გამოჩენილი ფრანგი ეთნოლოგი და ანთროპოლოგი კლოდ ლევი-სტროსი სტრუქტურალური თეორიის ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება. მეცნიერის კვლევის ინტერესი შემდეგ სფეროებს მოიცავდა: ეთნოგრაფია, ლინგვისტიკა, მითოლოგია, ნათესაობის პრობლემატიკა, ტოტემიზმი. პირველი სამეცნიერო შრომები ავტორმა მიუძღვნა ბრაზილიის ინდიელებს, რომლებიც ველზე შეისწავლა 1935-1939 წლებში. მისი საველე მუშაობა აისახა ნაშრომში – „ნათესაობის ელემენტარული სტრუქტურები“, რომელიც 1949 წელს გამოიცა. აღსანიშნავია, რომ ავტორს ასევე გამოქვეყნებული აქვს შრომები, რომლებიც მკაცრ აკადემიურ ჩარჩოს სცილდებიან; ასეთ ნაშრომთა შორის, ავტორს ფართო აღიარება მოუტანა წიგნმა – „სევდიანი ტროპიკები“, რომელიც 1955 წელს გამოიცა. ფუნდამენტურია მეცნიერის ქვემოთმოყვანილი მონოგრაფიები: „ნათესაობის ელემენტარული სტრუქტურები“ (1949), „მოდგმა და ისტორია“(1952), „სევდიანი ტროპიკები“ (1955), „სტრუქტურული ანთროპოლოგია“ (1958), „ტოტემიზმი დღეს“ (1962), „პირველყოფილი აზროვნება“(1962).