ოსამუ დაძაი (1909-1948) XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ იაპონელ მწერლად და იაპონელი ახალგაზრდების უსაყვარლეს ავტორად ითვლება.
მისი შემოქმედების ძირითადი თემა საზოგადოებისაგან პიროვნების იზოლირების პრობლემას და მისგან გამომდინარე ტრაგიკულ შედეგებს შეეხება. ამასთან, მწერლის თხრობის სადა და გულწრფელი მანერა მკითხველზე განსაკუთრებულ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს. „აღარ ვივარგებ ადამიანად“ ოსამუ დაძაის ყველაზე პოპულარული ნაწარმოება იაპონიაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. იგი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. აქ მოთხრობილი ამბავი ძალიან ჰგავს მწერლის მიერ განვლილი ცხოვრების გზას.
მოთხრობის მთავარი გმირი იოძო ობა გარეგნულად ერთი ჩვეულებრივი მხიარული ახალგაზრდა კაცია, რომლის „შიგნით“ დამფრთხალი ბიჭუნა იმალება. მრავალი თავგანწირული მცდელობის მიუხედავად, ის ვერაფრით პოულობს თავშესაფარს ადამიანებს შორის და უსასრულო მარტოობის განცდით იტანჯება. მწერალი ზედმეტი სენტიმენტალობის გარეშე მოგვთხრობს, თუ რა სასტიკად ექცევა გარემომცველი სამყარო იოძოს, რომელიც საბოლოოდ კარგავს ცხოვრებისეულ ორიენტირებს.