წიგნის ანოტაცია
„ლიტერატურული წახნაგების“ მეორე ტომი მოიცავს მსოფლიო ლიტერატურას რუსთაველიდან ნიცშემდე. ანტიკურობის უკანასკნელი გრანდიოზული შედევრის, ვერგილიუსის „ენეიდის“ შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო ლიტერატურამ ვერაფერი ვერ შექმნა. ქრისტიანობა ებრძოდა წარმართობას და ფიგურალურად რომ ვთქვათ, „ევლალიას წამება“, „როლანდის სიმღერა“, „ბეოვულფი“ და „ნიბელუნგები“ ებრძოდნენ „ილიადას“, „ოიდიპოს მეფეს“, „მედეასა“ და „მეტამორფოზებს“.
ბუნებრივია, ქრისტიანობამ ეს ბრძოლა ვერ მოიგო. დაიკარგა ძველი ტექსტების უდიდესი ნაწილი, მაგრამ ბრძოლას მაინც ჰომეროსი და მისი მეგობრები იგებდნენ. ბოლოს და ბოლოს, მოიძებნა კომპრომისი: არ ივარგა ფორმულამ „როლანდი“ „ილიადის“ წინააღმდეგ, სამაგიეროდ ივარგა ფორმულამ „დანტე და ვერგილიუსი“, ქრისტიანობამ კარი გაუღო ანტიკურობას და მსოფლიო ლიტერატურა ხელახლა იშვა. ეს მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთან დაიბადა. ამიტომ გახსნის ამ ტომს სტატია „რუსთაველი და ჰომეროსი“. რუსთაველი და ჰომეროსი, დანტე და ვერგილიუსი, რენესანსი და ახალი დრო, – აი, რაზე გვექნება საუბარი.
ეს საუბარი მოიცავს: რუსთაველს, დანტეს, რაბლეს, სერვანტესს, შექსპირს, გაივლის ფრანგულ კლასიციზმს – ჟან-ბატისტ მოლიერს, ჟან რასინსა და პიერ კორნელს და მივა გუსტავ ფლობერამდე, ედგარ პომდე, ჩარლზ დიკენსამდე, ემილი ბრონტემდე და ფრიდრიხ ნიცშემდე, ანუ მეცხრამეტე საუკუნის თითქმის დასასრულამდე...