ხოსე ორტეგა-ი-გასეტი – ესპანელი ფილოსოფოსი და ესსეისტი, პერსპექტივიზმისა და რაციოვიტალიზმის თეორიის წარმომადგენელი. დიდი გავლენა იქონია ფილოსოფიური აზროვნების შემდგომ განვითარებაზე ესპანეთში.
ამონარიდი აღებულია ხოსე ორტეგა-ი-გასეტის წიგნიდან – „ეტიუდები სიყვარულზე“.
მრავალი საპირისპირო მოსაზრება შეიძლება იქნეს წამოყენებული იმ თეზისის წინააღმდეგ, რომ ძლიერი სასიყვარულო მიდრეკილებები აშიშვლებენ ჩვენს ჭეშმარიტ სახეს. გამორიცხული არაა, რომ გამოთქმულ იქნეს ისეთებიც, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ უკუაგდებენ ჰიპოთეზას. მაგრამ ის, რისი მოსმენაც მე მომიწია, ნაკლებად დამაჯერებელია, არასაკამრისად დასაბუთებული და აწონ-დაწონილი. ხშირად მხედველობიდან გამორჩებათ, რომ სასიყვარულო სწრაფვანი ვლინდება უმცირეს წვრილმანებში. რაც უფრო ინტიმურია შესასწავლი ფსიქოლოგიური პრობლემა, მით უფრო დიდ როლს თამაშობს მასში დეტალი. სიყვარულის მოთხოვნილება ნამდვილად ყველაზე უფრო ინტიმურია. მაგრამ, ალბათ, უფრო მეტად ინტიმური ხასიათი აქვს მხოლოდ „მეტაფიზიკურ განცდას“, ანუ სამყაროს რადიკალურად მთლიან და ღრმა შეგრძნებას!
ის ძევს ყველა ჩვენს მისწრაფებათა საფუძველში. იგი დამახასიათებელია თითოეულისათვის, თუმცა არც თუ ყოველთვის მკაფიოდაა გამოხატული. ეს შეგრძნება შეიცავს ჩვენს პირველ გაუცნობიერებელ რეაქციას რეალურობის სისავსეზე, ცოცხალ შთაბეჭდილებებს, სამყაროსა და ცხოვრების მიერ ჩვენში დატოვებულს. წარმოდგენები, აზრები და სურვილები ამოიზრდებიან ამ პირველი რეაქციისაგან და შეფერადდებიან მისით. სასიყვარულო მისწრაფებებს ბევრი საერთო აქვს ამ სტიქიურ გრძნობასთან, რომელიც ყოველთვის გვიკარნახებს, ვის ან რას ეძღვნება ჩვენი ახლობლის სიცოცხლე. სწორედ ეს წარმოადგენს უდიდეს ინტერესს: მისი ბიოგრაფიის არა ფაქტები, არამედ ის რისკი, რაზედაც მან თავის სიცოცხლე დადო. ყველა ჩვენგანი რაღაც ოდენობით ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი „მეს“ ფარულ სიღრმეებში, ნებისყოფისთვის მიუღწეველში, წინასწარ მოხაზულია ჩვენი ცხოვრების ესა თუ ის ტიპი. რა სარგებლობა აქვს სხვის გამოცდილებასა და საერთო მსჯელობებს შორის შფოთვას: ჩვენი გული ასტრალური სიმტკიცით გაჰყვება წინასწარ გადაწყვეტილ ორბიტას და მიზიდულობის კანონს დამორჩილებული, ტრიალებს ხელოვნების, პოლიტიკური ამბიციების, ხორციელი სიამოვნების ან ფულის ირგვლივ. ხშირად ადამიანის ყალბი არსებობა ძირშივე ეწინააღმდეგება მის ჭეშმარიტ დანიშნულებას და მივყავართ გასაოცარ მასკარადამდე: კომერსანტი შემოწმებისას აღმოჩნდება ავხორცი, ხოლო მწერალი – მხოლოდ პოლიტიკური პატივმოყვარე.
„ნორმალურ“ მამაკაცს პრაქტიკულად ყველა შემხვედრი ქალი მოსწონს. ეს, უდავოდ, ხაზს უსვამს, სიყვარულში გამოჩენილ არჩევანის დაძაბულობას. მხოლოდ აუცილებელია არ აგვერიოს „ლტოლვა“ „სიყვარულისაგან“. როდესაც მამაკაცი თვალმოკვრით ხედავს ლამაზ ქალიშვილს, ის იწვევს ლტოლვას მის გრძნობათა პერიფერიაზე, უფრო მძაფრს – უნდა ჯეროვნად დავაფასოთ ეს, – ვიდრე ქალში. როგორც შედეგი ამ მღელვარებისაგან წარმოიშვება პირველი გულის წადილი – მისადმი უნებლიე აღტკინება. ეს რეაქცია იმდენად ძალაუნებური და შეუცნობელია, რომ ეკლესიამაც კი ვერ გაბედა მისი ცოდვად მიჩნევა. ოდესღაც, ეკლესია შესანიშნავი ფსიქოლოგი იყო; სამწუხაროა, რომ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე მან დაკარგა თავისი პოზიციები. ამგვარად, მან შორსმჭვრეტელურად აღიარა „პირველ გულის წადილთა“ უცოდველობა; მათ შორის ლტოლვა – მამაკაცის მიზიდულობა ყველა შემხვედრი ქალისადმი. მას ესმოდა, რომ ამ ლტოლვასთან უშუალოდაა დაკავშირებული სხვა დანარჩენი – როგორც ცუდი, ასევე კარგიც, როგორც ბიწიერება, ასევე სათნოებაც, მაგრამ „პირველი გულის წადილის“ გამოხატვა, მოვლენას მთელი თავისი სისავსით ვერ ასახავს. იგი წარმოადგენს პირველს, ვინაიდან გამოდის იმ პერიფერიიდან, რომელიც აღელვებული იყო, მაშინ როდესაც ადამიანის სული თითქმის შეუხებელი რჩება.
დიახ, სინამდვილეში, მამაკაცისათვის ყველა ქალისადმი ეს მიზიდულობა თითქმის სხვა არაფერია, თუ არა ინსტინქტის ძახილი, რომელსაც მოჰყვება დუმილი ან უარი. პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო დადებითი, თუკი ჩვენს სულიერ სამყაროში წარმოიშვებოდა სიმპათია იმისადმი, რაც შეეხო მხოლოდ ჩვენი გრძნობების პერიფერიას. საკმარისია ამ სიმპათიის წარმოშობა, რომ იგი აერთებს ცენტრს ან თუ გნებავთ, ჩვენი სულის ღერძს, ამ, ჩვენდამი გარედან დამოკიდებულ გრძნობასთან; ან სხვა სიტყვებით: ჩვენ არა მხოლოდ შევიგრძენით რაღაც მიმზიდველობა ჩვენი „მეს“ პერიფერიაზე, არამედ ვმოძრაობთ კიდევაც იმისაკენ, რაც ჩვენთვის მიმზიდველია და ამ მისწრაფებაში ვდებთ მთელ სულიერ ძალებს. ამგვარად, ჩვენ არა მხოლოდ განვიცდით მიზიდულობას, არამედ ინტერესსაც ვავლენთ. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ პირველ შემთხვევაში ჩვენ მიზიდული ვართ, ხოლო მეორეში – ჩვენი ნებით ვმოძრაობთ.
სწორედ, ეს ინტერესი არის სიყვარული, რომელიც წარმოიშვება ურიცხვად განცდილ ლტოლვათა შორის, რომელთა დიდ ნაწილს იგი იცილებს და ერთ-ერთ მათგანს აღნიშნავს თავისი ყურადღებით. იგი ინსტინქტებს შორის ახდენს შერჩევას, რითიც ხაზს უსვამს და იმავდროულად შემოსაზღვრავს მათ მნიშვნელობას (ის, რომ სქესობრივი ინსტინქტის რეალიზაცია ხდება შერჩევის პრინციპზე, იყო დარვინის უდიდესი აღმოჩენა. სიყვარულს მივიჩნევთ კიდევ უფრო მკაცრი შერჩევის გამოვლენის სფეროდ). სიყვარულზე ჩვენ წარმოდგენაში მეტი სიცხადის შესატანად, აუცილებელია განვსაზღვროთ ის როლი, რომელსაც მასში სქესობრივი ინსტინქტი თამაშობს. მტკნარ სისულელეს წარმოადგენს მტკიცება, რომ მამაკაცის სიყვარული ქალისადმი და პირიქით, აბსოლუტურად მოკლებულია სექსუალურ ელემენტს, ისევე როგორც, შეხედულება, რომ სიყვარული – ესაა სექსუალური ლტოლვა. მათ განსხვავებათა მრავალრიცხოვან ნიშანთა შორის, აღვნიშნავთ შემდეგს, პრინციპულად მნიშვნელოვანს, სახელდობრ იმ გარემოებას, რომ ინსტინქტთა დაკმაყოფილება ობიექტთა რაოდენობით შეუზღუდავია, მაშინ, როდესაც სიყვარული მიისწრაფვის შეზღუდვისაკენ. მისწრაფებათა ეს დაპირისპირებულობა განსაკუთრებით ცხადად ვლინდება, თავისი რჩეულისადმი სიყვარულით შეპყრობილი მამაკაცის დანარჩენ ქალთა მომხიბლულობისადმი გულგრილობაში.
ამგვარად, თავისი არსით სიყვარული არჩევანია. თუკი წარმოიშვება იგი პიროვნების გულში, სულის სიღრმეებში, მაშინ შერჩევის პრინციპები, რომლითაც ის ხელმძღვანელობს, იმავდროულად არის ჩვენი ყველაზე უფრო იდუმალი და სანუკვარი სიყვარული, ჩვენი ინდივიდუალურობის საფუძვლის შემდგენელი.
ზემოთ აღვნიშნე, რომ სიყვარულში უზარმაზარ როლს თამაშობს დეტალი, უმცირესი მოთხოვნებისას გამოვლინებული. ინსტინქტთა გამოვლინება, პირიქით, მასშტაბურია – მას იზიდავს საერთო თვისებები. შეიძლება ითქვას, რომ ორივე შემთხევაში მეტად განსხვავებულია დისტანცია. ლტოლვის გამომწვევი სილამაზე იშვიათად ემთხვევა სიყვარულის გამომწვევ სილამაზეს. თუკი შეყვარებული და ადამიანი, რომელსაც არ შეხებია სიყვარული, შეძლებდნენ შეედარებინათ თუ რას ნიშნავს მათთვის სილამაზე, ერთი და იმავე ქალის მომხიბვლელობა, მათ გააოცებთ განსხვავება. ვნებაშეუპყრობელი ადამიანი სილამაზის შეფასებისას დაეყრდნობა სახის ჰარმონიულ ნიშნებს და ფიგურას და ამით მიჰყვება სილამაზეზე საყოველთაოდ მიღებულ წარმოდგენებს. შეყვარებულისათვის ეს ძირითადი ნიშნები, სატრფოს იერის არქიტექტონიკა, შორიდან შესამჩნევი, – ფუჭი სიტყვაა. თუკი ის არ იეშმაკებს, მაშინ სილამაზეს უწოდებს უმცირეს, განცალკავებულ ნიშნებს, ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელს: თვალის გუგის ფერს, ბაგეთა კუთხეებს, ხმის ტემბრს...
საყვარელი ადამიანისადმი თავისი სულიერი განცდებისა და სიმპათიების გააზრებისას, იგი ამჩნევს, რომ სწორედ ეს ნიშნებია სიყვარულის ნოყიერი გარემოს შემქმნელი. ვინაიდან, ეჭვგარეშეა, რომ სიყვარული იკვებება ყოველწამიერად, ძღება გულის სწორი ადამიანის ჭვრეტით. იგი ცოცხალია განუწყვეტელი დადასტურების წყალობით. სიყვარული ერთფეროვანი, აბეზარი, მოუცილებელია; ვერავინ აიტანს ერთი და იმავეს მრავალჯერ გამეორებას, თუნდაც ყველაზე უფრო გონივრულის, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენგანი დაჟინებით ვითხოვთ სიყვარულში ახალ და ახალ აღიარებას და პირიქით: სიყვარულისადმი გულგრილ ადამიანს, რომელსაც მისით ასაზრდოებენ, იგი იწვევს სევდასა და გაღიზიანებას თავისი განსაკუთრებული აკვიატებულობით. აღვნიშნოთ ის როლი, რომელსაც სიყვარულში თამაშობს, ჩვენი სიმპათიების გამომწვევი მიმიკის ან სახის ნაკვეთების თავისებურებები, ვინაიდან ესაა ყველაზე უფრო მეტყველი გამოვლინება ადამიანის არსის. არანაკლები გამოხატვისა და ინდივიდუალურობის გამოვლინების უნარს ფლობს, დიდი მანძილიდან აღსაქმელი, სხვა ტიპის სილამაზე-დამოუკიდებელი ესთეტიკური ღირებულების მქონე, მომაჯადოებელი პლასტიკურობა. მაგრამ შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენთვის ესოდენ მიმზიდველს წარმოადგენს, სწორედ, პლასტიკურობის ეს სილამაზე. მრავალჯერ დავრწმუნებულვარ, რომ მამაკაცს მეტად იშვიათად უყვარდება უზადოდ პლასტიკური ქალი. ყოველ საზოგადოებაში არიან „ოფიციალური ლამაზმანები“, რომელთაც თეატრებსა და სახალხო სეირნობის დროს ადამიანები ერთმანეთს აჩვენებენ, როგორც ისტორიულ ძეგლებს; და ისინი მეტად იშვიათად იწვევენ მამაკაცში მგზნებარე ვნებას. ეს სილამაზე იმდენად უზადოა, რომ ქალს აქცევს ხელოვნების ნაწარმოებად და ამით გვაშორებს ჩვენ. მისით აღფრთოვანდებიან, ანუ განიცდიან გრძნობას, რომელიც გულიხსმობს გარკვეულ დისტანციას, მაგრამ იგი არ უყვართ. სიახლოვის მოთხოვნილება, რომლის გარეშეც სიყვარული წარმოუდგენელია, მასთან, რა თქმა უნდა არ არსებობს.
ჩემი შეხედულებით, არა უფრო უზადო სრულყოფილება, არამედ გარკვეული ადამიანის ტიპისათვის დამახასიათებელი მომხივბვლელი უშუალობა, ალბათ, იწვევს სიყვარულს; და პირიქით: თუკი ჭეშმარიტი სიყვარულის ნაცვლად სუბიექტი გახლართულია ცრუ სიყვარულში თვით სიყვარული, ცნობისმოყვარეობა ან შეშლილობა ხომ არაა დამნაშავე – ცალკეული შტრიხებით შეგრძნებული შეუთავსებლობა უკარნახებს, – რომ მას არ უყვარს. იმავდროულად, უზადო სილამაზის პოზიციებიდან, არასრულყოფილება, გარეგნობის ცალკეული ნაკლი, თუკი ის მეტისმეტი არაა, სიყვარულში დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
სილამაზის იდეებს, როგორც საუცხოო მარმარილოს ფილას, მინიჭებული აქვს სიყვარულის ფსიქოლოგიის დახვეწილობა და სინორჩე. მიიჩნევა, რომ თუკი ჩვენ განვაცხადებთ მამაკაცის ლამაზ ქალზე დაქორწინებას, ამით, თითქოსდა, უკვე ყველაფერი ნათქვამია, მაშინ, როდესაც სინამდვილეში არაფერია ნათქვამი. შეცდომა ფესვგადგმულია პლატონის მემკვიდრეობაში (ძნელია წარმოდგენა, ევროპული ცივილიზაციის რაოდენ ღრმა შრეებია მოცული ანტიკური ფილოსოფიის ზეგავლენით. ყველაზე უფრო უმეცარი ადამიანი იყენებს პლატონის, არისტოტელესა და სტოიკოსთა იდეებს).
სიყვარული და სილამაზე პლატონმა გააერთიანა. თუმცა მისთვის სილამაზე არ ნიშნავდა მხოლოდ სხეულის სრულყოფილებას, არამედ იყო სრულყოფილება როგორც ასეთი, იმ ფორმით, რომელშიც ძველი ბერძნებისათვის ხორცი შეესხა ყოველივეს, რისი დაფასებაც ღირდა. სილამაზის ქვეშ იგულისხმებოდა უპირატესობა. ეს თავისებური შეხედულება გახდა ამოსავალი წერტილი სასიყვარულო ლტოლვათა შემდგომი თეორიებისათვის.
სიყვარული, რა თქმა უნდა, არ დაიყვანება სახის ნაკვთებისა და ლოყის ფერით აღტკინებაზე; მისი არსი იმაშია, რომ განიმსჭვალოს განსაზღვრული ტიპის ადამიანის პიროვნებით, რომელმაც სიმბოლურად საკუთარი თავის შესახებ განაცხადა სახის ნაკვთებში, ხმასა და ჟესტებში.
სიყვარული – ესაა საკუთარი თავის სილამაზეში გაჩენის მისწრაფება: tiktein en to kalo, როგორც პლატონი ამტკიცებდა. გაჩენა – მომავლის შექმნაა. სილამაზე სიცოცხლეა მის უმაღლეს გამოხატულებაში. სიყვარული გულისხმობს შინაგან მსგავსებას გარკვეული ტიპის ადამიანთან, რომელიც ჩვენ საუკეთესოდ მიგვაჩნია და რომელსაც განხორციელებულს, განსახიერებულს ვპოულობთ სხვა ადამიანში.
ყოველივე ეს, პატივცემულო სინიორა, აბსტრაქტულად, ბუნდოვნად, ცხოვრებისაგან დაშორებულად მოგეჩვენება. მიუხედავად ამისა, ამ აბსტრაქციით შეიარაღებულმა, შევძელი გამოხედვით, თქვენ მიერ X..... მიმართულით, განმესაზღვრა თუ რას წარმოადგენს თქვენთვის სიცოცხლე... „ხომ არ დაგველია კიდევ ერთი კოქტეილი?“
კომენტარები