კოლინ ვარდი (1924-2010) – ბრიტანელი მწერალი, არქიტექტორი და თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანარქისტი მოაზროვნეა. მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა ანარქისტი.
ამონარიდი აღებულია კოლინ ვარდის წიგნიდან – „ანარქიზმი: ძალიან მოკლე შესავალი“.
სიტყვა „ანარქია“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან Anarkhia, რაც ნიშნავს „ავტორიტეტის საწინააღმდეგოს“ ან „მმართველობის გარეშე“ ყოფნას. იგი დამაკნინებელი მნიშვნელობით გამოიყენებოდა 1840 წლამდე. იქამდე, ვიდრე პიერ-ჟოზეფ პრუდონი, საკუთარი პოლიტიკური და სოციალური იდეოლოგიის აღსაწერად არ გამოიყენებდა.
პრუდონი ამტკიცებდა, რომ მმართველობა ხელისუფლების გარეშე არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ სასურველიც იყო. პოლიტიკური იდეების ევოლუციაში ანარქიზმი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ლიბერალიზმის და სოციალიზმის რადიკალური ანარეკლი; ხოლო ანარქისტული აზრების სხვადასხვა მიმდინარეობის სიახლოვე ერთ ან მეორე, ზემოხსენებულ იდეოლოგიასთან იმაზეა დამოკიდებული, თუ სად არის დასმული აქცენტები.
ისტორიულად, ანარქიზმი მხოლოდ იმიტომ არ აღმოცენებულა, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის; ან იმ მიზეზით, რომ ღარიბ ხალხს მუდამ უწევს ბრძოლა საკუთარი წილის მისაღებად, საერთო მემკვიდრეობიდან, არამედ როგორც რადიკალური პასუხი კითხვაზე: „რა გაკეთდა არასწორად?“ ეს შეკითხვა გაჩნდა საფრანგეთის რევოლუციის შედეგების შეჯამებისას. რევოლუცია დასრულდა ტერორით და მმართველთა ახალი, მდიდარი ფენის წარმოქმნით. უფრო მეტიც, დაპყრობილ ტერიტორიებზე ამაყად მოსიარულე და ხელახლა გაღმერთებული იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტეს დაბრუნებით.
ანარქისტები და მათი წინამორბედები იყვნენ ერთადერთნი „მემარცხენე ძალებს“ შორის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მრავალ საუკუნოვანი ექსპლუატაციის დასრულების მსურველ მუშებს და გლეხებს პოლიტიკოსთა ახალი კლასი გამოიყენებდა და უღალატებდა, რადგან ამ უკანასკნელთა უმთავრესი პრიორიტეტი იყო ცენტრალიზებული სახელმწიფო ხელისუფლების აღდგენა. ყოველი რევოლუციური აჯანყების შემდეგ, როდესაც გამარჯვება უმძიმეს ფასად უჯდებოდა ჩვეულებრივ მოსახლეობას, მმართველთა ახალი კლასი მათ გასაკონტროლებლად უყოყმანოდ იყენებდა ტერორს, საიდუმლო პოლიციას და პროფესიულ არმიას.
ანარქისტებისთვის სახელმწიფო თავად არის მტერი და შესაბამისად, ანალოგიურ ინტერპრეტაციას აძლევდნენ, მე-19 და მე-20 საუკუნეში მომხდარი ყველა რევოლუციის რეზულტატს. ეს ხდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ თითოეული სახელმწიფო ეჭვის თვალით უყურებს დისიდენტებს და ზოგჯერ სჯის კიდეც მათ, არამედ იმიტომ, რომ ყველა სახელმწიფო იცავს ძალაუფლების მქონეთა პრივილეგიებს.
საუკუნეზე მეტია, ანარქისტული პროპაგანდის ძირითადი მიმართულება არის ანარქო-კომუნიზმი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადგილობრივი კომუნების საზიარო კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს – საკუთრება მიწაზე, ბუნებრივი რესურსები და წარმოების საშუალებები. კომუნები უნდა ერთიანდებოდნენ ფედერაციულ საწყისებზე, სხვადასხვა ამოცანის ერთობლივად გადასაწყვეტად. განსხვავებით სახელმწიფო სოციალიზმისგან, ანარქო-კომუნიზმი უპირისპირდება ნებისმიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების იდეას. ანარქისტების ნაწილი ერთმანეთისგან მიჯნავს ანარქო-კომუნიზმს და კოლექტივისტურ ანარქიზმს, რათა ცხოვრებისთვის აუცილებელი რესურსების განკარგვისას უფრო მეტად გაესვას ხაზი ინდივიდის ან ოჯახის თავისუფლებას, რაც სრულებით არ ნიშნავს კერძო საკუთრების უფლებას სხვებისთვის საჭირო საშუალებებზე.
ანარქო-სინდიკალიზმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზებულ ინდუსტრიულ მუშებს, რომლებმაც „საყოველთაო სოციალური გაფიცვის“ საშუალებით უნდა მოახდინონ კაპიტალის მფლობელთა ექსპროპრიაცია და შედეგად, უზრუნველყონ წარმოების და მართვის პროცესის განხორციელება მშრომელების მიერ.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ინდივიდუალისტური ანარქიზმის რამდენიმე ტრადიცია არსებობს. ერთი მათგანი სათავეს იღებს, „გონივრული ეგოიზმის“ ავტორის, გერმანელი მწერლის მაქს შტირნერისგან (1806-1856). დანაჩენი კი, მე-19 საუკუნის ამერიკელ მწერალთა მთელი პლეადისგან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საკუთარი ავტონომიის დაცვით და ამავე დროს სხვა ადამიანებთან გაერთიანებით საუკეთესო პირობებს ვქმნით საერთო კეთილდღეობისთვის. ეს მოაზროვნეები, თავისუფალი ბაზრის ლიბერალი იდეოლოგებისგან განსხვავებით, სრულ უნდობლობას უცხადებდნენ ამერიკულ კაპიტალიზმს და აქცენტს აკეთებდნენ მუტუალიზმზე – ურთიერთდახმარებაზე აგებულ თანამშრომლობაზე. მე-20 საუკუნის ბოლოს, სიტყვა „ლიბერტარიანელი“, რომელსაც შესაბამისი მსოფლმხედველობის მქონენი იყენებდნენ „ანარქისტის“ ალტერნატივად, მიითვისა ამერიკელ მოაზროვნეთა ახალმა ჯგუფმა. მათ შესახებ მე-7 თავში ვისაუბრებ.
პაციფისტური ანარქიზმი ერთი მხრივ წარმოდგება ანტიმილიტარიზმისგან, რასაც თან სდევს შეიარაღებულ ძალებზე უკიდურესად დამოკიდებული სახელმწიფოს უარყოფა; მეორე მხრივ, იმ მოსაზრებისგან რომ ნებისმიერი სიცოცხლისუნარიანი, ადამიანური საზოგადოება დამოკიდებულია მისი წევრების ნებაყოფლობით კეთილმოსურნეობაზე.
ანარქისტული აზროვნების ამ და სხვა მიმართულებებს, განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. თუმცა, აერთიანებთ აშკარა ძალაუფლების უარყოფა, იქნება ეს სახელმწიფო, დამსაქმებელი, ადმინისტრაციული იერარქია თუ ძალაუფლებრივი საზოგადოებრივი ინსტიტუტები, როგორიცაა სკოლა და ეკლესია.
იგივე შეიძლება ითქვას ანარქისტული პროპაგანდის ახალ სახეობებზე: მწვანე ანარქიზმსა და ანარქა-ფემინიზმზე. ისინიც, ვინც თვლის, რომ ცხოველთა განთავისუფლება ექსპლუატაციისგან ადამიანის თავისუფლების აუცილებელი ასპექტია, ფიქრობენ რომ მათ მიზნებთან თავსებადი ერთადერთი იდეოლოგია ანარქიზმია. ჩვეულებრივ, ანარქისტულ ტრადიციას ოთხ გამოჩენილ მოაზროვნეს და მწერალს უკავშირებენ. მათგან პირველი, უილიამ გოდვინია (1756-1836), რომელმაც 1793 წელს გამოცემულ წიგნში „კვლევა პოლიტიკური სამართლიანობის შესახებ“ (Enquiry Concerning Political Justice) ხელისუფლების, კანონების, საკუთრების და სახელმწიფო ინსტიტუტების საწინააღმდეგოდ ანარქისტული არგუმენტები წარმოადგინა. გოდვინი მწერალ მერი უოლსტონკრაფტის მეუღლე და მერი შელის მამა იყო. ის გახლდათ ტრადიციული, ინგლისური რადიკალური ნონკონფორმიზმის და ფრანგული განმანათლებლობის მემკვიდრე. მას წიგნმა მყისიერად გაუთქვა სახელი. თუმცა, მე-19 საუკუნის პოლიტიკური კლიმატის გამო, მალევე შეიცვალა მკაცრი და უარყოფითი დამოკიდებულებით. მიწისქვეშა რადიკალურ წრეებში მაინც აგრძელებდნენ მის კითხვას იქამდე, ვიდრე თავიდან არ აღმოაჩინა ანარქისტულმა მოძრაობამ, 1890-იან წლებში.
მსგავსი პიონერი იყო პიერ-ჟოზეფ პრუდონი (1809-1865), ფრანგი პროპაგანდისტი. მან პირველმა უწოდა საკუთარ თავს ანარქისტი.
პრუდონი ცნობილი გახდა 1840 წელს გამოქვეყნებული ესეს – „საკუთრება არის ქურდობა“ წყალობით, სადაც ასევე ამტკიცებდა, რომ „საკუთრება არის თავისუფლება“. პრუდონისთვის, ამ ორ განცხადებას შორის არ არის წინააღმდეგობა, რადგან პირველ შემთხვევაში საქმე ეხება მიწის მფლობელს, კაპიტალისტს, რომლის ქონება მოპოვებულია ძალით ან ექსპლუატაციით და შენარჩუნებულია მხოლოდ სახელმწიფოს, მისი კანონების, პოლიციის და არმიის მეშვეობით. მაშინ როდესაც, მეორე შემთხვევაში იგულისხმება გლეხის ან ხელოსნის ოჯახებისთვის, ბუნებრივი საჭიროების უფლება – საცხოვრებელზე; მიწაზე, რომლის დამუშავება შეეძლებათ; ხელობისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებზე; ვაჭრობის საშუალების უფლება; მაგრამ არა სხვათა სახლების, მიწის, სიცოცხლის ფლობის უფლება. პრუდონს აკრიტიკებდნენ, რომ სურდა, ღარიბული გლეხური ფერმების და ხელოსანთა არსებული ერთობების უცვლელად შენარჩუნება. რის საპასუხოდაც, ის საუბრობდა წარმატებული ფედერაციების მოწყობის პრინციპებზე და შესაძლებლობაზე.
კლასიკური ანარქიზმის მესამე მნათობი იყო, რუსი რევოლუციონერი მიხეილ ბაკუნინი (1814-1876). პირველ ინტერნაციონალში, 1870-იან წლებში, კარლ მარქსთან დებატების გამო დამსახურებულად სახელგანთქმული. ბაკუნინმა შესანიშნავი სიზუსტით იწინასწარმეტყველა მე-20 საუკუნის მარქსისტული დიქტატურების შედეგი.
„თავისუფლება სოციალიზმის გარეშე – ამბობდა ის – არის პრივილეგია და უსამართლობა, მაგრამ სოციალიზმი თავისუფლების გარეშე, მონობა და სისასტიკეა“. აღნიშნული თეზისი განხილულია, საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტ ქვეყნებში, რეჟიმის ნგრევის შემდეგ გამოცემულ მრავალ წიგნში. 1872 წლის წერილი, ბაკუნინის დაკვირვებების ტიპური ნიმუშია. წერილში ის აღნიშნავს: „მჯერა რომ სერ მარქსი, გულწრფელი თუ არა, სერიოზული რევოლუციონერია. მიკვირს, როგორ ტოვებს მხედველობის მიღმა იმ ფაქტს, რომ უნივერსალური, კოლექტიური თუ ინდივიდუალური დიქტატურის დამყარება გამოიწვევს, ასე ვთქვათ, მსოფლიო რევოლუციის მთავარი ინჟინრის თანამდებობის შექმნას, რომელიც უხელმძღვანელებს მასების რევოლუციურ საქმიანობას, გააკონტროლებს მას ყველა ქვეყანაში, სამართავი მანქანის მსგავსად. საკმარისია, დამყარდეს ამგვარი დიქტატურა და იგი მოკლავს და დაამახინჯებს რევოლუციას, გამოიწვევს ყველა სახალხო მოძრაობის პარალიზებას...“
წამყვან მოაზროვნეთა ბოლო წარმომადგენელია არისტოკრატიული წარმოშობის რუსი პეტრე კროპოტკინი (1842-1921). თავდაპირველად, მან რეპუტაცია მოიპოვა როგორც გეოგრაფმა, შემდეგ კი ანარქიის მეცნიერული საფუძვლების შექმნისთვის დაწერილი, მთელი რიგი წიგნების და ბროშურების საშუალებით. „პური და თავისუფლება“ (1892) მისი სახელმძღვანელოა, თვითორგანიზების და პოსტ-რევოლუციური საზოგადოების შესახებ. „ურთიერთდახმარება, როგორც ევოლუციის ფაქტორი“ (1902) – კროპოტკინმა დაწერა დარვინიზმის იმ არასწორი ინტერპრეტაციის საწინააღმდეგოდ, რომელიც ამართლებს კაპიტალიზმის შეჯიბრებითობას. ადამიანურ და ცხოველთა საზოგადოებებზე დაკვირვების შედეგად, მაგალითების მოყვანით, წიგნში ნაჩვენებია, თუ რა უმნიშვნელო როლი მიუძღვის სახეობათა შიგნით შეჯიბრს გადარჩენაში, განსხვავებით ურთიერთდახმარებისგან.
„მინდვრები, ქარხნები და სახელოსნოები“ (1899) – კროპოტკინის ტრაქტატია შრომის ჰუმანიზაციის შესახებ – მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ინტეგრაციის საშუალებით. კროპოტკინმა, რომელსაც ანარქისტ ავტორებს შორის ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს მსოფლიოში, ანარქია დააკავშირა უფრო გვიანდელი პერიოდის სოციალური ეკოლოგიის იდეებთან და ყოველდღიურ გამოცდილებასთანაც.
ზოგიერთი ანარქისტი არ ეთანხმება ანარქიზმის გაიგივებას მის ყველაზე ცნობილ იდეოლოგებთან. ისინი აღნიშნავენ რომ, მსოფლიოს გარშემო ყველგან, სადაც წარმოიქმნება ანარქისტული იდეები, არსებობს ადგილობრივი აქტივიზმი. შესაძლოა შენიღბული სახით, რათა წვდომა ჰქონდეს ბეჭდურ მედიასთა; მათი აზრით, ისტორიის მანძილზე ჩახშობილ ყოველ წინააღმდეგობაში არსებობს ფარული ანარქისტული ტენდენციები. ისინი შთაგონებული არიან იდეით, რომ გარკვეული პრობლემების თუ დილემების გადაწყვეტა ხდებოდა ანარქისტული მიდგომით. ამგვარად იკვეთება ისტორიული გზა, რომელშიც შესაძლებელია დავინახოთ ანარქისტული მისწრაფებები: ანტიკური ხანის მონების ამბოხებებში; შუა საუკუნეების გლეხების აჯანყებებში; ინგლისელ დიგერებში, 1640 წლის რევოლუციის დროს; 1789 და 1848 წლების საფრანგეთის რევოლუციებსა და 1871 წლის პარიზის კომუნაში. მე-20 საუკუნეში, ანარქიზმმა თავისი როლი ითამაშა 1911 წლის მექსიკის რევოლუციაში; რუსეთის, 1917 წლის და განსაკუთრებით, ესპანეთის რევოლუციაში, რომელსაც მოჰყვა შეიარაღებული აჯანყება და 1936-1939 წლების სამოქალაქო ომი. ამ რევოლუციურ მოვლენებში ანარქისტების მიერ შეტანილი წვლილის შესახებ მომდევნო თავში იქნება საუბარი.
აღნიშნული რევოლუციებიდან თითოეულში ანარქისტებს დამარცხებული გმირების ბედი ერგოთ. მაგრამ, ანარქისტები მაინცდამაინც არ შეესაბამებიან, საბოლოო რევოლუციის მორწმუნეთა სტერეოტიპს, რომლებიც სრულ გამარჯვებას აღწევენ ყველას დამარცხებით და გზას უხსნიან უტოპიას. გერმანელი ანარქისტის, გუსტავ ლანდაუერის განცხადებით: „სახელმწიფო არ წარმოადგნს რაღაც ისეთს, რომლის დანგრევაც შესაძლებელია რევოლუციით. სახელმწიფო – მდგომარეობაა. ერთგვარი ურთიერთკავშირია ადამიანებს შორის, ადამიანური ქცევის მოდელია. მისი განადგურება შეგვიძლია მხოლოდ სხვა ურთიერთკავშირის შექმნით, სხვანაირი ქცევით“.
ამას გარდა, მართალია ანარქისტებმა ვერ შეცვალეს საზოგადოება, საკუთარი წარმოდგენის მიხედვით, მაგრამ იგივე ითქმის წინა საუკუნის ყველა სოციალური იდეოლოგიის მიმდევარზე, სოციალისტური იქნება ეს თუ კაპიტალისტური. სამაგიეროდ, როგორც მე-8 თავში ვამტკიცებ, ანარქისტებმა დიდი წვლილი შეიტანეს, მთელ რიგ, მცირე მასშტაბის განმათავისუფლებელ მოძრაობებში, რომლებმაც ადამიანებს, ტანჯვის უზარმაზარი ტვირთი შეუმსუბუქა.
მართლაც, ანარქიზმს ახასიათებს მოქნილობა და გამძლეობა. ყველა ევროპულ, ჩრდილო და ლათინო-ამერიკულ, აზიურ საზოგადოებას ჰქონდა ანარქისტული გამომცემლობები, ჟურნალები, მიმდევართა წრეები; ჰყავდა დაპატიმრებული აქტივისტები და წამებულები.
როდესაც, რომელიმე ავტორიტარული და რეპრესიული პოლიტიკური რეჟიმი ეცემა, ანარქისტები იქ არიან; უმცირესობა, რომელიც მოუწოდებს თანამოქალაქეებს ისწავლონ გაკვეთილი ხელისუფლების მიერ ჩადენილი საშინელებებიდან და უპასუხისმგებლობებიდან.
ანარქისტული პრესა ხელახლა აღმოცენდა ჰიტლერის შემდგომ გერმანიაში, მუსოლინის შემდგომ იტალიაში, ფრანკოს შემდგომ ესპანეთში, სალაზარის შემდგომ პორტუგალიაში, სამხედროების შემდგომ არგენტინასა და რუსეთში, 70 წლიანი სასტიკი ზეწოლის შემდეგ. ანარქისტებისთვის ეს იმის ნიშანია, რომ თვით-ორგანიზებული საზოგადოების იდეალი, რომელიც უფრო მოხალისეობრივ თანამშრომლობას ემყარება და არა – იძულებითს, დაუმარცხებელია. მათი მტკიცებით, ის წარმოადგენს უნივერსალურ ადამიანურ მისწრაფებას.
რისი ილუსტრაციაც არის, არაევროპული კულტურების მიერ დასავლური ანარქისტული იდეებისა და კონცეფციების გაზიარება, ადგილობრივ ტრადიციებსა და საკუთარ მოაზროვნეებთან დაკავშირება.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, იაპონიაში ანარქისტული იდეების გამავრცელებელი იყო კოტუკო შუსუი (1871-1911). მან კროპოტკინის ნაშრომები წაიკითხა ტყვეობაში ყოფნისას, 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომის დროს. განთავისუფლების შემდეგ ეწვია კალიფორნიას, სადაც კავშირი დაამყარა მებრძოლ ანარქო-სინდიკალისტურ ორგანიზაცია – „მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშებთან“ (IWW).
იაპონიაში დაბრუნების შემდეგ მან დაიწყო ანტიმილიტარისტული ჟურნალის – „Heimen“-ის გამოცემა. კოტუკო ამტკიცებდა, რომ იაპონურ ცხოვრებაში მუდამ არსებობდა ანარქისტული მიდრეკილებები, ბუდიზმის და დაოიზმის გავლენის გამო. 1911 წელს ის სიკვდილით დასაჯეს, 12 ანარქისტთან ერთად. მათ ბრალად ედებოდათ შეთქმულების მოწყობა იმპერატორ მეიჯის წინააღმდეგ. მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში, კოტუკოს მიმდევრების მთელი პლეადა განაგრძობდა პროპაგანდას და გაფიცვების ორგანიზებას მილიტარიზმის წინააღმდეგ. მთავრობის ზეწოლის გამო დასუსტებული წინააღმდეგობა აღორძინდა მეორე მსოფლიო ომის კოშმარის შემდეგ.
ჩინური ანარქიზმი დაახლოებით იმავე პერიოდში გაჩნდა, როდესაც იაპონური, ტოკიოსა და პარიზში სასწავლებლად წასული სტუდენტების ძალისხმევით. იაპონიაში წასული სტუდენტობა, კოტუკო შუსუის გავლენის ქვეშ იყო. ისინი ხაზს უსვამდნენ ანარქიზმის კავშირზე ჩინური ცხოვრების ტრადიციულ დინებასთან. როგორც პიტერ მარშალი განმარტავს: „თანამედროვე ანარქიზმი ეხმიანებოდა როგორც დაოისტური სოფლის იდილიას, ასევე ჩინურ კულტურაში, ათასწლეულებით დამკვიდრებულ გლეხების სურვილს, მიეღწიათ ზომიერებისა და თანასწორობისთვის, რაც მათ ამბოხებებისკენ უბიძგებდა, ჩინეთის მთელი ისტორიის მანძილზე. ამას გარდა, ანარქიზმმა წინ წამოსწია ორი ტრადიციული ჩინური კონცეფცია: ლეგენდარული ოქროს ხანის სოციალური თანასწორობა-ჰარმონია (Ta-t’ung) და მიწის ფლობის კომუნალური სისტემა (Ching-t’ien)“.
პარიზში განათლებამიღებულ სტუდენტებს, ბაკუნინისა და კროპოტკინის გარდა, დარვინის ევოლუციის თეორიაც ხიბლავდათ. მათ უარი თქვეს ანარქიზმის დაოიზმთან და აგრარულ ისტორიასთან დაკავშირების მცდელობაზე. 1911 წელს, მანჩუს დინასტიის დაცემის შემდეგ, ორივე ანარქისტულმა დაჯგუფებამ იფიქრა, რომ მათი მოქმედების დრო დადგა. მაგრამ სინამდვილეში, მე-20 საუკუნის მღელვარე ჩინეთში, დროთა განმავლობაში სხვა იდეოლოგია, მარქსიზმ-ლენინიზმი დაწინაურდა. როგორც მეორე თავში ვიხილავთ, ჩინელებისთვის ძალით წარდგენილი პოლიტიკური პროგრამები ანარქისტების მისწრაფებების დიქტატორული პაროდია აღმოჩნდა.
კორეაშიც არსებობდა ანარქისტული ტრადიცია, რაც უკავშირდებოდა მე-19 საუკუნის იმედებს გლეხების კომუნიზმის შესახებ. მაგრამ იაპონიის 35-წლიანი ოკუპაციის გამო, რომელსაც ანარქისტები მძვინვარე წინააღმდეგობას უწევდნენ, მათ თავდადებულად მებრძოლი პატრიოტების რეპუტაცია დარჩათ ქვეყანაში, რომლის ჩრდილოეთში მარქსისტული დიქტატურაა დამყარებული, ხოლო სამხრეთი ამერიკული კაპიტალიზმის მოდელია.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ინდოეთის ინგლისის ბატონობისგან განმათავისუფლებელ ბრძოლაში, წამყვანი როლი ითამაშა მაჰათმა განდიმ (1869-1948), რომელმაც გარკვეულ წილად უნიკალური, არაძალადობრივი წინააღმდეგობის იდეოლოგია და ინდურ ტრადიციებთან დაკავშირებული გლეხური სოციალიზმი შექმნა, რაც სანახევროდ ანარქისტული წყაროებიდან ააგო. მან ტოლსტოის მსოფლმხედველობიდან არაძალადობრივი წინააღმდეგობის პოლიტიკა განავითარა, ტოროსგან – სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, ხოლო კროპოტკინის გულდასმით კითხვის შემდეგ შეიმუშავა დეცენტრალიზაციის და ავტონომიური სასოფლო კომუნების პროგრამა, ერთმანეთთან დაკავშირებული სოფლის მეურნეობით და ადგილობრივი წარმოებით. დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, მისმა პოლიტიკურმა მიმდევრებმა პატივი მიაგეს განდის ხსოვნას, მაგრამ დაივიწყეს მისი იდეები. მოგვიანებით, იმავე, მე-20 საუკუნეში, ვინობა ბჰავეს (1895-1982) მოძრაობამ – „სარვოდაია“ სცადა „მიწიდან ამომავალი“ (Land-based) არაძალადობრივი რევოლუცია მოეხდინა ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკის უარყოფით.
აფრიკაში, სახელმწიფო სოციალიზმის მარცხის შესახებ კვლევის ავტორებმა, მბაჰ-მა და იგარავეიმ, ყურადღება გაამახვილეს: „მთელ კონტინენტზე გავრცელებული ეთნიკური კონფლიქტების ენდემურ პრობლემაზე; აფრიკის უწყვეტ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მარგინალიზაციაზე, გლობალური მასშტაბით; აფრიკის მოსახლეობის 90%-ის ენით აუწერელ სიღატაკეზე და რა თქმა უნდა, ერი-სახელმწიფოების მიმდინარე ჩამოშლაზე, კონტინენტის ბევრ ნაწილში“.
ისინი ამტკიცებდნენ, რომ: „მოცემული პრობლემების გათვალისწინებით, „ანარქისტული ელემენტების“ დაბრუნება აფრიკულ კომუნალიზმში, ფაქტობრივად, გარდაუვალია. თვით-ორგანიზებული სოციუმი, რომელიც ემყარება ადგილობრივთა თავისუფალ ნებას, დაცლილილია ავტორიტარული მაკონტროლებელი რეჟიმისგან – მიმზიდველი და შესაძლებელია გრძელ ვადიან პერსპექტივაში“.
შესაძლოა, მკითხველმა იკითხოს, რომ თუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამდენ კულტურაში შეიმჩნევა ანარქიზმთან მიახლოებული იდეებისა და მისწრაფებების კვალი, მაშინ რატომ რჩება თავად კონცეფცია მუდამ გაუგებარი ან კარიკატურულად დამახინჯებული? პასუხი შეგვიძლია ვიპოვოთ, ანარქისტული ისტორიის ერთ, ძალიან მოკლე ეპიზოდში.
ერთი საუკუნის წინ იყო პერიოდი, როდესაც ანარქისტულმა უმცირესობამ, სხვა პოლიტიკური დაჯგუფებების მსგავსად, დაიჯერა, რომ სახალხო რევოლუციას დააჩქარებდა მონარქის, პრინცის და პრეზიდენტების მკვლელობა. სამწუხაროდ, მსხვერპლობის ყველაზე დამსახურებული კანდიდატები – მუსოლინი, ფრანკო, ჰიტლერი ან სტალინი – კარგად იყვნენ დაცული. ასე რომ, ისტორიის მსვლელობის შემობრუნების თუ სამყაროს ტირანებისგან გადარჩენის საქმეში ანარქისტები უფრო წარუმატებელი აღმოჩნდნენ, ვიდრე შემდგომი პოლიტიკური მკვლელები.
თუმცა, მეხსიერებაში დარჩა სფეროს ფორმის ბომბებით შეიარაღებული წვერიანი ანარქისტის კარიკატურული სტერეოტიპი. ეს კიდევ ერთ დაბრკოლებად იქცა, ანარქისტულ მიდგომებზე სერიოზული დისკუსიისთვის. ამ დროს, სხვადასხვა მასშტაბების თანამედროვე პოლიტიკური ტერორიზმი, ძირითადად, ხელისუფლების მონოპოლიად გვევლინება, რომელიც მიმართულია მოსახლეობის საწინააღმდეგოდ; ან რელიგიური თუ ნაციონალური სეპარატიზმის ბრძოლის საშუალებაა. ორივე შემთხვევა ძალიან შორს არის ანარქისტული მიზნებისგან.
1905 წელს, კროპოტკინმა დაწერა სტატია „ანარქიზმზე“, „ბრიტანული ენციკლოპედიის“ მეთერთმეტე გამოცემისთვის. მან განმარტა, რომ ეს არის: „ცხოვრებისეული პრინციპის, თეორიის და ქცევის განსაზღვრება, როდესაც საზოგადოება მოაზრებულია ხელისუფლების გარეშე. ამგვარ საზოგადოებაში, ჰარმონია მიიღწევა, არა კანონების ან ხელისუფლებისადმი მორჩილებით, არამედ სხვადასხვა ტერიტორიულ და პროფესიულ ჯგუფებს შორის შეთანხმებით, რომელიც თავისუფლად ყალიბდება, როგორც წარმოების და სამომხმარებლო მიზნებისთვის, ასევე ცივილიზებული ადამიანის საჭიროებათა და მისწრაფებათა ულევი მრავალფეროვნების დასაკმაყოფილებლად“.
ამ განმარტებაში, თავისთავად იგულისხმება კომპრომისის გარდაუვალობა, რაც პოლიტიკის ორდინალური და ანარქისტებისთვის ძნელად მისაღწევი ასპექტია. ზუსტად იმიტომ, რომ მათი იდეოლოგია თავს არიდებს პოლიტიკური გავლენის მოპოვებისთვის საჭირო ჩვეულებრივ გზებს.
კომენტარები