სოკრატეს პრობლემა

სოკრატეს პრობლემა

ფრიდრიხ ნიცშე – XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი. წერდა კრიტიკულ წერილებს რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურაზე და მეცნიერებაზე მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით.

 

ამონარიდი აღებულია ფრიდრიხ ნიცშეს წიგნიდან – „კერპების მწუხრი, ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

139

 

სიცოცხლის შესახებ ყველა ეპოქაში ყველაზე ბრძენი ადამიანები ერთნაირად მსჯელობდნენ. სიცოცხლის ფასი კაპიკია, – მიიჩნევდნენ ისინი. ყველგან და ყოველთვის მათი ბაგეებიდან ერთი და იგივე ხმა აღმოხდებოდა, – ეჭვით, უიმედობით, სიცოცხლისგან დაღლილობით აღსავსე, სიცოცხლისადმი მტრობით განმსჭვალული. თვით სოკრატემ სიკვდილის წინ თქვა: „სიცოცხლე ხანგრძლივ ავადმყოფობას ნიშნავს. მხსნელი ასკლეპიოსისადმი მამალი მმართებს.“40 თვით სოკრატესაც კი მოყირჭდა სიცოცხლე. – რას ამტკიცებს ეს? რაზე მიგვანიშნებს ეს? – ძველ დროში შემდეგს იტყოდნენ (და ამას ამბობდნენ კიდეც საკმაოდ ხმამაღლა, პირველ რიგში კი ჩვენი პესიმისტები!41): „ყოველ შემთხვევაში, აქ რაღაც მაინც უნდა იყოს ჭეშმარიტი! Consensus sapientium42 ჭეშმარიტების დამადასტურებელია.“ – შეგვიძლია კი ასე ვისაუბროთ დღესდღეობით? გვაქვს კი ამის უფლება? „ყოველ შემთხვევაში აქ რაღაც ვერ არის კარგად“, – აი, ასეთია ჩვენი პასუხი. ყველა ეპოქის ყველაზე ბრძენი ადამიანები! ერთი კარგად უნდა შეათვალიერო ისინი ახლოდან! შესაძლოა, ისინი უკვე არც კი იდგნენ მყარად ფეხზე? ხომ არ იყვნენ ისინი ჩამორჩენილები, ბარბაცით მოსიარულენი, décadent43-ები? ხომ არ ევლინება ჭეშმარიტება დედამიწას როგორც ყორანი, რომელსაც ლეშის სულ მცირეოდენი სუნიც კი იტაცებს?..

 

 

2

 

თავად მე ეს უპატივცემულო აზრი (რომ სახელგანთქმული ბრძენკაცები გადაგვარებადი ტიპის წარმომადგენლები არიან) პირველად სწორედ იმ შემთხვევის განხილვის დროს მომივიდა, სადაც ამ აზრს ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება მეცნიერული და არამეცნიერული ცრურწმენები. სოკრატესა და პლატონში44 მე შევიცანი დაცემის სიმპტომები, ხელსაწყოები, რომლებიც ბერძენთა გადაგვარების საქმეს ემსახურებოდნენ, ფსევდობერძნები, ანტიბერძნები („ტრაგედიის დაბადება“, 1872). ზემოხსენებული consensus sapientium ყველაზე ნაკლებად ადასტურებს იმას, რომ ისინი მართლები იყვნენ იმაში, რის შესახებაც ერთ აზრზე იდგნენ (ამას სულ უფრო და უფრო უკეთ ვხვდებოდი): პირიქით, ეს იმას ამტკიცებს, რომ თვით ეს ყველაზე ბრძენი ადამიანები რაღაც-რაღაცეებში ფიზიოლოგიურად მსგავსნი იყვნენ იმისთვის, რათა თანაბრად მტრულად ყოფილიყვნენ განწყობილი სიცოცხლის მიმართ, რათა იძულებულნი ყოფილიყვნენ, ასეთი პოზიცია დაეჭირათ. მსჯელობები და შეფასებები სიცოცხლის შესახებ, მხარდამჭერი თუ უარმყოფელი, საბოლოო ჯამში, ვერასოდეს იქნება ჭეშმარიტი. ისინი ღირებული არიან მხოლოდ როგორც სიმპტომები და მხოლოდ როგორც ასეთები მიიღებიან მხედველობაში. როგორც ასეთი, ეს მსჯელობები სისულელეებია. აუცილებელია მათკენ თითების გაწვდენა და იმ გასაოცარი ნიუანსის მოხელთების მცდელობა, რომლის თანახმადაც, შეუძლებელია სიცოცხლის ღირებულების განსაზღვრა. ამას ვერ იზამს ცოცხალი არსება, რადგან იგი დაინტერესებული მხარეა (უფრო მეტიც, კამათის საგანია) და არა მსაჯული. ამას ვერ შეძლებს მიცვალებული, უკვე სხვა მიზეზების გამო. – ფილოსოფოსის მხრიდან სიცოცხლის ღირებულების45 საკითხში პრობლემის დანახვა, ამრიგად, საკუთარი თავისადმი შეწინააღმდეგებაა, საკუთარი სიბრძნისადმი დასმული კითხვის ნიშანია, უვიცობაა. – კი მაგრამ, როგორ? ნუთუ ყველა ეს ბრძენთაბრძენი არა მხოლოდ décadent-ი იყო, არამედ ბრძენიც კი არ იყო? – მაგრამ ამით კვლავ სოკრატეს პრობლემას ვუბრუნდები.

 

 

3

 

სოკრატე წარმოშობით მოსახლეობის ყველაზე დაბალ ფენას განეკუთვნებოდა. იგი მდაბიო გახლდათ. ჩვენთვის ცნობილია (და დღესაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ ამაში), თუ რამდენად მახინჯი იყო ეს ადამიანი. მაგრამ სიმახინჯე, თავისთავად წინააღმდეგობა, ბერძნებთან თითქმის უარყოფას ნიშნავდა.

 

იყო კი სოკრატე საერთოდ ბერძენი? სიმახინჯე ხშირად შეჯვარების, ამ შეჯვარებით შეფერხებული განვითარების გამოხატულებაა. სხვა შემთხვევაში იგი დეგენერაციად გვევლინება. ანთროპოლოგები კრიმინალისტებს შორის გვეუბნებიან, რომ ტიპიური დამნაშავე მახინჯია: monstrum in fronte, monstrum in animo.46 მაგრამ დამნაშავე décadent-ია. იყო კი სოკრატე ტიპიური დამნაშავე? – ყოველ შემთხვევაში, ამას არ ეწინააღმდეგება ფიზიონომის ის ცნობილი მსჯელობა, რომელიც ასე აღაშფოთებდა სოკრატეს მეგობრებს. ათენში სტუმრად მყოფმა უცხოელმა, რომელიც კარგად ერკვეოდა ადამიანთა სახეებში, სოკრატეს პირში უთხრა, რომ იგი ურჩხული იყო და რომ იგი თავის თავში ჩქმალავდა ყველა საზიზღარ ცოდვასა და ვნებას. სოკრატემ მხოლოდ ასეთი პასუხი გასცა უცხოელს: „თქვენ მე მიცნობთ, ბატონო.“47

 

 

4

 

სოკრატეს décadence-ზე მიუთითებს არა მხოლოდ ინსტინქტთა საყოველთაოდ აღიარებული სიშლეგე და ანარქია, არამედ ლოგიკურის სუპერფეტაციაც48 და რახიტიანისთვის დამახასიათებელი ბოღმაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, ასევე, ის სმენითი ჰალუცინაციაც, რომელიც, „სოკრატეს დაიმონის“ სახელწოდებით რელიგიურ ჭრილში იქნა ინტერპრეტირებული.49 სოკრატეში ყველაფერი ზედმეტია, buffo50-ა, კარიკატურულია. ამავდროულად, მასში ყველაფერი მიჩქმალულია, ქარაგმულია, ქვეშქვეშაა. – ვცდილობ, ჩავწვდე, თუ რომელი იდიოსინკრაზიიდან51 წარმოიშვა სოკრატესეული გათანაბრება გონება = სიქველეს = ბედნიერებას.52 ეს გათანაბრება ყველაზე უფრო არაბუნებრივია და მას განსაკუთრებულად ეწინააღმდეგება ადრეული ბერძნების ყველა ინსტინქტი.53

 

 

5

 

სოკრატესთან ერთად ბერძნული გემოვნება უეცრად დიალექტიკის სასარგებლოდ შეიცვალა. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? უპირველეს ყოვლისა, ამით დამარცხდა არისტოკრატიული გემოვნება, პლებსი კი დიალექტიკასთან ერთად სათავეში მოექცა. სოკრატემდე კარგ საზოგადოებაში დიალექტიკურ მანერებს გაურბოდნენ. ისინი ცუდ, მაკომპრომეტირებელ მანერებად ითვლებოდა. ახალგაზრდობას მათ წინააღმდეგ აფრთხილებდნენ. ასევე, არ ენდობოდნენ მსჯელობების ასეთი სახით წარმოდგენას. წესიერი საგნები, ისევე როგორც წესიერი ადამიანები, თავიანთ მიზეზებს ხელისგულზე არ ატარებენ. ხუთივე თითის საქვეყნოდ გამომზეურება უზნეობაა. ის, რაც თავიდანვე დასაბუთებას ითხოვს, ნაკლებად ღირებულია. ყველგან, სადაც კი ავტორიტეტი კარგ ჩვეულებებს განეკუთვნება, სადაც კი არ „აფუძნებენ“, არამედ უბრძანებენ, დიალექტიკა მასხარას როლში გვევლინება: მას დასცინიან და სერიოზულად არ აღიქვამენ. – სოკრატე მასხარა იყო,54 რომელმაც საკუთარი პიროვნებისადმი სერიოზული დამოკიდებულება აღძრა. მაინც რა მოხდა სინამდვილეში?

 

 

6

 

დიალექტიკას მაშინ ირჩევენ, როდესაც სხვა არჩევანის საშუალება არ არსებობს. ცნობილია, რომ მისით უნდობლობას იწვევენ, რომ ის ნაკლებად დამარწმუნებელია. დიალექტიკოსის მიერ გამოწვეული ეფექტის კვალის წაშლა უადვილესი საქმეა. ამას ადასტურებს ნებისმიერი თავყრილობა, სადაც სიტყვებით გამოდიან. ის მხოლოდ თავდაცვის უკიდურესი საშუალებაა იმათ ხელში, ვისაც სხვა იარაღი არ გააჩნია. უნდა აიძულო სხვა, რათა შენი სიმართლე აღიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სიმართლეს ვერაფერში გამოიყენებ. ამიტომ, ებრაელები დიალექტიკოსები იყვნენ. მელა რაინეკეც55 დიალექტიკოსი იყო. როგორ, ნუთუ სოკრატეც?

 

 

7

 

– ხომ არ არის სოკრატეს ირონია ამბოხების გამოხატულება? ან კიდევ მდაბიოთა ressentiment-ის?56 მას, როგორც დაჩაგრულს, ხომ არ სიამოვნებს ის სისასტიკე, სილოგისტური დანის ჩაცემას რომ ახლავს თან?57 შურს ხომ არ იძიებს იგი არისტოკრატებზე, რომლებსაც აჯადოებს? – დიალექტიკოსს ხელთ უმოწყალო იარაღი უპყრია, მისი მეშვეობით ტირანად გახდომაა შესაძლებელი.58 საკუთარი გამარჯვებით დამარცხებულთა კომპრომეტირებას ახდენ. დიალექტიკოსი თავის მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევს, დაასაბუთოს, რომ ეს უკანასკნელი იდიოტი არ არის. მას მრისხანებაში მოჰყავს ადამიანი, მაგრამ, ამავე დროს, ბედის ანაბარად ტოვებს მას. დიალექტიკოსი აუძლურებს თავისი მოწინააღმდეგის ინტელექტს.59 – როგორ? ნუთუ დიალექტიკა სოკრატესთან მხოლოდ შურისძიების ფორმაა?

 

 

8

 

მე უკვე ავხსენი, თუ რატომ უკუაგდებდა სოკრატე ადამიანებს. მით უფრო მეტად ასახსნელია, თუ რით აჯადოებდა იგი მათ. – ერთია, რომ მან agon60-ის ახალი სახე გამოიგონა, რომ ამ სფეროში იგი პირველი მოფარიკავე გახლდათ ათენელი წარჩინებულების წრისთვის. იგი აჯადოებდა იმით, რომ ბერძენთა აგონალურ ინსტინქტებს ეხებოდა. მან ახალი ილეთი შეიტანა ახალგაზრდა მამაკაცებისა და ჭაბუკების დაპირისპირებაში. სოკრატე, ასევე, დიდი ეროტიკოსიც გახლდათ.

 

 

9

 

მაგრამ სოკრატემ უფრო მეტი გამოიცნო. იგი თავისი არისტოკრატი ათენელების მიღმა იმზირებოდა და დაინახა, რომ მისი შემთხვევა, მისი იდიოსინკრაზია უკვე აღარ წარმოადგენდა გამონაკლისს. ამგვარი სახის დეგენერაცია ჩუმ-ჩუმად უკვე ყველგან იდგამდა ფესვებს: ძველი ათენი დასასრულს უახლოვდებოდა. – და სოკრატე მიხვდა, რომ მთელი სამყარო საჭიროებდა მას და მის საშუალებებს, მის მკურნალობას, თვითშენახვის მისეულ ილეთებს... ირგვლივ ინსტინქტთა ანარქია სუფევდა, ორიოდე ნაბიჯი აშორებდათ უკიდურესობისგან, monstrum in animo საყოველთაო საფრთხეს წარმოადგენდა. „ინსტინქტებს ტირანად გახდომა სწადიათ, ამიტომაც უნდა შეიქმნას კონტრტირანი, რომელიც უფრო ძლიერი იქნება“... როდესაც იმ ფიზიონომმა სოკრატეს საბურველი ჩამოაცალა და დაანახა თუ რა იყო იგი (ყველა ბიწიერ მიდრეკილებათა საცავი), დიდმა ირონიკოსმა თქვა სიტყვები, რომლებიც გასაღებს იძლევა მისი ხასიათის გასაგებად. „ეს ჭეშმარიტებაა, – თქვა მან, – მაგრამ მე ყველა მათგანზე ვბატონობ.“ კი მაგრამ, როგორ მოახერხა სოკრატემ საკუთარ თავზე გაბატონება? – მისი შემთხვევა, არსებითად, მხოლოდ უკიდურესი შემთხვევა იყო, ყველაზე უფრო თვალშისაცემი იმათგან, რომლებიც საყოველთაო უბედურების დასაწყისს მოასწავებდნენ. უკვე აღარავინ იყო საკუთარი თავის მბრძანებელი, ხოლო ინსტინქტები კი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ შეტრიალდნენ. სოკრატე აჯადოებდა როგორც უკიდურესი შემთხვევა, მისი შიშისმომგვრელი სიმახინჯე ნებისმიერ მზერას სწორედ ამაზე მიუთითებდა. რა თქმა უნდა, იგი კიდევ უფრო მეტად აჯადოებდა როგორც ამ შემთხვევის პასუხი, როგორც გამოსავალი, როგორც მოჩვენებითი მკურნალობისა და ხსნის გზა.

 

 

10

 

როდესაც, სოკრატეს მსგავსად, დგებიან აუცილებლობის წინაშე, რათა გონებისგან ტირანი შექმნან, მცირე არ უნდა იყოს იმის საფრთხე, რომ რაღაც სხვა გახდეს ტირანი. გონიერება მაშინ მხსნელად მიაჩნდათ. არც სოკრატეს და არც მის „ავადმყოფებს“ არ შეეძლოთ, საკუთარი ნებით ყოფილიყვნენ გონივრულები. ეს იყო de rigueur,61 მათი უკანასკნელი საშუალება. ფანატიზმი, რომლითაც მთელი ბერძნული აზროვნება გონიერებისკენ ისწრაფვის, მძიმე მდგომარეობას ამჟღავნებს. არსებობდა საფრთხე და მხოლოდ ერთი გამოსავალი: ან დაღუპულიყვნენ, ან აბსურდულად გონივრულები ყოფილიყვნენ... პლატონიდან მოყოლებული, ბერძენი ფილოსოფოსების მორალიზმი პათოლოგიურადაა განპირობებული, ისევე როგორც მათ მიერ დიალექტიკის შეფასება. გონება = სიქველეს = ბედნიერებას უბრალოდ ნიშნავს, რომ ადამიანმა სოკრატეს უნდა მიბაძოს და ბნელ მისწრაფებებს გონების მარადიული სინათლე დაუპირისპიროს. ნებისმიერ ფასად უნდა იყო ჭკვიანი, ნათელი და კაშკაშა. ნებისმიერი დათმობა ინსტინქტებისადმი, არაცნობიერისადმი, არის უკუსვლა...

 

 

11

 

მე უკვე ავხსენი, თუ რითი აჯადოებდა სოკრატე ადამიანებს: იგი მიაჩნდათ განმკურნებლად, მხსნელად. საჭიროა კი ვაჩვენოთ მისი შეცდომა, რომელიც მდგომარეობდა მის რწმენაში „გონიერება ნებისმიერ ფასად“? ფილოსოფოსები და მორალისტები თავს იტყუებენ, როდესაც ჰგონიათ, რომ décadence-ს თავს დააღწევენ, თუკი მას უბრალოდ ომს გამოუცხადებენ. თავის დაღწევა მათ ძალებს აღემატება. რასაც ისინი ხსნის საშუალებად მიიჩნევენ, სხვა არაფერია, თუ არა ისევ ამ décadence-ის გამოხატულება. ისინი უბრალოდ ამ გამოხატულებას ცვლიან, თუმცა მის გაუქმებას კი ვერ ახერხებენ. სოკრატე გაუგებრობა იყო. ასევე გაუგებრობას წარმოადგენდა ყველა მორალი, რომელიც გაუმჯობესებას ესწრაფოდა, მათ შორის ქრისტიანულიც... კაშკაშა დღის სინათლე, გონიერება ნებისმიერ ფასად, ცივი, ფრთხილი, ნათელი, გათვითცნობიერებული, უემოციო ცხოვრება ინსტინქტების წინააღმდეგ იყო კიდევ ერთი ავადმყოფობა და სრულიადაც არ წარმოადგენდა უკან დაბრუნებას „სიქველის“, „ჯანმრთელობისა“ და ბედნიერებისკენ... ინსტინქტებს უნდა ებრძოლო, – აი, décadence-ის ფორმულა. ვიდრე სიცოცხლე აღმასვლას განიცდის, ბედნიერება ინსტინქტის ტოლფასია.62

 

– ჩაწვდა კი თვითმოტყუების უჭკვიანესი დიდოსტატი ამას? ბოლოს და ბოლოს ეს ხომ არ უთხრა მან თავის თავს, მიმართ საკუთარი სიმამაცის სიბრძნით აღვსილმა? ... სოკრატეს სურდა სიკვდილი... არა ათენმა, არამედ თვითონ მან შეაძლია საკუთარ თავს საწამლავით სავსე ფილა. მან აიძულა ათენი, მიეწოდებინათ მისთვის ეს ფიალა... „სოკრატე არ არის ექიმი, – თქვა მან ჩუმად, – მხოლოდ სიკვდილია აქ ექიმი... თავად სოკრატე იყო დიდხანს ავად...“

 

 

 

 

 

 

შენიშვნები და განმარტებები:

 

39. სოკრატეს პრობლემა – აღნიშნულ ქვეთავში საკმაოდ კარგადაა გამოხატული ნიცშეს შეხედულებები ანტიკურობის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის მიმართ. დასავლური რაციონალისტური აზრის მამამთავარს ნიცშე დეკადენტსა და ავადმყოფს უწოდებს, რომელიც დიალექტიკურ მეთოდს საკუთარ თავსა და თავის (ასევე დეკადენტ) თანამედროვეებზე გასაბატონებლად იყენებდა. ათენის კლასიკურ ეპოქას ნიცშე დაცემის, გადაგვარების ეპოქად მიიჩნევს და მის მთავარ სიმპტომად გონებისადმი ბრმა რწმენას თვლის. ა. ურს-ზომერის აზრით, ნიცშეს მიერ სოკრატეს კრიტიკა, ზოგადად ფილოსოფიის კრიტიკას გულისხმობს. თავისი პროექტით ნიცშე თანამედროვე ფილოსოფიას წარმოაჩენს როგორც საეჭვო წამოწყებას, როგორც დეკადანსის, გადაგვარების გამოვლინებას. იხ. A. Urs-Sommer, Kommentar zu Nietzsches ‘Der Fall Wagner’ und ‘Götzen-Dämmerung’, გვ. 259-260. სოკრატეს პიროვნებით ნიცშე ახალგაზრდობიდანვე იყო დაინტერესებული: 1870 წლის 1 თებერვალს ნიცშემ ბაზელის უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება „სოკრატე და ბერძნული ტრაგედია“, სადაც ევრიპიდესა და სოკრატეს შემოქმედებაზე ისაუბრა. ევრიპიდეს ნიცშე „სოკრატული რაციონალიზმის პოეტს“ უწოდებს (KSA 1, 540) და მიიჩნევს, რომ მან და სოკრატემ ბერძნული ტრაგედიის სიკვდილს შეუწყვეს ხელი. უფრო ვრცლად აღნიშნული იდეები ნიცშემ „ტრაგედიის დაბადებაში“ (1872 წ.) გადმოსცა. ნიცშესა და სოკრატეს ურთიერთმიმართების შესახებ იხ. E. Müller, Die Griechen im Denken Nietzsches, Berlin/New York: Walter de Gruyter, 2005, გვ. 188-220; V. Gerhardt, „Nietzsches Alter-Ego. Über die Wiederkehr des Sokrates“, in: Nietzscheforschung, 8 (2001), გვ. 315-332; W. Kaufmann, „Nietzsches Einstellung gegenüber Sokrates“, in: J. Salaquarda (Hrsg.), Nietzsche, 2. Auflage, Darmstadt: Wissenschaftliche Buchgesellschaft, 1996, გვ. 21-44; A. Nehamas, The Art of Living. Socratic Reflections from Plato to Foucault, Berkeley/Los Angeles: University of California Press, 1998, გვ. 128-156; C. Wollek, „Nietzsche und das Problem des Sokrates“, in: Nietzscheforschung, 11 (2004),

40. სიცოცხლე ხანგრძლივ ავადმყოფობას ნიშნავს. მხსნელი ასკლეპიოსისადმი მამალი მმართებს – შდრ. პლატონი, „ფედონი“, 118a.

41. ჩვენი პესიმისტები – ნიცშე აქ შოპენჰაუერსა და მის მიმდევრებს გულისხმობს.

42. Consensus sapientium (ლათ.) – ბრძენთა თანხმობა.

43. décadent (ფრ.) – დეკადენტი, დაცემის, გადაგვარების პირას მყოფი. გვიანდელ პერიოდში ნიცშესთან „დეკადენტი“ ფიზიოლოგიურ გადაგვარებას აღნიშნავს. დეკადენტებში ნიცშე მოიაზრებს სუსტი ნების მქონე ინდივიდებს, რომელთაც არ ძალუძთ რაიმესკენ სწრაფვა. შესაბამისად, დეკადენტები, პესიმისტები და ნიჰილისტები ნიცშესთან ერთი კატეგორიის ადამიანებს წარმოადგენენ.

44. შოპენჰაუერის შემდეგ ნიცშე თავის შრომებში ყველაზე ხშირად პლატონს ახსენებს. თ. ბრობიერის აზრით, ნიცშე კარგად იცნობდა პლატონის შემოქმედებას, თუმცა ნაკლებად – მის ფილოსოფიას, რადგან ერთმანეთისგან არ განასხვავებდა პლატონის ფილოსოფიას, პლატონიზმსა და ნეოპლატონიზმს. იხ. T. Brobjer, ‘Nietzsche’s wrestling with Plato and Platonism’, in: P. Bishop (ed.), Nietzsche and Antiquity. His Reaction and Response to the Classical Tradition, Rochester: Camden House, 2004, გვ. 241- 259. ნიცშესა და პლატონის მიმართების შესახებ, იხ., ასევე, L. Lampert, “Nietzsche and Plato”, იქვე, გვ. 205-219; M. Anderson, Plato and Nietzsche. Their Philosophical Art, London: Bloomsbury, 2014; A. K. Jensen, H. Heit (eds.), NIetzsche as a Scholar of Antiquity, London: Bloomsbury, 2014.

45. სიცოცხლის ღირებულების პრობლემას ნიცშე „კერპების მწუხრში“ ისევ უბრუნდება. იხ. მორალი როგორც არაბუნებრიობა, Ecce homo-ში ნიცშე საკუთარ თავზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს იმ „ნეიტრალიტეტს“ და „მიუკერძოებლობას ცხოვრების ძირითადი პრობლემის მიმართ“, რომელიც მას, მისი აზრით, სხვებისგან გამოარჩევდა. შდრ. Ecce homo, გვ. 23.

46. monstrum in fronte, monstrum in animo (ლათ.) – ურჩხული სახით, ურჩხული სულით. ნიცშეს წყაროს აქ წარმოადგენს ფრანგი მედიკოსის შარლ ფერეს (1852-1907 წწ.) ნაშრომი „დეგენერაცია და დანაშაული“ (Dégénérescence et criminalité, 1888 წ.). უნდა აღინიშნოს, რომ ნიცშე საკმაოდ კარგად იცნობდა თავისი ეპოქის სამედიცინო დისკურსს. ეს განსაკუთრებით ვლინდება მის გვიანდელ პერიოდში, როდესაც მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ფიზიოლოგიურ საკითხებს თავის ნაშრომებში. იხ. გ. თავაძე, „ადამიანი-დინამიტი. ფრიდრიხ ნიცშეს პიროვნება და მისი ამოცანა Ecce homo,-ს მიხედვით“, Ecce homo, გვ. 234-236.

47. ათენში სტუმრად მყოფმა უცხოელმა [...] „თქვენ მე მიცნობთ, ბატონო“ – ეს ისტორია გადმოცემული აქვს ციცერონს თავის „ტუსკულანურ საუბრებში“ (IV, 37, 80).

48. სუპერფეტაცია (სამედ.) – ორსულობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში მეორე კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ნიცშე აქ სოკრატესთან ლოგიკურობის „სიჭარბეზე“ მიანიშნებს.

49. სოკრატეს დაიმონი – შდრ. პლატონი, „სოკრატეს აპოლოგია“, 31c-d.

50. buffo (იტ.) – კომიკური მომღერალი იტალიურ ოპერაში.

51. იდიოსინკრაზია – ადამიანის ორგანიზმის მგრძნობელობის შეცვლა გარკვეული სახის საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების მიმართ.

52. გონება = სიქველეს = ბედნიერებას – შდრ. პლატონი, „პროტაგორა“, 361a-c.

53. ეს გათანაბრება ყველაზე უფრო არაბუნებრივია და მას განსაკუთრებულად ეწინააღმდეგება ადრეული ბერძნების ყველა ინსტინქტი – შდრ.Ecce homo, ტრაგედიის დაბადება, 1: „სოკრატე პირველად იქნა შეცნობილი, როგორც ბერძნული დაუძლურების იარაღი, როგორც ტიპიური décadent-ი. გონიერება ინსტინქტის წინააღმდეგ.“ იხ. Ecce homo, გვ. 65.

54. სოკრატე მასხარა იყო – სოკრატეს მიმართ ნიცშეს ორაზროვანი, არაცალსახა დამოკიდებულება ჰქონდა.Ecce homo-ში (რატომ ვარ ბედისწერა, 1) იგი წერს: „არ მსურს წმინდანობა. მირჩევნია, მასხარა ვიყო... შესაძლოა, ვარ კიდეც მასხარა...“ (Ecce homo, გვ. 113). აქ ნიცშე საკუთარ თავს იმავე ეპითეტს მიაწერს, რომელსაც „კერპების მწუხრში“ სოკრატეს გასაკრიტიკებლად იყენებს. საკუთარი თავის იმავე ტერმინებით დახასიათება, რომლებიც უარყოფით კონტექსტში გამოიყენება ნიცშეს მიერ მისთვის არასასურველი პიროვნებების გასაქილიკებლად, შესაძლოა, ორმაგი თამაში იყოს. სოკრატემ ანტიკურ ფილოსოფიაში ღირებულებათა გადაფასება მოახდინა. ნიცშესაც სურდა, ღირებულებათა გადამფასებელი ყოფილიყო. შესაბამისად, იგი საკუთარ თავს იმავე თვისებებს მიაწერს, ოღონდ უფრო დადებით კონტექსტში. სოკრატე დეკადანსის გამოხატულება იყო და მისმა ფილოსოფიამ სიყალბის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. შესაბამისად, მიიჩნევდა ნიცშე, საჭიროა ამ სიყალბის გამოაშკარავება და ღირებულებათა ხელახალი გადაფასება (შდრ. Ecce homo, გვ. 113).

55. მელა რაინეკე – შუა საუკუნეების ევროპული სატირული ლექსების პერსონაჟი.

56. Ressentiment (ფრ.) – ბოღმიანობა, გულღვარძლიანობა. რესენტიმენტის ცნება, რომელიც ნიცშესთან პირველად 1875 წელს გვხვდება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მორალთან დაკავშირებულ მის განაზრებებში. „მორალის გენეალოგიაში“ (I, 10) ნიცშე წერს: „მონათა აჯანყება მორალის წიაღში იწყება მაშინ, როდესაც თავად ressentiment-ი ხდება შემოქმედებითი და ღირებულებების წარმომქმნელი. ეს არის ისეთ არსებათა ressentiment-ი, რომლებისთვისაც მიუწვდომელია ნამდვილი რეაქცია ანუ მოქმედება და რის კომპენსირებასაც ისინი მხოლოდ წარმოსახვითი შურისძიების მეშვეობით ახდენენ. თუკი ყველაკეთილშობილური მორალი საკუთარი თავის მიმართ საზეიმო „ჰო“-ს თქმას ემყარება, მონათა მორალი იმთავითვე „არა“-ს ეუბნება „გარეშეს“, „განსხვავებულს“, „არა-მე“-ს. სწორედ ეს „არა“ წარმოადგენს მის შემოქმედებით საქმიანობას“ (KSA 5, 270-271). ნიცშეს შემდგომ რესენტიმენტის თემატიკას საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნეს მ. შელერმა და ჟ. დელიოზმა. იხ. M. Scheler, Das Ressentiment im Aufbau der Moralen, Leipzig: Verlag der Weissen Bücher, 1915; G. Deleuze, Nietzsche et la philosophie, Paris: Presses universitaires de France, 1962.

57. სილოგიზმი – ლოგიკაში: დედუქციური არგუმენტი, რომელიც შედგება ორი წანამძღვრისა და დანასკვისგან.

58. დიალექტიკოსს ხელთ უმოწყალო იარაღი უპყრია, მისი მეშვეობით ტირანად გახდომაა შესაძლებელი – აღნიშნული დებულება წინააღმდეგობაში მოდის წინა პარაგრაფში (სოკრატეს პრობლემა, 6) გამოთქმულ თვალსაზრისთან, სადაც დიალექტიკა თავდაცვით იარაღადაა გამოცხადებული: „დიალექტიკას მაშინ ირჩევენ, როდესაც სხვა არჩევანის საშუალება არ არსებობს. [...] ის მხოლოდ თავდაცვის უკიდურესი საშუალებაა იმათ ხელში, ვისაც სხვა იარაღი არ გააჩნია.“

59. დიალექტიკოსი აუძლურებს თავისი მოწინააღმდეგის ინტელექტს – ნიცშე აქ მკვეთრად ცვლის თავის შეხედულებას. თუკი თავიდან იგი დიალექტიკას განიხილავს როგორც თავდაცვის უკიდურეს საშუალებას, მე-8-ე პარაგრაფში ის მოწინააღმდეგის საბოლოო დამარცხების საშუალებად გვევლინება. ის გარემოება, რომ სოკრატე ამას ძალიან კარგად ახერხებდა, ნიცშესთვის ძველი ათენის მორალური დაცემის თვალსაჩინო გამოხატულება იყო. შდრ. სოკრატეს პრობლემა, 9: „მაგრამ სოკრატემ უფრო მეტი გამოიცნო. იგი თავის არისტოკრატ ათენელებს მიღმა იმზირებოდა და დაინახა, რომ მისი შემთხვევა, მისი იდიოსინკრაზია უკვე აღარ წარმოადგენდა გამონაკლისს. ამგვარი სახის დეგენერაცია ჩუმ-ჩუმად უკვე ყველგან იდგამდა ფესვებს: ძველი ათენი დასასრულს უახლოვდებოდა.“

60. agon (ძვ. ბერძ.) – შეჯიბრი. ძველბერძნული სამყაროს გააზრებისთვის აგონალურ ანუ შეჯიბრის მომენტს ნიცშე ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა. აღნიშნულ თემას თავისი შემოქმედების ადრეულ პერიოდში (1872 წ.) ნიცშემ მიუძღვნა მცირე ნაშრომი „ჰომეროსის შეჯიბრი“ (KSA 1, 783-792).

61. de rigueur (ფრ.) – აუცილებლობა.

62. ვიდრე სიცოცხლე აღმასვლას განიცდის, ბედნიერება ინსტინქტის ტოლფასია – ამ დებულებით ნიცშე უპირისპირდება სოკრატეს მიერ დამკვიდრებულ იგივეობას (გონება = სიქველეს = ბედნიერებას).

63. sub specie aeterni (ლათ.) – მარადისობის პერსპექტივიდან.

64. idée fixe (ფრ.) – აკვიატებული იდეა.

65. ჰერაკლიტე – (ძვ. წ. VI ს.) – ძველი ბერძენი ფილოსოფოსი. ნიცშესა და ჰერაკლიტეს შესახებ იხ.J. P. Hershbell, S. A. Nimis, “Nietzsche and Heraclitus”, Nietzsche-Studien, 8 (1979), გვ. 17-38; T. Borsche, “Nietzsches Erfindung der Vorsokratiker”, in: J. Simon (Hrsg.), Nietzsche und die philosophische Tradition, Bd. 1, Würzburg: Königshausen-Neumann, 1985, გვ. 62-87; M. Meyer, “The ancient quarrel between philosophy and poetry in Nietzsche’s early writings”, in: A. K. Jensen, H. Heit (eds.), NIetzsche as a Scholar of Antiquity, London: Bloomsbury, 2014, გვ. 208 და შმდ.

66. ელეელები, ელეელთა სკოლა – წინასოკრატული ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სკოლა. სკოლის სახელი მომდინარეობს სამხრეთ იტალიაში მდებარე ქ. ელეადან, რომელიც ბერძნული კოლონია იყო. ელეელთა სკოლის პირველი წარმომადგენელი იყო პარმენიდე (დაიბ. დაახლ. ძვ. წ. 515 წ.), რომელიც მკვეთრად განასხვავებდა ერთმანეთისგან იმას, რაც არსებობს ანუ არსებულს და იმას, რაც იცვლება. არსებულს ცოდნა უკავშირდება, ხოლო ცვალებადს – რწმენა და შეხედულება. ელეელები მიიჩნევდნენ, რომ ის, რაც ნამდვილად არსებობს, უცვლელი და მარადიულია. შესაბამისად, შეგრძნებები მცდარ ინფორმაციას აწვდიან ადამიანებს. ელეელთა სკოლის ერთერთმა წარმომადგენელმა, ძენონ ელეელმა (დაიბ. დაახლ. ძვ. წ. 490 წ.) ჩამოაყალიბა ოთხი პარადოქსი მოძრაობის შესახებ, რომელთა მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ მოძრაობა სინამდვილეში არ არსებობდა.

67. სპექტროსკოპი – მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სპექტრზე ვიზუალური დაკვირვებების საწარმოებლად.


კომენტარები