წიგნის ანოტაცია
რა განსხვავება შეიძლება, იყოს ქალი და მამაკაცი ავტორის ტექსტებს შორის? რა როლი აქვს გენდერს, როგორც თხრობით კატეგორიას? – ამ საკითხებს ეხება ნანა აბულაძის მესამე წიგნი „ორივე სქესი“, რომელშიც სწორედ გენდერის ნიშნითაა შედარებული ერთმანეთს მარიამ გარიყულისა და მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები.
ეს წიგნი პირველი ცდაა ქართულ კრიტიკასა და ლიტერატურათმცოდნეობაში, ფემინისტური პერსპექტივიდან წავიკითხოთ მარიამ გარიყულის ოთხი მოთხრობა („ვერ მიაღწია“, „შინ კი მიელოდნენ“, „ცაბუ“, „ნანიკო“) და მიხეილ ჯავახიშვილის ოთხი მოთხრობა („უპატრონო“, „ეკა“, „ყბაჩამ დაიგვიანა“, „ცხრა ქალწული“). ავტორი თანამედროვე ლიტერატურის თეორიის გამოყენებით ახერხებს, ამ ტექსტების სრულიად ახალი ინტერპრეტაცია წარმოგვიდგინოს და კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ღირებულებათა სისტემაზეც, რომელშიც ვცხოვრობთ.
ნანა აბულაძის დებიუტი შედგა რომანით „აკუმი“, მისი მეორე წიგნი, „ახალი აღქმა“ კი 2021 წელს გამოიცა. ნანა აბულაძე არის „საბასა“ და „თავისუფალი ლიტერას“ ლაურეატი, ასევე აიოვის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამწერლო პროგრამის (International Writing Program) მონაწილე.
წიგნი პრემია „საბას“ გამარჯვებულია 2022 წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციაში.