სტატია აღებულია ფილოსოფოს გოჩა გვასალიას ბლოგიდან. იხ. წყარო
ანოტაცია: ეს მოხსენება პირველად გამოქვეყნდა ევრაზიის ინსტიტუტის პორტალზე 2015 წლის 11 ივნისს. აქ დაყენებული და განხილული საკითხი იმპერიის შექმნაზე იყო და იქნება ერთობ აქტუალური პოლიტიკოსთათვის, ისტორიკოსთათვის, პოლიტოლოგთათვის და მკითხველთა ფართო წრისათვის. აქ ნაცადია იმპერიის საკითხის სწორად დაყენება. ეს საკითხი წლების მანძილზე ძალზე მცდარად გაიაზრებოდა. – გოჩა გვასალია
პატივცემულო მსმენელნო, აქ შევკრებილვართ, რათა განვიხილოთ მეტად პროფანირებული, პუბლიცისტურად დამახინჯებული და მრავალგზის შეჩვენებული დიდი ისტორიული მოვლენა. ესაა იმპერიის შექმნა და დაშლა.
ქართულ ისტორიოგრაფიას, იმის მიუხედავად, რომ ის გამუდმებით მსჯელობდა იმპერიებზე, საბჭოთა იმპერიის დაშლიდან დღემდე არაფერი შეუქმნია, რაც იმპერიად წოდებულ დიდ ისტორიულ და ამავდროს ირაციონალურ მოვლენას შუქს მოჰფენდა. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ დღეს ერთად ვართ იმპერიის საკითხის გამოსაჩხრეკად. ამ შეკრებამ ლიბო უნდა დაუდოს ამ დიდი საკითხის მეთოდურ ძიებას.
გასული საუკუნის 90-იანი წლების პოლიტიკური დისკურსის გავლენით იმპერიის ცნება, იმპერიის რაობა მეტად ნეგატიურად მოიაზრება. მეტი დამაჯერებლობისათვის ამ ნეგატივიზმს თან ერთვოდა მანიქეველური განსჯანი იმპერიის სატანურობაზე. აბსოლუტად კი მიჩნეულ იქნა იმპერიიდან გამოსული საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მსჯელობდნენ, რომ დადგა თანასწორი ურთიერთობისა და სუვერენული ქვეყნების კონცერტის (თანხმობის) ერა, როდესაც ომები აღარ იქნებოდა და ყველა ქვეყნის საზღვრები ურყევად მიიჩნეოდა. ამ დროს მიუთითებდნენ საერთაშორისო კონვენციებზე, დეკლარაციებსა და დასკვნით აქტებზე. ასევე მიუთითებდნენ გაეროს წესდებაზე. უკვე 1992-4 წლებში წარმოჩინდა ამ მსჯელობათა სრული შეუსაბამობა სინამდვილესთან. ამის მიუხედავად, ისევ ძველი ჩვევისამებრ გრძელდებოდა საუბარი იმპერიის სატანურობაზე. ამ რეზონერული საუბრებით იფარებოდა ის არსებითი გარემოება, რომ ასპარეზზე გამოვიდა ანგლოსაქსური გლობალური იმპერია, რომლის ძლიერების ზენიტი იყო სწორედ 90-იანი წლების მეორე ნახევარი და ამ საუკუნის პირველი წლები. ცხოვრებამ ყველას დაანახა, რომ არც ლიბერალიზმი, არც თავისუფალი ბაზარი არ აუქმებს იმპერიის საკითხს და ის ისევ ისე დგას მთელი თავისი იმპერატიულობით კაცთა მოდგმის წინაშე. მცდარი იყო 90-იანი წლების დამდეგის განსჯანი, რომ თავისუფალი ბაზარი და პლურალიზმი გააუქმებდა იმპერიის საკითხს. ეს საკითხი კონსტანტურია და ის არაა დამოკიდებული თავისუფალი ბაზრისა და პლურალიზმის არსებობა-არარსებობაზე. უახლოესმა წარსულმა ეს მთელი სიმკაცრით დაგვანახა და ამის მიუხედავად იმპერიის საკითხის შესასწავლად ნაბიჯები არ გადადგმულა. 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ჯიუტად არ დაინახეს, რომ ის ლიბერალური სისტემა, რომლისადმი აპელირებაც ხდებოდა და რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტად მიიჩნეოდა, იყო ძველი იმპერიების პირმშო და მათი ახალი მოდიფიკაცია. ნეოლიბერალური სისტემა ქართველმა დისიდენტურამ იმპერიების ანტაგონისტად მიიჩნია. ეს მეტად მცდარი და გამარტივებული გააზრება იყო იმ დიდი საკითხისა, რასაც ეწოდება იმპეროგენეზის კონტინუალობა (განგრძობადობა) და კონსტანტურობა (მუდმივობა) მსოფლიო ისტორიაში. ასეთი გამარტივებული მსჯელობის ტირაჟირებას 25 წელია ეწევა ქართული მას-მედია. ცხოვრება კი მეტად სასტიკი მსაჯულია და მან დააყენა იმპერიის საკითხის ხელახალი გააზრების აუცილებლობა. აღმოჩნდა, რომ რაც გადაწყვეტილად, სამუდამოდ დადგენილად და ბიბლიის ავტორიტეტით განმტკიცებულად იყო მიჩნეული, მხედველობაში მაქვს იმპერიის საკითხი, ის თავიდან გააზრებას საჭიროებს. საქართველოში იმპერიაზე ზერელე განსჯანი განაცხოველა იმან, რომ სახელმწიფოდ ყოფნის ჩვევა აქ დაკარგულია. დამოუკიდებლობაზე ამდენი ლაპარაკი იქცა ტრაფარეტად და ეთნონარცისულ ფეტიშად. ქართველთ ჯიუტად არ სურთ დაინახონ ისტორიის ნება და ახალი, პოსტლიბერალური დროის მოთხოვნა. საქართველო თავად იყო იმპერია ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. სწორედ საქართველოს სამეფოს პანკავკასიურ იმპერიაში შეიქმნა ის ქართული ცივილიზაცია, რაც მოგვიანოდ თემურ ლენგის შემოსევებმა მოსპო. როცა თემურ ლენგის იმპერია იქმნებოდა ოქროს ურდოსთან ომებში, საქართველოს მაშინდელი ელიტა ისევ ოქროს ურდოს ორიენტაციას მისდევდა. ურდო განწირული იყო დასაღუპად. ურდოს ყაენის, თოხთამიშის ომი თემურ ლენგთან 1386-95 წლებში ოქროს ურდოს სრული დაცემით დამთავრდა. ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VII თემურ ლენგს ებრძოდა როგორც ოქროს ურდოს მომხრე. მონგოლთა იმპერიის - ოქროს ურდოს დაცემამ შეამზადა რუსეთის იმპერიის აღმოცენება. თემურისა და თოხთამიშის იმპერიების ჯახში იშვა კიდევ უფრო დიდი, რუსეთის იმპერია. ასევეა ახლა, როდესაც საქართველოს ახლანდელი ელიტა დასაცემად განწირული ანგლოსაქსური იმპერიის ერთგულია. სწორედ პანკავკასიურ იმპერიაში მიაღწია ქართულმა კულტურამ თავის ზენიტს. გავიხსენებ ერთ ფაქტს მატიანიდან. პაპუნა ორბელიანი თავის წიგნში წერს, რომ ერეკლე II-ის მიერ ხუნძახის ბატონის ჯარის დამარცხების შემდეგ „გარდამოვიდა ჯარები შემწედ, რომელნი დაიბარეს მეფეთა ჩვენთა (საუბარია თეიმურაზსა და ერეკლეზე, გ.გ.), ჩამოვიდნენ ანანურს ჯარი ჩერქეზისა, კალმუხისა, ჯიქისა, ქიშტისა, ღლიღვისა, ნოღისა და ოსისა. ამა ქვეყნის ჯარები თავ-თავისისა უფროსითა კაცითა იყვნეს. ... გამოუძღვა ერისთავი ჯიმშერ და ჩამოიყვანეს ქალაქსა თბილისსა მახლობელ, დააყენეს დიდუბეს, დააყენეს მემანდარნი და უბოძეს ულუფა კმა საყოფელად მათდა“ (პაპუნა ორბელიანი. „ამბავნი ქართლისანი“, თბ. 1981, გვ. 219). ერეკლე მეფის მიერ მოხმობილი კავკასიელი მებრძოლნი თბილისს მოვიდნენ. ამ დროს მრავალგზის აკლებული და დასუსტებული საქართველო კავკასიელთათვის მაინც კავკასიის გული იყო. წინამორბედი მეფენიც ხშირად მოიხმობდნენ კავკასიელებს საომრად. ერეკლესობას მაინც ქართლი იყო კავკასიის ცენტრი და ჰეგემონი ქვეყანა. ეს ჰეგემონობა საქართველოს არ დაუკარგავს არც მეფის რუსეთის დროს, როდესაც საქართველოს მეფის ტახტი გაუქმდა, არც საბჭოთა რუსეთის დროს. ეს ჰეგემონობა კავკასიაში საქართველომ დაკარგა სწორედ ანგლოსაქსური ლიბერალიზმის შემოსვლიდან. საქართველოს პოლიტიკური ელიტა არასოდეს ახსენებს იმას, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს ქვეყანამ კავკასიის ლიდერისა და ჰეგემონის როლი. ეს საკითხი არც ქართველ ისტორიკოსთა და პოლიტიკის მეცნიერთა შორის განიხილება. რა არის იმპერია? რა საზრისს მქონობს ევროპელ განმანათლებელთა დროიდან ესოდენ გაკილული ეს ცნება? დაფიქრებულან კი როდესმე ჩვენი დროის მკილავნი, რომ იმპერიის უარყოფა ხდება ისევ ახალი იმპერიის შექმნის მიზნით? საბჭოთა იმპერიის დაშლას დაემთხვა ევროპული განმანათლებლობის გენერალისტური კონცეპტების უარყოფა თავად დასავლეთის მიერ. ეს უარყოფა მოხდა ბაზრის თავისუფლების სახელით. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ვიდრე 2008-9 წლების დიდ ფინანსურ კრახამდე იყო ნეოლიბერალიზმის ტრიუმფის პერიოდი. აი ამ ტრიუმფმა შეუშალა ხელი იმის დანახვას, რომ ფრაივესის პრინციპის (ადამიანის უფლებათა) მიბმა თავისუფალ ბაზარზე ამ უფლებებს ფიქციად აქცევდა. ლიბერტარიანელობის ეკონომიკური მოდელი იყო ის შირმა, რომლის მიღმა იდგა ანგლოსაქსური იმპერიული იდეა. ანგლოსაქსური იმპერიული იდეა მთლიანად დაეყრდნო ლიბერტარიანელობას და როდესაც დერეგულირებული ბაზრის კონცეფციამ თვით დასავლეთში კრახი განიცადა 2008-9 წლების დიდი დეპრესიის დროს, ანგლოსაქსური იმპერიული იდეა ეკონომიკური შემადგენლის გარეშე დარჩა. განა მხოლოდ ესაა. საბაზრო ლიბერალიზმის ერთი შეხედვით აპოლიტიკური იდეა გადაიქცა ახალ ტოტალიტარიზმად, ახალ რეპრესიულ იდეოლოგიად. დასავლეთისთვის სიძნელე ისაა, რომ მას აღარ შეუძლია დიდი იდეის შობა და ის ებღაუჭება დღეისთვის დევალვირებულ ლიბერალიზმს. გავიხსენოთ წარსული: XX საუკუნის დამდეგი იყო იმპერიების ერა. გლობუსზე არსებობდა რამდენიმე იმპერია. აღმოსავლეთში იყო თურქეთის იმპერია, მანჯურიელთა იმპერია ჩინეთში. დასავლეთსა და ჩრდილოეთში იყო საფრანგეთის, ბრიტანეთის, ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთის იმპერიები. ესპანეთის იმპერია XIX საუკუნის ბოლოს მზარდ ამერიკის იმპერიასთან ჭიდილში დამარცხდა. ამერიკა თავიდანვე განზრახული იყო, როგორც მსოფლიო იმპერია. XX საუკუნის დამდეგისათვის ევროპაში ინტელექტუალურ მაინსტრიმს ქმნიდა მარქსიზმი და სოციალ-დემოკრატიზმი, ასევე სხვადასხვა მიმართულების რევოლუციური მიმდინარეობანი (ანარქიზმი და სხვ.). დავაკვირდეთ, რა ხდება: რევოლუციონიზმი იყენებს განმანათლებლურ კონცეპტს ყველა ხალხის თვითგამორკვევაზე და გამოდის არსებული იმპერიების (ავსტრია-უნგრეთის, რუსეთის, თურქეთის იმპერიები) დაშლის მოთხოვნით. პოლიტიკური დისიდენტობის მიზანი მაშინ იყო იმპერიის დაშლა და სუვერენიტეტმიღებულ ახალ პოლიტიკურ ერთეულში რევოლუციის იდეების ხორცშესხმა. ესაა რევოლუციური დეზინტეგრაციონიზმი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა ეს სამი იმპერია. საფრანგეთისა ბრიტანეთის იმპერიებმა კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყეს დაშლა. ერთურთის მომტერე იმპერიები, როგორც მაგალითად, ბრიტანეთის იმპერია მტრობდა რუსეთის იმპერიას გასული საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს, როგორც ამერიკის იმპერია მტრობდა რუსეთის საბჭოთა იმპერიას 1945 წლიდან 1991 წლამდე და შემდეგაც, გამუდმებით აპელირებენ ერთა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის პრინციპისადმი. ამავე პრინციპის სახელით აქეზებდა საბჭოთა იმპერიაში შემავალ ხალხებს ნაცისტური იმპერია. მოგვიანოდ, ამავე პრინციპისადმი აპელირებით საბჭოთა კავშირი ხელს უწყობდა საფრანგეთისა და ბრიტანეთის კოლონიური იმპერიების დაშლას. საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა არაბულ და აფრიკულ ქვეყნებს. საფრანგეთიც და ბრიტანეთიც ცდილობდნენ იმპერიების შენარჩუნებას. ბრიტანეთის იმპერია იქცა ბრიტანეთის თანამეგობრობად. რას გვიჩვენებს ეს მოვლენები? იმას, რომ იმპერიის დაშლის ერთი წესი არსებობს ყველგან და მიმდინარეობს გამუდმებული ბრძოლა იმპერიულ ინტეგრატორებსა და მათ ანტაგონისტ დეზინტეგრატორებს შორის. დიდი ომების შემდეგ დაიშალა ზემოთ ჩამოთვლილი იმპერიები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იმპერია აღარ შეიქმნება. დაშლილი იმპერიების მაგიერ წარმოიშვა ამერიკის იმპერია. უკვე ეს ფაქტი სრულიად აბათილებს იმპერიებზე ნამსჯელის უზარმაზარ მასივს. ლიბერალიზმზე, ერთა თვითგამორკვევასა და თანასწორ ურთიერთობებზე ამდენმა ლაპარაკმა ოდნავაც არ შეუშალა ხელი ამერიკის იმპერიის არნახულ გაძლიერებას გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს. საქართველოში ეროვნული მოძრაობის დროიდანვე წესად იქცა იმის დამალვა, რომ ამერიკა თავად მის დამფუძნებელ მამათა მიერ მოიაზრებოდა როგორც იმპერია. იმპერიალისტები იყვნენ ნეოკონები, რომელთაც დიდი ძალისხმევა მოახმარეს ისლამური აღმოსავლეთის ლიბერალიზებას ამერიკა- ერაყის მეორე ომის დროს და სწორედ აქედან დაიწყო ამერიკის იმპერიის დაისი. დავაყენოთ კითხვა: რატომღა იქმნება იმპერია, თუკი ერთა თვითგამორკვევის პრინციპი ერთაშორის პოლიტიკაში უზენაეს დებულებადაა აღიარებული და ეს განმტკიცებულია საერთაშორისო სამართლით? მთელი რიგი საერთაშორისო სტატუტები და კონვენციები თითქოს ხელს უნდა უშლიდეს იმპერიების წარმოშობას, მაგრამ ისტორიის ყოველი ახალი ციკლი სწორედ ახალი იმპერიის შექმნით იწყება. გამოდის, რომ არსებული საისტორიო დისკურსი არასწორი და თავის მოსატყუებლად შექმნილია. ისტორიოგრაფია კი იკვლევს გარდასულ იმპერიებს, მაგრამ მან არ გაარკვია თავად იმპეროგენეზის საკითხი. იმპერიის იდეა ადამიანს უძველესი დროიდანვე მუდამ საკუთარი ჩრდილივით თან სდევს. ადამიანის მოდგმამ არ იცის უფრო დიდი მიზანი, ვიდრე იმპერიაა. იმპერია არის ადამიანთა ერთობის უმაღლესი ფორმა. პროფანულ ისტორიკოსებს იმპერიები ბოროტებად მიაჩნიათ და მათ ნამსჯელს ავრცელებს მედია, რომელსაც თავისი მოსაჩვენებელი კატეგორიულობით, მორალიზმითა და კრიტიკანობით მხოლოდ ბნელი შეაქვს საკითხის გააზრებაში (იმპერია ხალხთა საპყრობილეა, იმპერია სატანურია და ა.შ.). იმპერია იყო და არის დიდი პოლიტიკის უმაღლესი მიზანი. აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, იმყოფება ადამიანი ასურეთის სამეფოს საბრძოლო ეტლების ხანაში, თუ იმყოფება პოსტინდუსტრიულ, ინფორმაციულ საზოგადოებაში. იმპერია მარადიული იმპერატივია, რომელსაც ისტორია ადამიანს უყენებს. სწორედ იმპერიაში ხდება დიდი კულტურული ძვრები. იმპერია ქმნის ისტორიას და არა სხვა რამ. იმპერიაა მშვიდობისა და მსოფლიო წესრიგის გარანტი და არა გაქვავებული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნების წყება. ფოსილიზებული სუვერენიტეტი არაფრის მომცემი არაა და ის ქიმერაა ხალხისათვის. მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადება ცოტაა ქვეყნის განვითარებაში. საგულისხმო ისაა, რამდენად შესწევს ქვეყანას ძალა, რომ ამაღლდეს პოლიეთნიკურ, უნივერსალისტურ გაერთიანებამდე. კავკასიის ქვეყნებისათვის ეს ნიშნავს ამიერკავკასიის ფედერაციის იდეის გახსენებას.
იმპერიის არსი კარგად უწყოდნენ ადრეული ეკლესიის მამებმა. რომის წარმართული იმპერია დაიშალა, მაგრამ მამებს არ შეუქმნიათ სწავლება ხალხების დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე. ქრისტიანობა აღმოცენდა რომის იმპერიასთან ბრძოლაში და მისი მიზანი იყო არა სუვერნიტეტების სერპანტინი, არამედ ახალი, ქრისტეს იმპერია. ამ აზრით მოციქულები არიან დიდი იმპერიალისტები და ეს პირველ რიგში ითქმის პავლე ტარსოსელზე.
ეკლესიის ყველა დიდი მამა თვალსაჩინო იმპერიალისტი და პოლიეთნისტი ინტეგრატორია. რომის წარმართულ იმპერიას ემაგიერა ქრისტიანული რომის იმპერია. მოგვიანოდ, ლუთერული სქიზმის გაჩენამ დაშალა პანევროპული კათოლიკური იმპერია და მაშინდელ საერთაშორისო სამართალში დაკვიდრდა ნაცია-სახელმწიფოს ცნება. გავიდა დრო და ნაცია-სახელმწიფოები იწყებენ იმპერიისთვის ბრძოლას. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. რისი მომსწრენი ვართ დღეს, მოწყალენო ხელმწიფენო? იმისა, რომ ანგლოსაქსური იმპერია აშშ-ბრიტანეთის სახით და მის ორბიტაში მყოფი ევროკავშირი ცდილობენ რუსეთის ფედერაციის, ამ დიდი პოლიეთნიკური სივრცის დაშლას. მტრობის მიზეზი ისაა, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას ევრაზიული კავშირი ყოფილი მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით. ეს სწორი პოლიტიკაა და თუ რუსეთის ელიტა გამოიჩენს შორსმჭვრეტელობას, ეს ევრაზიული გაერთიანება შეიქმნება. ფაქტიურად ორი იმპერიული იდეა, ორი უნივერსალისტური მოდელი ეჯახება ერთმანეთს. დასავლური უნივერსალიზმი კვლავ ნეოლიბერალიზმისა და საბაზრო ინდივიდუალიზმს ეყრდნობა. რუსული უნივერსალიზმი კი ნეოლიბერალიზმის უარმყოფელია და ახალი ფორმაციის საფუძვლებს ქმნის. დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე ტოტალურ ომში, ისევე როგორც ძველად, კვლავ გამოიყენება ერთა თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის პრინციპისადმი აპელაციები. ევრაზია, როგორც ჰარტლენდი, როგორც დიდი მიწა, ძველი დროიდანვე პრედესტინირებულია იმისათვის, რომ აქ შეიქმნას დიდი უნივერსული პოლიეთნიკური გაერთიანება.
ჩემი ეს მცირე მოხსენება არ დავამძიმე ციტატებით, ისტორიული წიაღსვლებით, თარიღებითა და პერსონებით. მოხსენება მიზნად ისახავს მეტად გამრუდებული საკითხის სწორად დაყენებას და მისი გააზრების სწორი გეზის მონიშვნას. მოხარული ვიქნები, თუკი ამ გეზის მიდევნით ჩვენ ერთად შევქმნით ამა დროის შესატყვის განაზრებებს.
28 მაისი, 2015 წ.
კომენტარები