წიგნის ანოტაცია
„ივანე მაჩაბლის შექსპირი ყოველთვის დარჩება ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების უკეთეს მონაპოვართა შორის, საგანძურად რომ ითქმის. და არამარტო მიღწევად და ორიენტირად, თუ როგორ უნდა ხდებოდეს უცხოელი ავტორის შემოყვანა ქართულ ენობრივ სივრცეში, არამედ ცოცხალ თანამდევადაც ჩვენი ლიტერატურული პროცესისაც და თეატრალური ხელოვნებისაც, ამ თარგმანების კვალობაზეც რომ იდგმება ახალ-ახალი შექსპირული სპექტაკლები.
თუმც უილიამ შექსპირი ის შემოქმედია, რომლის ამეტყველებაც ყოველმა ეპოქამაც უნდა სცადოს. ამ აუცილებლობამ გამოიწვია ის ცდები, რომ ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილ ტრაგედიებს კვლავ მიუბრუნდნენ, ცხადია, მეტ-ნაკლები წარმატებით. ასე მოსინჯეს კიდევ ერთხელ: „ჰამლეტიც“, „მეფე ლირიც“, „ოტელოც“, „რიჩარდ მესამეც“, „მაკბეტიც“.
და აი, ლალი ყუშიტაშვილმა მოჰკიდა ხელი ამ ტრაგედიას და მშვენიერადაც აამეტყველა, მისი თარგმანიც წარმატებულ ნიმუშებს რომ უნდა მივაკუთვნოთ. და რაც ყველაზე მთავარია: ლალი ყუშიტაშვილმაც – ისევე როგორც ლელა სამნიაშვილმა – გაარღვია მაჩაბლური 14-მარცვლოვანი საზომის ჩარჩოები და მისი ნამუშევარი ამ მხრივაც საგულისხმო და გასათვალისწინებელია.
დაე, მკითხველმაც ირწმუნოს „მაკბეტის“ ახალი სიცოცხლის ცხოველმყოფელობა“ – როსტომ ჩხეიძე