წიგნის ანოტაცია
ოთარ ჯირკვალიშვილი ჩემი საყვარელი ავტორია.
თან ისეთი ავტორი, წესით ბევრს რომ უნდა უყვარდეს და ბრაზობ, რაკი ხედავ, რომ რაღაცა პრეტენზიულ სისულელეს შეიყვარებენ ხოლმე და გამაოგნებლად ნიჭიერად დაწერილი ტექსტები კი ყურადღების მიღმა რჩებათ. თუმცა სისულელე ალბათ სწორედ ასე ფიქრია, რადგან ჩემი საყვარელი ავტორი თავს სავსებით ჰარმონიულად გრძნობს იმ სამყაროში, რომელსაც შესაძლოა ექსკლუზიურიც ვუწოდოთ. ეს ოთარ ჯირკვალიშვილის სამყაროა, სადაც არცთუ ისე ადვილია მოხვედრა – ის პრეტენზიული მკითხველისთვის წერს, უფრო სწორად, მკითხველისთვისაც (ეს ც მნიშვნელოვანია), თორემ ეს ავტორი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის წერს...
როცა მის ტექსტებს ვკითხულობ, თითქოს ცოცხლად ვხედავ, როგორ ეცინება თავისივე დაწერილ რომელიმე ეპიზოდზე ან რა გაოცებული სახე აქვს, როდესაც ინტელექტუალური მსჯელობის იმგვარ სიბრტყეში გადადის, სადაც ტექსტმა შეიტყუა უეცრად - თითქოს ვიღაცა სხვის დაწერილს კითხულობდეს და არა თავისას...
ოთარის ვირტუოზულად შექმნილი ტექსტები სწორედ ასეთია: გაოცებული (თუ გამაოცებელი) და გაცინებული (გამცინებელი), სადაც დახვეწილი (ძალიან დახვეწილი) იუმორი, სიბრძნე და სითამამე (სტილისტური, ფორმისეული თუ აზრობრივი) რაღაც უცნაურ, თითქმის სრულყოფილამდე აზიდულ წესრიგს ექვემდებარება.
როცა ჩემი საყვარელი ავტორის ტექსტებს ვკითხულობ, სხვა ყველაფერთან ერთად, ჩემზე ფორმის სიმეტრიულობა და გამაოგნებელი მოწესრიგებულობა ახდენს შთაბეჭდილებას – თითქოს ფორმის რომელიმე დიდოსტატის კლასიკურ სონატას ვუსმენდე, სადაც მწყობრი დრამატურგიის პირობებში მრავალჯერ და მრავალნაირად იცლვლება განწყობა: მოჩვენებით ინტელექტუალურ სიცივეს სიღრმე და სევდა ცვლის, თითქმის გროტესკულ-სკანდალურ იუმორს კი სითბო და ტრაგიზმი... და ეს ყველაფერი მხოლოდ ამ ავტორისთვის, ჩემი საყვარელი ავტორისთვის დამახიათებელი განუმეორებელი სტილით, რითაც ის არავის ჰგავს – არც მრავალთა რჩეულ საყვარელ მწერლებს და არც საყვარელ მკითხველთა ობიექტურად არცთუ საყვარელ ავტორებს.
თუკი ის ვინმეს ჰგავს თავისი სტილით, ისევ და ისევ (და მხოლოდ) საკუთარ თავს – გაოცებულს და გაცინებულს...
ლაშა ბუღაძე