1749 წელს დიჟონის აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „შეუწყო თუ არა ხელი მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებამ ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებას“.
ერთი წლის შემდეგ ამ აკადემიამ პირველი პრემია მიაკუთვნა რუსოს საკონკურსო შრომას: „მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ“, რომელშიც მან უარყოფითი პასუხი გასცა დასმულ კითხვას. ნაშრომის ძირითადი აზრი ასეთი იყო: ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თავისუფალი, კეთილი, უდანაშაულო, მარტივი, ყველა სხვა ადამიანთა თანასწორია. მეცნიერება და ხელოვნება ზღვარს ავლებს ადამიანსა და ბუნებას შორის. ადამიანები თანდათან შორდებიან ბუნებას, მათ ურთიერთობაში ბატონდება ხელოვნურობა, პირფერობა.
ადამიანში თავს იჩენს ეგოიზმი, ცინიზმი, ბოროტება; საზოგადოებაში აღარ არსებობს თავისუფლება. ამიტომ ფრანგი მოაზროვნე მოითხოვს ადამიანის დაახლოებას ბუნებასთან. ამ შრომის გამოქვეყნებამ დიდი სახელი მოუხვეჭა რუსოს.