ორიანა ფალაჩის მოკლე რომანი «წერილი ვერდაბადებულ ბავშვს» 1975 წელს გამოიცა. მასში წამოჭრილმა მწვავე საკითხებმა და ავტორის გამბედაობამ წიგნის მსოფლიო წარმატება განაპირობა. რომანი ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული მონოლოგია, რომელიც მუცლადმყოფ ბავშვს ესაუბრება. ცხოვრების საზრისი, სიცოცხლის უფლება, ქალსა და მამაკაცს შორის არსებული უთანასწორობა, მარტოხელა ქალისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, არჩევანი დედობასა და კარიერას შორის ის თემებია, რომლებსაც ფალაჩის გმირი ეხება.
ორიანა ფალაჩი (1929 – 2006), იტალიელი ჟურნალისტი და მწერალი, მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. ომისშემდგომმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფალაჩის სტატიები და ინტერვიუები მსოფლიო ლიდერებთან – ინდირა განდისთან, ჰენრი კისინჯერთან, გოლდა მეირთან თუ სხვებთან – სიმძაფრითა და შეუპოვრობითაა ცნობილი. ფალაჩის ზოგიერთ მოსაზრებას, მათ შორის, ისლამისადმი მის კრიტიკულ დამოკიდებულებას, 2000-იანების დასაწყისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.