ეს თხზულება 1970 წელს ქართულად თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. როგორც არაერთგზის განუცხადებიათ, ამგვარი ლიტერატურის თარგმნით ისინი მიზნად ისახავდნენ მარქსიზმის, ათეიზმის, მატერიალიზმის იდეურ დამარცხებას. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს არის პირველი მცდელობა ქართულად რუდოლფ შტაინერის წიგნის ამეტყველებისა. მიუხედავად იმისა, რომ თარგმანი სულ რამდენიმე ცალად დაიბეჭდა მანქანაზე და „სამიზდატის“ ფორმით გავრცელდა, იგი ახალი სიო იყო საქართველოს არასაბჭოურ ინტელექტუალურ ცხოვრებაში, რომელიც, ცხადია, იატაკქვეშეთში არსებობდა; მით უმეტეს, რომ ეს წიგნი საკითხის დაყენებითაც და თემატური თვალსაზრისთაც სიახლით გამოირჩეოდა. როგორც ძველ, ისე ახალ დროში საქართველოს გააჩნდა მდიდარი მთარგმნელობითი ტრადიცია არა მარტო მხატვრული ლიტერატურის, არამედ თეოლოგიის და ფილოსოფიის სფეროშიც; ეს გამოცდილება დიდად წაადგება ნებისმიერ მთარგმნელს, მაგრამ ამ წიგნის თარგმნა მაინც ახალი ხნულის გავლებას ჰგავს ისეთ ძნელადდასამუშავებელ ნიადაგზე, როგორიც არის ქართული ენა.