თანამედროვე ჩინური ლიტერატურის ფუძემდებელ ლუ სსუინს (1881-1936) ჩინელები დღემდე „ერის სულს“ უწოდებენ. მწერლის მოკლე რომანის, „ა ქიუს ნამდვილი ამბის“ მთავარი გმირი XX საუკუნის ჩინელთა ტრაგიკული ჩამორჩენილობისა და სულიერი დაცემის სიმბოლოდ იქცა. რომანის კვალდაკვალ ცნება აქიუიზმიც კი გაჩნდა. ეს არის ერთგვარი სოციალური მანკი, დაბეჩავებულის სულიერი ანესთეზიის მეთოდი, რომელიც ამართლებს მონურ ყოფას, უსამართლობასა და თვითნებობას. ა ქიუს რწმენით „ეს ცხოვრება, ალბათ, ასეა მოწყობილი და ზოგჯერ აუცილებელია, ადამიანი სადმე შეაგდონ ხოლმე, ზოგჯერაც – საიდანმე გამოაგდონ... ზოგჯერ აუცილებელია, თავიც წააცალონ...“
წიგნში, რომანის გარდა, შესულია ლუ სსუინის ცნობილი მოთხრობა „შეშლილის დღიური“.