იმანუელ კანტი და მედიტაცია

იმანუელ კანტი და მედიტაცია

  • ავტორი:
  • December 19, 2020

ოშო – ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ოშოს წიგნიდან – „რა არის მედიტაცია?“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება.

იმანუელ კანტი ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი იყო ოდესმე არსებულ ფილოსოფოსთა შორის. მთელი თავისი ცხოვრება მან ერთ ქალაქში გაატარა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნებისმიერი ცვლილება დაარღვევდა მის ჭვრეტას – ახალი სახლი, ახალი ადამიანები... ყველაფერი უცვლელად უნდა დარჩენილიყო, რომ შესძლებოდა თავისუფლად ჭვრეტით გატაცება. ასე დარჩა იგი დაუქორწინებელი. ერთმა ქალმა ცოლობაც კი შესთავაზა, მაგრამ კანტმა უთხრა: „უნდა დავფიქრდე.“ სავარაუდოდ, ეს იყო ერთადერთი ასეთი შემთხვევა – ჩვეულებრივად ხელს სთხოვს მამაკაცი. სავარაუდოდ, ამ ქალმა დიდი ხანი იცადა და, როდესაც მიხვდა რომ ეს კაცი არ აპირებდა ხელის თხოვნას, თვითონ შესთავაზა ცოლად გაყოლა და რა უპასუხა კანტმა? „უნდა დავფიქრდე.“ იგი სამ წელიწადს ფიქრობდა ყველა მოსაზრებაზე ქორწინების სასარგებლოდ, მის საწინააღმდეგოდ და უბედურება იმაში იყო, რომ ყველა მოსაზრება ტოლმნიშვნელოვანი იყო, ისინი ერთმანეთს აწონასწორებდნენ და ანეიტრალებდნენ. მაშ ასე, სამი წლის შემდეგ ის წავიდა და ამ ქალის კარზე დააკაკუნა. იგი აპირებდა მისთვის ეთქვა შემდეგი: „ჩემთვის ძნელია დასკვნის გამოტანა, რადგან ყველა მოსაზრება, ქორწინების სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ, ერთნაირად არის დასაბუთებული და წონადი, არაფრის გაკეთება არ შემიძლია მანამდე, სანამ არ აღმოვაჩენ, რომ ერთი ვარიანტი უფრო ლოგიკური, მეცნიერული და ფილოსოფიურია, ვიდრე მეორე. ასე რომ, მაპატიე, ვინმე სხვას გაჰყევი ცოლად.“ კარი ქალის მამამ გაუღო. კანტმა ჰკითხა, შეუძლია თუ არა მისი ქალიშვილის ნახვა. მამამ უპასუხა: „თქვენ ძალიან გვიან მოხვედით: ის უკვე გათხოვდა, ბავშვიც კი ჰყავს. მაგარი ფილოსოფოსი ხართ: პასუხის სათქმელად სამი წლის შემდეგ მოხვედით!“


კანტმა თქვა: „ასეა თუ ისე, პასუხი არ იყო „კი“, მაგრამ შეგიძლიათ თქვენს ქალიშვილს გადასცეთ, რომ აქამდე ვერ გადავწყვიტე. ძალიან ვცდილობდი გადაწყვეტილების პოვნას, მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო: შემეძლო თავი მომეტყუებინა და მხოლოდ დადებითი მოსაზრებები წამომეწია წინ და უარყოფითი გამომეტოვებინა, მაგრამ თავის მოტყუება არ შემიძლია.“


ეს ადამიანი ყოველდღე უნივერსიტეტში დადიოდა ერთსა და იმავე დროს და ასწავლიდა. ადამიანები მისი მეშვეობით საათს ასწორებდნენ: დროის განსაზღვრა წამებში შეიძლებოდა – იგი საათის ისრებივით მოძრაობდა. მისი მსახური აცხადებდა არა „ბატონო, თქვენი საუზმე მზადაა“, არამედ „ბატონო, რვის ნახევარია“, „ბატონო, პირველის ნახევარია“. საჭირო არ იყო იმის თქმა, რომ სადილის დროა – პირველის ნახევარია... მხოლოდ დროის თქმა იყო საჭირო. 


ყველაფერი წუთებში იყო განაწილებული. იგი იმდენად იყო თავისი ფილოსოფოსობით გატაცებული, რომ სხვაზე დამოკიდებული გახდა – საკუთარი მსახურის პრაქტიკულად მსახური გახდა, რადგან მსახურს შეეძლო ნებისმიერ მომენტში დამუქრებოდა და ეთქვა: „მე მივდივარ“. მსახურმა კი იცოდა, რომ კანტს მის გარეშე დარჩენა არ შეეძლო. ერთხელ ეს უკვე მოხდა... მსახური ემუქრებოდა, და კანტმა უთხრა: „შეგიძლია წახვიდე. მეტისმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. გგონია, რომ შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, რომ სხვა მსახურს ვერ ვიპოვი?“


მსახურმა უპასუხა: „სცადეთ!“


მაგრამ სხვა მსახურთან საქმე ვერ აეწყო, იმიტომ რომ მსახურს თავშიც კი არ მოსვლია, რომ დრო უნდა გამოეცხადებინა. იგი ამბობდა: „ბატონო, სადილი მზად არის“, – და ეს საკმარისი იყო კანტის დამწუხრებისთვის. კანტი დილით ადრე უნდა გაეღვიძებინა, ხუთ საათზე, და მსახურს ასეთი მითითებები ჰქონდა მიცემული: „რომ გცემდე კიდეც და გიყვირებდე: „გაეთრიე, მაცალე ძილი!“ – არ უნდა წახვიდე. თუ ჩემი ცემაც კი დაგჭირდა, მცემე და საწოლიდან ამომიყვანე. ხუთ საათზე, ე.ი. ხუთ საათზე, თუ ხუთზე გვიან ავდექი, ამაზე პასუხს შენ აგებ. ყველაფრის გაკეთების უფლება გაქვს, რასაც კი მოინდომებ და მე ვერ შეგეწინააღმდეგები იმიტომ, რომ ზოგჯერ ძალიან ცივა და ძილი მინდა... მაგრამ ეს წუთიერი სისუსტეა, შენ ეს არ უნდა გაღელვებდეს. შენ უნდა დროზე გეჭიროს თვალი და ჩემი ყველა ბრძანება ასრულო, და როცა მძინავს, არ უნდა გაღელვებდეს ის, რასაც გეუბნები. შეიძლება გითხრა: „წადი! – ახლავე ავდგები“. მაგრამ არ უნდა წახვიდე, ლოგინიდან ზუსტად დილის ხუთ საათზე ამაყენო.“


კანტსა და მის ძველ მსახურს შორის ბევრჯერ მომხდარა მუშტი-კრივი: მსახური სცემდა მას და ლოგინიდან ადგომას აიძულებდა. ახალ მსახურს ამის კეთება არ შეეძლო, როგორ უნდა ეცემა თავისი ბატონი? თვითონ ბრძანება აბსურდად ეჩვენებოდა. „თუ ძილი გინდათ, იძინეთ; თუ ადგომა გინდათ, ადექით. შემიძლია ხუთ საათზე გაგაღვიძოთ, მაგრამ ძალიან უცნაურად მეჩვენება ის, რომ ჩვენ ცემა-ტყეპა უნდა გავმართოთ“. ამიტომ, სხვა მსახურებს არ შეეძლოთ შეგუება. კანტი იძულებული იყო, რომ ძველ მსახურთან წასულიყო და დაბრუნება ეთხოვა: „დაბრუნდი და არც კი გაივლო თავში ფიქრი, რომ ჩემზე წინ მოკვდე, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის მოკვლა მომიწევს.“ და ყოველ ჯერზე, როცა ასეთი რამ ხდებოდა, მსახური ხელფასის მომატებას ითხოვდა. ასე ცხოვრობდნენ ისინი. 


ერთხელ, როდესაც კანტი უნივერსიტეტში მიდიოდა, წვიმდა და მისი ერთი ტუფლი ტალახში ჩაეფლო. მან იგი იქ დატოვა იმიტომ, რომ მისი ტალახიდან ამოღება რომ ეცადა, რამდენიმე წუთს დააგვიანებდა, ეს კი მიუღებელი იყო. აუდიტორიაში ცალი ტუფლით მივიდა. სტუდენტებმა გაკვირვებით შეხედეს და ჰკითხეს: „რა მოხდა?“ მან უპასუხა: „უბრალოდ ტუფლი ტალახში ჩაეფლო, მაგრამ ჩემთვის დაგვიანება არ შეიძლება: ბევრი ადამიანი ჩემზე საათს ასწორებს. ჩემი ტუფლი არც ისეთი მნიშვნელოვანია. როცა სახლში დავბრუნდები, ავიღებ მას – ვინ უნდა მოიპაროს ცალი ტუფლი?“


აი, ასე დაკარგეს ამ ადამიანებმა სარი აზრი – ისინი სხვა სამყაროში ცხოვრობენ. თავის თეორიულ სამყაროში კანტი უკიდურესად ლოგიკურია; მისი ლოგიკა წუნდაუდებელია, მაგრამ ცხოვრებაში... იგი უბრალოდ შეშლილია. ვიღაცამ მეზობლად სახლი იყიდა და კანტი ავად გახდა, მძიმედ გახდა ავად. ექიმებს ვერ გაეგოთ, რაში იყო საქმე იმიტომ, რომ ისე ჩანდა, რომ არავითარი დაავადება არ არის, მაგრამ კანტი თითქმის სიკვდილის პირას იყო – რაიმე მიზეზის გარეშე. 


მასთან მოსულმა ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა: „ყველაფერი ნათელია. რამდენადაც მესმის, მეზობელ სახლში გაჩნდნენ მაცხოვრებლები და მათ ხეები ისე დარგეს, რომ, როცა გაიზარდა, ხეებმა კანტის ფანჯარა დაფარა. ეს კი მისი უცვლელი დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი იყო: მზის ჩასვლის დროს ის ფანჯარასთან დგებოდა და ჩამავალ მზეს უყურებდა, ახლა კი ხეები გაიზარდა და ფანჯარა გადაფარა. აი, ეს არის მისი ავადმყოფობის ერთადერთი მიზეზი: დაირღვა მისი განრიგი – დაირღვა მთელი მისი ცხოვრება.“


კანტი ადგა და თქვა: „მეც ვფიქრობდი, რომ რაღაც საქმე ისე ვერ არის, რატომ გავხდი ავად? – ექიმები ამბობენ, რომ არავითარი დაავადება არ არის, თუმცა მე სიკვდილის პირას ვარ. მართალი ხარ, ეს ყველაფერი ამ ხეების გამოა – იმ დროიდან, როგორც კი გაიზარდა, მზის ჩასვლას ვეღარ ვხედავდი. რაღაც მაკლდა, მაგრამ ვერაფრით გამეგო, რა.“ მეზობლებს სთხოვეს, რომ მათ ხეები მოეჭრათ და ისინი დასთანხმდნენ. თუ ხეების გამო შეიძლება ასეთი დიდი ფილოსოფოსი მოკვდეს... მათ მოჭრეს ხეები. 


მისი განრიგი დარღვეულ იქნა. ეს უკანასკნელი რომ წუნდაუდებელი ყოფილიყო, მაშინ კანტს აბსოლუტურად თავისუფლად შეეძლო ჭვრეტით გატაცება. მას უნდოდა, რომ მისი ცხოვრება მთლიანად რობოტიზირებული ყოფილიყო, რომ მისი გონება სრულიად თავისუფალი ყოფილიყო ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმეებისგან, მაგრამ რელიგია არ არის ჭვრეტა და ეს არ არის კონცენტრაცია არამედ, ეს არის მედიტაცია. თუმცა, მედიტაცია უნდა გესმოდეთ სიტყვა „დჰიანას“ მნიშვნელობით იმიტომ, რომ, ინგლისური სიტყვა „Meditation“ რამდენადმე სხვა მნიშვნელობას გამოხატავს. თავიდან სცადეთ გაიგოთ, რას ნიშნავს ის ინგლისურ ენაში, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როცა იტყვით „Meditation“, შეიძლება კითხვა დაგისვან: „რაზე? რაზე ახდენთ მედიტირებას?“ ამისათვის ხომ უნდა იყოს ობიექტი, არადა თვითონ სიტყვა გულისხმობს რაღაც ობიექტს: მე ვმედიტირებ სილამაზეზე, ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ თქვათ: „ვმედიტირებ“, – ინგლისურ ენაში ეს წინადადება დაუმთავრებლად ჩაითვლება. აუცილებელია ითქვას რაზე – რაზე მედიტირებთ? და სწორედ ამაშია პრობლემა. 

 

„დჰიანა“ ნიშნავს „მედიტაციაში ვიმყოფები“ – არც კი ვმედიტირებ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, „მე ვარ მედიტაცია“ – აი, ეს არის სიტყვა „დჰიანას“ მნიშვნელობა. ამიტომ, როდესაც ჩინეთში ვერ მონახეს სათანადო სიტყვა, ბუდისტური სიტყვა „ჯჰანა„ ისესხეს. ბუდა ამბობდა „ჯჰანა“ – ასე ჟღერს პალის ენაზე „დჰიანა“. ბუდა ლაპარაკობდა უბრალო ადამიანების ენაზე, ეს იყო მისი რევოლუციის ნაწილი იმიტომ, რომ, როგორც ის ამბობდა, „რელიგია უნდა ხმარობდეს ჩვეულებრივ, უბრალო ენას, რომ სამღვდელოების გაუქმება ყოფილიყო შესაძლებელი მისი არასაჭიროების გამო. ადამიანებს ესმით თავიანთი საღმრთო წერილები, ადამიანებს ესმით თავიანთი სუტრები, ადამიანებს ესმით ის ყველაფერი რასაც ისინი აკეთებენ და მღვდელში არავითარი აუცილებლობაა.“ მღვდელი საჭიროა იმიტომ, რომ ის სხვა ენას ხმარობს, რომლის ხმარებაც ადამიანებს არ შეუძლიათ და ის განაგრძობს და თავს ახვევს იდეას, რომ სანსკრიტი ღვთაებრივი ენაა, რომ სანსკრიტულ ენაზე კითხვა ყველასთვის არ არის ნებადართული – ეს სპეციალური ენაა, როგორც ექიმების ენა. როდესმე გიფიქრიათ ამაზე? რატომ გამოწერენ წამლებს ექიმები ყოველთვის ლათინურ ან ბერძნულ ენაზე? ეს რა სისულელა? მათ არ იციან არც ლათინური, არც ბერძნული ენა, მაგრამ მათი წამლების დასახელება ყოველთვის ლათინურ ან ბერძნულ ენაზეა და ეს ისეთივე ფოკუსია, რასაც სამღვდელოება იყენებს. 


უბრალო ადამიანების ენაზე რომ წერონ, მაშინ იმდენ ფულს ვეღარ აიღებენ თქვენგან, რამდენსაც ახლა იღებენ იმიტომ, რომ ეტყვით: „ჩემგან, ამ რეცეპტში იღებთ ოც დოლარს?“ და მეაფთიაქეც ვერ აიღებს ბევრ ფულს მომსახურებისთვის იმიტომ, რომ იციან, რომ ამის ყიდვა ბაზარში სულ რაღაც ერთ დოლარად შეიძლება, ისინი კი ორმოცდაათს ითხოვენ. მაგრამ ლათინურ ან ბერძნულ ენაზე თქვენ არ იცით, რა არის ეს. თუ ისინი დაწერენ სიტყვას „ხახვი“, მაშინ თქვენ ეტყვით: „თქვენ რა, ხუმრობთ?“ მაგრამ თუ ეს ლათინურ ან ბერძნულ ენაზეა დაწერილი, ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს ეს, მხოლოდ ექიმი ან მეაფთიაქეა საქმის კურსში. და მათი წერის მანერაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საჭიროა ისე დაწერონ, რომ წაკითხვა ვერ შეძლოთ. მისი წაკითხვა რომ შეძლოთ, ლექსიკონში ჩაიხედავთ და გაარკვევთ, რას ნიშნავს მათ მიერ დაწერილი სიტყვა. საჭიროა, რომ სრულიად გაურკვევლად იყოს დაწერილი, რომ ვერაფერი გაიგოთ. სინამდვილეში, ხშირად მეაფთიაქემ თვითონაც არ იცის, რა წერია რეცეპტში, მაგრამ არავის უნდა თავისი უმეცრების გამოჩენა, ამიტომ რაღაცას მაინც მოგცემთ.


ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა. ერთმა ადამიანმა თავისი ოჯახის ექიმისგან წერილი მიიღო, ეს იყო თავისი ქალიშვილის ქორწილში მიწვევა, მაგრამ ექიმმა ჩვეულებისამებრ თავის ჩვეულ მანერაში დაწერა და ამ ადამიანმა წერილი ვერ წაიკითხა. იფიქრა, რომ უკეთესი იქნებოდა შემდეგნაირად მოქცეულიყო: „წავალ მეაფთიაქესთან, იმიტომ რომ ეს შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი იყოს. პირდაპირ ექიმთან რომ წავიდე, ის იფიქრებს, რომ მე საერთოდ უწიგნური ვარ. ასე რომ, უკეთესი იქნება, თუ მეაფთიაქესთან წავალ“. მან ეს წერილი მეაფთიაქეს მისცა, რომ მას წაეკითხა. მეაფთიაქე წერილთან ერთად გაუჩინარდა და ათი წუთის შემდეგ ორი ბოთლით ხელში დაბრუნდა. რას შვრებით, ეს იყო წერილი და არა რეცეპტი.“


„ღმერთო ჩემო! – წამოიძახა მეაფთიაქემ. – ეს წერილი იყო?“ მაგრამ მან იფიქრა, რომ საქმრო და საპატარძლო ეს არის ორი ბოთლი. ამიტომ, რაღაც მიქსტურა მოამზადა და ორი ბოთლით გამოიტანა.


ბუდა პროტესტს გამოთქვამდა სანსკრიტის წინააღმდეგ და პალი გამოიყენა. პალის ენაზე „დჰიანა“ არის „ჯჰანა“. „ჯჰანა“ ჩინეთამდე მივიდა და „ჩან“-ად იქცა. მათ არ ჰქონდათ სხვა სიტყვა, ამიტომ მათ ეს აიღეს, მაგრამ ყოველ ენაში თავისი გამოთქმაა – ის გახდა „ჩან“. როდესაც მან იაპონიამდე მიაღწია, გახდა „ძენ“, მაგრამ ეს არის „დჰიანა“, ისევ ის სიტყვა და ჩვენ ვიყენებთ სიტყვას – „მედიტაცია„ „დჰიანას“ მნიშვნელობით, ასე რომ ეს არ არის მედიტაცია რაიმეზე. 


ინგლისურ ენაში მედიტაცია არის რაღაც საშუალო კონცენტრაციასა და ჭვრეტას შორის. კონცენტრაცია წერტილოვანია, ჭვრეტას ფართო სფერო აქვს, მედიტაცია კი ამ სფეროს ნაწილია. როდესაც გარკვეულ საგანს უმზერთ და არის რამდენიმე საგანი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს, მაშინ თქვენ მედიტირებთ. აი, რას ნიშნავს მედიტაცია ინგლისურ ენაში: კონცენტრაცია და ჭვრეტა ორი პოლუსია, მედიტაცია ზუსტად შუაში იმყოფება. მაგრამ, ამ სიტყვას მისი ინგლისური გაგებით არ ვხმარობთ, ჩვენ მას სრულიად ახლ მნიშვნელობას ვაძლევთ. ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ყოველთვის მომწონდა, ის ახსნის, რა არის მედიტაცია. 

 

სამი მეგობარი დილით სასეირნოდ წავიდა მათ ბორცვზე მდგარი ბუდისტი ბერი დაინახეს და უსაქმურობის გამო მსჯელობა დაიწყეს, რით იყო ის დაკავებული. ერთმა თქვა:

 

–– როგორც აქედან ჩანს, ის ვიღაცას ელოდება. შეიძლება მისი მეგობარი ჩამორჩა და მას ელოდება. 


მეორე შეეპასუხა:


–– მას რომ ვუყურებ, ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ, როცა ვინმე ჩამორჩენილ მეგობარს ელოდება, დროდადრო უკან იხედება, რომ ნახოს, მოვიდა თუ არა ის, და კიდევ რამდენი ხანი უნდა იცადოს. ეს ადამიანი კი უკან არ იყურება – ის უბრალოდ დგას. არ ვფიქრობ, რომ ვიღაცას ელოდება, მგონია, რომ ამ ბუდისტ ბერებს ძროხები ჰყავთ.(იაპონიაში ბერებს ძროხები ჰყავთ რძის გამო დილის ჩაისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულნი იქნებიან დილით ადრე ფინჯანი ჩაი ითხოვონ როგორც მოწყალება. ძენის ბერები კი ჩაის ხუთ-ექვსჯერ მაინც სვამენ დღეში: ეს თითქმის ისეა, როგორც სულიერი პრაქტიკა იმიტომ, რომ ჩაი სიმხნევეს იძლევა, ზრდის სიფხიზლეს, შეცნობილობას; ამიტომაც ჰყავთ მონასტერში ძროხა).


მან თქვა:


–– მგონია, რომ ძროხა დაეკარგა, ალბათ სადღაც წავიდა ბალახის საჭმელად, ის კი უბრალოდ ეძებს მას.

 
მესამე მეგობარმა თქვა: 


–– ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ, როცა ვინმე ძროხას ეძებს, არ დგას კერპივით, აქეთ-იქით დადის და გარშემო იყურება. ეს კი თავს არც კი აბრუნებს. თავი კი არა და თვალებიც კი ნახევრად დახუჭული აქვს. 


ისინი ბერთან იმდენად ახლოს მივიდნენ, რომ საკმაოდ გარკვევით შეეძლოთ მისი დანახვა. მაშინ მესამე ადამიანმა თქვა: 


–– როგორც ჩანს, არ ხართ სწორი. ვფიქრობ, რომ ის მედიტირებს. მაგრამ როგორ გადავწყვიტოთ, ჩვენ შორის ვინ არის სწორი?


–– არ არის პრობლემა. მასთან უკვე ახლოს მივედით. მივიდეთ და ვკითხოთ. პირველმა ადამიანმა ბერს ჰკითხა:


–– თქვენ ჩამორჩენილ მეგობარს ელოდებით?


ბუდისტმა ბერმა თვალი გაახილა და წარმოთქვა: 


–– ველოდები? მე არასოდეს არაფერს ველოდები. ლოდინი რაც არ უნდა იყოს ჩემს რწმენას ეწინააღმდეგება.


–– კარგით. უბრალოდ მითხარით, ვინმეს ელოდებით?


–– ჩემი რელიგია მასწავლის, რომ მომდევნო წამშიც კი არ უნდა იყო დარწმუნებული. როგორ უნდა ველოდო? სად არის დრო იმისათვის რომ ველოდო? – არ ველოდები.


–– კარგით, არ ელოდებით, მე არ ვიცი თქვენი ენა. უბრალოდ მითხარით, მეგობარი ჩამოგრჩათ?


–– კვლავ თქვენსას ამბობთ. ამ სამყაროში არ მყავს არც მეგობრები, არც მტრები – იმიტომ რომ, ისინი განუყოფელნი არიან. არ შეიძლება ერთი მეორისგან გამოვყოთ. განა ვერ ხედავთ, რომ მე ბუდისტი ბერი ვარ? მე არ მყავს მეგობრები, არ მყავს მტრები. ასე რომ, ნუ მაწუხებთ და თქვენს გზაზე წადით. 


მეორე მეგობარმა იფიქრა: „ახლა, იმედია, რომ მე ვარ სწორი“. მან თქვა: 


–– სწორედ ამას ვეუბნებოდი მას: „სისულელეს ლაპარაკობ! ის არ ელოდება – ის ბუდისტური ბერია, მას არ ჰყავს არც მეგობრები, არც მტრები“. თქვენ მართალი ხართ, მე მგონია, რომ ძროხა დაგეკარგათ. 


ბერმა უპასუხა:


–– თქვენ უფრო სულელი ხართ, ვიდრე პირველია. ჩემი ძროხა? ბუდიტი ბერი არაფერს ფლობს და რატომ უნდა ვეძებო სხვისი ძროხა? – არავითარი ძროხა არ მყავს.

 

მეორე მეგობარი ძალიან შეცბუნდა და არ იცოდა, რა ეთქვა. მესამემ იფიქრა: „ახლა მხოლოდ ის რჩება, რაც მე ვთქვი“. მან წარმოთქვა: 


–– ვხედავ, რომ მედიტირებთ.

 
ბერმა უპასუხა: – სისულელეა! მედიტაცია არ არის მოქმედება. არ შეიძლება მედიტირება, მედიტაციად ყოფნა შეიძლება მხოლოდ. გულწრფელად გეტყვით, ბიჭებო, მე უბრალოდ არაფერს ვაკეთებ. ვდგავარ და არაფერს ვაკეთებ, გაქვთ რამე საწინააღმდეგო?

 
მათ უპასუხეს:


–– არა, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ ამაში არავითარი აზრი არ არის – იდგე და არაფერი აკეთო.


–– მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს მედიტაცია: იჯდე და არაფერი აკეთო _ არც სხეულით, არც გონებით. 

 

როგორც კი რამის კეთებას იწყებთ, მაშინვე ვარდებით ჭვრეტაში, კონცენტრაციაში, ან მოქმედებაში, მაგრამ ამასთანავე, თქვენ ცენტრს შორდებით. როდესაც სრულიად არაფერს აკეთებთ – არც ფიზიკურად, არც მენტალურად, არავითარ სხვა დონეზე, – როდესაც მთელი მოღვაწეობა წყდება და უბრალოდ ხართ, – სწორედ ეს არის მედიტაცია. არ შეგიძლიათ მისით დაკავდეთ, არ შეგიძლიათ მისი პრაქტიკაში გამოყენება, აუცილებელია უბრალოდ მისი გაგება. 


როგორც კი დრო გამოგიჩნდებათ იმისათვის, რომ უბრალოდ იყოთ, გადააგდეთ ყველა კეთება. აზროვნებაც კეთებაა, კონცენტრაციაც კეთებაა, ჭვრეტაც კეთებაა. სულ ერთი წუთის განმავლობაშიც კი, თუ არაფერს აკეთებთ და უბრალოდ იმყოფებით თქვენს ცენტრში სრულიად მოშვებული, ეს არის მედიტაცია და როგორც კი ამას ისწავლით, რამდენიც გინდათ, იმდენ ხანს შეძლებთ ამ მდგომარეობაში დარჩენას; ბოლოს და ბოლოს, ამ მდგომარეობაში დღე-ღამის განმავლობაში შეძლებთ ყოფნას. როგორც კი გაიგებთ, რა სახით შეძლებს თქვენი არსი უშფოთველად დარჩენას, მაშინ თანდათან შეძლებთ რაიმე მოქმედებების შესრულებას, და ამასთან, გააცნობიერებთ, რომ თქვენი არსი უშფოთველი რჩება. ეს არის მედიტაციის მეორე ნაწილი თავიდან ისწავლოთ უბრალოდ ყოფნა, ამის შემდეგ კი ისწავლოთ მცირე მოქმედებების შესრულება: იატაკის რეცხვა, შხაპის მიღება, მაგრამ ამასთან ცენტრირებული დარჩეთ. ამის შემდეგ, რთული მოქმედებების შესრულება შეიძლება დაიწყოთ. მაგალითად, მე თქვენთან ვსაუბრობ, მაგრამ ჩემი მედიტაცია არ ირღვევა. შემიძლია ვილაპარაკო, ვილაპარაკო და ვილაპარაკო, მაგრამ ჩემს ცენტრში სულ მცირე მოძრაობაც კი არ არის, იქ მდუმარებაა, აბსოლუტური სიჩუმეა. ამრიგად, მედიტაცია მოქმედების წინააღმდეგი არ არის. იგი არ ნიშნავს, რომ ცხოვრებას უნდა გაექცეთ, არამედ იგი მხოლოდ ცხოვრების ახალ სახეს გასწავლით – თქვენ ციკლონის ცენტრი ხდებით; თქვენი ცხოვრება გრძელდება, იგი უფრო ინტენსიური ხდება – მასში ჩნდება მეტი სიხარული, ნათელი, გამჭრიახობა, შემოქმედება – მიუხედავად ამისა, თქვენ განდგომილობას ინარჩუნებთ, უბრალოდ დამკვირვებელი ხართ ბორცვის მწვერვალზე და ყველაფერს ხედავთ, რაც გარშემო ხდება. თქვენ არ ხართ მკეთებელი, თქვენ დამკვირვებელი ხართ. სწორედ ამაში მდგომარეობს მედიტაციის მთელი საიდუმლო – თქვენ ხდებით დამკვირვებელი. კეთება გრძელდება თქვენს საკუთარ დონეზე და ეს არ არის პრობლემა. შეშის დაჩეხვა, ჭიდან წყლის ამოღება... შეგიძლიათ თქვენი ყველა პატარა და დიდი საქმეები აკეთოთ, მხოლოდ ერთი რამ არის დაუშვებელი – არ უნდა დაკარგოთ თქვენი ცენტრირებულობა. შეცნობილობა, სიფხიზლე აბსოლუტურად ნათელი უნდა დარჩეს და არა ბუნდოვანი.

 
მედიტაცია ძალიან უბრალო მოვლენაა. კონცენტრაცია ძალიან რთულია, ეს დამქანცველია, იმიტომ რომ თავს მუდამ ძალა უნდა დაატანო. ჭვრეტა უფრო უბრალოა, იმიტომ რომ, ცოტა უფრო მეტი სივრცე გაქვთ მოძრაობისთვის. არ ძვრებით ვიწრო ხვრელში, რომელიც სულ უფრო და უფრო ვიწრო ხდება. 


კონცენტრაციას გვირაბის ხედვა აქვს. როდისმე გიცქერიათ გვირაბის გამჭოლ? იმ მხრიდან, საიდანაც უცქერთ, ის დიდია. მაგრამ, თუ გვირაბის სიგრძე ორი მილია, მისი მოპირდაპირე მხარე სინათლის სულ პატარა მრგვალი ლაქაა; რაც უფრო გრძელია გვირაბი, მით უფრო პატარაა მისი მოპირდაპირე მხარე; რაც უფრო დიდია მეცნიერი, მით უფრო გრძელია გვირაბი. მან ყურადღება უნდა მოკრიბოს, ეს კი ყოველთვის დიდ დაძაბვას მოითხოვს. 


კონცენტრაცია გონების არაბუნებრივი მდგომარეობაა. გონება არის მაწანწალა. მას მოსწონს ერთი საგნიდან მეორეზე გადაადგილება. მას მუდამ აღიზიანებს ყველაფერი ახალი. კონცენტრაციაში გონება თითქმის ისეა, როგორც ციხეში.

 


კომენტარები