ბერტრან რასელი – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ბერტრან რასელის წიგნიდან – „ქორწინება და მორალი“.
„ქორწინების ფესვები, – წერს ვასტერმარკი, – ოჯახში უნდა ვეძიოთ და არა ოჯახი ჩავთვალოთ ქორწინების შედეგად“. ქრისტიანობამდელ ეპოქაში ასეთი დასკვნა ტრივიალური იქნებოდა, მაგრამ ქრისტიანული ხანის დადგომასთან ერთად, ის იქცა თვალსაზრისად, რომელზეც აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს. საქმე ის არის, რომ ქრისტიანებს, განსაკუთრებით წმინდა პავლეს, ქორწინებაზე სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ: ქორწინება იმისთვის კი არ არის აუცილებელი, რომ ბავშვები გაჩნდნენ, არამედ იმისთვის, რომ მრუშობის ცოდვა აღიკვეთოს.
წმინდა პავლეს თვალსაზრისი ქორწინების შესახებ სრულიად ნათლადაა ჩამოყალიბებული პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ. კორინთელები ქრისტიანულ თემს წარმოადგენდნენ და ამ თემში გაჩნდა საკუთარ დედინაცვალთან არაკანონიერი თანაცხოვრების უცნაური ჩვევა და პავლე მოციქული თავის მოვალეობად თვლიდა თემის წევრები გაეფრთხილებინა. აი რას ამბობს ის:
1. ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს.
2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს – თავისი ქმარი.
3. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი – ქმარს.
4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ცოლი.
5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.
6. თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად.
7. რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს – ასე, ზოგს – ისე.
8. დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ.
9. მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას.8
როგორც ამ პასაჟიდან ვხედავთ, წმინდა პავლე ბავშვებს საერთოდ არ ახსენებს. ქორწინების ბიოლოგიური მიზანი მისთვის სრულიად უმნიშვნელოა და ეს სავსებით გასაგებია, რადგან ის თვლიდა, რომ მოახლოებული იყო მეორედ მოსვლა და მალე სამყაროს აღსასრული დადგებოდა. მაშინ, ადამიანები ცხვრებად და თხებად დაიყოფოდნენ და ერთადედრთი რამ, რასაც მნიშვნელობა ექნებოდა, ის იყო, რომ ცხვრებს შორის მოხვედრილიყავი. წმინდა პავლე ამტკიცებს, რომ სქესობრივი ურთიერთობა ქორწინებაში მყოფთა შორისაც კი დაბრკოლებაა, რომელიც სულის ხსნას ხელს უშლის9 და მაინც, დაქორწინებულები გადარჩებიან, მაგრამ, რამდენადაც გარყვნილება მომაკვდინებელი ცოდვაა, ისინი აუცილებლად თხებს შორის აღმოჩნდებიან. მახსოვს, ერთხელ ექიმს ვკითხე სიგარეტის მოწევა როგორ მივატოვო-მეთქი და მან მირჩია პირში მჟავე ყინულკარამელი ჩაიდე და მოწოვე ყოველთვის, როცა მოწევის სურვილი გაგიჩნდებაო. სწორედ ასეთი სულისკვეთებით გვაძლევს მოციქული პავლე დაქორწინების რეკომენდაციას – ის მას გარყვნილების ცოდვის საწინააღმდეგო საშუალებად თვლის. ის არ ამბობს, რომ ქორწინება შეიძლება ისე სასიამოვნო იყოს, როგორც გარყვნილება. უბრალოდ, ფიქრობს, რომ ქორწინება მისი სუსტი ნებისყოფის მქონე ძმებს შეაძლებინებს ცდუნებას არ დაჰყვნენ და ცოდვა არ ჩაიდინონ. მას აზრადაც არ მოსდის, რომ შეიძლება არსებობდეს კარგი ქორწინება, რომ ცოლს და ქმარს შეიძლება ერთმანეთი უყვარდეთ და სურდეთ. მისი ფიქრები განუწყვეტლივ გარყვნილებას დასტრიალებს და სქესთა შორის ურთიერთობის მთელი ეთიკა ამაზე აქვს აგებული. ეს ცოტა არ იყოს იმას ჰგავს ამტკიცო თითქოს პურს მხოლოდ იმიტომ აცხობენ, რომ ადამიანებს ხელი შეუშალონ ნამცხვრის მოპარვაში.
პავლე მოციქულმა ღირსად არ ჩაგვთვალა აეხსნა ჩვენთვის თუ რატომ თვლის გარყვნილებას ცოდვად. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ, რომ უგულებელყო რა მოსეს კანონი და ღორის ხორცის ჭამა ნებადართულად გამოაცხადა, ის ცდილობს დაგვანახოს, რომ მიუხედავად ამისა, მორალის ნორმებს ისევე მტკიცედ იცავს, როგორც ორთოდოქსი ებრაელი. ალბათ, იმ მრავალი საუკუნის განმავლობაში, როცა ებრაელებს ღორის ხორცის ჭამა ეკრძალებოდათ, ის მათთვის ისევე სასურველად იქცა, როგორც გარყვნილება და სწორედ ამან უბიძგა მოციქულ პავლეს თავის მოძღვრებაში ასკეტიზმის ელემენტები შეეტანა.
ქორწინების გარეშე ყოველგვარი კავშირის დაგმობა სიახლე იყო ქრისტიანულ რელიგიაში. ძველი აღთქმა, ისევე როგორც ძველი ცივილიზაციების კანონთა კრებულების უმრავლესობა, მართლაც კრძალავს ქორწინების გარეშე კავშირებს, მაგრამ ამაში ის გათხოვილ ქალთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს. ეს ნათელია ყველასთვის, ვინც ძველ აღთქმას ყურადღებით წაიკითხავს. როცა აბრაამი თავის ცოლ სარასთან ერთად ეგვიპტეში ჩადის, ის ამტკიცებს, რომ სარა მისი დაა. ფარაონი მას დაუჯერებს და სარა თავის ჰარემში მიჰყავს. როცა შეიტყობს, რომ ქალი აბრაამის ცოლი ყოფილა, ფარაონს აღაშფოთებს ის, რომ სიმართლე დაუმალეს და მან თავისდაუნებურად ცოდვა ჩაიდინა. სწორედ ასეთი იყო წარსულის საზოგადოებების კოდექსები, რომელთა თანახმად ქალი, რომელსაც ქორწინების გარეთ სქესობრივი კავშირი ჰქონდა, შერისხული აღმოჩნდებოდა, მაგრამ ეს არ ვრცელდებოდა კაცზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას კავშირი გათხოვილ ქალთან ჰქონდა. ამ შემთხვევაში, ხომ კაცს საკუთრების უფლების დარღვევაში ედებოდა ბრალი.
ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, ქორწინების გარეშე ყველა სქესობრივი კავშირი უზნეოა და ასეთი დამოკიდებულება, როგორც ჩვენ პავლე მოციქულის ეპისტოლეში ვხედავთ, ემყარება რწმენას, რომ ყველა სექსუალური კავშირი, ცოლ-ქმარს შორისაც კი, არასასურველია. მაგრამ, ასეთი თვალსაზრისი ბიოლოგიურ კანონებს ეწინააღმდეგება და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის მიერ შეიძლება ავადმყოფურ გადახრად იქნას მიჩნეული. იმან, რომ ის ქრისტიანული ეთიკის ერთ-ერთი პრინციპი გახდა, ქრისტიანობა მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე აქცია ძალად, რომელიც ადამიანებს ფსიქიკური დაავადებებისა და ცხოვრების არაჯანსაღი წესისკენ უბიძგებდა. მოციქულ პავლეს ეს შეხედულება ეკლესიის ხელშეწყობით ადამიანთა გონებას დაეუფლა. ცელიბატი წმინდანობის ნიშნად იქცა და ადამიანები უდაბნოში მიდიოდნენ რათა განმარტოებულიყვნენ და ებრძოლათ სატანასთან, რომელიც მათ წარმოსახვაში ავხორც ხილვებს იწვევდა.
იმ დროისთვის, ეკლესიის მსახურებმა აბაზანის მიღების ჩვევის წინააღმდეგ გაილაშქრეს იმ საფუძველზე, რომ ამის შედეგად სხეული მიმზიდველი ხდებოდა, რაც ადამიანს ცოდვისკენ უბიძგებდა. საქებად ითვლებოდა, თუ ადამიანი ჭუჭყიანი იყო. წმინდანობის ასეთმა სულმა ყველგან შეღწევა დაიწყო. „სხეულის და ტანსაცმლის სისუფთავე, – ამბობდა მოციქული პავლე – სულის უსუფთაობას ნიშნავს“.10 სწორედ მაშინ უწოდეს მატლებს უფლის მარგალიტები, ხოლო ადამიანი, რომელსაც სხეული მატლებით ჰქონდა დაფარული ეჭვმიუტანლად წმინდანად ითვლებოდა.
„წმინდა აბრაამმა, განდეგილმა, რომელმაც ორმოცდაათი წელი იცოცხლა თავისი მოქცევის შემდეგ, იმ მომენტიდან კატეგორიული უარი განაცხადა პირის და ფეხების დაბანაზე. ამბობენ, რომ ის გამორჩეულად ლამაზი ადამიანი იყო და როგორც მისი ბიოგრაფი ამტკიცებს „მისი სახე მისი სულის სიმტკიცის ანარეკლი იყო“. წმინდა ამონი ტანსაცმელს არასდროს იხდიდა. ცნობილი ქალწული, სახელად სილვია, როცა სამოც წელს მიაღწია, იტანჯებოდა ავადმყოფობისგან, რომელიც მისი ცხოვრების წესის შედეგი იყო. ამის მიუხედავად ის, რელიგიური მოსაზრებებით, გადაჭრით უარს ამბობდა თავისი სხეულის დაბანაზე გარდა თითებისა. წმინდა ევპრაქსია წავიდა მონასტერში, სადაც ას ოცდაათი მონაზონი იმყოფებოდა. ისინი არა მხოლოდ აბაზანის მიღებაზე ამბობდნენ უარს, არამედ ფეხებსაც არ იბანდნენ. ერთმა განდეგილმა გადაწყვიტა, რომ მას სატანა აცდუნებდა, როცა დაინახა, რომ უდაბნოში რაღაც, ჭუჭყისგან გაშავებული შიშველი ფიგურა მოძრაობდა და ჭაღარა თმები ქარში ერხეოდა. ეს იყო წმინდა მარია ეგვიპტელი, წარსულში ძალიან ლამაზი ქალი, რომელიც ორმოცდაშვიდი წლის განმავლობაში თავის ცოდვებს ინანიებდა.
მართალია იყო შემთხვევებიც, როცა ბერებს სხეულის მოვლა ახსენდებოდათ, მაგრამ ეს ყოველთვის საყვედურებს იწვევდა. „ჩვენი მამები, – წერდა მონასტრის წინამძღვარი ალექსანდრე, დამწუხრებული იხსენებდა რა წარსულს, – არასდროს იბანდნენ პირს, ახლა კი ჩვენ აბაზანაში შესვლას მოვუხშირეთ“. ჰყვებიან, რომ უდაბნოში მდგარ ერთ-ერთ მონასტერში ბერები ძალიან იტანჯებოდნენ სასმელი წყლის არქონის გამო. წინამძღვარ ფეოდოსიას ლოცვების წყალობით მიწიდან წყარომ ამოხეთქა. მალე ბერებმა დაინახეს რა, რომ წყალი საკმარისად ჰქონდათ, თხოვეს წინამძღვარს აბანო აეშენებინათ, რაც შესრულდა კიდეც. მაგრამ ბერებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მისით ესარგებლათ – წყალი უკვალოდ გაჰქრა. ლოცვებმა, ცრემლებმა, მარხვამ – ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა. ამის შემდეგ წელიწადი გავიდა. ბოლოს მოძღვარმა გადაწყვიტა დაენგრია აბანო, რომლის აშენებამ ღმერთის მრისხანება გამოიწვია და წყალი კვლავ წამოვიდა.11
სრულიად აშკარაა, რომ ასეთი შეხედულებების გამო, რომელიც იმ დროისათვის საყოველთაოდ მიღებული იყო, სქესთა შორის ურთიერთობა უხეში და სასტიკი გახდა. ეს უნებურად ამერიკის შეერთებულ შტატებში სპირტიანი სასმელების აკრძალვას მოგვაგონებს. ადამიანებმა სიყვარულის ხელოვნება დაივიწყეს და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში სინაზის ნაცვლად სისასტიკე გაჩნდა.
„ქრისტიანი ასკეტების წყალობით ადამიანთა გონებაში დამკვიდრდა აზრი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო უბიწო დარჩენილიყავი, მაგრამ სერიოზულ საპირწონედ იქცა ის, რომ ასეთი შეხედულებები ქორწინებაზე ადამიანებზე ცუდ გავლენას ახდენდა. თუმცა, ეკლესიის მამების მრავალრიცხოვან ნაწერებში ორიოდე მშვენიერი ნაწყვეტიც მოიძებნება ქორწინების დასაცავად, მაგრამ ძირითადად ისინი არ ერიდებოდნენ თავს დასხმოდნენ ქორწინების ინსტიტუტს და ყველაზე უხეში სალანძღავი სიტყვებით შეემკოთ ის. სიკვდილით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად თვით ბუნების მიერ შექმნილი ეს ინსტიტუტი, რომელიც, როგორც ლინეიმ აჩვენა, თვით ყვავილების სამყაროშიც კი არსებობს, მათთვის ადამის ქცევის შედეგი იყო და ზიზღის გარდა სხვას არაფერს იმსახურებდა. მათ უცხოდ და მიუღებლად ეჩვენებოდათ ნაზი სიყვარულიც, წმინდა და სასწაულებრივი ოჯახური კერა, რომელიც ქორწინების პირდაპირი შედეგია. ასკეტებს მიზნად ჰქონდათ ადამიანების ყურადღება უბიწო ცხოვრებისკენ მიეპყროთ და შესაბამისად, ამისთვის აუცილებლად სჭირდებოდათ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ქორწინებაში რაღაც სიმდაბლე იყო. რა თქმა უნდა, მათ არ შეეძლოთ ეღიარებინათ, რომ ეს ინსტიტუტი მოდგმის გასაგრძელებლად არის საჭირო და მის არსებობას იმით ამართლებდნენ, რომ ის ადამიანებს უფრო დიდი ბოროტებისგან იხსნიდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქორწინება მაინც დეგრადაციის მდგომარეობად მიაჩნდათ, რომელსაც უნდა გაქცეოდა ყველა, ვისაც სურდა წმინდანობის მდგომარეობისთვის მიეღწია. წმინდა ჯერომი ენერგიულად აცხადებდა: „საჭიროა უბიწობის ნაჯახით ქორწინების ხე მოვჭრათ“. და თუ ერთხელ მან ქორწინება ქებით მოიხსენია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქორწინების გარეშე უბიწო არც კაცები იქნებოდნენ და არც ქალები.
საინტერესოა, რომ ასკეტიზმისკენ ძლიერ სწრაფვას შეიძლებოდა უკვე შექმნილი ოჯახიც დაენგრია. ჩვენ, უკვე ვწერდით იმის შესახებ თუ როგორ შეეძლო ასეთ სწრაფვას ოჯახური ბედნიერებისთვის ბოლო მოეღო. მაგრამ, ქორწინებისთვის ბევრად უფრო სახიფათო იყო სწრაფვა წმინდანობისაკენ. თუ ეს რელიგიური გზნება ცოლსა და ქმარს შეიპყრობდა, მათი ბედნიერი ქორწინება ამით მთავრდებოდა. მათ შორის უფრო მეტად რელიგიური პარტნიორი ასკეტურ ცხოვრებას მოინდომებდა და მაშინაც კი, თუ ოჯახი გარეგნულად თავის სახეს ინარჩუნებდა, ბუნებრივობა იკარგებოდა და ცოლ-ქმარი ერთმანეთისგან უცხოვდებოდა.
ყველა, ვინც იცნობს პატრისტიკის ლიტერატურას12 და ეკლესიის წმინდანების შესახებ ლეგენდებს, მათში უამრავ ამის მსგავს მაგალითს იპოვის. აი, რამდენიმე მათგანი: „წმინდა ნილი ბედნიერად ცხოვრობდა თავის ცოლთან ერთად. მათ ორი შვილი ჰყავდათ. მაგრამ ისინი უცებ შეიპყრო ძლიერმა სურვილმა ასკეტები გამხდარიყვნენ. და ნილმა შეძლო დაეთანხმებინა ცოლი (ბევრი ხვეწნისა და ცრემლების შემდეგ), რომ ცალ-ცალკე ეცხოვრათ. წმინდა ამონმა ქორწინების ღამეს თავის პატარძალს მგზნებარე სიტყვით მიმართა ქორწინების უწმინდურობის შესახებ და ქალი დათანხმდა განცალკევებით ეცხოვრა. წმინდა მელანია დიდხანს და დაბეჯითებით არწმუნებდა ქმარს მასთან სარეცელი აღარ გაეზიარებინა და კაცი ბოლოს და ბოლოს დაიყოლია. წმინდა აბრაამი ცოლისგან გაიქცა ქორწინების პირველ ღამეს. წმინდა ალექსი ერთი ლეგენდის თანახმად სწორედ ასე მოიქცა. მრავალი წლის შემდეგ ის იერუსალიმიდან მამის სახლში დაბრუნდა, სადაც მისი ცოლი ისევ ცხოვრობდა და გამუდმებით მასზე წუხდა. მან ქალს თხოვა მის ჭერქვეშ მიეღო და შემდეგ სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა, ისე, რომ არავინ იცნობდა“.13
პავლე მოციქულისა და ფივაიდის განდეგილებისაგან განსხვავებით, კათოლიკური ეკლესია ქორწინების ბიოლოგიურ საფუძვლებს უყურადღებოდ არ ტოვებდა. ადვილი მისახვედრია, რომ პავლე მოციქული ქორწინებას განიხილავდა როგორც მეტ-ნაკლებად კანონიერ საშუალებას ავხორცობისგან თავდასაღწევად. თუმცა, მისი სიტყვებიდან არ შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ ის შობადობაზე კონტროლის წინააღმდეგი იყო. პირიქით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას სახიფათოდ მიაჩნდა ერთმანეთის მიყოლებით ფეხმძიმობის პერიოდები. ეკლესიას სხვა აზრი ჰქონდა. ორთოდოქსული სწავლების თანახმად, კათოლიკური ეკლესია თვლის, რომ ქორწინებას ორი მიზანი აქვს: პირველი ის არის, რასაც პავლე მოციქული ქადაგებდა, მეორე კი – დაქორწინებულთაგან ბავშვების გაჩენას მოითხოვს. მეორე მორალური ნორმის გათვალისწინებით სქესთა შორის ურთიერთობა კიდევ უფრო რთულდება, ვიდრე ის პავლე მოციქულის დროს იყო. აქედან გამოდიოდა არა მარტო ის, რომ სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ქორწინებაში მყოფთა შორის არის ლეგიტიმური, არამედ ისიც, რომ ის ცოლსა და ქმარს შორისაც კი ცოდვად უნდა ჩათვლილიყო, თუ ფეხმძიმობით არ დასრულდებოდა. კათოლიკური ეკლესიის თვალსაზრისით, სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი ნაშიერის ჩასახვით არის გამართლებული. და ეს მოტივი მას ყოველთვის ამართლებს, მიუხედავად იმისა, როგორი სისასტიკეც არ უნდა ახლდეს თან. მაგალითად, თუ ცოლი სქესობრივი ურთიერთობის წინააღმდეგია, თუ მომდევნო ფეხმძიმობა მისი სიკვდილით შეიძლება დასრულდეს, თუ შედეგად შეიძლება ავადმყოფი, ან არანორმალური ბავშვი შეიძლება გაჩნდეს, თუ ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ბავშვის გამოკვების საშუალება არა აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ქმარს უფლება აქვს ცოლისგან ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულება მოინდომოს, იმიტომ, რომ მას ბავშვის ჩასახვა სურს.
კათოლიკური ეკლესიის სწავლება ამ საკითხში ორ პოსტულატს ეყრდნობა: ერთი მხრივ, ასკეტიზმს, რომელიც ჩვენ უკვე პავლე მოციქულთან ვნახეთ და მეორე: რაც უფრო მეტი ბავშვი იბადება, მით უკეთესია, რადგან უფრო მეტი სული გადარჩება. გაუგებარია რატომ არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სული შეიძლება ჯოჯოხეთშიც მოხვდეს. კათოლიკური ეკლესია თავის პოლიტიკურ გავლენას იყენებს რათა ზეწოლა მოახდინოს პროტესტანტებზე, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე უარს არ ამბობენ. თუმცა, თუ პროტესტანტები ამ პრაქტიკაზე უარს იტყოდნენ, ბავშვები, რომლებიც მათ გაუჩნდებოდათ, მარადიულ ტანჯვაში იქნებოდნენ მომავალ ცხოვრებაში. ასე რომ, ასეთი გავლენა ცუდი შედეგის მომტანი იქნებოდა. თუმცა, ეჭვი არ არის, რომ აქ რაღაც საიდუმლო იმალება, რომელიც საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის გაუგებარია.
და მაინც, იმის მტკიცება, რომ ბავშვის გაჩენა ქორწინების ერთ-ერთი მიზანია, კათოლიკური ეკლესიის სწავლებაში მთავარი არ არის. კათოლიკური ეკლესია არ წასულა იმის იქით, რომ სქესობრივი ურთიერთობა ბავშვის გაჩენის გარეშე ცოდვაა და არ უთქვამს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს უნდა დაშორდნენ, თუ მათ ბავშვი არ უჩნდებათ. როგორც არ უნდა უნდოდეს ერთ-ერთ მეუღლეს ბავშვი გააჩინოს, ეს შეუძლებელი იქნება, თუ მეორე მეუღლე უნაყოფოა და ქრისტიანულ ეთიკას არ შეუძლია მას რაიმეთი დაეხმაროს. გამოდის, რომ ეკლესიის თვალსაზრისით ქორწინების მიზანი – ბავშვების გაჩენა, არცთუ მნიშვნელოვანი ყოფილა. მისთვის, ისევე, როგორც პავლე მოციქულისთვის, მთავარი გარყვნილების აღკვეთაა. სწორედ ეს არის ეკლესიის ყურადღების ცენტრში, ქორწინება კი უბრალოდ ცოდვისგან თავის დაღწევის საშუალებად ითვლება.
ქორწინებაზე თავისი ასეთი დაბალი აზრი რომ დაემალა, კათოლიკურმა ეკლესიამ ის წმინდად შერაცხა. ამ დოქტრინის პრაქტიკული შედეგი ის არის, რომ ქორწინება დაურღვეველია. იმის მიუხედავად, თუ რა საქციელი ჩაიდინა ერთ-ერთმა მეუღლემ, არის თუ არა ფსიქიკურად არანორმალური, სიფილისითაა დაავადებული თუ გამოუსწორებელი ლოთია, ცხოვრობს თუ არა ის სხვა ადამიანთან – საქორწინო კავშირის გაწყვეტა არ შეიძლება, იმიტომ, რომ ის წმინდაა. მართალია გარკვეულ გარემოებებში შესაძლებელია მეუღლეებმა განცალკევებით იცხოვრონ, მაგრამ განქორწინების და განმეორებითი ქორწინების უფლება მათ არასდროს ეძლევათ. რა თქმა უნდა, ეს მრავალი უბედურების მიზეზი ხდება, მაგრამ, რადგანაც ღვთის ნება ასეთია, ადამიანებმა ეს უბედურებები უდრტვინველად უნდა გადაიტანონ.
მაგრამ, ასეთი მკაცრი შეხედულებების გვერდით კათოლიკურ ეკლესიაში ყოველთვის არსებობდა ტოლერანტობის გარკვეული დოზა იმის მიმართ, რასაც ის ცოდვად თვლიდა. ეკლესიის მსახურთათვის სრულიად ნათელი გახლდათ, რომ ადამიანი თავისი ბუნებით არ არის ისეთი, რომ ეკლესიის სწავლების მიხედვით იცხოვროს და ისინი მზად იყვნენ ცოდვები მიეტევებინათ იმ პირობით, თუ ცოდვილი მოინანიებდა და ეპიტამიას შეასრულებდა. ასეთი პრაქტიკული მიდგომა სასულიერო პირთა ძალაუფლებას ზრდიდა, რადგან ცოდვების მიტევება, მათ შორის გარყვნილების ცოდვისაც, მხოლოდ მათ მიერ ხდებოდა, ამის გარეშე კი სულს მარადიული წყევლა ემუქრებოდა.
პროტესტანტიზმის თვალსაზრისი, თუმცა კი რამდენადმე განსხვავდებოდა, თეორიულად ნაკლებად მკაცრი იყო, პრაქტიკულად კი, ბევრად უფრო მომთხოვნი. ლუთერზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა სიტყვებმა „ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას“ და მან მონაზონი შეიყვარა. თუმცა, ცელიბატის აღთქმა ჰქონდა მიცემული, მან გადაწყვიტა მონაზონზე დაქორწინებულიყო. ამას თავის მოვალეობადაც კი თვლიდა, რადგან ასე რომ არ მოქცეულიყო მეტისმეტად დიდი გრძნობის გამო მომაკვდინებელ ცოდვას ჩაიდენდა.
შედეგად, პროტესტანტიზმმა უარი თქვა ცელიბატის აღთქმის განდიდებაზე და ამასთან ერთად, მისთვის დამახასიათებელი ენერგიით ქორწინების სიწმინდის იდეაც უარყო, თუმცა პროტესტანტებში სიძვის ცოდვა გაცილებით მეტ აღშფოთებას და მორალურ გმობას იწვევს. თუ კათოლიკური ეკლესია გაგებით ეკიდებოდა ცოდვილებს და შესაბამის ზომებს მიმართავდა მათ მიმართ, პროტესტანტებმა უარი თქვეს რა აღსარებაზე და ცოდვების მიტევებაზე, ცოდვილები გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს. ასეთ მიდგომას დღესაც ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც განქორწინება ძალიან ადვილია. ადიულტერს (მეუღლის მოტყუებას, ღალატს – მთარგმნ. შენიშვნა.) კი გაცილებით უფრო მკაცრად გმობენ, ვიდრე კათოლიკურ ქვეყნებში.
ნათელია, რომ ქრისტიანული ეთიკის მთელი სისტემა კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმში გადახედვას საჭიროებს და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უარის თქმას წინასწარ აკვიატებულ იდეებზე, რომელთა საშუალებით ქრისტიანული სწავლება გავლენას ახდენს ბევრ ჩვენგანზე. ბავშვობიდან გამუდმებით გამეორებული, ემოციურად გადამდები ამოჩემებული ფრაზები, ადამიანთა უმრავლესობას უქმნიან ისეთ მტკიცე რწმენას, რომ ისინი ქვეცნობიერში გადადის. თუმცა, ბევრს ჰგონია, რომ სრულიად თავისუფალია ორთოდოქსული შეხედულებებისგან, მათ გონებას ქვეცნობიერად ეკლესიის სწავლება აკონტროლებს.
მოდით, გულწრფელად ვკითხოთ საკუთარ თავს თუ რამ უბიძგა ეკლესიას გარყვნილება დაეგმო. ვთვლით თუ არა ჩვენ, რომ საამისოდ მას სათანადო საფუძველი ჰქონდა? და თუ ჩვენ ასე არ ვთვლით, არსებობს თუ არა სხვა საფუძვლები, რომელთაც შეუძლიათ გვაიძულონ სხვა დასკვნამდე მივიდეთ?
ქრისტიანული ეკლესიის არსებობის პირველივე საუკუნეებშივე სქესობრივ აქტში რაღაც ძალიან ბინძურს ხედავდნენ, თუმცა მას გარკვეულ გამართლებას უძებნიდნენ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მოთხოვნები იყო დაცული. ასეთი დამოკიდებულება შეფასებული უნდა იქნას, როგორც სრული დაბნეულობა, იმ მიზეზების მიერ შექმნილი, რომელზეც უკვე წინა თავში ვილაპარაკეთ, სადაც აღინიშნა, რომ ზიზღიანი დამოკიდებულება სექსის მიმართ თავის წარმოშობას უნდა უმადლოდეს იმ ადამიანებს, რომლებიც სულით ან სხეულით (ან ერთდროულად ორივეთი) არიან ავად.
ის ფაქტი, რომ ასეთი აზრი ფართოდ იყო გავრცელებული, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ის ნაკლებად აბსურდული ხდება. საყოველთაოდ მიღებული აზრები ხომ ძირითადად სულელურია, იმის გამო, რომ კაცობრიობის უმეტესი ნაწილი სულელია. ასე, მაგალითად, პელიუს კუნძულის მცხოვრებლები დარწმუნებული არიან, რომ ცხვირში გაჩრილი რგოლები მათ მარადიულ ნეტარებას უზრუნველყოფს,14 აი, ევროპელები კი თვლიან, რომ იგივე შედეგი გაცილებით უკეთესად მიიღწევა, თუ თავზე წყალს მიისხურებ და ამ დროს გარკვეულ სიტყვებს წარმოთქვამ. პელიუს მკვიდრთა რწმენა ცრურწმენაა, ევროპელების რწმენა კი ჩვენი წმინდა რელიგიის ერთ-ერთი ჭეშმარიტება.
იერემია ბენტამმა15 შეადგინა ქცევების მოტივების ცხრილი, რომელშიც სურვილები სამ პარალელურ სვეტში იყო განთავსებული იმის მიხედვით ადამიანები აქებდნენ, გმობდნენ თუ განურჩეველი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ მიმართ. ასე, მაგალითად, ერთ-ერთ სვეტში ეწერა „მსუნაგობა“, მის გვერდით კი, მეორე სვეტში „ჭამის სიყვარული“ და შემდეგ „სიამოვნების მიღება მაგიდასთან სხვებთან ერთად“. და კიდევ ერთ სვეტში, რომელშიც იმპულსები საქები სიტყვებითაა მოტანილი, ჩვენ ვკითხულობთ: „მოქალაქეობრივი გრძნობა“, სამაგიეროდ მომდევნო სვეტში ეწერა „ღვარძლი“.
მე ვურჩევ ყველას, ვისაც სურს ნათელი წარმოდგენა შეიქმნას ეთიკურ საკითხებზე, ეს მაგალითი გაითვალისწინოს და საკუთარ თავს ასწავლოს, რომ ყოველ სიტყვას, რომელიც რაღაცას გმობს, გააჩნია ანტონიმი, რომელიც იმავე საგანს აქებს და საკუთარი თავი მიაჩვიოს, ისარგებლოს სიტყვებით, რომლებშიც არც ქება და არც ძაგება არ არის. მაგალითად, სიტყვები „ადიულტერი“ და „გარყვნილება“ მორალურად იმდენად საძრახისად ითვლება, რომ როცა მათ იყენებ ძნელია საღი აზრი შეიქმნა იმაზე, რასაც ისინი ეხება. მაგრამ, არის სხვა სიტყვებიც, რომელთა გამოყენება უყვართ ავტორებს ჩვენი მორალური პრინციპების დარღვევას რომ ცდილობენ. გამკიცხავი სიტყვების ნაცვლად ისინი ლაპარაკობენ „სასიყვარულო ინტრიგაზე“, „სიყვარულზე, რომელსაც კანონის ცივი ხუნდები არ ადევს“. სიტყვების ორივე წყება იმაზეა გამიზნული, რომ წინასწარგანწყობა შექმნას. თუ ჩვენ გვსურს საკითხი მიუკერძოებლად განვსაჯოთ, როგორც პირველ, ასევე მეორე მიდგომას უნდა მოვერიდოთ. საუბედუროდ ამისთვის საჭირო იქნება ჩვენთვის ჩვეული საუბრის სტილი შევცვალოთ. სალანძღავი სიტყვებიც და საქები სიტყვებიც ემოციურად შეფერილია, მკითხველის ინტერესებზეა გათვლილი და ამის წყალობით ავტორს დიდი ძალისხმევა არ სჭირდება იმისთვის, რათა მკითხველი თავისთვის სასურველი ნებისმიერი მიმართულებით წაიყვანოს.
მაგრამ, თუ ჩვენ გვსურს გონებას მოვუხმოთ, მაშინ უნდა გამოვიყენოთ შეუფერადებელი, ნეიტრალური ფრაზები, როგორიცაა მაგალითად „ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა“. მაგრამ, ეს ეტყობა მეტისმეტად მკაცრი მოთხოვნაა, ჩვენ ხომ იმ საკითხებს განვიხილავთ, რომლებიც ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ ადამიანების ემოციებზე და თუ ემოციურ ასპექტს ჩვენს ნაწერებში მთლიანად უგულებელვყოფთ, ამით ვრისკავთ, რომ საგნის არსის გადმოცემის შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან. ყველაფერში, რაც სქესთა შორის ურთიერთობას ეხება, პოლარულად განსხვავებული თვალსაზრისები არსებობს ერთი მხრივ, მისი უშუალო მონაწილეებისა და მეორე მხრივ, ეჭვით შეპყრობილი გარეშე პირებისა. პირველთათვის ეს სასიყვარულო ინტრიგაა, დანარჩენებისთვის კი გარყვნილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ემოციურად შეფერილი სიტყვები, მაგრამ ისინი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ, ძირითადად კი ნეიტრალური და მკაცრად მეცნიერული ფრაზეოლოგიით შემოვიფარგლოთ.
ქრისტიანულმა ეთიკამ, აკეთებდა რა აქცენტს უბიწოებაზე, ბევრი რამ იღვაწა იმისთვის, რომ ქალის მდგომარეობა საზოგადოებაში დაემდაბლებინა. რადგან მორალის კანონმდებლები კაცები იყვნენ, ქალები მაცდურები გახდნენ, თუმცა კანონმდებლები ქალები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ ამ როლს კაცები შეასრულებდნენ. მაგრამ, იმ ფაქტის წყალობით, რომ ქალებს მაცდურების როლი ხვდათ წილად, სასურველი იყო არსებითად შეზღუდულიყო კაცების ცდუნების მათეული შესაძლებლობები. ამის შედეგად, პატივისცემის ღირსი ქალები შეზღუდვების სულ უფრო და უფრო მკაცრ ჩარჩოებში მოაქციეს, მაშინ, როცა უღირსი ქალები საზოგადოების ზიზღის ობიექტებად იქცნენ. მხოლოდ ჩვენს დროში მიაღწიეს ქალებმა რაღაც ზომით იმ თავისუფლებას, რომლითაც ისინი რომის იმპერიის დროს სარგებლობდნენ. როგორც ჩვენ უკვე ვიცით, პატრიარქალურ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქალების დასამონებლად. მაგრამ, კონსტანტინეს დროს მათი თავისუფლება კვლავ შეიზღუდა იმ საბაბით, რომ ისინი ცოდვისგან დაეცვათ. ეკლესიის მამების შრომები სავსეა ქალების მიმართ ბრალდებებით.
ქალი წარმოდგენილი იყო როგორც ჯოჯოხეთის კარიბჭე, როგორც დედა ყველა ადამიანური უბედურებისა. მას უნდა შერცხვენოდა მხოლოდ იმის გაფიქრებაზეც კი, რომ ის ქალია. მუდმივი სინანულის გრძნობით უნდა ეცხოვრა იმის გამო, რომ მისი წყალობით დედამიწაზე ბოროტება გაჩნდა. მას უნდა შერცხვენოდა თავისი კაბის, რომელსაც მისთვის უნდა შეეხსენებინა, რომ ის დაეცა. განსაკუთრებით თავისი სილამაზის უნდა შერცხვენოდა, რამეთუ სილამაზე მძლავრი ინსტრუმენტია ეშმაკის ხელში.
ფიზიკური სილამაზე თავდასხმის მუდმივი საგანი იყო ეკლესიის მსახურთა მხრიდან. თუმცა ერთი გამონაკლისი მაინც იქნა დაშვებული: შუა საუკუნეებში ცდილობდნენ აკლდამებზე ეპისკოპოსების ლამაზი გამოსახულება გაეკეთებინათ, თუმცა მუდმივად ხაზი ესმებოდა ქალების დაქვემდებარებულ მდგომარეობას. მაგალითად VI საუკუნეში ეკლესიის ერთ-ერთმა პროვინციულმა საბჭომ ქალებს მათი უწმინდურობის გამო შიშველი ხელით სეფისკვერის აღება აუკრძალა.
სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, ქალებთან დაკავშირებით შეიცვალა კანონები კერძო საკუთრებისა და მემკვიდრეობის შესახებ. მხოლოდ დიდი ფრანგული რევოლუციის თავისუფლად მოაზროვნე მოღვაწეების წყალობით მიეცათ ქალიშვილებს მემკვიდრეობის მიღების უფლება.
შენიშვნები და განმარტებები:
8. პირველი წერილი კორინთელთა მიმართ. თავი VII (1-9).
9. პირველი წერილი კორინთელთა მიმართ. თავი VIII (32-34).
10. სულის უსუფთაობას ნიშნავს – ჰაველოკ ელისი, „სექსის ფსიქოლოგია“. ტ-4. გვ-31. ჰაველოკ ელისი – (1859-1939) – განათლება კერძო სკოლაში მიიღო. ოთხი წელი ავსტრალიაში გაატარა, სადაც სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. ინგლისში დაბრუნების შემდეგ, 1981 წელს მედიცინის შესწავლა დაიწყო. მისმა შვიდტომიანმა შრომამ „კვლევები სექსის ფსიქოლოგიის სფეროში“ ვიქტორიანული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და დიდ ბრიტანეთში პირველი ტომის გამოსვლის შემდეგ მისი გამოცემა აიკრძალა. მისი ნაშრომი სრული სახით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა 1897-1928 წლებში. ეს კვლევა სექსუალური ურთიერთობების და სექსის ბიოლოგიის თავისებური კვლევაა. აგრეთვე, მასში განხილულია სექსუალური ქცევები და ნორმიდან გადახრები. ელისი თვლიდა, რომ სექსუალური აქტიურობა სიყვარულის გრძნობის ნორმალური და ბუნებრივი გამოხატვაა. მას თავისი ნაშრომის საშუალებით სურდა გაეფანტა შიში და უმეცრება, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს ადამიანთა გონებაში სქესთა შორის ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით. ჰაველოკ ელისი ქალთა უფლებების თავგამოდებული დამცველი იყო.
11. ლეკი – „ევროპული მორალის ისტორია“, ტ-2. გვ 117-118. ლეკი უილიამ ედუარდ – (1838-1903) – ირლანდიელი ისტორიკოსი, ცნობილი თავისი ნაშრომებით ინგლისისა და ირლანდიის ისტორიის შესახებ. რასელის მიერ მოყვანილი ციტატა აღებულია წიგნიდან: – „ზნე-ჩვეულებების ისტორია ევროპაში“.
12. პატრისტიკის ლიტერატურა. პატრისტიკა – ქრისტიანული ფილოსოფია. II-VIII საუკუნეების ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნება. პატრისტიკის წყაროებია ანტიკური ფილოსოფია და ქრისტიანულ-თეოლოგიური დოქტრინა.
13. არავინ იცნობდა – იქვე. ლეკი ტ.-2. გვ.339-341.
14. ვესტერმარკი – „ადამიანთა ქორწინების ისტორია“, გვ. 170.
15. იერემია ბენტამი – (1748-1832) – ინგლისელი იურისტი და ფილოსოფოსი. ბენტამის თანახმად მორალის და კანონიერების ძირითადი პრინციპი გამოიხატება მაქსიმით: – „რაც შეიძლება მეტი ბედნიერება რაც შეიძლება მეტ ადამიანს“. ის თვლიდა, რომ იურისპრუდენციის მთავარი მიზანი უნდა იყოს მიაღწიოს კანონიერების და სამართლიანობის შერწყმას.
კომენტარები