წიგნის ანოტაცია
»ჩვენი ამოცანაა არა პოლიტიკური ფილმების კეთება, არამედ ფილმების პოლიტიკურად კეთება« (ჟან-ლიუკ გოდარი, 1960-იანი წლები) – ამ საპროგრამო განსაზღვრებამ ცენტრალური ევროპა მიიყვანა დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ჟანრის, »ესეი ფილმის«, აღორძინებასთან. 1968 წლისათვის ევროპელმა კინემატოგრაფისტებმა კინომედიუმი გამოიყენეს იმდროინდელი საზოგადოების ავტორიტარული მოდელების კრიტიკის ინსტრუმენტად.
საქართველოში ფილმის ეს კატეგორია, სამწუხაროდ, თითქმის უცნობია. დღესდღეობით კრიტიკული ესეი ფილმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოში ისეთივე აქტუალური შეიძლება გახდეს, როგორც ეს 1950-1980-იანი წლების დასავლეთ ევროპაში იყო.
თანამედროვე პოლიტიკური ესეი ფილმის სტრატეგია და მექანიზმები განახლდა – 1960-იანი წლების კინოავტორის არგუმენტაცია კომპილაციური მონტაჟით გამოიხატება; დიდაქტიკური თხრობა დღეს ფილმის დრამატურგიით შეიცვალა, კინოესეისტის არტიკულაცია კი მონტაჟით; ფილმის პოლიტიკური სათქმელი არა მხოლოდ მისი შინაარსით, არამედ ფილმის ესთეტიკითაც განისაზღვრება.
ამ გამოცემაში შედის კრის მარკერის, თომას ტოდეს და ჰარუნ ფაროკის ნარკვევები.