წიგნის ანოტაცია
ამერიკელი მწერალი და პედაგოგი (ცნობილია თავისი გამოკვლევებით – შედარებითი მითოლოგიის მიმართულებით), ჯოზეფ კემპბელი, 1904 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა. იგი ბავშვობიდან დიდ ინტერესს იჩენდა მითოლოგიის მიმართ და აქტიურად კითხულობდა წიგნებს ინდიელთა კულტურის შესახებ. კემპბელი ხშირად დადიოდა მუზეუმებში, სადაც უძველეს არტეფაქტებს გულისყურით ათვალიერებდა. მისმა ამგვარმა მრავალფეროვანმა ინტერესებმა მწერალს კოლუმბიის უნივერსიტეტში, შუა საუკუნეების ლიტერატურის შესწავლისკენ უბიძგა. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ იგი პარიზსა და მიუნხენში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ უნივერსიტეტებში განაგრძო კვლევითი საქმიანობა. სწორედ ამ პერიოდში მოექცა კემპბელი ანრი მატისის, პაბლო პიკასოს, ჯეიმზ ჯოისის, თომას მანის, ზიგმუნდ ფროიდისა და კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომების გავლენის ქვეშ. მათი ნამუშევრების დეტალურმა შესწავლამ ავტორი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ყველა მითი და ეპოსი ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია.
კემპბელის თეორიის მიხედვით, თითოეული ამბავი კულტურაში გამოვლენილი სიმბოლოების დახმარებით ცდილობს ახსნას სამყაროს თავს დატეხილი სოციალური, კოსმოლოგიური თუ სულიერი მდგომარეობა. ავტორის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მის კალიფორნიაში გატარებულ პერიოდს, სადაც მან ჯონ სტაინბეკი და ბიოლოგი ედ რიკეტსი გაიცნო. კემპბელი ჯერ კენტერბერის სასწავლებელში მივიდა პედაგოგად, შემდეგ კი 1934 წელს შეუერთდა სარა ლოურენსის კოლეჯის ლიტერატურის კათედრას. ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ის მრავალი წლის განმავლობაში დარჩა მასწავლებლად. 1940-50-იან წლებში კემპბელი აქტიურად ეხმარებოდა სვამი ნიჰილანანდას „უპანიშადებისა“ და რამაკრიშნასთან დაკავშირებული ამბების თარგმნაში. მწერალი ამავე პერიოდში არედაქტირებდა ჰაინრიხ ციმერის ნაშრომებს, რომლებიც ინდიელთა ხელოვნებას, მითოლოგიასა და რწმენა-წარმოდგენებს შეეხებოდა. 1944 წელს კემპბელმა, ჰენრი მორტონ რობინსონთან ერთად, გამოსცა წიგნი „A Skeleton Key to Finnegans Wake“ (წიგნი ჯეიმზ ჯოისის ნაწარმოების კრიტიკას წარმოადგენდა – შენ. მთარგ).
ამ ამბიდან 5 წლის შემდეგ ავტორმა გამოაქვეყნა პირველი დიდი ნაშრომი, „ათასსახოვანი გმირი“, რომელმაც მალევე დიდი აღიარება მოუტანა მწერალს. კემპბელი ამ ნაწარმოებში შენიშნავდა, რომ კულტურული სახესხვაობების მიუხედავად, ყველა გმირი ერთ გზას გადის საბოლოო მიზნის მისაღწევად. მან გამოყო აღნიშნული თავგადასავლის თავისებურებები და მოახდინა მათი კლასიფიკაცია (მნიშვნელოვანია მისი დაკვირვებები გმირის მოგზაურობის არქეტიპულ სახეებზე). ჯოზეფ კემპბელი 1987 წელს გარდაიცვალა. 1988 წელს, ბილ მოიერსის სატელევიზიო ინტერვიუთა სერიამ, სახელწოდებით: „მითების ძალმოსილება“, ავტორი კიდევ ერთხელ აქცია მილიონობით ადამიანის ინტერესის ობიექტად.