ონტოლოგიური არგუმენტი ბონავენტურასთან

ონტოლოგიური არგუმენტი ბონავენტურასთან

ბაქარ ქავთარაძე – სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიაში.

 

საიტზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის წიგნი „თომა აქვინელის 5 არგუმენტი თეისტური ფილოსოფიის სასარგებლოდ“.

 

იხ. წიგნი

წინამდებარე სტატიის მიზანია, მოკლედ განიხილოს შემდეგი საკითხი: როგორი ფურმულირება მისცა ფილოსოფოსმა და თეოლოგმა ბონავენტურამ ონტოლოგიურ არგუმენტს და როგორ მოახდინა მისი აპოლოგია (დაცვა). თუმცა, ამ საკითხის მეტ-ნაკლებლად სრული აღქმა რომ მოხდეს, მანამდე, აუცილებელია მოკლედ განვიხილოთ შემდეგი ორი საკითხი: 1. რა არის ონტოლოგიური არგუმენტი? 2. ვინ არის ბონავენტურა?

 

ონტოლოგიური არგუმენტი, არის ღმერთის არსებობის სასარგებლოდ შემუშავებული აპრიორული (აპრიორული ცოდნა, არის იმ სახის ცოდნა, რომელიც ბუნებრივად ცნობილია ადამიანის ინტელექტისთვის, ან ფაქტებისა და ცდისგან დამოუკიდებლად, რაიმე ცნების, იდეის, კონცეპტის აბსტრაქტული ანალიზის შედეგად მიიღწევა)1  დასაბუთება, რომელიც პირველად ანსელმ კენტერბერიელმა (1033-1109) წარმოადგინა თავის ნაშრომში „პროსლოგიონი“ (თავი 2-3). ეს არგუმენტი, (არგუმენტს ეს სახელწოდება  ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა 1724-1804 მიანიჭა)2 ცდილობს, ღმერთის არსებობა დაასაბუთოს, თავად სიტყვა ღმერთის დეფინიციიდან. კერძოდ, ამ არგუმენტის კლასიკური ფორმულირება, რომლის ავტორიც ანსელმია, შემდეგნაირად გამოიყურება: სიტყვაში ღმერთი, იაზრება ისეთი რეალობა, რომელზე აღმატებულის წარმოდგენაც შეუძლებელია. რაიმე საგანი, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ გონებაში, ან გონებაში და გონების მიღმა ერთდროულად. იმაზე აღმატებულის წარმოდგენა, რომელიც მარტო გონებაში არსებობს შესაძლებელია, რადგან გონების მიღმა არსებული (მაგალითად კოსმოსი) საგანი, აღემატება იმ საგანს (მაგალითად კუთხეებიან წრეს), რომელიც მარტო გონებაში არსებობს. ამიტომ, ღმერთი რომ მარტო გონებაში არსებობდეს, მაშინ მასზე აღმატებულის წარმოდგენა შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ, სიტყვა ღმერთი აღნიშნავს ისეთ რეალობას, რომელზე აღმატებულის წარმოდგენაც შეუძლებელია. ამის გამო, თუ ღმერთი მარტო გონებაში იარსებებდა, მაშინ ჩვენ შევძლებდით წარმოგვედგინა იმაზე უფრო აღმატებული რამ, რომელზე აღმატებულის წარმოდგენაც შეუძლებელია. მაგრამ, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, ღმერთი, გონების მიღმაც უნდა არსებობდეს და არამარტო გონებაში იდეის სახით. ონტოლოგიური არგუმენტი, ასეთი ფორმით, მოცემულია ანსელმის ნაშრომის („პროსლოგიონი“) მეორე თავში და სწორედ ეს მიიჩნევა ამ არგუმენტის კლასიკურ ფორმულირებად.3 ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ანსელმის შემდეგ, ეს არგუმენტი განავრცო, ბონავენტურამ, დეკარტმა, სპინოზამ, ლაიბნიცმა, ჰეგელმა, ჩარლზ ჰარისონმა, ნორმან მალკოლმა, კარლოს ალვინ პლანტინგამ და მრავალმა სხვამ. ხოლო, მისი კრიტიკოსები არიან გაუნილო, პიერ გასენდი, ჯონ ლოკი, დევიდ ჰიუმი, იმანუელ კანტი, არტუნ შოპენჰაუერი, ბერტრან რასელი და მრავალი სხვა. ეს ყოველივე, ჩვენ გვეუბნება ორ რამეს: 1. არსებობს ონტოლოგიური არგუმენტის განსხვავებული ვარიაციები. 2. იმაზე კამათი, არის თუ არა ეს არგუმენტი სწორი, უკვე 900 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.4 შესაბამისად, ამ არგუმენტის შესახებ სრული ინფორმაციის მოწოდება, თვით საკითხის მასშტაბურობის და სიღრმის გამო, ერთ სტატიაში შეუძლებელია. ამის გამო, ჩვენი მიზანია, მოკლედ მიმოვიხილოთ ონტოლოგიური არგუმენტის ის ვარიაცია, რომელიც ბონავენტურამ წარმოადგინა. თუმცა, მანამდე მოკლედ ვთქვათ თავად ბონავენტურას შესახებ.

 

ფრანცისკანელი თეოლოგი და ფილოსოფოსი ბონავენტურა (1221-1274) არის, მაღალი შუა საუკუნეების (XI-XIII) ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე. ის თომა აქვინელის (1225-1274) და ალბერტ დიდის (1193-1280) თანამედროვეა. ამ ორი დიდი თეოლოგის და ფილოსოფოსის ფონზე, ხშირად ეს მოაზროვნე ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. თუმცა, როგორც ალბერტ შტეკლი მართებულად მიუთითებს,5 აზროვნების სიღრმითა და დახვეწილობით, ბონავენტურა არაფრით ჩამოუვარდება მის თანამედროვე თომა აქვინელს, რომელიც სქოლასტიკის მწვერვალად არის მიჩნეული.6

 

ბონავენტურა არის 30-ზე („პეტრე ლომბარდიელის სენტენციათა კომენტარები“, „საკამათო საკითხები“, „საღვთისმეტყველო დებულებათა მოკლე გადმოცემა“, „ხელოვნებათა დაყვანა თეოლოგიაზე“, „სულიწმინდის შვიდი ნიჭის თაობაზე“ და სხვა.)7 მეტი ნაშრომის ავტორი და ამ თვალსაზრისით ის საკმაოდ ნაყოფიერი თეოლოგი და ფილოსოფოსია. მეორე მხრივ, მან სახელი გაითქვა არა როგორც რაციონალისტმა ფილოსოფოსმა, არამედ მისტიკოსმა თეოლოგმა. ეს ძირითადად განპირობებული იყო მისი ნაშრომით „გონების გზა ღმერთისკენ“, სადაც ის ადამიანის მიერ ღმერთის წვდომის მისტიკურ გზებზე საუბრობს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ბონავენტურა მხოლოდ მისტიკოსი თეოლოგია, არამედ ის საკმაოდ რაციონალისტი (რაციონალისტი არის მოაზროვნე, რომელიც საკითხებს განიხილავს არგუმენტირებულ მსჯელობაზე დაყრდნობით და არა ავტორიტეტზე დაყრდნობით) მოაზროვნეა, როგორც მისი მეგობარი თომა აქვინელი. კერძოდ, იოანე დამასკელის (675-753),8 ანსელმ კენტერბერიელის (1033-1109),9 თომა აქვინელის (1225-1274)10 და სხვა მრავალი ქრისტიანი თეოლოგის მსგავსად, ბონავენტურამ, ღმერთის ყოფნა-არყოფნის საკითხი განუკუთვნა არა რწმენას, არამედ გონებას, რადგან მიიჩნია, რომ შესაძლებელია ღმერთის არსებობის ფილოსოფიური არგუმენტებით დასაბუთება. კერძოდ, ბონავეტურა მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ღმერთის არსებობის როგორც აპოსტერიორულად, ასევე აპრიორულად დასაბუთება. უფრო კონკრეტულად კი, ბონავენტურა კოსმოლოგიური, ფსიქოლოგიური, მარადიულ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული და ონტოლოგიური არგუმენტის დახმარებით ასაბუთებს, რომ ღმერთი არსებობს.11 თუმცა, ამ სტატიაში ჩვენ არ განვიხილავთ მის კოსმოლოგიურ, მარადიულ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებულ, ან ფსიქოლოგიურ არგუმენტს, არამედ მოკლედ მიმოვიხილავთ იმას, თუ როგორ ფორმულირებას აძლევს ბონავენტურა ონტოლოგიურ არგუმენტს და როგორ ახდენს მის აპოლოგიას.

 

ბონავენტურას, არ შეუმუშავებია ონტოლოგიური არგუმენტის რაიმე ახალი ფორმულირება, როგორც მაგალითად მის შემდეგ  დეკარტმა (1596-1650), ლაიბნიცმა (1646-1716), ნორმან მალკოლმა (1911-1990), ან კარლოს ალვინ პლანტიგამ (დაბ. 1932) გააკეთეს.12 თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბონავენტურას მიერ ონტოლოგიური არგუმენტის გაზიარება და დაცვა არ არის მნიშვნელოვანი.13 კერძოდ, ბონავენტურა, ერთი მხრივ ანსელმის არგუმენტში არსებულ ლოგიკას უფრო განავრცობს და ხვეწს. მეორე მხრივ კი ამ არგუმენტის აპოლოგიას ახდენს. ამის გამო, მის მიერ ონტოლოგიური არგუმენტის გაზიარება, ფორმულირება და დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვიჩვენებს ამ არგუმენტის (ონტოლოგიური არგუმენტის) ძლიერ მხარეებს.

 

ბონავენტურა, ონტოლოგიური არგუმენტის  განხილვას, ძირითადად ახდენს მის 2 შემდეგ ნაშრომში: „პეტრე ლომბარდიელის სენტენციათა კომენტარები“ და „სამების საიდუმლოება“.  ორივე ნაშრომში, ბონავენტურა ახდენს ანსელმის ონტოლოგიური არგუმენტის განხილვას, მასში არსებული დებულებების გაანალიზებას  და ამ გზით მის ჭეშმარიტების ჩვენებას. ამიტომ, ჩვენი მიზანია, მოკლედ განვიხილოთ ონტოლოგიური არგუმენტის ბონავენტურასეული ანალიზი და აპოლოგია (დაცვა).

 

ბონავენტურა, თავის მთავარ ნაშრომში („პეტრე ლომბარდიელის სენტენციათა კომენტარები“), ონტოლოგიურ არგუმენტს, შემდეგნაირ ფორმულირებას აძლევს, იღებს რა გეზს, ანსელმის ნაშრომის („პროსლოგიონი“) მესამე თავზე. სიტყვა ღმერთი აღნიშნავს რეალობას, რომელზე აღმატებულის წარმოდგენაც შეუძლებელია. საგანი, რომლისთვისაც შეუძლებელია არარსებობა, აღემატება იმ საგანს, რომლისთვისაც შესაძლებელია არარსებობა. ამიტომ, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ მისთვის შესაძლებელია არარსებობა. ხოლო, თუ მისთვის შესაძლებელია არარსებობა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მასზე აღმატებული საგნის წარმოდგენა, რომლისთვისაც შეუძლებელია არარსებობა. მაგრამ, ჩვენ ვერ წარმოვიდგნეთ იმაზე (ღმერთი) აღმატებულ რეალობას, რომელზე აღმატებულის წარმოდგენაც შეუძლებელია. შესაბამისად, თუ სიტყვაში ღმერთი იაზრება ისეთი რამ, რომელზე აღმატებულის წარმოდგენაც შეუძლებელია, მაშინ ის არა უბრალოდ არსებობს, არამედ არსებობს ისე, რომ მისთვის შეუძლებელია არ არსებობა.14 ონტოლოგიური არგუმენტის ამგვარი ფორმით წარმოდგენის შემდეგ, ბონავენტურა განიხილავს შემდეგ საკითხს: თუ ღმერთის არარსებულად წარმოდგენა შეუძლებელია, მაშინ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი მის არსებობას უარყოფს? ამ კითხვას, ბონავენტურა შემდეგნაირად პასუხობს. ადამიანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ღმერთის არსებობის უარყოფა, თუ მან არ იცის ის, თუ რას აღნიშნავს სიტყვა ღმერთი. მაგრამ, თუ ადამიანმა გამოცდილებიდან, ან რწმენის მეშვეობით გაიგო ის, თუ რას აღნიშნავს სიტყვა ღმერთი, მაშინ ის მიხვდება, რომ ღმერთის არარსებულად წარმოდგენა, ლოგიკურად შეუძლებელია.15 ამ მოსაზრებას, ბონავენტურა შემდეგნაირად გამოთქვამს: „ღვთაებრივი ყოფის ჭეშმარიტება იმგვარია, რომ შეუძლებელია ნამდვილად რწმუნება იმისა, რომ ის არ არსებობს, თუ არა იმის არცოდნის გამო, რასაც მისივე სახელი აღნიშნავს“.16 ამიტომ, თუ ადამიანი, რაიმე გზით (რწმენა, კოსმოსში არსებულ საგნებზე დაკვირვება, ჭეშმარიტების ღრმა ანალიზი) მივა იმ ცოდნამდე, თუ რას ნიშნავს სიტყვა ღმერთი, მაშინ ის იმ ცოდნამდეც მივა, რომ ღმერთის არარსებულად წარმოდგენა შეუძლებელია და შესაბამისად ის არსებობს ისე, რომ მისთვის შეუძლებელია არარსებობა.

 

ბონავენტურა, მის მეორე ნაშრომში („სამების საიდუმლოება“), ონტოლოგიურ არგუმენტს იცავს მარმოუტელი ბერი გაუნილოსგან (994-1083), რომელიც ანსელმის თანამედროვე იყო და მის ონტოლოგიურ არგუმენტს აკრიტიკებდა. როგორც ვიცით, გაუნილო, მრავალი მიზეზის გამო უარყოფა ონტოლოგიურ არგუმენტს.17 თუმცა, მთავარ მიზეზს, მისი ცნობილი მაგალითით გადმოსცემდა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: თუ გონების მიღმა არსებობა უფრო სრულყოფილება ვიდრე მარტო გონებაში არსებობა, მაშინ ყველაზე სრულყოფილი კუნძული, გონების მიღმაც უნდა  არსებობდეს, რადგან მისი იდეა, ჩემს გონებაში არსებობს. მაგრამ, ყველაზე სრულყოფილი კუნძული არ არსებობს. სწორედ ამ მაგალითით გადმოსცემს გაუნილო იმ მთავარ შეცდომას, რომელსაც მისი აზრით ანსელმის ონტოლოგიური არგუმენტი გულისხმობს. ბონავენტურა კი, გაუნილოს არგუმენტს, შემდეგნაირად პასუხობს. ყველაზე სრულყოფილი კუნძულის იდეის, ღმერთის იდეასთან შედარება არასწორია, რადგან ყველაზე სრულყოფილი კუნძულის იდეა, შეიცავს ლოგიკურად წინააღმდეგობას, რის გამოც შეუძლებელია ის არსებობდეს. მისგან განსხვავებით, ღმერთის იდეაში, ყველაზე სრულყოფილი რეალობის გააზრება, არანაირ ლოგიკურ წინააღმდეგობას არ შეიცავს. ამის გამო, გაუნილოს მაგალითი არასწორია ბონავენტურას აზრით, რადგან ის ღმერთის იდეას, ანაცვლებს კუნძულის იდეით, რაც შეცდომაა, რადგან კუნძული, შეუძლებელია უსრულყოფილესი იყოს („სამების საიდუმლოება“ 1.1.6.).

 

სწორედ ასე მოახდინა ბონავენტურამ ონტოლოგიური არგუმენტის ფორმულირება და აპოლოგია. როგორც ვნახეთ, მის მიერ ონტოლოგიური არგუმენტის გაზიარება, ფორმულირება და აპოლოგია, ძალიან საინტერესოა. ამის გამო, ონტოლოგიურ არგუმენტზე საუბრის დროს, აუცილებელია ბონავენტურას მიერ ამ არგუმენტისადმი დამოკიდებულების წარმოჩენაც, რადგან ამის გარეშე, ამ არგუმენტის სრული აღქმა, შეუძლებელია.

 

 

 

 

 

შენიშვნები და განმარტებები:

 

[1] Paul D. Feinberg, Norman L. Geisler, Introduction to Philosophy: A Christian Perspective, Baker Academic, USA, 1987, 287-305.

[2] იხ: Иммануил Кант,  критика чистого разума, Переводчик Николай Лосский,  Азбука, 2019, 485-493.

[3] Alvin Plantinga (Editor), Richard Taylor (Introduction), The Ontological Argument: From St. Anselm to Contemporary Philosophers, „Macmillan; First British Edition edition“, Great Britain, 1965,  136-160.

[4] იხ: ირაკლი ბრაჭული, ნიკოლაე დურა, ანასტასია ზაქარიძე, რელიგიის ფილოსოფია, თბილისი, 2015, თავი. ონტოლოგიური არგუმენტი.

[5] იხ: ალბერტ შტეკლი, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე, თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, 1994, თავი. ბონავენტურა. ასევე იხ: გული გონიერი, N7, თბილისი, 2014, 215-237.

[6] თეიმურაზ თათარაშვილი, ლექციები ფილოსოფიის ისტორიაში, თბილისი, 2019, 182.

[7] ბონავენტურას ნაშრომების ანალიზი იხილეთ შემდეგ წიგნებში: ალბერტ შტეკლი, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე, 1994, თავი. ბონავენტურა, გული გონიერი, N7, თბილისი, 2014, გვ. 215-237, ივან, მარტინი ფილოსოფიის ისტორია, მთ. მარიკა სააკაშვილი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, თბილისი, 2008, გვ. 78-79, 104-106, ETIENNE GILSON, THE PHILOSOPHY OF ST. BONAVENTURE, translated from the French by Dom Illtyd Trethowan Monk of Downside Abbey and Frank ]. Sheed, ST. ANTHONY GUILD PRESS, 1965, Frederick Copleston,  History of philosophy: medieval philosophy From Augustine to Duns Scotus,  volume II.: Doubleday,Image Books, New York, 1993, გვ. 240-250,

[8] წმინდა იოანე დამასკელი, მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, მთ. ედიშერ ჭელიძე, თავი 3. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/shesavali.htm

[9] St. Anselm Basic Writings: Proslogium, Mologium, Gaunilo's In Behalf of the Fool, Cur Deus Homo, Translator),  S. N. Deane(Introduction), Charles Hartshorne,  “Open Court”; 2nd Revised ed. Edition, USA, 1982, თავი 2-3.

[10] Aquinas T, Summa Theologica,  Prima Pars - Part One, (Foreword), S.C.G. Jerome 2018, 1.2.3.

[11] Copleston F, History of philosophy: medieval philosophy From Augustine to Duns Scotus,  volume II, New York, 1993, 250-258.

[12] იხ: Alvin Plantinga (Editor), Richard Taylor (Introduction), The Ontological Argument: From St. Anselm to Contemporary Philosophers, „Macmillan; First British Edition edition“, Great Britain, 1965, 

[13] Saint Bonaventure, Tim Noone, https://plato.stanford.edu/entries/bonaventure/#BonaOntoArgu,

[14] WORKS OF ST. BONAVENTURE COMMENTARY ON THE SENTENCES: PHILOSOPHY OF GOD TRANSLATION, INTRODUCTION, AND NOTES BY R.E. HOUSER AND TIMOTHY B. NOONE Franciscan Institute Publications The Franciscan Institute Saint Bonaventure University Saint Bonaventure, NY 14778 2013, 3.1.8.1.1.2.

[15] ETIENNE GILSON, THE PHILOSOPHY OF ST. BONAVENTURE, translated from the French by Dom Illtyd Trethowan Monk of Downside Abbey and Frank ]. Sheed, ST. ANTHONY GUILD PRESS, 1965, 116.

[16] ეს ციტატა მოცემულია ბონავენტურას ნაშრომში „პეტრე ლომბარდიელის სენტენციათა კომენტარები“ 3.1.8.1.1.2. მიუხედავად ამისა, მე ციტატა მომაქვს ივან მარტინის წიგნიდან, რომელშიც ეს ციტატა უცვლელად არის შეტანილი და რომელიც უზუსტესად გადათარგმნა მარიკა სააკაშვილმა. იხ: ივან, მარტინი   ფილოსოფიის ისტორია, მთ. მარიკა სააკაშვილი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, თბილისი, 2008,  თავი. ბონავენტურა.

[17] იხ: St. Anselm Basic Writings: Proslogium, Mologium, Gaunilo's In Behalf of the Fool, Cur Deus Homo, Translator),  S. N. Deane(Introduction),  Charles Hartshorne,  “Open Court”; 2nd Revised ed. Edition, USA, 1982, 303-311.


კომენტარები