თანამედროვე ფრანგი მწერლის, ბერნარ ვერბერის შემოქმედება აერთიანებს სხვადასხვა ჟანრს: სათავგადასავლო საგა, სამეცნიერო ფანტასტიკა, მისტიციზმი, ფილოსოფიური ზღაპარი, პიესა, დეტექტივი, ბიოლოგია, მითოლოგია. თვითონ მწერალი თავის სტილს ზოგჯერ „მხატვრულ ფილოსოფიას“ უწოდებს. მისი ბოლო რომანი “პანდორას ყუთი” ფანტასტიკური დეტექტივია ან თუ გნებავთ მაგიური რომანი, რომელიც მოგვითხრობს ჩვენი სულის გარდასახვებზე, წარსული ცხოვრებისა და აწმყოს ურთიერთ ზემოქმედებაზე. რენე ტოლედანოს, ისტორიის მასწავლებელს, წარმოდგენის დროს ჰიპნოზის სეანსს უტარებენ. ექსპერიმენტის შედეგები გასცდება ყოველგვარ მოლოდინს და რენე თავის რამდენიმე წინა სიცოცხლეში გადაინაცვლებს. ამიერიდან რენეს ხელი მიუწვდება თავისი არაცნობიერის მეხსიერებასთან. მის წინაშე ახალი ამოცანა დადგება: შეუძლია თუ არა ისტორიის მდინარების შეცვლა? და საერთოდ, შეგვიძლია თუ არა ცხოვრების შეცვლა თუ ყველაფერი წინასწარ არის განჩინებული და ჩვენ, უბრალოდ, ვემორჩილებით ბედისწერას?