ჟორჟ ბერნანოსი კლასიკოსი ფრანგი მწერალია. ის 1888 წლის 20 თებერვალს, პარიზში დაიბადა, თუმცა ბავშვობის უდიდესი ნაწილი პა-დე-კალეს რეგიონში გაატარა, რომელიც მომავალში – მწერლის რომანების ძირითად ადგილმდებარეობად იქცა. ბერნანოსი პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა – თავდაპირველად სომის, შემდეგ კი ვერდენის ბრძოლაში რამდენიმეჯერ დაიჭრა. ბერნანოსის კვალი მსოფლიო ლიტერატურაში წარუშლელია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „სატანის მზის ქვეშ“, რომელიც სულ ახლახან ითარგმნა ქართულ ენაზე, გამოცემა Le Monde-მა მეოცე საუკუნეში დაწერილი 100 უდიდესი რომანის სიაში 45-ე ადგილზე დაასახელა. „სატანის მზის ქვეშ“ – პროვინციელი, ალალ-მართალი, ნაკლებად განათლებული, მაგრამ უფლის სიყვარულით გულანთებული, ფანატიზმამდე მისული მღვდლის, დონისანის სულიერ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. დონისანი, რომელიც ახალგაზრდობაში სატანას შეხვდა, კარგად იცნობს ცოდვის ანატომიას და ადამიანის ბუნების ყველაზე ბნელი მხარეების ავანჩავანი სხვებზე უკეთ ესმის. მისი ყოველდღიურობა დაცემულ ანგელოზთან დაპირისპირება და ცოდვასთან ბრძოლაა.