წიგნის ანოტაცია
ანიციუს მანილუს სევერინუს ტორკვატუს ბოეთიუსის როლი და მნიშვნელობა დიდია ევროპული აზროვნების განვითარების ისტორიაში.
როგორც მეცნიერმა, სრულიად ახალგაზრდამ მოიხვეჭა სახელი და აღიარება. ოციოდე წლისამ დაწერა თხზულებები არითმეტიკაში, მუსიკაში, გეომეტრიასა და ასტრონომიაში. ბოეთიუსის ხანმოკლე ცხოვრება იყო უწყვეტი და თავბრუდამხვევი წარმატებების გზა ყველა სფეროში: მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში, პოლიტიკაში.
ბრწყინვალე იყო ცხოვრებისეული კარიერაც – სრულიად ახალგაზრდას ირჩევენ კონსულად, გადადგომის შემდეგ ხდება სენატის პრინცეპსი და დასავლეთ რომის იმპერიის პირველი მინისტრი.
ბედმა, რომელმაც იმდენი სიკეთე დააბერტყა რომაელ ფილოსოფოსს, „როგორც არასდროს არც ერთ მოკვდავს“, მოულოდნელად „გამყინავი მზერა“ მიაპყრო: ჩამოართვეს ქონება, გადაუსახლეს ოჯახი, დაატუსაღეს და სიწმინდეთა შეურაცხყოფის ბრალდებით კალვენციანოს საპყრობილეში გამოამწყვდიეს. 524 წელს 44 წლის ფილოსოფოსი წამებით მოკლეს.