წიგნის ანოტაცია
წიგნში წარმოდგენილია პლატონის შემოქმედების ადრეული პერიოდის ორი შედევრი – „სოკრატეს აპოლოგია“ და „კრიტონი“. ორივე სოკრატეს გაიდეალება და აპოლოგიაა.
აგრეთვე დასმულია არაერთი ეთიკურ-გნოსეოლოგიური პრობლემაც. მაგ. პლატონი ხაზგასმით მიუთითებს რომ მნიშვნელოვანი საკითხები საქმის მცოდნემ უნდა გადაწყვიტოს და არა მასამ, ბრბომ...
წიგნში ასევე შესულია გვიანდელ პერიოდში მცხოვრები კომენტატორისა და ბიოგრაფის ოლიმპოდორეს მცირე ზომის თხზულება – „პლატონის ცხოვრება“.
„პლატონის ცხოვრების“ ავტორი ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი სწავლულია, ცხოვრობდა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის (527-565 წ.) დროს. ჩვენამდე მოაღწია პლატონის დიალოგების – „პირველი ალკიბიადეს“, „გორგიას“, „ფედონისა“ და „ფილებოსის“ ოლიმპიოდორესეულმა კომენტარებმა.
„პლატონის ცხოვრება“ ერთგვარი შესავალია, რომელიც წინ უძღვის „პირველი ალკიბიადეს“ კომენტარებს. „ცხოვრება“ დაწერილია პლატონის გარდაცვალებიდან ცხრა საუკუნის შემდეგ და ალბათ ამიტომ მასში საკმაოდ ხშირია ცალკეული შეცდომები და უზუსტობები. თანდართულ კომენტარებში ჩვენ შევეცადეთ გაგვესწორებინა ეს ხარვეზები, ზოგ შემთხვევაში კი, პლუტარქეს, დიოგენე ლაერტელისა და სხვა ბერძენ მწერალთა შრომებზე დაყრდნობით, განგვევრცო ოლიმპიოდორეს ძუნწი ცნობები, რათა მკითხველს უფრო ზუსტი და სრული წარმოდგენა შეჰქმნოდა დიდი ბერძენი ფილოსოფოსის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.