სემუელ ბეკეტს (1906-1989) ხან უკანასკნელ მოდერნისტად მოიხსენიებენ, ხანაც პირველ პოსტმოდერნისტად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბეკეტი – ჯეიმზ ჯოისთან ერთად – მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ირლანდიელი მწერალია. „მოლოი“ – ბეკეტის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი – ფრანგულად დაიწერა და 1954 წელს გამოიცა. რამდენიმე წლის შემდეგ პატრიკ ბოულზმა, ავტორთან ერთად, წიგნი ინგლისურად თარგმნა. რომანი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორი პერსონაჟის, მოლოისა და ჟაკ მორანის მონათხრობისაგან შედგება.