წიგნის ანოტაცია
გამოცემა აერთიანებს ჟან-პოლ სარტრის სამ ტექსტს – „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“, „ემოციათა თეორიის მონახაზი“, „ეგოს ტრანსცენდენცია (ფენომენოლოგიური აღწერის მონახაზი)“.
„ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ მკითხველს მარტივი და პოპულარული ფორმით აცნობს ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი თვით სარტრის მსოფლმხედველობას, რომლის მთავარი პოსტულატი შეგვიძლია მისივე სიტყვებით ასე ჩამოვაყალიბოთ: „მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარი თავისა და ყველასთვის და ვქმნი ადამიანის განსაზღვრულ ხატს, რომელსაც ვირჩევ, ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს ზოგადად“.
„ემოციათა თეორიის მონახაზი“-თ სარტრი ადამიანის ემოციურ გამოცდილებას სწავლობს და ცდილობს გააცნობიეროს როლი, რომელსაც ემოცია ადამიანის ფსიქიკაში თამაშობს.
„ეგოს ტრანსცენდენცია (ფენომენოლოგიური აღწერის მონახაზი)“, ეს მნიშვნელოვანი ესსეი შემობრუნების მომენტად ითვლება სარტრის ფილოსოფიაში. მის შექმნამდე სარტრი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფენომენოლოგიას, კერძოდ ჰუსერლსა და ჰაიდეგერს. წინამდებარე ნაშრომით სარტრმა შეუტია ტრანსცენდენტული ეგოს ჰუსერლისეულ გაგებას, ხოლო ჰუსერლთან განხეთქილებამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სარტრის გადასვლას ფენომენოლოგიიდან ეგზისტენციალურ დოქტრინებზე.
წიგნს თან ერთვის ჟან-პოლ სარტრის ქალიშვილის არლეტ ელკაიმ-სარტრის წინასიტყვაობა რომელიც მან ტექსტს „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ დაურთო.