დღეს კაცობრიობა, და ცხადია, ადამიანის არსება თავისი სულიერი თუ ევოლუციური განვითარების უმნიშვნელოვანეს სტადიაში შევიდა. სულისმეცნიერების თანახმად, ადამიანის მთლიანი არსების ფორმირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ ეპოქას, რომელიც სამყაროსეული განვითარების ნახევარს მხოლოდ ოდნავ გადასცდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად შეძლებს ადამიანი მყარი საფუძველი ჩაუყაროს ღვთაებათა მიერ მასში იმთავითვე ჩადებული გეგმის განხორციელებას და საკუთარი თავის იმგვარად აღზრდას, რომ უპასუხოს ეპოქის სულისკვეთებასა და მოთხოვნებს, ცხადია, თუ გაუჩნდება სათანადო სურვილი და ამასთან, არ შეუშინდება იმ სიძნელეებს, რომელთა გადალახვაც უდიდეს მორალურ, ნებელობით თუ ცნობიერ ძალისხმევას მოითხოვს.
რუდოლფ შტაინერის წინამდებარე წიგნი სწორედ ამგვარი მაძიებელი სულისთვის წარმოადგენს საზრდოს და ის დააინტერესებს არა მარტო ანთროპოსოფიის თაყვანისმცემლებს, არამედ ყველა მაძიებელ სულს.