ინგლისურენოვან სამყაროში უილიამ ტრევორი თანამედროვეობის უდიდეს მწერლადაა აღიარებული მოთხრობის ჟანრში. მართალია, ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან ინგლისში გაატარა, მაგრამ თავისი მოთხრობებისთვის მასალის მოსაძებნად გამუდმებით მშობლიურ ირლანდიას უბრუნდებოდა.
„ნაწვიმარზე“ თორმეტი მოთხრობისაგან შემდგარი კრებულია. მათი გმირები ირლანდიის პროვინციული ქალაქებისა და ფერმების მკვიდრი უბრალო, უმნიშვნელო ადამიანები არიან, რომელთა ცხოვრებაც სავსეა წარუმატებლობით, შიშით, მწარე იმედგაცრუებით, სინანულითა და, რაც ყველაზე თვალში საცემია, უკიდეგანო მარტოობით. ყოველდღიური მძიმე საზრუნავი, ხშირად კი უბადრუკი აზრები და ცრურწმენები ამ ადამიანებს აიძულებს, შეეგუონ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და არც ეძებონ გამოსავალი, ზოგჯერ კი, თითქმის გაუცნობიერებლად, ბოროტებაც ჩაიდინონ...
უილიამ ტრევორი პირველად გამოიცემა ქართულად.