რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. რომანის გეოგრაფია მდიდარია – თბილისი, ბაქო, თეირანი... ეს ის ქალაქებია, რომელსაც მწერალი დიდი ოსტატობით, ეპოქის, რელიგიური და ეროვნული თავისებურებების ღრმა ცოდნით აღგვიწერს.
რაც შეეხება წიგნის ავტორს – დღემდე უცნობია, ვინ იმალება ყურბან საიდის სახელის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს არაერთი კვლევა მიეძღვნა. ერთი რამ უდავოა – „ალი და ნინოს“ ავტორი სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის მკითხველებისთვის ერთნაირად ახლობელია.