითად, ხეზე ან მცენარეზე. მორწყავდით მათ, გაიგებდით რა სჭირდებოდა, როგორი ნიადაგი იქნებოდა მისთვის საუკეთესო, თბილად და კეთილად მოუვლიდით. მაგრამ, როცა ცდილობთ თქვენი შვილები საზოგადოებას შეაგუოთ, მათ იმისთვის ამზადებთ, რომ ისინი მოკლან. თქვენი ბავშვები რომ გიყვარდეთ, ომები აღარ გექნებოდათ.


როცა თქვენ კარგავთ იმას, ვინც გიყვართ, ცრემლებს მისთვის ღვრით თუ საკუთარი თავისთვის? საკუთარ თავს დასტირით თუ სხვას? გიტირიათ კი ოდესმე სხვის გამო? გიტირიათ საკუთარ ვაჟიშვილზე, რომელიც ომში მოკლეს? თუ გიტირიათ, საკუთარი თავის შეცოდების გამო იტირეთ თუ იმიტომ, რომ ადამიანი მოკლეს? თუ საკუთარი თავის შეცოდების გამო ტირით, თქვენს ცრემლებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თქვენ მხოლოდ საკუთარი თავი გაინტერესებთ. თუ იმის გამო ტირით, რომ დაკარგეთ ისეთი ადამიანი, რომელშიც დიდი სიყვარული გქონდათ ინვესტირებული, ეს სიყვარული არ ყოფილა. თუ თქვენ ტირით ძმის გამო, რომელიც კვდება, მასზე იტირეთ. ძალიან ადვილია საკუთარი თავი იტირო იმის გამო, რომ ძმა მოკვდა. აშკარაა, თქვენ ტირით იმიტომ, რომ გული აგიჩუყდათ, მაგრამ ეს მის გამო არ ხდება. თქვენი მღელვარება თვითშეცოდებითაა გამოწვეული, თვითშეცოდება კი სასტიკს გხდით, საკუთარ თავში გკეტავთ, გაჩლუნგებთ და გასულელებთ.


თუ თქვენ საკუთარ თავზე ტირით, ტირით იმის გამო, რომ მარტო ხართ, მიტოვებული, ძალაუფლების შეგრძნება დაკარგეთ, მისტირით საკუთარ ბედს, გარემო პირობებს, თუ ცრემლებს საკუთარ თავზე ღვრით, სიყვარულია ეს? თუ მიხვდებით რას ნიშნავს ამ ყველაფერს უშუალოდ შეეხოთ, ისე, როგორც ხეს, ბოძს ან ხელს შეეხებოდით, მაშინ დაინახავთ, რომ მწუხარება შექმნილია თქვენ მიერ, ფიქრის მიერ, რომ მწუხარება დროის წარმოებულია. მე მყავდა ძმა სამი წლის წინ. ახლა ის მკვდარია და მე მარტო ვარ და ვიტანჯები. აღარ არის ის, ვინც მანუგეშებდა, გვერდში დამიდგებოდა. ეს იწვევს ცრემლებს ჩემს თვალებში.


თქვენ ეს შეგიძლიათ საკუთარ თავშიც დაინახოთ თუ დააკვირდებით. შეგიძლიათ დაინახოთ ეს სრულად, მთლიანად, ერთი შეხედვით, დროისა და ანალიზის ჩართვის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ მყისიერად დაინახოთ მთელი სტრუქტურა და ბუნება ამ პატარა, უბადრუკი რაღაცისა, რასაც ჰქვია „მე“, ჩემი ცრემლები, ჩემი ოჯახი, ჩემი ერი, ჩემი რწმენა, ჩემი რელიგია – მთელი ეს სიმახინჯე, რაც თქვენშია – როცა თქვენ ამას დაინახავთ გულით და არა გონებით, როცა თქვენი გულის ფსკერიდან დაინახავთ, მაშინ გექნებათ გასაღები იმისათვის, რომ მწუხარებას ბოლო მოუღოთ. სიყვარულსა და მწუხარებას არ შეუძლიათ ერთად იარონ, მაგრამ ქრისტიანულმა სამყარომ ტანჯვა გააიდეალა, ჯვარზე მოათავსა ის და ეთაყვანება, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენ ტანჯვას ვერაფრით დააღწევთ თავს გარდა ერთი განსაზღვრული კარისა. ასეთია საზოგადოების მთელი სტრუქტურა, რომელიც რელიგიური გრძნობების ექსპლუატაციაზეა დამყარებული.


ამდენად, როცა თქვენ სვამთ კითხვას „რა არის სიყვარული“, სავსებით შესაძლებელია, რომ პასუხის გეშინიათ. შეიძლება მან სრული გადატრიალება მოახდინოს თქვენში, შეიძლება თქვენი ოჯახი დაანგრიოს. თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მეუღლე ან ბავშვები არ გიყვართ. გიყვართ კი ისინი? შეიძლება ისე მოხდეს, რომ ნანგრევებად აქციოთ თქვენი აშენებული სახლი. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ტაძარში აღარასოდეს წახვიდეთ.


მაგრამ, თუ მაინც გექნებათ ამის გარკვევის სურვილი, თქვენ დაინახავთ, რომ შიში არ არის სიყვარული, სხვაზე დამოკიდებულება არ არის სიყვარული, ეჭვიანობა არ არის სიყვარული, ფლობა და დომინირება არ არის სიყვარული, პასუხისმგებლობა და მოვალეობა არ არის სიყვარული, თვითშეცოდება არ არის სიყვარული, სასოწარკვეთილება იმის გამო, რომ არ უყვარხართ, არ არის სიყვარული. სიყვარული არ არის სიძულვილის საპირისპირო, ისევე, როგორც თავმდაბლობა არ არის პატივმოყვარეობის საპირისპირო. ამდენად, თუ თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი თავიდან მოიშოროთ არა იძულებით, არამედ მათი ისე ჩარეცხვით, როგორც წვიმა ჩარეცხავს ხოლმე ფოთოლზე რამდენიმე დღის განმავლობაში გაჩენილ მტვერს, მაშინ, იქნებ თქვენ შეხვდეთ იმ საოცარ ყვავილს, რომელსაც ყოველთვის მონდომებით ეძებს ადამიანი.


თუ თქვენს ცხოვრებაში სიყვარული არ არის, თანაც არა პატარა წვეთებით, არამედ მთელი თავისი სიუხვით, თუ სავსე არ ხართ მისით, მაშინ სამყაროს უბედურება ელოდება. გონებით თქვენ იცით, რომ კაცობრიობის ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომ სიყვარული ერთადერთი გზაა ამისკენ. მაგრამ, ვინ გასწავლით თქვენს სიყვარულს? შეუძლია რომელიმე ავტორიტეტს, რომელიმე მეთოდს, რომელიმე სისტემას გითხრათ როგორ გიყვარდეთ? და თუ ვინმე გეტყვით, ეს სიყვარული არ იქნება. შეგიძლიათ თქვენ თქვათ: „მე სიყვარულში ვივარჯიშებ, დავჯდები მთელი დღეები და მასზე ვიფიქრებ, მე ვივარჯიშებ იმაში, რომ კეთილი და მორიდებული ადამიანი ვიყო და საკუთარ თავს ვაიძულებ ყურადღება გამოვიჩინო სხვების მიმართ?“ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ საკუთარ თავს დისციპლინას შეაჩვევთ, გაწვრთნით თქვენს ნებისყოფას იმისთვის, რომ გიყვარდეთ? როცა დისციპლინასა და ნებისყოფას იყენებთ იმისთვის, რომ გიყვარდეთ, სიყვარული ფანჯრიდან მიდის. როცა, რაღაც მეთოდს თუ სისტემას ნერგავთ იმისთვის, რომ გიყვარდეთ, თქვენ შეიძლება ძალიან კეთილი გახდეთ, უფრო კეთილი და არაძალადობის მდგომარეობას მიაღწიოთ, მაგრამ ამ ყველაფერს არაფერი საერთო არ აქვს სიყვარულთან.


უდაბნოდ ქცეულ ამ სამყაროში სიყვარული არ არსებობს, რადგან მასში პირველხარისხოვან როლს სიამოვნება და სურვილი თამაშობს. მაგრამ, სიყვარულის გარეშე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აზრი არა აქვს და არ შეიძლება იყოს სიყვარული, თუ არ არის სილამაზე. სილამაზე არ არის რაღაც, რასაც თქვენ ხედავთ – ლამაზი ხე, ლამაზი ნახატი, ლამაზი შენობა ან ლამაზი ქალი. სილამაზე არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენმა გულმა და გონებამ იციან რა არის სიყვარული. უსიყვარულოდ და სილამაზის გრძნობის გარეშე არ არსებობს სიკეთე და თქვენ მშვენივრად იცით, რომ რაც არ უნდა გააკეთოთ, გააუმჯობესოთ საზოგადოება, დააპუროთ ღარიბ-ღატაკნი, ამით კიდევ უფრო მეტ ბოროტებას შექმნით, რადგან უსიყვარულოდ თქვენი გული და გონება მახინჯი და უბადრუკია. მაგრამ, როცა არის სიყვარული და სილამაზე, ყველაფერი, რასაც არ უნდა აკეთებდეთ სწორია, ყველაფერი, რასაც არ უნდა აკეთებდეთ წესრიგია. თუ თქვენ იცით როგორ გიყვარდეთ, მაშინ შეგიძლიათ გააკეთოთ რაც მოგინდებათ, იმიტომ, რომ სიყვარული ყველა პრობლემას გადაჭრის.


ამრიგად, ჩვენ მივაღწიეთ მთავარ პუნქტს: შეუძლია თუ არა გონებას მივიდეს სიყვარულთან დისციპლინის, ფიქრის, იძულების, ყველანაირი წიგნის, ყველანაირი მასწავლებლის თუ ხელმძღვანელის გარეშე – მივიდეს მასთან ისე, როგორც მიდის მზის მშვენიერ დაისთან.


მე ვფიქრობ, რომ ამისათვის აბსოლუტურად აუცილებელია ერთი რამ – ვნება, ვნება მოტივის გარეშე, ვნება, რომელიც არ არის შედეგი რაიმე ვალდებულებისა ან მიჯაჭვულობისა, რომელიც არ არის ჟინი. ადამიანი, რომელმაც არ იცის რა არის ვნება, ვერასოდეს გაიგებს რა არის სიყვარული, იმიტომ, რომ სიყვარული მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩნდეს, როცა არსებობს აბსოლუტური თავდავიწყება.


გონება, რომელიც ეძებს, არ არის ვნებიანი გონება და ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება სიყვარულს მიაღწიოს, ეს არის მივიდეს მასთან ძიების გარეშე, უნებურად და არა რაღაც ძალისხმევისა თუ გამოცდილების შედეგად. ის სიყვარული, რომელსაც თქვენ იპოვით, დროსთან კავშირში არ არის. ის ერთდროულად მარადიულიცაა და უპიროვნოც, ერთიც არის და მრავალიც. ის ყვავილს ჰგავს, რომლის არომატიც თქვენ შეგიძლიათ შეისუნთქოთ, მაგრამ შეგიძლიათ არც შეამჩნიოთ ისე ჩაუაროთ გვერდი. ეს ყვავილი ყველასათვის არსებობს და ასევე იმისთვის, ვინც თავს ძალას დაატანს, ღრმად შეისუნთქავს მის არომატს და აღტაცებით შეხედავს მას. ყვავილისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმყოფება ადამიანი მასთან ახლოს ბაღში თუ ძალიან შორსაა. ყვავილი სავსეა არომატით და სუნს ყველას აფრქვევს.


სიყვარული – ეს რაღაც ახალია, ცინცხალი, ცოცხალი. მას არ აქვს გუშინდელი და ხვალინდელი დღე. ის მშფოთვარე გონების მიღმაა. მხოლოდ სუფთა გონებამ იცის რა არის სიყვარული და ამ სუფთა გონებას შეუძლია იარსებოს სამყაროში, რომელიც არ არის სუფთა. იმ ექსტრაორდინარული რაღაცის პოვნა, რომელსაც ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა დაუსრულებლად მსხვერპლშეწირვით, თაყვანისცემით, ურთიერთობებით, სექსით სიამოვნებისა და ტანჯვის ყველა ფორმით, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ფიქრი საკუთარი თავის გაგებასთან მივიდა და ბუნებრივად მივიდა დასასრულთან. მაშინ სიყვარულს არ აქვს საპირისპირო, მაშინ მასში არ არის კონფლიქტი.


თქვენ შეიძლება იკითხოთ: „თუ მე ასეთ სიყვარულს ვიპოვი, რა დაემართება ჩემს ცოლს, ბავშვებს, ოჯახს? მათ ხომ უსაფრთხოება სჭირდებათ?“ თუ ასეთ შეკითხვას დასვამთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არასდროს გასულხართ აზრის სფეროს მიღმა, ცნობიერების სფეროს მიღმა. თუ, თუნდაც ერთხელ ამ სფეროს მიღმა აღმოჩნდებით, თქვენ უკვე აღარასოდეს დასვამთ ასეთ შეკითხვას, იმიტომ, რომ გეცოდინებათ, რა არის სიყვარული, რომელშიც არ არის აზრები და რომელიც, შესაბამისად დროით არ იზომება. როცა ამას წაიკითხავთ, თავი შეიძლება დაჰიპნოზებულივითა და მოჯადოებულივით იგრძნოთ და, სინამდვილეში აღმოჩნდეთ ფიქრისა და დროის მიღმა, და, შესაბამისად, ტანჯვის საზღვრებს მიღმა, რაც იმას ნიშნავს გააცნობიეროთ, რომ არსებობს სხვა განზომილება – სიყვარულად წოდებული.


მაგრამ, თქვენ არ იცით როგორ მიხვიდეთ ამ უჩვეულო წყაროსთან. როგორ უნდა მოიქცეთ? თუ არ იცით რა გააკეთოთ, თქვენ არაფერს აკეთებთ. ასე არ არის? აბსოლუტურად არაფერს. მაშინ, შინაგანად თქვენს შიგნით სრული დუმილი ისადგურებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარ ეძებთ, აღარ გსურთ, აღარ მიისწრაფით, რომ აღარ არის არანაირი ცენტრი. მაშინ არსებობს სიყვარული.


კომენტარები