წიგნის ანოტაცია
ფრანც კაფკას ცხოვრებაში დღიურის როლი განსაკუთრებულია. დღიურის წარმოება მან დაიწყო 1910 წელს (ყოველ შემთხვევაში, უფრო ადრინდელი ჩანაწერები არ არის შემორჩენილი) და მეტ-ნაკლები თანმიმდევრობითა და შუალედებით აწარმოებდა მას 1923 წლის შუამდე; ასე რომ, ჩანაწერები წყდება გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე.
მისი მხატვრული ორეულების თვისებების გარდა დღიურებში ვხედავთ კაფკას ნამდვილ ხატს, როგორიც იყო ის ყოველდღიურობაში – ის ხომ თავისთვის წერდა დღიურებს, არა მკითხველისათვის.
დღიური იყო მისთვის საკუთარი შინაგანი ცხოვრების ასახვის, საკუთარ თავსა და გარემოცვაში გარკვევის, მისთვის უცხო და მტრული სამყაროს გაგების ცდა.
დღიურებში ის თითქოს მიკროსკოპით აკვირდება საკუთარ აზრებს, სულის უფაქიზეს მოძრაობებს. ასეთი გამოწვლილვითი თვითდაკვირვებით ცდილობს, შეიცნოს საკუთარი თავი, სძლიოს თავს, შეეჩვიოს ჩვეულებრივ ცხოვრებას, „ყოველდღიურობის ნეტარებას“, რომელიც ერთსა და იმავე დროს მიმზიდველიცაა მისთვის და მიუწვდომელიც.