წიგნის ანოტაცია
„ჰამლეტი“ ქართულად 1886 წელს გამოქვეყნდა და ივანე მაჩაბლის პოეტურად უზადო თარგმანი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ დღემდე ცოტას თუ უფიქრია ალტერნატიული ვერსიის შექმნაზე.
უნდა ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდებისთვის დღეს ძალისხმევას მოითხოვს შექსპირის წაკითხვა ქართულად. არადა, შექსპირის თემები ისევ ძალიან თანამედროვეა. მარადიულ კითხვებზე აგებულ ფილოსოფიასთან ერთად, შექსპირის მასშტაბურობა და კოსმოპოლიტიზმი ერთ-ერთია, რაც „ჰამლეტს“ არ აძველებს. ჭრელი გემოვნებისთვის „ჰამლეტი“ ნებისმიერ ეპოქაში ინარჩუნებს ერთგვარ კაუჭებს. სანახაობის მოყვარულებს აქ დღესაც დახვდებათ დინამიური, ემოციური ამბავი; ტრადიციონალისტებს – სამეფო კარის ცხოვრებისა და ჯენტლმენობის ნოსტალგიური აღწერა; სოციალისტებს – მომავალი რევოლუციების წინასწარმეტყველური ქადაგება; სკეპტიკოსებს – ტრაგიზმის წამლეკავი მახვილი ირონია; ფემინისტებს – შექსპირის ეპოქისათვის უჩვეულო ხმა, რომელიც სქესთა შორის უთანასწორობას წარმოაჩენს, როგორც პრობლემას.
უილიამ შექსპირი „ჰამლეტში“ თან იყენებს და თან არღვევს ფორმულებს, განუწყვეტლივ თამაშობს კალამბურებით, რიტმი მუდმივად ივსება შენაკადებით და ქმნის განშტოებებს. აქა-იქ გამორეული რითმები ხან შემთხვევითობის ეფექტს ტოვებს და ხან წინასწარგანზრახულობის. ეს ახალი თარგმანიც პიესის სწორედ ამ თავისებურებების დანახვაა, ორიგინალთან დაბრუნება – დროში უფრო შორიდან, მაგრამ ისევ საქართველოდან.