წიგნის ანოტაცია
„ლიტერატურული წახნაგების“ პირველ ტომში ძველი მსოფლიოს ლიტერატურა მოხვდა. ყველაფერი იწყება გილგამეშის ეპოსით. ამ ეპოსის სახით ჩვენ წინაშეა მსოფლიოს უძველესი ლიტერატურული ძეგლი. ეს ეპოსი დაიკარგა და მეცხრამეტე საუკუნეში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. მანამდე მიიჩნეოდა, რომ პირველი დიდი ტექსტები, „ილიადას“ და „ოდისეას“ სახით, ჰომეროსმა დაგვიტოვა. ჰომეროსი უდიდესი ავტორია, ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ საკითხების მთელ წყებას, რომელსაც მეცნიერები „ჰომეროსის საკითხის“ სახელით განიხილავენ, ვისაუბრეთ აქილევსის, ჰექტორის, აიასის, ოდისევსისა და აგამემნონის სახეებზე, ტროის ომზე, მის რეალობასა და ქრონოლოგიაზე, მასში ქართველების მონაწილეობაზე და ა. შ.
ჰომეროსთან ერთად ჩვენს წიგნში საუბარია ანტიკურ თეატრზე, ესქილეზე, სოფოკლეზე, ევრიპიდეზე, არისტოფანეზე, მათს ტრაგედიებსა და კომედიებზე, მათს ურთიერთობებზე, პერსონაჟებზე, დრამის წარმოშობაზე, თეატრის განვითარებაზე, ცალკეულ გრანდიოზულ პერსონაჟებზე: ოიდიპოსზე, ანტიგონეზე, მედეაზე, ორესტეზე... ტრაგედიასთან ერთად ვისაუბრეთ ძველ ანტიკურ კომედიაზე, კომედიის მამაზე, არისტოფანეზე, და მის გამორჩეულ პიესებზე: „მხედრებზე“, „ლისისტრატესა“ და „ბაყაყებზე“.
ძველი ბერძნული პროზა ჩვენს წიგნში წარმოდგენილია პლატონის უკვდავი დიალოგებით – „სოკრატეს აპოლოგიითა“ და „ნადიმით“. გენიალური ფილოსოფოსი ბრწყინვალე სტილისტი იყო, რომელიც ურთულეს ფილოსოფიურ იდეებს ფაქიზი მხატვრული ქსოვილით მოსავდა. პლატონი იწყებს თავისი უკვდავი მასწავლებლის სიკვდილით და აგრძელებს სიყვარულის უკვდავების იდეით.
ყველაფერ ამას მოსდევს საუბარი პუბლიუს ვერგილიუს მაროს „ენეიდაზე“, რომაულ „ილიადაზე“, რომელიც თავისი ეპოქის უდიდეს პოეტს რომის იმპერატორმა, გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანუს ავგუსტუსმა შეუკვეთა. წიგნს ასრულებს ბოლო შტრიხი – ვერგილიუსის მიერ აღწერილი ენეასის, კეთილშობილი და ღვთისმოსავი გმირის, სახე...