ჯიდუ კრიშნამურტი – ინდოელი ფილოსოფოსი. იგი წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ჯიდუ კრიშნამურტის წიგნიდან „თავისუფლება ცნობილისგან“.
საუკუნეების განმავლობაში ადამიანი ეძებდა რაღაცას საკუთარი თავის მიღმა, მატერიალური კეთილდღეობის მიღმა – იმას, რასაც ჩვენ ჭეშმარიტებას, ღმერთს, ან რეალობას ვეძახით – მდგომარეობა დროის საზღვრებს მიღმა – რაღაცას, რაც მიუწვდომელია გარემოებების, აზრებისა და ადამიანური გახრწნილებისათვის. და ადამიანი ყოველთვის უსვამდა საკუთარ თავს შეკითხვას: რა არის ამ ყველაფრის აზრი? და საერთოდ, აქვს ადამიანის ცხოვრებას რაიმე აზრი? როცა ხედავს საშინელ არეულ-დარეულობას, აჯანყებებს, ომებს, დაუსრულებელ დაყოფას რელიგიის, იდეოლოგიის საფუძველზე, ნაციონალურ პრობლემებს, ადამიანი საშინელ იმედგაცრუებას გრძნობს, მას სრული კატასტროფის შეგრძნება უჩნდება და სვამს კითხვას რა გააკეთოს, რა არის ის, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით და არის თუ არა რაღაც იმის იქით.
როცა ათასობით დასახელებას შორის ვერ პოულობდა იმ რაღაცას, რასაც ყოველთვის ეძებდა, ადამიანი ნერგავდა რწმენას, მხსნელის რწმენას, იდეალს, რწმენა კი გარდაუვალად შობდა ძალადობას. ამ გამუდმებულ ბრძოლაში, რასაც სიცოცხლეს ვეძახით, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ერთგვარი კოდექსი ქცევისა, იმ საზოგადოებისთვის შესაფერისი, რომელშიც აღვიზარდეთ, იქნება ეს კომუნისტური საზოგადოება თუ ეგრეთ წოდებული „თავისუფალი საზოგადოება“. ჩვენ ვიცავთ გარკვეულ სტანდარტს ქცევისა, ჩვენი ტრადიციის ნაწილს რომ წარმოადგენს – ინდუისტურს, მუსულმანურს, ქრისტიანულს, თუ კიდევ რომელიმე სხვას. ჩვენ ვეძებთ მას, ვინც გვეტყვის რომელი საქციელია სწორი და რომელი არასწორი, რომელი აზრია სწორი და რომელი არასწორი და ვცხოვრობთ რა ქცევების ამ ნიმუშებით, ჩვენი აზროვნება მექანიკური ხდება, ჩვენი რეაქცია – ავტომატური. ამას ძალიან ადვილად შეგვიძლია დავაკვირდეთ საკუთარ თავში.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენ მუდმივი მეურვეობა გვჭირდებოდა ჩვენი მასწავლებლებისგან, ჩვენი ავტორიტეტებისგან, ჩვენი წიგნებისგან, ჩვენი წმინდანებისგან. ჩვენ ვამბობთ: „მომიყევით იმის შესახებ, თუ რა არის ამ ბორცვების, ამ მთების, ამ მიწის იქით“. და ვკმაყოფილდებით, როცა აღგვიწერენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სიტყვებით ვცხოვრობთ და ჩვენი ცხოვრება ზედაპირული და ცარიელია. ჩვენ მეორადი ადამიანები ვართ. ვცხოვრობთ ისე, როგორც გვეუბნებიან – ან ჩვენი მიდრეკილებებით და ლტოლვებით, ან გარემოებებს და ჩვენს გარემომცველ სამყაროს ვემორჩილებით. ჩვენ ვართ შედეგი სხვადასხვა სახის გავლენებისა და ჩვენში არ არის არაფერი ახალი, არაფერი ისეთი, რაც ჩვენ თვითონ აღმოვაჩინეთ, არაფერი ორიგინალური, სუფთა, პირველქმნილი.
მთელი ისტორიის მანძილზე იდეოლოგები და რელიგიური ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ თუ რაღაც გარკვეულ რიტუალებს შევასრულებდით, რაღაც ლოცვებს თუ მანტრებს გავიმეორებდით, რაღაც წესებით ვიცხოვრებდით, ჩვენს სურვილებს დავთრგუნავდით, ჩვენს ფიქრებს გავაკონტროლებდით, ჩვენი ლტოლვები ამაღლებული გახდებოდა, მადას ზღვარს დავუდებდით და სექსუალურ მოთხოვნილებებისგან თავს შევიკავებდით, მაშინ, იმის შემდეგ, რაც საკმარისად გავტანჯავდით საკუთარ გულს და გონებას, ვიპოვიდით რაღაცას ამ ხანმოკლე სიცოცხლის იქით. და ეს არის ის, რასაც აკეთებდა მილიონობით ეგრეთ წოდებული რელიგიური ადამიანი საუკუნეების განმავლობაში ან მარტოობაში – უდაბნოში, მთაში, გამოქვაბულში, სოფლიდან სოფელში ხეტიალით მათხოვრის ფიალით, ან რაღაც ჯგუფში ერთიანდებოდნენ და მონასტერში მიდიოდნენ, საკუთარ თავს აიძულებდნენ დადგენილ ნიმუშებს შეგუებოდნენ. მაგრამ გატანჯული, გატეხილი გონება, გონება, რომელსაც სურს ყოველგვარ ამაოებას გაექცეს, რომელმაც გარე სამყარო უარყო და დაჩლუნგდა დისციპლინისა და შეგუების გამო – ასეთი გონება რაც არ უნდა დიდხანს ეძიოს, მხოლოდ იმას იპოვის, რაც მის დამახინჯებულ წარმოდგენებს შეესაბამება.
ამრიგად, იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ არსებობს თუ არა სინამდვილეში რაღაც ამ მშფოთვარე, შიშით და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების მიღმა, როგორც მე მესმის, აუცილებელია სრულიად განსხვავებული მიდგომა. ტრადიციული მიდგომა გულისხმობს მოძრაობას პერიფერიიდან შიგნით, ცენტრისაკენ, იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში, უარის თქმის პრაქტიკის შედეგად, თანდათან მივიდეთ შინაგან ყვავილობამდე, შინაგან სილამაზემდე და სიყვარულამდე – ფაქტობრივად კი, ასეთი მიდგომისას კეთდება ყველაფერი, რათა გახდე შეზღუდული, წვრილმანი და უბადრუკი. როცა ადამიანი თანდათან იწმინდება, ერთიმეორის მიყოლებით იშორებს შრეებს იმის იმედით, რომ სასურველს ხვალ მიაღწევს, მომდევნო ცხოვრებაში მიაღწევს, ის, ბოლოს და ბოლოს, უახლოვდება იმ ცენტრს და აღმოაჩენს, რომ იქ არაფერი არ არის, იმიტომ, რომ მისი გონება უძლური, ჩლუნგი და უგრძნობი გახდა.
როცა ამ პროცესს აკვირდები, საკუთარ თავს ეკითხები ხომ არ არსებობს სრულიად განსხვავებული მიდგომა, ანუ ხომ არ არის შესაძლებელი აფეთქება ცენტრიდან.
მსოფლიო ტრადიციულ მიდგომას იღებს და მას მისდევს. საკუთარ თავში უწესრიგობის მთავარი მიზეზი არის ვიღაც სხვის მიერ აღთქმული რეალობის ძებნა. ჩვენ მექანიკურად მივყვებით ვიღაცას, ვინც კომფორტულ სულიერ ცხოვრებას გვპირდება. ყველაზე დაუჯერებელი ის არის, რომ თუმცა ადამიანების უმრავლესობა პოლიტიკურ ტირანიას და დიქტატურას ეწინააღმდეგება, ჩვენ შინაგანად ვიღებთ ავტორიტეტს და ტირანიას, ნებას ვაძლევთ ვიღაცას დაამახინჯოს ჩვენი ტვინი და ჩვენი ცხოვრების გზა. მაგრამ, თუ ჩვენ მთლიანად, არა ინტელექტუალურად, არამედ ფაქტობრივად, უარვყოფთ ყველა ეგრეთ წოდებულ სულიერ ავტორიტეტს, ყველა ცერემონიალს, რიტუალს და დოგმას – ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარტო დავრჩებით და უკვე კონფლიქტში ვიქნებით საზოგადოებასთან, რესპექტაბელური აღარ ვიქნებით მათ თვალში. რესპექტაბელურ ადამიანს არ შეუძლია ამ უსაზღვრო, განუზომელ რეალობას მიუახლოვდეს.
ვთქვათ ჩვენ ვიწყებთ რაღაც აბსულუტური ტყუილის – ტრადიციული მიდგომის – უარყოფით, მაშინ, თუ თქვენი უარყოფა მხოლოდ რეაქციაა, თქვენ შექმნით მხოლოდ სხვა შაბლონს, რომელიც მხოლოდ მახე იქნება, თუ საკუთარ თავს მხოლოდ ინტელექტუალურად დაარწმუნებთ, რომ ეს უარყოფა ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ უფრო შორს წასვლას ვერ შეძლებთ. ხოლო თუ თქვენ ამ მიდგომას იმიტომ უარყოფთ, რომ გესმით მისი უაზრობა და უმწიფრობა, თუ თქვენ უკუაგდებთ მას მძლავრი გონებით, იმიტომ, რომ თავისუფალი ხართ და არ გეშინიათ, თქვენ საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დიდ მღელვარებას შექმნით, მაგრამ ამით გამოხვალთ რესპექტაბელობის მახიდან. მაშინ თქვენ აღმოაჩენთ, რომ უკვე აღარ ეძებთ. აი პირველი რამ, რაც თქვენ ისწავლეთ – არ ეძიოთ. როცა ეძებთ, თქვენ ფაქტობრივად უბრალოდ ვიტრინებს ათვალიერებთ.
საკითხი იმის შესახებ – არსებობს თუ არა ღმერთი, თუ ჭეშმარიტება, თუ რეალობა, თუ როგორც არ უნდა ვუწოდოთ მას, – ვერ გადაიჭრება ვერც წიგნების, ვერც მღვდლების, ვერც ფილოსოფოსების და ვერც მხსნელების დახმარებით. ვერავინ და ვერაფერი ვერ უპასუხებს ამ შეკითხვას, თქვენს გარდა. სწორედ ამიტომ უნდა შეიცნოთ საკუთარი თავი. უმწიფრობა სწორედ საკუთარი თავის სრული არცოდნაა. საკუთარი თავის ჩაწვდომა სიბრძნისკენ გზის დასაწყისია.
და რას წარმოადგენთ თქვენ თვითონ? რა არის თქვენი ინდივიდუალობა? მე ვფიქრობ, რომ არის განსხვავება ადამიანსა და ინდივიდს შორის. ინდივიდი – ეს ლოკალური არსია, რომელიც გარკვეულ ქვეყანაში ცხოვრობს, და ეკუთვნის გარკვეულ კულტურას, გარკვეულ საზოგადოებას, გარკვეულ რელიგიას. ადამიანი ლოკალური არსი არ არის, ის ყველგანაა. თუ ინდივიდი ცხოვრების ფართო მინდვრის მხოლოდ ცალკეულ კუთხეში მოქმედებს, მაშინ მისი მოქმედება სრულიად არ შეესაბამება მთლიანს. ამდენად, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ მთლიანზე და არა რაღაც ნაწილზე, იმიტომ, რომ დიდი მოიცავს მცირეს, მცირე კი დიდს არ მოიცავს. ინდივიდი – ეს პატარა, უბედური, დაპროგრამებული, უბადრუკი, დაბნეული არსია თავისი პაწაწინა ღმერთებით და პაწაწინა ტრადიციებით, მაშინ, როცა ადამიანს აფიქრებს საყოველთაო კეთილდღეობა, საყოველთაო ტანჯვა და საყოველთაო არეულობა.
ჩვენ, ადამიანები, ისეთივე დავრჩით, როგორიც ვიყავით მილიონობით წლების განმავლობაში – უსაზღვროდ ხარბები, შურიანები, აგრესიულები, ეჭვიანები, შფოთვით და და სასოწარკვეთილებით სავსენი, აქა-იქ სიხარულის და სიყვარულის შემთხვევითი გამონათებებით. ჩვენ ვართ უცნაური ნაზავი სიძულვილისა, შიშისა და სიკეთისა, ძალმომრეობისა და მშვიდობისა ერთდროულად. გარეგნულად დიდი პროგრესია მიღწეული – ხარებშებმული ოთხთვალადან რეაქტიულ თვითმფრინავებამდე, მაგრამ ფსიქოლოგიურად ინდივიდი მაინც არ შეცვლილა, საზოგადოების სტრუქტურა კი მთელ მსოფლიოში ყველგან ინდივიდებისაგან შედგება. გარე სოციალური სტრუქტურა არის შედეგი ჩვენი ადამიანური დამოკიდებულების შინაგანი ფსიქოლოგიური სტრუქტურისა, რამდენადაც ინდივიდი ადამიანის გამოცდილების, ცოდნის და ქცევის ერთობლივი შედეგია. თითოეული ჩვენგანი არის საწყობი მთელი წარსულისა. ინდივიდი – ეს არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს მთელ კაცობრიობას. ადამიანის მთელი ისტორია ჩაწერილია ჩვენში.
აბა თვალყური მიადევნეთ რა ხდება სინამდვილეში ჩვენს შიგნით და ჩვენს გარეთ კონკურენციაზე აგებულ კულტურაში, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ და რომელიც ადამიანისგან მოითხოვს ძალაუფლებას, მდგომარეობას, პრესტიჟს, სახელს, წარმატებას და ყველაფერ დანარჩენს. იფიქრეთ იმ მიღწევებზე, რომლებითაც თქვენ ასე ამაყობთ, გამოიკვლიეთ მთელი ის სფერო, რასაც თქვენ სიცოცხლეს ეძახით – კონფლიქტები, ურთიერთობის ყველა ფორმა, სიძულვილი, მტრობა, სისასტიკე და დაუსრულებელი ომები. ეს ცხოვრება და ეს სფერო არის ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით და რამდენადაც არ შეგვიძლია ჩავწვდეთ ამ საშინელ ბრძოლას არსებობისათვის, ბუნებრივია, რომ მის წინაშე შიში გვიპყრობს და მისგან ნებისმიერი საშუალებით გაქცევაში ვეძებთ ხსნას. შიში გვიპყრობს ასევე შეუცნობლის მიმართ – გვეშინია სიკვდილის, გვეშინია იმისი, რა იქნება ხვალის შემდეგ. ასე რომ ჩვენ გვეშინია ცნობილის, ისევე, როგორც შეუცნობლის. ასეთია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და მასში არ არის არავითარი იმედი და ამიტომ ფილოსოფიის ყველა ნაირსახეობა, ყველა იდეოლოგიური კონცეფცია, არის მხოლოდ სინამდვილიდან გაქცევის გზა, სინამდვილიდან, როგორიც ის არის.
ცვლილებების ყველა გარეგნულმა ფორმამ, ომების, რევოლუციების, რეფორმების, კანონების და იდეოლოგიის შედეგად წარმოქმნილმა, სრული კრახი განიცადა და ვერ შეძლო შეეცვალა ადამიანის, და შესაბამისად საზოგადოების ძირითადი ბუნება. როგორც ადამიანებმა, რომლებიც ამ საშინლად მახინჯ სამყაროში ვცხოვრობთ, მოდით საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა: შეუძლია თუ არა ამ საზოგადოებას, რომელიც დაფუძნებულია კონკურენციაზე, სისასტიკეზე და შიშზე, დასასრულთან მივიდეს? შეიძლება თუ არა ეს იყოს არა ინტელექტუალური კონცეფცია, არა მხოლოდ იმედი, არამედ ნამდვილი ფაქტი? ისე, რომ ჩვენი გონება ცინცხალი, ახალი, უმწიკვლო გახდეს და სრულიად განსხვავებული სამყარო შექმნას? მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ თითოეული ჩვენგანი გააცნობიერებს იმ მთავარ ფაქტს, რომ ჩვენ როგორც ინდივიდები, როგორც ადამიანები, დედამიწის რომელ ნაწილშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ და რომელ კულტურასაც არ უნდა ვეკუთვნოდეთ, მთლიანად პასუხისმგებელი ვართ იმ მდგომარეობაზე, რომელშიც მსოფლიო იმყოფება. ჩვენ, ყოველი ჩვენგანი, პასუხისმგებელი ვართ ყველა ომზე ჩვენი აგრესიული სურვილების გამო, ჩვენი ნაციონალიზმის, ჩვენი ეგოიზმის, ჩვენი ღმერთების, ჩვენი ცრურწმენების, ჩვენი იდეალების გამო, რომელთაგან თითოეული ერთმანეთისაგან გვაცალკევებს. და მხოლოდ მაშინ, როცა გავაცნობიერებთ, არა ინტელექტუალურად, არამედ ფაქტობრივად – ისე, როგორც ვაცნობიერებთ ნამდვილად მომხდარ ფაქტს ან ტკივილის შეგრძნებას, – რომ თქვენ და მე პასუხისმგებელნი ვართ მთელი ამ არსებული ქაოსისათვის, ყველა იმ უბედურებისათვის, რაც ამ სამყაროში ხდება, რამდენადაც ჩვენ ამ ყველაფერში ჩვენი წვლილი შევიტანეთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით და ნაწილი ვართ ამ საშინელი საზოგადოებისა თავისი ომებით, დაყოფით, თავისი სიმახინჯით, სისასტიკით და სიხარბით – მხოლოდ მაშინ, როცა ამას მართლა მივხვდებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ.
მაგრამ რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა? რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენ და მე იმისათვის, რომ სრულიად განსხვავებული საზოგადოება შევქმნათ? ჩვენ საკუთარ თავს ძალიან სერიოზულ შეკითხვას ვუსვამთ. საერთოდ შეიძლება კი რაიმეს გაკეთება? რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ? ვინმე გვეტყვის ამას? ეგრეთ წოდებული სულიერი ლიდერები, რომლებმაც, როგორც მიჩნეულია, ეს ყველაფერი თითქოს ჩვენზე კარგად იცოდნენ, გველაპარაკებოდნენ ამის შესახებ, ცდილობდნენ შემოვებრუნებინეთ და ჩვენთვის თავს მოეხვიათ ახალი შაბლონი, რითაც ძალიან შორს ვერ წავიდოდით. კარგად დახელოვნებული და განსწავლული ადამიანები გველაპარაკებოდნენ, მაგრამ ამან წინ ვერ წაგვწია. ჩვენ გვეუბბნებოდნენ, რომ ყველა გზას ჭეშმარიტებისაკენ მივყავართ. რომ ინდუისტს თავისი გზა აქვს, ვიღაც სხვას კი, მაგალითად ქრისტიანს და მუსულმანს, თავისი და რომ ყველა ისინი ერთსადაიმავე კართან ხვდებიან ერთმანეთს. მაგრამ თუ ჩავუკვირდებით, ეს ყველაფერი აშკარად აბსურდია. ჭეშმარიტებისკენ გზა არ არსებობს. ამაშია ჭეშმარიტების სილამაზე. ის ცოცხალია. არაცოცხალისკენ გზა არსებობს, იმიტომ, რომ ის უძრავია.მაგრამ როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ჭეშმარიტება რაღაც ცოცხალია, მოძრავი, ერთ ადგილას არასოდეს არ დგას, რომ ის არასდროს არ არის არც ტაძარში, არც მეჩეთში, არც ეკლესიაში და რომ არავის – არც რელიგიას, არც მასწავლებელს, არც ფილოსოფოსს არ შეუძლია მასთან მიგიყვანოთ, მაშინ ასევე დაინახავთ, რომ ეს ცოცხალი რაღაც, არის ის, რაც თქვენ სინამდვილეში ხართ: თქვენი სიბრაზე, თქვენი სისასტიკე, თქვენი ძალმომრეობა, თქვენი სასოწარკვეთილება და აგონია და მწუხარება, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. ამის გაგება მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, თუ გეცოდინებათ როგორ შეხედოთ ამ ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ არ შეიძლება ვუყუროთ იდეოლოგიის, სიტყვების, ეკრანისა და იმედებისა და შიშების კუთხით.
ამდენად, თქვენ ხედავთ, რომ დამოკიდებული არ უნდა იყოთ არავიზე, ვინც არ უნდა იყოს ის. რომ არ არსებობს არც ლიდერი, არც მასწავლებელი და არც ავტორიტეტი. ხართ მხოლოდ თქვენ, თქვენი დამოკიდებულება სხვებთან და სამყაროსთან. როცა ამას აცნობიერებთ, გეუფლებათ ან ღრმა სასოწარკვეთილება, ცინიზმს და სიმწარეს რომ შობს, ან, თუ თვალს გაუსწორებთ იმ ფაქტს, რომ სხვა არავინ, თუ არა თქვენ, ხართ პასუხისმგებელი სამყაროზე და საკუთარ თავზე, იმაზე, რასაც ფიქრობთ, რასაც გრძნობთ, როგორც იქცევით, საკუთარი თავის შეცოდების გრძნობა გიქრებათ. ჩვეულებრივ, ჩვენ ვცდილობთ სხვები დავადანაშაულოთ, მაგრამ ეს საკუთარი თავის შეცოდების ფორმაა.
ამრიგად, შეგვიძლია თუ არა ჩვენ, თქვენ და მე, გარედან ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, ყოველგვარი რწმენის გარეშე, დასჯის შიშის გარეშე, საკუთარი არსების მთლად საფუძველში, მოვახდინოთ ტოტალური რევოლუცია, ფსიქოლოგიური მუტაცია? ისე, რომ აღარ იყოთ სასტიკები, მოძალადეები, ჯიბრიანები, ნერვიულები, შიშით შეპყრობილები, ხარბები, შურიანები და აღარ გქონდეთ თქვენი ბუნების ის გამოვლინებები, ეს დამპალი საზოგადოება რომ შექმნა, რომელშიც ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია თავიდანვე მივხვდეთ, რომ მე არ გთავაზობთ რაღაც ფილოსოფიას ან იდეოლოგიური კონცეფციის სტრუქტურას. მიმაჩნია, რომ ყველა იდეოლოგია სრული იდიოტობაა. მნიშვნელოვანი ცხოვრების ფილოსოფია კი არ არის, არამედ დაკვირვება იმაზე, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად ხდება, შინაგანად და გარეგნულად. თუ თქვენ ძალიან ყურადღებით დააკვირდებით რა ხდება და გამოიკვლევთ მას, დარწმუნდებით, რომ ყველაფერი ეფუძნება ინტელექტუალურ კონცეფციას, მაგრამ ინტელექტი არ მოიცავს საკუთარ თავში ცხოვრების ყველა სფეროს. ეს მხოლოდ ფრაგმენტია და რაც არ უნდა ჭკვიანურად იყოს ის ორგანიზებული, რაც არ უნდა უძველესი და ტრადიციული იყოს, მაინც მცირე ნაწილია არსებობისა, მაშინ, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ცხოვრების სრულ მთლიანობასთან. და როცა ვხედავთ რა ხდება სამყაროში, ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას, რომ არ არსებობს გარე და შიგა პროცესები. არსებობს მხოლოდ ერთიანი პროცესი – მთლიანი, ტოტალური მოძრაობა. შინაგანი ასევე მოქმედებს გარეგანზე, გარეგანი პროცესი კი შინაგანზე ახდენს გავლენას. მე ვფიქრობ, რომ, შეგეძლოს დაინახო, სულ ეს არის ყველაფერი, რაც საჭიროა. იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვიცით როგორ შევხედოთ, ყველაფერი სრულიად ნათელი ხდება. იმისთვის კი, რომ შევხედოთ, არ არის საჭირო არც ფილოსოფია, არც მასწავლებელი. არ არის საჭირო ვინმემ გითხრათ როგორ შეხედოთ. თქვენ უბრალოდ უნდა უყუროთ.
შეგიძლიათ თუ არა თქვენ მაშინ როცა მთელ ჭეშმარიტებას დაინახავთ და ჩაწვდებით მას არა სიტყვების დონეზე, არამედ ფაქტობრივად, შეგიძლიათ თუ არა მსუბუქად და სპონტანურად შეიცვალოთ? აი რეალაური შეკითხვა. შესაძლებელია თუ არა რევოლუციის განხორციელება ფსიქიკაში?
მე მაინტერესებს როგორია თქვენი რეაქცია ამ შეკითხვაზე? თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „მე არ მინდა შევიცვალო“. ადამიანების უმრავლესობას ეს არ უნდა, განსაკუთრებით მათ, ვინც სოციალურად და ეკონომიურად თავს დაცულად გრძნობს, ან დოგმატური შეხედულებები აქვთ და მზად არიან მიიღონ საკუთარი თავი და გარემომცველი სამყარო ისეთი, როგორიც ის არის, ან ოდნავ მოდიფიცირებული სახით. ამ ადამიანებს ჩვენ არ ვეხებით. ან თქვენ შეგიძლიათ უფრო ფაქიზად თქვათ: „ეს მეტისმეტად რთულია. ეს ჩემთვის არ არის“. ასეთ შემთხვევაში უკვე თვითონ გადაუღობეთ გზა საკუთარ თავს. თქვენ შეწყვიტეთ კითხვების დასმა და გზის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ან კიდევ, თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „მე მესმის, რომ აუცილებელია ფუნდამენტური შინაგანი ცვლილებები ჩემში, მაგრამ როგორ განვახორციელო ეს? მიჩვენეთ გზა. დამეხმარეთ ამაში“. თუ თქვენ ამას ამბობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიადაც არ გაინტერესებთ ცვლილებების მოხდენა საკუთარ თავში. თქვენ სინამდვილეში არ გაინტერესებთ ფუნდამენტური რევოლუცია. თქვენ მხოლოდ მეთოდს ეძებთ, სისტემას, რომელიც ამ ცვლილებებს მოახდენს.
მე რომ საკმარისად სულელი ვიყო საიმისოდ, რომ სისტემა მოგცეთ, და რომ თქვენ საკმარისად სულელი იყოთ საიმისოდ, რომ მას გაჰყვეთ, თქვენ მხოლოდ ასლებს გააკეთებდით, მიბაძავდით, შეეგუებოდით, დათანხმდებოდით, და როცა ასე იქცევით, ვიღაც სხვას უქმნით ავტორიტეტს საკუთარ თავში და შეაბამისად, ხდება კონფლიქტი თქვენსა და იმ ავტორიტეტს შორის. თქვენ გრძნობთ, რომ უნდა გააკეთოთ ესა თუ ის რაღაც, იმიტომ, რომ გეუბნებიან გააკეთეო. და მაინც, არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. თქვენ თქვენი მიდრეკილებები გაქვთ, ტენდენციები და წნეხები, რომლებიც კონფლიქტს ქმნის თქვენს მიერ მიღებულ სისტემასთან და ამდენად წინააღმდეგობა ჩნდება. ასე რომ, თქვენ ორმაგი ცხოვრება გექნებათ სისტემის იდეოლოგიასა და თქვენი ყოველდღიური ცხოვრების სინამდვილეს შორის. როცა ცდილობთ იდეოლოგიას მიესადაგოთ, თქვენ საკუთარ თავს თრგუნავთ, მაშინ, როცა სინამდვილეში ჭეშმარიტება იდეოლოგია კი არ არის, არამედ ის, რაც თქვენ ხართ. თუ ცდილობთ საკუთარი თავი სხვების სიტყვებით შეაფასოთ, თქვენ ყოველთვის დარჩებით მეორად ადამიანად.
ადამიანი, რომელიც ამბობს: „მე მინდა შევიცვალო. მითხარით ეს როგორ გავაკეთო“. ძალიან გულწრფელი და სერიოზული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ არის. მას სჭირდება ავტორიტეტი, რომელიც, როგორც იმედი აქვს, წესრიგს შექმნის თვით მასში. მაგრამ შეუძლია თუ არა ავტორიტეტს ჩვენში ოდესმე შინაგანი წესრიგი შექმნას? გარედან დამყარებული წესრიგი ყოველთვის უწესრიგობას ქმნის. თქვენ შეგიძლიათ ეს ჭეშმარიტება ინტელექტუალურად დაინახოთ, მაგრამ შეგიძლიათ თუ არა ნამდვილად აღიქვათ ეს ისე, რომ თქვენმა გონებამ მეტად აღარ მოახდინოს არავითარი ავტორიტეტის პროეცირება – წიგნის, მასწავლებლის, ცოლის თუ ქმრის, მშობლის, მეგობრის თუ საზოგადოების ავტორიტეტის? ჩვენ ხომ ყოველთვის რაღაც ფორმულირების ნიმუშის შესაბამისად ვმოქმედებდით, ფორმულირება იდეოლოგიად და ავტორიტეტად იქცეოდა, მაგრამ იმ მომენტში, როცა თქვენ მართლა მიხვდებით, რომ შეკითხვა: „როგორ შევიცვალო“? წარმოშობს ახალ ავტორიტეტს, სამუდამოდ გათავისუფლდებით ავტორიტეტისგან.
მოდით ეს უფრო მკაფიოდ ვთქვათ: „მე მივხვდი, რომ უნდა შევცვლილიყავი, ბოლომდე, ჩემი არსების მთლად საფუძვლებამდე. მე აღარ შემიძლია დამოკიდებული ვიყო რაღაც ტრადიციებზე. რადგან ტრადიციებმა მიმიყვანა ამ უდიდეს სიზარმაცემდე, შემგუებლობამდე და მორჩილებამდე. მე არ შემიძლია იმის იმედი მქონდეს, რომ სხვა მომეხმარება იმაში, რომ შევიცვალო, იქნება ეს მასწავლებელი თუ ღმერთი, რწმენა, სისტემა, გარედან ზეწოლა თუ ზემოქმედება“. რა მოხდება თუ ამ შემთხვევაში?
უპირველეს ყოვლისა, შეგიძლიათ თქვენ ყველა ავტორიტეტის უარყოფა? თუ შეგიძლიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შიშს უკვე აღარ განიცდით. და რა ხდება მაშინ? როცა თქვენ უარყოფთ რაღაც ყალბს, რაც თქვენში იყო თაობების განმავლობაში, როცა თავიდან მოიშორეთ ყოველგვარი ტვირთი, რა ხდება მაშინ? თქვენ უფრო მეტი ენერგია გაქვთ. ხომ ასეა? თქვენი გონება უფრო მძლავრი ხდება, მეტ ძალას იძენს, მეტ ინტენსივობას და სიცოცხლისუნარიანობას. თუ ამას არ გრძნობთ, ესე იგი ის ტვირთი არ მოგიშორებიათ, თქვენ არ მოგიშორებიათ ავტორიტეტის მძიმე ბარგი.
მაგრამ თუ ის მოიშორეთ და გაქვთ ის ენერგია, რომელშიც საერთოდ არ არის შიში – შეცდომის დაშვების შიში, რაღაცის სწორად თუ არასწორად გაკეთების შიში, მაშინ განა თვით ეს ენერგია არ არის მუტაცია? ჩვენ გვჭირდება ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა და მას შიშის გამო ვფლანგავთ. მაგრამ, როცა არსებობს ენერგია, რომელიც შიშის ყველა ფორმის უკუგდების შედეგად მოდის, ეს ენერგია თავისთავად ახდენს ძირეულ შინაგან რევოლუციას. თქვენ თვითონ ამისთვის ძალისხმევის გაღება არ გჭირდებათ.
ასე რომ, თქვენ საკუთარ თავთან ხართ დარჩენილი და ეს მართლაც ის მდგომარეობაა, რომელშიც უნდა იყოს ადამიანი, თუ ძალიან სერიოზული დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფრის მიმართ და რამდენადაც არაფრის და არავის დახმარებისიმედი არ გაქვთ, თქვენ უკვე თავისუფალი ხართ საიმისოდ, რომ აღმოჩენები გააკეთოთ. როცა არის თავისუფლება, არის ენერგიაც და როცა არის თავისუფლება, ის არაფერს ცუდს არ გააკეთებს. თავისუფლება, თავისი არსით, განსხვავდება ამბოხისაგან.როცა არის თავისუფლება, არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა კარგად თუ ცუდად მოქცევა. თქვენ თავისუფალი ხდებით იმ ცენტრისგან, რომელიც მოქმედებს და ამიტომ აღარ არის შიში. გონებას კი, რომელშიც შიში აღარ არის, უზარმაზარი სიყვარული შეუძლია. მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს. ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ შევუდგეთ საკუთარი თავის შესწავლას ისე, რომ არც ჩემზე იქნებით ორიენტირებული და არც რომელიმე ანალიტიკოსსა თუ ფილოსოფოსზე. თუ საკუთარი თავის სესწავლისას სხვას ვეყრდნობით, მაშინ მათ ვსწავლობთ და არა საკუთარ თავს. ჩვენ ხომ იმის გაგებას ვაპირებთ, როგორები ვართ სინამდვილეში.
როცა გავაცნობიერებთ, რომ არ გვჭირდება არანაირი ავტორიტეტი ჩვენი ფსიქიკის შინაგანსტრუქტურაში ტოტალური რევოლუციის მოსახდენად, ჩვენ ძალიან დიდი სიძნელის წინაშე აღმოვჩნდებით. ჩვენ უნდა გადავლახოთ საკუთარი შინაგანი ავტორიტეტი, ავტორიტეტი ჩვენი სპეციფიური მცირე გამოცდილებისა, დაგროვებული ცოდნისა, აზრებისა,იდეებისა თუ იდეალებისა. ჩვენ გვაქვს პირადი გამოცდილება, გუშინდელი დღის გამოცდილება, რომელმაც რაღაც გვასწავლა და ის, რაც გვასწავლა, ახალი ავტორიტეტი ხდება. ეს გუშინდელი დღის ავტორიტეტი ისევე დამანგრეველია, როგორც ათასი წლის წინანდელი ავტორიტეტი. საკუთარი თავის ჩასაწვდომად ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ავტორიტეტი – არც გუშინდელი და არც ათასი წლის წინანდელი, იმიტომ, რომ ჩვენ ცოცხალი არსებები ვართ, ყოველთვის მოძრაობაში, დინებაში, არასოდეს მშვიდ მდგომარეობაში. როცა საკუთარ თავს გუშინდელი დღის მკვდარი ავტორიტეტის დახმარებით ვუყურებთ, მაშინ ვერ ვახერხებთ გავიგოთ მოძრაობა, მშვენიერება და ხარისხი ამ მოძრაობისა.
იყო თავისუფალი ყოველგვარი სახის ავტორიტეტისგან – საკუთარი თავის ავტორიტეტისგან და სხვების ავტორიტეტისაგან, ეს იმას ნიშნავს მოკვდე გუშინდელი დღისთვის, ისე, რომ შენი გონება ყოველთვის ცინცხალი იყოს, ნორჩი, სუფთა, ენერგიით და ვნებით. მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში სწავლობს და აკვირდება ადამიანი. ამისათვის საჭიროა უმაღლესი დონის გაცნობიერება, ფაქტობრივი გაცნობიერება იმისა, რაც ხდება ჩვენს შიგნით, იმის კორექტირების და ახსნის გარეშე, თუ რა უნდა იყოს და რა არ უნდა იყოს. იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა კორექტირებას აკეთებთ, თქვენ ქმნით ახალ ავტორიტეტს, ცენზორს.
ახლა ჩვენ ერთად შევეცდებით საკუთარი თავი გამოვიკვლიოთ. არა ისე, რომ ვიღაც აგვიხსნიდეს, ჩვენ კი ამ დროს ვიკითხოთ და გვერდებს გავაყოლოთ თვალი და დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ მას, არამედ ისე, რომ მასთან ერთად დავადგეთ გზას. გზას ჩვენი გონების ყველაზე იდუმალი კუნჭულების აღმოსაჩენად. და ამ გზაზე მსუბუქად უნდა ვიაროთ, არ უნდა ვიყოთ დატვირთული აზრებით, ცრურწმენებით და დასკვნებით – მთელი იმ ძველი ხარახურით, რომელიც ჩვენ 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დავაგროვეთ. დაივიწყეთ ყველაფერი, რაც იცით საკუთარი თავის შესახებ, დაივიწყეთ ყველაფერი, რასაც ოდესმე ფიქრობდით საკუთარ თავზე. ჩვენ დავადგებით გზას ისე, თითქოს არაფერი არ ვიცოდეთ.
ღამით ძლიერი წვიმა მოდიოდა, ახლა კი ცა თანდათან იწმინდება, ახალი, მაცოცხლებელი დღე დგება. მოდით შევხვდეთ ამ ახალ დღეს ისე, თითქოს ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ ეს ერთი დღე იყოს. მოდით ჩვენი მოგზაურობა ერთად დავიწყოთ, უკან დავტოვოთ გუშინდელი დღის ყველა მოგონება და პირველად შევეცადოთ გავუგოთ საკუთარ თავს.
კომენტარები